მღვდელმონაზონი ანტონი მთაწმინდელი

ბერი ჰაჯი-გიორგი (+1886)

(გაგრძელება)

(5 რუსი მომლოცველის ჩანაწერიდან, მათ ჰაჯი-გიორგი 1879 წელს მოინახულეს, როდესაც ბერი წმ. სტეფანეს სენაკში ცოხვრობდა კარეასის სიახლოვეს). „თვითონ მამა გიორგი შემოგვეგება აბრაამისგვარი მამობრივი სიყვარულით. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე ესოდენ მხცოვანი და თავმდაბალი ბერი. მას სრულიად სადა სამოსი, თეთრი რუსული ტილოს კაბა ჰმოსავს, ცოტას საუბრობს, მაგრამ მისი სიტყვები გულში ჩამწვდომია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და იმქვეენიური ცხოვრების შესახებ აღძრავს ფიქრს. ჩვენ, როგორც მწირთ, მოგვართვეს: ჩაი, პური, თაფლი და ბეკმენი - ყურძნის წვენისგან მათ მიერ მომზადებული სასმელი, რომელსაც არც სიმჟავე აქვს და არც მათრობელაა. ბერმა ჩვენი ტრაპეზი გაიზიარა და თან გვარიგებდა, თუ როგორ მოვქცეულიყავით აქ, ათონზე და ერში დაბრუნების შემდეგ. უპირველეს ყოვლისა ბერი გვარწმუნებდა მოძღვრის წინაშე გულახდილად გვეთქვა აღსარება და აქ, ათონზე ვზიარებოდით წმიდა საიდუმლოთ. ზიარების წინ მარხვის დაცვის შესახებ აქ ლაპარაკიც ზედმეტია: აქ მუდამ დიდი მარხვაა. აღსარება რუს მოძღვარს, მღვდელმონაზონ მამა ანტონის ვუთხარით, რომელიც მამა გიორგის მოწაფეა.

მწუხრიდან დაიწყო ღამისთევის ლოცვა, ხოლო დილით, კვირას ვეზიარეთ. ამის შემდეგ ბერმა დაგვარიგა: „უწყოდეთ, შვილნო ჩემნო, რომ ცოდვები, რომლებიც შობიდან აქამდე ჩაგიდენიათ, ღმერთმა შეგინდოთ, ოღონდ მათ აღარ უნდა მიუბრუნდეთ. თუკი ერთი ცოდვით შესცოდებთ, ყოველი ცოდვით შეიბღალებით. თქვენ დაუტევეთ სამშობლო და მოყვასი. თავს იდეთ განსაცდელი გზაში, და ეს ყოველივე სულის გადარჩენისთვის აღასრულეთ. უფალი ხედავს რა თქვენს კეთილ ზრახვას, აღსარების შემდეგ ყოველი ცოდვა შეგინდოთ. აი, ახლა თქვენ ათონის მწვერვალზე ახვალთ. იქ თითოეულმა თქვენგანმა 40-40 მეტანია აღასრულეთ იესოს ლოცვით და იქ დაუტევეთ თქვენი ცუდი ჩვევები: თუკი რომელიმე თქვენგანს თაბაქოს მიმართ ჰქონდა მიდრეკილება, ან უზომოდ იღებდით მათრობელა სასმელს, უფლის სიყვარულისთვის, რომელმაც შენთვის ძმარი და ნაღველი შესვა, წესად დაიდე: ამიერიდან აღარასოდეს მიუბრუნდე მათ. ეს და მრავალი სხვა უმსგავსი თვისება, რომლითაც შეპყრობილი იყავით აქამდე, დაუტევეთ მთაზე და მტკიცედ გადაწყვიტეთ გულში, რომ ამიერიდან ამ ვნებებით აღარასოდეს განარისხებთ ღმერთს. თუკი ამას აღასრულებთ, ღმერთი მუდამ დაადგრება თქვენთან. ხოლო თუკი, როგორც ადამიანი, კვლავ შესცოდებ, დაუყოვნებლივ ისწრაფე მოძღვართან, განიწმინდე სინდისი აღსარებით და ნუ გადადებ აღსარებას, როგორც ზოგიერთები იქმან ამას უგუნურებით. მაგალითად: თუკი სამოსი დაგესვრება, მყისვე გამოიცვლი და გარეცხავ; ხოლო სული ბევრად უფრო ძვირფასია სამოსზე და მას დაუდევრობით მთელი წლით ან კიდევ უფრო დიდხანს განუწმენდელს ტოვებ და არ ზრუნავ შენი სულისთვის, ის კი, არა თუ დაბინძურებულია მხოლოდ, არამედ ყარს ცოდვებით დაწყლულებული!“

კიდევ მრავალ რასმე გვეუბნებოდა ის როგორც წმიდა წერილიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან. ჩვენ სამი კვირა ვტკბებოდით მისი მადლიანი საუბრებით. ბოლოს კურთხევა გამოვთხოვეთ ბერს შემოგვევლო მთელი ათონის მთა და ვთხოვეთ ბერძნულის მცოდნე მეგზური გამოეყოლებინა ჩვენთვის.

მამა ნეოფიტე კარამანლისის გარდაცვალების შემდეგ, 1860 წელს, მამა ჰაჯი-გიორგი გახდა ბერი და 1873 წლამდე მოსაგრეობდა კერასაში თანამოძმეებთან და მოწაფეებთან ერთად.

