დიაკვანი ჯონ უაიტფორდი

მხოლოდ წმინდა წერილი?

 

I. სწავლების „მხოლოდ წმინდა წერილი“ უსუსურობა

2. სწავლება, რომელიც აღიარებს წმინდა წერილს, როგორც სარწმუნოების ერთადერთ წყაროს, ვერ აკმაყოფილებს საკუთარ კრიტერიუმს

სარწმუნოების ისეთი სისტემა, როგორც პროტესტანტიზმია, რომელიც ეფუძნება მტკიცებას, რომ რწმენის საკითხებში მხოლოდ წმინდა წერილს უნდა დავეყრდნოთ, უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ მისი მთავარი პოსტულატები აკმაყოფილებდნენ მისსავე საკუთარ კრიტერიუმებს. უნდა გვევარაუდა, რომ პროტესტანტები მოიმარაგებდნენ ასობით მათი მთავარი თეზისის დამადასტურებელ მტკიცებას „წმინდა წერილიდან“, იმ თეზისისა, რომელზეც აგებულია მათი რწმენა. სულ მცირე ერთი-ორი სოლიდური, მათი დოქტრინის აშაკარად წარმომჩენი ტექსტი მაინც უნდა ყოფილიყო მოყვანილი, რადგანაც თვითონ წმინდა წერილში წერია: „პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ“ (2 კორ. 13,1). თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ წმინდა წერილში არ არსებობს არც ერთი მუხლი, რომელიც დაამოწმებდა წმინდა წერილის, როგორც სარწმუნოების ერთადერთი წყაროს, შესახებ სწავლების სისწორეს. უფრო მეტიც, არ არსებობს არც ერთი, ამ იდეასთან მიახლოებული მუხლიც კი. მოხარული ვიქნები, თუ ვინმე დამიმტკიცებს საწინააღმდეგოს. ბიბლიაში არის ბევრი ადგილი, სადაც საუბარია მის ღვთივსულიერებაზე, ავტორიტეტულობაზე, სარგებლიანობაზე, - მაგრამ არ არის არც ერთი ადგილი, სადაც წერია, რომ წმინდა წერილი არის ერთადერთი ავტორიტეტი მორწმუნეებისათვის. ასეთი რამ ბიბლიაში რომ ყოფილიყო თუნდაც შეფარული სახით, მაშინ ეკლესიის პირველივე მამები გვასწავლიდნენ იგივეს. მაგრამ რომელ წმინდა მამას უთქვამს ოდესმე რაიმე ამდაგვარი? ამგვარად, პროტესტანტიზმის ფუძემდებელი პრინციპი უარყოფს საკუთარ თავს, რადგანაც შიგნიდანვე წინააღდმეგობრივია. პროტესტანტული სწავლება ბიბლიის განსაკუთრებული ავტორიტეტის შესახებ ბიბლიაში უბრალოდ არ არის. უფრო მეტიც, ბიბლია ამ სწავლებას ეწინააღმდეგება (რაზედაც ზემოთ უკვე იყო საუბარი), რადგანაც გვასწავლის, რომ წმინდა გარდამოცემა აგრეთვე საჭიროა და აუცილებელი წყაროა ქრისტიანული სწავლებისა (2 თეს. 2,15; 1 კორ. 11,2).

3. ბიბლიის განმარტების პროტესტანტული მეთოდების უსაფუძვლობა

რეფორმაციის პირველი დღეებიდანვე, პროტესტანტები დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ, გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდულობის გამო, ადამიანებს მხოლოდ ბიბლიის საშუალებით არ შეუძლიათ, შეთანხმდნენ სარწმუნოების უმნიშვნელოვანეს საკითხებში. ჯერ კიდევ მარტინ ლუთერის სიცოცხლეშივე წარმოიშვა ათობით სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთაგან თითოეული აცხადებდა, რომ უბრალოდ სწამს ბიბლიისა, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ თანხმდებოდა სხვებთან იმის შესახებ, თუ რას გვასწავლის ბიბლია. თავის დროზე ლუთერს მხნედ ეჭირა თავი ვორმსში იმპერიული სეიმის წინაშე. აცხადებდა, რომ „თუ არ წარმოუდგნენნ მოწმებებს წმინდა წერილიდან ან სხვა მკაფიო და უტყუარ მტკიცებულებებს, უარს არ იტყვის თავის ნაწერებზე“.

