წმ. თეოფანე დაყუდებული

ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ

წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს“

VII.

მაგრამ მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი სულის გადარჩენისათვის. საჭიროა, იცხოვრო წმინდად უფლის ყველა მცნების მიხედვით: „არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (მთ. 7,21). ზეციური მამის ნება კი გამოხატულია მის მცნებებში.

წაიკითხე სახარება და იპოვი იქ რწმენის მოთხოვნებსაც, მაგრამ ბევრს არა. უპირატესად იგი გადმოგვცემს წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრების გაკვეთილებს. მისგან გამოდის ასეთი დასკვნა: წრფელად და დაუზარებლად შეასრულე მცნებები და გადარჩები; ოღონდ, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელე სარწმუნოებით და ყველაფერი მიმართ იქითკენ, რომ უფალს ასიამოვნო. დაუკვირდი, რას ამბობს უფალი: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“ (ინ. 14,21-23).

ასევე ბევრი წერია სარწმუნოების შესახებ მოციქულთა ეპისტოლეებშიც, მაგრამ წმინდა ცხოვრების შესახებ უფრო მეტია გადმოცემული. წმ. პავლემ სულის ხსნის მთელი არსი ორ სიტყვაში ჩადო: „სარწმუნოებაჲ, სიყვარულისაგან შეწევნული“ (გალ. 5,6). სიყვარულის ქვეშ გულისხმობს ყველა მცნების შესრულებას და ყოველგვარი ცოდვებისა და ვნებებისაგან გაუცხოვებას (რომ. 13-ე თავი).

რატომ არის, რომ ყველა თავის წერილში იგი მიუთითებს ქრისტიანებს წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრებაზე: „რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით: და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა“ (ფილ. 4,8). და, რაც მთავარია, ამბობს, რომ ჩვენი სულის ხსნისათვის სათნოებებით შემკობას ჰქონდეს ადგილი, რათა ჩვენ წმინდა ცხოვრებისათვის უნარიანები გავხდეთ. „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (ტიტ. 2,11-13).

ზუსტად ამავეს ამტკიცებს ყველა სხვა მოციქული. მოგიყვანთ იაკობ მოციქულის სიტყვებს: „რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა? რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცითაჲ, რაჲ სარგებელ არს? ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო. არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი. შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან. გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს? აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თჳსი, საკურთხეველსა ზედა? ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა? და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა იწოდა. ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო?“ (იაკ. 2,14-24)

ხედავ, თითოეულის გადარჩენისათვის როგორი საჭირო ყოფილა მცნებების შესრულება! მე განზრახ დავწერე ბევრი ამის შესახებ იმიტომ, რომ ისინი, ვინც თქვენი ახალი მასწავლებელი ააცდინა გზას, ამაზე არასწორად მსჯელობენ; ხსნის მთელ არსს მხოლოდ რწმენას მიაწერენ, საქმეს კი თითქმის სრულიად განზე აყენებენ. შესაძლებელია, რომ ეს თქვენი მასწავლებელიც ასევე არასწორად აზროვნებს.

აი, შეხედე. ღვთის სიტყვით, რწმენა და მცნებების შესრულება ერთ სიმაღლეზე დგანან, არც ერთს და არც მეორეს უპირატესობა არ ეძლევა. არც რწმენა საქმის გარეშე და არც საქმე რწმენის გარეშე არაფერს ნიშნავს. მხოლოდ მათი მჭიდრო კავშირით ხდება ჩვენი სულების ხსნა და ისინი, ამით იძენენ თავის ნამდვილ ფასს, ძალასა და დანიშნულებას.

გაგრძელება...