მამა გიორგიმ მრავალი მოწაფე შემოიკრიბა - ყოველი უპოვარი, გლახაკი და სნეული გულითად თავშესაფარს ჰპოვებდა ბერთან. ყოველს ჰქონდა მასთან მისვლის უფლება, მისი ღარიბული სენაკის კარი არც დღისით იკეტებოდა და არც ღამით. ყოველი მსურველი უშუალოდ მიდიოდა მასთან და უხსნიდა თავის გასაჭირს, წუხილსა და ზრახვას. სნეულთ ბერი თვითონ უვლიდა. იგი ყოველი შეჭირვებულისათვის მშობელი მამა იყო. თვით თურქები უწოდებდნენ მას „ბიზიმ ბაბა,“ ანუ ჩვენი მამა! ბერი ბევრ ისეთ მეუდაბნოესაც იცნობდა, რომელთა არსებობა სხვებმა არ უწყოდნენ. ის ამარაგებდა მათ ყოველივე აუცილებელით.

თუკი ძმათაგან რომელიმე დასნეულდებოდა, მას წამლებით არ მკურალობდნენ, არამედ ხშირად აზიარებდნენ ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ. თუკი უფრო მეტად დაუძლურდებოდა, მისთვის ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღასრულებდნენ; როდესაც სიკვდილის მოახლოვება ცხადი ხდებოდა, ხოლო სნეულს სქემა არ ჰქონდა შემოსილი, მაშინ მსწრაფლ შემოსავდნენ და მრჩობლად ამრავლებდნენ მისთვის ლოცვებს. მამა ჰაჯი-გიორგიმ ასზე მეტი მოწაფე დაკრძალა საკუთარი ხელით ათონის სხვადასხვა ადგილებში. უმეტესნი მათ შორის რუსი ყრმები იყვნენ, რომელთაც მკაცრი მოსაგრეობა და ათონის კლიმატი ვერ აიტანეს.

ზოგიერთები არღვევდნენ ბერის მარხვით განწესებას, მაგრამ ასეთნი, თუკი არ აღიარებდნენ და არ სურდათ დაშვებული უძლურების გასწორება, ან თვითონ მიდიოდნენ, ან ბერი ურჩევდა და აკურთხებდა, მოეძებნათ ისეთი ადგილი, სადაც უფრო გაუადვილდებოდათ: „იქ წადით, სადაც ყველაფერს გთავაზობენ, - ამბობდა ბერი, - და წყევას ნუ მოირეწ ჩუმად ჭამით! წმიდა ბასილი დიდის სჯულის კანონში ნათქვაია: „ვინც არღვევს მოძღვრის განწესებას, წყეულიმც იყოს სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც!“

ისინი, ვინც ნაყროვანების ვნების აყოლით და არა უძლურების გამო მიდიოდნენ ბერისგან, სიკვდილის წინ ხვდებოდნენ, რა დაკარგეს ურჩებით და დიდად განიცდიდნენ, რომ დროებითი მცირეოდენი ნუგეშის გამო უდიდესი მადლი დაკარგეს. ესრეთ დაემართა ერთ მონაზონს, მიხეილს: იგი დასნეულდა და დიდხანს არ არღვევდა მარხვას, მაგრამ ერთხელაც ვერ მოითმინა და ყოველგვარი საზრდელის ჭამა დაიწყო და მკურნალობაც მოისურვა. ბერმა არ აკურთხა. ის არ დაემორჩილა, გაემგზავრა სმირნაში და საავადმყოფოში დაწვა, სადაც პირველ რიგში ხორცის ნახარში მისცეს. იქ რამდენიმე თვე იწვა, ავადმყოფობა კი არ ტოვებდა მას, პირიქით, მძალვრობდა და მალე სიკვდილის მოახლოებაც იგრძნო. მომაკვდავ მდგომარეობაში მან შეიცნო თავისი შეცდომა, ტიროდა და საშველად ბერს უხმობდა. მის ტირილს მრავალნი თანაუგრძნობდნენ და კითხულობდნენ, ვის უხმობსო? მათ შეიტყვეს, რომ ის ათონელი მონაზონი იყო და სულიერ მოძღვარს უხმობდა. მისმა სიკვდილის წინა სინანულმა იმდენად იმოქმედა ზოგიერთებზე, რომ დაუტევეს ეს სოფელი და ათონზე გადასახლდნენ. სწორედ მათ მონათხრობს გადმოგცემთ.

სხვა მონაზონი ქრისტეფორე, 5 წლის მანძილზე ზედმიწევნით ემორჩილებოდა ბერს, საკუთარი ნება სრულიად მოკვეთილი ჰქონდა. ბოლოს, ძალების მოკლება იგრძნო, გაკადნიერდა და ბერს ამგვარი თხოვნით მიმართა: „მამაო, განმიტევე!“ ბერმა მიუგო: „ესოდენ მცირედ მემსახურე და განტევებას მთხოვ?“ გულწრფელმა ქრისტეფორემ უპასუხა: „მართალია, ცოტა გემსახურე, მაგრამ 5 წლის მანძილზე უსიტყვოდ გმორჩილებდი: ვიდრე ცოცხალი ხარ, განმიტევე, თორემ როდესაც გარდაიცვლები, შენს გარეშე შესაძლოა ეს ყოველივე დავკარგო.“

ბერმა ილოცა უფლისა მიმართ და უბრძანა მას რამდენიმე დღის შემდეგ მომზადებულიყო. დღეები გადის, ქრისტეფორემ შეახსენა, რომ უკვე ცოტა დრო დარჩა. ღამისთევით ილოცეს, შემდეგ ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულეს მისთვის და წმ. საიდუმლოთ აზიარეს. მისი სულის წასაყვანად ღმერთის ანგელოზები მოვიდნენ. შემოკრებილ ძმებს მას უთხრა: „ჩემს წასაყვანად უკვე მოვიდნენ, შემინდეთ!“ ძმები გამოეთხოვნენ, ბოლოს კი ბერმაც აკურთხა სიტყვებით: „წარვედ უფალთან და ილოცე მის წინაშე ჩვენთვის! - და მან მშვიდობით განუტევა სული. ესრეთ აღესრულა ნეტარი ჭაბუკი ქრისტეფორე.

