კათოლიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი

მართლმადიდებელთა სიტყვისგება ლათინების (კათოლიკების) მიმართ
ჩვენისა (მართლმადიდებლების) და მათ რელიგიებს შორის განსხვავების შესახებ.
თქმული უნდო და გლახაკი ხუცეს-მონაზვნის, ბესარიონის მიერ, რომელიც იყო
გარეჯის უდაბნოს იოვანე ნათლისმცემლის მონასტერში. ხოლო ამ წიგნის სახელწოდება

გრდემლი

შესავალი

სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი ხანია, დუმილს ვამჯობინებდი. შიში იმისა, რომ უღირსი ვარ და ისეთ საკითხებზე საუბარს ვბედავ, რომელთა შებედვა არ მეკადრება, მაიძულებდა, გავჩუმებულიყავი. ვინაიდან არ არის ადვილი... სიწმინდეებს შეეხო და უღირსი მიეახლო იმას, რისი მიახლებაც არ ეგების. მაგრამ ახლანდელმა დრომ და ამ ახალმა ფილოსოფოსებმა, რომლებიც ენამჭევრობენ და მზად არიან ბევრი ილაპარაკონ, დამოუკიდებლად გამოიკვლიონ, გამოიძიონ და გამოთქვან ის, რისი გამოკვლევა, გამოძიება და გამოთქმა არ ეგების, [გამაბედინა ხმის ამოღება]. ამგვარ ფილოსოფოსთა პირი „დაუც ცათა შინა და ენა მათი ეთრევის ქუეყანასა ზედა“, როგორც ამბობს მეფსალმუნე: „სამარე ზე აღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს“. ისინი არ ისმენენ საღვთო წერილის სიტყვებს, არც სამეუფო ბრძანებებს უგდებენ გულისყურს, არამედ ახალ-ახალი საძიებელი საკითხები შემოაქვთ და მზად არიან, კიდევ მეტი ახალი საძიებელი შემოიტანონ. თითქოს დიდი სიბრძნის პატრონები იყვნენ, ისე იძიებენ ღვთის ბუნების არსებას. განზრახვა აქვთ, აჰყვნენ გულისთქმას და მიატოვონ [ის, რისი] მიტოვებაც შეუძლებელია. ისინი ქადაგებენ ახალ სარწმუნოებას, რომელიც არც წმინდა მოციქულებს, არც წინასწარმეტყველებსა და ჭეშმარიტ მოძღვრებს არ უქადაგიათ ჩვენთვის; სწორედ ამ სარწმუნოებას ასწავლიან და საკუთარი თავი საკვირველ ბრძენთა უბრძნესი, პირველ წმინდა მამათა და ღვთისმეტყველთა უფრო უკეთესი ღვთისმეტყველი ჰგონიათ; ისინი შორდებიან მთავარ სჯულისდებას და საკუთარი თავიდან გამომდინარე მოძღვრავენ და ასწავლიან სხვებს, ბუნებას შეუცვლიან წრფელთა და მართალთა და შეიტყუებენ უმანკოებსა და უსწავლელებს. ამისთვის სიჩუმე ვარჩიე და დავითის სიტყვების მიხედვით „დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ მე კეთილთაგან და სალმობაი ჩემი განმიახლდა. განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი“ (ფს. 38,3-4), რამეთუ სიტყუანი მათნი, ვითარცა ისარნი, განეწონნეს გულსა ჩემსა და არამცირე შესწუდა სულსა ჩემსა. ამისთვს სულთვითქუემდ მარადის და ვიტყოდე: ჰოი მე, რამეთუ წარწყმდა ღმრთისმოშიში ქუეყანით და განკრძალული კაცთა შორის არღარა არს. „ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს და არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთამდე. ... არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (ფს. 13,3-4). მხოლოდ ახლა და ისიც ძალიან ძნელად „აღვაღე პირი და მოვიღე სული“, როგორც ამბობს წმინდა წერილი და დავიწყე ლაპარაკი არა კაცობრივი სიბრძნით, არც ფილოსოფოსისებურად, ვინაიდან ღვთის სიბრძნეს არ სჭირდება კაცობრივი სიბრძნე და ამ სოფლის სიბრძნე ღვთის წინაშე სიცოფეა და ღვთის სიბრძნე კაცობრივ სიბრძნეს არ საჭიროებს, ვინაიდან მისი უსაზღვრო ძალა, როგორც პავლეს ეუბნებოდა, სრულ იქმნება კაცთა უძლურებაში და მისი მიუწვდომელი სიბრძნე სულთა შორის ცხადად შესაცნობი გახდება, როგორც წმინდა წერილი ამბობს (შდრ. 1კორ. 1,19): „წარვწყმიდო სიბრძნჱ იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხვყო. სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაა? ანუ არა განაცოფაა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაა? რამეთუ ვინაითგან სიბრძნითა თჳსითა ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მის სისულელისაჲთა ცხოვრებაჲ მორწმუნეთა მათ“. მეც, შევუდექი რა ამ სულელთა სწავლას, ვიტყვი ორიოდ სიტყვას ჩემი კნინი, სულელი და უსწავლელი გონებისგან. მაგრამ არაფერს არ ვიტყვი ჩემგან გამომდინარეს, არც ჩემი გულისხმის-ყოფით, არც რაიმე გარეშე (იგულისხმება არასაეკლესიო) სიბრძნის მოშველიებით, არამედ მოვიხმობ წმინდა მოციქულების, ყოვლად ბრძენი წინასწარმეტყველების და ღმერთშემოსილი მამების თქმულს. და ნურავის ეგონება, რომ ეს ჩემი, უძღების და უსწავლელის, ნათქვამია; მე შემოვკრებ იმ წმინდა და ნეტარი ადამიანებისგან დატოვებულ გადაწყვეტილებებს, განჩინებებს. სქელი ღრუბელივით დავწრეტ თვით თავადი ქრისტეს მიერ უხვად გამოდინებულ მოძღვრების ცვარს და მათ ცხოველმყოფელ გადაწყვეტილებებს, განჩინებებს, შევკრებ მძიმედ სატვირთავ ჩვენს გვამში. ისევე, როგორც მაშინ, როცა წმინდა მოციქულები გოდრით ტვირთავდნენ იმ ნამუსრევს; ვინაიდან მას, რომელმაც მაშინ ხუთი პურით ხუთიათასი განაძღო და ნამუსრევით გოდრები აავსო, შეუძლია, უხმარი სახმარი გახადოს და უსწავლელი განსწავლოს, ისევე როგორც ძველი მისნების უგუნურება ამხილა. და ეს კი არის ყოვლისა სოფლისა ეკლესიანი, სავსენი, როგორც მზის ბრწყინვალებისაგან და განფენილი ჰაერისგან და სიცოცხლის მომნიჭებელი მდინარისგან, რომლისგანაც ყოველივე ცხოველმყოფელობას იძენს და რომლის შესახებ დაწერილია: „წყალთა მრავალთა დაფარნეს პირი ყოვლისა სოფლისა“. როგორც ვთქვი, ასევე სავსე არის ყოველი ეკლესია მოძღვრებისმიერი სულით და აღარც კი არის საჭირო რაიმე ახლის დაწერა ან თქმა, თუკი კეთილად, გულისხმიერებით და სასარგებლოდ წაიკითხავს ან მოისმენს ვინმე მას.