მოგვიანებით, როდესაც ანაბაპტისტები (რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ლუთერანებს რიგ საკითხებში) ითხოვდნენ, გამოეჩინათ მათ მიმართ ანალოგიური შემწყნარებლობა, სასტიკი რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ ლუთერანების მხრიდან: მათ ათასობით აგზავნიდნენ სიკვდილით დასასჯელად ლუთერის მიერ გამოცხადებული - წმინდა წერილის თავისუფლად განმარტების - უფლების საწინააღმდეგოდ.

წმინდა წერილის, როგორც სარწმუნოების ერთადერთი წყაროს, სწავლების გამო წარმოიშვა აშკარა პრობლემა, რომელმაც პროტესტანტიზმი უამრავ სექტად დაანაწევრა. პროტესტანტები, რომელთაც არ უნდოდათ თავიანთი დამარცხების აღიარება, ამბობდნენ, რომ ვინც მათი მოწინააღმდეგეა, უბრალოდ არასწორად კითხულობს ბიბლიას. ამ პრობლემის გადასაწყვეტად შემოტანილ იქნა ბიბლიის განმარტებისათვის საჭირო მთელი რიგი წესებისა. რა თქმა უნდა, დანაწევრების საწინააღმდეგო რეცეპტის მოძებნა მაინც აუცილებელია, რის გამოც პროტესტანტები მუდმივად ეძებენ ამ პრობლემის მოგვარების მეთოდოლოგიურ გასაღებს.

განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე უფრო პოპულარული, ბიბლიის განმარტებისათვის გამოყენებული მიდგომა, რომელთაგან თითოეული დღესაც გამოიყენება ამა თუ იმ პროტესტანტული მიმდინარეობის მიერ.

 

მიდგომა №1

ბიბლია უნდა გავიგოთ პირდაპირ (სიტყვასიტყვით) - მისი ტექსტი ნათელია.

ეს უდავოდ იყო რეფორმატორების მიერ გამოცხადებული პირველი მიდგომა, თუმცა ისინი მალევე მიხვდნენ, რომ იგი მათ არ აკმაყოფილებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომის უსუსურობა თავიდანვე აშკარა იყო, იგი დღემდე გამოიყენება შედარებით ნაკლებად განათლებული ევანგელისტებისა და ქარიზმატიკების მიერ. მათგან ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას: „ბიბლია ამბობს იმას, რაც აქვს მხედველობაში და მხედველობაში აქვს ის, რასაც ამბობს“. მაგრამ, როდესაც საქმე კონკრეტულ ტექსტებამდე მიდის, რომელსაც პროტესტანტები არ ეთანხმებიან - მაგალითად, როდესაც იესო ქრისტე მოციქულებს აძლევს ცოდვათა მიტევების უფლებას (იოანე 20,23), ან როდესაც საუბრობს ევქარისტიის შესახებ: „ესე არს ჴორცი ჩემი... ესე არს სისხლი ჩემი“ (მათე 26,26,28) ან, როდესაც წმინდა მოციქული პავლე გვასწავლის, რომ ტაძარში ქალები თავდახურული უნდა იყვნენ (1 კორ. 11,1-16), მაშინ აღმოჩნდება, რომ ბიბლია უკვე იმას არ ამბობს, რაც მხედველობაში აქვს: „საჭირო არ არის ეს სიტყვასიტყვით გავიგოთ...“

 

