წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

პირველი განყოფილება

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

თავი პირველი

შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში

§1. თავის შინაარსი. „ცდისეული ფსიქოლოგიიის საფუძვლების“ ამ პირველ თავში ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ ადამიანის შეგრძნებები და თავისუფალი მოძრაობები, და ვნახავთ რა შედეგებამდე მიგვიყვანს გრძნობისა და მამოძრავებელი ორგანოების აგებულებისა და მოქმედებების ზუსტი შემეცნება.

ა. შეგრძნება

§2. მხედველობის შესახებ. შეგრძნებათა ანალიზი მხედველობით დავიწყოთ.

მხედველობის ორგანო არის თვალი. იგი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან; წინა ნაწილში მოთავსებულია გამჭვირვალე, ამოზნექილი და წყლოვანი ტენით ავსებული ნახევრადმრგვალი ზედაპირი, რომელსაც რქოვან გარსს უწოდებენ. იგი უკანა მხარით ეყრდნობა ბრტყელ ტიხარს, როგორც ჯიბის საათის შუშა. ადამიანებთან და ცხოველებთან ამ ტიხარს სხვადასხვა ფერი აქვს, რის გამოც ფერად გარსს უწოდებენ. ტიხრის შუაში მდებარე მრგვალი ნახვრეტის დანიშნულებაა სინათლის გატარება და მას გუგას უწოდებენ. გუგის უკან დევს რბილი, ორმხრივ ამოზნექილი სხეული - კრისტალინი ანუ თვალის ბროლი. თვალის ბროლს იქით არის ნამი, რომელსაც მინასთან მსგავსების გამო მინისებრი ნამი ეწოდება. მას ირგვლივ აკრავს მეტად თხელი გარსი ანუ პარკი, რომლის შიგნითა ზედაპირი დაფარულია ბადით, ანუ მხედველობის ნერვის განტოტებით, რომელიც თვალს ტვინთან აკავშირებს.

თვალი შემდეგნაირად მოქმედებს. გარე საგნებიდან მომდინარე სინათლის სხივები ეცემიან რქოვანა გარსს, გაივლიან გუგას და გადატყდებიან თვალის ბროლში, როგორც ყოველ ორმხრივ ამოზნექილ მინაში. სხივები ამის შემდეგ გაივლიან მინისებრ ნამს, კვლავ გადატყდებიან მასში, თავს იყრიან თვალის კაკლის უკანა ბადისებრ გარსში და ამით ქმნიან საგნის გამოსახულებას. შთაბეჭდილებას ანუ გაღიზიანებას, რომელსაც იწვევს ეს გამოსახულება მხედველობის ნერვის განტოტებაზე, ეს ნერვი გადაიტანს თავის ტვინის იმ პუნქტამდე, რომელსაც იგი უერთდება და რომელსაც მხედველობის ბორცვს უწოდებენ.

ამრიგად, მხედველობის ორგანო მოწყობილია სინათლის სხივების გავრცელებისა და გარდატეხის ზუსტი მათემატიკური კანონების შესატყვისად, და თვალის უკანა გარსზე მიღებული საგანთა გამოსახულება მარტივი ფიზიკური მოვლენაა. ცნობილია, რომ ფიზიკოსებმა მინებისაგან ააწყვეს ხელოვნური თვალი, რომელშიც სხივები ზუსტად ისე ტყდება და გამოსახულებაც ისევე მიიღება, როგორც ცოცხალ თვალში. მაგრამ ცოცხალსა და ხელოვნურ თვალს შორის ის არსებითი განსხვავებაა, რომ ამ უკანასკნელში საგნების გამოსახულება უბრალო, მექანიკური მოქმედებაა, პირველში კი მას თან ახლავს ფსიქოლოგიისათვის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა, სახელდობრ, მხედველობა ანუ იმ საგნის ცნობიერი შეგრძნება, რომელმაც გამოიწვია შთაბეჭდილება. მაგრამ ისმის კითხვა; სადაა ეს მხედველობა ანუ საგნის შეგრძნება? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა ან ვინ შეიგრძნებს ფერებს, ფიგურებს, სიდიდეებს და საგანთა სხვა თვისებებს? ამაზე სხვადასხვაგვარი პასუხია შესაძლებელი; შეგრძნება ანუ ხედვა ხდება ან თვით თვალის შემადგენელ ნაწილებში, ან მხედველობის ნერვში, ან, ბოლოს, ტვინში.

მაგრამ ფიზიოლოგიური ფაქტები უდავოდ ამტკიცებენ, რომ;

1 . თვალის კაკლის შემადგენელ ნაწილებს წმინდა მექანიკური დანიშნულება აქვთ, სახელდობრ, ისინი გადატეხენ სხივებს და ადგენენ საგნის გამოსახულებებს, მაგრამ თვითონ მათ არ შეუძლიათ შეიგრძნონ ის გამოსახულებანი. ცნობილია, რომ თუ სადმე გადავჭრით მხედველობის ნერვს და ამით თვალს გამოვყოფთ ტვინისაგან, მაშინ თვალი ისევ ისე განაგრძობს საგნის გამოსახვას, მაგრამ შეგრძნება ანუ ხედვა გაქრება. ამიტომ ცხადია, რომ თუმცა ადამიანი საგნებს თვალის მეშვეობით ხედავს, მაგრამ მათ თვითონ თვალში არ ხედავს.

2. ხედვა, ანუ სინათლისა და საგნების შეგრძნება არც მხედველობის ნერვში ხდება. მხედველობის ნერვის დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ გადაიტანოს საგნის შთაბეჭდილება ორგანოდან ცენტრში, ე.ი. თავის ტვინში. ამას იგივე ფაქტი ამტკიცებს, რომელიც ახლა მოვიტანეთ; სადაც არ უნდა გადავჭრათ მხედველობის ნერვი, ცენტრისაგან შორს თუ ახლოს, სულ ერთია, მისი დანარჩენი ნაწილი ვერ იგრძნობს სინათლეს და მოკვდება.

3. რჩება მესამე ვარაუდი, და ყველა ფაქტი გვარწმუნებს, რომ შეგრძნება მართლაც ტვინში ხდება. ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ თვალზე მიღებული შთაბეჭდილება საგნისა გადაეცემა ტვინს; ქვემოთ ასევე ვნახავთ, რომ სხვა ორგანოების ყველა შთაბეჭდილებაც სწორედ თავის ტვინში იყრის თავს; მაშასადამე, შეუძლებელია შეგრძნებისათვის სხვა ადგილი ვივარაუდოთ.

