წმიდა პავლეს მონასტერი

სავანე ათონის მთის დასავლეთ ნაწილში, ნავსადგურთან ახლოს მდებარეობს. მონასტრის აღმშენებლად, გადმოცემით, X საუკუნის მოღვაწე ღირსი პავლე ქსიროპოტამელი მიიჩნევა.

მონასტრის მთავარი ტაძარი

ათონზე კატალონიელების თავდასხმის შემდეგ მონასტერმა დროებით დაკარგა დამოუკიდებლობა და ქსიროპოტამის მონასტრის სენაკებად იქცა. 1370 წელს, სერბეთის ბატონის გიორგი ბრანკოვიჩის წყალობით, მან დამოუკიდებლობა დაიბრუნა და გაძლიერდა. XV-XVII საუკუნეებში აქ ხალისით სახლდებოდნენ სლავი ბერები.

ხანძრებისა და სხვა უბედურებების, მათ შორის - 1911 წლის წყალდიდობის შედეგად მონასტერმა არაერთი ნაგებობა დაკარგა, რომლებიც დროთა განმავლობაში აღადგინეს. უფლის მირქმის სახელობის ტაძარი 1839-1844 წლებში ხელახლა აშენდა და მთლიანად მარმარილოთი მოპირკეთდა. ტაძრის კანკელი ათონის ხეზე კვეთის კლასიკური ნიმუშია. შემორჩენილ ნაგებობათაგან უძველესია XVI საუკუნის თავდაცვითი კოშკი.

სავანეში 12 სალოცავია. ბიბლიოთეკაში ხუთასამდე ხელნაწერი და თორმეტი ათასზე მეტი ძველი ნაბეჭდი წიგნი ინახება. ხელნაწერთაგან 174 სლავურია.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.