ბერი პორფირი

მოკლე ბიოგრაფია

ნეტარხსენებული მამა პორფირი დაიბადა 1906 წელს კუნძულ ევბეაზე, კარისტოსის რაიონის სოფელ აგიოს იოანისში. თორმეტი წლისა გაეშურა ათონის წმინდა მთაზე, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ასკეტურად ცხოვრობდა. როცა დაავადდა, დააბრუნეს ერში და მშობლიური სოფლის მახლობლად მდებარე წმ. ხარლამპის მონასტერში გააგზავნეს. იქ მან გაიცნო სინას არქიეპისკოპოსი პორფირი III, რომელმაც, როცა დარწმუნდა, რომ ამ ღვთისმოშიშებით მცხოვრებ ყმაწვილზე უფალმა თავისი მადლი გარდამოავლინა, მან მღვდლად დაასხა ხელი. ამ ხარისხში მამა პორფირი ევბეას ბევრ მონასტერში მოღვაწეობდა. 1940 წელს ის ათენში გადაიყვანეს და თანხმობის მოედნის მახლობლად მდებარე პოლიკლინიკასთან არსებული წმ. გერასიმეს ტაძრის მღვდლად დანიშნეს.

აქ მამა პორფირიმ ოცდაცამეტი წელი დაჰყო. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი 1978 წლამდე განაგრძო მსახურება და აღსარებათა მიღება პენდელის რაიონში მდებარე წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. ინფარქტის შემდეგ რამდენიმე თვე იცხოვრა თავის მეგობრებთან ათენში. ხოლო 1979 წელს დასახლდა მილესის რაიონში, სადაც ააგო დიდი მეტოქიონი უფლის ფერისცვალების ტაძრით.

1991 წლის დასაწყისში მამა პორფირი ათონზე გაემგზავრა, სადაც მისთვის სენაკი 1984 წლიდან იყო გამზადებული. 1991 წლის 2 დეკემბერს ნეტარმა ბერმა თავის სენაკში, კავსოკალივიის სკიტში მიაბარა სული უფალს. ის იქვე დაკრძალეს უბრალოდ, ყოველგვარი პატივის გარეშე, როგორც თავად სურდა.

პირველი სასწაული მამა პორფირის ცხოვრებაში

ერთხელ მამა პორფირისთან ერთად ათენის ერთ-ერთ ქუჩას მივუყვებოდით. ის მიამბობდა თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებზე, იხსენებდა მონაზვნური ცხოვრების დასაწყისს.

მოხდა ისე, რომ თორმეტი წლის ასაკში პორფირი მშობლებისგან ფარულად წავიდა ათონის წმიდა მთაზე და ორი ფრიად ღვთისმოშიში და სულიერად გამოცდილი ბერის მორჩილი გახდა. ერთხელ, დილით, ღუმელისთვის შეშის დასაჩეხად გააგზავნეს. შესაფერისი ხის ძებნაში მან ხევამდე მიაღწია. ეს ხევი საკმაოდ შორს იყო კავსოკალივიის სკიტიდან, სადაც მორჩილი მაშინ თავის ბერებთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც შეშის ჩეხვა დაიწყო, მარცხი მოუვიდა: ნაჯახს ტარი მოსძვრა, ბასრი პირით ფეხში შეერჭო და მძიმედ დაუზიანა. ყმაწვილი სისხლისგან იცლებოდა - მას უეჭველი სიკვდილი ელოდა. როდესაც სიკვდილის საფრთხე იგრძნო, მან მთელი ძალით, ხმამაღლა მოუხმო ღვთისმშობელს: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შემეწიე!“ და სისხლდენა მაშინვე შეწყდა.

- ეს იყო პირველი სასწაული ჩემს ცხოვრებაში, - მითხრა მამა პორფირიმ და თან დასძინა: მაგრამ მაშინ ძლიერი რწმენა მქონდა და არც ისეთი ცოდვილი ვიყავი, როგორიც ახლა ვარ...

რაოდენ დიდი იყო შენი თავმდაბლობა, მარადსახსენებელო, დაუვიწყარო მამაო!

ცხრამეტი დასხივება

მამაჩემი, ნეტარხსენებული მამა იოანე, მღვდელი იყო. მას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა მამა პორფირისთან, რომელიც მეტისმეტად უყვარდა. მამაჩემი თითქმის არაფერს მოიმოქმედებდა, რომ მისგან არ გამოეთხოვა რჩევა ან კურთხევა. მამა პორფირისაც ძალიან უყვარდა მამაჩემი. ერთხელ მითხრა:

- მამაშენი წმიდა ადამიანია! უთხარი, ილოცოს ჩემთვის.

