ღირსი მამა დავით გარეჯელი

ხატმწერი: შოთა ცინცაძე

 

წმინდა დავით გარეჯელის ცხოვრება და ღვაწლი

ხსენება ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი

მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ უფლის მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის სად უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. ივერია ღმრთისმშობელს ხვდა წილად. ღმრთის განგებულებით მის მაგივრად საქართველოში საქადაგებლად წმინდა ანდრია მოციქული წამოვიდა და თან ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „აწყურისად“ წოდებული ხატი ჩამოაბრძანა. ანდრიას შემდეგ კი უფალმა სხვადასხვა დროს სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე მოციქულები გამოგზავნა საქადაგებლად.

მოგვიანებით უფლის დედამ ქართველი ერის ნათელღება წმინდა ნინოს ხელით ინება, ხოლო ორი საუკუნის შემდეგ საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად და ერეტიკული სწავლებების გავრცელებისგან ქართველთა დასაცავად ასურეთიდან წარმოგზავნა ცამეტი წმინდა მამა - წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე*, რომელთა შორის იყო წმინდა დავითი, შემდგომში გარეჯელად წოდებული. მოაღწიეს რა სანატრელ მცხეთას, პატიოსანი სვეტის თაყვანის-ცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდნენ. წმინდა იოანემ ლოცვით განწმინდა ზედაზნის მთა და „მუნითგან იწყო შრომა და მოღვაწეობა სარწმუნოებისათვის“, ხოლო მოწაფეთა თვისთა უბრძანა, რათა განვიდენ მისგან და თვითეულმან მათმან აღმოარჩიოს ერთი რომელიმე მხარე და იწყოს ქადაგება ქრისტესა და აღდგინება სარწმუნოებისა“ (ამ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ქართველების გადაბირებას ცეცხლთაყვანისმცემლობაზე. ამავე დროს, საქართველოში შეიქმნა საშიშროება მონოფიზიტობის დამკვიდრებისა.)

ღირსმა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარ მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა. ბერები ველური მცენარეებით იკვებებოდნენ, იქვე პატარა სამლოცველოც მოაწყვეს და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. თბილისი მაშინ ძალიან პატარა ქალაქი იყო და ამიტომ ამქვეყნიური შფოთიც თითქმის ვერ აღწევდა მამებამდე. თუმცა წმინდათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. მათთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, და სინანულისა და ურთიერთსიყვარულისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა. თავიანთი წმინდა ცხოვრებით და ღვთის სიტყვის ქადაგებით მათ მრავალი სული მიიზიდეს და გააქრისტიანეს. მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვაბულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით დღემდე მრავალი მართლმორწმუნე იკურნება უშვილობისა და სხვადასხვა დაავადებებისგან.

იმდროინდელი თბილისი მაზდეანებს (ცეცხლმსახურებს) ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და საკუთარი ანგელოზებრივი ცხოვრების მაგალითით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რის გამოც მოგვებს სამწყსო მოაკლდათ და განიზრახეს ბერის თავიდან მოცილება, ამ მიზნით მოისყიდეს ერთი მრუში დედაკაცი და როცა ღირსი მამა საქადაგოდ ჩამოვიდა ხალხთან, მასთან ის დედაკაცი მიიყვანეს და უთხრეს: „მატყუარა ხარ და მრუში, ამის დასტურია ის, რომ ეს ქალი შენგან ბავშვს ელოდებაო". გარშემო უამრავი ხალხი შეიკრიბა, და აღშფოთებულნი წმიდა მამის საკადრისად დასჯას ითხოვდნენ. განცვიფრდა წმიდა დავითი, და შეკრებილ ხალხს მიმართა: „ძმანო და შვილნო ჩემნო, ღმერთმა იცის, რომ არ არის ეს დედაკაცი მართალიო“. ქალი კი ურცხვად აბრალებდა შვილის მამობას. მაშინ წმიდანმა ღმერთს შეწევნა სთხოვა, დედაკაცს მუცელზე რკინის კვერთხი დაადო და ხმამაღლა თქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ იესო ქრისტეს სახელით, გამოაჩინე ამ საქმის ჭეშმარიტება, გვაუწყე, მე ვარ შენი მამა?“. ჩვილმა დედის მუცლიდან მყისვე ამოსძახა: „მამაჩემი მჭედელია და არა დავით მოღვაწეო“*. განცვიფრდა ერი, განრისხებული ხალხის შეჩერება ვეღარც მამა დავითმა შეძლო - მათ დედაკაცი ჩააქვავეს. სანამ მოკლავდნენ, დედაკაცს ასცხადებია მამა დავითის ნათქვამი: „ქვასა შობო" და საშინელი ტკივილებით მართლაც ქვა უშვია. როგორც ამბობენ, ამ ადგილას არის აგებული ქუაშვეთად წოდებული წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

