ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა

სიცივისაგან დამზრალნი ცეცხლის გარშემო იკრიბებიან, მშიერნი - სატრაპეზოდ, ხანგრძლივი ღამეული წყვდიადით ტანჯულნი - მზის ამოსვლით ხარობენ, ხანგრძლივი ბრძოლით დაუძლურებულნი - მოულოდნელი გამარჯვებით. ჰოი, აღმდგარო უფალო, შენ შენი აღდგომით ყოველ კაცს სიცოცხლე მიანიჭე! ჰოი, ყოვლად უხვო მეუფეო, შენ აღავსე შენი ძღვენით ცარიელი ხელები, ზეცად აღმართულნი! იხარე, ზეცავ, და იხარე, მიწავ! იხარე, ზეცავ, როგორც დედამ, რომელიც კვებავს თავის მშიერ შვილს; იხარე, მიწავ, როგორც ხარობს შვილი, დედის ხელთაგან საკვების მიმღები.

ქრისტეს ძლევა ერთადერთია, რითაც შეიძლება იხაროს მთელმა კაცობრიობამ, პირველშექმნილიდან - უკანასკნელამდე. ყველა სხვა, ამქვეყნიური, მიწიერი გამარჯვებანი მხოლოდ განყოფდა და განყოფს ადამიანებს: როცა ერთი მეფე მეორეზე მოიპოვებს გამარჯვებას, ერთი მათგანი ხარობს, მეორე - იტანჯება; როცა ადამიანი გაამარჯვებს მეზობელზე, ერთ ჭერქვეშ მცხოვრებთაგან ერთი ბედნიერია, მეორე ტირის, რადგან არ არსებობს ქვეყნად გამარჯვებით მოპოვებული სიხარული, რასაც ნიშნისგება და ღვარძლი არ წამლავს: ჩვეულებისამებრ, მიწიერი გამარჯვების მქონე ლაღობს და ხარობს იმდენად, რამდენადაც დამარცხებული მოწინააღმდეგე ღვრის ცრემლებს. მძლეველი თავადაც ვერ შენიშნავს, რომ ბოროტებითა და შურისგებითაა შეზავებული მისი სიხარული.

თვით ყველაზე კეთილშობილური ადამიანური გამარჯვებაც კი ერთგვარ მზეს ჰგავს, რომლის ერთი ნახევარი სინათლის სხივებს აშუქებს, ხოლო მეორე - ბნელს. მხოლოდ ქრისტეს გამარჯვებაა მზის მსგავსი, ნათელი სხივების გადმომღვრელი ყოველივეზე, რაც მის ქვეშაა. მხოლოდ ქრისტეს გამარჯვება აღავსებს ადამიანთა გულებს სრული სიხარულით. მხოლოდ ეს არის გამარჯვება, რომელშიც არ არის ნიშნისგება და ბოროტება.

თქვენ იტყვით, რომ ეს არის საიდუმლო გამარჯვება! დიახ, მაგრამ ამავე დროს - განცხადებულიც კაცთა მთელ მოდგმაზე, ცოცხალსა და გარდაცვლილზე.

„ეს არის დიდსულოვანი გამარჯვება“, - იტყვით თქვენ. დიახ, მაგრამ ამაზე მეტიც. განა დედა უფრო მეტი არ არის, ვიდრე დიდსულოვანი, თუკი ის ერთგზის ან ორგზის კი არ დაიცავს თავის შვილს შხამიანი გველისაგან, არამედ საუკუნოდ გამოიხსნის მას, ეკვეთება ქვეწარმავლის ბუდეს და ცეცხლს მისცემს მას?

„ეს არის მაკურნებელი გამარჯვება“, - კვლავ იტყვით თქვენ, დიახ, მაკურნებელი და მხსნელი უკუნისამდე. ამ ბოროტებას გაცლილმა გამარჯვებამ ადამიანი ყოველგვარი ბოროტებისაგან იხსნა და იგი უკვდავი და უცოდველი გახადა, ვინაიდან უკვდავება, უცოდველობის გარეშე, ნიშნავს მხოლღდ ბოროტების გახანგრძლივქბას, ხოლო უკვდავება, უცოდველობასთან ერთად, შობს დაუჩრდილებელ სიხარულს და ადამიანებს უფლის ნათლის ანგელოზების ძმებად ქმნის.

