წმ. თეოფანე დაყუდებული

ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ

წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს“

V.

ჭეშმარიტად ასეა! „არცაღა არს სახელი სხუა ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“ (საქმ. 4,12). „აღსარებულა დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო; ღმერთი გამოჩნდა ხორცითა“ (1 ტიმ. 3,16), - მოდრიკნა ცანი და მოვიდა ქვეყანად, რათა ზეცად აგვიყვანოს ჩვენ. გიხაროდეთ, მადლობდეთ და მიჰყევით მას, ღმერთსა და მაცხოვარსა ჩვენსა, რომელი ამაღლდა ზეცად და ღვთისა და მამის მარჯვნივ ზის, ჩვენი ადამიანური ბუნების განმადიდებელი.

მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სულის ხსნის მხოლოდ ერთი პუნქტია ეს. მასვე თვით უფალმა ღმერთმა მიუმატა სხვა მუხლებიც, რომელთა დაცვაც ასევე აუცილებელია, რომ გადავრჩეთ. მათ შესახებ შემდეგ მოგითხრობ. ახლა კი აგიხსნი, რომ თვით ეს პუნქტიც: გწამდეს ღმერთი მაცხოვარი, საჭიროა ისე განვჭვრიტოთ და ისე გავითავისოთ გულსა და გონებაში, რომ იგი თანხმობაში მოვიდეს ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოსთან. თორემ შეიძლება ისე მოხდეს, რომ უსმენთ თუ ლაპარაკობთ ხსნაზე მხოლოდ უფალ იესოში, ამ ჭეშმარიტებას ისეთ ყურადღებას მიაქცევთ, რომ მასში სრულიად დაიკარგება მსჯელობა ყოვლადწმინდა სამებაზე, და ყოვლადწმინდა სამება სრულიად დაიფარება ქრისტე მაცხოვრის დიდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადამრჩენელი აზროვნების წყობა გამრუდდება, ანდა, ასე ვთქვათ, ქრისტიანული ცნობიერება დაბნელდება.

აი, რა მინდა ამით შეგახსენო: როგორც ჩვენი სულების ხსნა ხდება ძე ღვთისას მიერ, რომელიც მამა ღმერთისა და სულიწმიდის მეშვეობით განკაცდა, ასევე თითოეული ჩვენთაგანის გადარჩენა ხორციელდება უფალ იესო ქრისტეში - მამა ღმერთისა და სულიწმიდის მონაწილეობით. თითოეული ჩვენთაგანის მაცხოვნებელი არის ღმერთი სამებით თაყვანცემული - მამა, ძე და სულიწმიდა. სწორედ ეს უნდა აღბეჭდოთ ცნობიერებაში, და ყველას, ვინც სულის ხსნის გზაზეა დამდგარი, აქვს კიდევ ეს გაცნობიერებული გულითა და გონებით.

ყურადღება მიაქციე, თუ როგორ ხდება ქრისტე მაცხოვრის ნათლისღება! ნათელს იღებს განკაცებული ღვთის ძე, მაგრამ მასზე და მასში განისვენებენ მამა ღმერთი თავისი ნებით და სულიწმიდა - თავისი მადლით. ეს აშკარად გვიჩვენებს, რომ ჩვენი გადარჩენა, რომელიც ამ მომენტიდან დაიწყო, ხდება უფალ იესო ქრისტეს მიერ მარადმყოფი მამა ღმერთის ნებითა და სულიწმიდის მოქმედებით. ძეს არაფერი შეუქმნია მამისა და სულიწმიდის გარეშე, ვინაიდან განკაცებულსაც კი არ მიუტოვებია მამის წიაღი.

ხედავ, როგორ მოხდა ჩვენი ხსნა სამებით თაყვანცემული ღმერთის მიერ? ახლა კი ნახე, როგორ ხორციელდება თითოეული ჩვენთაგანის გადარჩენა იმავე ღმერთისაგან.

ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი ხსნა ცოცხალ კავშირშია ღმერთთან. დაცემის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ეს კავშირი. მოგვევლინა განკაცებული ღმერთი - ძე ღვთისა მხოლოდშობილი, და თავისი სახით შეარიგა დაცემული კაცობრიობა უფალთან; ხოლო ამ შერიგებით მორწმუნენი ერთმანეთთან და თავისთან დააკავშირა, ყველა ერთად კი - ღმერთთან. თვით მაცხოვარმა გვიჩვენა ეს, როდესაც უთხრა მოციქულებს: „მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემთანა, და მე თქუენს შორის“ (ინ. 14,20).

რაც აქ მოციქულებისთვისაა ნათქვამი, ეხება ყველა მორწმუნეს. ეს არის ოქროს ჯაჭვი ჩვენი ღმერთთან შერიგებისა! იგივე დაგვიმტკიცა უფალმა სხვა ადგილასაც: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (ინ. 14,6).

მაშ ასე, მამასთან მიდიან ძის მეშვეობით, ხოლო - ძესთან? ძესთან კი მივყავართ მამას, როგორც თვით უფალი გვეუბნება: „ვერვის ჴელეწიფების მოსვლად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა“ (ინ. 6,44).