ჰაჯი-გიორგის ერთერთი მოწაფე საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და მრავალი ცოდვით შეიბღალა, მიუხედავად ამისა მას ხელი დაასხეს დიაკვნად. ამ ხარისხში მან იმრუშა, მაგრამ შეინანა, ბერთან დაბრუნდა და 40 დღე იმგვარ სინანულში გაატარა, რომ წინასწარ ემცნო თავისი აღსასრულის შესახებ. მან ბერს სთხოვა კვლავ მიეღო მოწაფედ. ბერი დაპირდა, რომ მიიღებდა და ის მშვიდობით აღესრულა უფლისა მიმართ.

ბერის სხვა მოწაფე სიკვდილის წინ ღირსი შეიქნა ზეციური ხილვისა: ოთხი ანგელოზი დიაკვნების სახით წარსდგა მის წინაშე და უთხრეს, რომ მის წასაყვანად არიან წარმოგზავნილები. სნეულმა მიუგო, რომ ბერის კურთხევის გარეშე ვერ წაყვება მათ და ეს ყოველივე ბერს მოუთხრო. სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მამა გიორგი შიშობდა, ბოროტ ძალთა მანქანება ხომ არ იყო ეს ყოველივე, რომელთაც, მოციქულის სიტყვის მიხედვით, შეუძლიათ ნათლის ანგელოზის სახე მიიღონ, უთხრა მოწაფეს: „უთხარი მათ, რომ ჯერ მზად არა ხარ. და ორი დღის შემდეგ მოგაკითხონ.“ ის ასეც მოიქცა. სნეულმა ანგელოზთაგან გამოთხოვილი დრო დაუცხრომელ ლოცვაში გაატარა, ორი დღის შემდეგ კვლავ გამოეცხადნენ მას ზეცის მკვიდრნი, გაყარეს მისი სული ხორცთაგან და აღამაღლეს სამოთხისეულ სანახებში.

ერთხელ მამა ჰაჯი-გიორგის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეხცადა. მარჯვენით მისა ანგელოზთა მხედრობა იდგა, ხოლო მარცხენით - ეშმაკნი იდგნენ თურქ მხედართა სახით. ყოვლადწმიდასთან სამსჯავროზე მცონარე ათონელი ბერები მიჰყავდათ. მან თქვა: „ვერ მოვითმენ, რომ ასეთმა, დაუდევრებმა იცხოვრონ ჩემს მამულში“ . - და უბრძანა თურქებს დაეხოცათ ისინი, ხოლო შემდეგ მათ სხეულებს ჰაერში ყრიდნენ.

ზოგჯერ, გამოუცდელნი ეურჩებოდნენ და უხეშად ექცეოდნენ ბერს. მაგრამ ასეთები ძალიან მალე სნეულდებოდნენ ან განსაცდელები ხვდებოდათ. თუ ზოგიერთები ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბებდნენ, მათი სიცოცხლე დიდხანს აღარ გრძელდებოდა. ვისაც აღარ სურდა ბერთან დარჩენა ამა თუ იმ მიზეზის გამო, ბერი არ აიძულებდა, მხოლოდ ამას ეუბნებოდა: „თუკი ჩემთან დარჩები და აქ აღესრულები, ცხონდები: სიტყვას ვიძლევი ღმერთის წინაშე; ხოლო თუ წახვალ - პასუხს აღარ ვაგებ!“

მამა ჰაჯი-გიორგის მრავალი მოწაფე სხვადასხვა ადგილებში, მცირე სენაკებში, სრულ უპოვარებაში ცხოვრობდნენ. ხშირად მათ დღიური სარჩოც კი არ ჰქონდათ. ერთხელ დიდ მარხვაში მან ამგვარ 35 უპოვარს სქემა შემოსა და ამისთვის სამოსიც თვითონ მისცა. ბერს უდიდესი რწმენა ჰქონდა ღმრთისა, რაც მრავალი განსაცდელისა და საჭიროების მოკლების დათმენის შემდეგ მოიპოვა. ხშირად ვალს იღებდა, მაგრამ მასთან მისულ უპოვართ ყოველთვის ძალისაებრ შეწეოდა.

მის დიდ დამსახურებებს შორის უნდა მოვიხსენოთ ისიც, რომ ქრისტეს სარწმუნოებაზე რამდენიმე თურქი მოაქცია, მათ შორის ერთი აღაც იყო. მოსანათლად გამზადებული აღა მასთან კერასაში მივიდა, მაგრამ უეცრად მრავალი გულისთქმა შეუხდა და ბერის სიტყვებზე, რომ ყველაფერი მზად არის, გადაჭრით თქვა უარი ნათლობაზე. ბერი ფრიად დამწუხრდა და დიდი ძალისხმევაც დასჭირდა მის დასამშვიდებლად. ბოლოს მიაღწია საწადელს, მონათლა აღა და თვითონ იყო მისი მიმრქმელი.

