ალილოობა საქართველოში

 

- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო

- ანგელოზები გალობენ
დიდება მაღალთა შინა

- ეს რომ მწყემსებმა გაიგეს
მივიდნენ და თაყვანი სცეს მას

- ჩიტი ღობეზე შემოჯდა
იძახოდა ქრისტეშობას

- ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა
შობის მახარობელიო

- ალათასა ბალათასა
ხელი ჩავკარ კალათასა

შიგ რომე ვერა ვიპოვე-რა
ღმერთი მოგცემს ბარაქასა

- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო

 

„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყნასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

„და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ“ (ლუკა 2, 8-20).

ყოველი შობის ღამეს, ალბათ ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან აქამომდე მთელ ერს ამცნობდნენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი ზრდასრული მამაკაცები თუ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა ყმაწვილები ალილოს გალობით, როგორც ამ ხალხურ სიმღერას ხალხში უწოდებდნენ, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს  ღვთის სადიდებელს - ალილოს (ალილუია - ვადიდოთ ღმერთი) - მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ:

„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)

„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)

ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნე ქართველი ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ წინაპრებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით დიდი საიდუმლო, მომავალი, მარადიული, მარადიული ხსნის საწინდარი უნდა გაენდოთ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.

ამ ღამეს ქრისტეშობის სიხარულს, როგორც ბეთლების გამოქვაბული, ვეღარ იტევდა ტაძარი, მწყემსებთან ერთად გამოდიოდა გარეთ, მწყემსების მეშვეობით თვითოეულ მოკვდავამდე მიდიოდა და ეს სიხარული ქრისტეს ხორციელი მოვლინებით განცდილი ყველას ერთ მრევლად, ქრისტეს მიწიერ სხეულად, ეკლესიად აქცევდა.

შუასაუკუნეების გადმოცემის თანხმად, შობას იერიქონში ვარდები იშლებოდნენ დეკემბერში, შიომღვიმეში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები, თითქოსდა მეალილოე მწყემსების დარად ელიან შობას, რომ აყვავდნენ სიხარულისა და დიდების ნიშნად.

ნინო ღამბაშიძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 1 (103), 2001 წ.