თუკი ძე ღმერთთან მიყვანის გარეშე თითოეული ჩვენთაგანის ხსნის საქმე არც კი დაიწყება, და ეს მიყვანა ხორციელდება მამა ღმერთის მიერ, სავსებით გასაგებია, რომ თითოეულის სულის ხსნის საწყისი არის იგი.

გახსოვდეს ეს და ყოველთვის აღიარე: უფალ იესოს მიმდევარი და მასში ხსნის მოიმედე, მის მიღმა ყოველთვის ჭვრეტდე შენი ზეციური მამის მარჯვენას, რომელსაც თავისი ძისაკენ მიჰყავხარ.

როგორ მიჰყავხარ მამას ძისაკენ? როგორ და სულიწმიდით, რომელიც ასრულებს გონებასა და გულში ყოველივე იმას, რაც საჭიროა სულის ხსნისათვის. იესო ქრისტე ეწამა, ჯვარს ეცვა, აღსდგა, ამაღლდა ზეცად და მჯდომარეა მარჯვენით მამა ღმერთისა. თავის ნაცვლად კი მამისაგან წარმოგზავნა სულიწმიდა, რომელიც მკვიდრობს რა ჭეშმარიტ ეკლესიაში, თითოეულის სულის ხსნას ახორციელებს.

თავდაპირველად სულიწმიდა გადმოვიდა მოციქულებზე, დაჰყავდა ისინი მთელს დედამიწაზე და ბაგეებზე უდებდა მათ სიტყვას, რომელსაც რწმენის გაღვიძების ძალა ჰქონდა, შემდეგ სარწმუნოებაზე მოქცეულთ ქრისტეთი მოსავდა, ამტკიცებდა და აკურთხევდა ყოველ კეთილ საქმეში, და ბოლოს - მათი დასიდან შექმნა წმიდა ეკლესია: ასე მოქმედებს დღემდე სულიწმიდა ამ ეკლესიაში ყველა ჩვენგანის სულების ხსნისათვის. ღვთის სულის გარეშე ვერავინ გადარჩება და არც შეუძლია ხსნა. ამიტომ თქვა უფალმა: „ამჯობეს არს თქუენდა, რათა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა“ (ინ. 16,7). ამით მან გვითხრა: „ამაოა ჩემი განკაცება, ამაოა ჩემი სიკვდილი, ამაოა აღდგომა, თუ არ მოვა ნუგეშინისცემელი - სულიწმიდა, თქვენ დარჩებით ხსნის გარეშე, ვინაიდან სულიწმიდის გარეშე ვერ გარდაიქმნებით ისეთებად, როგორებიც უნდა იყოთ გადარჩენილნი“.

ამგვარად, უეჭველად გწამდეს და სასოება გქონდეს ქრისტე მაცხოვარში გადარჩენისა, რომელიც მამა ღმერთის ნებითა და სულიწმიდის მადლით ხორციელდება; წმ. ეკლესიაში ღვთიური საიდუმლოებების გზით გეწვდება და განუწყვეტლივ მოქმედებს შემდეგ შენს გულში, გხელმძღვანელობს და განტკიცებს რა შენში გადარჩენის საქმეში.

ახლა კი ხედავ, როგორ გადავრჩებით? გადავრჩებით უფალი იესო ქრისტეში, მამა ღმერთის ნებითა და სულიწმიდის მადლით. ეს ყოველთვის გქონდეს შენს გულსა და გონებაში და იცოდე, ვინც ამტკიცებს მხოლოდ ამას: „გწამდეს უფალი, გწამდეს უფალი-ო“, და არასოდეს აზუსტებს განმარტებით, ამ საქმეში მამა ღმერთისა და სულიწმიდის მონაწილეობის შესახებ, - იგი, ჩანს, არ ცნობს სრულ ჭეშმარიტებას, აშფოთებს ქრისტიანულ ცნობიერებას და აბნელებს ნათელს.

გულისხმა-ჰყვეს წმ. მოციქულებმა ეს და ნახე, როგორ გამოხატეს თავიანთი კეთილგანწყობა მორწმუნეთა გადარჩენისადმი! წმ. მოციქული პეტრე წერს: „წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა, მადლი თქუენ თანა“ (1 პეტრ. 1,2). წმ. მოციქული პავლე კი ლოცულობს: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა!“ (2 კორ. 13,13). ეს სიტყვები შეუცვლელად მეორდება ეკლესიაში ლიტურგიის დროს, ევქარისტიის საიდუმლოს დაწყების წინ. ჩვენს წმ. მამებსაც, როდესაც მსჯელობდნენ ისინი სულის ხსნის შესახებ, აჰყავდათ იგი სამსახოვან ღმერთთან - მამასა, ძესა და სულიწმიდასთან, როგორც ერთ საწყისთან. ასევე განსაჯე შენც, ასე მიეჩვიე განჭვრეტას შენში აღსრულებული სულის ხსნის შესახებ; და ამის შემდეგ, ამ საზომით გაზომე შენი ყოველი მასწავლებელი.

გაგრძელება...