წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

პირველი განყოფილება

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

თავი მეოთხე

სულიერი მდგომარეობების შესახებ

ბ) ვნებათა შესახებ

§108. ვნებათა განსაზღვრება და განსხვავება სხვა სულიერ მდგომარეობათაგან. ვნებებიც სულიერი მდგომარეობებია, მაგრამ ადრე განხილულთაგან ისინი იმით განსხვავდებიან, რომ მათში გაბატონებული ელემენტია ძლიერი და უწყვეტი სურვილი, ან მისწრაფება გარკვეული სიამოვნებისაკენ, მაშინ როცა წინა სულიერი მდგომარეობები თავად წარმოადგენენ სასიამოვნო ან უსიამოვნო გრძნობებს. შემდეგ, საერთოდ ყველა ვნება ერთი და იმავე სიყვარულის სახეცვლილებაა, ხოლო ზემოთ აღწერილი სულიერი მდგომარეობების ასეთ ამოსავალ საწყისს ვერ მივუთითებთ. მაშასადამე, აქ, პირველ ყოვლისა, უნდა გამოვიკვლიოთ, რა არის სიყვარული.

§109. სიყვარული. როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგალითად, თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს.

სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ, როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე, როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი მასში რაღაც სასიამოვნო მოგონებებსაც აღძრავენ.

§110. რომელ კერძო ვნებებს ბადებს სიყვარული. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს თავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგნის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისაკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება, როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისგან წარმოშობილი ვნებები: ა) ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვ. მაგრამ სანამ სიყვარულის ამ სახეცვლილებებს განვიხილავდეთ, ჯერ უნდა გადმოვცეთ ცნებები ეჭვიანობისა და სიძულვილისა.

§111. ეჭვიანობა. ეჭვიანობა არის შედეგი სიყვარულისა და სახეცვლილება შურისა. ის იბადება იმის გამო, რომ ჩვენი სიყვარულის საგანს სხვის მფლობელობაში ვხედავთ, ან ვფიქრობთ, რომ მას არა აქვს ჩვენს მიმართ თანაგრძნობა, ანდა ყოველ შემთხვევაში, სხვას უფრო თანაუგრძნობს, ვიდრე ჩვენ. მაშინ ეს სხვა პირი ხდება არსებად, რომელიც უსიამოვნებას, ეჭვიანობას აღგვიძრავს. ეჭვიანობა უაღრესად არასასიამოვნო გრძნობაა და მით უფრო არასასიამოვნოა, რაც უფრო ძვირფასი და ახლობელია ჩვენთვის სიყვარულის აღმძვრელი საგანი. ეჭვიანობა ან შედეგია ძლიერი სიყვარულისა, თუმცა აუცილებლობით არ არის მასთან დაკავშირებული, ანდა შედეგია საკუთარი თავისადმი უნდობლობისა, როცა ადამიანი საკუთარ თავს სიყვარულის ღირსად არ მიიჩნევს, ანდა, ბოლოს, შედეგია ეჭვნეული და მოუსვენარი ხასიათისა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა უარყოფითი გრძნობა და თავის უმაღლესი განვითარებისას უაღრესად მტანჯავია, მასში შეიძლება იმალებოდეს შეურაცხყოფილი თავმოყვარეობაც, სიამაყეც, შურისგების გრძნობაც და სხვა მრავალი არანაკლებ მდაბალი გრძნობა.

§112. სიძულვილი. სიძულვილი სიყვარულის საპირისპირო გრძნობაა. ესაა სულში გაჩენილი უკმაყოფილება, როდესაც წარმოვიდგენთ ისეთ საგანს ან პიროვნებას, რომლებსაც გული უტკენიათ ჩვენთვის. სიძულვილი, ისევე როგორც სიყვარული, ძალზე ხშირად მიმართულია უსულო საგნებზე და ამ შემთხვევაში, ის არის ამ საგანთან დაკავშირებული უკმაყოფილების მოგონება. სიყვარულის გრძნობა შეიცავს თავის თავში სიყვარულის საგნის ფლობის სურვილს. ამის საპირისპიროდ, სიძულვილის გრძნობა შეიცავს სურვილს, მოიშოროს, გაანადგუროს კიდეც, სიძულვილის საგანი.