ბერის ერთერთი მოწაფე პაისი, რომელიც მდიდარი ვაჭრის შვილი იყო, სრულიად ყრმა მივიდა ჰაჯი-გიორგისთან და დასაწყისშივე მკაცრი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა: ბერმა მოსვლისთანავე გააგდო და პაისიმ მთელი კვირა სიცივეში გაატარა, ბერისგან შეწყალების მოლოდინში. რამდენიმე წელი მასთან გაატარა, მაგრამ შემდეგ ამბოხი შეუხდა გულში და ერში დაბრუნება მოისურვა, მაგრამ ბერი გულმოდგინედ ევედრებოდა მისთვის ღმრთისმშობელ დედას და ღირსი შეიქნა წმ. ანგელოზთა ხილვისა, რომლებიც მის ლოცვებს ქარტაზე იწერდნენ და დედა ღმრთისმშობელთან აჰქონდათ. მანაც მიმადლა ჰაჯი-გიორგის პაისი. შემდგომში მან 6 წელი ღვაწლში განვლო სრულ მორჩილებასა და მდუმარებაში და სიკვდილს წინ ღირსი შეიქნა უფლის ხილვისა.

პაისის სიტყვა ჰქონდა ჩამორთმეული ბერისთვის, რომ მასზე ადრე არ მოკვდებოდა. ერთხელ ბერი სასიკვდინედ დაავადდა. მისი სული უკვე ანგელოზებს მიჰყავდათ ზეცაში და სამოთხისეული სანახების გამოუთქმელი შვენიერებაც იხილა, მაგრამ ანგელოზს, რომელმაც მისი სული მიირქვა, პაისი ეკამათებოდა, რომ მას ბერმა სიტყვა მისცა მასზე ადრე არ მოკვდებოდა. პაისიმ იმარჯვა. ბერი დაბრუნებულ იქნა ამ ცხოვრებაში და როდესაც გონს მოეგო, თავის გარშემო მტირალი მოწაფეები იხილა.

ერთხელ ჰაჯი-გიორგი ხელსაქმობდა და უნებლიედ ნემსი გადაყლაპა. მას დიდი სასოება ჰქონდა წმ. მოწამე მინასი და მიმართა ლოცვით. წმიდანი წარმოდგა მის წინაშე, ხელი ჩაუყო ხახაში და ნემსი ამოუღო.

მონაზონი ისააკი სამღვდელო ხარისხის მიღების შემდეგ მამა ჰაჯი-გიორგისთან 25 წელი ცხოვრობდა მშვიდობით. ის უდიდესი გულმოდგინებით ლოცულობდა და ღამით კითხვისას სრულად შეისწავლა ფსალმუნი. მაგრამ, შემდეგ, მტრის მანქანებით, ბერისგან ფარულად სხვადასხვა ნივთების შეძენა იწყო და თავისი სენაკის ქვეშ ინახავდა, რის გამოც ღმერთის მიშვებით ეშმაკთაგან სასიკვდინედ იქნა მოწყლული. მაშინ ბერმა ნაკურთხი წყალი ჯვრის სახით ასხურა და ისააკი გონს მოეგო, ბერს ფეხებში ჩაუვარდა და ევედრებოდა ეხსნა და წაეღო ყველაფერი, რასაც საიდუმლოდ ინახავდა. ამის შემდეგ ის ღმრთივსათნოდ ცხოვრობდა და აღსასრულის წინ ანგელოზთა გამოცხადების ღირსი შეიქნა.

ერთხელ მამა ჰაჯი-გიორგის წმ. სასწაულთმოქმედი ნიკოლოზი გამოეცხადა და უთხრა: „ოთხშაბათობით და პარასკეობით დედის ძუძუს არ ვწოვდი. ამჟამად რუსეთში არ იცავენ მარხვებს, რის გამოც მრავალი განსაცდელი და უბედურება შეემთხვევათ. რუსებს დიდად შევეწევი, მაგრამ ისინი ურიგოდ ცხოვრობენ.“

მამა ჰაჯი-გიორგი გარეგნულად მუდამ მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა. სახე სავსე და ვარდისეფრი, ხოლო თვალები ოდნავ ამომჯდარი ჰქონდა. ყოველ სამუშაოს საძმოსთან ერთად ასრულებდა: აცხობდა პურს, ამზადებდა საჭმელს, თოხნიდა ბოსტანს. ის ცოცხალი მაგალითი იყო საძმოსათვის. ძალიან ცოტა ეძინა, და თანაც სადაც მოუხერხდებოდა; ხშირად საღამოს მიდიოდა ტაძარში და იქ რჩებოდა დილის მსახურების დასრულებამდე. მას ხშირად საკუთარი სენაკიც კი არ ჰქონდა. მთელი სიცოცხლის მანძილზე სხვების ცხონებისთვის ზრუნავდა და სრულებით არ იღვწოდა საკუთარი კეთილდღეობისათვის. სახეს არასოდეს იბანდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველთვის განათებული ჰქონდა. თმას და წვერს არასოდეს ივარცხნიდა. თუკი თმა წვერებში ჩაებურდებოდა, ხელით გამოხსნიდა ხოლმე. ხოლო როდესაც თმა ჩაებურდებოდა. მოიკვეცდა და შემდეგ კვლავ ეზრდებოდა. საკუთარ თეთრეულს თვითონ ირეცხავდა. მისი საზრდელი მწუხარეთა და უპოვართა ნუგეშინისცემა და მტრების დაზავება იყო. მას განსაკუთერებული მეტყველების უნარი ჰქონდა, რაც ფრიად მოქმედებდა სხვებზე.

მამა ჰაჯი-გიორგის საუბრებიდან ჩანს, რომ მას მოსაგრე ცხოვრების საფუძვლდ მორჩილება მიაჩნდა. ყველაზე მეტად მას შენატროდა, ამაში ხედავდა ცხონების გზას, მაგრამ ამასთან ერთად, - ამბობდა იგი, - აუცილებელია ყოველდღიურად დავიტიროთ საკუთარი ცოდვები, რის გარეშეც თავს ვერ დავაღწევთ ეშმაკის ბადეებს.