მიდგომა №2

სწორ გაგებას გვატყობინებს სულიწმინდა

როდესაც რეფორმაციის შედეგაც წარმოიშვა მრავალრიცხოვანი მიმდინარეობები, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთში, თუ როგორ უნდა განემარტათ წმინდა წერილი, პრობლემების გადაწყვეტის მეორე საშუალებად იქცა მტკიცება, რომ ღვთისმოსავ პროტესტანტებს წმინდა წერილის სწორად განმარტებაში წინამძღოლობს სულიწმინდა. რა თქმა უნდა, მას, ვინც არ ეთანხმება ამ კეთილმორწმუნე პროტესტანტს, არ შეიძლება წინამძღოლობდეს იგივე სულიწმინდა. ამის გამო თითოეული პროტესტანტული მიმდინარეობა აღარ უნდა თვლიდეს ქრისტიანად ყველა მას, ვინც მათგან განსხვავდება. ეს რომ ასე იყოს, მაშინ პროტესტანტიზმში დარჩებოდა მხოლოდ ერთი წმინდა წერილის სწორად განმმარტებელი მიმართულება. მაგრამ რომელია ასეთი რამდენიმე ათას არსებულ დენომინაციას შორის? რა თქმა უნდა, პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დენომინაციის წარმომადგენელს ვესაუბრებით. თითოეული დაგისახელებთ იმ მიმდინარეობას, რომელსაც ეკუთვნის თვითონ.

უმეტეს შემთხვევაში შეგხვდებათ პროტესტანტი, რომელიც დაგიწყებთ საუბარს ჭეშმარიტების ფარდობითობაზე და არა თავისი დენომინაციის სწავლების ჭეშმარიტ ხასიათზე. სულ ახალი და ახალი კონფესიების წარმოშობასთან ერთად ნებისმიერი მიმდინარეობის პროტესტანტისთვის ძნელდება მტკიცება იმისა, რომ მხოლოდ მათ ესმით სწორად წმინდა წერილი (თუმცა ჯერ კიდევ ხშირად ვხვდებით ასეთებს); ამიტომ ჩვეულებრივ მოვლენაც იქცა კონკფესიებს შორის განსხვავების ნაკლებად წარმოჩენა და იმის მტკიცება, რომ ეს განსხვავებები არ არის არსებითი. ითვლება, რომ თითეული მიმართულება ფლობს ჭეშმარიტების რაღაც ნაწილს; სრულ ჭეშმარიტებას ვერ ფლობს ვერავინ. სწორედ ამ ნიადაგზე აღმოცენდა ისეთი ერესი, როგორიცაა ეკუმენიზმი.

პროტესტანტების უმრავლესობა თვლის, რომ ჭეშმარიტება გარკვეულწილად ყველა რელიგიას ეკუთვნის. სრული ჭეშმარიტების მისაღებად თითოეულმა კონფესიამ ჭეშმარიტებსი თავისი ნაწილი უნდა ჩააგდოს საერთო ქვაბში; შემდეგ საჭიროა, ყველაფერი ერთად ავურიოთ და მივიღებთ სრულ ჭეშმარიტებას. მაგრამ ეს უკვე ანტიქრისტეს რელიგია იქნება. წმინდა წერილის თანახმად ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ“ (1 ტიმ. 3,15); სწორედ ამიტომ ან ეკლესია ფლობს ჭეშმარიტებას, ან ეს არ არის ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია.

 

მიდგომა №3

გაუგებარი ადგილები უნდა განიმარტოს გასაგები ადგილების დახმარებით

ალბათ, ეს არის საუკეთესო მეთოდი ბიბლიის განმარტების ამოცანის გადასაწყვეტად. თვით ბიბლიის დახმარებით - გასაგებ ტექსტებზე დაყრდნობით განვმარტოთ გაუგებარი ადგილები. ასეთი მიდგომის ლოგიკა მარტივია: თუ ბიბლიის რომელიმე ადგილას ჭეშმარიტება გაუგებრად არის მოცემული, უთუოდ მოიძებნება სხვა ადგილი, რომელიც ამტკიცებს იგივეს, ოღონდ უფრო გასაგებად. გამოიყენეთ გასაგები ადგილები, როგორც გასაღები და თქვენთვის გასაგები გახდება ბუნდოვანი ადგილები. ამის შესახებ წერდნენ ტუბინგენელი ღვთისმეტყველები პატრიარქ იერემია II-სთან პირველი მიმოწერისას.