სიძულვილი ყველაზე ხშირად შედეგია რაიმე წყენისა და შეურაცხყოფისა, რომელიც მოუყენებია ჩვენთვის ამ გრძნობის აღმძვრელ საგანს. მაგრამ ყველა შეურაცხყოფათაგან ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის იმას, რაც ეხება მისთვის ყველაზე მეტად საყვარელ საგანს ან გრძნობას. სწავლული ყველაზე მეტად განიცდის თავისი განსწავლულობის შეურაცხყოფას; ანგარებიანი ადამიანისთვის ყველაზე საწყენია მისი ანგარების დამცირება; დედისათვის ყველაზე სამწუხარო მისი შვილების შეურაცხყოფაა და სხვ. მაგრამ სიძულვილი ყველაზე სახიფათოა იმით, რომ აღძრავს შურისძიების სურვილს, - სურვილს, რომელიც ბევრ ადამიანში გადაიქცევა ულმობელ ვნებად. არ არის აუცილებელი, დაწვრილებით აღვწეროთ, თუ რა საშინელი შედეგები მოჰყვება ამ საზარელ ვნებას. ისტორია სავსეა მისი შედეგების მაგალითებით. ყველაზე შემაძრწუნებელია ის, რომ ზოგიერთ ტომში შურისძიების სურვილი წმინდა ვალდებულებად იქცევა. მაგალითად, კორსიკელებთან ის არის „vendetta“, ველურ კავკასიელ მთიელთან - სისხლის აღების აუცილებელი ვალდებულებაა.

§113. ღორმუცელობა და ლოთობა. სხეულის ვნებები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმიტომ იწოდებიან ასე, რომ მათში არსებული სიამოვნება სხეულის შთაბეჭდილებათაგან წარმოსდგება. ყველაზე მეტად ასეთებია ღორმუცელობა და ლოთობა.

