დავით ციცქიშვილი

* * *

„ბავშვობაში ყოველი დღე ჩანდა ხანგრძლივი, მრავალი საინტერესო, მნიშვნელოეანი მოვლენით აღსავსე“, - წერს მამა ალექსანდრე (ზახაროვი), მაგრამ შემდეგ დღეებმა გაიელვეს უწყვედი ჯერივით... მე უკვე ორმოცს გადავაბიჯე და მეჩვენება, რომ თითქოს გუშინ ვიყავი ოცი წლის. ცხოვრება ჯერ მიდიოდა, მერე გაიქცა, შემდეგ გაიქცა როგორც ექსპრესი, მალე კი, ალბათ, თვითმფრინავის სისწრაფით გაფრინდება. ჰკითხეთ მას, ვინც ოთხმოცს გადააბიჯა, როგორ გაიარა მთელმა მისმა ყოფამ? კი პასუხობენ, კი არ გაიარა, გაფრინდა...

წლები გემატება და დღეები საოცარი სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს. თვალსა და ხელს შუა გეპარება სიცოცხლე და ვერაფერს უხერხებ დროის ამ ვერაგულ რბოლას. იხედები უკან და თითქოს ერთი გაელვება იყო იგი, ერთი განვლილი წუთი. აქ იკარგება, რამდენი წელია გასული - ორმოცი, ორმოცდაათი თუ ოთხმოცი, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. შეგრძნებაა, რომ მართლაც წუთისოფელია ეს ქვეყანა და უცბად გაირბინა ყველაფერმა ამან. ბუნდოვანი შინაარსის მქონედ აღიქმება განვლილი გზა, რომელშიც თითქოს ბევრი რამ იყო, მაგრამ ამასთან, არც არაფერი არ გახლდათ.

ასაკში შედიხარ და გინდა თუ არ გინდა, მეტად შემოდის გარდაცვალებაზე ფიქრები. არ გსიამოვნებს, სევდიანად გასცქერი ახალგაზრდობის განვლილ წლებს და ის აზრიც ჩნდება, რომ ადრე სულაც ვერ აფასებდი ამ ყველაფერს და ახლა დროის ამ გადასახედიდან თურმე რა საუნჯე ყოფილა იგი. ნელ-ნელა ჯანმრთელობა ირყევა, სხეული ცვდება, ხან ერთი სატკივარი წამოყოფს თავს, ხან მეორე, უნებურად სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება ერთი გამოთქმის აზრი, რომელიც შეიძლება სულაც არ იცი, მაგრამ მაინც რადგან მეტად ცხოვრებისეულია იგი, მისი შინაარსი შენთვის სრულიად ნაცნობია: „старость не радость“ „სიბერე სიხარული არაა“.

არსებობს თუ არა ის სამყარო, ფიქრობ ასეც, იქნებ აქ ყველაფერი თავდება. ჩაგდებენ მიწაში, დააფარებენ შენს ჩასასვენებელს სახურავს და ყველაფერი დასრულდება ამგვარად. შესაძლოა მოხდეს კიდევ უარესი რამ, სასაფლაოზე დაგტოვებენ და გარეგნულად კი ცოცხალი არა ხარ, მაგრამ მაინც ყველაფერს გრძნობ. გესმის, განიცდი და თან სიბნელეში გაუნძრევლად წევხარ, შენი გამგონი კი არავინაა. გზაფრავს ამის წარმოდგენა, მეტად მძიმეა იგი აღსაქმელად. ხან კიდევ იმედი გაქვს, რომ მიწაზე სიცოცხლე არ თავდება, ის სიკვდილის შემდგომაც გრძელდება, აქ მარტოოდენ სხეული რჩება, რომელიც თანდათანობით იხრწნება, მისგან კი ბოლოს ძვლებიღაა, სული კი ამოდის და მიფრინავს სადღაც სხვაგან. ხან ძლიერდება ეს იმედი, ხანაც კიდევ სუსტდება - კაცის ბუნება ცვალებადია, აცდება კი ვინმე სიკვდილთან დაკავშირებით ასეთ ფიქრებს, განცდას.

თუ შენს სიცოცხლეს რაიმე საფრთხე დაემუქრა და ეს სურათი ხომ განსაკუთრებით მწვავე, დამთრგუნველია, გარკვეულ წუთებმი კი საოცრად მძაფრია. ძილში რამდენჯერმე გეღვიძება და თვალის გახელისთანავე მთელი შენი არსება ერთ დამზაფრავ აზრს მოუცავს - მალე შეიძლება აღარ იყო და აღმოჩნდე ცივ სამარეშია. ნანობ, რომ გაიღვიძე და ისევ ძილში გსურს დაბრუნება. იქ ხომ მაინც ვერ იგრძნობ ამ მდგომარეობის სისასტიკეს, დამთრგუნველობას. ცივი ოფლი გასხამს. შველა კი არსაითაა. მხოლოდ ერთს ნატრობ - ჯანმრთელობას და მასთან შედარებით მთელი ამქვეყნიური სიამენი დიდად არაფრად მოჩანს.