„ამიტომ წმინდა წერილის განმარტების საუკეთესო მეთოდია ამ განმარტებების მოძებნა თვითონ წმინდა წერილში“ (10).

რაც არ უნდა დიდი იმედების მომცემი მოგეჩვენოთ ეს მეთოდი, მან მალევე დაგვანახა თავისი გამოუსადეგარობა, პროტესტანტული დაყოფის პრობლემის მოგვარებაში. სიძნელი მდგომარეობს იმაში, თუ რომელი ადგილები უნდა ჩაითვალოს გასაგებად და რომელი - ბუნდოვნად.

ბაპტისტები ამტკიცებენ, რომ ქრისტიანი აუცილებლად გადარჩება და მოჰყავთ მთელი რიგი ადგილები, რომლებიც მათი აზრით სრულიად აშკარად ასწავლის მუდმივი ცხონების შესახებ. მაგალითად: „...რამეთი შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმერთისანი“ (რომ. 11,29); „ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდნენ მე. და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწყმდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა“ (იოანე 10,27-28). მაგრამ, როდესაც ბაპტისტები ნახულობენ მუხლებს, რომ ადამიანი შეიძლება ვერ ცხონდეს, როგორებიცაა, მაგალითად, „მართალსა ვერ ძალ-უც ცხოვნებად სიმართლისათჳს თჳსისა, რომელსაცა დღესა ცოდოს“ (იეზეკ. 33,12), ან „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მათე 10,22; შდრ. აგრეთვე მათე 24,13; გამოცხ. 2,7,11,17; 3,5,12; 21,7), მაშინ ისინი იწყებენ „გასაგები“ ადგილების გამოყენებას „გაუგებარი“ ადგილების ასახსნელად. მეთოდისტები, რომლებიც თვლიან (სავსებით სამართლიანად), რომ ადამიანი შეიძლება ვერ ცხონდეს, თუ იგი განუდგება ღმერთს, ასეთ ადგილებს არ თვლიან გაუგებრად და იყენებენ ზემოთ მოყვანილი ტექსტებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. ამგვარად მეთოდისტები და ბაპტისტები შემოიფარგლებიან ბიბლიიდან ციტატების გაცვლით და გოაცებულნი არიან, როგორ ვერ ხედავს მოწინააღმდეგე იმას, რაც მათ უდავო ჭეშმარიტებად მიაჩნიათ.

 

მიდგომა №4

ისტორიულ-კრიტიკული ეგზეგეზა

რომ არ ჩაძირულიყვნენ სუბიექტური აზრების ზღვაში, პროტესტანტებმა ყველა ობიექტური ხასიათის „ხავსის“ ჩაჭიდება დაიწყეს. დროთა განმავლობაში, რაც უფრო იზრდებოდა დაყოფა, პროტესტანტი მეცნიერები უფრო ხშირად მიმართავდნენ „მეცნიერებას“ და მისი საშუალებით ცდილობდნენ, შეეთანხმებინათ ბიბლიის სხვადასხვა განმარტებები. ამ „მეცნიერულ“ მიდგომას, რომელმაც ფართო გამოყენება ჰპოვა პროტესტანტულ ბიბლიოლოგიაში (ბოლო ასწლეულში კი გახდა უმთავრესი რომაული კათოლიციზმის ბიბლიოლოგიაში), ეწოდება ისტორიულ-კრიტიკული ეგზეგეზა. ეგრეთ წოდებული „განათლების ეპოქიდან“ დაწყებული, როდესაც ბევრს ეჩვენებოდა, რომ მეცნიერებას შეუძლია, გადაწყვიტოს ყველა ამქვეყნიური პრობლემა, პროტესტანტმა მეცნიერებმა დაიწყეს ფილოსოფიის და საერო მეცნიერებათა მეთოდოლოგიის გამოყენება ღვთისმეტყველებასთან და ბიბლიასთან მიმართებაში. ისინი შეისწავლიდნენ ბიბლიას ყველა შესაძლებელი ასპექტების გამოყენებით: მისი დაწერის ისტორიას, ჩვენს დრომდე მოღწეულ ხელნაწერებს, ბიბლიურ ენებს და ა.შ.

