ახალი სექტა - „ქრისტიანული მეცნიერება“

2005 წლის 12 ნოემბერს თბილისში სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ ერთ-ერთი ტოტალიტარული სექტის - „ქრისტიანული მეცნიერების“ (Christian Science - ე.წ. „საიენტისტები“) რუსულენოვანი ლექცია-სემინარები ჩატარდა. 14 ნოემბერს ამ ლექცია-სემინარებმა სასტუმრო „ვერე-პალასში“ გადაინაცვლა, ოღონდ ამჯერად ინგლისურ ენაზე. სემინარზე დასასწრებად აუცილებელი იყო სექტის დამაარსებლის - მერი ბეკერ ედის წიგნის - „მეცნიერება და ჯანმრთელობა წმინდა წერილის გასაღების“ შეძენა რუსულ ენაზე (სხვათაშორის, აღნიშნული წიგნი 30 დოლარი ღირს, მაგრამ სემინარის ორგანიზატორებმა როგორც ჩანს გაითვალისწინეს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა და თბილისში იგი ფასდაკლებით, 5 ლარად იყიდებოდა).

ლექციებსა და პრაქტიკულ სემინარებს უძღვებოდა ამერიკელი მქადაგებელი, „დოქტორი“ ჰილდეგარდ არნესენი, რომელიც „ქრისტიანული მეცნიერების“ დირექტორთა საბჭოს წევრია. იგი ამ სექტის რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონალურ ოფისში, სანკტ-პეტერბურგში მუშაობს. ბევრს მოგზაურობს მთელ რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც ატარებს ლექციებს და პროპაგანდას უწევს საიენტიზმის სწავლებას.

სექტანტური ლექცია-სემინარის შესვენებაზე ასევე დარიგდა ჟურნალები და მასალები „ქრისტიანული მეცნიერების“ შესახებ. ლექციაზე ბევრი ისაუბრეს „ქრისტიანული მეცნიერების“ სექტის დამაარსებლის მიერ დაწერილი 700 გვერდიანი წიგნის - „მეცნიერება და ჯანმრთელობა წმინდა წერილის გასაღები“ შესახებ. ექიმებისათვის და ყველა ადამიანისათვის, თურმე აუცილებელი ყოფილა ამ წიგნის იდეების გამოყენება სხვადასხვა დაავადებებისაგან განკურნების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. სემინარის ბოლოს კი დამსწრეები მიიწვიეს სექტის შეკრებასა და „ღვთისმსახურებაზე“, რომელიც თბილისში, დოესის ქუჩაზე უკვე ყოველკვირეულად ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ „ქრისტიანული მეცნიერება“ საქართველოში კიდევ ერთი ახლადშემოსული სექტაა და მას თბილისში ძირითადად უცხოეთიდან ჩამოსული მცირერიცხოვანი მიმდევრები ჰყავს, თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ მალე „ახალი მხსნელის“ იდეებით შთაგონებული ქართველი „საიენტისტებიც“ გვეყოლება.

რას წარმოადგენს „ქრისტიანული მეცნიერება“?!

რელიგიური მოძრაობა - „ქრისტიანული მეცნიერება“ XIX ს-ის II ნახევარში აშშ-ში წარმოიშვა. ამ „უწყინარი“ სახელწოდების მიუხედავად, ამ ტოტალიტარულ სექტას არც მეცნიერებასთან, არც მედიცინასთან და არც ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს. იგი ძირითადად ეფუძნება იმ იდეებს, რომლებსაც ქადაგებდა პოპულარული ამერიკელი ჰიპნოზიორი, ექსტრასენსი და „მკურნალი“ - ფ.პ. კუიმბი (1802-1866). კუიმბი თვლიდა, რომ ადამიანური უძლურებანი უნდა განიკურნოს არა წამლების მეშვეობით, არამედ მხოლოდ სულიერი ზემოქმედებით. ავადმყოფობისა და ტანჯვის მიზეზი იმალება არასწორ აზროვნებაში, ამიტომ საჭიროა „პოზიტიური აზროვნება“. მკურნალობის ამ მეთოდს მან დაარქვა „ქრისტიანული მეცნიერება“. კუიმბის პაციენტმა - მერი ბეკერ ედიმ დაწერა წიგნი - „მეცნიერება და ჯანმრთელობა წმინდა წერილის გასაღები“, რომელიც მოგვიანებით ამ სექტის მიმდევართა „სახარებად“ იქცა. პირველად ეს წიგნი ედიმ 1875 წ. გამოსცა. ამჟამად იგი 15 ენაზეა თარგმნილი. თანამედროვე საიენტისტების თქმით, უკვე გაყიდულია 9 მლნ. ეგზემპლიარი. რუსულად ზემოაღნიშნული წიგნი 1994 წელს დაიბეჭდა. იგი შედგება ინგლისური ორიგინალისა და პარალელური რუსული თარგმანისაგან.