მამაც იგივეს მეუბნებოდა:

 - გადაეცი მამა პორფირის, რომ ლოცვებში მომიხსენიოს.

ისინი ერთმანეთს წმიდანებს უწოდებდნენ და ეს ღრმად სწამდათ.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, 1970 წელს მამას სახეზე რაღაც გაურკვეველი წარმოშობის სიმსივნე გამოუვიდა, რომელიც თანდათანობით მარცხენა თვალისკენ იზრდებოდა. პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობდა და მამაც დაუყოვნებლივ გაემგზავრა ათენში ბერ პორფირისთან შესახვედრად. ბერმა ჯვარი გადასახა და უთხრა, რომ ეს კანის კიბო იყო.

- შენ ნუ გეშინია, გაგივლის. - დაარწმუნა მამაჩემი.

მამა პორფირიმ ის პოლიკლინიკაში წაიყვანა, იქ ექიმებმაც დაადასტურეს დიაგნოზი და მამას რენტგენოთერაპიის კურსის ჩატარება შესთავაზეს. მათი ვარაუდით ათი სეანსი საკმარისი უნდა ყოფილიყო. მამამ რჩევისათვის ბერს მიმართა, რომელმაც უთხრა:

- ათი კი არა, დასხივების ცხრამეტი სეანსი დაგჭირდება. მოგელის საშინელი ტკივილები, რადგან სიმსივნე თვალთან ახლოს არის. რენტგენის დასხივება კანისა და თვალის გაღიზიანებას გამოიწვევს და ძალიან გაგაწამებს. მაგრამ მე ვილოცებ შენთვის, რათა ტანჯვა შეგიმსუბუქო.

ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც იწინასწარმტყველა მამა პორფირიმ. ათის მაგივრად მამამ დასხივების ცხრამეტ სეანსს გაუძლო. ისე იყო გატანჯული, რომ ბავშვივით ტიროდა. ბოლოს ყველაფერი გადაიტანა და სრულიად გამოჯანმრთელდა.

„არის ღმერთი!“

ერთხელ ბერთან ერთად ვსაუბრობდით ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ქცევაზე სიხარული, დარდი და სხვა ემოციები. მამა პორფირი ამტკიცებდა, რომ ადამიანის რეაქცია შეიძლება ძლიერ იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ როგორი ამბავი შეიტყო - სასიამოვნო თუ სამწუხარო. მაგალითისთვის მან შემდეგი რამ მიამბო:

„რამდენიმე წლის წინ მონასტერში ჩემთან ერთად ცხოვრობდა ჩემი ერთი სულიერი შვილი - ღვთისმეტყველების პროფესორი. ჩვენი ყოველდღიური საუბრის თემა, რა თქმა უნდა, სულიერება იყო. ერთხელ პროფესორმა შემომთავაზა, რომ ღმერთის არსებობის შესახებ გვესაუბრა. ამ საკითხის ყოველმხრივი განხილვის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ ახალგაზრდა პროფესორმა ასეთი თხოვნით მომმართა:

- მამაო, ყველაფერი, რაც მითხარი, მართალია და ჩვენ ორივეს გვწამს ღმერთის არსებობა. მაგრამ, ძალიან გთხოვ, პირობა მომეცი, რომ სიკვდილის შემდეგ მოხვალ ჩემთან და მეტყვი, არის თუ არა ღმერთი!

- რატომ გგონია, რომ პირველად მე მოვკვდები და არა შენ? - შევეკითხე პასუხის მაგიერ.

მან, რასაკვირველია, განმიმარტა, რომ ეს სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, რადგან მასზე ორჯერ უფროსი ვიყავი.

მე კი, ღვთის მადლით, ვიცოდი, რომ ის ჩემზე ადრე გარდაიცვლებოდა და თანაც ძალიან მალე. აღვუთქვი, მივსულიყავი მასთან სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მისგანაც მსგავსი პირობა მოვითხოვე და ჩვენ ჩვენი შეთანხმება ხელის ჩამორთმევით დავადასტურეთ.

გარკვეული ხნის შემდეგ პროფესორმა დატოვა მონასტერი და ქალაქში გაემგზავრა. ჩვენი განშორებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულზე (არ მახსოვს, აღდგომა იყო თუ შობა) ძმობასთან ერთად ვემზადებოდით საზეიმო ტრაპეზისთვის, რომელსაც მრავალდღიანი მარხვის შემდეგ მოუთმენლად ველოდით, მონასტერში მოვიდა კაცი მეზობელი სოფლიდან და პროფესორის გარდაცვალება გვაუწყა. ყველანი ადგილზე გავშეშდით, უცებ ყველას დაეკარგა მადა, არავის გაუწვდია ხელი საჭმლის ასაღებად.