ვინ არ გაიხარებს უფალ იესო ქრისტეს გამარჯვებით? ვინაიდან მან გაიმარჯვა არა საკუთარი თავისათვის, არამედ ჩვენთვის. ამ გამარჯვებას არ შეუქმნია იგი უფრო დიდი, უფრო მდიდარი; მაგრამ ასეთი გაგვხადა ჩვენ. მისი გამარჯვება არ არის საკუთარი თავის სიყვარული, ეს არის სიყვარული ყოველი შექმნილისა, ეს არ არის ძარცვა, ესაა ბოძება; ქრისტე ერთადერთია, რომელიც გამარჯვებას იძლევა; არც ერთ მიწიერ მძლეველს, არც მეფეს, არც იმპერატორს, არ სურს, რომ მისი გამარჯვება სხვას მიეწეროს; მხოლოდ აღმდგარი მაცხოვარი მოჰფენს ორივე ხელით თავის გამარჯვებას ყოველ ჩვენგანზე და მხოლოდ მისი ძლევა გვქმნის ჩვენ გამარჯვებულად, ანუ დიდად და მდიდრად.

თუ მიწიერ გამარჯვებას შორიდან შევხედავთ, იგი ლამაზად გამოიყურება, ახლოდან კი - მეტად მახინჯი და საძაგელია. ხოლო ქრისტეს გამარჯვებაზე შეუძლებელია ითქვას, როდის არის ის უფრო მშვენიერი: როცა ამ გამარჯვებას შორიდან შევყურებთ, აღტაცებულნი ვართ მისი ელვარებით, სილამაზით, სიწმინდითა და მაცხოვნებლობით, როცა ახლოდან ვუმზერთ, გვაოცებს ის, რომ ამდენი საშინელი მტერი შემუსრა და ამდენი მონა გაათავისუფლა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით განადიდებს ამ გამარჯვებას და ამიტომაც ეგების ახლოს მივიდეთ აღმდგარ და ძლევაშემოსილ უფალთან და ვიკითხოთ: ვისზე გაიმარჯვა მან თავისი აღდგომით და ვინ გაათავისუფლა თავისი გამარჯვებით?

I. თავისი აღდგომით უფალმა ადამიანის ორ ბოროტ მტერზე - სიკვდილსა და ცოდვაზე გაამარჯვა. ადამიანის მოდგმის ეს ორი მტერი იშვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველმა ადამიანმა შეწყვიტა ყოფილიყო ღვთისმოყვარე, აღარ აღასრულებდა თავისი შემოქმედის მცნებებს; სამოთხეში ადამიანმა არ იცოდა არც სიკვდილი, არც შიში, არც სირცხვილი, ვინაიდან, ცხოველ ღმერთთან ერთობაში მყოფს, არ შეეძლო სცოდნოდა ცოდვა. და სადაც არ იციან სიკვდილი, არ იციან არც შიში; და სადაც არ ბატონობს ცოდვა, იქ არ ბატონობს არც სირცხვილი ცოდვათა გამო. როგორც კი სცოდა ადამიანმა, დაირღვა მაცხოვნებელი მორჩილება უფლისა, შიშმა და სირცხვილმა დაიდო ბინა მასში; კაცმა თავი ღვთისაგან უსასრულოდ განშორებულად იგრძნო და საკუთარ თავზე სიკვდილის ცელი მოიღერა. ამიტომაც, როცა ღმერთმა უხმო ადამს და უთხრა მას: ადამ, სადა ხარ? ასე უპასუხა: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ და დავიმალე (დაბ. 3,9-10).

აქამდე ღვთის ხმა ამხნევებდა, ახარებდა და აცხოველებდა ადამს. ამიერიდან კი, ცოდვის შემდეგ, იგივე ხმა ღვთისა ასუსტებს, აშინებს და აკვდინებს მას. აქამდე ადამი საკუთარი თავს უკვდავების ანგელოზებრივი სამოსით მოსილს ხედავდა; ახლა კი ის ჭვრეტს თავის თავს ცოდვით განშიშვლებულს, განძარცვულს, დამდაბლებულს, დამცრობილს პირუტყვობამდე და დამცირებულს ქონდრისკაცობამდე. მართლაც, რა საშიშია ღვთის მცირედი ურჩობაც კი.

