აკადემიკოსი ალექსი ოსიპოვი

რა არის რელიგია?

(გაგრძელება)

რელიგიის წარმოშობა

რელიგიის წარმოშობა ერთ-ერთი ძირითადი საკამათო საკითხია რელიგიასა და ათეიზმს შორის. კრიტიკოსებს რელიგიის პირველსაწყსისა და მისი წარმოშობის ზებუნებრივი ხასიათის, ღმერთის იდეის ბუნებრივი წარმოშობის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ვერსია აქვთ. მათი არსი მოკლედ შეიძლება გამოითქვას ფოიერბახისეული აფორიზმით: „ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი“ (ფსალმუნში კი პირიქითაა: „მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ“ (ფს. 99,3) - რედ.). ვიდრე რელიგიის წარმოშობის შესახებ დადებით მოსაზრებებს შემოგთავაზებდეთ, განვიხილოთ ყველაზე მეტად გავრცელებული ჰიპოთეზები.

1. ნატურალისტური ჰიპოთეზა

ნატურალისტური (ლათ. natura - ბუნება) ჰიპოთეზა ჯერ კიდეე რომაელმა პოეტმა და ფილოსოფოსმა ლუკრეციუსმა (ჩვ. წ. აღ.-მდე I ს.) წამოაყენა. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ღმერთისა და რელიგიის იდეა წარმოიშვა ბუნების მრისხანე მოვლენებისადმი ადამიანური შიშითა და გაურკვეელობით („პირველი ღმერთები შიშმა შექმნა“, რადგან ადამიანებს არ ესმოდათ ბუნების კანონები და შესაბამისად - ამ მოვლენების წარმოქმნის მიზეზები.

2. ანიმისტური ჰიპოთეზა

ანიმისტური (ლათ. animus - სული) ჰიპოთეზა გაჩნდა და განვითარდა XIX საუკუნეში. ამ ჰიპოთეზით, რელიგიის წარმოშობის წყაროა სიზმრები, გულყრა, ჰალუცინაცია, სიკვდილი და მსგავსი მოვლენები. მათზე დაკვირვებამ „განუვითარებელ ადამიანს“ გაუჩინა აზრი, რომ არსებობს სხვა რეალური სამყაროც.

3. ფოიერბახის ჰიპოთეზა

რელიგიის წარმოშობის შესახებ განსხვავებული იდეის ავტორია XIX საუკუნის მოაზროენე, ჰეგელის ერთ-ერთი მიმდევარი ლ.ფოიერბახი (+1872 წ.). მისი ჰიპოთეზა ემყარება ძველ დებულებას, რომლის თანახმადაც ადამიანი განასახიერებს ბუნების ძალებს, როგორც ძველი რელიგიური რწმენების საფუძველს. ლ.ფიოერბახის აზრით, რელიგია ადამიანის აბსტრაქტული ბუნების ცალკეული მხარეებისა და თვისებების განსახიერების შედეგად „ამოიზარდა“. „რა არის სული, - კითხულობს ფოიერბახი, - თუ არა სულიერი მოღვაწეობა, რომელმაც დამოუკიდებელი არსებობა ადამიანის ფანტაზიისა და ენის წყალობით შეიძინა, თუ არა სულიერი მოღვაწეობა, რასაც არსება განასახიერებს?ფოიერბახი რელიგიების კლასიფიკაციასაც გვთავაზობს. მისი აზრით, „სულიერი“ რელიგიებია: იუდაიზმი, ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. „ბუნებრივია“ ყველა პირველყოფილი და ძველი წარმართული რწმენები. „ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის არსება“ - ასეთია ფოიერბახის „სულიერი“ რელიგიის პოსტულატი. რაც შეეხება „ბუნებრიე“ რელიგიებს, „ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა ბუნება ან ბუნების არსება“.

