აკადემიკოსი ალექსი ოსიპოვი

რა არის ქრისტიანობა?

ქრისტიანობას მთლიანად მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე. რას ნიშნავს ეს? ეს არის მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ადამიანთა მოდგმისათვის გაიღო. ეს არის ტვირთვა მთელი ადამიანური ბუნებისა, მთელი ჩვენი დაცემულობისა, ჩვენი შერყვნილობისა, რომელიც ღმერთს მოშორებული ადამისაგან მთელმა მისმა მოდგმამ მიიღო მემკვიდრეობად. „რომელმან იგი არა იცოდა ცოდვა, ჩვენთვის ცოდვა ქმნა, რათა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა“ (2 კორ. 5,21). ეს არის ყველაზე არსებითი ნიშანი, რომლითაც ქრისტიანობა განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან.

სხვა რელიგიებში ფუძემდებელი მხოლოდ მქადაგებელია, მქადაგებელი ახალი, ან ძველი და მივიწყებული სწავლებისა. ამიტომ არც ერთ სხვა რელიგიაში დამფუძნებელს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, როგორც უფალ იესო ქრისტეს - ქრისტიანობაში. დამფუძნებელი იქ მოძღვარია, უფლის მაცნე, ცხონების გზის მაუწყებელი და მეტი არაფერი. იგი მხოლოდ უფლის საყვირია, მთავარი კი ის სწავლებაა, რომელიც ღვთისაგან გადმოგვეცემა მისი მეშვეობით. ამიტომაც, სხვა რელიგიებში წინ სწავლებაა წამოწეული, ფუძემდებელი კი მეორე პლანზე დგას. რელიგიის არსი მის მქადაგებელზე არაა დამოკიდებული, ეს უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ცვლილებას ექვემდებარება. რელიგიას არაფერი დააკლდებოდა, იგი სხვა მოძღვარს ან წინასწარმეტყველს რომ ექადაგა. მაგალითად, ბუდიზმს თავისუფლად შეეძლო ეარსება მაშინაც, თუ დამტკიცდებოდა, რომ ბუდა არც არსებულა და ეს რელიგია სხვამ დააარსა. ისლამიც მშვიდად იარსებებდა, მუჰამედის ნაცვლად მისი დამფუძნებელი სხვა რომ აღმოჩენილიყო. ეს ეხება ყველა რელიგიას იმიტომ, რომ მათი ფუძემდებლების ფუნქციები შემოიფარგლებოდა ადამიანისათვის ამა თუ იმ სწავლების მიწოდებით. მათი მოღვაწეობის არსი სწავლება იყო.

მაგრამ განა შეიძლებოდა, ქრისტიანობა დაეფუძნებინა, მაგალითად, წმიდა იოანე ნათლისმცემელს? მას შეეძლო ექადაგა ზნეობრივი სწავლება, სარწმუნოების ესა თუ ის ჭეშმარიტება, მაგრამ არ იქნებოდა უმთავრესი, ე.ი. მსხვერპლი! ღმერთკაც იესო ქრისტეს ჯვარცმის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა! ახლა გასაგებია, თუ რატომ იქცა მტრულად განწყობილი კრიტიკის მთავარ სამიზნედ ქრისტე, როგორც ნამდვილად არსებული პიროვნება. რომ არ იყოს ის, ვინც ივნო და ჯვარცმა თავს იდვა ჩვენთვის, ქრისტიანობას საფუძველი გამოეცლება. ათეიზმის იდეოლოგებს ეს მშვენივრად ესმოდათ.

