ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი

მონასტერი დაარებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა თორელის მიერ. „თორის წყლის აღმოსავლით არს კიმოთისმანს მონასტერი გუნბათიანი, კეთილშენი, შვენიერს ადგილს“ - წერს ვახუშტი. მონასტრის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (20 x 13,8 მ), იგი ნაგებია ვარდისფერი აგურით. 12 სარკმლიანი გუმბათის ყელი შემკულია ცისფერი მოჭიქული ლარნაკებით. ტაძრის მოხატულობა შუა საუკუეების ქართული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია და 1205-1215 წლებით თარიღდება. ტაძარი შიგნით მთლიანად მოხატული იყო.

უღმერთობის ხანაში ტაძარში სცენა იყო მოწყობილი. აქ იმართებოდა „ტიმოთესუბნობა“ - სოფლის დღეობა.

1994-1996 წლებში ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენდა იღუმენი საბა (გიგიბერია, 1996 წლიდან - ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი).

1998 წლიდან ეპისკოპოს სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით ტიმოთესუბანში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის წინამძღვრად განაწესეს იღუმენი იერომიელი (ფილიშვილი), რომლის ხელმძღვანელობით დაიწყო მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა: მცენარეებისაგან გაიწმინდა და შეკეთდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სახურავი; გამაგრდა ტენიანობის გამო ჩამორღვეული ჩრდილო-დასავლეთის მხარის კედელი; გუმბათზე აღიმართა ჯვარი; აიგო ბერთა საცხოვრებელი სახლი, სადაც ბერების სენაკების გარდა მოთავსდა ბიბლიოთეკა, სამლოცველო და სატრაპეზო.

ტიმოთესუბნის მონასტერი XIX ს-ის 80-იან წლებში

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარდა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს წმ. ბარბარეს ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის მცირე ეკლესია, რომლის დასავლეთ სარკმელზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთერისთავი“. ტაძარი ძლიერ დაზიანებული იყო. 2001-2002 წლებში ჩატარებული რესტავრაციის შედეგად მიწის საფარველისაგან გაიწმინდა ტაძრის ჩრდილოეთი მხარე, ტაძარი გადაიხურა, დაიგო იატაკი. ხის მოჩუქურთმებული კანკელის ავტორია ვლადიმერ ვეფხვაძე. კანკელის ხატები და მთლიანად ტაძრის მოხატვა შესრულებულია ხატმწერ ლაშა კინწურაშვილის მიერ. მოხატვის ხარჯები გაიღო მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ, განსაკუთრებით აღსანიშნავია II ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორის - სტეფანე გაბრიელიძის წვლილი.

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს რესტავრატორთა მცირე ჯგუფი, კარლო ბაკურაძისა და გურამ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ფრესკების შენარჩუნებაზე. რესტავრაცია 1970-იან წლებშიც ჩატარებულა (ხელმძღვ. ეკა პრივალოვა).

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური ფრესკები სინესტის, სოკოვანი დაავადების, ტაძარში დაბინავებულ ღამურათა გუნდის და მრავალი სხვა უარყოფითი ფაქტორის გამო ბოლო წლებში კვლავ განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2001-2004 წლებში საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის დაცვის ფონდის მიერ შემუშავდა „ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის“ ორეტაპიანი პროექტი (ხელმძღვ. მაკა დვალიშვილი), რომლის მთავარი მიზანი ფრესკების დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა იყო. პროექტის მიხედვით გაიწმინდა ტაძრის გუმბათი და სახურავი, გაკეთდა სამხრეთის მინაშენებისა და საძირკვლის რეაბილიტაცია, აღდგა სადრენაჟო სისტემა და სხვ.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებით, ტიმოთესუბნის კედლის მხატვრობა მსოფლიოს მონუმენტური ძეგლების მეთვალყურეობის ფონდის 2004 წლის გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებელი 100 ძეგლის ნუსხაში შევიდა. ამავე ცენტრის შემწეობით ტიმოთესუბნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ირაკლი გუნია „საქართველოს მონასტრები“
თბილისი, 2005 წ.