§3. ფსიქოლოგიური საკითხი. ფიზიოლოგს, რომლის ამოცანასაც მხოლოდ ის შეადგენს, რომ გამოარკვიოს ადამიანის სხეულის ორგანოების დანიშნულება და მოქმედება, შეუძლია აქ შეჩერდეს, რადგანაც მას არ სჭირდება ამის იქით წასვლა; მაგრამ ფსიქოლოგმა, რომელსაც სურს შეისწავლოს ადამიანის უხილავი მხარე, სწორედ ამ პუნქტიდან უნდა დაიწყოს თავისი კვლევა-ძიება. როცა იგი თვალს მიადევნებს სინათლის შთაბეჭდილების გზას თვითონ ტვინამდე და დარწმუნდება იმ ფაქტთა უეჭველობაში, რომ შეგრძნება ხდება არა თვალსა და ნერვში, არამედ ტვინში, მან უნდა დასვას შემდეგი საკითხი: თვითონ ტვინის რბილი ნივთიერება, თვითონ ტვინის ნერვული ბუშტები შეიგრძნებენ სინათლეს, ბგერას, და ა.შ., თუ არსებობს ტვინისაგან დამოუკიდებელი და მისგან განსხვავებული საწყისი, რომელსაც უნდა მიეწეროს ეს შეგრძნებები? ამ საკითხს დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცდისეული ფსიქოლოგიისათვის. მაგრამ ყველა ფიზიოლოგიური ფაქტის გულდასმით განხილვას და ყველა ორგანოს აგებულებისა და მოქმედების სწორ ანალიზს ასეთ დასკვნამდე მივყავართ: „საწყისი ანუ სუბსტანცია, რომელიც ადამიანში ყველაფერს შეიგრძნებს და ამოძრავებს, სრულიად განსხვავებულია ტვინისაგან და საერთოდ ყოველგვარი ორგანიზმისაგან. ეს არის არასხეულებრივი, სულიერი სუბსტანცია, რომლის ძირითად ძალას შეგრძნება შეადგენს. ტვინი კი მხოლოდ უკანასკნელი და ამავე დროს ცენტრალური ორგანოა, სადაც თავს იყრის ყველა შთაბეჭდილება, რათა საბოლოოდ აისახოს სხვადასხვაგვარი შეგრძნებების სახით ამ უხილავ სუბსტანციაში“. ამ მნიშვნელოვანი დებულების სრული და ყოველმხრივი დასაბუთება ამ თავში წარმოდგენილი მთელი კვლევა-ძიების ამოცანა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ მრავალრიცხოვანი ფიზიოლოგიური და ფიზიკური ფაქტების მიუკერძოებელი ანალიზი ამ დებულების სისწორეში დაგვარწმუნებს.

§4. სმენის შესახებ. ფიზიკა გვასწავლის, რომ ბგერების გარეგანი მიზეზი ანუ ფიზიკური მოვლენა, რომელიც ჩვენში ბგერების შთაბეჭდილებას იწვევს, არის ჰაერის ტალღისებური მოძრაობა. მყარი სხეულების ნაწილაკები ურთიერთთან შეჯახების გამო რხევას იწყებენ. ეს რხევა გადაეცემა მათ გარემომცველ ჰაერს და ეს უკანასკნელიც იწყებს რხევას ანუ ტალღისებურ მოძრაობას, რაც ყოველ მხარეს ვრცელდება გარკვეული სიჩქარით. აღწევს სმენის ორგანომდე და იწვევს მასში გარკვეულ შთაბეჭდილებას ანუ ცვლილებას. ამ შთაბეჭდილების ბუნება რომ გავიგოთ, საჭიროა გავეცნოთ ყურის აღნაგობას.

ყური ისეა მოწყობილი, რომ ზუსტად შეესადაგება ჰაერის მოძრაობისა და არეკვლის კანონებს. სმენის ორგანო სამი მთავარი ნაწილისაგან შედგება: გარეთა, შუა და უკანა ნაწილებისაგან.

სმენის ორგანოს გარეთა ნაწილი მოიცავს გარეთა ყურს და სასმენ მილს. გარეთა ყურს ყველა ხედავს და მისი აღწერა საჭირო არაა. სასმენი მილი წარმოადგენს ელიფსურ ანუ ძაბრისებურ არხს, რომელსაც ქმნის ჯერ ხრტილი, შემდეგ კი თავის ქალას ძვალი. უკანა კიდესთან იგი მთავრდება აპკისებრი ტიხრით (დაფის აპკით), რომელიც წარმოადგენს გარეთა და შუა ყურის გამყოფ ყრუ ძგიდეს.

ყურის შუა ნაწილი შედგება მოგრძო ღრუსაგან. მის შიგნითა ნაწილში არის ორი ხვრელი, ოვალური და მრგვალი, რომლებიც ერთიმეორის ზევით არიან განლაგებული; ამას გარდა, ამ ღრუში მოთავსებულია პატარა ძვლების ჯაჭვი, რომელთაც ცნობილ საგნებთან მათი მსგავსების გამო უწოდებენ ჩაქუჩს, გრდემლს, უზანგს და ა.შ.

ყურის უკანასკნელი, უკანა ნაწილი შედგება პატარა ძვლების მთელი ლაბირინთისაგან და საკმაოდ რთული აგებულებისაა. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილებია: კარიბჭე, ლაბირინთის შუაში მდებარე პატარა მოგრძო ღრუ, ნალისებურად მოხრილი ნახევარრკალოვანი არხები და ლოკოკინა.

მთელი ლაბირინთი ანუ უკანა ყურის მთელი სივრცე ავსებულია წყლოვანი მასით.

დაბოლოს, საჭიროა მივუთითოთ ყურის ერთ, მეტად მნიშვნელოვან, ნაწილზე, კერძოდ, ევსტაქის ლულაზე; ეს არის არხი, რომელიც ყურის უკანა ნაწილს აკავშირებს ხორხთან.

გარეთა ყურის დანიშნულებაა მიიღოს და შიგნით გადასცეს ჰაერის რხევები.

გარეთა სასმენი მილის დანიშნულებაა გადასცეს ეს რხევები დაფის აპკს. რადგან მყარი სხეულები რხევებს უკეთ ატარებენ, მისი პედლები ნაწილობრივ ძვლოვანია. გარდა ამისა, სასმენი მილი აძლიერებს რხევებს თავისი კედლებიდან არეკვლის გზით.

დაფის აპკი შესანიშნავადაა მისადაგებული აკუსტიკის კანონებისადმი. ცნობილია, რომ ჰაერის რხევებს არაფერი ისე არ ასახავს, როგორც დაჭიმული ცოცხალი აპკი. ამიტომაა, რომ დაფის აპკი სრულყოფილად იმეორებს მის მიერ მიღებულ ყველა რხევას. სასმენი ძვლების დანიშნულებაა დაფის აპკიდან რხევების მიღება. ამგვარად, ძვლოვანი ჯაჭვის გავლით რხევებმა მთელი სიწმინდით უნდა მიაღწიონ ლაბირინთს.

მაგრამ ამისათვის საკმარისი არაა დაფის აპკის რხევები: საჭიროა, რომ დაფის ღრუში იყოს ჰაერი. ჰაერი კი აქ ხვდება ხორხიდან, ევსტაქის ლულის გავლით. აქ რომ ჰაერის უწკვეტი მოდინება არ იყოს, სასმენი ძვლები თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდნენ. ასე იქცევიან ჩვეულებრივი დოლის გაკეთებისას - მასში ტოვებენ ნახვრეტს ჰაერის უწყვეტი მოდინებისათვის .

დაბოლოს, მართალია, ფიზიოლოგებმა ზუსტად ვერ ახსნეს ყურის უკანა განყოფილების ყველა ნაწილის დანიშნულება, მაგრამ საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილებიც იმეორებენ და აძლიერებენ მათ მიერ ყურის წინა ორი განყოფილებიდან მიღებულ რხევებს.

ამრიგად, სხეულთა შეჯახება იწვევს ჰაერის ტალღისებურ მოძრაობას. იგი გადაეცემა სმენის აპარატს, რომელიც ასახავს რხევებს და გადასცემს მათ სმენის ნერვს. დაბოლოს, სმენის ნერვი ამ შთაბეჭდილებას გადასცემს თავის ტვინს, ანუ, სახელდობრ, ტვინის იმ ადგილს, რომელსაც იგი უერთდება. მაგრამ სად ხდება თვითონ ბგერების შეგრძნება ანუ სმენა? ამაზე კვლავ შემდეგნაირად შეიძლება ვუპასუხოთ: ბგერების შეგრძნება წარმოებს ან თვითონ სმენის აპარატის ნაწილებში, ან სმენის ნერვში, ან ტვინში.