რელიგიის წარმოშობის შესახებ ფოიერბახის მოსაზრებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგ თეზისად: ანთროპოლოგია თეოლოგიის საიდუმლოებას წარმოადგენს. ფოიერბახის აზრით, რელიგიის არსი შეიძლება გამოიხატოს ასეთნაირად: ღმერთკაცი. იგი შეეცადა კიდეც, შეექმნა ახალი რელიგია - ადამიანის კულტის რელიგია. ს.ბულგაკოვი ფოიერბახის რელიგიურ შეხედულებებს ასეთი ლაპიდარული ფორმულით განსაზღვრავს: „ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია. ეს არ არის რელიგიის უარყოფა: იგი არც ათეიზმია - თეიზმის საპირისპიროდ: ეს არის ანთროპოთეიზმი, თანაც, ანთროპოლოგია, ვითარების გათვალისწინებით, ღვთისმეტყველების როლში აღმოჩნდა“.

4. სოციალური ჰიპოთეზა

სოციალური ჰიპოთეზის არსი საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული შემდეგ გამონათქვამებში:

„რელიგია დასაბამითვე არის საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმა და შესაბამისად - საზოგადოებრივი პროდუქტი, საზოგადოების ისტორიული განვითარების შედეგი. საზოგადოებრივი ცნობიერების სხვა ფორმებისგან იგი იმით განსხვავდება, რომ მასში რეალური ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ილუზორულად, ზებუნებრივზე წარმოდგენების ფორმით აისახება. რეალური ცხოვრების ასხვის რელიგიური ფორმა, თავის მხრივ, სოციალურად არის განპირობებული. პირველყოფილ საზოგადოებაში - ბუნებასთან ბრძოლისას ადამიანის უძლურების შეგრძნებით, კლასობრივ საზოგადოებებში - სოციალური ჩაგვრის წინაშე უძლურების განცდით“ (ფ.ა. ანისიმოვი, პირველყოფილი რელიგიის განვითარების ეტაპები, 1967).

„საწარმოო ძალების დაბალი განვითარების გამო ადამიანებს არ გააჩნდათ არსებობისათვის აუცილებელი საშუალებების რეგულარული წყაროები... ადამიანს უჩნდებოდა განცდა, რომ იგი მთლიანად ბუნების ძალებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ეს უკანაკნელი საკუთარ თავზე ძლიერად (მაღლა მდგომად) მიაჩნდათ და მათ ზებუნებრივ ხასიათს აღიარებდნენ. პირველყოფილი ადამიანის რელიგიის ფესვები სწორედ საზოგადოებრივი წარმოების განუვითარებლობაში უნდა ვეძებოთ...“ (მეცნიერული ათეიზმის ძირითადი საკითხები. პროფ. ი.დ. ფანცხავას რედაქციით 1966).

მაშასადამე, ახალი - სოციალური ჰიპოთეზის შინაარსი მოიცავს ორ ძირითად დებულებას:

1. რელიგია საზოგადოებისა და თვით ადამიანის განვითარების მხოლოდ განსაზღვრულ საფეხურზე შეიძლებოდა წარმოშობილიყო, ანუ იგი ადამიანთა საზოგადოების საწყისი მოვლენა არ არის.

2. რელიგიის წარმოშობას განაპირობებს:

ა) სოციალური ფაქტორი - „საზოგადოებრივი წარმოების განუვითარებლობა“ (პირველყოფილ საზოგადოებაში - ბუნებასთან ბრძოლისას ადამიანის უძლურების შეგრძნება, კლასობრივ საზოგადოებაში - სოციალური ჩაგვრის წინაშე უძლურება):

ბ) გნოსეოლოგიური ფაქტორით - „როცა ადამიანს აბსტრაქტული აზროვნების უნარი უვითარდება“. აბსტრაქტული აზროვნება კი იძლევა საშუალებას, ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდეს „რეალური სინამდვილის ფანტასტიკური ასახვა“, ანუ ზებუნებრივი, რელიგიური.
 

ღმერთის იდეის წარმოშობის უარყოფითმა ჰიჰოთეზებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს რელიგიის არსისა და მისი წარმოშობის სათავეების საკითხის კვლევაში.

ამ ჰი პოთეზებმა - ერთი მხრივ, ადამიანის სულიერი მოღვაწეობის სხვადასხვა მხარის, ბუნებრივი პირობებისა და იმ სოციალური გარემოს შესწავლამ, რომელშიც ის ვითარდებოდა და, მეორე მხრივ - დასკვნების ალოგიკურობამ კიდევ ერთხელ მთელი ძალითა და დამაჯერებლობით აჩვენა, რომ რელიგია არ არის „მიწის“ ნაყოფი.