აი, ხომ ხედავ, შვილო ჩემო, რა შეიძლება გამოიწვიოს ცუდმა ამბავმა. ამოუცნობია სული ადამიანისა, ის უნატიფეს ქსელს ჰგავს - მხოლოდ ღმერთში ცხოვრებით ხდება შესაძლებელი მისი შეცნობა“.

ბერი კიდევ დიდხანს მესაუბრებოდა სულის შესახებ და თუმცა უმაღლესი განათლება მქონდა, მაგრამ ტერმინთა სიუხვისა და თავად პრობლემის სირთულის გამო ვერ ვასწრებდი, მივყოლოდი მის მსჯელობას. ამასთან შეგახსენებთ, რომ მამა პორფირი სკოლის მერხთანაც კი არასოდეს მჯდარა.

ჩემი დაბნეულობა რომ დამეფარა, ბერს შევეკითხე:

- შეასრულა პროფესორმა დანაპირები?

- რა თქმა უნდა, - მიპასუხა მამა პორფირიმ. - ერთ საღამოს, ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, სენაკში სინათლე ჩავაქრე და დაძინებას შევეცადე. უცებ წყვდიადიდან ამოუცნობი ხმაური და მგრგვინავი ხმა მოისმა: „არის ღმერთი! არის ღმერთი! არის ღმერთი!“ - სამჯერ გაიმეორა მან და მე ის ვიცანი - პროფესორის ხმა იყო! შიშისაგან მუხლებზე დავეცი და დავიწყე მისი სულისათვის ლოცვა. ასე გაგრძელდა დილამდე!

ამის შემდეგ განა შეიძლება კიდევ ეჭვი შეგვეპაროს, რომ „არის ღმერთი?!“

იოანე კიბისაღმწერელის წიგნი

ერთხელ, როდესაც მე და მამა პორფირი ათენის ერთ-ერთი მთავარი მოედნისკენ მივდიოდით, მან წიგნის მაღაზიაში შესვლა შემომთავაზა (რაღაცის ყიდვა სურდა). ბერი ძალიან გულთბილად მიიღეს, გამყიდველები მის მომსახურებას ერთმანეთს ასწრებდნენ. მე განზე გავდექი და რომელიღაცა წიგნის გადაფურცვლა დავიწყე. უნებურად ბერისა და მაღაზიის თანამშრომლის საუბარი მოვისმინე. მაღაზიის თანამშრომელი წუხდა, რადგან მამა პორფირისთვის საჭირო წიგნი მათთან არ აღმოჩნდა.

როდესაც ქუჩაში გამოვედით, ვკითხე, თუ რომელი წიგნის ყიდვა სურდა.

- „კიბე“ იოანესი, - მიპასუხა ბერმა. - წაგიკითხავს?

- არც კი მსმენია.

- რას ამბობ! ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, მაგრამ ვერსად ვიშოვე. ორშაბათს, როგორც იცი, წმიდა მთაზე მივემგზავრები. ძალიან მინდოდა ამ წიგნის შეძენა.

- მამაო, გაემგზავრეთ და თქვენს დაბრუნებამდე მე მოგიძებნით მას. თანაც შემთხვევა მომეცემა, მცირე საჩუქარი მოგიძღვნათ. თქვენ სულ უარს მეუბნებით, საერთოდ არ გსურთ ჩემგან რაიმეს მიღება...

- ღმერთი შეგეწიოს! რას ამბობ? მე ხომ ვიცი, რომ სტუდენტი ხარ და თანაც უმუშევარი. როგორ უნდა გამოგართვა? როდესაც ღვთის შეწევნით დაასრულებ სწავლას და დაიწყებ მუშაობას, მაშინ შეგიძლია რამე მაჩუქო. მაშინ გამოგართმევ და ვიამაყებ კიდეც, რომ შენგან, ჩემი სულიერი შვილისგან მოძღვნილი საჩუქარი მაქვს!

- თუ ახლაც არ მიიღებთ ჩემს საჩუქარს, თქვენს უარს ჩემებურად გავიგებ.

- ამით რისი თქმა გსურს?

- რომ ჩემი სიყვარული არ გაქვთ.

- გჯერა, რასაც ამბობ?

- დიახ, მჯერა.

- მაშინ მართალი ყოფილა მამაშენი იოანე, როცა მეუბნებოდა, რომ ჯიუტი ხარ. რაც გინდა, ის გააკეთე. დაე, ღმერთმა გაგინათლოს გონება.