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ქრისტიანობის არსს მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე. მაგრამ შეიძლება ითქვას სხვაგვარადაც: ქრისტიანობის არსს შეადგენს ქრისტეს ჯვარი და მისი აღდგომა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობას, ბოლოს და ბოლოს, მიეცა საშუალება ახლად შობისა, განახლებისა, ღვთის იმ დაცემული ხატების აღდგენისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ჩვენ არ შეგვეძლო ადამიანური ბუნებით ღმერთთან შეერთება იმიტომ, რომ ვერაფერი შერყვნილი ღმერთთან ვერ იქნება წილნაყარი. ამდენად, ღმერთთან შესაერთებლად, ღმერთ-კაცობის განსახორციელებლად აუცილებელი იყო ადამიანური ბუნების შესაბამისი განახლება. ქრისტემ განაახლა იგი საკუთარ თავში და ყოველ ადამიანს იმავეს განმეორების საშუალება მისცა.

მეორე უმთავრესი ასპექტი, რომელიც ქრისტიანობის არსს შეადგენს, არის ადამიანის სულიერი ცხოვრების სწორი წარმართვა. ქრისტიანობა აქაც ისეთ რამეს გვთავაზობს, რაც პრინციპულად განასხვავებს მას სხვა რელიგიურ სწავლებათაგან. უპირველეს ყოვლისა, ესაა სწავლება ღმერთზე, შემდეგ - ადამიანის სულიერი ცხოვრების არსისა და მიზნის გაგება, სწავლება აღდგომაზე და მრავალი სხვა.

ასე რომ, პირველი, რაც ახასიათებს მხოლოდ ქრისტიანობას და არა სხვა რელიგიებს, ესაა მტკიცება იმისა, რომ „ღმერთი სიყვარული არს“. სხვა რელიგიებში უმაღლესი საფეხური, რომელსაც მიაღწია რელიგიურმა ცნობიერებამ, არის ღვთის წარმოდგენა მართალ, მოწყალე მსაჯულად, მართლმსაჯულად. ამაზე შორს ისინი ვერ მიდიან. ქრისტიანობა კი რაღაც განსაკუთრებულს ამტკიცებს. იმას, რომ ღმერთი არის სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. სამწუხაროდ, ღმერთის ამგვარი, ქრისტიანული გაგება ძნელად იკაფავს გზას ადამიანის ცნობიერებისა და გულისაკენ. ღმერთი-სიყვარული ვერანაირად ვერ აღიქმება ძველი კაცის ცნობიერებით. მითუმეტეს, რომ ღმერთი-მსაჯულის სახე გვხვდება სახარებაშიც, მოციქულთა წერილებშიც, წმიდა მამათა თხზულებებშიც. როგორია ამ სახის გამოყენების თავისებურება? მას მხოლოდ და მხოლოდ სამოძღვრო-დამრიგებლობითი ხასიათი აქვს და მიმართულია, იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, „უფრო უხეში ადამიანების შემეცნებისაკენ“, მაგრამ როცა საქმე ღვთის არსის გაგების გადმოცემას ეხება, სულ სხვაგვარი სურათი იშლება. ქრისტიანობა სრულიად გარკვევით ამტკიცებს - ღმერთი არის სიყვარული. ის არ ექვემდებარება არანაირ გრძნობას: მრისხანებას, ტანჯვას, სასჯელს, შურისგებას და ასე შემდეგ. ეს აზრი მსჭვალავს ჩვენი ეკლესიის მთელ გადმოცემას. მოვიყვანთ თუნდაც მხოლოდ სამ ავტორიტეტულ გამონათქვამს.

ღირსი ანტონი დიდი - „ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. თუ ზოგიერთს სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნია ის, რომ ღმერთი უცვალებელია, მაგრამ უკვირს, მაშინ რატომ ხარობს იგი კეთილი ადამიანების გამო, ბოროტებს კი ზურგს აქცევს, ცოდვილებს ურისხდება, მაგრამ როცა ინანიებენ, იწყნარებს, უნდა განვუმარტოთ, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ადამიანთა საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია.

ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას იმიტომ, რომ განვსხვავდებით მისგან. როცა კეთილმსახურად ვცხოვრობთ, ღვთისანი ვართ, მაგრამ როცა სიავეს ჩავდივართ, უარყოფილნი ვართ მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები არ აძლევენ მას ჩვენში გაბრწყინების საშუალებას, მტანჯველ დემონებთან კი გვაკავშირებენ. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობა მოვიპოვეთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო. უბრალოდ, ამგვარი მოქმედებით და ღვთისაკენ მიქცევით ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, რომ ვიგემოთ ღვთის სახიერება“.

წმიდა მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი - „იმ აზრს, რომ მკრეხელობაა ღვთის არსება რომელიმე ვნებისკენ - სიამოვნებისკენ, გულმოწყალებისკენ ან მრისხანებისკენ მიდრეკილად ჩავთვალოთ, ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნებაში ნაკლებწარმატებულნიც ვერ უარყოფენ. მართალია, ნათქვამია: „შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო“ (გამოსვლათა 33,19), მაგრამ, ვფიქრობ, ყოველ ამგვარ გამონათქვამში ღვთის სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ ღვთის განგებულება ჩვენი თვისებების მეშვეობით იწყნარებს ჩვენს უძლურებას, რათა ცოდვისაკენ მიდრეკილებმა სასჯელის შიშით თავი შეიკავონ ბოროტებისაგან, ცოდვით დაცემულებს კი სწამდეთ ღვთის გულმოწყალებისა და სინანულის მეშვეობით მასთან მიბრუნების იმედი არ დაკარაონ“.

წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი - „როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს, მაგრამ ასე იმიტომ ითქმის, რომ საუბრის საგანი უფრო უხეში ადამიანების შემეცნებამდე იქნეს დაყვანილი“.

უამრავი ამგვარი ციტატის მოხმობა შეიძლება. ყველა მათგანში წმიდა მთციქულ იაკობის კათოლიკე ეპისტოლეში გამოთქმული აზრი მეორდება: „ნუვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცდები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცდების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების“ (1,13-14).

კაცობრიობის ისტორიაში ეს არის ღვთის სრულიად ახალი, უნიკალური გაგება. ჭეშმარიტად, მხოლოდ საღვთო გამოცხადებით შეიძლებოდა მიგვეღო ამგვარი სწავლება ღმერთზე, რადგან არც ერთ ბუნებრივ რელიგიაში არაფგრი მსგავსი არ გვხვდება. ბუნებრივი რელიგიებისათვის წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ, და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა უკვე ორი ათასი წელია რაც არსებობს, ქრისტიანთა უმეტესობისთვისაც ეს ნაკლებმისაღებია. ძველი, ვნებიანი კაცი, რომელიც ბატონობს ჩვენს სულში, ეძიებს მიწიერ სამართალს, რომელიც უკეთურებს სჯის, მართლებს კი ღირს სასყიდელს მიაგებს, ამიტომაც ღვთის უდიდეს გამოცხადებას იმის შესახებ, რომ ღმერთი არის სიყვარული და მხოლოდ სიყვარული, ადამიანის ცნობიერება ვერაფრით ვერ ღებულობს. ღმერთსაც თავისი ძე ამქვეყნად ე.წ. ღვთაებრივი სამართლის „დასაკმაყოფილებლად“ ან „გამოსასყიდად“ კი არ გამოუგზავნია, არამედ სიყვარულის და მხოლოდ სიყვარულის გამო.