პირველი სურვილია იმისა, რომ როგორც შეიძლება მეტი და ხშირად განვიცადოთ საკვების მიღების დროს წარმოშობილი სასიამოვნო შეგრძნება. მეორე კი, გარდა გემოვნების მოთხოვნის დაკმაყოფილების სურვილისა, წარმოადგენს მისწრაფებას, წამოვქმნათ თავის თავში სიმთვრალედ წოდებული სასიამოვნო მდგომარეობა, ე.ი. აღვძრათ თავის თავში ჯერ მხიარულება, შემდეგ კი - თავის გაბრუება, გონებისა და გრძნობათა დაბნელება. თუმცა ლოთობაში ზოგს უფრო მოსწონს თავად სმის პროცესი, თავად ღვინის გემოს შეგრძნება, ზოგს კი თავად სიმთვრალე, რომელიც სმის შედეგია, მაშინ როდესაც ღორმუცელობაში ყველას მოსწონს მხოლოდ გემოს შეგრძნების პრცესი და ზოგიერთი ბევრს ჭამს სწორედ ამ სიამოვნების გამო, თუმცა, შემდგომ, კუჭის გადატვირთვა, სიმძიმის შეგრძნება თავში და სხვ. მათთვის არასასიამოვნოა. ეს ორი გრძნობა ყველაზე მდაბალი და ცხოველურია: მათ გონიერი არსებები პირუტყვის მდგომარეობამდე დაჰყავთ. როგორ შეძლებს ავმუცელა და ლოთი გააკეთოს რაიმე ამაღლებული და კეთილშობილი, როცა მას ამოძრავებს მხოლოდ კერძების წარმოდგენა და სურვილი მიეცეს თავდავიწყებას, დაიბნელოს გონება ღვინით. ამავე დროს, სიამოვნება, რომელიც მოაქვთ გემრიელ საჭმელს და კარგ ღვინოებს, ისე მიმზიდველი და მაცდუნებელია, რომ ადამიანი, გონებრივი განვითარების რომელ საფეხურზეც არ უნდა იდგეს ის, ყოველთვის მეტ-ნაკლებად ემორჩილება ამ ვნებებს. თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ადამიანებს შორის, განათლებულების ჩათვლითაც კი, ცოტა მოიძებნება ისეთები, რომლებიც ასე თუ ისე არ უხდიდნენ ხარკს ამ ვნებებს, ე.ი. რომლებიც ჭამდნენ და სვამდნენ სწორედ იმდენს, რამდენსაც ითხოვს მათი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობა, საქმიანობა და სხვ. განა ბევრი ფიქრობს იმაზე, რომ ადამიანისათვის, რომელსაც სულ ჯდომა უხდება, ბუასილი აწუხებს, ალკოჰოლის შემცველი სასმელის ყოველი ზემდეტი ყლუპი სავსებით ზედმეტია და ხშირად მავნეა და რომ, რაც უფრო ნაკლებს დალევს და შეჭამს ის, მით უფრო ჯანმრთელი იქნება? მაგალითად, ვის მოუვა აზრად, რომ ნახევარი იმ კერძებისა და სასმელებისა, რომელთა მირთმევასაც შევეჩვიეთ, - უფრო მეტიც კი, ვიდრე ნახევარი, - მავნეა, ზედმეტია, ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებისა და თვისებებისადმი სავსებით უცხოა. ცხოვრებაში ყოველ ჩვენთაგანზე ბატონობს ჩვეულება, რუტინა და ზედმეტობა!

§114. თამაშთმოყვარეობა. ამ ვნების საფუძველია სისხლის დუღილი, წარმოშობილი უცნობი შედეგების მოლოდინიდან, რომლებიც ესოდენ მაცდუნებელია ადამიანის ცნობისმოყვარეობისათვის. თამაშთა მრავალფეროვნების მიუხედავად, მათკენ მიზიდვის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი აჩქროლებენ სისხლს, იმედს გვაძლევენ, აღძრავენ შიშს, სიხარულს, მოლოდინს და ა.შ. აქედან ცხადი ხდება, რომ ეს ვნება შეიცავს თავის თავში მრავალ სხვა სულიერ მდგომარეობას და გრძნობათა ღელვაზეა დაფუძნებული. ყველაზე მეტად ამას ამტკიცებენ ე.წ. აზარტული თამაშები. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში აზარტულად შეიძლება გადაიქცეს ყველა თამაში. ჩვენ დროში ადამიანთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ორი თამაში: ბანქოსი და ქაღალდისა. მიუხედავად მათი გარეგნული განსხვავებისა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისინი სავსებით მსგავსნი არიან, რადგან ორივეში სიამოვნებაა სისხლის აჩქროლება, სხვადასხვა გრძნობების - იმედის, შიშის, წყენის, სასოწარკვეთილების, სიხარულის და ა.შ. - თამაში.

საჭირო არ არის ბევრი ვილაპარაკოთ ამ ვნებათა მავნეობის შესახებ: მაგალითები ყველაზე კარგად მეტყველებენ, მაგალითებს კი ყველა ხედავს. ყველაზე უცნაური ისაა, რომ მიუხედავად იმ ტანჯვისა, წამებისა, რომელსაც განიცდის სული თამაშის მიზეზით, ადამიანს მაინც არ შეუძლია შეეშვას თამაშს. ნებისყოფის რაოდენ დიდი დაძაბვაა საჭირო, რათა დავამარცხოთ ჩვენში არა მარტო ძლიერი ვნება, არამედ უმნიშვნელო ჩვევაც კი! ეს ცხადი ნიშანია იმისა, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი თავისი ვნებების უბედური მონაა.