მე დავიმახსოვრე წიგნის დასახელება და ბერის ათონზე გამგზავრებისთანავე დავიწყე მისი ძებნა, ვიპოვე და ვიყიდე. დიდი წიგნი იყო, რამდენიმე ასეულ გვერდს ითვლიდა. ცნობისმოყვარეობის გამო კითხვა დავიწყე. ჯერ ერთი, მინდოდა გამეგო, თუ რას ეხებოდა იგი, მეორეც, მაინტერესებდა, თუ რა წიგნებს კითხულობდა ბერი.

პირველივე გვერდებმა დამარწმუნა, რომ წიგნი საკმაოდ რთული და ღრმააზროვანი იყო. თანაც ძველი ენით იყო დაწერილი და მის გაგებას საუნივერსიტეტო ცოდნა სჭირდებოდა; საკვირველი კი სწორედ ის არის, რომ ამგვარი ცოდნა მამა პორფირის არ ჰქონდა!..

რაც მეტს ვკითხულობდი, მით უფრო მიჭირდა გაგება. ზოგიერთ ფრაზას გრამატიკის კანონების გამოყენებით ვარჩევდი, თუმცა არსში ჩაწვდომა ჩემთვის იოლი არ იყო. ვეღარ მოვითმინე და ფიქრებით მამა პორფირის გავესაუბრე: „ეჰ, მამაო, რად გინდა ეს წიგნი? ეკონომიკური განათლება მივიღე, ახლა იურიდიულ ფაკულტეტს ვამთავრებ და მეც კი მიჭირს მისი გაგება. შენ როგორ უნდა ჩასწვდე, როდესაც სკოლის მერხთანაც კი არასოდეს მჯდარხარ?“

ასე ვფიქრობდი და ვმსჯელობდი, სანამ მთელი წიგნი არ წავიკითხე.

როდესაც მამა პორფირი დაბრუნდა, მაშინვე მასთან გავიქეცი და უსიტყვოდ გადავეცი წიგნი. მან რაღაც განსაკუთრებული გრძნობით გამომართვა საჩუქარი და ბევრჯერ გადამიხადა მადლობა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი მიმეძღვნას. მე კი ჩემთვის გულში ვიმეორებდი: „წაიკითხე, მამაო, და თუ რამეს გაიგებ, განმიმარტე“.

ასე ვფიქრობდი და ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ განათლება განისაზღვრება ლამაზი დიპლომებით და არა სიბრძნით. სწორედ ეს მცირედმორწმუნეობა აღმოაჩინა ჩემში ღვთის ამ „გაუნათლებელმა“ წარმომადგენელმა დედამიწაზე და ჩემმა სულიერმა მამამ.

შემდეგ შეხვედრაზე მან სიტყვასიტყვით გადმომცა ვრცელი ფრაგმენტები იოანე კიბისაღმწერელის წიგნიდან! ამან გამაოგნა! მისი კომენტარები საინტერესო და საკმაოდ ვრცელიც იყო. გრამატიკაზე დაფუძნებული მარტივი განმარტებებისაგან განსხვავებით, მას ყოველი სიტყვის ღრმა შინაარსი ესმოდა. მე გაჭირვებით ვადევნებდი გონებას მის მსჯელობას. ბერის ძალიან მრცხვენოდა, რადგან თავს უფლება მივეცი, დამეცინა მისი „გაუნათლებლობისათვის!“ მზად ვიყავი, ფეხებში ჩავვარდნოდი! ის კი, თითქოს განგებ, განაგრძობდა ჩემს განადგურებას - მოჰყავდა დიდი ნაწყვეტები „კიბიდან“ და ისე ბრძნულად განმარტავდა, რომ გაოცებისგან სიტყვის თქმასაც ვერ ვახერხებდი.

მეორე მხრივ, რა იყო აქ გასაოცარი - ზუსტად „გაუნათლებელი“ ბრძენი უნდა ყოფილიყო სულიერებაში ჩემი უბადრუკი ცოდნის მამხილებელი. ამასთან, საჭირო იყო კიდევ ერთხელ დავეტუქსე, რათა მომავალში აღარ გამებედა ადამიანური განსწავლულობისა და სულიწმიდის მადლით შეძენილი ცოდნის გათანაბრება.

ამ გაკვეთილის შემდეგ აღარასოდეს მომსვლია აზრად, ჩემი პიროვნება მამა პორფირიზე მაღლა დამეყენებინა, არ გავკადნიერებულვარ, მას რაიმეთი შევდარებოდი.