მაგრამ ნათელი და დამტკიცებული ფიზიოლოგიური ფაქტების საფუძველზე ჩვენ უნდა დავასკვნათ, რომ სმენა ანუ ბგერების შეგრძნება არ წარმოებს არც თვითონ ყურში და არც სმენის ნერვში, რადგანაც თუ ჩვენ გადავჭრით ამ ნერვს და ამგვარად ყურს გამოვყოფთ ტვინისაგან, მაშინ, თუმცა ძველებურადვე აისახება რხევები, მაგრამ ბგერები გაქრება. მაშასადამე, თუმცა ადამიანი ყურის საშუალებით ისმენს, მაგრამ ყურში არ ისმენს. ამრიგად, დაგვრჩენია დავასკვნათ, რომ ბგერების შეგრძნება ხდება ტვინში.

§5. კვლავ ფსიქოლოგიური საკითხი. აქ ისევე, როგორც მხედველობის ანალიზისას, ფსიქოლოგმა უნდა დასვას საკითხი: თვითონ ტვინი არის თუ არა შემგრძნები საწყისი? ყველა ფაქტის საღი და მიუკერძოებელი აზრით განხილვა გვარწმუნებს, რომ ტვინი არის მხოლოდ იარაღი, რომელიც საბოლოოდ გადასცემს სმენის შთაბეჭდილებას რაღაც უხილავ არსებას, რომ თუმცა ბგერების შეგრძნება მასში წარმოებს, მაგრამ შემგრძნები სუბსტანცია არის არა თვითონ ტვინის რბილი ნივთიერება. ამის სრული დასაბუთება შემდეგ იქნება გადმოცემული, აქ კი მხოლოდ ზოგიერთ კერძო მოსაზრებას გამოვთქვამთ.

1 . ტვინი არის მარტივი ორგანული მატერია, რომელიც თითქმის იმავე ქიმიური ელემენტებისაგან შედგება, რისგანაც სხეულის ყველა ორგანო, თუმცა ერთგვარი განსხვავება არის ატომების რაოდენობასა და განლაგებაში; მაგრამ განა საფუძვლიანი იქნებოდა გვეფიქრა, რომ მატერიალურ ნაწილაკებს, თუნდაც ორგანულთ, შეიძლება ჰქონდეთ ისეთი საოცარი უნარი, როგორიცაა შეგრძნების უნარი? არ უნდა დავივიწყოთ, რომ რაიმე საგნის დანახვა, ბგერის მოსმენა ნიშნავს მოვლენის გაცნობიერებას, ფენომენის განსჯას.

2. თუ ერთმანეთს შევადარებთ მხედველობისა და სმენის ორგანოების აგებულებას და თვალს მივადევნებთ სინათლის შთაბეჭდილების გზას პირველში, ბოლო ბგერის ტალღებისას - მეორეში, დავინახავთ, რომ ორივე ეს შთაბეჭდილება, მათი არსის მიხედვით, მეტად მსგავსია, რადგანაც ერთიც და მეორეც წარმოადგენს ერთგვარ გაღიზიანებას, ანუ ორგანოსა და ნერვის ერთგვარ ცვლილებას, რომელიც ტვინამდე აღწევს. მაგრამ შეადარეთ ერთმანეთს თვითონ მხედველობისა და სმენის შეგრძნებები: არის თუ არა მათ შორის რაიმე მსგავსება? შემდეგ, მთელი ტვინი, თავისი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ერთნაირია; მაგრამ განა შესაძლებელია, რომ მატერიის ორ ერთნაირ ნაწილს ჰქონდეს ორი ესოდენ სრულიად განსხვავებული შეგრძნება, როგორიცაა ფერი და ბგერა?

3. შემდეგი მოსაზრება კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ მხედველობა და სმენა წარმოებს რომელიღაც განსაკუთრებულ, უხილავ არსებაში. მხედველობის ნერვი უერთდება ტვინის ერთ გარკვეულ პუნქტს, რომელთანაც მიდის სინათლის შთაბეჭდილება და რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, მხედველობის ცენტრი ეწოდება. სმენის ნერვიც, უდავოდ, ასევე უკავშირდება ტვინის სხვა ადგილს, სანამდისაც მიედინება ნერვული დენი, რომელსაც ამ ორგანოს შთაბეჭდილება აღძრავს. მაშასადამე, თუ სმენა და მხედველობა თვითონ ტვინის ნივთიერების კუთვნილებას ანუ უნარებს წარმოადგენენ, მაშინ გამოდის, რომ ტვინის ნივთიერების ერთი ნაწილი ისმენს, მეორე კი ხედავს, ე.ი. ისმენს და ხედავს არა ერთი და იგივე არსება, არამედ განსხვავებული არსებანი. მაგრამ ეს აშკარა უაზრობაა, რამდენადაც ცხადია, რომ ჩვენში ისმენს და ხედავს ერთი და იგივე განუყოფელი არსება, ერთი რომელიღაც სუბსტანცია ანუ მონადა [1], რომელიც ერთმანეთს ადარებს ამ ორ შეგრძნებას და ამ შედარებიდან სათანადო დასკვნებს აკეთებს.

§6. სუნის შესახებ. ფიზიკა და ქიმია გვიჩვენებს, რომ სუნი წარმოიშობა იმ უხილავი უმცირესი ნაწილაკებიდან, რომლებიც სუნის მქონე სხეულებს გამოეყოფიან, ყნოსვის ორგანომდე აღწევენ და აღიზიანებენ მის შინაგან აპკოვან კანს. ეს გაღიზიანებები ანუ შთაბეჭდილებები ყნოსვის ნერვს მიაქვს ტვინამდე, მთელი ნერვული სისტემის საერთო ცენტრამდე.

ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, რომ თვითონ სუნი ანუ სუნის შეგრძნება მომდინარეობს ან ცხვირში, ან ყნოსვის ნერვში, ანდა ტვინში. მაგრამ რომ ყნოსვა ანუ სუნის გრძნობა არის არა ცხვირში და არა ყნოსვის ნერვში, ამაში ჩვენ სავსებით ვრწმუნდებით იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ ზემოთ, მხედველობისა და სმენის ანალიზისას. თვითონ ტვინი წარმოადგენს მხოლოდ შთაბეჭდილების გადამცემ პუნქტს და არა იმ არსებას, რომელიც შეიგრძნობს და ერთმანეთისაგან განარჩევს სხვადასხვა სუნს.

ამაში ჩვენ საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდებით, როცა ტვინის აგებულებას გავიცნობთ. აქ კი ჯერჯერობით აღვნიშნავთ შემდეგს: ყნოსვის, სმენის და მხედველობის შეგრძნებებს შორის ჩვენ ვგრძნობთ განსაცვიფრებელ განსხვავებას. მაგალითად, რა არის საერთო, ან როგორ შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს თეთრი ფერი, ზარის ხმა და ვარდის სუნი? მაგრამ შთაბეჭდილება ანუ ცვლილებები, რომელთაც იწვევენ ჩვენს ორგანოებში სინათლე, ჰაერის ტალღისებური მოძრაობები და სუნიანი სხეულის ნაწილაკები, არ შეიძლება თავისი არსებით ისე მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც ფერი, ბგერა და სუნი, რადგანაც ორგანოები და ნერვები, რომლებიც ამ შთაბეჭდილებებს აღიქვამენ, ასე მკვეთრად განსხვავებული არ არიან. ამ მხრივ კიდევ უფრო განსაცვიფრებელია შემდეგი ფიზიოლოგიური ფაქტი: მხედველობის ნერვის ყოველგვარი გაღიზიანება ჩვენში მხოლოდ სინათლის შეგრძნებას იწვევს, ხოლო სმენის ნერვის გაღიზიანება ჩვენში მხოლოდ ბგერებს აღძრავს, ყნოსვისა - მხოლოდ სუნებს. მაგალითად, თუ ჩვენ ამ ნერვებში ელექტროდენს გავატარებთ ან უბრალოდ შევეხებით მათ პინცეტით, თითოეული მათგანი ჩვენში აღძრავს მხოლოდ ზემოთ მითითებულ შეგრძნებებს. აქ სამივე ნერვი ერთნაირადაა გაღიზიანებული, მაშასადამე თავადაც ერთნაირ შთაბეჭდილებებს იღებს და ტვინზეც ერთნაირად მოქმედებს, და, ბოლოს, თვითონ ტვინი, თავისი შემადგენლობით, ყველგან ერთნაირია, მაგრამ შედეგები მკვეთრად განსხვავებულია. მატერიალურ სამყაროში არ არსებობს ასეთი მოვლენა: მასში ერთნაირი მიზეზები ანუ ძალები ერთნაირ შედეგებს იწვევენ, მაგალითად, ერთნაირი ბიძგები ერთნაირ მოძრაობებს წარმოშობენ. ცხადია, ეს სამი შეგრძნება მატერიალურ სამყაროში არ ხდება.

