სიმონოპეტრას მონასტერი

სიმონოს პეტრას, ანდა სიმონოპეტრას (სიმონის კლდე) წმინდა მონასტერი, რომელიც 1257 წელს, ხილვის შემდეგ დააარსა ღირსმა სიმონმა, უდავოდ ყველაზე გაბედული არქიტექტურული კომპოზიციაა ათონის მთაზე. ის მყარად დგას 330 მეტრი სიმაღლის მთათა სისტემის მწვერვალზე. მთელი ნაგებობა დასტურია იმისა, რომ ასეთი რამ მხოლოდ ღვთის მადლით არის შესაძლებელი.

მონასტრის მთავარი ტაძარი

1363 წელს მონასტერი მთლიანად გადაკეთდა. ამისთვის გულუხვი შემოწირულობა გაიღო სერბეთის მეფემ იოანემ, რომელიც ამის გამო მონასტრის მეორედ დამაარსებლის რანგში იხსენიება.

წმინდა მთის III ტიპიკონში სიმონოპეტრას ოცდამესამე ადგილი ეკავა მაშინდელი ათონის მონასტრებს შორის, ხოლო თანამედროვე იერარქიაში მეცამეტე ადგილზეა.

სამწუხაროდ, ვერც ეს მონასტერი გადაურჩა ჟამთა სიავეს... 1570 წლის ხანძარმა მოსპო უნიკალური დოკუმენტები, მათ შორის - ისინიც, რომლებიც მონასტრის ისტორიის ბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნებოდა.

1622 წლის ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა მონასტრის ხელნაწერებს.

სიმონოპეტრა, რომელიც საერთო ცხოვრების წესებით ცხოვრობდა, XVII საუკუნეში თვითშენახვაზე გადავიდა. ის არასდროს დაურბევიათ მეკობრეებს, მაგრამ თურქების აუტანლად მძიმე გადასახადებმა ბერებს სავანის დატოვება აიძულა.

მონასტრის ხედი

XVIII საუკუნეში, მღვდელმონაზონ იოსაფატ მიტილენელის უდიდესი ძალისხმევით ასიმოპეტრას (თურქული ბატონობის დროს ასე იწოდებოდა მონასტერი) სავანეს კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლე. XIX საუკუნეში მონასტრის სამხრეთ ნაწილში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენეს.

1891 წელს მორიგმა ხანძარმა მონასტრის ძველი ნაგებობები და საგანძური იმსხვერპლა.

XX საუკუნეში სიმონოპეტრას აღორძინებისა და აყვავების ხანა დაუდგა. განსაკუთრებით კეთილისმყოფელი გამოდგა პერიოდი, როცა ათონის წმინდა მთა თურქებისგან გაათავისუფლეს და მონასტერს განათლებული წინამძღვრები ნეოფიტე, იოანიკე და იერონიმე ჩაუდგნენ სათავეში.

XX საუკუნის შუა ხანებში, მეტადრე - 1963 წელს, როცა ათონი ათასწლოვან იუბილეს დღესასწაულობდა, სიმონოპეტრას არცთუ ნათელი პერსპექტივა ჰქონდა, თუმცა 70-იან წლებში მონასტერი თანდათან გამოცოცხლდა და აღორძინდა.

მონასტრის მეურნეობა

ოდესღაც სავანეს უამრავი საშემოსავლო სახლი და ფერმა ჰქონდა. მათგან უძველესია სიტონიაში მდებარე პეტრიოტიკო. დღეს მონასტერს საშემოსავლო სახლები აქვს სალონიკში, ათენში, ქალკიდაზე, საფრანგეთსა და რუმინეთში.

სიმონოპეტრას ტაძარი, რომელიც დაახლოებით 1600 წელს აიგო, მაცხოვრის შობის სახელზეა ნაკურთხი. ამჟამინდელი სახე მან 1891 წლის ხანძრის შემდეგ მიიღო. მონასტრის ტერიტორიაზე 4 ტაძარია, მის გარეთ - რვა.

მონასტრის არქივში დაცულია უამრავი ბერძნული, თურქული, რუმინული დოკუმენტი, საგალობელთა გრაგნილები, ნაბეჭდი წიგნები, თუმცა ყველა პოსტბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.

მონასტერში დაცულია ძვირფასი ხატები, შესამოსლები, ვერცხლის ნაკეთობანი, გრავიურები, ანტიმინსები, მაგრამ მისი უდიდესი განძია მარიამ მაგდალინელის მარჯვენა, რომელიც 2000 წელია უხრწნელად ინახება. ამჟამად მონასტერში 50 ბერი მოღვაწეობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.