ფაქტობრივად გამოკვლეულია რელიგიის ბუნებრივი წარმოშობის ყველა შესაძლო მიზეზი, თუმცა ღმერთის იდეის სათავე ჯერ არ არის ნაპოვნი. მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ადამიანთა საზოგადოების ასეთი „არაბუნებრივი“ და უცნაური ფენომენის - რელიგიის - წარმოშობა?

5. დადებითი შეხედულება რელიგიის წარმოშობაზე

ზემოთ დასმულ შეკითხვაზე ერთადერთი ლოგიკურად გამართლებული პასუხი მოიპოვება: ადამიანის ცნობიერებაში ღმერთის იდეის გაჩენა და რელიგიის წარმოშობა განპირობებულია იმით, რომ არსებობს ღმერთი, ადამიანზე განსაკუთრებულად რომ ზემოქმედებს და განსაზღვრულ პირობებში ადამიანს ძალუძს ღვთის ეს მოქმედებანი აღიქვას.

რა შინაგანი ფაქტორები განაპირობებენ ადამიანში ღმერთისადმი რწმენის გაჩენას, რელიგიის საწყისს მასში?

პირველი პირობა - ეს არის ჭეშმარიტების, როგორც ცხოვრების აზრის გულწრფელი ძიება. მაძიებელი ამით ადასტურებს, რომ სულიერად ცოცხალია, ან პირიქით - სულიერად მკვდარი - არ ეძიებს და ვერ ჰპოვებს. ღმერთმა ამიტომაც დაუშალა თავის მოწაფეს წასვლა და მამის დამარხვა - „მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“ (ლკ. 9,59-60), - რომ მოწაფეც არ მომკვდარიყო სულიერად მკვდრებს შორის. ქრისტეს მცნება - „ითხოვდით, და მოგეცეთ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოთ თქუენ; რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს“ (მთ. 7, 7-8) - ღმერთის ძიების გზაზე ყოველთვის პირველი და აუცილებელი პირობაა.

როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი მაძიებელი? - მას ერთადერთი საშუალება აქვს: დაბეჯითებით შეისწავლოს რელიგიური გზა, ერთადერთი, რასაც შეუძლია უპასუხოს ცხოვრების მთავარ კითხვას - არსებობს თუ არა ღმერთი და, შესაბამისად, მარადიული ცხოვრება. თუ სიკვდილი ბატონობს ადამიანზეც და სამყაროზეც?

საამისოდ აუცილებელია კიდევ ერთი პირობა - მაძიებლის ზნეობრივი სიწმინდე.

ვისაც სურს, დარწმუნდეს ღმერთის არსებობაში, ჭეშმარიტება უნდა ეძებოს არა მარტო რაციონალურად (გონებით), სხვადასხვა მსოფლმხედველობის შესწავლითა და მათი შედარებით, არამედ ზნეობრივი განწმენდით, ანუ:

1. ადრე ჩადენილი ყველა იმ სულისა და სინდისის დამღუპველი ცოდვების, ბოროტების, უსამართლობისა და უპატიოსნობის სრული და წრფელი მონანიებით მღვდლისა და მათ წინაშე, ვის მიმართაც ეს ჩაგვიდენია.

2. ცხოვრების კანონად უნდა ექცეს გადაწყვეტილება, აღასრულოს ყველა ის ზნეობრივი პრინციპი და მოთხოვნა, რასაც გვასწავლის ახალი აღთქმა და რაც შეესაბამება იოანე ღვთისმეტყველის შემდეგ სიტყვებს: „საყუარელნო! ვიყუარებოდით ურთიერთას“ (1 ინ. 4,7). ის, რაც ზნეობრივი უძლურების გამო ვერ შესრულდა, კვლავ გულწრფელ მონანიებას ითხოვს. ასე და ამგვარად აღსრულდება შჯული და მონანიება. სჯულის აღსრულება, სინანული - აი, ეს არის ქრისტიანული სწავლების ზნეობა, რომელიც ღმერთის მაძიებელს ღმერთს აპოვნინებს (დაანახებს), რადგან: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ. 5,8).