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ უყურებენ საღვთო წერილს, არც გულისხმისყოფით და შიშით გამოიძიებენ იმას, რაც წმინდა წერილში წერია. ამათ შესახებ არის ნათქვამი: „წარწყმდენ უგუნური და უცნობო ერთბამად და ვითარცა საცხოვარნი ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ ზედა“.

არიან სხვებიც, რომლებიც, მართალია, კითხულობენ, მაგრამ არც გულისხმისყოფით გამოიკვლევენ და არც ზედმიწევნით გამოიძიებენ იმას, რაც წმინდა წერილში წერია. მიცემულ საზრდელს ისე კი არ ამოიცოხნიან და აწვრილებენ, როგორც არაწმინდა პირუტყვები ჭამისას, არამედ განურჩევლად შთანთქავენ. სწორედ მათ შესახებ ამბობს საღვთო წერილი: „წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან უდებებით ყოს საქმე ღმრთისა“ და კუალად წერილ არს: „იწყლენ უგულისხმონი და ივნებოდენ“.

არიან ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ და კითხულობენ, გულმოდგინედ ისმენენ, მაგრამ სარწმუნოებით და კრძალულებით კი არ გამოეძიებენ, არამედ თვითნებურად, საკუთარი თავისგან გამომდინარე; ამიტომ საკუთარი გონების მიხედვით ცვლიან ხოლმე, ამახინჯებენ და განმარტავენ იმას, რასაც ეძიებენ. ასეთი ადამიანების შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი: „ვაი მათდა, რომელთა მდინარე წმიდაჲ შემდგომად სუმისა მათისა ფერჴითა მათითა აღამღურივან და ნათრგუნევსა ფერჴთა მათთასა ცხოვართა ჩემთა ასუმიდიან“.

მაგრამ არიან სხვებიც, ადამიანები, რომლებიც გულისხმისყოფით კითხულობენ სასულიერო წიგნებს, წმინდა ცხოველების მსგავსად აღმოიცოხნიან და დაანაწევრებენ [წაკითხულს] და ასე დაიკმაყოფილებენ სურვილს. ასეთებს შენატრის სულიწმიდა და ამბობს: „ნეტარ არნ, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი[ნი]“. და თვით თავადი ქრისტე იტყვის: „ნეტარ არნ, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ და ყონ იგი“, არამედ ბოროტი მტერი მუდამ დადარაჯებულია, კეთილი და ბოროტი აღრიოს ერთმანეთში, იპოვოს კეთილის მიერ დათესილი თესლი და ბოროტს შეურიოს, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „მსგავს არს სასუფეველი ღმრთისაი [კაცსა], რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი იფქლსა მას და წარვიდა. ხოლო ოდეს აღმოსცენდა ჯეჯილი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოვდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: [მტერმან] კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოფხურეთ იფქლიცა. აცადეთ თანა აღორძინებად ვიდრე ჟამადმდე მკისა და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაითა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა“ (მათე 13,24-30).