§115. სანახაობათმოყვარეობა. სანახაობათმოყვარეობა მისწრაფებაა სიამოვნებისაკენ, რომელსაც იძლევიან მხედველობის შთაბეჭდილებები ზოგადად, კერძოდ კი აქ იგულისხმება თეატრალური სანახაობით გატაცება. ეს სანახაობა იზიდავს ყოველ ადამიანს; მაგრამ ჟინი, ანუ ძლიერი და შეუკავებელი სურვილი იმისა, რომ მუდამ მიანიჭოთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება, მხოლოდ ზოგიერთს - ეგრეთ წოდებულ თეატრალებს აქვთ. განსხვავებული თეატრალური წარმოდგენები სულში განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს. კომედია გვიზიდავს იმით, რომ წარმოშობს სიცილს, მხიარულებისა და სულის სასიამოვნო განწყობილების გრძნობას. ტრაგედია, პირიქით, აღგვიძრავს თანალმობის, შიშის, იმედის, სინანულის, აღშფოთების, თანაგრძნობის და სხვ. გრძნობებს.

რა უნდა ითქვას თეატრალურ სანახაობებით გატაცების ზნეობრივ მხარეზე? ზნეობრივი თვალსაზრისით სასარგებლოა ის, რაც ასაზრდოებს კეთილ გრძნობებს, ძალას მატებს სულს, წარმოქმნის გონიერ შთაბეჭდილებებს. და პირიქით, ყველაფერი რაც აამებს მდაბალ გრძნობებს, აუძლურებს ხასიათს, ბადებს უწმინდურ წარმოსახვას, მავნეა. ამის საფუძველზე ძნელი არაა დავასკვნათ, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სულისათვის თეატრალურ სანახაობებს. თუ მიუკერძოებლად ვიმსჯელებთ, საკუთრივ დრამატიული წარმოდგენებით გატაცებას არ შეიძლება მოჰქონდეს მნიშვნელოვანი ზნეობრივი ზიანი. მაგრამ ადვილი გასაგებია, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანებზე იმ სანახაობებს, რომლებიც აღაგზნებენ ახალგაზრდობის წარმოსახვას შიშველი სხეულის, ლამაზმანების ვნებიანი და გამოწვევი მოძრაობების ჩვენებით. რომელ მცოდნე ფსიქოლოგს, მოაზროვნე ადამიანს ძალუძს გულწრფელად განაცხადოს, რომ ასეთი სანახაობები შეიძლება იყოს ვინმესთვის ან რაიმეში სასარგებლო? და ნახეთ როგორი ნაყოფი იბადება ამ სანახაობებიდან: აქ ვხედავთ საწყალ უგუნურს, რომელიც უზნეო ქალის კეთილგანწყობილების მოპოვებას თავის ქონებას სწირავს, იქ ვხედავთ მეორე ადამიანს, რომელიც მოყვასის და საკუთარი თავის კეთილდღეობისათვის ღვთით ბოძებულ ყველა სულიერ ძალას სანახაობათა კერპის თაყვანისცემას ახმარს, კიდევ ახალი სანახაობა - ურცხვი ქალის ღიმილის დასამსახურებლად ორი ადამიანი ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლაში იწვევს! სანახაობათმოყვარეობა სხვა ვნებათაგან იმით განსხვავდება, რომ ის იღებს საყოველთაო, სახალხო ხასიათს: ასეთი იყო ის რომის იმპერატორთა ეპოქაში, როცა ხალხი თავისთვის ითხოვდა მხოლოდ ორ რამეს - პურს და სანახაობებს! ასეთია ის ჩვენს დროში პარიზში და ზოგიერთ სხვა დედაქალაქში.

