წმ. თეოფანე დაყუდებული

ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ

წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს“

მინდა სიამოვნებით გიპასუხო, ან უფრო სწორად, ერთად განვიხილოთ ყოველივე, რაზეც მრავალმხრივ საყურადღებო ბარათში მწერდი. ადრეც მსმენია შენგან რაღაც ამის მსგავსი, რაზეც ახლა მწერ, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, ეს უმნიშვნელო წვრილმანებია-მეთქი. ახლა კი - შენი სიტყვებიდან სჩანს, რომ თქვენთან საეკლესიო ხანძრის მსგავსი რამ ჩაღდება და, ამიტომ ვჩქარობ, მოგწერო პასუხად ის, რასაც თვით ღმერთი მკარნახობს.

I.

შენ მწერ: „ჩვენთან ვიღაც რჯულის მქადაგებელი გამოჩნდა; შესაძლოა, იგი თავადაზნაურთა წრიდანაცაა და როგორც სჩანს, არცთუ დაბალი წოდებით. ის არამარტო მდიდრების სახლებში დადის, არამედ ღარიბებთანაც; უკითხავს მათ სახარებას, განუმარტავს, მოძღვრავს, რათა ირწმუნონ იესო ქრისტე და მოინანიონ. ჩემგან არც თუ ისე შორს ცხოვრობს ერთი ღატაკი წიგნების ამკინძველი. სწორედ მასთან ჩამოდის ხოლმე ის მქადაგებელი. იკრიბება ხალხი, მეც იქ ვიყავი ორჯერ თუ სამჯერ. გავიგე, რომ სხვა ადგელებშიც ხდება ასეთი შეკრებები და ხალხიც საკმარისად დადის“.

მოდით, ამაზე შევჩერდეთ! მაშ, გამოჩნდა რჯულის მქადაგებელი; მქადაგებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, არა ეკლესიის სახელით. აი, უკვე, ამას უნდა გამოეწვია ეჭვი. რა უნდა გვასწავლოს იმან, ვინც მასწავლებლად არ არის დადგენილი?! ეს ხომ, ყოვლად გაუგონარი ამბავია! ამ ეჭვიდან მაშინვე უნდა გადასულიყავით ასეთ მსჯელობაზე: რაღაც ისე ვერ არის საქმე; ის ღვთის სახლიდან კი არა, იუდას სახლიდანაა. უნდა გეფხიზლათ. მაგრამ, მოიქეცით კი ასე? თავშიც არავის მოგსვლიათ ასეთი სიფრთხილის გამოჩენა; მას ყველა უსმენდით და უსმენთ, თავს არ იტვირთავთ იმაზე ფიქრით, მართალია თუ არა ის, რაც გესმით და, რამდენადაც მიჰყავხართ ყველაფერ ამას - სიკეთისაკენ? აი, რაზე უნდა გეფიქრათ თქვენ, პირველ რიგში!

ამბობ, რომ ის ქრისტეს რწმენას გასწავლით და ყველაფერს სახარებიდან იმოწმებს. მაგრამ, სწორედ ამას უნდა გაეღვიძებინა სიფრთხილის გრძნობა თქვენში. განა თქვენ მუსლიმები ან ურჯულოები ხართ? თქვენ ხომ ქრისტე გწამთ და თქვენი სულის ხსნა, ყველა ჩვენი წინამორბედი წმინდანის მსგავსად, წმ. მართლმადიდებელ ეკლესიაშია, ღვთისაგან განდიდებული! აქედან გამომდინარე, პირდაპირ ასეთ დასკვნამდე უნდა მისულიყავით: თუკი მან სარწმუნოებაზე დაგვიწყო საუბარი და გვიქადაგებს ჩვენ, მორწმუნეებს - მაშასადამე, მისი რწმენა განსხვავდება იმისაგან, რისიც ჩვენ გვწამს.

როდესაც მან დაგიწყოთ დარიგება - იწამეთ ქრისტე, თქვენ უნდა გეკითხათ:

- რატომ გვიქადაგებ? ჩვენ ხომ ვიღაც მოუნათლავები არა ვართ?

თქვენ კი - არც ერთს ენა არ მოგიბრუნდათ ამის სათქმელად. როცა ამბობდა, - იწამეთ ქრისტე, - ამით ურწმუნოებაში გამხილათ. თქვენ კი უსმენთ მას, თითქოს, მართლაც ურწმუნონი იყოთ.

თუკი იგი სხვა სჯულს ქადაგებს და თქვენ მაინც უსმენთ, მაშინ მასთან ერთად თქვენც შეურაცხყოფთ თქვენივე სარწმუნოებას, გმობთ წმ. ეკლესიასა და ყველას, მასში გადარჩენილსა, თუ ხსნის გზაზე დამდგარს. აი, თქვენი მეორე დანაშაული, რომელიც პირველზე უფრო დიდია!

მაგრამ, ყველაფერი ეს სულ სხვაგვარად ხდება თქვენთან, თქვენ - ჭეშმარიტ მორწმუნეებსა და მათ შორის, ვინც სულის გადარჩენის გზაზე დგახართ!

იმ დროს, როდესაც ეკლესიის შვილები მშვიდად და წყნარად ზრუნავდით სულის გადარჩენისათვის, მოვიდა სრულიად უცნობი, ვიღაც გადამთიელი, რომელიც გაჰყვირის: „იცით თქვენ, რომ ქრისტე ჩვენს გამო მოკვდა? იწამეთ ის, მოინანიეთ და გადარჩებით“!

ისინი კი, თითქოს რაიმე განსაკუთრებული გაიგესო, მიტმასნებიან მას და მზად არიან დატოვონ თავიანთი ეკლესიაც, თავიანთი მოძღვრებაცა, და ყველაფერი ის, რასაც წინათ უფრთხილდებოდნენ, რითაც იკვებებოდა და ნათლდებოდა მათი სული!

ძალზე საოცარია ეს ამბავი! ნუთუ, იესო ქრისტეს სახელით არა ხართ მონათლულნი და არ იღწვოდით თქვენი ხსნისათვის?! ნუთუ მისი ძალით არ იღებდით თქვენი ცოდვების მიტევებას, აღსარების საიდუმლოთი? განა მას თავად არ იღებდით, მისი პატიოსანი ხორცისა და სისხლის ზიარებისას? განა მას არ მიმართავდით ლოცვებში და, მთლიანად მასზე არ ამყარებდით გადარჩენის იმედს? მაშ, რაიმე განსაკუთრებულს, ახალს, რაც თქვენს გულსა და გონებაში არაა, რას გაუწყებთ ეს უცნობი მქადაგებელი?

ის თქვენ გეუბნებათ: „ქრისტე თქვენთვის მოკვდა, იწამეთ ასე და გადარჩებითო“. მაგრამ, განა ამას არ აღიარებთ ყოველდღიურად სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმისას?! „მრწამს... უფალი იესო ქრისტე... რომელი ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა. ჯვარს ეცვა ჩვენთვის...“ და ა.შ. განა, იგივეს არ აღიარებთ ეკლესიაში გალობისას: „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა... გვაცხოვნენ ჩვენ?!“ ანდა, „მოვედით თაყვანივსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა: გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღვთისაო?“ ანდა, „ნათელი ჭეშმარიტი“, ანდა „აწ განუტევე... რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი...“

საღმრთო ლიტურგია, სხვა ხომ არა არის რა, თუ არა გახსენება; ანდა, უფრო მეტიც, ჩვენი ხსნისათვის გოლგოთაზე განხორციელებული სისხლიანი მსხვერპლის საიდუმლოებრივი გარდაქმნა, უსისხლო მსხვერპლად?!

ამგვარად, რას იგებთ ახალს იმ უცხო ჩამოსულის ბაგეებიდან, რომ მზად ხართ დატოვოთ ყველაფერი წინანდელი და გაეკიდოთ მას ისე, რომ ზუსტად არც კი იცოდეთ, საით წაგიძღვებათ. თუმცა, ის მაინც თუ იცით უეჭველად, რომ გზა, რომლითაც თქვენ აქამდე ხვიდოდით, ჭეშმარიტი გზაა?

ეს მართლაც გაუგებარია! აი, ვის შეიძლება მიგამსგავსოთ: გუნდი რომ გალობს და თქვენც რომ მონაწილეობდეთ ამ გალობაში. გალობა მიმდინარეობს ხმაშეწყობილად, ყოველი ხმა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. მაგრამ, უცებ თქვენს შორის გამოჩნდა ვიღაც, რომელიც შლის ამ შეხმატკბილებულ გალობას და ის, თავისი ხმით, ყველასაგან გამოირჩევა. თქვენ კი - მისით გაოცებულნი, ტოვებთ გუნდს, წყვეტთ გალობას და მთელი ყურადღება ამ გამორჩეულ ხმაზე გადაგაქვთ. აზრადაც კი არ მოგდით იკითხოთ, კარგად იქცევა თუ არა; სწორედ იქცევით თუ არა თქვენც, როცა უსმენთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამორჩეულია.

გამოცდილი მგალობლები თვლიან, რომ გალობისას, სხვა ხმებისაგან გამორჩევა, გალობის წესებს ეწინააღმდეგება. ხოლო ყველა ის, ვინც ამ განცალკევებული ხმის შთაბეჭდილების ქვეშ მოექცევა, ითვლება, რომ ჭეშმარიტი ესთეტიკური გემოვნებისაგან შორს დგას. აი, ამას ჰგავხართ თქვენც, სულის გადარჩენის საქმეში.

არადა აქამდე, სხვა ძმებთან და დებთან ერთად გუნდში გაერთიანებულები, მშვიდად და წყნარად ეწეოდით თქვენი სულიერი ხსნისათვის ზრუნავას. მაგრამ, გამოჩნდა თუ არა ვიღაც მყვირალა და ხმამაღლა იწყო მხსნელი ჭეშმარიტების მთელი შემადგებლობიდან ერთი სტროფის წარმოთქმა, თქვენც მას მიაპყარით მზერა, მიატოვეთ ყველაფერი დანარჩენი და მოემზადეთ, გამოყოფოდით ყველას. იმაზე კი არც იფიქრეთ, სწორად იქცევა თუ არა იგი თავისი თავის გამორჩევით, და სწორად იქცევით თუ არა თქვენ, მის მხარეს რომ დგებით. ხსნის საქმის სწორად წარმართვის მცოდნენი, სამართლიანად გისაყვედურებენ თქვენ და მით უმეტეს, იმ მყვირალას, ამგვარი სულიერი უგემოვნებისათვის.

მაშასადამე, იგი პირველივე სიტყვებიდანვე უნდა მოგეშორებინათ თქვენგან, ანდა, ზურგი შეგექციათ მისთვის. თქვენ კი - შეკავშირდით მასთან და იწყეთ უფრო და უფრო დაახლოება.

გაგრძელება...