თვითონ თავადმა განგვიცხადა ამ იგავის განმარტება და თქვა: „რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძეჲ კაცისაჲ არს, ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს, ხოლო თესლნი იგი კეთილნი არიან ძენი სასუფეველისანი და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურებისანი, ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესა იგი, ეშმაკი არს და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი“. როგორც ღვარძლს შეკრებენ და ცეცხლით წვავენ, ასევე იქნება ამ წუთისოფლის აღსასრული, ვინაიდან ძე კაცისა მოავლენს თავის ანგელოზებს, შეკრებს ყოველ საცთურს და უშჯულოების მოქმედთ და ცეცხლს მისცემს მათ. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა; მაშინ გამობრწყინდებიან მართლები, როგორც მზე.

ეს იგავი, როგორც ხედავ, მწვალებელთა შესახებ არის ნათქვამი, ვინაიდან დასაბამიდან მოყოლებული არ ცხრება ბოროტი ეშმაკი და დროდადრო მის მორჩილებში თესავს თავის თესლს. მართლაც, დასაბამიდან აქამდე, არც ძველი, არც ახალი აღთქმის დროში, არც ქრისტემდე, არც ქრისტეს დროს და არც მის შემდეგ ჯერ არ ყოფილა ისეთი ჟამი, რომ ეშმაკს არ დაეთესოს მისი საცთურისა და წვალების გესლი. ერთხელ უკვე დაემხო და მოწყდა მთავრობისა და პატივისაგან და სამკვიდრებელად მიეცა ქვესკნელს; შემდეგ ყოველთა დამბადებელმა და გამგებელმა მისი დიდი მოწყალებითა და მიუწვდომელი სახიერებით კაცი შექმნა მიწისაგან და შთაბერა სული ცხოველი და მცნება მისცა, რომ შეესრულებინა და შეენახა მისი დამბადებლის მცნებები. ამათი წყალობით ენება მეუფეს, რომ მის მიერ შექმნილი კაცი უხრწნელად და უკვდავად აეყვანა ზეცად დიდების ადგილას, იქ, საიდანაც პირველი მთიები გარდამოითხია. ყოველივე ეს შეშურდა ბოროტ მტერს, გულში შეუჯდა ევას და დაელაპარაკა მას გველის მეშვეობით, გველისა, რომელმაც თავად ბოროტი აცთუნა და ამპარტავნებით დაცემული გახადა. შეჰპირდა მას განღმრთობას, ამით შეაცდინა და გამოაძევა სამოთხიდან. და დამკვიდრდა ადამი ჭირმრავალ და შრომასატვირთავ ქვეყანაზე, უკვდავების მაგიერ მოკვდავი გახდა და ზეცად აღსვლის სანაცვლოდ მიწად მიიქცა.

აქედან მოყოლებული ბოროტმა მტერმა დაიპყრო ადამის ნათესავი და სხვადასხვაგვარ საფრთხესა და ცთუნებაში ჩააგდო. შემდეგ კაენი დაუპირისპირა აბელს და ძმას ძმა მოაკვლევინა და ადამიანებს ასწავლა შური, მტრობა, ზაკვა, ორგულება, კაცის კვლა და მრუშება. შემდეგ ბილწებით შეაგინა ყველა ადამიანი, გარდა მართალი ნოესი და მისი შვილებისა, რომლებიც ღმერთმა დაიცვა კიდობნის მეშვეობით. ყველა დანარჩენს კი წარღვნა მოუვლინა. შემდგომში ქამი დაუპირისპირა მამას, რათა მას დაეკნინებინა ნოეს სიმართლე, რის გამოც წყევით დაისაჯა ქამის ნათესავი.

შემდგომში დიდი აბრაამი, ისააკი და იაკობი სხვადასხვაგვარი განსაცდელით გამოსცადა, მართალი იობი გამოითხოვა და მრავალი ჭირი აწვნია, რათა მათი ღვთისმსახურება შეენანებინა და უსარგებლო გაეხადა. და შემდგომშიც არაერთგზის გამოსცადა წმინდა წინასწარმეტყველები სხვადასხვაგვარი განსაცდელით, რათა გამოჩენილიყო ვინ არის წმინდანი, როგორც ბრძმედში გამოწრთობილი ოქრო და ვინ - ცრუ წინასწარმეტყველი, რომლებიც შემდგომ დასჯილ იქნენ. გამოაჩინა წრუ წინასწარმეტყველთა ტყუილი, ისევე, როგორც ეს მოსესთან დაკავშირებული ამბების შესახებ არის დაწერილი. როცა მოსე სასწაულსა და საკვირველ ამბებს ჩადიოდა ეგვიპტეში, ეგვიპტის მისნები და ქურუმები მოსეს მიმსგავსებით უფრო მეტს ჩადიოდნენ და ჭეშმარიტების მტრები მართლებს ეწინააღმდეგებოდნენ შურითა და მტერობით. და ვინაიდან ვერ განიკურნა კაცთა ნათესავი ამ ბოროტი სენისგან, თვით ჭეშმარიტი ღმერთი მოვიდა ზეციდან ქვეყნად და ჩვენი ბუნება მიიღო. ყველაფრით ჩვენ დაგვემსგავსა, რათა ადამიანად გამოჩინებით განდგომილი მტერი შეეტყუებინა და ადამის დამცემელი დაემარცხებინა და შეემუსრა, ჩვენთვის კი ძლევა მოენიჭებინა და როგორც იგი (ადამის დამცემელი) იქადოდა ჩვენზე, ასევე ჩვენ მათზე ქადილის შემძლენი გავეხადეთ. ხოლო ჩვენ მოგვცა რჯული და მცნება, რათა აღარ დავემონოთ ბოროტ მტერს, არამედ რჯულის დაცვით ღმერთს ვემონოთ. მართალია, იგი (ძე ღვთისა) მოუძლურდა, დაეცა და შეიმუსრა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ განცხოველდა, რათა გამოსცადოს ღმრთის მონები, რათა ბრძოლით და ბოროტის მტერობით წმინდანები და რჩეულნი გვირგვინით შეიმოსონ და უღირსები და უღმრთოთა შემწენი დაისაჯონ; ამგვარად წარმოჩნდნენ ღმრთის მორჩილნი და ურჩნი და რჯულის დამრღვევები შერცხვენილ იქნენ.