1870 წელს მამა ჰაჯი-გიორგი ფრიად დამწუხრდა, რადგან მორჩილები იმჟამად იმგვარი სიმკაცრით აღარ ცხოვრობდნენ, როგორც მან იცხოვრა და აღარ აქვთ იმგვარი სრული მორჩილება მოძღვრისა, როგორიც მას ჰქონდა თავისი მოძღვრის მიმართ. ერთხელ გულისთქმა შეუხდა დატოვოს თავისი ადგილ-სამყოფჟლი და გახდეს ქრისტესთვის სულელი. ამ ზრახვებში მისი სული აღტაცებულ იქნა ზეცად ანგელოზის მიერ და იქ მან ზეციური სანახები იხილა. მისმა მეგზურმა ანგელოზმა მრავალი უშვენიერესი პალატი უჩვენა, თითქოს სურდა მათში შესვლა, მაგრამ კარზე დაკაკუნებისას მათ პასუხობდნენ, რომ ეს ამა და ამ წმიდანის განსასვენებელი ადგილია, ამასთან ცნობილ ადამიანებს უსახელებდნენ და შიშით იზრახა: „ნუთუ მე, უბადრუკსა და უპოვარს, შემიძლია ამგვარ სასახლეებში ვიცხოვრო?“ ესრეთ მოვლო მან სამოთხისეული სანახები, რომლებიც განმზადებულია წმიდათათვის, და ერთ ულამაზეს სასახლეს მიუახლოვდა. როდესაც კარი გაიღო, მან თავისი მოწაფეები იხილა და ფრიად განიხარა. იხილა აგრეთვე ადგილები, რომლებიც მისთვის და იმ მოწაფეებისთვის იყო განმზადებული, რომლებიც იმჟამად ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. როდესაც გზა განაგრძო, იხილა ადგილები, რომლებიც ათონის სხვადასხვა მონასტერთა ძმებისთვის არის განმზადებული. ინუგეშა რა ამ ხილვით, მას აღარ მოუსურვებია სალოსობა.

რუსეთ-თურქეთის ომამდე დიდი უთანხმოება წარმოიქმნა რუსებსა და ბერძნებს შორის წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. რუსმა ბერებმა - სულიერმა მოძღვარმა მამა იერონიმემ და არქიმანდრიტმა მაკარიმ თხოვეს მამა ჰაჯი-გიორგის მისულიყო მათ მონასტერში, ეშუამდგომლა მათ შორის და მშვიდობა დაემყარებინა. ბერი სიყვარულით მივიდა, ორი თვე გაატარა მათთან და გულმოდგინედ ცდილობდა მათ დაზავებას. ბოლოს, წარმატებას რომ ვერ მიაღწია, ხსენებულმა მოძღვრებმა თხოვეს მამა გიორგის ილოცოს, რათა ღმერთმა გამოუცხადოს: სათნოა თუ არა, და არის თუ არა მისი ნება, რომ რუსი და ბერძენი ძმები გაიყარონ? ბერმა მორჩილებით აღასრულა მათი თხოვნა და ძილთა შორის ჰქონდა გამოხცადება: ხედავს, რომ წმ. პანტელეიმონის მონასტრის მთავარი ტაძრის შუაგულში მონასტრის ეკონომოსი დგას, მის წინ დიდი კასრი დგას დამარილებული ზეთისხილით სავსე, რომელთაგან - ერთ ფინჯანს რუსებს აძლევდა, ერთს კი ბერძნებს. როდესაც ბერმა ეს ხილვა რუს მოძღვრებს და სხვა ძმებს მოუთხრო, ყველამ დაასკვნა აქედან, რომ გაყოფაზე არ არის ღმერთის კურთხევა.

ყოველ მსურველს ის მონაზვნად აკურთხებდა და უმეტესწილად სქემას შემოსავდა. საფუძვლად მოჰქონდა ის, რომ ღირს პახომის ანგელოზმა მონაზონთა ერთი სახე უჩვენა. 1870 წლამდე მამა ჰაჯი-გიორგის მოწაფეებად გამონაკლისის გარეშე მხოლოდ ბერძნები ჰყავდა. ამ წელს რუსეთიდან თაყვანისცემისათვის ჩამოვიდა წმ. სერგის უდაბნოს მორჩილი პეტრე გვოზდევი, რომელიც წარმოშობით პეტერგოფის უეზდიდან იყო. იგი რუსიკში შეჩერდა და მოისურვა საცხოვრებლად დარჩენა, მაგრამ ბერებმა რატომღაც არ მიიღეს, არამედ შესთავაზეს შემოევლო მთა და ათონელთა ცხოვრებას გაცნობოდა.

იმჟამად კერასაში სნეული მოლდოველი ბერი, მამა თეოფანე ცხოვრობდა. მას ჰყავდა მოწაფე, მონაზონი ბესარიონი, რომელმაც რუსულიც კარგად იცოდა და ბერძნულიც. ის მრავალ მეუდაბნოე მამას იცნობდა კარგად. ხსენებულ დროს ერთმა მომლოცველმა მამა თეოფანეს გამოსთხოვა მისი თავი მეგზურად და თარჯიმნად. ბერი დათანხმდა, მაგრამ თვითონ თანაშემწის გარეშე დარჩა. სწორედ ამ დროს შეესწრო პეტრე გვოზდევი და დათანხმდა ბერს მსახურებაზე. ერთხელ ბერმა შეიტყო, რომ საფარველის სახელობის სენაკში მცხოვრები რუსი ბერი მაკარი ავად გამხდარიყო და მასთან პეტრე გაგზავნა. მამა მაკარი იწვა. როდესაც ტრაპეზის დრო დადგა, გამოუცდელმა მორჩილმა შენიშნა, რომ სენაკის სიახლოვეს უხვად იყო ხასხასა მწვანე ბალახი. წმინდანთა ცხოვრებაში ამოკითხული ჰქონდა, რომ მეუდაბნოე მამები ბალახით იკვებებოდნენ და მოისურვა წმადა მამას ბალახით გამასპინძლებოდა. იქვე დაკრიფა ბალახი, მოხარშა და ჭამას შეუდგა, თითქოს დიდი მეუდაბნოე ყოფილიყოს. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კოვზის შეჭმა მოასწრო, რომ სრულიად აირია: ფანჯარა კარად მოეჩვენა, ხოლო კარებთან თითქოს საშინელი საფრთხობელა იდგა! შეშინებული ფანჯარას ეცა, მინა ჩაამსხვრია, გაიქცა და ღრმა და ციცაბო უფსკრულში გადაიჩეხა...