მერი ბეკერ ედიმ აშშ-ში დააარსა საიენტისტური სექტა, რითაც სათავე დაუდო ამ რელიგიურ მოძრაობას. იგი გახდა ბოსტონის პირველი საიენტისტური ეკლესიის პასტორი, საიენტისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და „Christian Science Journal“ რედაქტორ-გამომცემელი. ეს ჟურნალი საიენტისტთა პირველი პერიოდული გამოცემა იყო. ედი ბოსტონში თავის იდეებს აქტიურად ქადაგებდა და ლექციებს კითხულობდა ახალი მიმდევრების მოზიდვის მიზნით. 1867 წელს ედიმ ქალაქ ლინში (მასაჩუსეტსის შტატი) „ქრისტიანული მეცნიერების“ შემსწავლელი პირველი სკოლა გახსნა, 1881 წელს კი ბოსტონში „მეტაფიზიკური კოლეჯი“ დააარსა.

1880-იან წლებში ედიმ გამოსცა ინტერნაციონალური ყოველდღიური გაზეთი „ჩჰრისტიან შციენსე Mონიტორ“, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოცემაა. მან ასევე დააარსა, „Christian Science Sentinel“ და „Herald of  Christian Science“, რომელიც რამოდენიმე ენაზე, მათ შორის რუსულადაც გამოიცემა.

ამ სექტის სწავლების განხილვის შედეგად ნათელი ხდება, რომ მასში ცოტა რამ თუ არის ბიბლიასთან, ან მეცნიერებასთან დაკავშირებული. ბეკერ ედი უარყოფს მედიცინას და ყველას მოუწოდებს თვითშთაგონებით მკურნალობისაკენ (ამ მხრივ ისინი გვანან საიენტოლოგებს, რომლებიც სასტიკად უარყოფენ ფსიქიატრიას).

დღესდღეობით „ქრისტიანულ მეცნიერებას“ სხვადასხვა ქვეყნებში გააჩნია ადგილობრივ საკრებულოთა ფართო ქსელი, რომელსაც მართავს დირექტორთა საბჭო პრეზიდენტის მეთაურობით. სექტის ცენტრი აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში მდებარეობს. იქვეა განთავსებული XIX ს-ის ბოლოს დაარსებული გამომცემლობა „Christian Science“, რომელიც უშვებს მრავალ წიგნს, ჟურნალსა და გაზეთს.

სექტის ადგილობრივ საკრებულოთა მთავარ ფიგურებს წარმოადგენენ მკითხველი, მასწავლებელი და „პრაქტიკოსი ექიმი“. ისინი აწყობენ ბიბლიისა და წიგნის „მეცნიერება და ჯანმრთელობა წმინდა წერილის გასაღების“ ნაწყვეტების საკვირაო კითხვას და ავადმყოფთა „სულიერი მკურნალობის“ სეანსებს.

სექტის დებულების მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ მერი ბეკერ ედის სიცოცხლეში ჩამოყალიბდა, „ქრისტიანული მეცნიერება“ არ აქვეყნებს მონაცემებს თავის მიმდევართა რაოდენობის შესახებ.

„ქრისტიანული მეცნიერება“ სხვა ტოტალიტარული სექტების მსგავსად, დსთ-ს ტერიტორიაზე პოსტსაბჭოთა პერიოდში გააქტიურდა. როგორც ჩანს ამიერიდან ეს სექტა საქართველოშიც იწყებს „მოღვაწეობას“.

მოამზადა სერგო კერესელიძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“