§7. გემოს შესახებ. გემოს ორგანო არის ენა და მთელი ლორწოვანი ზედაპირი პირში. გემოს შეგრძნება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როცა ეს ორგანოები უშუალოდ ეხებიან სხეულებს, რომელთაც შეუძლიათ ამ შეგრძნებების აღძვრა. ამასთან, გემოს აღძრავენ სხეულის მხოლოდ თხიერი ნაწილაკები, მყარ ნაწილაკებს მათი აღძვრის უნარი არა აქვთ. საჭირო არაა ვილაპარაკოთ იმ საკითხის გადაჭრის შესახებ, თუ სად ხდება თვითონ გემოს შეგრძნება, ლაპარაკი საჭირო არაა იმის შემდეგ, რაც სამი წინა შეგრძნების ანალიზმა დაგვანახა, რომ თვითონ შეგრძნების აქტი არ შეიძლება მივაწეროთ არც ორგანოს, არც ნერვს და არც თვითონ ტვინს. მხოლოდ აქ კვლავ შევნიშნავთ: თუ მხედველობაში მივიღებთ თუნდაც მხოლოდ შეგრძნებათა შორის განსაცვიფრებელ განსხვავებას, უკვე მივალთ იმ აზრამდე, რომ ისინი ეკუთვნიან უხილავ და არამატერიალურ სამყაროს. მართლაც, ძნელია რაიმე მსგავსება შევნიშნოთ გემოს, მხედველობის, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს შორის. ეს ოთხი განსხვავებული სამყაროა, რის გამოც, ვამბობ მე, არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ყველანი ერთფეროვან, მატერიალურ ნაწილაკებში წარმოებდნენ.

§8. შეხების გრძნობის შესახებ. შეხების ორგანოს წარმოადგენს ჩვენი სხეულის მთელი ზედაპირი, თუმცა უმეტეს წილად ითვლება, რომ შეხების ორგანოებია ხელის თითების წვერები. მთელი ჩვენი სხეული დაფარულია კანით, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ უნარი აქვს მიიღოს შთაბეჭდილებები გარე საგნებისაგან მათთან შეხების გზით. შეგრძნებები, რომელთაც ჩვენ ვიღებთ შეხებით, შემდეგია: სიმაგრე, სირბილე, სითბო, სიცივე, ტკივილი ყველა მისი სახესხვაობით და ა.შ.

რადგანაც კანის დანიშნულებაა შეხებით მიღებული მგრძნობელობა, სწორ ზედაპირებს კი არ შეუძლიათ გადმოგვცენ სხეულის ყველა ნიუანსი, ამიტომ კანი სხვადასხვაგვარად იკუმშება და წარმოქმნის ნაოჭებს, ღარებს და ა.შ. გარდა ამისა, კანი რამდენიმე ფენას შეიცავს, მაგრამ ყველაზე რბილი ფენა განლაგებულია გარე ზედაპირზე, რათა მოახერხოს უმცირესი შთაბეჭდილებებით გაღიზიანება. ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულის მთელი ზედაპირი განტოტებული ნერვების საშუალებით შეერთებულია თავის ტვინთან, რათა მასთან მიიტანოს ყოველი შთაბეჭდილება.

მაგრამ როგორ და სად გრძნობს ადამიანი სითბოსა და სიცივეს, ტკივილს, სიმაგრეს, სირბილეს და ა.შ.? აქაც ისეთივე ვითარებაა, როგორც სხვა შეგრძნებების შემთხვევაში. შეხების ორგანოების შთაბეჭდილება ანუ გაღიზიანება, რომელსაც ვიღებთ სხეულის რომელიმე ნაწილში, შეხების ნერვს მიაქვს ტვინამდე, და აქ უკვე ხდება შეგრძნება, მაგრამ მას ტვინი არ აწარმოებს. თუ ფეხის თითზე იჩხვლეტთ, თქვენ მაშინვე იგრძნობთ ტკივილს, მაგრამ ეს ერთი წამიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩხვლეტისაგან მიღებული გაღიზიანება ტვინამდე მისულიყო და კვლავ ფეხში არეკლილიყო ტკივილის სახით. მაგრამ იმის საბუთი, რომ ტკივილის შეგრძნება ჩხვლეტის ადგილზე არ წარმოქმნილა, ასეთია: თუ გადავჭრით მგრძნობიარე ნერვს და ამით ფეხს ან რომელიმე სხვა ნაწილს გამოვაცალკევებთ ტვინისაგან, ეს ნაწილები კარგავენ ყოველგვარ მგრძნობიარობას. ხოლო თუ როგორ ხდება ის, რომ შეგრძნება არაა ფეხში, მაშინ როცა გვეჩვენება, რომ სწორედ ფეხი გვტკივა, ამას ახლა ვნახავთ.

§9. იმის შესახებ, რომ ადამიანი ყველაფერს გრძნობს არა საკუთარი თავის გარეთ, როგორც ეს მას ეჩვენება, არამედ თავის თავში. რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას! მაგალითად, რა უნდა იყოს იმაზე უფრო მარტივი, რასაც ჩვენ ყოველ წუთს ვხედავთ, ვისმენთ ვეხებით და ა. შ.? მაგრამ თუ უფრო ახლო გავეცნობით ამ უმარტივეს მოვლენებს, მათში ბევრ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რაც ადრე აზრადაც არ მოგვდიოდა და რაც პირველი შეხედვით, მისი უეჭველობის მიუხედავად, დაუჯერებლადაც კი მოგვეჩვენება.

ხუთივე გრძნობის მოქმედებისას ბავშვობიდან შეძენილი და ერთგვარად თვითონ ჩვენს ბუნებად ქცეული ჩვევა გვაიძულებს ისეთი მსჯელობები გამოვთქვათ, რომლებიც, თუმცა თვითონ ჩვენს გარეთ მყოფი საგნების არსებასთან მიმართებით არაფერს მცდარს არ შეიცავენ, მაგრამ ამასობაში აყალბებენ მათ დამოკიდებულებას ჩვენთან და მათ ზემოქმედებას ჩვენს გრძნობებზე.