ქვევით როგორ მიფრინავდა, თვითონ, რა თქმა უნდა, არ ახსოვს. საკვირველი ის იყო, რომ კლდეების წვერებზე რომ ენარცხებოდა, ვერაფერს გრძნობდა და არა თუ სასიკვდილოდ არ დამტვრეულა, განსაკუთრებულადაც კი არ დაშავებულა, მხოლოდ ფეხები დაუზიანდა და დაკოჭლდა.

რუსმა მონაზონმა მამა პავლემ, რომელიც მაღლა, მთაში ცხოვრობდა, უფსკრულის ფსკერზე ადამიანი შენიშნა და მამა მაკარს აცნობა ამის შესახებ, მან კი არ იცოდა სად წავიდა მისი მოსამასასურე. მაგრამ როდესაც მაგიდაზე ხსენებული შეჭამანდი ნახეს, მაშინ კი მიხვდნენ, თუ ვინ იყო უფსკრულში. ჩავიდნენ ძირს, აიყვანეს პეტრე და შორი, შემოვლითი გზით, კავსოკალივიის გავლით, ჰაჯი-გიორგისთან მიიყვანეს. გამოცდილმა ბერმა დაუყოვნებლივ სამი ჭიქა თბილი ზეთი დაალევინა, რამაც შხამით გამოწვეული წვა დაუამა. მიუხედავად ამისა, სნეული ფრიად დაუძლურდა. ბერმა გადაწყვიტა მისთვის ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულებინა, მაგრამ უკეთესობა რომ ვერ შეატყო, მამა თეოფანეს ნებართვით, სქემა შემოსა მას პართენის სახელით. აღკვეცის შემდეგ, 30 წლის მონაზონმა გამომჯობინება იწყო, მხოლოდ ფეხები ჰქონდა დაზიანებული. ეს მოხდა 1870 წლის გაზაფხულზე.

მამა პართენი უნებლიედ გახდა მამა ჰაჯი-გიორგის მოწაფე. ის მანამდე ვაჭარი იყო, უამრავი ნაცნობი ჰყავდა, მყისვე ყველას აცნობა თავისი აღკვეცის შესახებ და თავისი მოძღვრის საქმეები და წინასწარმეტყველებანი, რაც მამა გიორგისთვის მრავალი განსაცდელისა და გამოცდის მიზეზი შეიქნა. მასთან უხვი შემოწირულობები იგზავნებოდა და მრავალი რუსი მოდიოდა ბერთან დასარჩენად. მამა პართენი მხურვალედ შუამდგომლობდა მათ ბერის წინაშე, ის კი ყველას იღებდა, ოღონდ ერთი ურღვევი პირობით - უნდა დაეცვათ სრული მარხვა. რუსები ყველაფერზე თანახმა იყვნენ, ოღონდ მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ. ამგვარად, სამი წლის მანძილზე იქ საკმაოდ დიდი რუსულ-ბერძნულ საძმო შეიკრიბა. 1873 წელს ბერმა განსაჯა: ბერძენთაგან მსურველები დაეტოვებინა კერასაში, ხოლო დანარჩენებთან ერთად სხვა ადგილზე გადასხლდა. თავიდან ისინი წმ. გრიგოლის მონასტრის ფარგლებში, მის სიახლოვეს დასახლდნენ. მათ უჩვენეს ადგილი, სადაც საცხოვრებელი შენობისა და ტაძრის აგება შეეძლოთ. ეს ადგილი არის მაღლა მთაში, სადაც სტეფანე პირველდიაკონის ტაძარია. მადლობის ნიშნად ჰაჯი-გიორგიმ და პართენიმ მონასტრისთვის ააგეს წმ. იოანე ღმრთისმეტყველის ეკლესია.

ახალ ადგილას მათ დიდი კორპუსი ააგეს საძმოსთვის და ძველი პატარა ტაძრის ნაცვლად ააგეს დიდი და ნათელი ტაძარი, რომლის აშენებაშიც პეტერბურგელი ვაჭარი ალექსანდრე სტარიკოვი შეეწიათ. იქ მათ მხოლოდ სამი წელი იცხოვრეს და იძულებულნი შეიქნენ სხვაგან გადასულიყვნენ. რუსიკის მაშინდელმა ბერებმა კარეასის მახლობლად წმ. სტეფანეს სახელობის სენაკი შესთავაზეს. პეტერბურგელმა ვაჭარმა ეფრემ სივოხინმა ამ სენაკისთვის მონასტერში შესატანად 6000 მანეთი გამოუგზავნა. იქ გადასვლის ჟამს მათ 12 რუსი მოწაფე ჰყავდათ. დაუდგრომელი მამა პართენი არც აქ იჯდა უსაქმოდ: საძმო იზრდებოდა, ახალი შენობები და სახელოსნოები აიგო, უკვე შეეძლოთ მომლოცველთა მიღება, მათი და რუსეთში მყოფი ქველმოქმედების ხატებით, ზეთითა და მეუდაბნოე მამათა სხვა ნაკეთობებით მომარაგება. საძმო 50 კაცამდე გაიზარდა. ერთ მოწაფეს, მღვდელმონაზონ ანტონის, რომელმაც თავის ვაჟთან და სხვა 12 მსურველთან ერთად განცალკევება ისურვა, უყიდეს წმ. ნიკოლოზის სახელობის დიდი სენაკი „ბელოზერკა,“ სადაც ბერის კურთხევით გადასხლდნენ, მათ 3000 მანეთი გამოუყვეს, ეს თანხა რუსიკში ინახებდა.