საუბარი აღზრდის შესახებ

1977 წელს ჩემი ცოლი დაფეხმძიმდა. მაშინვე მამა პორფირისთან წავედით ამის სათქმელად, რადგან ყველა ჩვენი სიხარულისა და დარდის გამზიარებელი იყო. გაცნობის პირველივე დღიდან მხარში გვედგა თავისი ლოცვებით, სიბრძნითა და ღმრთივშთაგონებული რჩევებით.

მამა პორფირის ამ ამბის გაგებაზე, სახე გაუბრწყინდა:

- ახლა თქვენი სიხარულის ჟამმა დაჰკრა! სახიერმა ღმერთმა ყველაფერი გიბოძათ! უფალი თავის ერთგულებს არაფერზე ეუბნება უარს, არაფერს აკლებს. მე ხომ გეუბნებოდით, რომ შვილი გეყოლებოდათ, თქვენ კი არ დამიჯერეთ.

ვიცი, რომ გიყვარვართ, მაგრამ მცირედმორწმუნენი ხართ... იოლად ნებდები სისუსტეებს და გაურბიხართ გამოცდას. ხშირად იარეთ ჩემთან, ეს თქვენ გჭირდებათ. მოსვლისას პირქუშები და სევდიანები ხართ, შემდეგ იცვლებით და გახარებულები, ბედნიერები, რწმენაში განმტკიცებულები კი არ მიდიხართ, მიჰქრიხართ!

ახლა ჩამოსხედით და მისმინეთ: თქვენ მალე მშობლები გახდებით, რასაც გეტყვით, კარგად დაიმახსოვრეთ, დაიცავით და ზუსტად შეასრულეთ, თუ გინდათ, თქვენც და თქვენი შვილიც ბედნიერები იყოთ.

აქ ჩემთან ასობით მშობელი მოდის და თვალცრემლიანი მთხოვს, ვუშველო მათ შვილებს, რომლებიც ცუდ წრეში აღმოჩნდნენ, ეძალებიან ნარკოტიკებს, ლანძღვა-გინებით იკლებენ მათ და ფულს სთხოვენ ბანქოს ან სხვა აზარტული თამაშებისთვის; თუ დედ-მამას ფული არა აქვს, არა მარტო ეჩხუბებიან, სცემენ კიდეც! საქმე იქამდე მიდის, რომ მშობლები წყევლიან იმ საათს, როცა დღის სინათლეს მოევლინენ მათი ბავშვები.

მინახავს თავიანთი უზნეო ნაშიერის გამო სისხლიანი ცრემლებით მტირალი მშობლები, რომლებიც ხშირად ამბობდნენ: გვერჩივნა, საერთოდ არ გვყოლოდა შვილებიო! უშვილოდ ყოფნა ერთი უბედურებაა, შვილები კი ათასობით დარდსა და სატკივარს აჩენენ. მათი ცუდი ქცევის გამო მშობლებს ზოგჯერ ხალხში გამოჩენისაც კი რცხვენიათ!

ამიტომ მთხოვენ, ვილოცო მათი შვილების გადასარჩენად. ჩემს შეკითხვაზე, თუ თავად რას აკეთებენ საკუთარი უბედური ნაშიერების დასახსნელად, როგორც წესი, ერთსა და იმავე პასუხს ვიღებ: „არაფერი შეგვიძლია. მოზარდები რომ იყვნენ, მაშინაც ვეღარ ვერეოდით“.

ეს მოსალოდნელიცაა. ყრმობის ასაკშივე თუ არ აღზარდეთ ბავშვები და უცდით, როდის მიაღწევს მოზარდის ასაკს, აღარაფერი გამოგივათ. ახლა რა დაგრჩენიათ, თუ არა უარესის მოლოდინი.

ბავშვი ცომივითაა: რაც უფრო რბილია, უფრო ადვილად გამოძერწავ. რაც პატარაა ყრმა, მით ადვილია მისი გაწვრთა და სწავლება.

ახლა, როცა გაგახსენდათ, რომ თურმე შვილები გყავთ, უფრო სწორად - მათ თავი შეგახსენეს უწესო ქცევით, დაგვიანებულია რაიმეს შეცვლა. თუ გალიაში დამწყვდეული ჩიტი გაფრინდა, მას ვეღარ დაიჭერ!