მამა დავითი ძველ სამყოფელში აღარ გაჩერებულა, თუმცა მისი წასვლის შემდეგაც არ დაუკარგავს ამ მთას მნიშვნელობა და ქართველებმა მას „მამა დავითის მთა“ უწოდეს (X ს-ში, ათონის მთის ივერთა მონასტრის ქართველმა ბერებმა აქ ივერიის ღვთისმშობლის სახელზე განაახლეს დანგრეული მონასტერი. და ვინაიდან ათონის მთას მთაწმინდა ეწოდება, ამიტომ მამა დავითის მთისთვისაც ეს სახელი უწოდებიათ და ივერიის მონასტრის ნაწილად ანუ ბინათა-ეზოდ დაუფუძნებიათ. XVII ს-ში სავანე ისევ განაახლეს ივერიის მონასტრის ბერებმა - დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა და შესწირეს მონასტრის გარშემო მდებარე თავიანთი წილი მამული).

ამ გარემოების გამო დავითი ლუკიანესთან ერთად მტკვრის გაღმა გასულა და ერთი ხანობა მეტეხის კლდის ფერდზე არსებულ მღვიმეში დროებით დამკვიდრებულა (ეს პატარა ქვაბი XX ს-ის დასაწყისში ჯოჯოს ეკლესიად იწოდებოდა. აღდგომის შემდგომ სამშაბათს თბილისელი ქალები იხდიდნენ ჯოჯოობის დღესასწაულს. აღნიშნული დღესასწაული დავით გარეჯელს უნდა უკავშირდებოდეს). დავითმა და მისმა თანამოღვაწემ იქ მცირე ხანი დაჰყვეს, შემდგომ კი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე კლდოვან ნახევარუდაბნოს მიაშურეს (ივრის ზეგანი, რომელზეც განლაგებულია გარეჯის მონასტრის დიდი ნაწილი, საქართველოში ყველაზე უწყლო, მცენარეულ საფარს თითქმის მოკლებული მხარეა).

ზაფხული იყო, გარეჯის უდაბნოს რომ მიადგნენ ბერები. სიცხითა და გზით დამაშვრალებმა კლდის ნაპრალს შეაფარეს თავი. დაიცხრეს წყურვილი დაგუბებული წვიმის წყლით და დასხდნენ დასასვენებლად. უდაბნოს უმკაცრესმა პირობებმა აღაფრთოვანა წმიდა დავითი და თავის მოწაფეს უთხრა: ძმაო ლუკიანე, ვხედავ, რამეთუ კარგი სამოღვაწეო ადგილია, აქ დავდგეთ და ღმერთი, როცა ნახავს ჩვენს გულმოდგინებას, მოგვივლენს ჩვენი უძლურების განმაძლიერებელ საღმრთო ძალასო. ლუკიანემ შეჰკადრა მოძღვარს: „მამაო, ჭეშმარიტია შენი სიტყვა, მაგრამ ვხედავ, რომ ამ უდაბნოში არც წყალია და არც საზრდელი. ვაითუ დავუძლურდეთ და ვეღარ შევძლოთ დათმენა ჭირთა და იწროებათა ამის უდაბნოისაო“. წმიდანმა გაამხნევა სულიერი შვილი. მოსაგრენი მღვიმეში დასახლდნენ და შეუდგნენ ლოცვას, შრომასა და სულიერსა მოღუაწებას. (დავით გარეჯელის ცხოვრების ძველ რედაქციაში ნათქვამია: „ხოლო ესე წმიდაჲ მამჲ ჩუენი დავით წარვიდა ადგილთა უდაბნოთა და ურწყულთა სჯად თავისა თჳსისა, რაჲთა წუთ ერთითა ჭირითა მოიპოოს საუკუნოჲ იგი და წარუვალი შუებაჲ და განსუენებაჲ, ამისთჳსცა აღირჩია აქა სჯაჲ გარეგან (გარე) უდაბნოთა შინა. ამისთჳს ეწოდების უდაბნოსა მას გარესჯაჲ“. პლატონ იოსელიანის განმარტებით „გარესჯა“ განმარტოებულ ადგილს, მოშორებით საგრობას ნიშნავსო. მ. საბინინი 1882 წელს გამოცემულ „საქართველოს სამოთხეში“ წერს: „გარესჯა, სიტყუა ესე საკუთრებით არა არს სახელოან, არამედ ნიშნავს გარეთ ყოფნასა, უდაბნოთ ცხოვრებასა, სოფლითგან მოშორებულსა“. „გარეჯა“ განმარტოებული ადგილის მნიშვნელობით ბოლოს წარმოადგინა კირიონ ეპისკოპოსმა დავით გარეჯელისა და მისი ლავრისადმი მიძღვნილ ნაშრომში, ამავე დროს მიუთითა იქ მრავალი გამოქვაბულების არსებობის შესახებაც).