§116. ანგარება. ანგარება არის ძლიერი სურვილი იმისა, რომ შევიძინოთ სიმდიდრე, განსაკუთრებით ყოველგვარი სიმდიდრის წარმომადგენელი - ფული. ამ ვნების განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ის სხვებზე ძლიერადაა გავრცელებული ადამიანებს შორის, ისე რომ არ არსებობს თითქმის არც ერთი ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად არ იყოს მისით დასნებოვანებული. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმდიდრე არის ყველა სხვა სიამოვნების შეძენის საშუალება, ხოლო ცნობილია, რომ ქვეყანაზე ცოტაა ადამიანი, რაიმე სიამოვნებისკენ რომ არ ისწრაფვოდეს და თავისი მდგომარეობის გამოსწორება არ სურდეს. სიმდიდრის ასეთი დიდი მნიშვნელობა აპირობებს იმას, რომ ანგარება ყველა სხვა ვნებაზე მეტად ეუფლება გულს. ყოველი ადამიანი ძაბავს თავის ძალას სიმდიდრის შესაძენად, როცა წარმოიდგენს სიამოვნებას, რომელიც შეიძლება შეიძინოს სიმდიდრით, პატივს, მდიდარ კაცს რომ მიაგებენ, მეორე მხრივ კი, როცა წარმოიდგენს სიღარიბის ყველა გაჭირვებას. ზოგიერთი აკრძალულ ხერხებსაც კი იყენებს თავისი გამდიდრებისათვის, შურით იმსჭვალება მდიდრის მიმართ, როცა მის ბედნიერებას და კეთილდღეობას წარმოიდგენს. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან კეთილი ზრახვებით, სურთ მოახმარონ სიმდიდრე მოყვასთ. მაგრამ ასეთი ადამიანები თავისი მიზნისკენ მიდიან წყნარად და ვნების გარეშე.

ზოგიერთი ადამიანის გულში ანგარების ვნებას განსაკუთრებული, თავისებური მიმართულება ეძლევა. ადამიანთა უდიდეს ნაწილს გამდიდრება სურს მხოლოდ იმ მიზნით, რომ იცხოვროს საამურად, დამოუკიდებლად, მაგრამ ზოგიერთისათვის სიმდიდრეს აქვს არა საშუალების, არამედ მიზნის მნიშვნელობა. ასეთი ადამიანები სიამოვნებას ნახულობენ თავისი სიმდიდრის მხოლოდ ჭვრეტაშიც კი. მათ ხიბლავს და ატკბობს წარმოდგენა იმისა, რომ მდიდარი არიან, რომ განძს ფლობენ. ესაა სიძუნწე. სულის ასეთი მდგომარეობა არის ყველაზე უაზრო და უგუნური. განა შეუძლია მოაზროვნე ადამიანს გაოცების გარეშე წარმოიდგინოს ძუნწი კაცი, რომელიც ფულის სიყვარულის გამო ყველა სიამოვნებას იკლებს! შესაწყალებელი და გასაგებია, რომ ადამიანს უყვარს სიმდიდრე, როგორც საშუალება ცხოვრებისა და ყველა სხვა სიამოვნებისა. მაგრამ რა საკვირველი გზით მიდის გონიერი სული იქამდე, რომ ტკბება სიმდიდრის მხოლოდ მზერითაც კი, თრთოლავს ოქროს ბრჭყვიალის მხოლოდ მხოლოდ ყურებისას, ინახავს ფულს, როგორც ყველაზე მეტად ძვირფას საგანს. ადამიანი ტკბება ოქროთი გატენილი ტომრების ჭვრეტით და ამავე დროს შია და ცივა - ხომ არ არის ეს თავისებური სახის შეშლილობა?

