ალექსი ოსიპოვი

რატომ არის მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგია

გაგრძელება

კარგით, მივედით ქრისტიანობამდე. მადლობა უფალს, - ბოლოს და ბოლოს მივაგენი ჭეშმარიტ სარწმუნოებას. შევდივარ მომდევნო ოთახში... მაგრამ ისიც ხალხითაა გაჭედილი. ისევ შეძახილები: ჩემი ქრისტიანული სარწმუნოება საუკეთესოა! კათოლიკე მოგვიწოდებს: შეხედეთ, რამდენი დგას ჩემს უკან - 1 მილიარდ 45 მილიონი. სხვადასხვა დომინაციის პროტესტანტები ამბობენ, ჩვენ 350 მილიონი ვართო. მართლმადიდებლები ყველაზე ცოტანი არიან - სულ 170 მილიონი. მართალია, ვიღაც მკარნახობს, რომ ჭეშმარიტება რაოდენობაში კი არა, ხარისხშია, მაგრამ საკითხი ძალიან სერიოზულად დგას. „მაინც სად არის ის, ჭეშმარიტი ქრისტიანობა?“

ამ საკითხის გადაწყვეტაც სხვადასხვაგვარად შეიძლება. სემინარიაში ყოველთვის გვთავაზობდნენ, ერთი მხრივ, კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის, მეორე მხრივ კი - მართლმადიდებლობის დოგმატური სისტემების შედარებითი შესწავლის გზას. ეს მეთოდი უეჭველად იმსახურებს ყურადღებასა და ნდობას, მაგრამ მე ის საუკეთესოდ და სრულყოფილად სულაც არ მიმაჩნია, რადგან, ადამიანს თუ კარგი განათლება და საკმარისი ცოდნა არა აქვს, ძალიან გაუჭირდება დოგმატური დისკუსიების ლაბირინთში გაღწევა და იმის გარკვევა, თუ ვინაა მართალი და ვინ - მტყუანი. ამასთან, იქ ზოგჯერ ისეთი მძლავრი ფსიქოლოგიური მეთოდები გამოიყენება, რომლებითაც ძალიან ადვილია ადამიანისთვის თავგზის აბნევა. მაგალითად, თუ კათოლიკეებთან პაპის პრიმატის პრობლემას განიხილავ, გეტყვიან: „პაპი? პაპის პრიმატი და უცოდველობა? - რას ამბობთ, ეს ხომ სისულელეა. ეს იგივეა, რაც პატრიარქის ავტორიტეტი. პაპის უცოდველობა და ძალაუფლება, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება ნებისმიერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის განცხადებებისა და ეპისკოპოსის ავტორიტეტულობისაგან“. სინამდვილეში კი, აქ პრინციპულად განსხვავებულ დოგმატურ და კანონიკურ დონეებთან გვაქვს საქმე. ასე რომ, დოგმატურ-შედარებითი მეთოდი საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ უპირისპირდებით საქმეში ღრმად ჩახედულ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისი აზრი მოგახვიოთ თავს.

არსებობს მეორე გზაც, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რა არის კათოლიციზმი და საით მიაქანებს იგი ადამიანს. ესეც შედარებითი კვლევის მეთოდია, მაგრამ ამჯერად, კვლევის საგანს წარმოადგენს ცხოვრების სულიერი მხარე, რომელიც ნათლად იჩენს თავს წმინდანთა ცხოვრებაში. სრული ძალითა და სიცხადით სწორედ აქ ვლინდება „კათოლიკური სულიერების მთელი (ასკეტური ტერმინი რომ ვიხმაროთ) ხიბლი“, ხიბლის მდგომარეობა, რომელსაც უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცხოვრების ამ გზაზე შემდგარი ასკეტისთვის. საჯარო ლექციების კითხვისას, აუდიტორიიდან, სადაც სრულიად განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს, ხშირად მესმის კითხვები: „რითი განსხვავდება კათოლიციზმი მართლმადიდებლობისაგან? რაში გამოიხატება მისი ცდომილება? ხომ არ წარმოადგენს იგი, უბრალოდ, ქრისტესკენ მიმავალ სხვა გზას?“ და ბევრჯერ დავრწმუნებულვარ, რომ საკმარისია, რამდენიმე მაგალითის მოყვანა კათოლიკე მისტიკოსთა ცხოვრებიდან, რომ დაინტერესებულმა პირებმა მიპასუხონ: „გმადლობთ, ახლა ყველაფერი ცხადია“.