ქრისტიანობის (დღეს უფრო სწორი იქნება ვთქვათ - მართლმადიდებლობის) მეორე თავისებურება ეხება ადამიანის სულიერი ცხოვრების არსს. ქრისტიანობა მთლიანად მიმართულია სულის განკურნებისაკენ და არა ნეტარებისა და სამოთხის „გამომუშავებისაკენ“. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მიგვითითებს: „ქრისტეს მცნებების გულმოდგინე შესრულება ადამიანს ასწავლის (ე.ი. უცხადებს ადამიანს) თავის უძლურებას“. მივაქციოთ ყურადღება, რას უსვამს ხაზს ღირსი სვიმეონი: მცნებათა შესრულება ადამიანს სასწაულთმოქმედად, წინასწარმეტყველად, მოძღვრად, ყოველგვარი ჯილდოს, საბოძვრის, ზებუნებრივ ძალთა ღირსად კი არ ხდის, რაც სხვა რელიგიებში მცნებათა „შესრულების“ უმთავრესი შედეგი და მიზანიც კია. არა. ქრისტიანობას ადამიანი სულ სხვა რამისკენ მიჰყავს - სურს, დაანახოს მას საშინელი შერყვნა კაცობრივი ბუნებისა, რომლის განსაკურნებლადაც შეისხა ხორცი ღმერთმა - სიტყვამ. ამის შემეცნების გარეშე ადამიანს არანაირად არ შეუძლია არც სწორი სულიერი ცხოვრება და არც ქრისტე - მაცხოვრის მიღება.

როგორ განსხვავდება ქრისტიანობა სხვა რელიგიებისაგან! რამდენად ბეცნი არიან ისინი, რომლებიც საუბრობენ ერთიან რელიგიურ ცნობიერებაზე, ამტკიცებენ, გველა რელიგიას ერთი და იმავე მიზნისკენ მივყავართ, ყველას ერთიანი არსი გააჩნიაო. რა გულუბრყვილოდ ჟღერს ეს ყველაფერი! მსგავსი რამის თქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სრულებით არ ესმის ქრისტიანობა.

ქრისტიანობაში „საქმეები“ ადამიანს უცხადებს მის ნამდვილ მდგომარეობას - საშინელი შერყვნისა და დაცემის მდგომარეობას: რა მხრიდანაც არ უნდა შემეხო, ყველგან მტკივა. მხოლოდ უძლურების ასეთი შეგრძნებით წარმოიშობა ადამიანში სწორი სულიერი ძალა. ადამიანი მაშინ ძლიერდება, როცა უფალი შედის მასში. ძლიერი ეგონა თავი პეტრე მოციქულს. სწორი აღმოჩნდა კი? მოვიგონოთ, რას წერს პავლე მოციქული: „სამგზის ვევედრე უფალს“. შედეგი: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (კორ. 12,8-9). როგორც ირკვევა, მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით, იმის გაცნობიერებით, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, შემოდის ჩვენში უფალი და აი, მაშინ კი ნამდვილად ვძლიერდებით. „ცაც რომ ჩამომექცეს, არ შეძრწუნდება ჩემი სული“, - ამბობდა აბბა აღათონი. მაგრამ რას აღუთქვამს უფალი ადამიანს? წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი წერს: „უფალი სამოთხის კი არა, თვით ზეცის დამკვიდრებას გვპირდება, სამოთხის მეუფებას კი არა, ცათა სასუფეველს აღგვითქვამს“. ღირს მაკარი ეგვიპტელს უთქვამს: „გვირგვინები და დიადემები, რომელთაც ქრისტიანები მიიღებენ, ნივთიერი არ არის“. განახლებული ადამიანი რაიმე ნივთიერს კი არა, თვით უფალს ღებულობს! განღმრთობა - ასე იწოდება ჩვენი იდეალი. ეს არის ადამიანის უმჭიდროესი ერთობა ღმერთთან, ადამიანის პიროვნების გახსნის სისრულე, მისი ისეთი მდგომარეობა, როცა ის ხდება ჭეშმარიტად ღვთის შვილი“, ანუ მადლით ღმერთი. ხედავთ, რა კოლოსალური განსხვავებაა ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს შორის?!