როგორც ვთქვი, ამიტომაც არ ცხრება ბოროტი და თესავს ღვარძლს სარწმუნოების იფქლს შორის ქრისტეს მოსვლამდეც და მისი განკაცების შემდეგაც. როცა ძე ღვთისა მოვიდა, მის წინააღმდეგ ბოროტმა აღძრა უმრავლესი ღონენი და ეკვეთა ცხოვრების კლდეს და შურით აუმხედრა მას ებრაელები, აგრეთვე ქრისტეს ცრუ მოწმეები, როგორც მაგალითად ჰეროდე, რომელიც თავის თავს ქრისტეს უწოდებდა; შემდეგ სიმონ მოგვი, რომელიც თავს ღვთის ძეს ეძახდა და ეშმაკის შეწევნით მრავალ სასწაულს ჩადიოდა და მრავალ ადამიანს აკვირვებდა. შემდეგ მისი ეს ცრუ დიდება განაქარვა პეტრე მოციქულმა. შემდგომში გრძნეული კვინობი მოციქულისა და მახარებლის, იოვანეს მიერ დაინთქა. წმინდა პავლეს მიერ განქარდა მრავალი წინააღმდგომის დიდება, როგორც მაგალითად ალექსანდრე მჭედლისა და ელჳმას მოგვისა. ასევე დაინთქა მოციქულთა სახით მოსული ცრუ მოციქულები და წინააღმდგომები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. და თვით თორმეტი მოციქულიდან ერთი გამცემელი იყო და ორი იმ სამოცდაათთაგან, რომელიც ქრისტემ გამოირჩია, კერპმსახურებად მიაქცია და მოციქულთაგან გამორჩეული შვიდი დიაკონისგან ერთი, რომელსაც ნიკოლოზ ეწოდა, ბოროტ წვალებაში ჩააგდო. ამისთვის იტყვის წმინდა მახარებელი იოვანე: „ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, და-მცა-დადგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგანნი“ (1 იოვნ. 2,19). წმინდა მოციქული პავლე კი ამბობს: „რამეთუ წვალებანიცა ყოფად არიან ჩუენ შორის, რაითა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ“. და შემდეგ ნერონის მიერ შემოკრიბა ეკლესიის უხუცესები და ეუბნებოდა მათ: „აჰა, მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებიან სამწყსოსა და თჳთ თქუენგანი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა“ (საქმ. 20,29). და ასე იყო მუდამ: ღვარძლის მთესველი არ ცხრებოდა, რათა შეერყია ეკლესია და გაერყვნა ქრისტეს სამწყსო.

და ერთ-ერთ ჯერზე ეშმაკმა მრავალი მწვალებელი აღადგინა, როგორც მაგალითად ვინმე კორინთოსი და ნიკოლოზ და მარკიონი, რომლებიც სიმონ მოგვის მსგავსები იყვნენ. ქრისტეს ძალამ ისინიც დაადუმა, მაგრამ ეშმაკმა კვლავ აღადგინა მეფეები და მეკერპეები და ქრისტიანები დიდ დევნილებასა წამებაში ჩააგდო, მაგრამ ქრისტეს ძალამ ესეც განაქარვა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ძლევდნენ ეკლესიას, როგორც ამბობს უფალი.

ამის შემდეგ სხვა მწვალებლები აღადგინა ეშმაკმა, კერძოდ, მანის და მუნტანოს. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს თავად იყვნენ ის ნუგეშისმცემლები, რომელთა შესახებ ქრისტე ამბობდა, რომ მის მოწაფეებს მოევლინებოდნენ ასეთები. გარდა ამისა მრავალი სხვა გმობა თქვეს ამათ. ქრისტეს ძალით ამათი დიდებაც გაქარწყლდა; თავად ისინი სპარსეთში წავიდნენ და იქ ღვთის საგმობი მრავალი სიტყვა დათესეს.

