დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი

დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი შუაგულ ქართლში, ქარელიდან 15-იოდე კილომეტრის დაშორებით, სოფელ დირბის განაპირას მდებარეობს. თავდაპირველად აქ X საუკუნეში აუშენებიათ მცირე დარბაზული ეკლესია, მას XIV ს-ის შემდგომ XV-XVI ს-ში ჩრდილოეთიდან, XVII ს-ში კი სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე აფსიდებით დაბოლოებული მინაშენები მიადგეს, ხოლო დარბაზული ნაგებობის ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ღიობი გაჭრეს, რის შემდეგაც ეკლესიამ სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცე მიიღო.

ეკლესია სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილშია, მის სამხრეთით აგურით ნაგები სამრეკლო და სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. კომპლექსს კირდუღაბით ნაგები, აწ დანგრეული გალავანი ზღუდავდა.

სოფ. დირბი, თავისი მონასტრით საისტორიო საბუთებში მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეებიდან ფიგურირებს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დვანის წყლის (იგივე აღმოსავლეთი ფრონე) „დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იჱრუსალემის ჯვარის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იჱრუსალემს“. ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო და მას ჯვრის მონასტრის აქიმანდრიტი განაგებდა; მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე, საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთიერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსა და დირბის ღმრთისმშობლის მონასტერს შორის XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. დირბის ეკლესიის XIV საუკუნის მოხატულობის იკონოგრაფიისა და სტილის ანალიზზე დაყრდნობით ნ. ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ დირბის ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და მაცხოვრის საფლავის მეტოქი, შესაძლოა, უკვე XIV საუკუნეშივე ყოფილიყო, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. წერილობით წყაროებში დირბის უძველესი მოხსენიება XVI საუკუნეს განეკუთვნება: იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავისათვის სვიმონ I (1556-1600 წწ.) შეუწირავს, რასაც გვაუწყებს სვიმონის მეუღლის ნესგან-დარეჯანის 1588 წელს გაცემული საბუთი. ნ. ხუციშვილის განმარტებით, ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ მეფე სვიმონი დირბის პირველშემწირველია და არა ძველი შეწირულების განმაახლებელი, შეწირულების დრო კი 1556-1588 წლებითაა შემოსაზღვრული.

სავარაუდოდ დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის გაფართოების ერთი დიდი ეტაპი სწორედ ამ პერიოდში მოხდა: მარტივ დარბაზულ ეკლესიას (რომელსაც, შესაძლებელია, უკვე ჰქონდა მოკლე ჩრდილოეთი მინაშენი) ჩრდილოეთიდან მიაშენეს დაბალი მკლავი, რომლის თავზე მეორე სართული - სამალავიც მოეწყო, ცენტრალური დარბაზის სივრცე კი ჩრდილოეთით დაბალი თაღებით გაიხსნა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა XIV საუკუნის შუა ხანების კედლის მხატვრობა. ამრიგად, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დირბის ეკლესია ორქანობა სახურავით გადახურულ ორნავიან ნაგებობად გადაკეთდა.

როსტომ მეფემ (1632-1658 წწ.) და დედოფალმა მარიამმა (+1684 წ.) ს) 1650 წლის ათ აპრილს გაცემული სითარხნის წიგნით განაახლეს დირბის იერუსალიმისადმი შეწირულება. დოკუმენტის მიხედვით, სოფელი დირბი თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადებისგან იმ პირობით, რომ იერუსალიმისთვის ყოველწლიურად ექვსი ათასი თეთრი ეხადა. სწორედ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საფიქრებელია, დედოფალ მარიამის შეწევნით, ჩატარდა დიდი სამშენებლო საქმიანობა დირბის მონასტერში: ეკლესიას სამხრეთის მხრიდან აგურით ნაგები ნავი მიუშენდა და, სათანადოდ, ცენტრალური დარბაზის სამხრეთ კედელში ორი მაღალი თაღი გაიხსნა, რის შედეგადაც ეკლესია სამნავიან ნაგებობად გარდაიქმნა; დროთა ვითარებით დაზიანებული XIV საუკუნის ქვის კანკელის ნაცვლად ამავე დროს ააგეს აგურის იკონოსტასისებრი კანკელი, რომელიც მაშინვე მოიხატა კიდეც; ისრული თაღით შეიმკო ცენტრალური ნავის აღმოსავლეთი ღიობი, ხოლო თაღის თავზე წითელი საღებავით ღმრთისმშობლის ცხრასტრიქონიანი სადიდებელი დაიწერა, და ბოლოს, ამ დროსვე უნდა აეშენებინათ ფანჩატურით დასრულებული ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში ეკლესიასთან მისასვლელი კარიბჭე გაიმართა. ქართლის დედოფალ მარიამის მიერ იყო დაფინანსებული დირბის სიახლოვეს სოფელ არადეთის წმ. საბა განწმენდილის სახელობის დარბაზული ეკლესიის (1666 წ.) მშენებლობაც და „ძირითურთ აღმოფხვრილი“ ურბნისის ტაძრის (1668 წ.) აღდგენაც. ეს უკანასკნელი, დირბის XVII საუკუნის სამშენებლო ფენის დარად, აგურითაა განახლებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ დედოფალი მარიამი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის გაწეული დიდი ღვაწლისათვის XVII საუკუნის ორმოციან წლებში ტაძრის კედელზეც გამოსახეს და ჯვარისმამა ნიკიფორემ, რომელიც ჯვრის მონატერს წინამძღვრობდა 1643-1649 წლებში, მისთვის კარგაღებული აღაპიც დააწესა, არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედოფლისვე სახსრებით ჩატარებულიყო ჯვრის მონასტრის მეტოქი დირბის მონასტრის აღდგენა-მშენებლობაც, რაც შეწირულების წიგნის გაცემის მომდევნო ხანაში, ალბათ, XVII საუკუნის სამოციან, უფრო სამოცდაათიან წლებში (საფიქრებელია, ურბნისის აღდგენის შემდეგ) უნდა მომხდარიყო.

