დედა ფამარის მონათხრობი და მოთხრობანი მასზე

ეპისკოპოს სერაფიმეს შესახებ

დედა ფამარი მეუფე სერაფიმეზე ყვებოდა: „იგი მეორე ბასილი დიდი იყო. ერთხელ მეუფე წირვის ჩასატარებლად წავიდა ერთ სოფელში. უამრავი ხალხი შეიკრიბა. იმ სოფლის მღვდელი და დიაკვანი დიდხანს მტრობდნენ ერთმანეთს. ერთად სწირავდნენ და უბრად კი იყვნენ. ეს ამბავი მეუფემ ზუსტად წირვის დაწყების წინ გაიგო და უარი თქვა ლიტურგიის მათთან ერთად ჩატარებაზე. დრო მიდიოდა, ხალხი ღელავდა, მეუფე კი არ იწყებდა საღმრთო მსახურებას. ბოლოს დარცხვენილმა მღვდელმა და დიაკვანმა დაიყოლიეს განრისხებული მეუფე და შეპირდნენ, რომ შერიგდებოდნენ. „აქ, საკურთხეველში კი არა, იქ, ხალხის თვალწინ შერიგდით, ყველას თანდასწრებით შენდობა გამოსთხოვეთ ერთმანეთს და ხალხს, რომ ერთად ლოცულობდით, საიდუმლოს ერთად აღასრულებდით და სიყვარულის დიდსა და უმნიშვნელოვანეს მცნებას კი არღვევდით. რამდენი ადამიანი დააბრკოლეთ თქვენი საქციელით“. და აიძულა ისინი მოენანიებინათ ხალხის წინაშე. ისე მგზნებარედ ლაპარაკობდა, რომ მონანიე მღვდელი და დიაკვანი და მათთან ერთად ბევრი იქ დამსწრეც ატირდა“.

 

მიტროპოლიტ სერგის შესახებ

დედა ფამარი თვლიდა, რომ დამღუპველია განხეთქილება. იგი კიცხავდა მიტროპოლიტ სერგის ქმედებას, საპირისპიროს წმიდა ფილიპესა და გერმოგენის სწავლებისა. „დიახ, ასეა, ჩვენს დროს განხეთქილება ეკლესიაში განსაკუთრებით დამღუპველი და სახიფათოა. ყველას ვურჩევ ეკლესიას არ ჩამოშორდეს, თუმცა თვითონ ამას ვერ ვახერხებ. მე კარგად ვიცნობ მიტროპოლიტ სერგის, დიდად ვაფასებ მის გონებასა და ნიჭს, მაგრამ ღმერთმა ინებოს და არსად შემხვდეს, თორემ მე ვიცი, რასაც ვეტყოდი. დიახ, ბევრს ვეტყოდი!“ ამას პატარა ტანის დედა ფამარი ისეთი გზნებით და სიმკაცრით ამბობდა, სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ მიხარია, მიტროპოლიტი სერგი მას მართლა რომ არასოდეს შეხვედრია.

 

კლავდიას ნაამბობი

ტანია ნ., რომელიც დედა ფამარს ძალიან უყვარდა, თხოვდებოდა. ქორწინების წინ ის და მისი საქმრო მასთან ჩავიდნენ. მათ მეფური შეხვედრა მოუწყვეს. მეორე დილით ადრე, ექვს საათზე უნდა გამობრუნებულიყვნენ. არადა, ძალიან უნდოდათ ზიარების მიღება. დედა ფამარმა ღამის სამ საათზე გააღვიძა ყველა, წირვა ჩაატარეს, შემდეგ კი გაუმასპინძლდნენ საქმროსა და საცოლეს. გამგზავრების წინ მან თავისი ბაღის ყველა ვარდი დაუკრიფა და მიართვა გაბრწყინებულ წყვილს. მათი წასვლის შემდეგ კი ყველა გამოსაძინებლად გაგზავნა.

* * *

დედა ფამარიცა და დების მკაცრად იცავდნენ ყველა მარხვას, ზეთიან საზრდელსაც კი არ იხმევდნენ, უზეთოს ჭამდნენ. ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ. თვითონ დედა ფამარი ავადმყოფობის დროსაც კი არ არღვევდა მარხვას.

დისციპლინა უმკაცრესი იყო. ყველაფერში იგრძნობოდა ძლიერი იღუმენის ხელი, რომელიც მიჩვეული იყო დიდი მონასტრის მართვას და რომელიც იგივე დარჩა აქ, ამ პატარა თემში. პ.დ. იცინოდა, სახალხო კომისარსაც კი ვერ მიუღწევია ასეთი წესრიგისა და მორჩილებისთვისო. ვერცხლის ზარის წკრიალზე უმალვე გამოჩნდებოდა მონაზვნის მუქი ფიგურა, რომელიც თავქუდმოგლეჯილი მირბოდა გაკარგულების აღსასრულებლად. მერე როგორ უყვარდათ მისი დავალებების შესრულება.

* * *

დედა ფამარს არ უყვარდა საეკლესიო მსახურების გაჭიანურება და ხშირად ამბობდა: „ჩვენს სავანეში ისე მწყობრად, თანაც აუჩქარებლად ვმსახურობთ, რომ ყველაფერს ვასწრებთ. არ არის საჭირო წირვის ზედმეტად გაჭიანურება“.

* * *

დედა ფამარს ძლიერი უნარი ჰქონდა გამოეხატა მოყვასისადმი სიყვარული. როცა შევიტყვეთ გიორგის საზარელი სიკვდილის ამბავი, ისე განიცადა, სამი დღე იავადმყოფა.

* * *

დედა ფამარი ხშირად მეტყოდა ხოლმე: „ისე ვლოცულობ, ისე მხურვალედ ვევედრები უფალს, რომ არცერთ აქ ჩამოსულს ამისთვის არანაირი ზიანი არ მიადგეს, რომ ღმერთი მისმენს, ვისი, არცერთი თქვენგანი არ დაზარალდება“. მისი სიტყვები ახდა.

* * *

ერთხელ ლოცვის შესახებ ვსაუბრობდით. დედა ფამარმა მიამბო: „პ-ში გადავდიოდით. სადგურში საშინელი ჭეჭყვა, ჯაჯგური და ალიაქოთი იყო. ფუთებზე ვიჯექი, დები ბილეთებისთვის დარბოდნენ, ბარგს გზავნიდნენ, მე კი სულში მენთო იესოს ლოცვა. არასოდეს ისე არ მილოცია, არც არასოდეს დამავიწყდება“.

ციმბირში, გადასახლებაში ყოფნისას, დედა ფამარი ძალიან შეუყვარდათ სახლის პატრონებს. განსაკუთრებით შეეჩვია მათი თოთხმეტი წლის ბიჭი ვანიუშა. ბიჭს ტაიგაში ოც კილომეტრზე უხდებოდა სიარული და ძალიან ეშინოდა მგლების. დედა ფამარმა დაარიგა, რომ სიარულისას მთელი ტყის გასაგონად ხმამაღლა ეძახა „უფალო შემიწყალე!“ მეორე დღეს ყმაწვილი რომ დაბრუნდა, უკითხავს: „რაო, ყვიროდი?“ - „დიახ, ვყვიროდი“. „მერე აღარ გეშინოდა?“ „არა, აღარ შემშინებია, ამიერიდან სულ ასე მოვიქცევი“.

* * *

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედა ფამარმა ვანიუშას წერილი მიიღო და მისთვის დამახასიათებელი იუმორით მიამბო: „ნამდვილად ღმერთმა შემიწყალა! შეხედე ერთი, არს მწერს ვანია. ფული გამოუმუშავებია, ბაიანი უყიდია და - „აი, ძვირფასო დედაო, რამდენნაირი ფოქსტროტისა და სხვა ცეკვისა თუ სიმღერის დაკვრა ვისწავლე. ვწუხვარ, აქ რომ არა ხართ. ვიცი, როგორ გიყვარდათ მუსიკა, სულ ყოველდღე, ვინ იცის დღეში რამდენჯერ დაგიკრავდით ხოლმეო“. მართლა ღმერთმა შემიწყალა, თორემ უარს ვერ ვეტყოდი, ვერ ვაწყენინებდი და უნდა ვმჯდარიყავი და მესმინა. ღმერთმა შემიწყალა!“ - რამდენჯერმე გაიმეორა მან.

იმ დღეს გაცილებით უკეთ იყო, ასე ხშირად ემართებათ ტუბერკულოზით დაავადებულებს სიკვდილის წინ. ის ამანათის გაგზავნას აპირებდა თავის ძველ მასპინძლებთან. მისი შეკვეთითი „ტორგსინში“ იშოვეს საუკეთესო ღია ცისფერი აბრეშუმის ტილო ვანიუშას სახალათედ. ეს ნამდვილად ისეთი საჩუქარი იყო, „როგორც საჭირო იყო“, როგორც მას უყვარდა თქმა. მაგონდება, კიდევ რაღაც წარმოუდგენელი, კაშკაშა და მყვირალა ტონების კაშნე, ისიც დედა ფამარის მითითებით შერჩეული.