და დაემალა უფალ ღმერთს ადამი ბაღის ხეებს შორის (დაბ. 3,8), ისე, როგორც შინაური კატა, რომელიც გაველურდა, ტყეში გაიქცა და დაიწყო დამალვა პატრონისა და თავისი დამპურებლისაგან. უტყვ ქმნილებაში, რომელზეც ადრე თავად ბატონობდა, ადამმა თავშესაფრის ძიება დაიწყო; ერთმა ცოდვამ ელვისებურად მიიზიდა თავისაკენ მეორე, მესამე, მეასე, მეათასე და ეს გაგრძელდა მანამ, ვიდრე ადამიანი არ გამიწიერდა სულიერად და ფიზიკურად; და ცოდვის გზამ, რომლისაკენაც კაცი გაეშურა, მიიყვანა იგი მიწამდე და მიწაში ჩაიყვანა. ღვთის სიტყვები: პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი (დაბ. 3,19) - გამოხატავს არა მხოლოდ უფლის მსჯავრს, არამედ უკვე დაწყებულ დამარღვეველ პროცესს ადამიანის გამიწიერებისა და დაცემისა.

ადამის მოდგმა, თაობები, სიკვდილის შიშითა და ცოდვის სირცხვილით მოცულნი, იმალებიან ღვთისაგან ხეებს შორის, ქვებს შორის, ოქროსა და მტვერში ჩაფლულნი; და რაც მეტად იმალებიან, მით უფრო შორდებიან ჭეშმარიტ ღმერთს და ივიწყებენ მას. ბუნება, ოდესღაც ადამიანის ფეხთა ქვეშ მყოფი, ნელ-ნელა ამაღლდა მასზე. ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, სრულიად დაფარა მისგან ღვთის სახე და ადამიანმა დაიწყო ბუნების გაღმერთება, ანუ მისი მოსმენა, მასზე ლოცვა, მისთვის მსხვერპლის შეწირვა. მაგრამ გაღმერთებულ ბუნებას არ შიუძლია არც საუკთარი თავის და არც ადამიანის ხსნა სიკვდილისა და ხრწნადობისაგან. საშინელი გზა, რომელზეც მიდიოდა კაცობრიობა, იყო ცოდვის გზა და ამ წყეულ მიმართულებას შეუცდომელად მიჰყავდა იგი მხოლოდ მრავალი მწუხარების შემამთხვეველ სიკვდილთან. ამქვეყნიური მეფეები მეფობენ ადამიანებზე, ხოლო ცოდვა და სიკვდილი - ადამიანებზეც და თავად მეფეებზეც. რაც დრო გადიოდა, მით ზეტად იზრდებოდა ტვირთი ცოდვისა, როგორც თოვლის გუნდა, მთიდან დაგორებული.

ამგვარ უსაზღვრო სასოწარკვეთილებაში მყოფ კაცთა მოდგმას გამოუჩნდა ზეციური მხსნელი და ეს მხსნელი გახლდათ უფალი ჩვენი, იესო ქრასტე, მარადიულად უცოდველი და უკვდავი, რომელმაც იხილა ადამიანთა მოდგმის დამპალი სასაფლაო, უკვდავების ყვავილებით გარშემორტყმული. მისმა სულმა უკუაქცია ცოდვის სიმყრალე და მისმა სიტყვებმა მკვდარნი განაცხოველნა. ადამიანების ცოდვა მან თავის მხრებზე იტვირთა და კაცთა სიყვარულით ხორცი შეიმოსა. თუმცა ადამიანის ცოდვების სიმძიმემ და სისასტიკემ საფლავად დადო თავად მაცხოვარი და ათასგზის წმინდაა მისი საფლავი, რადგან მისგან კაცთა მოდგმისათვის უკვდავი ცხოვრების მდინარე გადმოედინა.

საფლავითგან ჩავიდა ცხოვრების მომნიჭებელი ჯოჯოხეთში, სადაც დაარღვია სატანის დასაჯდომელი, განაქარვა ბუდე ყოველგვარი ბოროტისა და მზაკვრული ჩანაფიქრისა კაცთა მოდგმის წინააღმდეგ; ამ საფლავიდან აღვიდა იგი ზეცად, მოგვცა ახალი გზა სიცოცხლისაკენ მიმავალი, დაამხო ჯოჯოხეთი და აღდგა მკვდრეთით. მორჩილად, როგორც კრავი, გაემართა უფალი სატანჯველისა და სიკვდილისაკენ და დაამარცხა სიკვდილა, მისი აღდგომა არის ჭეშმარიტება და, ამავე დროს, წინასწარმეტყველება და სახე ჩვენი აღდგომისა - რამეთუ საყვირსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ (1კორ. 15,52).