ჭეშმარიტების უანგარო ძიებას, სახარებისეული ზნეობის მთელი ძალით შესრულებას, წმიდა წერილის (ძირითადად - ახალი აღთქმის), წმიდა მამათა და ეკლესიის ავტორიტეტულ მოღვაწეთა ნააზრევის შესწავლას, ღვთისმსახურებაზე დასწრებასა და ჯერ კიდევ უხილავი ღმერთისადმი გულწრფელ ლოცვას: „ღმერთო, შემეწიე მე ცოდვილსა და უძლურს“ - უცილობლად მოჰყვება პასუხი.

ადამიანმა, რომელმაც უკვე იწამა ღმერთი, უნდა აირჩიოს რელიგია. როცა დარწმუნდება ქრისტიანობის, ანუ ქრისტესა და მისი სახარების ჭეშმარიტებაში, ქრისტიანის წინაშე ჩნდება უფრო სათუთი და რთული საკითხი - ქრისტიანული კონფესიების (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი...) შეფასება, რაც ეკლესიის ისტორიის მიუკერძოებელ შესწავლას საჭიროებს, რათა სავსებით გაცნობიერებულად და თავისუფლად მიიღოს მართლმადიდებლობა.

 

პირველი რელიგია

თუკი ღმერთი ერთია, მაშინ რელიგიაც ხომ ერთი უნდა იყოს? არადა, მსოფლიოში ადრეც და ახლაც ბევრი რელიგია არსებობს. რომელი მათგანი იყო პირველი რელიგია? როგორ გაჩნდა მრავალი რელიგია და რა გახდა ამის მიზეზი?

პირველ რელიგიაზე არსებობს რამდენიმე თვალსაზრისი, რომელთაც, საბოლოოდ, მივყავართ ალტერნატივამდე: ან ერთღმერთიანობა ან მრავალღმერთიანობა. ამ უკანასკნელში სხვადასხვაგვარი სარწმუნოების ფართო სპექტრი იგულისხმება - პოლითეიზმიდან ანიმიზმამდე და ფეტიშიზმამდე. აღნიშნულ საკითხზე განსხვაეებული დასკვნები აქვს მეცნიერებას, იდეოლოგიას და რელიგიას.

მეცნიერება, ძირითადად არქეოლოგია და ეთნოგრაფია, ევროპული ცივილიზაციის სათავედ მალტის სატაძრო კულტურის ნანგრევებს (IV-II ათასწ. ჩვ.წ.აღ-მდე) მიიჩნევს და მისი თვალსაწიერი ისტორიის უფრო შორეულ სიღრმეებს ეერ სწვდება. კრეტისა და მიკენის კულტურიდან (III-II ათასწ. ჩვ.წ.აღ-მდე) საყოფაცხოვრებო ჩანაწერებმა და ჯერაც გაუშიფრავმა რამდენიმე ტექსტმა მოაღწია მხოლოდ, ხოლო მალტის ნანგრევებიდან დამწერლობის ერთი გრაფიკული ნიშანიც კი არ შემორჩენილა. ამიტომაც, იმდროინდელ რელიგიურ წარმოდგენებზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმაა შესაძლებელი. შესაბამისად, ეეროპული ცივილიზაციის ბიბლიის წინარე პერიოდის აზროვნებას ისევ და ისევ ჰომეროსის „ილიადა“ უდებს სათავეს, ანუ ეს არის VIII-VII საუკუნეები ჩვ.წ.აღ-მდე. საინტერესოა, როგორი იყო „ჰომო საპიენსის“ რელიგიური რწმენა, რომელიც, თანამედროეე მეცნიერთა მტკიცებით, დაახლოებით 35 ათასი წლის წინ გაჩნდა და, სავარაუდოდ, მზის კულტს აღიარებდა? - მზეს ეთაყვანებოდა თუ მასში „სიმართლის მზის“ - ღმერთის - ხატებას და გამოსახულებას ხედავდა? მეცნიერება ამაზე ვერაფერს ამბობს. სამაგიეროდ, მსოფლიოში უძველესი დათარიღებული რელიგიური ლიტერატურული ძეგლის - მეფე უნასის (XXIV ს. ჩვ.წ.აღ-მდე) პირამიდის ტექსტში - ნახსენებია „უხილავი და ხილული სამყაროს“ შემოქმედი რა-ატუმი.