ბავშვის აღზრდის ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პატარა ადამიანის დედ-მამისათვის, რომელიც მათ, ღვთის შეწევნით, ქვეყანას მოუვლინეს. მშობლები, რომლებმაც ვერ შეძლეს ბავშვის სწორად აღზრდა, საერთოდ ყველაფერში დამარცხდნენ!!! გესმით ჩემი? ბევრი მათგანი თავის სიცოცხლეს იმაზე ზრუნვაში ატარებს, როგორ გააფართოვოს საკუთარი საწარმოო დაწესებულება, როგორ გაზარდოს ფულადი კაპიტალი და არაფერს აკეთებს ბავშვების სწორად აღსაზრდელად. ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მათ არა თუ არაფერი მოიმოქედეს შვილებისთვის, პირიქით - ყოველნაირად შეეცადნენ, მათგან მცონარენი, უსაქმურები და დამნაშავეების გამოეყვანათ. იცით, რატომ ჩამოყალიბდნენ ის ბავშვები დამნაშავეებად? იმიტომ, რომ უწესო ადამიანების ხელთ არსებულ ფულს ბოროტება მოაქვს, იმათთვისაც ვისაც ის აქვს და არმქონეთათვისაც. პირველები მეორეებს ყიდულობენ და თავიანთი შეხედულებისამებრ იყენებენ, რაც კეთილ მიზანს სულაც არ ემსახურება.

იცით ეს გამოთქმა: „ფული სინდისს აფუჭებს?“ ერთობ სწორი აზრია! ფული ზნეობას უკლავს ადამიანს - სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს სამყაროს შექმნის დღიდან ასეა. თუმცა შორს რად წავიდეთ - განა იუდამ არ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად?! ეს ფაქტი არ ადასტურებს ფულის გამხრწნელ როლს, როდესაც მას უღმერთო ადამიანები იყენებენ? მაშასადამე, ვინც ბავშვს სარწმუნოებით არ ზრდის, როგორ ფიქრობთ, მისგან ვის ქმნიან? იუდას, დიახ, ზუსტად ასეა და ვაი, ასეთ მშობლებს! ისინი საუნჯეს აქ, დედამიწაზე აგროვებენ და სრულ გულგრილობას იჩენენ ზეციური სასუფევლისადმი.

მშობლები, რომლებიც მოხვეჭას არიან დახარბებულნი, ბოლომდე ვერ მოახერხებენ დატკბობას მატერიალური სიკეთით. ეს ქონება ცუდად აღზრდილ მათ შვილებსაც არ შეერგება, რადგან ყველაფერს გაანიავებენ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მშობლები ვერცხლისმოყვარეობის უკურნებელი სენით არიან შეპყრობილნი. ეს დაავადება კი მათ სიკვდილამდე გაჰყვებათ!

ყველა სხვა, ღმრთივბოძებული სიკეთეებისადმი ისინი გულგრილნი რჩებიან! ისე დაიხოცებიან, ვერც კი მოასწრებენ საკუთარი სიმდიდრით განცხრომას. მათ უნიათო შვილებს კი ძალა არ ეყოფათ შეძენილის შესანარჩუნებლად! შენარჩუნება ხომ გაცილებით რთულია, ვიდრე შეძენა!

აქედან გამომდინარე, სწორი აღზრდა მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ,  როცა მოგვინდება ან მოგვიხერხდება. სწორი აღზრდისათვის საჭიროა ორი რამის თანხვედრა: შვილებისადმი მშობლების აღმზრდელობითი მოვალეობის შეგნება და ბავშვის აღსაზრდელად შესაფერისი დროის შერჩევა. ეს დრო კი ზუსტად მისი ჩასახვის წუთიდან იწყება. აღზრდა გრძელდება მუცლადყოფნის განმავლობაში და განუხრელად რთულდება ბავშვის დაბადებიდან მის გაზრდამდე.

რასაც ახლა გეუბნებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, დიდი ყურადღებით მომისმინოთ!

როგორც გითხარით, მშობლის ზრუნვა შვილზე იწყება მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ დედის წიაღშია. დიახ, ეს ასეა!

როგორ შეიძლება აღზარდო დედის წიაღში მყოფი ჩანასახი? აი, როგორ: ჩვენ თვითონ არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ღმერთს, რომელმაც ეს ახალი სიცოცხლე დაბადა, ყოველივე ხელეწიფება! განა არსებობს უფრო დიდი სასწაული, ვიდრე ჩასახვა? რა თქმა უნდა, არა!

ამიტომ უნდა მივმართოთ ღმერთს და მხურვალედ ვევედროთ ლოცვებით, რათა იზრუნოს ჩასახული ბავშვის სულისა და სხეულის სრულყოფილებაზე. ღმერთი სულიწმიდის მადლით იზრუნებს დედაზეც და შვილზეც. მაგრამ ჩვენი ლოცვები ამით არ მთავრდება, პირიქით! - დაბადების შემდგომ ჩვილის ზრდასთან ერთად ლოცვასაც უნდა ვუმატოთ.