ვინმე იკითხავს: „თუკი აღმდგარმა უფალმა სიკვდილზე გაიმარჯვა, მაშინ ადამიანები რატომღა იხოცებიან?“ ყოველი, ამ ცხოვრებაში დედისაგან შობილი, ამქვეყნიდან სიკვდილით გადის და საფლავში ჩადის; ასეთია კანონი, მაგრამ არა ჩვენთვის, ქრისტეში აღსრულებულთათვის, რადგან სიკვდილი უკვე ჩვენთვის ცხადდება არა უძირო წყვდიადად, არამედ ახალ სიცოცხლეში დაბადებად, საკუთარ მამულში დაბრუნებად, საფლავი ჩვენთვის უკვე აღარ არის მარადიული უკუნი, არამედ ჭიშკარი, სადაც უფლის ნათლის ანგელოზები გველოდებიან.

ამის გამო დიდებული მოციქული პავლე შესძახებს: ცხოვრება ჩემი ქრისტე არს და სიკუდილი შესაძიწებელ (ფილიპ. 1,21). საფლავი აღარ არის პირქუში, ვინაიდან უფალმა განაბრწყინა იგი; საფლავი აღარ არის საშინელი, ვინაიდან აღნიშნავს არა დასასრულს ცხოვრებისა, არამედ დასაწყისს; განსხვავება ქრისტეს აღდგომამდე სიკვდილსა და მას შემდეგ აღსრულებას შორის მსგავსია საშინელ ხანძარსა და ანთებულ სანთელს შორის სხვაობისა; ასეთი სიღრმისეული იყო ქრისტეს გამარჯვება, ასე აღესრულა წმინდა წერილის სიტყვები: დაინთქა სიკუდილი ძლევითა (1კორ. 15,54).

ასევე შეიძლება ვინმემ იკითხოს: „თუკი აღმდგარმა მაცხოვარმა გაიმარჯვა ცოდვაზე, მაშინ რატომღა სცოდავენ ადამიანები?“ ჭეშმარიტად, უფალმა გაიმარჯვა სიკვდილზე, მან გაიმარჯვა სიკვდილზე თავისი უბიწო ჩასახვითა და შობით; თავისი წმინდა და უცოდველი ცხოვრებით მიწაზე; თავისი უბიწო ტანჯვით ჯვარზე და ბოლოს ყველა გამარჯვება თავისი დიდებული აღდგომით დააგვირგვინა, ის შეიქნა სალბუნი, ჭეშმარიტი და უცოდველი წამალი ცოდვისა, რადგან ცოდვით დასნეულებული მხოლოდ ქრისტეთი განიკურნება.

იპოვო წამალი რაიმე დაავადებისთვის, ეს ნიშნავს გაიმარჯვო სნეულებაზე. ქრისტე შეუდარებელი და დიდებული მკურნალია კაცობრიობის ისტორიაში, ვინაიდან მან მისცა ადამიანებს წამალი ყოველგვარი დაავადებისა, ანუ ცოდვისაგან განკურნებისა, საიდანაც იშვება ყოველგვარი სნეულებანი და სატანჯველნი - ადამიანური, სულიერი, ხორციელი. ეს წამალი თავადაა, აღმდგარი და ცხოველი უფალი. ის ცხადდება ერთადერთ საიმედო საშუალებად ცოდვისაგან დახსნისა; თუკი ადამიანები უწინდებურად სცოდავენ და კვდებიან ცოდვაში, ეს არ ნიშნავს, თითქოს უფალს არ გაუმარჯვია ცოდვაზე; ეს იმაზე მიუთითებს მხოლოდ, რომ ადამიანები არ იყენებენ ამ ერთადერთ წამალს თავიანთი მომაკვდინებელი სნეულებისათვის. ქრისტე, როგორც წამალი, ჯერ კიდევ არ არის მათთვის საკმარისი, ან რაღაც მიზეზების გამო არ იღებენ მას. მაგრამ ისტორია ათასობით განკურნებულის ხმით ადასტურებს: განიბანეთ სული ამ წამლით, განიბანეთ ხორცი და განიკურნებით, გამოჯანმრთელდებით! უფალმა, რომელმაც იცის ჩვენი ბუნების უძლურება, ბრძანა, ვეზიაროთ მას, როგორც საზრდელსა და სასმელს, ვინაიდან რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა, და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ (იოან. 6,56,57).

ნეტარნი არიან მიმღებელნი ამ საიდუმლოსი, ვინაიდან მათ შეიძლება ნათლის ძენი ვუწოდოთ.