ამის შემდეგ, რახან ქრისტიანობის განქარვება ვერ შეძლო... ბოროტმა ეშმაკმა, გადაწყვიტა, ქრისტიანებს შორის დაეთესა სხვადასხვაგვარი წვალების ღვარძლი, რათა ღვთისმსახურებაშიც შემოეღო ყოველგვარი ის ბრძოლა, რომლებიც კერპთმსახურებაში იყო გავრცელებული, ვინაიდან უკეთური ეშმაკი მუდამ ღვარძლის მთესველია. ამ მიზნით, განაქარვა რა მანის, მუნტანოსისა და ნავატის წვალებები, გამოაჩინა არიანელთა ბოროტი და სულის წარმწყმედელი წვალება, რომლის წინამძღვარი იყო არიოს ევნემოსი და აეტი, ევსევი, ევდუქისი და სხვა მრავალი ღვთის ძის მგმობელები, რომლებიც ღვთაების არსებას და ბუნებას განყოფდნენ ერთმანეთისგან და ამბობდნენ, რომ მამა, ძე და სულიწმინდა სხვადასხვა არსებებია. ამ ბოროტმა არიოზმა ორიგენეს წიგნებიდან აიღო ეს წვალება, ვინაიდან ორიგენემ დაწერა, რომ მამა ღმერთი ძე ღმერთზე, ხოლო ძე კი სულიწმინდაზე, სულიწმინდა კი ჩვენზე, ადამიანებზე, აღმატებული არისო. ამგვარად აღმართა ორიგენემ ღმერთის გმობის კიბე, კიბე არა ცად აღმყვანებელი, არამედ ჯოჯოხეთს ჩამყვანი. ამ ბოროტი გმობისგან შეგინებულმა საბელიოსმა კი თქვა, რომ წმინდა სამების გვამოვნება შერეული არისო და შერწყმულად და შერეულად გამოაცხადა იგი. ამათთან გამოჩნდა აპოლინარიც, რომელიც საგმობს სიტყვებს ამბობდა, რომ ქრისტეს სრულად არ მიუღია კაცთა ბუნება, ქრისტეს ხორცი უსულო და უგონებო არისო. სულიწმინდის მგმობარი მაკედონიოსი კი სულიწმინდას არ აღიარებდა მამისა და ძის სწორად.

ყველა ეს მგმობარნი ქრისტეს უძლეველმა ძალამ განაქარვა და უჩინო-ყო. დღეს სახსენებელიც კი არ დარჩენილა არიანელების და მაკედონიანოსების, განქარვებულია საბელიოსის მიმდევრები და მათი მსგავსნი.

მას შემდეგ კი, რაც ასე მოუძლურდა უძლური და მყრალი ვეშაპი, სხვების წვალებათა ღვარძლით შეიარაღდა და ქრისტეს განკაცება იქადაგა არა მართლმადიდებლობით, არამედ იმგვარად, რომ ქრისტე განყო ღვთაებისაგან და ერთი ქრისტე ორად განკვეთა. ამ განკვეთისა და განყოფის მიზეზი და წინამძღვარი იყო ვინმე თევდორე ანტიოქელრ და დიოდოტე ტარსელი, რომელთაგან, როგორც სიმწარის ძირი და საეშმაკო საქმეთა ნერგი, აღმოცენდა ნესტორი და იგი გახდა... კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსი. შემდგომში იგი კრების მიერ განდევნილ იქნა საყდრიდან ბოროტი წვალების გამო და იგი წავიდა შუამდინარეთის მიმართულებით და იქ დათესა გმობის გესლი. ამ ბოროტ წვალებასთან საპაექროდ ეშმაკმა აღადგინა ამისივე მსგავსი ბოროტება. ერთი შეხედვით მართლაც ამ წვალების საწინააღმდეგო ჩანს, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები პირველი წვალებების შემთხვევაში არიოზი და საბელიოზი ერთმანეთის წინააღმდგომნი იყვნენ, ვინაიდან არიოზი ღვთაების ერთარსებას ორად განყოფდა და განკვეთდა, ხოლო საბელიოზი კი სამების სამ გვამს შეაერთებდა ერთმანეთს და შეურევდა. ორივე მათგანი შეჩვენებულ და სამუდამოდ დასჯილ იქნა.

აქაც მსგავსი რამ მოხდა: უღვთო ნესტორმა ორად განყო ქრისტეს განკაცების ქადაგება და ორ გვამად განყო ქრისტე: ღვთაებრივ განყოფილებად და კაცებრივ განყოფილებად. ამის გამო იგი ღვთისმშობელსაც უარყოფდა და ამბობდა, რომ წმინდა ქალწული არის ქრისტეს მშობელიო, მაგრამ ვერ განაცალკევებდა განყოფილად ღმერთს და განყოფილად ქრისტეს. მდაბალი და ნეტარი კირილესა და წმინდა მამების წყალობით შეჩვენებულ და განგდებულ იქნა ის ბილწი.

რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდა კონსტანტინეპოლის მონაზონი, ვინმე უღვთო, მონასტრის არქიმანდრიტი, სახელად ევტიქი. იმ უკეთურმა წაიკითხა მანიქეველთა წიგნები, ვალენტიანთა, მარკიანელთა, არიანელთა და მათგან ისწავლა ყოველივე ბოროტი. ამიტომაც ამოანთხია გულიდან ბოროტი სიმყრალე და ამბობდა, რომ ქრისტეს განკაცება დაუჯერებლად (გაუგებრად, უცნაურად) მოხდა, ამიტომ იგი არ აღიარებდა, არც შეიწყნარებდა ქრისტეს ორ ბუნებას, არამედ აღიარებდა მისი ღვთაებისა და კაცების ერთ ბუნებას, ერთ საქმესა და ერთ ნებას. წმინდა ქალწულს არც ის აღიარებდა ღვთისმშობლად და საოცრად და დაუჯერებლად მიაჩნდა მისგან ჩვენი მაცხოვარი ღმერთის, ქრისტეს შობა.