ამრიგად, სინამდვილეში ჩვენ ღმერთს ვანდობთ ბავშვის სწორ აღზრდას. როცა უფალი თავად იცავს და მფარველობს, უშუალოდ და გამუდმებით ადევნებს თვალყურს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებუნლი, რომ ბავშვი არასოდეს ასცდება გზას.

ბენზინის შადრევანი ცარიელი ავზიდან

ეს ამბავი შეემთხვა ერთ ნაცნობ გოგონას, რომლიც მამა პორფირის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა და რისთვისაც ავტომანქანასაც იყენებდა. სამწუხაროდ, მანქანას ძვირადღირებული ბენზინი სჭირდება; ამიტომ უმუშავარი გოგონას ავტომანქანის ავზში ბენზინის რაოდენობის მაჩვენებელი ისარი ყოველთვის მარცხნივ იხრებოდა, ანუ ნებისმიერ წუთს მანქანა შეიძლება გაჩერებულიყო.

ერთ საღამოს, როცა ათენში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სკიტში ბრუნდებოდა, დაინახა, რომ ბენზინის ავზის ისარი ნულს მიუახლოვდა. გოგონა შეშფოთდა და ღმერთს შეევდრა დახმარებას, რათა სკიტამდე მიეღწია. ჩანს, უფალმა ისმინა მისი და თავისი მონის - მამა პორფირის ლოცვა და მანქანამ მშვიდობით მიაღწია დანიშნულ ადგილამდე.

გოგონამ მანქანა ჩაკეტა და, ჩვეულებისამებრ, არავის არაფერი უთხრა. გამთენიისას მამა პორფირიმ სთხოვა, ათენში ერთი ოფიციალური ქაღალდი წაეღო, რაზეც გოგონა სიამოვნებით დათანხმდა, მაგრამ მალე გამოტყდა:

- მამაო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით წავალ. გუშინ საღამოს ქალაქიდან დაბრუნებულს მანქანაში ბენზინი გამითავდა...

ბერმა შეხედა, შემდეგ თითქოს ჩაფიქრდა და უთხრა:

- კარგი, წადი.

გოგონამ ბერისგან კურთხევა აიღო და წასვლისას მანქანასთან მივიდა, რომ შეემოწმებინა, კარგად იყო თუ არა კარი დაკეტილი. მისვლისას ისეთი უცნაური რამ დაინახა, რომ თვალებს არ დაუჯერა 0 ავზიდან ბენზნი მოწანწკარებდა. კინაღამ გაგიჟდა და ყვირილი მორთო! შემდეგ პირჯვარი გადაიწერა, გაიქცა ბერთან და აქოშინებულმა ამცნო დიდი სასწაულის შესახებ. მამა პორფირიმ მადლობა აღუვლინა ღმერთს, გოგონა დაამშვიდა და უთხრა, რომ მანქანით წასულიყო. ამასთან მკაცრად აუკრძალა მის სიკვდილამდე ვინმესთვის მოეთხრო ამ სასწაულის შესახებ.

მაგრამ, მამაო, დაიმალება ასეთი სასწაული?!

მამა პორფირის გამოსათხოვარი სიტყვები

ბოლოს, როდესაც მამა პორფირი ათონზე იყო, მხოლოდ ორჯერ მომიხდა მასთან ტელეფონით საუბარი. პირველად იგი თავს მშვენივრად გრძნობდა. დიდხანს ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე და ბევრი ძვირფასი რჩევაც მომცა. საუბრის დასასრულს ვთხოვე, დიდხანს არ დაყოვნებულიყო, რადგან ერთი, რომ ზამთარი იწყებოდა და მეორეც - ის ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. ბერმა მიპასუხა: ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთი ინებებს!

მეორედ, მის აღსრულებამდე ოთხი-ხუთი დღით ადრე დავურეკე. ყურმილი მონაზონმა აიღო და მიპასუხა, რომ ბერს ლაპარაკი არ შეეძლო. მთხოვდა, მეთქვა სახელი და მოკლედ გადამეცა, რაც მაწუხებდა. ასეც მოვიქეცი. მონაზონმა ეს ყოველივე ხმამაღლა უთხრა მამა პორფირის. მაშინ გავიგონე ბერის ხმა:

- არის ღმერთი!

- გესმით, ბატონო ანარგიროს, რაც ბერმა გითხრათ - „არის ღმერთი!“ - მითხრა მონაზონმა.

მე გავიგონე, გავიგონე უკეთილშობილესო და გულმოდგინე მორჩილო, რაც ბერმა თქვა, მაგრამ ახლა მე მისი სიტყვები გავიგონე უკანასკნელად.

და ვეღარასოდეს გავიგონებ მის ხმას...

