დოქიარის მონასტერი

მონასტრის კარიბჭე

დოქიარის წმინდა მონასტერი დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ათანასე ათონელის თანამოსაგრის, წმინდა ექვთიმეს, დიდი ლავრის ყოფილი მეკელიის (ბერძნ. დოქიარის) მიერ. როგორც ჩანს, წმინდა ექვთიმემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის პატარა მონასტერი დაფნის ნავსადგურის ახლოს X საუკუნის II ნახევარში დააარსა. XI საუკუნის დასაწყისში, ახალი იღუმენის დროს, მეკობრეთა შემოსევებით შეწუხებული ბერები სხვა ადგილზე გადასახლდნენ. მოგვიანებით მონასტრის ტაძარი იკურთხა მთავარანგელოზთა სახელზე. დოქიარის მონასტერი, წესდების მიხედვით, ათონის იერარქიაში მე-10 ადგილზეა. XIV საუკუნის მძიმე ხანაში იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი და სერბეთის მეფე სტეფან დუშანი მონასტერს სხვადასხვაგვარ დახმარებას უწევდნენ. მომდევნო საუკუნეებში სავანემ არნახული გაჭირვება გადაიტანა. XVI საუკუნეში იღუმენ ალექსანდრეს, მოლდოვა-ვლახეთის ბატონისა და მისი მეუღლის დახმარებით თურქების მიერ განადგურებული მონასტერი აღორძინდა. XVII საუკუნეში აღდგა მონასტრის კოშკები, ხოლო 1660 წელს მას მიენიჭა სტავროპეგიალურის სტატუსი.

მონასტრის შიდა ხედი

მონასტრის სამრეკლო აშენდა XVIII საუკუნეში. ოსმანთა იმპერიის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყების დროს თურქები სასტიკად აწამებდნენ ბერებს, მთლიანად გაძარცვეს მონასტერი.

მონასტრის ღირსშესანიშნაობაა XVI საუკუნის ტაძარი კრეტული სკოლის ფრესკებით. მდიდრული კანკელი 1783 წელს დაიწერა. დოქიარი თავის ტერიტორიაზე 12 ტაძარს ითვლის, ხოლო მის გარეთ - 4-ს, რომლებიც გალავნის კედლების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობენ.

მონასტერს გააჩნია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები, ბიბლიოთეკაში დაცულია 545 ხელნაწერი, მათგან 62 პერგამენტზეა დაწერილი და 5000 ნაბეჭდი წიგნი. დღეისათვის დოქიარში 30 ბერი მოღვაწეობს.

სწორედ დოქიარის მონასტრიდან ჩამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებული ხატის ასლი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ბრძანდება.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.