II. ახლა ვიკითხოთ: „ვინ გაათავისუფლა თავისი გამარჯვებით აღმდგარმა მაცხოვარმა ცოდვისა და სიკვდილისაგან? მხოლოდ ერთი ეროვნების ადამიანები? ერთი რასა? ერთი წოდების წარმომადგენელნი? ერთი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონენი“? ასე არ არის. ამგვარი რამ მხოლოდ მიწიერთათვისაა დამახასიათებელი. უფალი არ იწოდება მარტო იუდეველთა მოყვარედ, არც ელინელებისა, არც უპოვარებისა, არც არისტოკრატებისა; ის კაცთმოყვარეა.

შედეგად, თავისი გამარჯვება მან განუკუთვნა ყოველ ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა და წარმომავლობისა. მან აღმართა თავის ძლევა ყოველი შექმნილის სასარგებლოდ და ყოველ კაცს შესთავაზა იგი. ისინი, ვინც მიიღებენ და გაითავისებენ ამ გამარჯვებას, უფალი მარადიულ ცხოვრებას უბრძებს ზეციურ სამეუფოში, ის არავის ახვევს თავს ამ გამარჯვებას და ადამიანებს თავისუფლებას უტოვებს; როგორც სამოთხეში გააკეთა ადამიანმა თავისუფალი არჩევანი, მიეცა ბოროტის მომაკვდინებელ კლანჭებს, სიკვდილსა და ცოდვას, აქაც ასეა; ადამიანს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს, მიიღებს თუ არა სიცოცხლესა და ცხონებას უფლის ხელიდან.

ქრისტეს გამარჯვება არის სალბუნი, სიცოცხლისმომნიჭებელი ყოველი ადამიანისათვის, ვინაიდან ყველას კეთრივითა აქვს შეყრილი ცოდვა და სიკვდილი.

ეს სალბუნი სნეულებს გამოაჯანმრთელებს, ჯანმრთელებს მეტ სიმრთელეს მიანიჭებს. ის მკვდრებს განაცხოველებს, ცოცხლებს დღეგრძელობას უბოძებს.

ეს სალბუნი სიბრძნეს ანიჭებს, აკეთილშობილებს, განაღმრთობს ადამიანს, ასგზის და ათასგზის ზრდის მის ძალებს და აღამაღლებს მას ღირსეულ სიმაღლემდე, ყოველ შექმნილ ბუნებაზე მაღლა, ღვთის ანგელოზებისა და მთავარანგელოზების სიმაღლემდე, დიდმშვენიერებამდე.

ჰოი, ღვთიურო და განმაცხოველებელო სალბუნო აღმდგარი მაცხოვრისა! რა ხელი არ მიგიღებს?! რა გული არ დაგიფენს თავის ჭრილობებზე?! რომელი ბაგე შეძლებს შენს ხოტბას?! რა კალამი აღწერს შენს სასწაულებრივ ძალას?! ვინ ჩამოთვლის, რამდენი განგიკურნავს აქამომდე, რამდენი მკვდარი აღგიდგენია?! ვის ექნება საკმარისი ცრემლები, რომ გმადლობდეს შენ?!

და მივეახლოთ მას ყველანი, სიკვდილის შიშით შეძრულნი, მივეახლოთ აღმდგარ მაცხოვარს, ჩვენს აღმდგენელს და ის გაგვათავისუფლებს სიკვდილისა და მომაკვდინებელი შიშისაგან.

მივეახლოთ მას, ცხადი თუ დაფარული ცოდვების სირცხვილის განცდით მცხოვრებნი, ახლოს მივიდეთ სიცოცხლისმომნიჭებელ წყაროსთან, რომელიც განგვბანს და განგვწმენდს, რომელიც ყოველივე შესვრილსა და შებილწულს თოვლზე მეტად განასპეტაკებს.

მივეახლოთ მას ყოველი, მაძიებელნი სიმრთელისა, ძალისა, მშვენიერებისა და სიხარულისა, ვინაიდან აღმდგარი მაცხოვარი არის ყოველივე ამის უხვი წყარო. ის ყოველ ჩვენგანს ელოდება და არ უნდა, ვინმემ გვერდით ჩაუაროს.

თაყვანი ვცეთ მას სულითა და ხორცით, შევუერთდეთ მთელი გონებითა და ფიქრებით, გულში ჩავიკრათ იგი, თაყვანი ვცეთ არა როგორც დამმონებელს, არამედ გამათავისუფლებელს, შევუერთდეთ არა წარმწყმედელს, არამედ მაცხოვნებელს, ჩავეკრათ მას არა როგორც უცხოს, არამედ როგორც ყველაზე საყვარელ და ახლო მეგობარს.

და ყველამ ერთად სიხარულით ვთქვათ:

ქრისტე აღდგა!

მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №16, 2011 წ.