შესაძლოა, უმთავრესი, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა, რაც განასხვავებს მას სხვა რელიგიებისგან და რის გარეშეც იგი ვერ იარსებებს, არის მისი უდიდესი დოგმატი, გამოხატული უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულში - აღდგომის დოგმატი. ქრისტიანობა მხოლოდ იმას კი არ ქადაგებს, რომ ქრისტიანის სული ღმერთს შეუერთდება, ამა და ამდაგვარ მდგომარეობაში იქნება. არა, იგი ამტკიცებს, რომ ადამიანი - ეს არის სული და სხეული, ერთიანი სულიერ-ხორციელი არსება, და განღმრთობა ახასიათებს არა მხოლოდ სულს, არამედ სულსაც და ხორცსაც. განახლებულ ადამიანში ყველაფერი იცვლება, არა მარტო სული, გონება, გრძნობები, არამედ თვით ხორციც.

ქრისტიანობა ქადაგებს საზოგადოდ აღდგომაზე, როგორც ფაქტზე, რომელიც შედეგად მოჰყვა ქრისტეს აღდგომას. შეუძლებელია, არ აღდგეს ყოველი, ვინც ქრისტესია. გავიხსენოთ, როგორ გამომწვევად გაისმა აღდგომის შესახებ პავლე მოციქულის ქადაგება არეოპაგში. ბრძენთა ამა სოფლისათა იგი ზღაპრად, გამონაგონად მიიჩნიეს, მაგრამ ქრისტიანობისთვის ეს ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატია. უწყება აღდგომის შესახებ ორი ათასი წელია მსჭვალავს მთელ ქრისტიანულ ცნობიერებას. უდიდესი წმიდანები, რომელთაც ღვთაებრივ გაცისკროვნებას და გონების გაბრწყინებას მიაღწიეს, დაბეჯითებით და კატეგორიულად ამტკიცებენ ამ ჭეშმარიტებას. ეს უნიკალური რამ არის კაცობრიობის რელიგიური ცნობიერების ისტორიაში.

ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც ჩვენს გარეშე არ არსებობს და რომელიც არ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც რომელიმე გონებაჭვრეტითი ობიექტი, ვეძებოთ მსგავსებანი და განსხვავებანი მასა და სხვა ობიექტებს შორის. ქრისტიანობა ბუნებით ახასიათებს ადამიანს, მაგრამ ადამიანი ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა შენიშნავს, რომ ვერ ახერხებს განთავისუფლებას მტანჯველი ვნებებისაგან, ცოდვებისაგან. გახსოვთ, სიტყვები დანტეს „ჯოჯოხეთიდან“? - „შურით იმგვარად ეგზნებოდა ჩემი სისხლი, რომ სხვას კარგად მყოფს თუ ვნახავდი, სიავისაგან გავმწვანდებოდი“. აი, ტანჯვა. ნებისმიერ ვნებას ტანჯვა მოაქვს ადამიანისათვის და მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტიანულ ცხოვრებას შეუდგება, ამჩნევს იგი, თუ რა არის ცოდვა, რა არის ვნება, რა საშინელებაა ეს და უჩნდება მაცხოვარი ღმერთის აუცილებლობის შეგრძნება.

ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის. რომელ უფალს აირჩევს იგი: უფალ ქრისტეს თუ უფალ ანტიქრისტეს? პირველი გვაცხოვნებს და განგვკურნავს, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ღვთის ჭეშმარიტი ძეები გავხდეთ განკაცებულ ძე ღმერთთან ერთობაში. მეორე მზაკვრულად გვთავაზობს ყველა მიწიერ სიკეთეს დროის წამიერ მონაკვეთში. რას აირჩევ, ადამიანო?

ერთი რამ კი ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეს: სულში დაბუდებულ ვნებათა (ე.ი. ტანჯვის) სამყაროსგან ვერ გიხსნის ვარდისფერი სათვალე ან „სიბრძნე“ სირაქლემისა, გარდაუვალი საფრთხის დროს თავს ქვიშაში რომ რგავს; მხოლოდ საკუთარი თავისადმი, ეგრეთ წოდებული საკუთარი ძალებისადმი, გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგანახებს ჭეშმარიტ ხსნას და ჭეშმარიტ მაცხოვარს - ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია მთელი შენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე.

წიგნიდან: „რა არის ქრისტიანობა“
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, 2006 წ.