მისი ეს გმობა ესმა დიოსკოროს ალექსანდრიის პატრიარქს და მისგან შეითვისა ეს ბოროტი წვალება და მანაც უარყო ქრისტეს ორი ბუნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ქალკედონში შეიკრიბა ექვსას ოცდაათი მამა და შეაჩვენეს ევტიქი და დიოსკოროსი და განდევნეს ისინი წმინდა საყოველთაო ეკლესიიდან.

როგორც უკვე ვთქვი, ბოროტი მწვალებლები და წმინდისა და ერთარსისა მგმობელნი, არიოზი და საბელიოზი ერთმანეთის საწინააღმდეგო რამეს ამბობდნენ, მაგრამ ორივე წარწყმედის მთხრებლში ჩავარდა, რამეთუ ბილწმა არიოზმა წმინდა სამების ნებათა და არსებათა შესახებ თქვა, ხოლო საბელიოზმა კი თითოეულის გვამთა შერწყმა და შერევნა თქვა. ასევე ნესტორმა და მისმა მიმდევრებმა, დიოსკორემ და ევტიქიმ და მისმა მომხრეებმა ერთმანეთის საწინაარმდეგო რამ თქვეს, მაგრამ ორივე წარწყმდა და შეჩვენებულ იქმნა... ვინაიდან ნესტორ ურჯულომ დაგმო ხორციელად მოვლენილი ძე ღვთისა და ორ ძედ და ორ გვამად აღიარა, განყო და განაშორა ღვთაებისა და კაცების ბუნება გვამითა და პირით, ხოლო დიოსკოროსმა კი ერთად შერია და შერწყა ღვთაებისა და კაცების ბუნება და ერთბუნებობა აღიარა. ორივე ეს მწვალებლები მათ მიმდევრებთან ერთად შეჩვენებულ და განკვეთილ იქნენ წმიდა კათოლიკე ეკლესიისგან, ხოლო ეკლესია კი განიწმინდა ღვარძლისგან და ღვარძლის მთესველი ბოროტი ეშმაკი შერცხვენილ იქნა და ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში დიდ მშვიდობასა და ერთობაში იყო.

ბოროტთა დასაბამი, ღვარძლის მთესველი ეშმაკი არ დაცხრა, ვერ გადაიტანა ეკლესიის ამგვარი მშვიდობა და ერთობა და ახლა სხვა მწვალებელი მღვდელთმოძღვრები და ურწმუნო მეფეები აამხედრა და მათ შემოიღეს პატიოსანი ხატების გმობა. ხატის თაყვანისცემა და პატივი კერპთმსახურებად შერაცხეს და წმინდა ხატების თაყვანისმცემლებს მრავალი ძვირი შეამთხვიეს. ეკლესიაში დიდი დევნილება დაიწყო, მრავალი წმინდანი გარდაიცვალა და მთელ ქვეყანას დიდი ბოროტი გადაეფინა და დიდხანს იდევნებოდა ქრისტეს ეკლესია.

კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მღვდელთ-მთავრები და მეშვიდე საეკლესიო კრება მოიწვიეს ღვთისმსახური მეფეების, მიხეილისა და თეოდორას ბრძანებით და კვლავაც დაადასტურეს და აღადგინეს პატიოსანი და წმინდა ხატების თაყვანისცემა და ყველა მწვალებელი შეაჩვენეს და ქრისტეს ეკლესია განწმინდეს ყოველივე ღვარძლისგან და ეკლესიაში ერთობამ და მშვიდობამ დაისადგურა დიდი ხნით. სანამ ბერძენთა მეფენი მშვიდობასა და სიმტკიცეში ცხოვრობდნენ, ვერც უსჯულო მტერი ერეოდა მათ ...და არც ეკლესიები და საპატრიარქოები იყო მოუძლურებული. ხუთივე საპატრიარქოში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ყველა ეკლესიაში, მაშინ დიდი მშვიდობა და ერთობა სუფევდა, ყოვლითურთ ბრწყინავდა მაშინ მართლმადიდებლობა. და თუ სადმე უთანხმოება ან წვალება აღმოცენდებოდა, კრებას მოიწვევდნენ ხოლმე და ქრისტიანთა თავდაპირველი ერთობის კვალობაზე, მოციქულთა და მამათა მიერ მოცემული წესის მიხედვით განამტკიცებდნენ ქრისტეს ეკლესიას, შეაჩვენებდნენ და გააძევებდნენ მაცილობლებსა და მოწინააღმდეგეებს.

მაგრამ ღვთის მიშვებით ისევ აღდგნენ უსჯულო მტრები და დაიპყრეს მრავალი სოფელი და ქალაქი, გარყვნეს და დაამდაბლეს ქრისტეს სამწყსო; შემდეგ მოადგნენ სამეუფო ქალაქ კონსტანტინეპოლს, ახალ რომს, ყოველი მხრიდან შეავიწროვეს ბერძენთა მეფე. დასავლეთის მხრის მეფეები და რომის პაპი მშვიდობით ცხოვრობდნენ და მტრებისგან თავისუფალი იყვნენ.