ვინ არ იცის, რომ ჩვენ საგნებს ვხედავთ იმ გამოსახულებების მიხედვით, რომელთაც ისინი წარმოშობენ თვალებში. მაშასადამე, მათ ჩვენ ვხედავთ ჩვენში, ჩვენს ორგანოში, ამასობაში კი ვფიქრობთ, რომ მათ ვხედავთ იმ ადგილებზე, სადაც ისინი არიან. ეს იმ ჩვევის გამო ხდება, რომელიც სულ ადრეულ ასაკში შეგვიძენია, იმ დროს, როცა განვითარებული არ იყო ჩვენი არც განსჯა და არც გაგება. ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეჩვევიან საგნებამდე მანძილის შეფასებას, სურთ ხელი ჩაავლონ შორს მყოფ საგნებს თვალთა სიახლოვეს, რადგანაც, როგორც ჩანს, ისინი საგანთა გამოსახულებას თვალში თავად საგნებად მიიჩნევენ. მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ ბავშვები თანდათან ხვდებიან, რომ საგნები მათგან დაცილებულია და სწავლობენ მათი დაცილებულობის განსაზღვრას. შემდგომში ეს მათ ბუნებად იქცევა, ასე რომ ზრდადასრულებული ადამიანი საგნის შთაბეჭდილების მიხედვით ისე სწრაფად მსჯელობს მისი დაცილების შესახებ, რომ მასთან თვალის გამოსახულების შეგრძნებას განუყრელად ახლავს საგნის თვითონ მანძილის მექანიკური, არაცნობიერი გაგება. თუ ამას დავუმატებთ წარმოსახვის ასეთსავე სწრაფ მექანიკურ მოქმედებას, რომელსაც უცბად გადავყავართ შორს დანახულ საგანთან და თითქოს მის ახლოს გვაყენებს, მაშინ ადვილად მივხვდებით, რატომ ვართ ასე მტკიცედ დარწმუნებული, რომ საგნებს იმ ადგილებზე ვხედავთ, სადაც ისინი არიან. ეს დარწმუნებულობა ისეთია, რომ ადამიანს, რომელსაც ფიზიკა არ შეუსწავლია და უნარი არა აქვს გააანალიზოს თავისი შეგრძნებები, სისულელედ მოეჩვენება აზრი, რომ საგნებს იგი იქ კი არ ხედავს, სადაც ისინი არიან სინამდვილყში, არამედ თავის თავში, საკუთარ ორგანოში. ზუსტად ასეთია ჩვეულების ძალა სხვა შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების შემთხვევაშიც. როდესაც ვუსმენთ ადამიანს, რომელიც ვიოლინოზე უკრავს, ჩვენ გვგონია, რომ ეს ბგერები, ეს ჰარმონია, ტონთა ეს რაკრაკი სწორედ იქ, მის ხემთანაა. ჩვენ აზრადაც არ მოგვდის რა მანძილი, რა გარემო და ცვლილებები უნდა გაევლოთ ვიოლინოს დამკვრელის ხემის მიერ აღძრულ ჰაერის ტალღებს, რომ ჩვენს ცნობიერებაში ასახულიყვნენ ბგერების სახით, ჩვენ, ვამბობ მე, აზრადაც არ მოგვდის, რომ ხემი და სიმები მხოლოდ და მხოლოდ მექანიკურ მოვლენებს აღძრავენ, ხოლო ბგერები ჩვენს ყურში გვესმის, და ყურშიც კი არა, მის მიღმა. მაგრამ ეს შეცდომა, თუ კი შეიძლება მას შეცდომა ეწოდოს, კვლავ ჩვეულების მიზეზით ხდება, რადგანაც ჩვილი ბავშვი, როცა ბგერებს ისმენს, თავდაპირველად არ აბრუნებს თავს იქით, საიდანაც ბგერები მოდიან, მხოლოდ შემდგომი გამოცდილება ასწავლის მას ბგერების შეგრძნებები გარკვეულ მიზეზებს დაუკავშიროს.

როცა ვარდს ვყნოსავთ, ჩვენ გვგონია, რომ ეს მშვენიერი სუნი თვითონ ვარდის ფურცლებშია. როცა რაიმე ტკბილს შევექცევით, გვგონია, რომ სიტკბო ამ საგნის შემადგენელი ნაწილია. როდესაც ხელში ან ფეხში გვიჩხვლეტენ, ტკივილს, ჩვეულების გამო, თავად ჩხვლეტის ადგილზე ვგრძნობთ. მაგრამ, თუ ბავშვებს დავაკვირდებით, შეიძლება შევნიშნოთ, რომ თავდაპირველად მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ სად ტკივათ, და მხოლოდ შემდგომ სწავლობენ ტკივილის მიწერას იმ ადგილისადმი, სადაც მოხდა ზემოქმედება. ერთი სიტყვით, ჩვენს ყოველ შეგრძნებას ან მათს გამომწვევ ფიზიკურ მიზეზთან ვაიგივებთ (ვთქვათ, ბგერებს - ჰაერის მოძრაობასთან), ან თვითონ ორგანოს გაღიზიანებასთან ანუ შთაბეჭდილებასთან (მაგალითად, ტკივილს - ჩხვლეტით გამოწვეულ გაღიზიანებასთან) [2].

მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანს ჰგონია, რომ ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გარეთ გრძნობს, სინამდვილეში კი იგი ყველა გარე საგნებს თავის თავში შეიგრძნებს, ე.ი. ის თავის თავში ხედავს, ისმენს, გრძნობს სუნს, ტკივილს, სითბოს, თუმცა შთაბეჭდილებები მომდინარეობენ მის გარეთ არსებული, ნამდვილი საგნებისაგან.

§10. ფიზიოლოგიური ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ წინა პარაგრაფის დებულებას. ადამიანები, რომელთაც დაკარგეს ფეხი ან ხელი, თავის ცნობიერებაში ინარჩუნებენ სხეულის ამ ნაწილთა სიმრთელის შეგრძნებას. ასეთი ილუზია გვხვდება არა მხოლოდ იმათთან, რომელთაც ხელი ან ფეხის ნაწილი დაკარგეს, არამედ იმათთანაც, რომელთაც დაკარგეს მთელი ხელი, მხარამდე, და ფეხი მუხლამდე [3]. სხეულის რომელიმე ნაწილის დამკარგავი ადამიანები ვერ ამოძრავებენ მას ჯანსაღი ნაწილის თანაბრად, ყველა შემთხვევაში, როცა ამ მოძრაობებს აქვთ ადგილი, და თავის ცნობიერებაში ვერ არჩევენ, რომ დაზიანებული ნაწილი მთელი არაა. გრძნობათა ცდომილება მხოლოდ უნაყოფოდ წარმოებული მოძრაობის შემდეგ ხდება ცხადი. ადამიანები, რომელნიც ხის ფეხს ატარებენ, მას იფხანენ, როცა თეძოს ნაწილში გრძნობენ ქავილს. ხისფეხიანები თუმცა კი გრძნობენ, სად ეხება თეძოს ნარჩენი ხის ფეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერ ახერხებენ გააქრონ ცნობიერებაში ფეხის სიმრთელის შეგრძნება. ბევრი ისეთი შემთხვევაა ცნობილი, როცა ცალფეხა ადამიანები ხის ფეხის მოხსნის შემდეგ, მუშაობისას უცებ წამოხტებოდნენ ხოლმე და ეცემოდნენ, და ეს მომხდარა არაერთგზის და არა გულმავიწყობის გამო. მუშაობისას ეს ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ნაკლოვანი ფეხი ისეთივეა, როგორიცაა მეორე, ჯანმრთელი ფეხი. ბევრს ცივი წყლით უსველებდნენ მოჭრილი ფეხის თეძოს და ისინი გრძნობდნენ, რომ ცივი წყალი მოხვდა არა თეძოს, არამედ ფეხის თითებს. ცდომილება უფრო განსაცვიფრებელი ხდება, როცა აღიზიანებენ რომელიმე ნერვს. მაგალითად, ერთ ადამიანს მოჭრილი ფეხის თეძოს იმ ადგილზე აწვებოდნენ, სადაც გადის ცნობილი ნერვი, inchidiacus-ად წოდებული, და მას ეჩვენებოდა, რომ ჟრუანტელი უვლიდა ჯერ ფეხის ცერში, შემდეგ - ფეხის სხვა თითებში, მერე ფეხის უახლოეს ნაწილში, შემდეგ ფეხისგულში, ამის შემდეგ კი, განსაკუთრებით ძლიერად, კოჭში, ნაკუთალში. და ა.შ.

ბოლოს, ცნობიერების ასეთი ცდომილება ახასიათებთ არა მარტო იმ ადამიანებს, რომელთაც სხეულის ნაწილი ცხოვრების გვიან წლებში დაკარგეს, არამედ იმათაც, რომელთაც ძალიან ადრე დაკარგეს იგი, და გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ დაკარგული ნაწილის სისაღის ცნობიერება შედეგი კი არ არის ორი ფეხით მოძრაობის ჩვეულებისა, არამედ მას საფუძველი თვითონ ტვინის ცენტრში აქვს.

თუ ყველა ამ ფაქტს დავუმატებთ ხუთი გრძნობის ზემოთ მოყვანილ ანალიზს, ამან საბოლოოდ უნდა დაგვარწმუნოს, ყოველ შემთხვევაში, იმაში, რომ ტვინი არის ცენტრი და სათავსი ჩვენი შეგრძნებებისა, რომ ყველა ჩვენი შეგრძნება ტვინში ხდება, ე.ი. ჩვენ, უბრალოდ რომ ვთქვათ, - ვხედავთ, გვესმის და ტკივილსაც და ყველაფერს შევიგრძნებთ ტვინში და არა იქ, სადაც ჩვენ წარმოგვიდგენია - ჩვეულების გამო. მაგრამ არის თუ არა ამავე დროს იგი თავად მგრძნობელი საწყისი, ამას ჩვენ საბოლოოდ ვნახავთ, როცა თვითონ ტვინისა და ნერვების აგებულებას განვიხილავთ.

§11. ნერვული სისტემის აღწერილობა. ტვინი სამ მთავარ ნაწილად იყოფა, დიდ, პატარა და ზურგის ტვინად. სამივე ეს ნაწილი თავს იყრის მოგრძო ტვინში, რომელიც ზურგის ტვინის დასაწყისშია მოთავსებული. თუ თავს მოვაცილებთ ქალასა და სხვა გარსებს, რომლებიც ტვინს ფარავენ, და მას ზევიდან შევხედავთ, იგი წარმოგვიდგება ოვალური ფორმის მორუხო მასის სახით, რომელსაც ღარი ორ ნაწილად ყოფს. თუ ტვინს კეფის მხრიდან შევხედავთ, დავინახავთ, რთმ ამ მთავარი მასიდან გამოყოფილია ახალი, უფრო მცირე მასა, რომელიც ღარებითაა დაფარული: ეს არის პატარა ტვინი. თუ უფრო ქვევით ჩავყვებით ქალას ხვრელისაკენ, დავინახავთ, რომ პატარა ტვინადან გამოდის მოთეთრო ზონარი და შედის მალებში: ეს ზურგის ტვინია.

თუ ახლა ტვინს გადავაბრუნებთ და ასე შევხედავთ, დავინახავთ, რომ ტვინის ორივე მხარე სამ ამონაზნექადაა გაყოფილი. შუაში ეს ნახევარსფეროები შეერთებულია განსაკუთრებული ნივთიერებით, რომელსაც ტვინოვან ნივთიერებას უწოდებენ და რომელსაც ბევრი სულის რეზიდენციად მიიჩნევს. თუ ტვინს გავჭრით ამ შეერთების ადგილზე, გამოჩნდება ღრუები, რომელთაც ტვინის პარკუჭები ეწოდება. ამავე დროს მის შიგნითა მხარეს შეიძლება შევნიშნოთ უფრო ოვალური, საკმარისად დიდი შემაღლება: ესაა მხედველობის ბორცვი.  გარდა ამისა, არის რამდენიმე სხვა ნაწილიც, რომელთაც სხვადასხვა სახელით აღნიშნავენ. მათ შორისაა ჩაფხუტისმაგვარი, ბეჭდისებური ჯირკვალი, რომელსაც grandula pinealis-ის სახელწოდებით გალენი და დეკარტი სულის რეზიდენციად მიიჩნევდნენ. დიდი ტვინი და ზურგის ტვინი ერთმანეთს და პატარა ტვინს რამდენიმე მაკავშირებლით უერთდებიან.

ზურგის ტვინი იწყება მოგრძო ტვინიდან და მსხვილი სიმის, ან ტოტებით ქვემოთ შებრუნებული ხის სახით მიემართება ზურგის გასწვრივ. ტვინის ცალკეული ნაწილების დანიშნულება რომ გაეგოთ, მათზე სხვადასხვა ცდა ჩაატარეს. თუ ზურგის ტვინს გამოვყოფთ თავის ტვინისაგან, ადამიანი დაკარგავს ყოველგვარ გრძნობას და ყოველგვარი მოძრაობის უნარს თავის ყოველ ნაწილში, და რაც უფრო ახლოა გადაჭრის ადგილი თავის ქალასთან, მით უფრო ძლიერია ეს მოვლენა. ხოლო თუ ზურგის ტვინს დავაზიანებთ ან გადავჭრით მხოლოდ მარჯვენა მხარეს. მაშინ დამბლა თავს იჩენს სხეულის მთელ მარჯვენა მხარეს. თუ კი ტვინს მარცხენა მხარეს დავაზიანებთ, სხეულის მთელი მარცხენა მხარე დაკარგავს მოძრაობის და გრძნობის უნარს.

მოგრძო ტვინზე სულ მცირე შეხებაც კი საშინელ ტკივილებს აღძრავს, ხოლო მისი შიგნითა მხარის დაზიანება იწვევს კრუნჩხვებს და თვით სიკვდილსაც. რაც შეეხება ამ ნაწილის გარეთა მხარეს, იქ ამგვარი მოვლენები არ შეინიშნება. დიდი ტვინის ზოგიერთი ადგილი მგრძნობელობას ამჟღავნებს, ზოგი კი - არა.

ასევე უნდა ითქვას მოძრაობების შესახებაც. დიდი ტვინის დაზიანება სხეულის ყველა ნაწილის დამბლას იწვევს, ართმევს მათ მოძრაობის უნარს. თუ ცხოველს ამოვჭრით ტვინის ერთ ნახევარსფეროს, მისი სხეულის ნახევარი დაკარგავს მოძრაობის უნარს. პატარა ტვინის მთლიანად ან ნახევრად ამოჭრის შემთხვევაში იგივე მოვლენები მეორდება, მაგრამ მცირე ხარისხით.

ყველა მსგავსი ცდიდან მიღებული საერთო დასკვნა ასეთია:

მოგრძო ტვინის დანიშნულებაა ყველა არანებისეული მოძრაობის რეგულაცია, კერძოდ, გულის ცემის, სუნთქვის და სხვათა მოწესრიგება.

პატარა ტვინი ნებისეული მოძრაობების და სხეულის მდებარეობების საქმის მოწესრიგებას ემსახურება.

დიდი ტვინის ქვედა ნაწილი მართავს მთელი სხეულის მამოძრავეგელ კუნთებს და კიდურებს, ბოლო მისი სხვა ნაწილი გონებრივი მოქმედებების ადგილს წარმოადგენს.