ჭეშმარიტად, ნებისმიერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ან არამართლმადიდებელი ეკლესია თავისი წმიდანებით ფასდება. მითხარით, ვინ არიან თქვენი წმინდანები და გეტყვით, როგორია თქვენი ეკლესია, რადგან ნებისმიერი ეკლესია წმინდანებად რაცხავს მათ, რომელთაც საკუთარი ცხოვრებით ხორცი შეასხეს ქრისტიანობის იმ იდეალს, რომელსაც გვისახავს ესა თუ ის ადგილობრივი ეკლესია. ამიტომაც, ამა თუ იმ ადამიანის კანონიზაცია წარმოადგენს ეკლესიის მოწმობას არა მარტო იმ ქრისტიანზე, რომელიც, მისი აზრით, ღირსია დიდებისა და მისაბაძ მაგალითად დასახვისა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იგი არის ეკლესიის მოწმობა საკუთარ თავზე. წმინდანების მაგალითით ყველაზე დამაჯერებლად შეიძლება მსჯელობა ამა თუ იმ ეკლესიის ჭეშმარიტ ან მოჩვენებით სიწმინდეზე.

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს იმის საჩვენებლად, თუ როგორია სიწმინდის გაგება კათოლიკურ ეკლესიაში.

ერთი-ერთი უდიდესი „კათოლიკე წმინდანია“ ფრანცისკ ასიზელი (XII ს.). მისი სულიერი თვითშეგნება ცხადად ჩანს შემდეგი ფაქტებიდან. ერთხელ ფრანცისკი დიდხანს ლოცულობდა (მეტად დამახასიათებელია ლოცვის საგანი) „ორი წყალობისთვის“: „პირველი - რომ... შევძლო... განვიცადო ის ტკივილები, რომლებიც განიცადე შენ, უტკბესო იესო, შენი მტანჯველი ვნებების ჟამს. და მეორე წყალობა... რომ შევძლო შევიგრძნო... ის უსაზღვრო სიყვარული, რომლითაც იწვოდი შენ, ძეო ღვთისაო“. როგორც ვხედავთ, ფრანცისკეს საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება კი არ აწუხებდა, არამედ აშკარა პრეტენზიები ქრისტესთან თანატოლობაზე. ამ ლოცვის დროს მან „შეიგრძნო, რომ სრულიად გარდაისახა იესოდ“, რომელიც უკვე გამოუჩნდა ექვსფრთიანი სერაფიმის სახით და ცეცხლოვანი ისრები სტყორცნა ჯვარცმული მაცხოვრის ჭრილობების ადგილზე (ხელები, ფეხები და მარჯვენა ფერდი). ამ ხილვის შემდეგ ფრანცისკს გაუჩნდა მტკივნეული სისხლმდინარე ჭრილობები (სტიგმები) - „იესოს ვნებების“ ნაკვალევი (Лодыженский М.В. Свет Незримый - Пг. 1915. გვ. 109).

ამ სტიგმების ბუნება ფსიქიატრიაში კარგადაა ცნობილი. ჯვარცმული ქრისტეს ვნებებზე ყურადღების მუდმივი კონცენტრაცია მეტისმეტად აღაგზნებს ადამიანის ნერვებსა და ფსიქიკას და ხანგრძლივი ვარჯიშით, შესაძლოა, ეს მოვლენა გამოიწვიოს. ამაში მადლისმიერი არაფერია, რადგან ქრისტეს მიმართ ამგვარ თანაგანცდაში (compossio) არ არის ის ჭეშმარიტი სიყვარული, რომლის არსსაც უფალი ამ სიტყვებით გვიცხადებს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (ინ. 14, 21). ამიტომაც, თანაგანცდაზე ოცნება ერთ-ერთ უმძიმეს შეცდომას წარმოადგენს სულიერ ცხოვრებაში, მას ბევრი მოსაგრისთვის შეუქმნია დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ამპარტავნებაში, აშკარა ხიბლისმიერ მდგომარეობაში ჩაუგდია, ეს კი, არცთუ იშვიათად, პირდაპირ ფსიქიურ დარღვევებთანაა დაკავშირებული (შედარებისთვის იკმარებს ფრანცისკის „ქადაგებები“ ჩიტების, მგლების, გვრიტების, გველების... ყვავილების მიმართ და მისი მოკრძალებული დამოკიდებულება ცეცხლთან, ქვებთან, მატლებთან).