ეს მეცნიერები წმინდა წერილს უდგებოდნენ, როგორც არქეოლოგიურ რელიკვიას და ცდილობდნენ, გაეანალიზებინათ მისი თითოეული ფრაგმენტი, თითოეული დეტალი თანამედროვე მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი ყველა უახლესი მეთოდის და ხერხის საშუალებით. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გზაზე მიღებულ იქნა ბევრი სასარგებლო შედეგი. სამწუხაროდ, ასეთ მეთოდოლოგიას მეცნიერები ხშირად ფუნდამენტალურ საკითხებში სერიოზულ შეცდომებამდე მიჰყავდა. თუმცა იგი გარემოცული იყო ისეთი „მეცნიერული ობიექტურობის“ აურით, რომ ბევრი დღემდე მოხიბლულია მისით. ამიტომ საჭიროა, დაწვრილებით განვიხილოთ ზემოაღნიშნული მეთოდი მისი ფილოსოფიური ბაზისის გაანალიზებით.

სხვა პროტესტანტული მიდგომების მსგავსად ეს მეთოდიც ბიბლიის განმარტებას საეკლესიო გარდამოცემის იგნორირებით ცდილობს. უნდა ითქვას, რომ არ არსებობს არავითარი განსაკუთრებული პროტესტანტული ეგზეგეზა. საბოლოო ჯამში ყველაფერი დამყარებულია იმედზე, რომ „წმინდა წერილი თვითონ უნდა საუბრობდეს საკუთარ თავზე“. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ადამიანი, რომელიც თანახმაა მეთოდისა - „თვითონ საუბრობს საკუთარ თავზე“, ვერ შეეწინააღმდეგება იმას, რასაც ამბობს წმინდა წერილი. თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერები, რომელთაც ჰყოფნით გამბედაობა იმის თქმისა, რომ არიან ბიბლიის რუპორი, წმინდა წერილის ტექსტს ატარებენ თავისი საწყისი პროტესტანტული წინამძღვრების ფილტრში. ისინი პრეტენზიას აცხადებენ ობიექტურობაზე, მაგრამ წმინდა წერილს განმარტავენ საკუთარი გარდამოცემის და დოგმატების შესაბამისად. პროტესტანტი მეცნიერების მოღვაწეობის დასახასიათებლად თავს ნებას მივცემ, მოვუყვანო ალბერტ შვაიცერის გამონათქვამი: ბიბლიის აზრის გასაგებად მათ უძირო ჭაში ჩაიხედეს, ამის გამო შექმნეს უამრავი ბრწყინვალე ტომი, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ჭაში მხოლოდ საკუთარი გამოსახულება დაინახეს. პროტესტანტი მეცნიერების შეცდომა (ლიბერალი იქნება ის, თუ კონსერვატორი), იმაში მდგომარეობს, რომ მათ, თავისი ოდიოზურობის ხარისხის მიხედვით, გამოიყენეს ღვთისმეტყველების და ბიბლიის კვლევის ემპირიული მეთოდოლოგია. ტერმინი „ემპირიული“ ამ შემთხვევაში ფართო გაგებით იხმარება, მხედველობაში გვაქვს დასავლელი მეცნიერების რაციონალისტური და მატერიალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც სიმსივნესავით ვრცელდება მთელ მსოფლიოში. პოზიტიური სისტემები (რომელთა შორისაც ერთი-ერთია ემპირიზმი) ცდილობენ დაეყრდნონ რაღაც „გარკვეულ“ ცოდნას (11). ფაქტიურად ემპირიზმი არის რწმენა იმისა, რომ ყველანაირი ცოდნა დამყარებულია ცდაზე და გარკვევით შეიძლება ვიცოდეთ მხოლოდ ის, რაც დადგენილია მეცნიერული დაკვირვებით. მეცნიერული დაკვირვებისა და ცდის მეთოდების გვერდით გამოდის მეთოდოლოგიური სკეპტიციზმის პრინიციპი, რომლის პირველი მაგალითია რენე დეკარტის (1596-1650) ფილოსოფია, რომელსაც აუცილებლად მიაჩნდა, ყოველივე არსებულში წინასწარ დაეჭვებულიყო, გარდა ჩვენი საკუთარი არსებობისა და, აი, ამ უდავო ჭეშმარიტებაზე („ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“) ცდილობდა, აეგო თავისი ფილოსოფიური სისტემა.