ბერის წერილი სულიერი შვილებისადმი

საყვარელნო შვილნო ჩემნო!

ახლა, როცა გონება კიდევ მემორჩილება, მსურს რამდენიმე რჩევა მოგცეთ. ყრმობიდანვე ცოდვილი ვიყავი. რადგანაც ღარიბად ვცხოვრობდით, მამაჩემი შვილების დასახმარებლად ამერიკაში გაემგზავრა პანამის არხის მშენებლობაზე. მთებში, სადაც დედა მაგზავნიდა საქონლის სამწყემსავად, მარცვალ-მარცვალ ვკითხულობდი წმიდა იოანე განდეგილის ცხოვრებას, ძალიან შემიყვარდა და ბევრს ვლოცულობდი მისდამი. მაშინ თორმეტი-თხუთმეტი წლის ვიქნებოდი... ზუსტად არ მახსოვს. მინდოდა წმიდა იოანესთვის მიმებაძა, გამოვიპარე სახლიდან, გავემგზავრე წმიდა მთაზე კავსოკალივიის სკიტში და იქ ორ ღვიძლს ძმას - ბერებს, პანტელეიმონსა და იოანიკეს დავუდექი მორჩილად. გამიმართლა, რადგან ისინი ფრიად ღვთისმოშიშნი და სათნონი იყვნენ. ძალიან შემიყვარდნენ და მათი ლოცვების წყალობით უდიდესი მორჩილებად გამოვიჩინე. ამან ძალიან მიშველა - შევიგრძენი დიდი სიყვარული ღვთისადმი - ბედნიერი ვიყავი!

მაგრამ ღვთის დაშვებითა და ცოდვათა ჩემთა გამო მძიმედ დავსნეულდი და ბერებმა გამაგზავნეს ჩემს ახლობლებთან, კუნძულ ევბეაზე მდებარე წმ. იოანეს სოფელში. ყმაწვილობიდანვე მრავალცოდვილი ვიყავი, ამიტომ ერში დაბრუნების შემდეგ დღევანდლამდე ჩემი ცოდვები ერთობ გამრავლდა.

თუმცა, ქვეყანამ კარგ ადამიანიად მიმიჩნია და ყველა წმიდანს მეძახდა. მე კი ამა სოფლად უდიდესო ცოდვილად ვთვლიდი თავს. ყველაფერი, რისი გახსენებაც შევძელი, რა თქმა უნდა, აღსარებაში ვთქვი და ვიცი, რომ ღმერთმა ჩემი ცოდვები მომიტევა. მაგრამ ახლაც ვგრძნობ, რომ უამრავი ცოდვა მაქვს. გთხოვთ ყველას, ვინც მიცნობდა, ილოცოთ ჩემთვის, რადგან, როცა შემეძლო, მე თავმდაბლად აღვავლენდი ღვთისადმი ლოცვებს თქვენთვის.

ახლა, როცა მოახლოვდა ჟამი ზეცად ასვლისა, ისეთი გრძნობა მეუფლება - უფალი უსათუოდ მკითხავს: „აქ რა გინდა?“ და მხოლოდ ერთის თქმას მოვახერხებ: „უფალო, ვიცი, რომ უღირსი ვარ აქ ყოფნისა, მაგრამ როგორც მოისურვებ, ისე მომეპყარი...“ მე არ ვიცი, როგორი იქნება უფლის პასუხი, მაგრამ მინდა, იმოქმედოს მისმა სიყვარულმა. ჩემს სულიერ შვილებსაც ყოველთვის ვუსურვებდი, უყვარდეთ უფალი, რომელიც ყველაფერია, რათა მან თავის არამიწიერ და ხელთუქმნელ ტაძარში შესვლად ღირს-გვყოს. მისი აგება კი უკვე აქ, დედამიწაზე, უნდა დავიწყოთ.

ყოველთვის ვცდილობდი, მელოცა, ვგალობდი საეკლესიო ჰიმნებს, ვკითხულობდი წმიდა წერილს, წმიდანთა ცხოვრებას და მინდა, თქვენც იგივე აკეთოთ...

უფლის მადლის შეწევნით ღმერთთან მიახლებას ვცდილობდი - თქვენც გისურვებთ მისკენ ისწრაფოდეთ.

ყველას გთხოვთ, მომიტევოთ, თუ რამე გაწყენინეთ და ოდესმე გული გატკინეთ!

მღვდელმონაზონი პორფირი
კავსოკალივია, 4(17) ივლისი, 1991 წ.

ანარგიროს კალიაცოსი
წიგნიდან „სადაცა ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებათა“
(ბერი პორფირის ცხოვრება და სასწაულები)