უწყლობით შეწუხებულ ლუკიანეს მამა დავითი ღვთის სასოებით ანუგეშებდა, და „იყო საზრდელად მათდა მცენარე და მხალი ველური“. გადმოცემის მიხედვით, წმინდა დავითი გულმხურვალე ლოცვით შეევედრა უფალს და ცრემლით შესთხოვა წყაროს გამოჩენა. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა და მათ გამოქვაბულში აღმოცენდა წყარო, რომელიც ცრემლებივით მოწანწკარებდა და ერთ ადგილას გროვდებოდა (დავითის „ცრემლის წყარო“ ამჟამადაც წვეთობით გამოედინება კლდიდან და სხვადასხვა დაავადებებს არჩენს. იგი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და უზმოზე სვამენ. ამბობენ, რომ განსაკუთრებულად უშვილობასა და თვალის დაავადებებს შველის).

მზის შემწველ სიცხეში მცენარეულობა გადახმა, და ლუკიანემაც იწყო წუხილი. „განა არ იცი, რომ ყოველივე წარმავალია? რატომ წუხარ ბალახისათვის, რომელიც პირუტყვთა საჭმელია, უფალი კაცთათვის შემსგავსებული საზრდელით გამოგვკვებავს“ - გაამხნევა იგი წმიდა დავითმა. მართლაც მალე მათთან სამი ირემი მივიდა ნუკრებთან ერთად. მოძღვარმა მათი მოწველა უბრძანა მოწაფეს, შემდგომ რძეს ჯვარი გადასახა და ყველად (ხაჭოდ) რომ გადაიქცა, ის მიირთვეს. ლუკიანემ მადლობა შესწირა უფალს და აღუთქვა მას, რომ „უკეთუ განილინნენ ხორცნი ჩემნი სიყმილითა და მოაკლდეს სული ჩემი წყურვილითა, არღარა სად ვზრუნვიდე, რომელსავე მოკუდავთა ამათ და დაუდგრომელთა ხორცთათვის. ამაოსა ამის და წარმავალსა საწუთოსათვის, არც ვდრტვინვიდე მე საზრდელთათვის, ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა“.

მამა დავითის მღვიმის ქვემოთ, გამოქვაბულში, ერთი საზარელი ქვეწარმავალი ბუდობდა. გველს საშინელი თვალები და თავზე დიდი რქა ჰქონდა. ბოროტი მხეცმა ერთი ნუკრი მოსტაცა ირმებს და მათაც შეშინებულებმა მამა დავითთან მიირბინეს. ღირსმა მამამ აიღო რკინის კვერთხი და ირმის ნაკვალევით მხეცის ბუნაგს მიადგა. „ჰოი, ბოროტო, რატომ ავნე ჩემს ირმებს და ნუკრი შეუჭამე. აწ დაუტევე ეს ადგილი და წადი აქედან, რამეთუ ეს უდაბნო ღვთისთვის მოღვაწეთა ქალაქად უნდა იქცესო“, - მიმართა გველს წმიდა დავითმა. გველში ჩასახლებულმა ეშმაკმა კაცის ხმით უთხრა წმინდანს: „თუ გინდა, რომ წავიდე, ამოდი შენც ჩემთან ერთად ამ მთის თავამდე და შემდეგ, სანამ მდინარეს არ გადავლახავ, თვალი არ მომაშორო, მეშინია, ვაითუ ღმერთმა დამწვას შენი გამწარებისთვისო“. მამა დავითი წინ წავიდა და უკან გველი გაჰყვა. ის იმდენად საზარელი იყო, რომ წმიდა ლუკიანე შიშით პირქვე დაემხო. გაშორდა გველი მამა დავითს, საცაა მტკვარშიც შევიდოდა. „დავით“, - მოესმა წმინდანს ანგელოზის ხმა. მიიხედა უკან, თვალი მოაშორა მხეცს და ისიც ციდან ჩამოვარდნილმა ცეცხლმა ერთიანად დაწვა (ამ ადგილას სახლისოდენა მომწვარი ადგილი ჩანდა, სადაც ბალახი არასოდეს იზრდებოდა). კეთილმა ბერმა შეჰღაღადა ღმერთს: „ჰოი, უფალო, რატომ მოკალი გველი, რომელიც ასე სასოებით მომენდოო...“ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ წუხხარ, მამაო, მისი დაღუპვისათვის, ეგ მდინარეში შეცურდებოდა, ჩამოვიდოდა ზღვაში და ბევრ ნავსა და მენავეს დაღუპავდაო“. დავითი კი თავზარდაცემული ლუკიანე გაამხნევა: „როგორ შეგაშინა ჭიამ, რომელიც თვალის დახამხამებაში დაწვა ღვთის ცეცხლმაო“.

უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი სხვადასხვა ნადირი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები, რომელთაც ლუკიანე წველიდა. ისინი ფეხქვეშ ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. ღირსმა მამამ გააფრთხილა, - უდაბნოში არც საზრდელია და არც სასმელი. სჯობს სოფელში ემსახუროთ ღმერთსო. უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის მოღვაწეობისა და სასწაულები ამბავი მახლობელ სოფლებში გაავრცელეს და მონაზვნობის მსურველმა ადამიანებმა იწყეს მოსვლა მამა დავითის სავანეში. მრავალი მიიღებდა წმინდა ბერისაგან დიდ სულიერ ნუგეშს, ხოლო ზოგიერთნი მისი კურთხევით გამოკვეთდენ თავიანთთვის მღვიმეებსა და ლაკვანებს (ანუ ქვევრებს) წვიმის წყლის შესაგროვებლად და ადიდებდნენ „კეთილსა უღელსა მონაზონებისასა“. მალე უდაბნო ხალხით აივსო.

გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო (ზოგიერთი რედაქციის მიხედვით „დოდოს“-ი), ერისკაცობაში - კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, და შესთავაზა, რომ მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი. ღირსმა დოდომ მართლაც ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის განშტოება - დოდოს რქა.

წმინდა დავითს უყვარდა განმარტოებით ლოცვა. იგი კლდის ნაპრალში შევიდოდა ხოლმე და მიწის ცრემლით დამლტობი, ზეციერი მამისადმი აღავლენდა ლოცვებს. ერთხელ როდესაც იგი განმარტოებით ლოცულობდა, მასთან მონადირის ქორისაგან ლტოლვილი კაკაბი მოფრინდა. კაკაბს ქორი მოჰყვა და სულ მალე ნადირობის აზარტში შესული რუსთავის მთავარი ბარბაროსი (ანუ წარმართი) ბუბაქარიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მფარველობას ითხოვდა და მას უარი უნდა ეთქვა მის მოკვლაზე. ბარბაროსმა არა მარტო ყურად არ იღო ნათქვამი, არამედ ხმალიც აღმართა წმიდანის მოსაკლავად, მაგრამ როცა ხელი ჰაერში გაუშეშდა, უცებ გამოერკვა და სინანულის ცრემლისღვრით სთხოვა მამა დავითს, რათა იგი სულიერად და ხორციელად განეკურნა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბუბაქარმა ამჯერად წმიდანს მისი მკელობელი (კოჭლი) შვილის განკურნება სთხოვა. მამა დავითი დაპირდა, თუ უფლის ნება იქნება განიკურნებაო. მართლაც, შინ დაბრუნებულ ბუბაქარს სრულიად გამოჯანმრთელებული და გახარებული შვილი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. ბუბაქარმა მოუყვა ოჯახის წევრებს მის თავს გადახდენილი სასწაულები, შემდეგ სახედრებს პური და ფხალი აჰკიდა და სამივე ვაჟის თანხლებით მეუდაბნოე მამებთან გაეშურა. სურსათის ნაწილი მამა დავითმა ბერებს დაუტოვა, დანარჩენი კი წმინდა დოდოს გაუგზავნა ბუბაქარის ხელით და შეუთვალა, რომ მოენათლა იგი თავისი ახლობლებით. ნათელღებულნა ბუბაქარმა სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად მოიყვანა ოსტატები და დავითის სავანის ძმობას კლდეში ეკლესია გამოუკვეთა.

მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისაკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა. ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ გარეჯის უდაბნოში კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა.