რეფორმატორები თავიდან კმაყოფილდებოდნენ იმ დებულებით, რომ ბიბლია არის ფუნდამენტი, რომელზედაც ეყრდნობა ღვთისმეტყველება და ფილოსოფია; მაგრამ რამდენადაც ძალას იკრებდა განმანათლებლობის ჰუმანური სული, პროტესტანტმა მეცნიერებმა თავისი რაციოანალისტური მეთოდები მიმართეს ბიბლიისაკენ და ცდილობდნენ გამოერკვიათ, რა შეიძლებოდა მისგან მიეღოთ ამ მეთოდების დახმარებით. უკუაგდეს რა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო, ლიბერალური თეოლოგიის წარმომადგენლებმა დაამთავრეს ეს შრომა და სარწმუნოების საფუძვლად შერჩათ მხოლოდ საკუთარი აზრები და გრძნობები. საბედნიეროდ, კონსერვატორი პროტესტანტები უფრო ნაკლებად იყვნენ რაციონალისტური მიდგომის მიმდვარნი და ამიტომაც შეძლეს, შეენარჩუნებინათ წმინდა წერილის და მისი ღვთივსულიერების პატივისცემა. მიუხედავად ამისა, მათი მიდგომა (უფრო მტკიცე ფუნდამენტალისტებისაც კი) მაინც იგივე რაციონალიზმზეა დაფუძნებული, რაზეც ლიბერალებისა. ამის პირველი მაგალითი შეიძლება ვნახოთ ფუნდამენტალისტ-დისპენსაციონალისტებთან, რომლებიც მისდევენ დეტალურად დამუშავებულ თეორიას იმის შესახებ, რომ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ეგრეთ წოდებული „დისპენსაციის“ (ადამიანთან ღმერთის გარკვეული შეთანხმების) შესაბამისად, ღმერთი სხვადასხვაგვარად ექცევა ადამიანს. კაცობრიობის ისტორია მოიცავს შემდეგ პერიოდებს: ადამის, ნოეს, მოსეს, დავითის და ა.შ. ამაში არის ჭეშმარიტების რაღაც მარცვალი, მაგრამ შემდეგ ეს თეორია გვასწავლის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ახალი აღთქმისეულისაგან განსხვავებულ პერიოდში და ამიტომ, თუმცა ახალი აღთქმის ეპოქაში ხდებოდა სასწაულები, ახლა ისინი უკვე აღარ ხდება. ეს ძალიან საინტერესო თეორიაა. იგი ფუნდამენტალისტებს (წმინდა წერილის სახით მყარი ბაზისის არარსებობისას) საშუალებას აძლევს, არ უარყონ ბიბლიური სასწაულები და იმავდროულად იყვნენ ემპირიკოსები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამგვარად, თუმცა ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამ მიდგომის განხილვა წარმოადგენს მხოლოდ აკადემიურ ინტერესს და არავითარი საერთო არა აქვს საშუალე პროტესტანტის რეალურ ცხოვრებასთან, ფაქტიურად ეს უკანასკნელი აუცილებლად მოექცევა ამგვარი რაციონალიზმის გავლენის ქვეშ. ამ, ეგრეთ წოდებული წმინდა წერილისადმი „მეცნიერული“ მიდგომის ღრმა ცდომილება მდგომარეობს წმინდა წერილის, ისტორიის, ღვთისმეტყველების შესწავლისას ემპირიზმის წინამძღვრების არასწორ გამოყენებაში. ემპირიული მეთოდები მაშინ გვაძლევენ კარგ შედეგს, როდესაც მათ კორექტულად ვიყენებთ ბუნებრივ მეცნიერებაში; მაგრამ, როდესაც ისინი გამოიყენება იქ, სადაც მათი გამოყენება არ შეიძლება, მაგალითად, ისტორიის შესწავლისას (რომელიც არ შეიძლება იყოს გამეორებული და არ ემორჩილება ექსპერიმენტულ შემოწმებას), მათ არ შეუძლიათ, მოგვცენ რაიმე დადებითი შედეგი (12).