ინდური ვედებიც ბევრ შეკითხვას ბადებენ, რადგან მონაცემთა უქონლობის გამო მეცნიერებას მათი ზუსტი დათარიღება არ შეუძლია, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ ისინი ჩვ.წ.აღ-მდე 2 ათასი წლის უადრეს არ არის შექმნილი. ვედები ლაპარაკობენ ღმერთზე და ღმერთებზე. ამასთან, მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უძველესი ტექსტები უფრო ახლოა მონოთეიზმთან, გვიანდელი კი - პოლითეიზმთან და პანთეიზმთან.

მსგავს მდგომარეობას ვხედავთ ასურულ-ბაბილონური, ბერძნული, რომაული და სხვა ცივილიზაციების რელიგიური წყაროების შესწავლისას. პოლითეიზმში, ერთი შეხედვით, მეცნიერები უფრო ძველი მონოთეიზმის კვალს პოულობენ. ამგვარად, ძირველ რელიგიაზე მეცნიერებას არ შეუძლია ზუსტი დასკვნის გამოტანა, მაგრამ დიდი ალბათობით ვარაუდობს: პირველი რელიგია შეიძლება იყოს მონოთეიზმი (ან: წინარემონოთეიზმი).

იდეოლოგია და რელიგია კითხვას, თუ რომელია პირველირელიგია, მეცნიერებისაგან განსხვ

ავებით, სხვა საფუძველზე დაყრდნობით პასუხობს და ამიტომ დასკვნებიც სრულიად განსხვავებულია.

იდეოლოგია. ბოლო დრომდე, იდეოლოგია უაღრესად ათეისტური იყო და ევოლუციური თეორიის უპირობო ჭეშმარიტებასა და უნივერსალობას ემყარებოდა. როგორც ცნობილია, ამ თეორიის ძირითადი პრინციპია ევოლუცია - სიცოცხლის ყველა ფორმის თანადათანობითი განვითარება, თვით ადამიანის ცნობიერების ჩათვლით. მასში იგულისხმება რელიგიური სფეროც - ევოლუციის თანახმად, რელიგიაც უდაბლესი ფორმებიდან (ფეტიშიზმი, ანიმიზმი, საბეიზმი და ა. შ.) აღმავალი ხაზით ვითარდებოდა მონოთეიზმისკენ.

ეს იდოეოლოგიური პოზიცია, სულ ცოტა, ორ პრინციპულ შეცდომას შეიცავს.

პირველი შეცდომა სათანადო საფუძვლის გარეშე სიცოცხლის ყველა ფორმისადმი ევოლუციური თეორიის უპირობო მისადაგება და გამოყენებაა.

საქმე ისაა, რომ ევოლუციური თეორია ბიოლოგიის თვალსაზრისითაც არ არის დამაჯერებელი, რასაც მეცნიერული დებულებებიც ცხადყოფენ:

1. მეცნიერებამ არ იცის კანონი, რომელიც არაორგანულ მატერიას (ატომებსა და მოლეკულებს) ცოცხალ უჯრედად გარდაქმნიდა, მითუმეტეს, გონებას წარმოშობდა. სახელგანთქმული კანადელი ბიოლოგი, პროფესორი და თავისი მრწამსით აგნოსტიკოსი, მ.რიუზი ადამიანის გონების ე.წ. ევოლუციური გზით წარმოშობაზე წერდა: „დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ბიოლოგიური თეორია და ექსპერიმენტული პრაქტიკა გარკვევით ადასტურებს საპირისპიროს. თანამედროეე თეორიულ ბიოლოგიაში არ არსებობს ისეთი რამ, რაც გონების წარმოქმნის გარდაუვალ აუცილებლობას დაუშეებდა“.