როცა პაპმა და დასავლეთის მეფემ იხილეს მტერთა მიერ დამარცხებული ბერძენთა მეფე და აღმოსავლეთის დამდაბლებული საპატრიარქოები და ეკლესიები, ქედმაღლურად შეხედეს მათ და არ დაეხმარნენ, არც მათი თანამზრუნველები გახდნენ და არც ხელისაღმპყრობელები, როგორც ფსალმუნი ამბობს: „რომელი ღმერთმან დაამდაბლა და დასცა, მათ დევნეს იგინი და სალმობასა წყლულთა მათთასა შესძინეს უსჯულოება“ (ფს. 68,26), ვინაიდან განაახლეს ძველი მტერობა და პირველი შური, რომელიც ადრე ჰქონდათ ერთმანეთში.

ქრისტიანთა მეფობის ადრეულ პერიოდში, როცა მოხედა ღმერთმა მათ და აღამაღლა რქა ქრისტიანთა და დიდი კონსტანტინე მორწმუნე გახდა, წამოვიდა ის აღმოსავლეთში და ძველი რომი ახალ რომად შეცალა, ააშენა და გააფართოვა ბიზანტია და მის შუაგულს უწოდა კონსტანტინეპოლი, ანუ ახალი რომი. მან აღამაღლა ახალი რომის პატრიარქი. ძველი რომის ეპისკოპოსიც მასვე კონსტანტინეს განედიდებინა და მისთვის დასავლეთის მწყემსობა მიეცა; მასვე განედიდებინა და აღემაღლებინა სხვა ეკლესიები და საპატრიარქოებიც, ვინაიდან დიდ კონსტანტინემდე კერპთმსახური მეფეების მიერ ფრიად დაგლახაკებული იყო ეკლესიები სამარადისო ჭირსა და დევნულებაში. როგორც ვთქვი, მეფე კონსტანტინემ განადიდა და აღამაღლა ისინი. ყველაზე მეტად კი კონსტანტინეპოლის ეკლესია და მისი ეპისკოპოსი, ვინაიდან მისი ქალაქი სამეუფო ქალაქად აქცია. ეს რომ მოეხსენა რომის პაპს და მის მიმდევრებს დასავლეთში, თავადვე განიდიდეს და აღიმაღლეს თავები და თქვეს, მოდით, დავადუმოთ ღვთის სასწაულები და არ ვიხილოთ ისინი, ვინაიდან აღარ არიან წინასწარმეტყველები და ჩვენც არავინ გვიცნობს შემდგომში, და სხვა მრავალი ამის მსგავსი, რაც მაშინდელი ამბების მოსახსენებლებში წერია. ბერძენთა მეფე და კონსტანტინეპოლის პატრიარქი წავიდნენ იტალიაში და შეევედრნენ დასავლეთში მყოფთ და პაპს, რომ დახმარებოდნენ მათ მტრებთან ბრძოლაში. ხოლო დასავლელებმა კი მოსთხოვეს მათ, ჯერ უარეყოთ პირველი სარწმუნოება და ახალი ეღიარებინათ, ამის შემდეგ კი დაეხმარებოდნენ. ბერძნებმა ამაზე უარი თქვეს და სიკვდილი ამჯობინეს, ვიდრე თუნდაც ერთი მათგანი გადასულიყო მამათა მიერ მოცემული სარწმუნოებიდან. ასე განშორდნენ ერთმანეთს ბერძნები და რომაელები, როგორც ეს ვრცლად და უნაკლულოდ წერია ძველ მოსახსენებლებში, ხოლო ჩვენ კი განგებ არ აღვწერეთ.

ამის შემდეგ დასავლელები შეიკრიბნენ ფლორენციაში და მოიწვიეს კრება, რომელსაც მერვე კრება უწოდეს. მათ დაარღვიეს ყველა წესი და კანონი, რომლებიც მამებისა და მოციქულთა მიერ იყო მოცემული და ამათი საწინაარმდეგო რამ თქვეს და ქნეს და დაამტკიცეს, როგორც სურდათ:

1. მათი ნებით, კანონის გარეშე აღამაღლეს რომის პაპი, როგორც ყოველთა პატრიარქთა უმაღლესი და ღმრთის მაგიერად და მეორედ ქრისტედ აღიარეს ქვეყანაზე.

2. შემდეგ აღრევა მოახდინეს წმინდა სამების გაგებაში და აღიარეს, რომ სული წმინდა მამისა და ძისაგან გამომავალია; თქვეს ისეთი რამ, რაც უცხო იყო წმინდა მოციქულებისა და ღმერთშემოსილი მამების ქადაგებებისთვის, ვინაიდან ამის მსგავსი სარწმუნოება არცერთ კრებაზე არ თქმულა, არც არავის უკადრებია მსგავსი რამის დაწერა, რასაც ისინი აღიარებდნენ.

3. შემდეგ აღრიეს წმინდა მოციქულებისა და წმინდა მამების მიერ სამგზის წყალთა შინა დაფლვითა და შემდეგ აღმოშობით წმინდა სამების სახელზე განწესებული ნათლისღება; ამის მაგიერ აღიარეს ცოტაოდენი წყლის შეხებით განწესებული ნათლისცემა, რომელიც მღვდელის, ერისკაცის, ან დედაკაცისმიერიც შეიძლება იყოს.

4. შეცვალეს უფუარი სეფით წმინდა ჟამისწირვის წესი, რომლის მიხედვით ერთ მღვდელს უნდა ეწირა ერთ დღეს და დაადგინეს, რომ ერთ მღვდელს მრავალგზის ეწირა და საეროთა სახლებში მომხდარიყო ეს ეკლესიის გარეშე.