§12. ნერვების აგებულება. ნერვები წარმოადგენენ უწვრილეს ძაფებს, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ცენტალური ნაწილები უკავშირდებიან სხეულის ყველა, თუნდაც ყველაზე შორეულ ნაწილს. სხეულის ყველა ნაწილი და ორგანო, რომლებიც გარე სამყაროსთან უშუალო ურთიერთობაშია, ამ ნერვების საშუალებით აკავშირებენ ტვინთან ყველა ხილულ საგანს. ნერვები ორგვარია: მგრძნობელობის ნერვები და მოძრაობის ნერვები. პირველადი ნერვული ძაფების რაოდენობა, რომლებიც ფარავენ სხეულის ყველა კიდურს, ყველა ნაწილს, აურაცხელია, მაგრამ ისინი ყველანი თავს აყრიან ტვინში, რომელიც, ჩანს, თვითონ წარმოადგენს რაღაც სხვას, ვიდრე თავად ამ ძაფთა კავშირს და დაბოლოებას. შთაბეჭდილებებს, რომელნიც ორგანოებიდან ნერვებს გადაეცემა, ეს უკანასკნელნი ტვინს აწვდიან. ამ მოქმედებას მათში ახორციელებს ეგრეთწოდებული ნერვული საწყისი ტალღისებური თრთოლვის (oscillatio) გზით. ეს oscillatio თავისი მოძრაობით შემოწერს წრეს. პერიფერიის მოცემულ ადგილზე მიღებული გაღიზიანება გადადის ნერვულ ცენტრში და იქედან კვლავ უბრუნდება გაღიზიანებულ ადგილს, მაგრამ უკვე არა ტკივილის სახით, არამედ მოძრაობის სახით. ამ წრიული მოძრაობის სიჩქარე მეტად დიდია და ძლივს იზომება. ფეხის თითში ქინძისთავის ჩხვლეტას მაშინვე მოსდევს ფეხის უჯან გაწევა, მაგრამ ეს მოძრაობა, რომლიც თითქოს თვითონ ჩხვლეტასთანაა შერწყმული, სინამდვილეში იმის შემდეგ ხდება, რაც ნერვის გაღიზიანებამ ტვინამდე მიაღწაა და იქედან უკანვე იქნა არეკლილი ფეხში. თუმცა ზოგიერთი ფიზიოლოგი ნერვების მოქმედების გვარობას რამდენადმე სხვანაირად ხსნის, რასაც ჩვენ ვნახავთ წინამდებარე წიგნის მეორე განყოფილებაში.

§13. უნდა ვცნოთ თუ არა მგრძნობიარე საწყისად თვითონ ტვინი? ყოველივე ზემოთ თქმულის მიუკერძოებელი განხილვა გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ თვითონ ტვინი არ წარმოადგენს მგრძნობელ საწყისს, ანუ არსებას, რომელიც შეიგრძნებს სინათლეს, ბგერას, სუნს და ა.შ. ამის მთავარი და საკმარისი საბუთია ერთიანობა და სიმარტივე ჩვენი შეგრძნებებისა, ერთიანობა და სიმარტივე, რაც ესოდენ ეწინააღმდეგება ტვინისა და მთელი ნერვული სისტემის სირთულეს. მართლაც, თუმცა ჩვენი შეგრძნებები ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავდებიან, რომ შეუძლებელია, მაგალითად, მოინახოს რაიმე მსგავსება სინათლეს, ბგერას, სუნსა და სხვა შეგრძნებებს შორის, მაგრამ მაინც სრულიად ცხადია, რომ ყველა ეს შეგრძნება ერთ, განუყოფელ არსებას ეკუთვნის. ცხადია, რომ ჩვენს შიგნით ხედავს, ისმენს და გემოს შეგრძნების მქონეა ერთი და იგივე და არა სხვადასხვა არსება. მაგრამ ეს ერთიანობა არ გვექნებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენი შეგრძნებები თვითონ ტვინის მატერიის, ან რომელიმე სხვა სასიცოცხლო ძალის თვისება რომ ყოფილიყო, რადგან როგორც ტვინი, ისე ყოველი მატერალური ძალა არის ათასობით ნაწილისაგან შემდგარი მასა. ტვინში არ არსებობს ისეთი წერტილი, რომელიც განსაკუთრებული წესით ყველა შეგრძნების სახეობას ავლენს: მასში ზოგი ადგილი მგრძნობიარეა, ზოგის დანიშნულებაა მოძრაობა, სხვებისა - გონებრივი მოქმედება. არსებობს ისეთი ადგილები, რომელთა დაზიანებაც ადამიანს ართმევს ერთ უნარს, მაგალითად, მეხსიერებას. არის ისეთი ადგილები, რომელთა დაზიანებაც სხვა უნარების დასუსტებას იწვევს. სადღაა ტვინში ჩვენი ცნობიერებისა და მოძრაობის ეს საოცარი ერთიანობა? როგორ ხდება, რომ ტვინის ეს განსხვავებული და ერთმანეთს უსასრულოდ დაცილებული ნაწილები შეგრძნების ერთიანობად შეირწყმება? ჩვენ ვლაპარაკობთ ერთმანეთს უსასრულოდ დაცილებულთა შესახებ, რამდენადაც შეგრძნებებისა და აზრების სიმარტივესთან შედარებით, უმცირესი მანძილიც უსასრულოა. განა ცხადი არაა, რომ ტვინის ყველა ამ მიკროსკოპულ ორგანოზე ბატონობს რაღაც უხილავი და მარტივი არსება, რომელიც შეგრძნებების სახით აღიქვამს მათ ყოველ ცვლილებას?

§14. საწინააღმდეგო მოსაზრება. მაგრამ, გვეტყვიან, ტვინი ჯერ კიდევ საბოლოოდ არაა შესწავლილი. მასში შესაძლოა იყოს წერტილი, სადაც საბოლოოდ იყრის თავს ყველა ნერვი, და სადაც, მაშასადამე, შეიძლება წარმოიშობოდეს ყველა შეგრძნება.

დავუშვათ, რომ ტვინში მართლაც არსებობს ისეთი ადგილი ან წერტილი, სადაც თავს იყრის ყველა შთაბეჭდილება. მაგრამ ეს ადგილი, ეს წერტილი, შეიძლება იყოს ან ტვინის ნაწილი, რომელიც რამდენიმე სხვა უფრო მცირე ნაწილისაგან შედგება, ან ერთი განუყოფელი ატომი ტვინისა. თუ იგი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ვთქვათ, 10 ნაწილისაგან, მაშინ დაისმის კითხვა: რა შეადგენს ამ 10 ნაწილის ერთიანობას? როგორ შეუძლიათ მათ იგრძნონ ასე შეწყობილად? ყოველი ამ ათთაგანი ნაწილაკი შეიგრძნებს სინათლესა და ბგერებს (რაც შეადგენდა, ასე ვთქვათ, ათ-ათ ბგერას და სუნს), თუ ყველა ერთად შეიგრძნებს და აცნობიერებს ერთ ბგერას? ერთი სიტყვით, ასეთი დაშვების შემთხვევაში გაუგებარი რჩება სულიერი მოქმედების ერთიანობა. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ეს წერტილი ერთი განუყოფელი ატომისაგან შედგება, მაშინ ეს უკვე ტვინი არ იქნება, რადგანაც ტვინის ყოველი უმცირესი ნაწილი, როგორც ქვემოთ ვნახავთ, რამდენიმე ისეთი მარტივი ატომისაგან ქიმიურად შედგენილი სხეულია, რომელნიც თავის ქიმიურ შეერთებამდე არ ჰგვანან ტვინს. ამრიგად, გამოდის, რომ შეგრძნებების ახსნისათვის ჩვენ იძულებული ვართ დავუშვათ რაღაც ისეთის არსებობა, რაც არ არის ტვინის მსგავსი. მაგრამ რა არის, არსებითად რომ ვთქვათ, ატომები? ეს არის მატერიის პირველადი ნაწილაკები, რომელთა ქიმიური შეერთებითაც მიიღება ყველა სხეული. მაგრამ ცნობილია, რომ ეს ატომები იგივე მატერიაა, იმავე არსებითი თვისებების მქონე. ამიტომ სრულიად შეუძლებელია რომელიმე ერთი ატომის არსებობა, რომელიც არსებითად სხვების მსგავსი არ იქნებოდა. რაც შეეხება პირველად ატომებს, ისინი ერთმანეთისაგან ფორმით და წონით განსხვავდებიან, ყველა სხვა მხრივ კი ერთგვაროვანნი არიან.

ქიმიურად კი ტვინი შედგება ცილისა, ფოსფორისა, ცხიმისა და კიდევ რამდენიმე სხვა ელემენტისაგან. არავინ იტყვის, თითქოს ცილას, ფოსფორს და ცხიმს ჰქონდეთ შეგრძნებისა და ნებისეული მოძრაობის უნარი. მაგრამ რა საფუძველზე უნდა ვიფიქროთ, რომ მათი ქიმიური შეერთება, რომელიც ტვინს ქმნის, მისცემს მათ ამ ახალ და მათთვის უცხო თვისებას? რა არის ქიმიური შეერთება? ეს ისეთი მოვლენაა, რომლის დროსაც რამდენიმე მარტივი სხეული გარკვეული პროპორციით ერთიანდება და ქმნის ახალ სხეულს. რა ცვლილებები ხდება ქიმიური შეერთების დროს? ესაა გარეგანი ცვლილებები, მაგალითად, ახალი სახე, ახალი სიმკვრივე, ზოგიერთი ახალი ქიმიური და ფიზიკური თვისებები, მაგრამ უაზრობაა დავუშვათ, რომ ფოსფორი, ცილა და ცხიმი ქიმიური შეერთებისას იმდენად შეიცვალნენ, რომ გაუჩნდათ შეგრძნების და სხეულის ნაწილთა ნებისეული ამოძრავების უნარი. ერთი სიტყვით, რა დაშვებასაც არ უნდა მივმართოთ იმის დასაბუთებისათვის, რომ შეგრძნებები ეკუთვნის ტვინს ან სხვა რომელიმე მატერიალურ საწყისს, ყოველმხრივ უამრავ წინააღმდეგობას წავაწყდებით. დაგვრჩენია დავუშვათ, რომ შეგრძნება ეკუთვნის რაღაც უხილავ, არც ტვინის და არც რაიმე სხვა სხეულის მსგავს, არსებას.

§15. რა არის შემგრძნები საწყისი? ზემოთ ითქვა, რომ ჩვეულების გამო ჩვენ გვგონია, თითქოს საგნებს სწორედ იქ ვხედავთ, სადაც ისინი არიან მოთავსებული, ბგერები სწორედ იქ გვესმის, სადაც ჰაერის რხევა მოხდა, გვგონია, თითქოს სუნი თვითონ საგნებშია, ტკივილს კი იქ ვგრძნობო, სადაც გაღიზიანება მოხდა; მაგრამ ითქვა ისიც, რომ სინამდვილეში ეს შეგრძნებები, როგორც ფიზიოლოგია გვასწავლის, სულ სხვაგვარად მოქმედებენ. სულის გასაგებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი შეგრძნებების ზუსტ ანალიზს, მათი წარმოშობის მიზეზის ზუსტ გამოყოფას მათ მიერ აღძრული შთაბეჭდილებებისაგან, ხოლო შთაბეჭდილებებისა - თვითონ შეგრძნებებისაგან. ვცადოთ კიდევ ერთხელ მოკლედ გადმოვცეთ გრძნობების ანალიზი, რომელიც ზემოთ იყო მოცემული.

მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ა. მისი ფიზიკური მიზეზია საგნებიდან მომდინარე სინათლის სხივები. მისი ფიზიოლოგიური მიზეზია ოპტიკური გამოსახულება, რომელსაც ეს სხივები წარმოშობენ თვალში. ეს ოპტიკური გამოსახულება არის შთაბეჭდილება ანუ გაღიზიანება, რომელიც ნერვის საშუალებით გადადის ტვინში, მაგრამ ჩვენ იქვე ვნახეთ, რომ ტვინსაც არ შეუძლია ჰქონდეს შეგრძნებები. მაშინ რა არის ტვინში? - ჩანს, ისეთივე გაღიზიანება ანუ შთაბეჭდილება, რაც საწყის ორგანოებში. სად ხდება ხედვა, ე.ი. ფერების, ფიგურების, სიდიდეების და სხვათა შეგრძნება? ეს შეგრძნებები არაა არც ტვინში, არც ნერვებში, არც თვალში. მაშასადამე, ეს შეგრძნება არაა არც ფიზიკური და არც ფიზიოლოგიური მოვლენა: იგი სულიერი მოვლენაა.

ს მ ე ნ ა. სხეულთა შეჯახება იწვევს ჰაერის ტალღისებურ მოძრაობას - ესაა ბგერების ფიზიკური მიზეზი. ჰაერის ტალღისებური მოძრაობები სმენის ორგანოში ასევე მოძრაობისა და გაღიზიანების სახით აისახება. სმენის ნერვი ამ გაღიზიანებას ანუ შთაბეჭდილებას გადასცემს ტვინს, რომელშიც უნდა წარმოიშვას ასევე ერთგვარი შთაბეჭდილება ანუ გაღიზიანება ტვინის ბუშტებისა. ჩვენ არ ვიცით, ისეთივეა თუ არა ეს გაღიზიანება, როგორც იყო სინათლის შთაბეჭდილებით გამოწვეული გაღიზიანება, არ ვიცით რაშია კერძოდ ამ ორი გაღიზიანებისა და შთაბეჭდილების მსგავსება და განსხვავება, ასევე არ ვიცით სხვა ორგანოების შთაბეჭდილებების მსგავსებაა და განსხვავებაც, მაგრამ ცხადია, რომ ისინი ყველანი წარმოადგენენ ორგანოებისა და ნერვების ცვლილებების თუ მოძრაობის გარკვეულ სახეებს. ამრიგად, ბგერა სულიერი სამყაროს მოვლენაა.

ამავე შედეგებამდე მივყავართ სხვა შეგრძნებათა განხილვას. მაშასადამე, არსება, რომელსაც აქვს შეგრძნების უნარი, არის სულიერი, არამატერიალური სუბსტანცია.

მაგრამ გვეტყვიან: სწორედ ტვინის ეს გაღიზიანებები არის ჩვენი შეგრძნებები, სახელდობრ - მხედველობის ნერვის მიერ ტვინში გადაცემული შთაბეჭდილებებისაგან წარმოქმნილი გაღიზიანება ტვინისა არის მხედველობის შეგრძნება, სმენის ორგანოს შთაბეჭდილებებით წარმოქმნილი გაღიზიანება არის თვითონ ბგერის შეგრძნება და ა.შ. მაგრამ არავითარი საფუძველი არ არსებობს გაღიზიანების ამგვარი არევისათვის თვითონ შეგრძნებაში. მთელმა ზემოთ წარმოებულმა ანალიზმა დაგვანახა, რომ პირველი არის მექანიკური მოქმედება, მეორეს კი არაფერი აქვს მექანიკური მოძრაობის მსგავსი. ამავე დროს, თუ ასეთ რამეს ვივარაუდებდით, ჩვენ ვერ ავხსნიდით ჩვენი შეგრძნებების ერთიანობას, იმ ერთიანობას, რომელიც გადაჭრით გვარწმუნებს, რომ ტვინი არ არის შემგრძნები საწყისი. ბოლოს, ჩვენ ვიცით, და ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მგრძნობიარე არსება თავისუფლად მოიხმარს შეგრძნებებს, როცა მათ ერთმანეთს ადარებს და მსჯელობებსა და დასკვნებს აწარმოებს, რაც ვერ გაკეთდებოდა წმინდა მექანიკური გაღიზიანების საფუძველზე.

აქამდე ნავარაუდევი საბუთები კიდევ უფრო ძლიერდება თავისუფალი მოძრაობის განხილვის შემდეგ.