ძალიან დამახასიათებელია ცხოვრების მიზანიც, რომელიც ფრანცისკმა დაისახა: „ვიღწვოდი და მსურს, კვლავაც ვიღვაწო... რადგან ამას პატივი მოაქვს“ (Святой Франциск Ассизский 1995, გვ. 145). ფრანცისკს სურს, ევნოს სხვებისთვის და სხვების ცოდვები გამოისყიდოს (გვ. 20). ამიტომ ხომ არ იყო, რომ სიცოცხლის დასასრულს მან გულწრფელად წარმოთქვა: „არ გამაჩნია არანაირი ცოდვა, რომელიც აღსარებით და სინანულით არ გამომესყიდოს“ (Лодыженский გვ. 129). ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ იგი ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, საკუთარ დაცემას, ესე იგი, სულიერად ის მუდმივ სიბნელეშია, ბრმაა.

შედარებისთვის მოვიგონოთ ღირსი სისოი დიდის (V ს.) მიცვალება. სულისა და ხორცის გაყრის ჟამს ძმებით გარშემორტყმული მოსაგრე უხილავ არსებებს ესაუბრებოდა. ბერების შეკითხვაზე, თუ ვის მიმართავდა იგი, წმიდანმა მიუგო: „ანგელოზები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად, მაგრამ მე ვევედრები მათ, ცოტა მადროვონ, რომ მოვინანიო“. ძმები, რომელთაც იცოდნენ, რომ მათი მოძღვარი სათნოებების მწვერვალამდე იყო ასული, შეეპასუხნენ: „შენ სინანული არ გჭირდება, მამაო“, რაზეც სისოიმ მიუგო: „ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?“ (Лодыженский გვ. 133). ეს ღრმა შეგნება საკუთარი არასრულყოფილებისა წარმოადგენს ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი წმინდანის მთავარ დამახასიათებელ ნიშანს.

მოვიხმოთ ნაწყვეტები „ნეტარი ანჟელას (1309) ხილვებიდან“ (Откровения блаженной Анжелы М. 191.).

სულიწმიდა მას თითქოს ასე მიმართავს: „ასულო ჩემო, ჩემო ტკბილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ“ (გვ. 95). „ვიყავი მოციქულებთან. ისინი ხორციელი თვალებით მხედავდნენ, მაგრამ ისე ვერ შემიგრძნობდნენ, როგორც შენ შემიგრძნობ“ (გვ. 96). ანჟელა ასე აღგვიწერს თავის ერთ-ერთ ხილვას: „წყვდიადში მე ვხედავ წმინდა სამებას და თვით სამებაში, რომელსაც წყვდიადში ვხედავ, მეჩვენება, თითქოს ვდგავარ და ვიმყოფები მის შუაგულში“ (გვ. 117). თავის დამოკიდებულებას იესო ქრისტესთან იგი ასე აღგვიწერს: „მე შემეძლო მთალიანად მოვქცეულიყავი იესო ქრისტეში“ (გვ. 176), ან: „მისი სიტკბობებისა და მასთან განშორების მწუხარების გამო ვყვიროდი და სიკვდილს ვნატრობდი“ (გვ. 101), - ამასთან, „ანჟელა ისეთი გააფრთებით იგვემდა თავს, რომ მონაზვნები იძულებულნი ხდებოდნენ, გაეყვანათ იგი ეკლესიიდან“ (გვ. 83).