2. მოლეკულების შემთხვევითი გადაჯაჭვის შედეგად სიცოცხლის წარმოშობის ალბათობა მეტისმეტად მცირეა და ზოგიერთი გამოთვლით იგი უდრის 10-255-ს. ამერიკელი მეცნიერის, კასტლერის, თქმით, სწორედ ამიტომ, „სიცოცხლის ასეთნაირად წარმოქმნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია“; „ვარაუდი, რომ ცოცხალი სტრუქტურა მოლეკულების შემთხვევითი შეერთებით შეიძლებოდა გაჩენილიყო, უნდა უარვყოთ“. სხვა ამერიკელი მეცნიერ-ბიოლოგი ამავე აზრს ასეთი შედარებით გამოხატავს: ,,...ალბათობა, რომ უჯრედი თავისთავად გაჩნდა, სულ ცოტა, იმის ალბათობას უდრის, რომ რომელიმე მაიმუნს შეუძლია, ბიბლიის სრული ტექსტი 400-ჯერ დაბეჭდოს და ერთი შეცდომაც კი არ დაუშვას“.

3. ერთი სახეობიდან მეორის წარმოშობაზე ევოლუციური თეორის მთავარი თეზისი უსაფუძვლოა, ყოველ შემთხეევაში, მაღალორგანიზებული ფორმების შემთხეევაში მაინც.

4. დღემდე, თვით ცნება „სიცოცხლე“ სცილდება შესაძლო მეცნიერულ ცოდნას, რადგან იგი (სიცოცხლე), თურმე, მხოლოდ მატერიალური ელემენტების განსაკუთრებული შეერთება კი არა, პრინციპულად გამორჩეული და ბევრად მეტი რამ არის, რაც, უპირატესად, ადამიანს ეხება.

ათეისტური იდეოლოგიის მეორე შეცდომაა, ერთი მხრივ, რელიგიის უდაბლესი ფორმების დღემდე არსებობის უგულებელყოფა (არა მარტო ე. წ. პრიმიტიულ ხალხებს შორის, არამედ უმაღლესი ცივილიზაციის ქვეყნებშიც); მეორე მხრივ კი იმის აღიარება, რომ ხდება რელიგიური ცნობიერების აშკარა და უფრო და უფრო ღრმა გადაგვარება შედარებით განვითარებულ საზოგადოებაში, სადაც ქრისტიანობას ავიწროებს ოკულტიზმი, მაგია, ასტროლოგია, „ახალი ერის“ სხვადასხვა ცრუ რელიგია. მაშასადამე, თვალნათელია რელიგიური ცნობიერების არა ევოლუცია, არამედ აშკარა ინვოლუცია, რაც იდეოლოგიის ამოსავალ თეზისს ეწინააღმდეგება.

რელიგიური - ქრისტიანული - შეხედულება თავდაპირველ რელიგიაზე ბიბლიას ეფუძნება. მის პირველსავე სტრიქონებში ლაპარაკია მონოთეიზმის დასაბამითობაზე. მოსეს ათ მცნებაში ერთი ღმერთის თაყვანისცემა უპირველესი მცნებაა. ეს მოთხოვნა ისევე, როგორც ძეელ აღთქმაში, ახალ აღთქმაშიც გრძელდება და დაბეჯითებით და მრავალგზის მეორდება. ბიბლიის დამოწმების ობიექტური საფუძველია ის, რომ ბიბლია ერთ-ერთი უძველესი წერილობითი წყაროა, რომლის ისტორიული უტყუარობაც სულ უფრო და უფრო დასტურდება მეცნიერული გამოკვლევებითაც.

ამიტომაც, არსებობს საკმაო საფუძველი, რათა ითქვას, რომ პირველი ადამიანების რელიგია იყო მონოთეისტური (ერთღმერთიანობა), ხოლო სხვა რელიგიური ფორმები მოგვიანებით, ადამიანის რელიგიური ცნობიერების დეგრადაციის შედეგად გაჩნდა, რასაც შესაბამისი მიზეზები ჰქონდა.

წიგნიდან: „რა არის ქრისტიანობა“
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, 2006 წ.