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა იერუსალიმში წასვლა და წმიდათა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა: „სადაცა ვიდოდენ ფერხნი უფლისა და მაცხოვრისა.“ მან ლუკიანე მოიხმო და მის არყოფნაში სამწყსოზე ზრუნვა დაავალა, შემდეგ დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, იერუსალიმიც გამოჩნდა. მამა დავითი ქვე დაემხო, და უფალს შეჰღაღადა: „მადლობელი ვარ, უფალო, რომ მეც, შენი უღირსი მონა, ღირს მყავ მოწევნად და ხილვად შენი წმინდა ქალაქისა, სადა დასდგნენ ფერხნი შენნი. აღარ ვიკადრებ ჩასვლას ქვემოთ და შენი წმინდა ნაფეხურების დათრგუნვას. ჩემთვის საკმარისია ის მადლიც, რომელიც იერუსალიმის ოდენ ხილვით მომეცა“. კარგა ხანს ლოცულობდა და როდესაც ძმებმა გზის განგრძობა სთხოვეს, მან ვერ შეჰბედა იერუსალიმში შესვლა და სთხოვა ძმებს: „თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ილოცეთ უფლის საფლავზეო“. მარტო დარჩენილმა დიდი ლოცვისა და ცრემლთა ღვრის შემდგომ იმ ადგილიდან, სადაც მუხლმოდრეკით იდგა, სამი ქვა აიღო, იმხელა რწმენით, თითქოს ქვანი უფლის საფლავისგან არიან გამოკვეთილნიო, დიდის კრძალვით ჩააწყო აბგაში და. „ამას სიწრფოებისა და სარწმუნოებისა ზედა გაკვირვებულმან ღმერთმან“ ინება თავისი მონის დიდი სიმდაბლისა და ღრმა სარწმუნოების გამჟღავნება - იმავე ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქ ელიას და აუწყა: მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაჲ ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა, ხოლო შენ წარავლინე მალემსრბოლნი, რათა დაეწივნენ მას. დავითს კალათაში სამი ქვა უძევს, შენმა ხალხმა ამ ქვებიდან ერთი დაუტოვოს და უთხრას: „ამას გიბრძანებს შენ უფალი - შენი რწმენისთვის მიგეღო მადლი ჩემი წმინდა ქალაქის იერუსალიმისა. ხოლო მე სათნოდ მიჩნს, ორი ნაწილი უკანვე, იერუსალიმში, დავაბრუნო, რათა სრულიად არ იყოს განშორებული მადლისაგან. ხოლო მესამედი მადლისა შენთვის მომინიჭებია. წაიღე იგი უდაბოში, წმინდა ჰყავ შენი მისვლით, შენი სხეულის იქ დადებით (ანუ გარეჯას დაიმარხეო), რომლისა სარწმუნოებით შემხებელთა ჰპოვონ კურნება სულთა და ხორცთა. ხოლო ეგ ქვა გქონდეთ, ვითარცა ევლოგია, სახსენებლად და მისათხრობლად სარწმუნოებისა შენისა“. გაოცებულმა პატრიარქმა მალემსრბოლნი დაადევნა წმინდა დავითს. და როდესაც მიეწივნენ, თაყვანის სცეს მას და ყოველივე მოუთხრეს, შემდეგ კი კრძალვითა და სიმდაბლით გამოართვეს ორი ქვა და ერთი დაუტოვეს. ღვთის სახიერებით გაკვირვებული წმიდა დავითი დაემხო მიწაზე და მადლობა შესწირა უფალს. მიუხედავად პატრიარქის კაცთა ვედრებისა, ღირსი მამა აღარ მიბრუნდა იერუსალიმში, სადაც უკვე განთქმულ იყო მისი სახელი, დაბრუნდა გარეჯას და წმინდა ქალაქის მადლი თავის მონატრებულ სულიერ შვილებს მიჰფინა, ხოლო მადლის ქვა ეკლესიაში დაასვენა. მამა დავითის კვალდაკვალ იერუსალიმიდან მისი თანამგზავრებიც მობრუნდნენ, რომელთაც ძმებს მოუთხრეს ყოველივე, რაც ნახეს და გაიგონეს. მადლის ქვის თაყვანსაცემად კი უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. ამ ამბავმა საძმო რიცხვობრივად გაზარდა.

ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანისგან, რომელიც კლდეზე ცხოვრობდა, შეიტყო, რომ ამ კლდის ძირას მწარე წყალი მოწვეთავდა და ამ წყლით მორწყული ფხალიც კი საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. ბერს ამ წყლის სმა უწევდა, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველი უფრო მწარეა და აქ დათმენა სჯობს იმქვეყნიურ მარადიულ ტანჯვასო. წმიდანს შეეცოდა ბერი და უფალს შეევედრა, წყალი დაეტკბო. ჭურჭელი წყაროს წყლით აავსო და ჯვარი გარდასახა. მოხდა სასწაული და მწარე წყალი გატკბილდა.

გავიდა რამდენიმე ხანი. ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაჲ ესე საწუთოჲსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რაჲ სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა". შემდეგ იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი. რომელიც მისმა სულიერმა შვილებმა დიდი მწუხარებით იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. თავისი რჩეული უფალმა გარდაცვალების შემდეგაც განადიდა სასწაულებით: დაბადებიდან ბრმა ბერი მისი ცხედრის შეხებისთანავე განიკურნა... წმინდა მამის საფლავიდან აღმომავალი მადლი და კეთილსურნელება სულისა და ხორცის კურნებას მიანიჭებდა და კვალად მიანიჭებს მასთან მიმთხვეულთ.