ანჟელას „ხილვებს“ უხეშად, მაგრამ სწორად აფასებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი რელიგიური მოაზროვნე ა.თ.ლოსევი. კერძოდ, იგი წერს: „სხეულით ცთუნებასა და მოხიბლვას მოჰყვება ის, რომ „სულიწმინდა“ ეცხადება ნეტარ ანჟელას და ასეთ სატრფიალო სიტყვებს ჩასჩურჩულებს: „ასულო ჩემო, ჩემო ტკბილო, ასულო ჩემო, ტაძარო ჩემო, ასულო ჩემო, ტკბობავ ჩემო, გიყვარდე მე, რადგან ძალიან მიყვარხარ, იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე შენ გიყვარვარ“. წმინდანი სასიამოვნო მოთენთილობის მდგომარეობაშია, ტრფიალებით გამოწვეული ტანჯვის გამო ადილს ვერ პოულობს. მიჯნური კი ისევ ეცხადება და ეცხადება, სულ უფრო მეტად ახურვებს მის სხეულს, გულს, სისხლს. ქრისტეს ჯვარი მას საქორწინო სარეცელად ესახება...

რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო განსხვევებული ბიზანტიურ-რუსული მკაცრი და უბიწო მოსაგრეობისგან (ე.ი. მართლმადიდებლური მოსაგრეობისაგან, რომელსაც განსხვავებული ეროვნული ხასიათები კიდევ უფრო ამდიდრებს და ალამაზებს. - მთარგმნელის შენიშვნა), ვიდრე ეს გამუდმებული მკრეხელური განცხადებები: „ჩემი სული შეუქმნელ ნათელში იქნა შეწყნარებული და აღყვანილი“; ქრისტეს ჯვრის, ქრისტეს ჭრილობებისა და მისი სხეულის ცალკეული ნაწილების მიმართ მიპყრობილი ეს ვნებიანი მზერა, სისხლიანი ლაქების ეს ძალდატანებითი გამოწვევა საკუთარ სხეულზე... ყოველივე ამის დასასრული ასეთია: ქრისტე ჯვარზე მიმსჭვალულ ხელს შემოხვევს ანჟელას, მას კი, სული ელევა ტანჯვისა და ბედნიერებისაგან და ამბობს: „ზოგჯერ ამ უმჭიდროესი ჩახუტებისაგან სულს ეჩვენება, რომ ქრისტეს ფერდში შედის. შეუძლებელია იმ სიხარულისა და გაცისკროვნების აღწერა, რომელსაც იგი იქ აღწევს. ეს განცდა ისე ძლიერია, რომ ზოგჯერ ფეხზე დგომას ვერ ვახერხებ, ვწევარ და ენა მერთმევა... და მე ვიწექი, ენა და სხეულის ნაწილები წამერთვა“ (Лосев А.Ф. Очерки античного символизма и мофологии. М. 1830. т. 1. გვ. 867-868).

„კათოლიკური სიწმინდის“ ნათელი მაგალითია ეკატერინე სიენელი (1380), რომელიც პაპ პავლე VI მიერ წმინდანთა უმაღლეს რანგში - „ეკლესიის მოძღვრის“ ხარისხში იქნა აღყვანილი. მოვიყვან რამდენიმე ამონაწერს ანტონიო სიკარის კათოლიკური წიგნიდან „წმინდანთა პორტრეტები“. ვფიქრობთ, ციტატებს კომანეტარი არ დასჭირდება.

ეკატერინე დაახლოებით 20 წლისა იყო. „ის გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში გადამწყვეტი გარდატეხა უნდა მომხდარიყო და განაგრძობდა გულმოდგინე ვედრებას უფალ იესოს მიმართ - იმეორებდა მშვენიერ, უნაზეს ფორმულას, რომელიც მისთვის ჩვეულებრივი გახდა: „შემიუღლდი სარწმუნოებაში!“ (Антонио Сикари. Портреты святых. т.2, Милан. 1991, გვ. 11).

„ერთხელ ეკატერინემ იხილა ჩვენება: ღვთაებრივი სასიძო ეხვეოდა, თავისკენ იზიდავდა, შემდეგ მკერდიდან გული ამოაცალა, რომ მისთვის სხვა, საკუთარ გულს უფრო მეტად მიმსგავსებული გული მიეცა“ (გვ. 12).