სიძუნწე, როგორც ფაქტი, თუ გნებავთ, სულიერი მოვლენა, გასაგები და ადვილად ასახსნელია: ადამიანმა საშუალება აქცია მიზნად და შეიყვარა სიმდიდრე, ნაცვლად მისი საშუალებით მოსაპოვებელი სიამოვნებისა. მაგრამ გასაოცარია, როგორ მივიდა ის ამ მდგომარეობამდე. კიდევ უფრო საოცარია, რომ სიძუნწე უმეტესწილად ეუფლება ადამიანს სიბერეში, როცა ის ყველაზე ნაკლებს უნდა ფიქრობდეს ამქვეყნიურზე. გარდაცვალებისას ძუნწი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ თავის განძს შორდება. ასეთია ადამიანის სული! ვინ ვერ ხედავს ამაში მისი ზნეობრივი დაცემის საბუთს?

§117. ავხორცობა.  ავხორცობა სქესობრივი კავშირის ძლიერი სურვილია, რომელსაც ბადებს ამ კავშირის თანმხლები გრძნობადი სიამოვნების წარმოდგენა. ამ ვნების განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ იგი თავის თავდაპირველ საფუძველს პოულობს სხეულებრივი არსების ბუნებრივ მოთხოვნილებაში, იმ მოთხოვნილებაში, რომელიც შემოქმედმა ჩადო ადამიანის მოდგმის გასამრავლებლად. მისი მეორე განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ იგი, სხვა ვნებების მსგავსად, ხანგრძლივი ან მუდმივი სულიერი მდგომარეობა კი არ არის, არამედ ადამიანში აღტყინების სახით ვლინდება, ხოლო როცა დაკმაყოფილებულია, ანდა თუნდაც ნების ზეგავლენითაა ჩახშობილი, თითქოს სულაც ქრება. არც ერთი ვნება არ შეედრება გრძნობათა იმ ღელვას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მან ადამიანში. რადგან გრძნობადი სიამოვნება ამ ვნებაში უფრო ძლიერი და მიმზიდველია, ადამიანზე ამ ვნების გავლენაც და ის უკიდურესობანიც, რომლებამდეც მიჰყავს მას ადამიანი, გაცილებით მნიშვნელოვანია.

§118. პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა არის მისწრაფება იმისაკენ, რომ დავდგეთ სხვა ადამიანებზე მაღლა, მოვიპოვოთ ძალაუფლება მათზე, სხვათა ყურადღება მივიქციოთ, ერთი სიტყვით, მოვიპოვოთ პატივი. ის წარმოიშობა იმ სიამოვნების წარმოდგენისაგან, რომელიც შეიძლება მოგვანიჭოს ამ უპირატესობათა შეძენამ. არაფერი ეამება ადამიანს ისე, როგორც ყურადღება და პატივისცემა, უფრო მეტად კი - სხვათა გაკვირვება. არის დიდებასა და პატივში რაღაც ყველასათვის მომხიბლავი და მიმზიდველი, ამიტომ იშვიათად თუ ვინმე არ არის აყოლილი პატივმოყვარეობას.

ყურადღებისა და დიდების დამსახურების სურვილი სამართლიანად ითვლება ადამიანის ნების ბერკეტად და მამოძრავებლად. ბუნებრივია, რომ ადამიანი, რომელსაც ძალიან სურს დაიმსახუროს სხვა ადამიანთა პატივი, ცდილობს რაღაც საქმეებით გამოიჩინოს თავი. სწავლული ძაბავს გონებას, რათა ახალი ჭეშმარიტებები აღმოაჩინოს; მხედართმთავარი - რათა შეიმუშავოს გეგმები მტრის დასამარცხებლად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უეჭველია, დიდების დამსახურების სურვილი ბევრჯერ ყოფილა  ძალზე სამწუხარო ამბავთა მიზეზი. ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ სპობდნენ ქვეყნებს და ანადგურებდნენ ათასობით თავის მსგავს არსებას პატივმოყვარეობას აყოლილი ადამიანები.

