წმ. თეოფანე დაყუდებული

ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ

წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს“

XII.

მწერ, რომ თქვენი ახალი მასწავლებელი ლოცვის დროს პირჯვარს არ იწერს და არ აკეთებს მეტანიებს.

ხედავ, რა ახალი მოდის მიმდევარია იგი? მთელი მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყარო იწერს პირჯვარს (ისინიც კი, ვინც არასწორად აღიარებენ ქრისტეს სარწმუნოებას), მას კი - ეს რცხვენია. ვინც პირჯვარს იწერს, ის უსიტყვოდ აღიარებს ჩვენთვის ჯვარცმულ და თვისი სიკვდილით ჩვენს გამომსყიდველ უფალ იესო ქრისტეს.

თქვენი მასწავლებელი სულ გაიძახის: „აღიარე, აღიარე ქრისტე ხმამაღლა“. თქვენ კი - ამ დროს უნდა შეგეტიათ მისთვის და გეიძულებინათ: „აღიარე ქრისტე, პირჯვრის გამოსახვით“. ორივე ერთია: პირველიც აღიარებაა და მეორეც, ოღონდ ერთი სიტყვითაა, მეორე - საქმით, საქმე კი სიტყვაზე ძლიერია.

ვინც უარი თქვა უფლის ხმამაღლა აღიარებაზე, იმას ეუბნებოდა: „ა, შენ გრცხვენია ადამიანების წინაშე“! თქვენ კი უნდა უთხრათ: „რატომ შენ არ ისახავ პირჯვარს? ესეც ხომ უფლის აღიარებაა; გამოდის, რომ შენ თავად გრცხვენია, აღიარო უფალი ხალხის წინაშე“.

წმ. ბასილი დიდი გვიმოწმებს, რომ პირჯვრის გადაწერა დადგენილია მოციქულების მიერ და, რომ რწმენით გამოსახული პირჯვარი, უკუაქციეს უხილავ მტრებს, აცამტვერებს მათ მზაკვრობას და გვიცავს მათი თავდასხმებისაგან.

უფალმა ჯვრით დაარბია მტრის მთელი ძალები. იციან ეს მათ და გაურბიან ჯვრის გამოსახულებას. ხოლო, ვინც არ იწერს პირჯვარს და ამით არ იცავს საკუთარ თავს, მასთან მტრები თავისუფლად აღწევენ. ქრისტიანი ჯვრის გამოსახულების გარეშე იგივეა, რაც მეომარი იარაღის გარეშე. მტერიც აბუჩად იგდებს მას. ჯვრის გამოსახვით იკურთხება ყველა საღვთო საიდუმლო: მისით ხდება სიცოცხლისათვის საჭირო ყველა საგნის კურთხევა. ასე ისწავლა წმ. ეკლესიამ მოციქულებიდან და ასე მოქმედებს დღემდე ყოველი ქრისტიანი. ბუნებრივია, აქედან იბადება კითხვა: არის კი ქრისტიანი ის, ვინც უცხოობს ჯვრის გამოსახვას?

თავის დახრით, ჩვეულებრივ ვადასტურებთ ჩვენს მორჩილებასა და პატივისცემას. რამდენადაც გადაუდებელია, რომ უფლის წინაშე მლოცველ ადამიანს გული სავსე უნდა ჰქონდეს მისდამი მოწიწებითა და სრული მორჩილებით, იმდენად საჭიროა, დავადასტუროთ მის წინაშე ეს გრძნობები თავის დახრითა და მეტანიით. ყველა ქრისტიანი ფიზიკურად გამოხატავს თავის თაყვანისცემას ღვთისადმი, შინაგანი შიშისა და მისი წმ. ნებისადმი სრული მორჩილების ნიშნად. ვინც თაყვანს არ სცემს, იგი ეჭვს იწვევს - არის კი მასში ეს გრძნობები.

მაგრამ, თუ არ არის, მაშინ რა ჰქვია მის ლოცვას? ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა: „წელში ვერ იხრებაო“, იმის საჩვენებლად, რომ ასეთები მოუდრეკავი სულისანი არიან და არავის ცნობა არ სურთ. ასეთი სულის ხომ არ არის ის ადამიანიც, რომელიც ლოცვის დროს მუხლს არ იდრეკს. ეს ძალიან ცუდი ჩვევაა. ქედს არ იხრის, - გეტყვი უბრალოდ, - და ამას აკეთებს ღვთის წინაშე.

გაგრძელება...