ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.

უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი“ უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“, - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. და მეყსეულად შევიდა  სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“, - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია „განმანათლებელი“, ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.

მოამზადა ნიკოლოზ ლანჩავამ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

ამ დღეს მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება

ცოდვით დამძიმებული ქვეყნიერებისთვის ყოველივე სიკეთის დასაბამად ის დღე იქცა, როცა ყოვლადწმიდა ქალწულს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. ამ დღეს არა მხოლოდ ღვთისმშობელს, არამედ მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება.

განვლილი საუკუნეების მანძილზეც მრავლად იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც ეჭვი შეაქვთ მაცხოვრის უბიწოდ შობაში, მით უფრო, რომ ქალწული მარიამი დაწინდული იყო. ასეთი გაუკუღმართებული აზრის მქონეთა პასუხად ისევ სახარებას მოვიშველიებთ. მათე მახარებელი პირდაპირ ამბობს, რომ მართალი იოსები საოცრად დაიბნა, რომ მარიამი „მიდგომილ“ ანუ ორსული აღმოჩნდა (იოსები ჩვეულებრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში რომ ყოფილიყო მარიამთან, ეს ამბავი არ უნდა გაჰკვირვებოდა). და ვინმეს რომ არ დაებადოს კითხვა, თუ როგორ შეიქნა ფეხმძიმედ ქალწული, წმინდა მათე იქვე ურთავს: „სულისაგან წმიდისა“.

ნუ ვიკითხავთ, როგორ ჩასახა სულიწმიდამ ყრმა ქალწული მარიამის წიაღში. შევძლებთ კი ჩვენ, მიწისაგან შობილნი, ავხსნათ ეს საიდუმლო, რომელსაც თვით ანგელოზებიც კი ვერ სწვდებიან? მხოლოდ იმის ცოდნას უნდა დავჯერდეთ, რომ ეს საიდუმლო მოახდინა ღვთის სულმა. ქრისტეს ჩასახვა ქალწულ მარიამში უფლის დიდი სასწაულია, რომელიც ამოუცნობ საიდუმლოს შეიცავს. როგორ დაეტია საშოში დაუტევნელი, ყველგან მყოფი, გარეშემოუწერელი?.. ყოველივე ეს კაცთა გონებისთვის მიუწვდომელია. ვირწმუნოთ ის, რაც გაცხადდა ჩვენთვის და ნუ შევეცდებით, მივაგნოთ იმას, რაც ჩვენგან დაფარულია.

რატომ მოხდა, რომ ძე ღვთისა დაწინდვის შემდეგ კი არა, დაწინდვამდე ჩაისახა წმინდა ქალწულში? ანდა თუკი მარიამმა ღმერთს მარადიული ქალწულების აღთქმა მისცა, რატომ მიიჩნია უფალმა საჭიროდ მისი მამაკაცზე დაწინდვა? - სწორედ აქ არის დამარხული ღვთის განგებულების დედაარსი: უფალმა არ ისურვა, რომ იუდეველებს  იესოს დაბადებისთანავე გაეგოთ მისი ქალწულისაგან შობა. ღვთისთვის უმჯობესი იქნებოდა, თავისი კურთხეული ძის განხორციელების საიდუმლო დრომდე დაეფარა, რათა ბოროტისათვის არ გაცხადებულიყო, რომ ყოვლადწმიდა მარიამი იყო ის ქალწული, ვისზეც წინასწარმეტყველებდა წმიდა ესაია: „აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს“ (ესაია 7,14). იუდეველებს ეს საიდუმლო რომ გაეგოთ, ბოროტის ჩაგონებით ქალწულს რჯულის კანონით გაასამართლებდნენ, როგორც მეძავს და ჩაქოლავდნენ. თუკი მზად იყვნენ, იესო მხოლოდ იმის გამო ჩაექოლათ, რომ შაბათს კურნავდა სნეულებს, როგორღა აპატიებდნენ მარიამს უქმროდ ძის შობას? თუკი თვით ქალწულის დამწინდველ მართალ იოსებს შეეპარა ეჭვი მარიამის სიწმინდეში, როგორ მიიღებდნენ ამ საიდუმლოს გაბოროტებული და ცოდვისაგან გადაგვარებული ურიები?

მართალმა იოსებმა, რომელმაც ღვთისაგან შეიტყო დაფარული, უდიდესი მოკრძალებით დაიწყო ქალწულის მსახურება. მისი სახით ღმერთმა მარიამს შესძინა ხილული მცველი და მფარველი, რომელიც განსაკუთრებით სჭირდებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს ეგვიპტეში ლტოლვის დროს.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ ემცნო მართალ იოსებს ეს საიდუმლო.

მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზმა ქალწულს მესიის ჩასახვა ახარა, მარიამმა მოინახულა თავისი ნათესავი მართალი ელისაბედი, ვისთანაც მან სამი თვე დაყო. სამი თვე, რა თქმა უნდა, საკმარისი დრო გახლდათ იმისთვის, რომ ქალწულს ფეხმძიმობა დასტყობოდა. სხვებზე ადრე ეს იოსებმა შეამჩნია. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მის სულში, როცა შინ დაბრუნებული ქალწული, რომლის შერთვასაც აპირებდა, ასეთ მდგომარეობაში იხილა. ალბათ, რას არ ფიქრობდა მარიამზე, რა მტანჯველი ეჭვები არ აწუხებდა მის სულს! ყოველივეს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა ის, რომ იოსებმა კარგად იცოდა, რაოდენ ანგელოზებრივად ცხოვრობდა აქამდე მისი დაწინდული ქალწული, ვისი უმანკოების დაცვა და მფარველობაც თავად იდო თავს. ალბათ, თვალებს არ უჯერებდა და ვინ იცის, რამდენჯერ საგანგებოდ დააცქერდა, ეს მტანჯველი ეჭვი როგორმე რომ გაეფანტა. ეგებ ისიც კი განიზრახა, თავად მარიამისთვის გამოეკითხა ყოველივე, მაგრამ ვერც ეს შეძლო... იქნებ დალოდებოდა, რომ დაწინდულს თავად გაემხილა საიდუმლო? მაგრამ მარიამი არაფერს ამბობდა... ყოვლადწმიდა ქალწული დუმდა, რადგან დუმდა თვით უფალი. რაღა უნდა ექნა იოსებს? მას, მართალია, ჰქონდა უფლება, მარიამი ემხილებინა და მოსეს კანონით დაესაჯა, მაგრამ ასეთი სიმკაცრე უცხო იყო მისი კეთილი ბუნებისათვის, არ სურდა ქალის საჯაროდ მხილება, ყველას წინაშე შერცხვენა და უმაღლესი სამსჯავროსთვის გადაცემა, ამიტომ „იზრახა ფარულად განტევება მისი“ - გადაწყვიტა, ფარულად გაშორებოდა მას, ხმაურისა და ყველა იმ ფორმალობის გარეშე, რასაც კანონი ითხოვდა გაყრის საბუთის მიცემისას. ამის უფლება ჰქონდა, ვინაიდან დაწინდვა ქორწინებად არ ითვლებოდა და განსაკუთრებული ფორმალობები საჭირო არ იყო.

„და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ“, - როგორც კი ქალწულის სახლიდან გაშვების აზრი განმტკიცდა მასში, - „ანგელოზი უფლისა (წმინდა მამები ვარაუდობენ, რომ ეს იყო მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ქალწულს მის წიაღში მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვა ახარა) ჩუენებით გამოუჩნდა მას“.

საოცარია - იესო დაბადებამდე, დედის მუცელში ყოფნის დროსაც კი, უკვე ეზიდებოდა დამცირების მძიმე ჯვარს, რომელიც დაბადების შემდეგ მთელი თავისი ამქვეყნიური ცხოვრება უნდა ეზიდა...

როგორც იქნა, განსაცდელი დასრულდა. უფლის ანგელოზი ძილში გამოეცხადა იოსებს (რადგან მოხუცის ღვთივმორჩილ სულს არ სჭირდებოდა უფრო საკვირველი ჩვენება) და „ჰრქვა: იოსებ, ძეო დავითისო!“ იოსები უბრალო ხურო იყო, ანგელოზმა კი სახელოვანი მეფის - დავითის ძედ მოიხსენია იგი, რითაც შეახსენა, რომ იგი იყო კანონიერი მემკვიდრე აღთქმულისა, რომელიც ეუწყა დავითს - მესია შენს შთამომავალთაგან იშვებაო. ანგელოზის სიტყვები დაახლოებით ამას ნიშნავდა: დავით მეფის ჩამომავალო, რატომ სულმოკლეობ და შფოთავ? რა თქმა უნდა, რომ არა ეს ეჭვი, შენ მის გაშვებას არც იფიქრებდი. ნუ გეშინია, ის წმინდაა და არაფერში მიუძღვის ბრალი, - „ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა“, - მე არ მოვიხსენებდი მას შენს ცოლად, დაწინდვის შემდეგ რომ არ დაეცვა სიქალწულე თვისი. უშიშრად მიიღე შენს სახლში ის, ვინც გონებით უკვე მოიცილე თავიდან. „რამეთუ რომელი იგი მისგან იშუეს“, ადამიანისგან კი არა, ღვთისგანაა ჩასახული - „სულისაგან წმიდისა არს“.

ასე განეცხადა იოსებს ძე ღვთისას ქალწულისაგან უთესლოდ შობის გონებამიუწვდომელი საიდუმლო. მას ეუწყა ის, რასაც აზრადაც კი ვერასოდეს გაივლებდა. ყოველივე ეს ისეთი სიცხადით ამცნო ანგელოზმა, რომ აღარ შეიძლებოდა, მოხუცს მცირედი ეჭვი მაინც დარჩენოდა. ამასთანავე, ჩვენებას ახლდა კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ გამოცხადება ჭეშმარიტი იყო: ანგელოზმა აუწყა, რომ მარიამი მუცლით ატარებდა ძეს - არ შეიძლებოდა, ეს უბრალო სიზმრით გაცხადებულიყო.

ამ ჩვენების შემდეგ მართალი იოსების კეთილ სულში გაქრა ეჭვის მარცვალი და გახარებული, გულმშვიდად შეუდგა ღვთის ნების აღსრულებას.

მოამზადა დიაკვანმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 4 (15), 2005 წ.