მამა დავითის გარდაცვალების შემდეგ მადლის ქვა მონასტრის ძმებმა წმინდანის საფლავზე დააბრძანეს და მისი მადლით მრავალი იკურნებოდა. აქ სამგზის მოლოცვა, როგორც მოწმობს „ქართლის ცხოვრება“, უდრიდა ერთხელ იერუსალიმში წასვლას და იქაურ სიწმინდეთა მოლოცვას. მადლის ქვა დიდხანს იდო მამა დავითის საფლავზე და შემდგომ გადამალეს, ალბათ მტრის შემოსევისას. მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ 1811 წელს შეიტყვეს: იმ წელიწადს დავითგარეჯის წინამძღვრად ნამყოფმა არქიმანდრიტმა ილარიონმა (ბებურიშვილმა) განაახლა ფერისცვალების ეკლესია, რომელშიც განისვენებენ მამა დავითის წმინდა ნაწილები. საჭირო გახდა ცნობილი ორი სვეტის გაუქმება. ერთი მათგანი იყო კანკელის კარების ახლოს, აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო მეორე - აგურითა და კირით ნაშენი. პირველ სვეტში აღმოჩნდა კედელი, საკმაოდ ვრცელი, გაჯით გალესილი ნიშით. ნიშში ჩანდა ფრესკა, სადაც წმიდა დავითი და წმიდა დოდო იყვნენ გამოსახულნი, რომელნიც ერთმანეთს ამბორს უყოფდნენ ხელზე, ვითარცა დიდი ხნის უნახავნი. მასზე წარწერაა: „ხატი წმიდა დავითის მოსვლისა იერუსალიმით“. ხოლო როცა საჭირო შეიქმნა ამ კედლის დაქცევაც მხატვრობითურთ, გამოჩნდა კიდევ ერთი კედელი სხვა პატარა ნიშით. ეს ნიშიც გაჯით იყო გალესილი. სწორედ აქ იპოვეს წმინდა ქვა. ეტყობოდა, რომ მის წინ ნთებულიყო სანთელი. ქვა ბატის კვერცხზე მომცროა, 69 მისხალს იწონის. მოგრძოა, ბოლო-მომრგვალებული. ეტყობა სისხლის მუქი (დიდი ხნის მიმხმარი) კვალი. ქვა იმავე ეკლესიაში დაკრძალეს, ოღონდ სხვა ადგილას. მისი სამყოფელი მხოლოდ რამდენიმე უხუცესმა მამამ იცოდა. წმიდა დავითის ხსენების დღეს გამოიღებდნენ ხოლმე ქვას სამალავიდან თაყვანისსაცემად და მერე ისევ შეინახავდნენ.

1857 წელს მონასტერს თავს დაესხნენ ლეკები, გაძარცვეს და ააოხრეს წმინდა სავანე, ხოლო მამა დავითის ლუსკუმა დაანგრიეს და გაიტაცეს წმინდა ჭურჭელი, ძვირფასი ხატები და საკვირველმოქმედი ქვა, რომელიც წმ. ტრაპეზის ქვეშ პატარა კოლოფში ინახებოდა. მათ ტყვედ წაიყვანეს მღვდელმონაზონი მიტროფანე (ნაცვლიშვილი) და სამი მორჩილი. ლეკეთში დაბრუნებულებმა გაიყვეს ნაძარცვი, მადლის ქვა, რომლის მნიშვნელობა და ფასი არ ესმოდათ, ერთ-ერთი სახლის ჭერში შეინახეს. მამა მიტროფანეს დაუმახსოვრებია ეს ადგილი, ტყვეობიდან გამოსყიდვის შემდეგ ლეკთა შეუმჩნევლად ჩამოუღია მადლის ქვა და უკან დაბრუნებულს დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრისათვის, იოანე ჯორჯაძისათვის, გადაუცია.