ერთხელ ხმა გავარდა, ეკატერინე მოკვდაო. „შემდგომ თავად ყვება, რომ მისი გული ღვთაებრივი სიყვარულის ძალით გაიგლიჯა, მას სიკვდილის ზღუდე გადალახა და „იხილა სამოთხის ბჭეები“. მაგრამ „დაბრუნდი, შვილო ჩემო, - მითხრა უფალმა, შენ უნდა დაბრუნდე... მე შენ ეკლესიის მთავრებთან და ხელმწიფეებთან მიგიყვან“. „და მორჩილმა გოგონამ დაიწყო გრძელი ეპისტოლეების დაგზავნა მთელს ქვეყნიერებაზე. ამ წერილებს, ხშირად ერთდროულად სამს ან ოთხს, სხვადასხვა შინაარსის მქონეს, იგი საშინელი სისწრაფით კარნახობდა, არ იბნეოდა და სწრაფმწერლებს სჯაბნიდა. ყველა ეს ეპისტოლე ვნებიანი ფორმულით მთავრდებოდა: „იესო უტკბესი, იესო სიყვარული“. ხშირად კი იწყებოდა სიტყვებით... „მე, ეკატერინე, მსახური და მხევალი იესოსი, გწერთ მის უძვირფასეს სისხლში“.

„ეკატერინეს ეპისტოლეებში“, უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია ხშირი და დაჟინებული გამეორება სიტყვებისა: „მე მსურს“ (გვ. 12). „ამბობენ, რომ ამ შეუპოვარი სიტყვებით - „მე მსურს“ - ექსტაზის მდგომარეობაში იგი იესო ქრისტესაც მიმართავდა“ (გვ. 13).

ნაწყვეტი გრიგოლ XI-თან მიმოწერიდან, რომელსაც იგი შეაგონებდა, ავინიონიდან რომში დაბრუნებულიყო: „მოგმართავთ ქრისტეს სახელით... მოგმართავთ თქვენ, მამაო, იესო ქრისტეში... გამოეხმიანეთ თქვენდამი მიმართულ სულიწმინდის ძახილს“ (გვ. 13).

საფრანგეთის მეფეს კი ეკატერინე მიმართავს სიტყვებით: „აღასრულეთ ნება ღვთისა და ჩემი“ (გვ. 14).

არა ნაკლებ დამახასიათებელია „ხილვები“ ტერეზა ავილიელისა (XVI ს.), რომელიც პაპმა პავლე VI ასევე „ეკლესიის მოძღვრის“ ხარისხში აღიყვანა. სიკვდილის წინ მან წამოიძახა: „ო, ღმერთო ჩემო, მეუღლევ ჩემო, როგორც იქნა, გიხილავ!“ ეს უაღრესად უცნაური შეძახილი შემთხვევითი არაა. იგი კანონზომიერი შედეგია ტერეზას მთელი „სულიერი“ ღვაწლისა, რომლის არსიც ვლინდება თუნდაც შემდეგ ფაქტში.

თავისი მრავალრიცხოვანი გამოცხადებების შემდეგ „ქრისტე“ ტერეზას მიმართავს: „დღეიდან შენ ჩემი სასძლო ხარ... ამიერიდან მე არა მარტო შემოქმედი ვარ შენი, არამედ სასიძოც“ (Мережовский Д.С. - Испанские мистики. Брюссель 1988, გვ. 88). „უფალო, ან ვიტანჯო შენთან ერთად, ან მოვკვდე შენთვის“ - ლოცულობს ტერეზა და „ამ ალერსით გათანგული ეცემა“... - წერს დ.მერეჟოვსკი. ამიტომ გასაოცარი არაა, რომ ტერეზა აღიარებს: „მიჯნური სულს ისეთი გამჭოლი სტვენით უხმობს, რომ შეუძლებელია, არ გაიგონო. ეს ძახილი სულზე ისე მოქმედებს, რომ ნდომისგან ძალა ეცლება“. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ტერეზას მისტიკური გამოცდილების შეფასებისას ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი წერდა: „მისი წარმოდგენები რელიგიის შესახებ დადიოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მიჯნურისა და მისი ღვთაების დაუსრულებელ სასიყვარულო ფლირტამდე“ (Джеймс В. - Многообразие религиозного опыта. Пер. с англ. М. 1910. გვ. 337).