5. დააწესეს ერისკაცთა ზიარება სხვა სეფისკვერით და სხვა უბრალო (ჩვეულებრივი) ღვინით და ბავშვებს თხუთმეტ წლამდე არ აზიარებენ.

6. სხვადასხვა სახეობად დაყვეს ჯოჯოხეთი და ერთ-ერთ მათგანს საუკუნო [ჯოჯოხეთი] უწოდეს, ამ ჯოჯოხეთში მოხვედრილი ვერანაირი ძალისხმევით, ვერც ვერანაირი დახმარებით გარედან ვერ იპოვის საშველს; ჯოჯოხეთის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევენ ცეცხლის სატანჯველს, რომელშიც ხვდებიან პაპის მოსავები. ისინი მცირე ხანს დაყოფენ იქ და განწმენდილები გამოდიან.

7. მათ უარყვეს წმინდა მამების მიერ განწესებული ლოცვა და საეკლესიო ფსალმუნება და მათ ეკლესიებში წმინდა წერილის გარდა არც ფსალმუნის კითხვაა, არც საგალობლები და არც ღამისთევა.

8. საკურთხეველს ისე აღმართავენ, როგორც სურთ, ან როგორც ეს მათ დახვდება, და არა ისე, როგორც ეს წმინდა მოციქულებმა განაწესეს - აღმოსავლეთით, არამედ მათი სურვილისამებრ, დასავლეთით, უნდათ სამხრეთით ან ჩრდილოეთით.

9. უარყვეს და უკუაგდეს მარხვა და აღარ არსებობს მათთვის მარხვა არც საეროთათვის, არც სამღვდელოოათვის, გარდა მონაზვნებისა და ისინიც თუ იმარხულებენ, მხოლოდ ხორცს მოერიდებიან, სხვას არაფერს და მოურიდებლად ჭამენ.

10. არ იცავენ ოთხშაბათის მარხვას, რომელიც განგვიწესეს წმინდა მოციქულებმა და ღმერთშემოსილმა მამებმა; ოთხშაბათის ნაცვლად შაბათს მარხულობენ, რაც არავის დაუწესებია ჩვენთვის.

11. საკურთხეველში შეჰყავთ და აზიარებენ ქალებს, რომლებიც საქალო წესში არიან და მეუღლესთან ერთად სარეცელს იყოფენ.

12. ყველას, ვინც კი შედის ეკლესიაში, დიდი თუ პატარა, ქალი, თუ კაცი, მოურიდებლად თან შეჰყავს ძაღლები.

13. მათ ადვილად შერაცხეს ყოველი მომაკვდინებელი ცოდვა და მათ, ბოროტი ცოდვით დაცემულებს, ეკლესიის დირესთან აზიარებენ.

ასე შეცვალეს და გააუქმეს წმინდა მოციქულებისა და შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი და შვიდგზის გამობრძმედილი უფლის სიტყვები, როგორც ფსალმუნში წერია: „სიტყუანი უფლისანი არნ სიტყუა წმიდაჲ, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვდწილად“ (ფს. 11,7). რამეთუ უფლის წმინდა სიტყვები მიწიერი ადამიანების მიერ შვიდგზის გამოცდილ და გამოჴურვებულ იქნა და გაბრწყინდა.

როგორც ვთქვი, ყოველივე ეს შეცვალეს და უარყვეს და სხვა, წმინდა მამების მიერ დადგენილ წესთაგან განსხვავებული წესები შემოიღეს და დღემდე ახალ-ახალი, შვიდი საეკლესიო კრების საწინააღმდეგო წესები შემოაქვთ. ამ ყველაფრის საპასუხო სიტყვისგება ქვემოთ ცალ-ცაკლე ვრცლად გვაქვს აღწერილი და იგი ყველაფერს ცხადს ხდის.

ხოლო აღმოსავლეთის ეკლესიები და ოთხივე საპატრიარქო, დიდი რუსეთი და ჩვენ, შეურყეველად ვიცავთ მოციქულთა მიერ მოცემულსა და შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განმტკიცებულ სარწმუნოებას. განსაკუთრებით ჩვენ, ქართველები, მას შემდეგ, რაც მოგვეცა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ნათელი ღვთისმეცნიერება წმინდა მოციქული ანდრიას მიერ და შემდგომში წმინდა ნინოს მიერ, აღარ გარდავდრეკილვართ ურწმუნოებად და არც შეგვიწყნარებია რომელიმე ბოროტი ღვარძლის მთესველი წვალება, როგორც ამას გვაუწყებენ სხვადასხვა მოსახსენებლები. დასაბამითგან შევიცანით რა ჭეშმარიტება, მტკიცედ დავდექით ამ საფუძველზე, რომელიც წმინდა მოციქულებმა და ღმერთშემოსილმა მამებმა გვასწავლეს. ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის არც არაფერი დაგვიკლია, არც არაფერი შეგვიმატებია; ისე გვწამს, ისე ვაღიარებთ და ისე ვქადაგებთ, როგორც აქ წერია.

გადმოახალქართულა ნინო დობორჯგენიძემ
წიგნიდან: „სიტყვა ნუგეშინისცემისა“, თბილისი, 2007