1878 წელს ერთი თათარი მიახლოებია მღვიმეს, რომელშიც გამოწანწკარებდა „დავითის ცრემლად“ წოდებული წყარო. რაკი წყაროს ურჯულოს ხელი შეეხო, დაშრა. მეტად შეწუხდნენ მამანი. წინამძღვარმა, მამა სოფრონიმ (აბელიშვილმა), დაუყოვნებლივ მოიხმო ყველა. აიღეს მადლის ქვა და გაემართნენ მღვიმისაკენ. გადაიხადეს მამა დავითის პარაკლისი, განბანეს მადლის ქვა წყლით, რომელიც აიაზმად ასხურეს მღვიმეს. წყლით სხურების დასრულებამდე, მამათა სასიხარულოდ, კვლავ აჩუხჩუხდა წყარო. ქვათახევის მონასტრის ხელნაწერებში ასეთი ამბავიცაა მოთხრობილი: 1886 წლის 3-4 თებერვალს თათარი მწყემსები შესულან „დავითის ცრემლის“ მღვიმეში და იქ თავიანთი სარწმუნოებრივი რიტუალი, „ნამაზი“ ჩაუტარებიათ, რის შემდეგაც წყარო კვლავ დამშრალა. როცა ეს მონასტრის ბერებმა შეიტყვეს, წინამძღვარმა მამა დავითის სახელზე პარაკლისი გადაიხადა, ამოაბრძანეს ამ ადგილზე მადლის ქვა, ნაკურთხი წყალი აპკურეს და'„დავითის ცრემლებმა“'ისევ დაიწყო დენა. წმინდა ქვა ამჟამად საპატრიარქოში ინახება და ყოველი ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს გამოაბრძანებენ თაყვანისცემისთვის, საფლავზე კი დაბრძანებულია მისი ასლი.

დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება ილარიონ ქართველის [+875; ხს. 19 (02.12) ნოემბერი] სახელთანაა დაკავშირებული. წმ დავით გარეჯელის ცხოვრების მოკლე და მეტაფრასულ რედაქციებში (დავით გარეჯელის ღვაწლი მისივე სიცოცხლის ახლო ხანებში აღუწერიათ, მაგრამ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელახლა შედგენილ „ცხოვრებათაგან“ ცნობილია ორი რედაქცია: პირველი დაწერილია X საუკუნეში და ითვლება მოკლე რედაქციად, მეორე - XII ს-ში და ითვლება ვრცელ მეტაფრასტულ რედაქციად.) ნათქვამია, რომ ბუბაქარისაგან კლდეში გამოკვეთილი ეკლესია მამა ილარიონმა განავრცო, განამშვენა და აკურთხა. ამავე ეკლესიაში შექმნა მან დავით გარეჯელის ნაწილთა დასასვენებელი ლარნაკი შემდგომ კი ეს ეკლესია წმ. დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრემ გააფართოვა და გადააკეთა.

XI ს-ში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII ს.ს- ში. ჩამოყალიბდა მონასტრების არაერთი კომპლექსი, რომლებიც უზარმაზარ ფართობზე იყო გადაჭიმული და ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. ისინი გარეჯის მთებსა და ივრის ხეობის ქვედა წელის მიდამოებში, მტკვრის პარალელურად განლაგებულ ხრიოკ კლდეებში მდებარეობენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთით განლაგებული არიან შემდეგი თანამიმდევრობით: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხატური, თეთრ-სენაკები, დოდოს რქა, ლავრა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. თუ მონასტრებად ჩავთვლით მღვიმიდან ქოლაგირამდე ბერების სერზე განაწილებულ, ერთმანეთისაგან 1-2 კმ-ით დაშორებულ ცალკეულ ჯგუფებს, რომელთა სახელები უცნობია, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. თავის დროზე აქ გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრების საკუთარი წესი, გამოქვაბული სადგომების თავისი, დამახასიათებელი გადაწყვეტა, სასულიერო ლიტერატურის საკუთარი სკოლა.

ამავე პერიოდში გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.

გარეჯის ფრესკების მნიშვნელობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმ. დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში.

XIII ს-ში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები.

XIV ს-ში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობისას, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV და XV ს-თა მიჯნაზე თემურ ლენგმა მრავალგზის ლაშქრობებისას ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა, როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.

1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავით-გარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1615 წ. შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს, ხოლო 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა კვლავ დაარბია დავითგარეჯა, რის შემდეგაც მონასტრები გაუქმდა.

XVII ს-ის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წ. მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები. ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.

XVIII ს-ში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. ამავე საუკუნეში გახშირებული (ხშირი) თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX ს-ის II ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.

1881წ. „დოდორქის“ მონასტრიდან დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესიაში გადმოასვენეს დოდო გარეჯელის წმინდა ნეშტი. აქვეა დაკრძალული წმინდა ლუკიანეც.