§119. შენიშვნები სხვა ვნებათა შესახებ. ჩვენს მიერ აღწერილ სულიერ მდგომარეობათა და ვნებათა გარდა კიდევ არსებობს მრავალი სხვა, მაგრამ ეს უკანასკნელნი უმეტეს წილად სახეცვლილებებია იმ სულიერი მდგომარეობებისა და ვნებებისა, რომელთა გაანალიზებას შევეცადეთ აქამდე. მაგალითად, ტრაბახისა და ტყუილის მოყვარეობა, რომელითაც ბევრია დაავადებული, შედეგია ფუჭი ამპარტავნობისა და დაფარული პატივმოყვარეობისა, რადგან ტრაბახას სურს გადანდიდოს თავისი თავი, თუნდაც სიტყვიერად, ის ტკბება საკუთარი ქება-დიდებით.

მაგრამ ვნებებზე ლაპარაკისას არ შეიძლება არაფერი ვთქვათ ზოგიერთი ადამიანის მისწრაფებაზე საკუთარი თავის განსაკუთრებული სიყვარულისკენ, ეგოიზმისკენ. საკუთარი თავის სიყვარული ორგვარად უნდა იყოს განხილული. ჯერ ერთი, როგორც წყარო საერთოდ ყველა ჩვენი სულიერი მდგომარეობისა და ვნებისა, რადგან ეს უკანასკნელნი თითქოსდა მისი სახეცვლილებებია. მეორე, როგორც განსაკუთრებული მიდრეკილება -  ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარ სიმშვიდეზე, არად ჩავაგდოთ სხვა პიროვნებები და საკუთარ ინტერესს ვამსხვერპლოთ ისინი. ამ შემთხვევაში მას ეგოიზმი ეწოდება. ეგოისტი მხოლოდ სკაუთარ თავზე ფიქრობს და ყველა ადამიანს უყურებს, როგორც საკუთარი პიროვნების იარაღს. ასეთი ადამიანი გულგრილია სხვათა ტანჯვისადმი და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ თავად იყოს მშვიდად. სულის ასეთი მდგომარეობა ყველაზე ულმობელი და არაადამიანურია. ცივი ეგოისტი საზოგადოების ურჩხულია, ადამიანურ გრძნობას მოკლებული არსებაა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეგოიზმი ყველა სხვა ვნებასა და მანკიერებაზე უარესია, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობისა კანონის სავსებით საწინააღმდეგოა.

§120. ვნებები გულისხმობენ მათ ჩვევას. ვნებები, საკუთარი აზრით თუ ვიხმართ ამ სიტყვას, უეცრად კი არ იპყრობენ ადამიანს, არამედ თანდათან. სულში ნებისმიერი ვნების არსებობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მიეჩვია მას, იმ ზომამდე მიეჩვია მასში არსებულ სიამოვნებას, მათ გემოს, რომ ისინი აუცილებელნი ხდებიან ამ ადამიანებისათვის. ყოველი ჩვევა კი წარმოიშობა ჩვენში ერთი და იმავე შეგრძნებისა და მოქმედების მხოლოდ ხშირი განმეორების შედეგად. მაშასადამე, ვნების შეძენისათვის საჭიროა რამდენჯერმე მივანიჭოთ თავს ის სიამოვნება, რომელიც სურვილის საგანია. გამონაკლისია, ალბათ, მხოლოდ ავხორცობა, რომლის გამოვლენაც ორგანიზმის წყობის შედეგია და არა ჩვევისა. მაგრამ ჩვევამ ის შეიძლება გააძლიეროს. ამიტომაა, რომ ადამიანი ასე ძლიერ ემორჩილება ვნებებს: ჩვევა ხომ, როგორც ცნობილია, ბუნებაზე ძლიერია. ამიტომ ხდება ისიც, რომ რაც უფრო მეტად საზრდოობს ვნება, მით უფრო დაჟინებული ხდება, და მისგან თავის დასაღწევად ან არ უნდა დავაკმაყოფილოთ ის, ანდა უნდა შევეცადოთ, შევიძინოთ მისი საპირისპირო ჩვევები.