1785 წელს ერეკლე მეფეს დირბისთვის შეუვალობა განუახლებია.

XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს, ისევე როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისაგან მხოლოდ მარანიღაა შემორჩენილი, ჩამტვრეული ქვევრებითა და საქაჯავით. მწერალ ს.მგალობლიშვილის ცნობით, „ქრისტეს საფლავის წინამძღვართა“ ეს სასახლე, რომელსაც მაღალი ქვიტკირის ბეღლები, ღვინის უზარმაზარი მარანი და საჯინიბო ჰქონდა, ადრე ამ ადგილების მებატონეს, მძლავრ ფეოდალს, ვინმე დოღლაძეს ეკუთვნოდა, რომლის შთამომავლობაც ამოწყვეტილა, მისი მამული კი ქართველ მეფეებს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტრისთვის შეუწირავთ. ნ. ხუციშვილის აზრით, XIV-XV საუკუნეებში დოღლაძეების სამფლობელო ადგილად შეიძლება მდ. ფრონის ხეობის ნაწილი (ღვერთეთი, ტახტიძირი, დირბი) დასახელდეს. როგორც ჩანს, ამ გვარსახელთანაა დაკავშირებული ტოპონიმი დოღლაურიც, რომელიც მდ. მტკვრისა და მდ. ფცის (დასავლეთი ფრონე) შესართავთან ლოკალიზდება. ამ ავტორისავე განმარტებით, XIV-XV საუვუნეებში აღნიშნული ტერიტორია არ შედის არც ერთ სხვა სამფლობელოში, რაც იმის დასტურია, რომ იქაურობას დოღლაძეები პატრონობდნენ. სვიმონ I-ის მიერ იერუსალიმისთვის დირბის გადაცემა კი უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ დოღლაძეთა ფეოდალური სახლი XVI საუკუნეში უკვე ნამდვილად აღარ ფლობდა ამ ადგილს.

დირბის ღმრთისმშობლის სახელობის თავდაპირველი, მცირე დარბაზული ეკლესია, როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას, 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ საისტორიო წყაროებში აქამდე უცნობი იყო ლეონ მეფის დანიშნული ქართლის ერისთავის სახელი. კვლევით დადგინდა, რომ წარწერაში მოხსენიებული იოანე ერისთავი, შესაძლებელია, საქართველოს გაერთიანების მესაძირკვლესთან, ერისთავ იოანე მარუშისძესთან გავაიგივოთ. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს, რომელიც სასულიერო პირი კი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საერო ხელისუფლის ფუნქციებსაც ითავსებდა და, შეიძლება, ამ მხრივ იოანე ერისთავის ხელქვეითიც იყო. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ, რაც იმ შესაძლებლობებით, რაც ოთინისძეს გააჩნდა, მშენებლობის საკმაოდ მაღალ ტემპზე მიგვანიშნებს.

დირბის ეკლესია ხუროთმოძღვრული ფორმებითა და დეკორით შიდა ქართლის ამ ეპოქის (X ს.) ტიპიურ ძეგლს წარმოადგენს. ეს არის ხალხის წრიდან გამოსული ნახევრადპროფესიონალი ოსტატების ნახელავი, გულდასმით აგებული სოფლის ეკლესია, რომლის მსგავს ნაგებობებს მრავლად ვხვდებით ამ რეგიონში. დირბის ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ზედა მხარეს, უმაღლესი საერო ხელისუფლის - აფხაზთა მეფის ლეონისა და მისი ძმის დემეტრეს რელიეფური გამოსახულებებია განთავსებული.

2003 წელს ტაძარსა და სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს.-ის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა ამ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება. ეს სტილი XIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში – კონსტანტინოპოლსა და თესალონიკში და სწრაფად გავრცელდა ბიზანტიური კულტურის არეალის მართლმადიდებლურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა “იოსების ყვედრება”, სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული განსაკუთრებული დედობრივი სითბოთი სავსე “მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი”.

„ღვთისმშობლის გამოსახულება სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ამბობენ, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხნისას პირველად სწორედ თითქმის უვნებელი დირბის ღმრთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელსა და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღვთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით. ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც მონასტერშია დაბრძანებული.

დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი წყაროა მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა, ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული დღემდე გადმოსჩქეფს და სასწაულები გრძელდება…

დირბის ღვთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან – ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით.

მონასტერმა 2010 წელს გამოსცა დირბის ღვთისმშობლის პარაკლისი, რომლიც აქვეა შედგენილი. უშვილო წყვილთა შემწეობისათვის მონასტერში იქსოვება სარტყელი უშვილოთათვის. სარტყელს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება უშვილოთა და ფეხმძიმეთა შემწე დირბის ღვთისმშობელს. იგი წყვილებს მის მეტ სასოებასა და რწმენას შთაუნერგავს. ტაძრის მოლოცვისა და სარტყელის გამოყენების შემდეგ არაერთი უშვილო გამხდარა დირბის ღვთისმშობლის შეწევნისა და წყალობის ღირსი.”

გამოყენებულია ინტერნეტ-ჟურნალ „ამბიონის“ მასალები