1883 წელს დაწყებული უსიამოვნების გამო, მამა პართენიმ ეს სენაკიც დატოვა და მთაწმინდაც და კონსტანტინოპოლში გადასხლდა. მასთან ერთად ბერი და რამდენიმე მოწაფეც გაემგზავრა. მათ იქ იჯარით აიღეს წმ. პანტელეიმონისა და მღვდელმოწამე ერმოლაოზის მიტოვებული მონასტერი, სადაც მამა გიორგის აღსასრულამდე ცხოვრობდნენ.

ბერს მთელი წელი ფეხები ტკიოდა და სიარული არ შეეძლო, მაგრამ ექიმებს არ ესინჯებოდა და არც წამლებს სვამდა, არც მარხვითი განწესება დაურღვევია და უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა ნათელ გონებას და მახსოვრობის უნარს. ყოველ მოსულს ანუგეშებდა ძალისაებრ. იმ ქვეყნად გადასვლის სიახლოვე რომ იგრძნო, სიკვდილამდე ორი დღით ადრე ძმებს უთხრა: სიზმარში ჩემს მაღაზიას ვხედავ, რომელიც სავსეა სხვადსხვა ნივთებით, მათ ყველას უსასყიდლოდ ვურიგებ კურთხევით, და რამდენიც უნდა გავცე, მაინც არაფერი აკლდება“. ბოლოს გაცემით დაქანცულმა თქვა უფლისა მიმართ: „როდის დავასრულებ ამის გაცემას?“ უეცრად დაცარიელებული იხილა მაღაზია, სადაც აღარაფერი დარჩა, გარდა მისი კაბისა!

ანდერძად მან დაიბარა, დაკრძალონ ბალუკლიაში, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წყაროს ეკლესიაში, ღვიძლი ძმის, ანასტასის საფლავში, რომელიც კონსტანტინოპოლში მისი ჩამოსვლიდან 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ბერთან აღსასრულამდე ორი წარჩინებული პირი მივიდა და თხოვეს თანხა სკოლისა და სხვა დაწესებულებებისთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბერს ბევრი ფული აქვს: მან ზეცისკენ მიუთითა და უთხრა: „ჩემი ბანკი იქ არის, აქ კი ფული არა მაქვს, პირიქით 400 ლირა ვალი მაქვს, რომელთაც მევალეები მთხოვენ!“ უშუალოდ აღსასრულის წინ დაუძლურებული ბერი აზიარეს წმ. საიდუმლოთ. სიკვდილის წინ ყველა იქ მყოფი მოწაფე აკურთხა და გამოემშვიდობა. მამა ჰაჯი-გიორგიმ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. ეს მოხდა 1886 წლის 17 დეკემბერს.

პატრიარქ იოაკიმე IV-ის განკარგულებით მაღალღირსი ბერი საპატრიარქო საყდარში დაასვენეს უდიდესი ზეიმურობით, რაც დაევალა დარაქის ეპისკოპოსს ბესარიონს. ბერის დაკრძალვაში 40-მდე სასულიერო პირი მონაწილეობდა. სამგლოვიარო პროცესიას უამრავი ადამიანი მიაცილებდა, მათ წინ მიუძღოდნენ იმ სკოლებისა და თავშესაფრების აღსაზრდელი გოგონები და ბიჭუნები, რომელთაც ბერი მფარველობდა.

გარდაცვალების შემდეგ ბერი მრავალ ახლობელ ადამიანს ეცხადებოდა. ათონზე კატუნაკიში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სენაკში, მრავალი წლის მანძილზე იღვწოდა მამა ნეოფიტე თავის მოწაფესთან, ეგნატესთან ერთად. მამა ნეოფიტე მამა ჰაჯი-გიორგის მამობილი იყო, რადგანაც ისინი ერთმა სულიერმა მოძღვარმა ნეოფიტე კარამანლისმა აღკვეცა. როდესაც ჰაჯი-გიორგი აღესრულებოდა კონსტანტინოპოლში, ათონზე მყოფმა მამა ნეოფიტემ განსაკუთრებულად იგრძნო ძალების მოუძლურება. წამის ყოფაში საწოლზე მჯდარი ბერი თითქოს თავდავიწყებამ მოიცვა, მაგრამ მსწრაფლადვე მოეგო გონს და თქვა: „კონსტანტინოპოლში ვიყავი, მამა ჰაჯი-გიორგისთან! - რა ჩამოგვიტანე იქიდან? - ჰკითხა მამა ეგნატემ. - აი, წანდილი მოგიტანეთ! - მან რა გითხრა? - განაგრძობდა მამა ეგნატე - მითხრა, სამ დღეში მოვალო შენს წასაყვანად! - თქვა ბერმა და დადუმდა. ჩვენ მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციეთ, - თქვა მამა ეგნატემ, - მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, მამა ნეოფიტე, რომელიც არ ავადმყოფობდა და მხოლოდ ასაკის გამო იყო დაუძლურებული, მართლაც 3 დღეში, 1886 წლის 20 დეკემბერს აღესრულა მშვიდობით.

მამა ჰაჯი-გიორგი სრულიად უწყინარი იყო. თუკი ვინმე გაანაწყენებდა, ის თვითონ ეძებდა შემთხვევას, რომ მისთვის სიკეთით გადაეხადა. გულწრფელად ცდილობდა ყველასთან მშვიდობით ყოფილიყო: მტრებს არიგებდა, მწუხარეთ ანუგეშებდა და უპოვართ შეეწეოდა.

მამა ჰაჯი-გიორგის ცხოვრების აღწერაში, მისი სულიერი მოძღვარი და ხელმძღვანელი, მამა ნეოფიტე კარამანლისიც იხსენიება.

ამ მესანიშნავ ბერს, როდესაც ჯერ კიდევ სრულიად ყრმა იყო, ესმა ათონისა და მისი მეუდაბნოე მამების შესახებ და გულწრფელად სწამდა, რომ ისინი მაშინ ჯდებიან საჭმელად, როდესაც ზეციდან გაიგებენ ზარის რეკვას. გადაწყვიტა მათთვის მიებაძა. დილიდან მინდორში მომუშავე ელოდებოდა როდის მოუწოდებდნენ ზეციდან საჭმელად. IX ჟამზე გაიგონებდა ზარის რეკვას და მშვიდად ჯდებოდა საჭმელად. ასე გრძელდებოდა რამდენიმე ხანს. შემდეგ მან მოისურვა თვითონაც მონაზონი გამხდარიყო და 1882 წელს, 18 წლისა ჩავიდა მთაწმინდაზე, სადაც 88 წელი იღვაწა.

ყოვლადსამღვდელო პორფირი უსპენსკიმ, როდესაც ჯერ კიდევ არქიმანდრიტი იყო, ათონზე იმოგზაურა, აღწერა იქაური მოღვაწენი, მამა ნეოფიტეც მოინახულა და ესაუბრა. იგი წერს: „მამა ნეოფიტე დაიბადა და აღიზარდა ანატოლიაში. იგი დიდი ხანია აქ იღვწის ცხონებისათვის და სხვებსაც შეეწევა ცხონების გზაზე. ის სულიერი მოძღვარია და მასთან აღსარებას ხუთი მონასტრის მონაზვნები და ათონზე მცხოვრები მღვდელმთავრები ამბობენ. მისი თქმით ზოგადცხოვრებულ მონასტერთა მცხოვრებნი ხშირად ეზიარებიან, მაგრამ მკაცრი მარხვის გარეშე, ზიარების წინ ყველსა და ერბოსაც კი იხმევენ, რასაც არ იწონებს მამა ნეოფიტე. მისი სიმკაცრე მომეწონა, რადგანაც წმ. იოანე ოქროპირთან წამიკითხავს, რომ ქრიტეს წმიდა ხორცისა და სისხლის მაზიარებელი მზის სხივზე უფრო წმიდა უნდა იყოს; შემდეგ ვთხოვე მას, ეთქვა რაიმე სულისთვის სასარგებლო. მან გამჭოლი მზერა მომაპყრო და თქვა: „გქონდეს ღმრთის შიში და თავშეკავებით იყავ! - ამინ! - ვუპასუხე მე და ვუსმენდი მის საუბარს. „9 მოწაფე მყავს, - ამბობდა ის, - და არსად არ ვუშვებ მათ. დღისით ბოსტანს და ვენახს ამუშავებენ, ხოლო ღამით თითოეული ხანგრძლივად აღასრულებს მეტანიებს. მათ შორის ვისაც ყველაზე მეტად უყვარს მეტანიების აღსრულება, სამუშაოსგან ვათავისუფლებ. შემცოდეთ კვერთხით ვსჯი. ზოგჯერ კი ცარიელ კასრში ვსვამ სამი დღით, უპუროდ. ისინი არასოდეს იხმევენ ყველს, თევზს, არ სვამენ ღვინოს, მხოლოდ უმ საჭმელს ჭამენ. ეზიარებიან ყოველ კვირას გულისთქმების აღსარების და შენდობის მიღების შემდეგ. ასეთია ჩვენი ცხოვრება. მოწყალებას მხოლოდ ტაძრის შესანახად, სამოსის, ფეხსაცმლის და პურის შესაძენად ვიღებთ, რომელსაც ყოველ მომსვლელს ვუზიარებთ. ერთხელ მამა ნეოფიტემ ბოსტანში შესული გარეული ღორი ნახა. ის ბოსტნეულს ჯიჯგნიდა და უბრძანა ადგილიდან არ დაძრულიყო. თვითონ კი მოწაფეებთან წავიდა და უბრძანა ტომარა წამოეღოთ. მოწაფეებმა ღორი სენაკში წაიყვანეს, ბაგა გაუკეთეს და მამა ნეოფიტეს ბრძანებით მცენარეთა ფესვებსა და ბალახებს აჭმევდნენ, რომ მეუდაბნოეთა ბოსტნები არ გაეჩანაგებინა.

მამა ნეოფიტე, თანმედროვეთა თქმით, უდიდესი მოსაგრე იყო ღმერთის წინაშე. თავისი აღსასრულის შესახებ 40 დღით ადრე შეიტყო. წაიკითხა სახარება და ფსალმუნები, თვითონ გათხარა თავისი სამარე, ეზიარა წმ. საიდუმლოთ, აკურთხა მოწაფეები, პირჯვარი გამოისახა და მშვიდობით მიაბარა სული თვისი უფალს. იგი 1860 წელს 106 წლისა აღესრულა, რომელთაგან 88 წელი ათონზე იცხოვრა.

„XIX საუკუნის ათონის წმიდა მთაზე მოსაგრე მამათა ცხოვრებანი“
თბილისი, 2005 წ.