პროტესტანტი ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ მეცნიერების თვალსაზრისით ეშმაკების ან სატანის არსებობა არ მტკიცდება. თუნდაც თვით სატანა სისხლივით წითელი მოსასხამით და ფიწალით ხელში წარსდგეს ემპირიკოსის წინ, ეს უკანასკნელი ისე აკურატულად, ისეთი სახით ახსნიდა ამას, რომ ეს არ შეეწინააღმდეგებოდა მის მსოფლმხედველობას. თუმცა ემპირიკოსები ამაყობენ სიმართლისა და ჭეშმარიტებისადმი თავისი გულახდილი დამოკიდებულებით, სინამდვილეში ისინი იმდენად დაბრმავებულნი არიან თავისი საწყისი წინამძღვრებით, რომ მათი მოდელის საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავენ. ემპირიზმის თანმიმდევრობით გამოყენება ეჭვის ქვეშ დააყენებდა ნებისმიერ ცოდნას (თვით ემპირიზმის და მისი მეთოდების ჩათვლით), მაგრამ ემპირიზმისათვის მისი მომხრეებისაგან ნებადართულია მხოლოდ არათანმიმდევრულობა „იმიტომ, რომ მის მიერ ადამიანთა გამოცდილების შეუბრალებელი დამახინჯება უქმნის მას მეცნიერული სიმკაცრის ისეთ მაღალ რეპუტაციას, რომ პრესტიჟი არ აძლევს უფლებას, დაინახოს თავისი ფუნდამენტის დეფექტები“ (13).

კავშირი იმ უკიდურესობათა შორის, რომლებთანაც მივიდნენ, ერთი მხრივ, ლიბერალური პროტესტნატი მეცნიერები და, მეორე მხრივ, უფრო კონსერვატიული ფუნდამენტალისტები, ბევრისთვის გაუგებარია. თუმცა „კონსერვატორები“ თავის თავს პროტესტანტი ლიბერალების მიმართ ოპოზიციონერებად თვლიან, ისინი წმინდა წერილის შესასწავლად არსებითად იყენებენ იგივე მეთოდებს, რასაც ლიბერალები. ამ მეთოდებთან ერთად კი ჩნდება მათ საფუძველში ჩადებული ფილოსოფიური წინამძღვრები, რომელთა შესახებ საუბარი კონსერვატორებს არ ეხალისებათ. ამგვარად, განსხვავება ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, ფაქტობრივად, არ არის განსხვავება მათ საწყის წინამძღვრებს შორის, უფრო სწორა იგი ჩნდება იმაში, თუ საერთო წინამძღვრებიდან რამდენად შორს მიდიან ისინი თავის ლოგიკურ დასკვნებში. ღადარინელი ღორების მსგავსად, ისინი - ყველა ერთად - წინდაუხედავად მიჰქრიან უფსკრულისაკენ; თუმცა ლიბერალები, შესაძლებელია, უკვე გადასცილდნენ უფსკრულის კიდეს იმ დროს, როდესაც კონსერვატორები მოძრაობენ იგივე მიმართულებით, მაგრამ ჯერ ისე შორს არ წასულან.

ის პროტესტანტული საზოგადოებები, რომლებიც დღეს საეკლესიო მსახურებად ხელს ასხამენ ჰომოსექსუალისტებს, ასწლეულის წინ კონსერვატორებად ითვლებოდნენ; უფრო კონსერვატიული დენომინაციები მიდიან იგივე გზით.

თუ პროტესტანტული ეგზეგეზა ჭეშმარიტად მეცნიერულია, როგორადაც თავისი თავის ატესტირებას აკეთებს, მაშინ იგი შეთანხმებულ შედეგებამდე უნდა მისულიყო. მისი მეთოდები რომ იყოს უბრალოდ „ტექნიკურად“ განსაზღვრული ხერხები, რომლებიც არ ეყრდნობა არავითარ წინამძღვრებს, მაშინ არ ექნებოდა მნიშვნელობა იმას, თუ ვინ იყენებს მათ - ისინი ყოველთვის ერთ და იმავე შედეგებამდე მიგვიყვანდა. მაგრამ რა ჩანს ბიბლიის პროტესტანტული კვლევის ახლანდელი მდგომარეობის ახლოს გაცნობისას? თვით „ექსპერტთა“ შეფასებით პროტესტანტული ბიბლიური მეცნიერება კრიზისს განიცდის (14). მართლაც, ეს კრიზისი შესაძლებელია ყველაზე უკეთესად ილუსტრირებულია ცნობილი პროტესტანტი მეცნიერის, ძველი აღთქმის სპეციალისტის - გერჰარდ ჰაზელის აღიარებით (მის მიერ ძველი აღთქმის ღვთისმეტყველების ისტორიის და ახლანდელი მდგომარეობის მიმოხილვაში): „ჩვენი საუკუნის სამოცდაათიან წლებში წარმოიშვა ძველი აღთქმის ხუთი ახალი ღვთისმეტყველება. ვერც ერთი მათგანი ვერ თანხმდება ერთმანეთთან საქმისადმი მიდგომით და მეთოდებით“ (15). მართლაც, საოცარია (თუ მხედველობაში მივიღებთ ბიბლიის პროტესტანტული კვლევის მაღალ მეცნიერულ დონეს), რომ დასკვნათა ნებისმიერი კრებულისათვის ნებისმიერ საკითხზე შეიძლება იქნეს მოძებნილი მყარი მეცნიერული დასაბუთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერი სასურველ დასკვნამდე და ყოველთვის მოიძებნება მისი დამცველი რომელიმე ფილოსოფიის დოქტორი.

ამრიგად, ყოველივე ამას არავითარი საერთო არა აქვს ისეთ მეცნიერებებთან, როგორიცაა, ვთქვათ, მათემატიკა ან ქიმია! ესე იგი საქმე გვაქვს ცოდნის სფეროსთან, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ არის ობიექტური მეცნიერება, მაგრამ რომელიც ფაქტიურად ფსევდომეცნიერებაა და თავის წიაღში მალავს ბევრ სხვადასხვაგვარ ურთიერთსაწინააღმდეგო ფილოსოფიურ და ღვთისმეტყველურ შეხედულებებს (16). სუბიექტურად მოაზროვნე პროტესტანტი მეცნიერები არჩევენ ფაქტებს და მოწმობებს თავისი შეხედულებებისდა მიხედვით, შემდეგ იწყებენ (ამასთან, შედეგები არსებითად წინასწარ არის განსაზღვრული საწყისი წინამძღვრებით) თავისი მეთოდების გამოყენებას წმინდა წერილთან მიმართებაში და მაინც, ყოველივე ამის შემდეგ, თავს თვლიან მიუკერძოებელ მეცნიერებად (17). რამდენადაც თანამედროვე უნივერსიტეტები ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს არ ანიჭებენ მათ, ვინც მხოლოდ უდავო ჭეშმარიტების კონსტატაციას აკეთებს, ეს მეცნიერები ცდილობენ, აღემატნენ ერთმანეთს სულ ახალი და ახალი, ყველაზე დაუჯერებელი თეორიების წამოყენებით. ამაში მდგომარეობს თვით ერესის არსი: ახლის შემოღება, თავდაჯერებულოა და თავის მოტყუება.

გაგრძელება