საუკუნეების განმავლობაში გარეჯის უდაბნოს სახელს მრავალი ცნობილი საერო თუ საეკლესიო მოღვაწეობის სახელი დაუკავშირდა. მათ შორის არიან ბერად აღკვეცილი დემეტრე I და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ანტონი (XIIს.), წმიდა პიმენ სალოსი (XIIIს.), წმიდა იოანე მანგლელი, (ქართლის კათალიკოსი) ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, (საქ. კათოლიკოსი 1730-1737 წლებში), სასულიერო მწერალი, მართლმადიდებლობის დამცველი და შესანიშნავი მოქადაგე ტიმოთე გაბაშვილი, ქართლის მთავარეპისკოპოსი, განათლებული ღვთისმეტყველი და მწერალი; კათოლიკოსი ანტონ I; გაბრიელ მცირე - სასულიერო მწერალი; წინამძღვარი ონოფრე მაჭუტაძე; სვიმონ გარეჯელი -სასწაულთმოქმედი მამა; სულხან-საბა ორბელიანი, რომელმაც აქ შექმნა დიდებული ჰომილეტიკური ნაწარმოები „სწავლანი“ და „სიტყვის კონის“ დიდი ნაწილი, თარგმნა და შეასწორა მრავალი თხზულება; ღირსი ექვთიმე (მჭედლიშვილი) - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი და წმ. ნინოს დაუჯდომლის ავტორი (+1804); გრიგოლ დოდორქელი; გაბრიელ ქიქოძე და სხვ.

გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს და თარგმნიდენ საღვთისმეტყველო მწერლობის უმნიშვნელოვანეს თხზულებებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.

XX ს-ის 80-იანი წლების ბოლოს დავითგარეჯში სამონასტრო ცხოვრება კვლავ განახლდა. ამჟამინდელი მეუფე დავითი, ამბა ალავერდელი (ირაკლი მახარაძე), არქიტექტორი იყო, პროფესიული საქმის შესრულების შემდეგ იქ დარჩა და სამღვდელო ხარისხში გააგრძელა მსახურება. ფაქტობრივად, მის დროს აღორძინდა დავითგარეჯში სამონასტრო ცხოვრება. მეუფე დავითის შემდეგ რამდენიმე წინამძღვარი გამოიცვალა მონასტერმა, ზოგიერთი მღვდელმთავრადაც ეკურთხა: მეუფე ანდრია, მეუფე ლუკა, რომლის წინამძღვრობისას მონასტერში გარკვეული აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. ამჟამად მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ილარიონი (ჭიღლაძე).

დავით გარეჯის მომლოცველები მამა დავითის ჩაუქრობელი კანდელიდან აღებულ წმიდა ზეთს შუბლზე ჯვრის ფორმით ისვამენ, რათა ავი ზრახვებისაგან დაიცვას და გონება გაუნათოს.

ყოველ ხუთშაბათს მთაწმინდის „მამა დავითის“ დიდ ტაძარში მის სახელზე პარაკლისი ტარდება. ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში კი, რომელიც მღვიმეზეა მიდგმული (წმ. ლუკიანეს ჯვარგუმბათოვანი საყდარიც კლდეზეა მიბჯენილი), ოთხშაბათობით აღევლინება წირვა-ლოცვა. საკურთხევლის წინ არის მამა დავითის საცხოვრებელი მღვიმე, საიდანაც სამკურნალო წყალი მოედინება, ამ ადგილის მოპირკეთებისას უძველეს ნიშს მიაკვლიეს, რომლის მიღმა არაჩვეულებრივი მღვიმე გამოჩნდა. როგორც ჩანს, დავით გარეჯელს აქ სენაკიც ჰქონია მოწყობილი. სწორედ აქ გამოეცხადა ღვთისმშობელი და წყაროც აპოვნინა. აქვე ნაპოვნია წმინდა ნაწილები... დავითის ცრემლის წყაროზე მიდგმულია ჯვარგუმბათოვანი სამლოცველო.

მთაწმინდა, - მამადავითი; ქაშვეთის ტაძარი და გარეჯის უდაბნო - სამივე მათგანში მოედინებოდა ან მოედინება მამა დავითის ცრემლითა და ლოცვით აღმოცენებული წყაროს წყალი, რომელიც მრავალ კურნებას აღასრულებდა და კვლავ აღასრულებს.

მამა დავითი მორწმუნე ოჯახების მფარველად ითვლება და სასწაულებრივად შეეწევა შვილიერების მთხოვნელთ. იგი დიდი მეოხია თვალის დავადებებისას, და იცავს ბოროტი ძალებისაგან. მას გამორჩეულ პატივს მიაგებს რუსეთის ეკლესიაც. მისი წმინდა ხატები მრავალ ტაძარშია დაბრძანებული, და მათ წინაშე დაუცხრომლად ლოცულობენ.

წმინდა დავით გარეჯელის ლოცვა შეეწიოს ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანსა და სრულიად საქართველოს! ამინ!

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა