ტერმინ „სექტის“ განსაზღვრება

„სექტა“ ლათინური სიტყვაა (სეცტა), მას აქვს ორი შესაძლო წარმომავლობა, სიტყვა sectare - მოკვეთა, გაყოფა; და სიტყვა sequi - ვინმესადმი მიმდევრობა, დამორჩილება, მსახურება. სიტყვა „სექტა“ ქართულ თარგმანში ნიშნავს: 1) ცხოვრების წესს, 2) მეთოდს (ფილოსოფიურ მეთოდს), 3) მოძღვრებას, მიმდინარეობას, სკოლას, დაჯგუფებას, 4) მწვალებლობას (ძირითადი სარწმუნოებრივი მიმდინარეობისაგან გამოყოფას, განშორებასა და გამოცალკევებას).

სიტყვა „სექტა“ არის ლათინური სინონიმი ბერძნული სიტყვისა „ერესი“ - 1) დაპყრობა, მიტაცება, 2) არჩევა 3) ცხოვრების ან აზროვნების არჩეული წესი, 4) მოძღვრება, მიმდინარეობა, სკოლა, 5) მწვალებლობა. შესაბამისად, სიტყვა „სექტა“ გამოიყენებოდა ლათინურენოვან დასავლეთ რომში, ხოლო ბერძნულენოვან აღმოსავლეთ რომში იგივე მნიშვნელობას ღნიშნავდა „ერესი“.

წმიდა წერილში სიტყვა „სექტა“ გვხვდება მხოლოდ ლათინურ ბიბლიაში - ვულგატაში, კერძოდ, აქ რამდენჯერმე სიტყვა „ერესი“ არის ნათარგმნი, როგორც „სექტა“, მაგ: საქ. 24,5 sectae Nazarenorum, 2 პეტრ. 2,1: introducent sectas perditionals და რამდენჯერმე - სიტყვა „მოძღვრება“, მაგ: საქ: 24,14 secundum sectam quam dicunt heresim; საქ 26,5: secuundum certissimam sectam nostrae religions, საქ 28,22: sentis nam de secta hac notum est nobis.

სიტყვა „სექტამ“, როგორც ტერმნიმა, თავისი შინაარსი მნიშვნელობის მიხედვით გარკვეული ისტორიული განვითარება განვლო, კერძოდ:

ა) ანტიკური (ლათინურენოვანი) მწერლები „სექტას“ უწოდებდნენ იმ ფილოსოფიურ სკოლას (და მის მოძღვრებას), რომელსაც ეპყრა არატრადიციული, იმ დროს საყოველთაოდ მიღებული მოძღვრების საწინააღმდეგო სწავლება (ამ მნიშვლნელობით უწოდებს ციცერონი ანტონიონის მიმდევრებს სექტანტებს; ხოლო ძველი რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი საუბრობს სტოიკოსთა და ცინიკოსთა სექტაზე, აქვს რა მხედველობაში მისი თანამედროვე ფილოსოფიური სკოლები და მათი მოძღვრება);

ბ) პირველი საუკუნეებიდან ტერმინი „სექტა“, ისევე როგორც „ერესი“, უკვე გამოიყენება ქვეყნის, რეგიონის ისტორიულად ძირითადი რელიგიური მიმდინარებობისგან სარწმუნოებრივი სწავლების მიხედვით გამოყოფილი, ახლად დაარსებული რელიგიური საზოგადოებისა და მისი სარწმუნოებრივი აღმსარებლობის აღსანიშნავად. ასე მაგალითად, პლინიუს უმცროსი საუბრობს „ქრისტიანთა სექტაზე“, რომელიც, მისი თქმით, წარმოიშვა იუდეველთა შორის;

გ) როგორც უკვე ითქვა, თავდაპირველად ტერმინი „სექტა“ ისევე როგორც „ერესი“, აღნიშნავდა როგორც (ფილოსოფიურ-რელიგიურ) ცრუ მოძღვრებას, ასევე ცრუ მოძღვრების მიმდევარ საკრებულოს. მაგრამ რეფორმაციის შემდეგ (XVIIს.) თანდათანობით უფრო ვიწროვდება ტერმინ „სექტის“ მნიშვნელობა, კერძოდ ტერმინ „სექტას“ აღარ უწოდებენ ცრუ სარწმუნოებრივ სწავლება-მოძღვრებას, არამედ მხოლოდ ცრუ სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრების მიმდევარ დაჯგუფებას და ტერმინ „ერესისაგან“ განსასხვავებლად ეკლესიაში მკვიდრდება ტერმინ „სექტის“ შემდეგი საღვთისმეტყველო განსაზღვრება: „სექტა“ არის რელიგიური თვალსაზრისით ერთმანეთთან ერთობაში მყოფი ადამიანების ორგანიზებული საზოგადოება, რომელიც არ არის სარწმუნოებრივ ერთობაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან, თავის სარწმუნოებრივ სწავლა-მოძღვრების გადმოცემისას ეფუძნება ან იყენებს ბიბლიის არასაეკლესიო განმარტებებს და [ამახინჯებს არათუ ცაკლეულ დოგმატებს (როგორც ერესი), არამედ] ძირეულად უარყოფს მთლიანად საეკლესიო გადმოცემას.

ტერმინი „სექტა“ იძენს ნაწილობრივ განსხვავებულ მნიშვნელობას, როდესაც იგი გამოიყენება რომელიმე არაქრისტიანული რელიგიებისაგან (იუდაიზმი, ისლამი, ინდიზმი, ბუდიზმი) ჩამოყალიბებულ-გამოყოფილი სექტების მიმართ, ამ შემთხვევაში ამ სექტის სახელწოდებას უნდა დავუმატოთ მისი რელიგიური წარმომავლობის მიმანიშნებელი სიტყვა (მაგ.: კრიშნაიტთა ინდუისტური სექტა, ვაჰაბიტთა მუსლიმური სექტა, ბუდისტური სექტა აუმ სინრიკე...);

დ) XX ს-ის დასაწყისში დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში (მაგ.: საფრანგეთი, იტალია) მკვიდრდება სიტყვა „სექტის“ კანონმდებლობითი განსაზღვრება.

ტერმინ „სექტის განსაზღვრების შესახებ საუბრისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიტყვა „სექტა“ თავის თავში არ შეიცავს ლანძღვას, დაცინვას ან სხვა რაიმე შეურაცხმყოფელ შინაარსს, ამასთან ერთად, ეკლესიისთვის იგი არის საღვთისმეტყველო შინაარსის მქონე სიტყვა.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ რა გრძნობას ბადებს ეს სიტყვა (შინაარსიდან გამომდინარე) მისი მნიშვნელობის მცოდნე ადამიანში (სექტანტია თუ არასექტანტი იგი), რას შეიგრძნობს იგი ამ სიტყვის გაგონებისას: უპირობოა, რომ იგი მხილებასა და მკაცრ გაფრთხილებას გრძნობს. ისტორიულად ცნობილია, რომ ადამიანებს სჩვევიათ შეცდომების დაშვება და თავის მოტყუება; სამწუხაროდ, მსგავსი რამ არცთუ იშვიათად ხდება ღმერთთან მიმართებაშიც, ამიტომ ეკლესია ამ სიტყვით (სექტა) ამხელს და მიანიშნებს ღმერთთან მიმართებაში ადამიანთ გარკვეული ჯგუფის მიერ დაშვებულ ერთ-ერთ უდიდეს, მეტად სახიფათო და დამღუპველ შეცდომაზე. ეს გაფრთხილება მკაცრია, ამიტომ ეპყრობა ეკლესია ძალზედ სერიოზულად ღმერთის რწმენისა და ადამიანთა ცხონების საკითხს.

კობა ჩიჩილიძე
თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი