წმ. თეოფანე დაყუდებული

ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ

წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს“

X.

აი, ის ოთხი მუხლი, რომელიც უნდა დავიცვათ და, რომლის მიხედვითაც უნდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა, რომ ჭეშმარიტად გადავირჩინოთ სული. მაგრამ არის კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ: ვიყოთ ეკლესიის წიაღში მთელ მორწმუნე დასთან ცოცხალ კავშირში.

უფალმა თავის ეკლესიას უწოდა ვენახი, სადაც თვითონ არის ლერწამი, ხოლო ყველა მორწმუნე - რტოებია ამ ლერწამზე. ამიტომ არის ეკლესია, ანუ მორწმუნეთა ერთობლიობა, - ერთიანი, განუყოფელი, მთელი, ცოცხალ კავშირში ღმერთთან და თავის შემადგენელ თითოეულ ნაწილთან. როგორც ტოტი, ხიდან მოჭრის შემდეგ ხმება და წყვეტს სიცოცხლეს, ასე წყვეტს სიცოცხლეს ყველა, ვინც კი რაიმე მიზეზით გამოეყოფა ღვთის ეკლესიას, ხოლო ამით - უფალს (ინ. თავი 15).

წმ. მოციქულმა პავლემ ნათლად წარმოგვიჩინა ეს, როდესაც ეკლესიას, უფლის სხეული უწოდა. ჩვენ, მორწმუნეები, ქრისტეს სხეული ვართ, ხოლო უფალი იესო ქრისტე არის ამ სხეულის თავი. როგორც სხეულის ყოველი ნაწილი ცხოვრობს არა საკუთარი, არამედ საერთო ცხოვრებით სხეულისათვის: და, თუ რომელიმე ნაწილი მოშორდება ორგანიზმს, მაშინვე კვდება და იხრწნება, ასევე ყოველი მორწმუნე ცხოვრობს არა ცალკე, არამედ - მთელი მორწმუნე საზოგადოებისა და მთელი ეკლესიისათვის საერთო ცხოვრებით; ხოლო, თუ გამოეყოფა მათ და განცალკევდება, სულიერად კვდება და იღუპება (1 კორ. 12,12-17).

ასე იყო ეს, და აქამდეც ასეა ჭეშმარიტ მორწმუნეებში, რომ თავიანთი ცხოვრების, სულის ხსნისაკენ მიმავალი ცხოვრების კანონად თვლიან ეკლესიაში ყოფნას. ეკლესია, ვაღიარებთ ჩვენ, არის ჩვენი დედა. მართალი გამონათქვამია, რომ ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება, და თუ ღმერთი არ არის მისთვის მამა, მაშ, ვინღა არის?!

უფალმა, წმ. მოციქულების მეშვეობით დააარსა რა წმ. ეკლესია, ყველაფერი გადამრჩენელი ჩადო მასში, დასაცავად და დედამიწაზე გასავრცელებლად.

მასშია სარწმუნოების ყველა საიდუმლო და ჭეშმარიტების მთელი გაგება; მასშია მთელი ღვთაებრივი მადლი და ამ მადლის მბოძებელი ყველა საიდუმლოებანი; მასშია ჭეშმარიტი მოძღვრება, ჭეშმარიტად ხელმძღვანელი სულის გადასარჩენად; მასზეა ღვთის კურთხევა, მისი დამცველი და მისი ვედრების შემსმენელი; ანგელოზები და ადამიანები, და ყველა გონიერი ქმნილება, ერთიან კავშირში ემსახურება ყოვლადსახიერ ღმერთს. ეკლესიის წიაღში ყოფნა და იქ სულის გადარჩენისათვის მოღვაწეობა - აი, რას ავალდებულებს თითოეულ მორწმუნე ადამიანს:

ა) სწამდეს ისე, როგორც სწამს მთელ ეკლესიას მისი დასაბამიდან დღემდე; მისი აზრით შეამოწმოს ყოველგვარი თავისი თუ სხვისი მოსაზრება, გააქარწყლოს ყველანაირი ახლად გაჩენილი გაუგებრობა და არანაირი სახით არ დაუშვას რაიმე, თუნდაც ბეწვისოდენა უთანხმოება ეკლესიის სწავლებასთან, ვინაიდან იგი არის ბოძი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3,15).

გახსოვდეს, რომ ვინც ამას არ იცავს, ის არის მწვალებელი და ფარისეველი, როგორც ამბობს თვით უფალი (მთ. 18,17).

ბ) ამ გამოირჩეოდეს ყველაში საეკლესიო ცხოვრების წესით; იმარხულოს, როდესაც ყველა მარხულობს, გაიხსნილოს და ეზიაროს ქრისტეს წმ. ნაწილებს, როგორც დადგენილია ეკლესიაში, და დაიცვას ყველა სხვა ლოცვითი და სამოძღვრებო მსახურება ეკლესიისა, დაემორჩილოს მოციქულის სიტყვებს, რომელიც კრძალავს შეკრების დატოვებას (ებრ. 10,25).

გ) სჯეროდეს იმისა, რომ ზეცისანიცა და მიწისანიც იმყოფებიან ერთმანეთთან განუწყვეტელ კავშირში, ცოცხალსა და უშუალო ურთიერთობაში. ამიტომაც ჩვენი ლოცვები მათდამი და მათთვის და მათი ლოცვები ჩვენთვის კიდეც შეისმინება და ძალაც აქვთ. ჩვენ ახლობელნი და მშობლიურნი ვართ ანგელოზებისთვისაც და ღვთის ყველა სათნომყოფელთათვისაც, რადგან ეკლესიურნი „მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალიმსა ზეცისასა, და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა“ (ებრ. 12,22-23).

ახლა ყველაფერი, სულის ხსნასთან დაკავშირებით ნათქვამი, კვლავ ერთად შევკრიბოთ და გავიმეოროთ:

გინდა გადარჩე? გწამდეს მთელი ღვთივგანბრძნობილი სწავლებისა და მიიღებდე ღვთაებრივ მადლს წმ. საიდუმლოებების მეშვეობით; იცხოვრე ღვთის მცნებებიდან გადაუხრელად, ღვთისგან დადგენილი მოძღვრების ხელმძღვანელობითა და მათდამი მორჩილებით; მაგრამ ეს ყველაფერი აკეთე ღვთის წმ. ეკლესიის სულით, მისი დადგენილი წესებით და მასთან ცოცხალ კავშირში. ასე, ამგვარად გადარჩები.

სულის ხნის ამ გზას თამამად შეიძლება დავამატოთ წმ. იოანე ღვთისმეტყველის შეგონება: „ყოველივე რომელი გარდაჰხდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყვით მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა“ (2 იოან. 9-11).

გაგრძელება...