კათოლიციზმში სიწმინდის გაგების კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაციაა ტერეზა ლიზიელი (ტერეზა პატარა, ან ტერეზა იესოს ჩვილი), რომელმაც 23 წელი იცოცხლა ამქვეყნად, 1997 წელს კი, მიცვალებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად, პაპ იოანე პავლე II-ის „უცოდველი“ გადაწყვეტილებით, მსოფლიო ეკლესიის კიდევ ერთ მოძღვრად იქნა გამოცხადებული. აი, რამდენიმე ციტატა ტერეზას სულიერი ავტობიოგრაფიიდან - „მოთხრობა ერთი სულის შესახებ“, რომელიც მჭევრმეტყველურად მოწმობს მის სულიერ მდგომარეობაზე (Повесть об одной душе // Символ. 1996 № 36, Париж. გვ. 151).

„გასაუბრების დროს, რომელიც წინ უძღოდა ჩემს აღკვეცას, მე გავამხილე, თუ რა ღვაწლის აღსრულებას ვაპირებდი კარმელაში: „მე ჩამოვედი იმისთვის, რომ სულები ვიხსნა, უპირველეს ყოვლისა კი, ღვთისმსახურთათვის ვილოცო“ (საკუთარი თავის კი არა, სხვების ცხონებაზე ზრუნავს!).

საკუთარ უღირსებაზე საუბრისას იგი წერს: „მე განუხრელად ვინარჩუნებ კადნიერ სასოებას იმისას, რომ დიდი წმინდანი გავხდები... მე ვფიქრობდი, რომ დიდებისთვის ვიყავი დაბადებული და მისი მიღწევის გზებს ვეძებდი. და აი, უფალმა ღმერთმა... გამიცხადა, რომ ჩემი დიდება წარმავალი მზერის წინაშე არ გაცხადდება, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მე დიდი წმინდანი გავხდები!!!“ (შევადაროთ: მაკარი დიდი, რომელიც სიწმინდის ისეთ მაღალ საფეხურზე იყო ასული, რომ თანამოსაგრეები „მიწიერ ღმერთს“ ეძახდნენ, უფალს ასე ევედრებოდა: „ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა“). მოგვიანებით ტერეზა კიდევ უფრო გულახდილად დაწერს: „ჩემი დედა-ეკლესიის გულში მე სიყვარული შევიქნები... მაშინ მე ყველაფერი ვიქნები... და ამით ჩემი ოცნებაც აღსრულდება!!!“

„არაჩვეულებრივია“ ტერეზას სწავლება სულიერი სიყვარულის შესახებ: „ეს სასიყვარულო ამბორი იყო. მე სატრფოდ ვგრძნობდი თავს და ვამბობდი: „მე შენ მიყვარხარ და საუკუნოდ მიგანდობ თავს“. არც თხოვნა ყოფილა, არც ბრძოლა, არც მსხვერპლი; დიდი ხანი იყო, რაც იესომ და პატარა, საბრალო ტერეზამ, რაკი შეხედეს ერთმანეთს, ყველაფერი გაიგეს... ამ დღეს მზერათა გაცვლა კი არა, შერწყმა მოჰყვა, როცა უკვე ორი არ არსებობდა: ტერეზა ოკეანის სიღრმეებში ჩაკარგული წყლის წვეთივით გაქრა“. არა მგონია, რომ საწყალი გოგონას  - „კათოლიკური ეკლესიის მოძღვრის“ - ეს ოცნებით აღსავსე რომანი კომენტარს საჭიროებდეს.

წარმოსახვის მეთოდურ განვითარებაზეა დამყარებული კათოლიკური მისტიკის ერთ-ერთი ბურჯის, იეზუიტების ორდენის ფუძემდებლის, ეგნატე ლოიოლას (XVI ს.) მისტიკური გამოცდილება.

მისი წიგნი „სულიერი სავარჯიშოები“, რომელიც დიდი ავტორიტეტით საარგებლობს კათოლიკობაში, გამუდმებით მოუწოდებს ქრისტიანს, წარმოიდგინოს, წარმოისახოს, უჭვრიტოს წმინდა სამებას, ქრისტეს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს და ა.შ., რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება მსოფლიო ეკლესიის წმინდანთა სულიერი ღვაწლის საფუძვლებს, რომდენადაც მორმწუნე სრულ სულიერ და ხორციელ მოშლილობამდე მიჰყავს.

ძველი ეკლესიის ავტორიტეტული ასკეტური ჩანაწერების კრებული „სიკეთისმოყვარება“ გადაჭრით კრძალავს ამგვარ „სულიერ ვარჯიშებს“. აი, რამდენიმე გამონათქვამი ამ წიგნიდან: „ნუ ისურვებ გრძნობიერად იხილო ანგელოზნი ან ძალნი, ან ქრისტე, რომ მგლის მწყემსად მიჩნევით და მტრების-დემონების თაყვანისცემით არ შეირყე“ (Преп. Нил Синайский. 153 Главы о молитве. гл 115 // Добротолюбие, в 5т., т. 2. изд. М 1884. გვ. 237).

ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (XI ს.) მათ შესახებ მსჯელობისას, ვინც ლოცვის დროს „ზეციურ სიკეთეებს, ანგელოზთა დასებს და წმინდანთა სავანეებს წარმოისახავს“, პირდაპირ ამბობს, რომ „ეს ხიბლის ნიშანია“. ამავე გზას ადგანან და ცოდვაში ვარდებიან ისინიც, რომლებიც ხორციელი თვალებით ნათელს ჭვრეტენ, ყნოსვის ორგანოებით კეთილსურნელებას შეიგრძნობენ, ყურებში ხმები ჩაესმით და სხვა“ (Преп. Симеон Новый Богослов. О трёх образах молитвы // Добротолюбие. т.5 М. 1900. გვ. 463-464).

ღირსი გრიგოლ სინელი (XIV ს.) შეგვახსენებს: „ნურასოდეს მიიღებ, თუ იხილავ რაიმე გრძნობადს ან სულიერს, გარეთ ან შიგნით, თუნდაც ეს ქრისტეს, ანგლოზის, ან რომელიმე წმინდანის სახება იყოს... ამის მიმღები ადვილად იხიბლება... ღმერთი არ ურისხდება საკუთარ თავზე გულდასმით მიყურადებულს, თუ ის ხიბლში ჩავარდნის შიშით არ მიიღებს იმას, რაც მისგანაა.. პირიქით, ქებით მოიხსნებს მას, როგორც ბრძენს“ (Преп. Григорий Синаит. Наставления безмолствующим // იქვე, გვ. 224).

ნამდვილად მართალი იყო ის მებატონე, რომელმაც (როგორც წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი მოგვითხრობს) საკუთარ ასულს ხელში კათოლიკური წიგნი - თომა კემპფელის (XV ს.) „მიბაძვა იესო ქრისტესი“ - რომ დაუნახა, გამოგლიჯა იგი და რისხვით მიმართა: „შეწყვიტე ღმერთთან რომანის თამაში“. ზემოთ მოყვანილი მაგალითები არ გვიტოვებენ ამ სიტყვების სამართლიანობაში დაეჭვების არანაირ საშუალებას. ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კათოლიკურ ეკლესიაში უკვე აღრეულია სულიერი და ხორციელი, სიწმინდე და მეოცნებეობა, აქედან გამომდინარე კი ვერც ქრისტიანობას არჩევენ წარმართობისგან.

ეს - რაც შეეხება კათოლიციზმს.

პროტესტანტიზმის არსის შესაცნობად კი, ჩემის აზრით, დოგმატიკაზე უბრალო თვალის გადავლებაც საკმარისია. მე აქ მწვალებლობის ერთი და უმთავრესი მტკიცებით შემოვიფარგლები: „ადამიანი ცხონდება მხოლოდ სარწმუნოებით და არა საქმეებით, რადგან მორწმუნეს ცოდვა ცოდვად არ ერაცხება“. აი, პროტესტანტების ძირითადი ცდომილება. ისინი ცხონების სახლის მშენებლობას მეათე სართულიდან იწყებენ, რადგან ავიწყდებათ ძველი ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, თუ როგორი სარწუნოება აცხოვნებს ადამიანს. იმის რწმენა ხომ არა, რომ ქრისტე 2000 წლის წინ გარდამოხდა ზეცით და ყოველივე აღასრულა ჩვენთვის?!

რითი განსხვავდება სარწმუნოების მართლმადიდებლური გაგება პროტესტანტულისაგან? მართლმადიდებლობაც ამტკიცებს, რომ ადამიანს სარწმუნოება აცხოვნებს, მაგრამ იგი თვლის, რომ მორწმუნეს ცოდვა ცოდვად ეთვლება. როგორია ეს სარწმუნოება? ეს არის სარწმუნოებრივი მდგომარეობა, რომელსაც გონიერი ადამიანი სწორი, ქრისტიანული ცხოვრებით აღწევს და მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით რწმუნდება იმაში, რომ ვნებათა მონობისა და სატანჯველებისაგან მისი ხსნა მარტო ქრისტეს შეუძლია. როგორ მიიღწევა ეს სარწმუნოებრივი მდგომარეობა? სახარებისეულ მცნებათა შესრულების მცდელობით და გულწრფელი სინანულით. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: „ქრისტეს მცნებების გულმოდგინე შესრულება ადამიანს ასწავლის თავის უძლურებას“, ე.ი. უცხადებს, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად, ღვთის შეწევნის გარეშე ამოძირკვოს ვნებები საკუთარი თავიდან. როგორც აღვნიშნეთ, თვითონ ადამიანს, მარტოდამარტო, ეს არ შეუძლია, ღმერთთან ერთად კი, როცა უკვე „მარტოკაცი“ არ ეთქმის, თურმე ყველაფერი ძალუძს. სწორი ქრისტიანული ცხოვრება უცხადებს ადამიანს, პირველ რიგში, იმას, რომ ვნებები სნეულებებია, შემდეგ კი იმას, რომ ღმერთი ყველა ჩვენთაგანთან ახლოსაა, და ბოლოს, რომ ის მზადაა, ყოველ წამს მოგვეშველოს და გვიხსნას ცოდვისგან. მაგრამ უფალი უჩვენოდ, ჩვენი ძალისხმევისა და ბრძოლის გარეშე ვერ გვიხსნის. აუცილებელია ღვაწლი, რომელიც ქრისტეს მიღების უნარს მოგვანიჭებს და დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ღვთის გარეშე საკუთარი თავის განკურნება არ შეგვიძლია. მხოლოდ მაშინ ვხვდები მსხნელის საჭიროებას, როცა ვიძირები, ნაპირზე მე იგი არ მჭირდება. ქრისტესკენაც მაშინ მივიქცევი, როცა ვხედავ, რომ მტანჯველ ვნებებში ვინთქმები. ისიც მოდის და შემეწევა. სწორედ აქედან იწყება ცოცხალი, მაცხოვნებელი სარწმუნოება. მართლმადიდებლობა გვასწავლის, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფლება და ღირსება, როგორც ღვთის თანაშემწეს საკუთარი ცხონების საქმეში. ის არ არის, ლუთერის სიტყვებით რომ ვთქვათ „მარილის სვეტი“, რომელსაც არაფერი შეუძლია. აქედან ცხადი ხდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხონების საქმეში ყველა სახარებისეული მცნების შესრულებას და არა მარტო სარწმუნოებას, ე.ი. ცხადი ხდება ჭეშმარიტება მართლმადიდებლობისა.

ასე იწყება ადამიანისთვის მართლმადიდებლობა და არა უბრალოდ ქრისტიანობა, უბრალოდ რელიგია ან ღვთის რწმენა.

რუსულიდან თარგმნა მაკა ბულიამ