ზოგჯერ მძიმე ავადმყოფს, მომაკვდავსაც ხვდები და ის აზრი გიტრიალებს, როგორ უძლებს ხალხი ამ საშინელებას. რაღაც მომენტში თავს მის ადგილას წარმოიდგენ და ამბობ: „ღმერთო, მხოლოდ ეს არა“. ხანდახან იმასაც ფიქრობ, როგორ მოიქცეოდი მის ადგილას. ადვილი შესაძლებელია, სულმოკლეობა გამოგეჩინა, ღმერთი გაგეკიცხა ზედმეტად, უფრო ნაკლებ ღირსეულად შეხვედროდი ამ სატკივარს. ამასთან შედარებით საკუთარი პრობლემები, გაჭირვება დიდად აღარაფრად მოჩანს. რა მაქვს საწუწუნო, - მსჯელობ ასე, - აქ ადამიანს ამგვარად უჭირს, მე კი გულს ვასკვდები რაღაცას. თუმცაღა გადის გარკვეული ხანი, სნეულის სახება ფერმკრთალდება და ისევ ხშირად ჩნდება საკუთარ მძიმე ხვედრზე ჩივილის განცდა.

მძიმე ავადმყოფებს შორის არიან პატარებიც, ახალგაზრდებიც და ზოგიერთი მათგანიც სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას. უყურებ მძიმე სენით შეპყრობილ ბავშვს, მის ფერმკრთალ, უსიცოცხლო სახეს, სევდიანი, ნაღვლიანი მზერა რომ აქვს, მის მომვლელ დათრგუნულ ხალხს, მშობლებს, ახლობლებს, რომელთაც ასეთი მძიმე ხვედრი არგუნა ბედმა. უმზერ ახალგაზრდა ქალს, ვინც შეიძლება არ იცის, იმედი აქვს გამოჯანმრთელების, მაგრამ მისი სიცოცხლე მალე დამთავრდება. ჯან-ღონით სავსეს ახლა უნდა დაეწყო საქმიანობა. შეექმნა ოჯახი, გაეჩინა შვილები, მოესწრო ამქვეყნად ბევრი რამ, ის კი უკვე წარმავალია. უყურებ მომაკვდავ მოხუცსაც, დახუჭული თვალის უპეები ცრემლით რომ დანამია. მძიმედ სუნთქავს, ხმას აღარ იღებს და მთელი მისი სახე ძალიან დიდი ტანჯვის გამომხატველია. თითქოს  კითხულობს: რატომ, რისთვის, უფალო, ამხელა სულიერი, ფიზიკური ტკივილი და შენც თითქოს იმეორებ მის მიერ უტყვად გამოხატულ ამ დამთრგუნველ აზრს. გული გეთუთქება, განიცდი და უნებურად ფიქრობ: რატომ უშვებენ ზემოთ ასეთ სატკივარს, რამხელა სევდას განიცდი მისი შემხედვარე, რომ შეგეძლოს ყველაფერს შეცვლიდი, იქ კი ზეცაში თითქოსდა არცთუ თანაგრძნობით ეკიდებიან ამას.

ეკლესიურ კაცს ასეთი მჭმუნვარე აზრების განსაქარვებლად საკუთარი რწმენა ეხმარება, იმის ცოდნა, რომ უფალი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენდა სასიკეთოდ უშვებს ამქვეყნად ყველა სახის განსაცდელს, სატკივარს. მან უკეთ იცის, როგორ წარმართოს პატარების, ახალგაზრდების, თუ სხვა ასაკის ხალხის ხვედრი და ზოგჯერ უკვე ადრევე, ზეცაში წასვლის მიმართულებით ცვლის მათ მიწიერ გზას. თან ღვთაებრივი სიბრძნით, ჩვენ შესაძლებლობაზე მეტად არ ვიცდებით და ის განსაცდელი მოგვევლინება, რისი გადატანის უნარიც გვაქვს. მამა პაისი ათონელი აღნიშნავს: „ღმერთს, რომელსაც ამხელა სიყვარული, თანადგომა აქვს ადამიანის მიმართ, როგორ გადააქვს ჩვენი ამხელა ტკივილი, ტანჯვა. გადააქვს იმიტომ, რომ იცის იმ ღვთაებრივი საზღაურის შესახებ, რაც მოელის ტანჯულ ადამიანს. ე.ი. რაც მეტად იტანჯება კაცი, მით მეტი საზღაური გადაიდება მისთვის ზეცაშია. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, არ გვესმის და ამიტომაც ვიტანჯებით, განვიცდით უფრო დიდ ტკივილს, ვიდრე საჭიროა. მაგრამ თუ კაცი თუნდაც მცირედ მაინც ხედავს, რა ელის ტანჯულს, წამებულს იმქვეყნად, იცის იმ ღვთაებრივი საზღაურის შესახებ, რასაც მიღებს სანაცვლოდ ზეცაშია, მაშინ ამასთან შედარებით მისი აქაური ტანჯვა დასანახად არცთუ ისე დიდია“. ცნობილი ბერძენი ბერი მამა პორფირე თავის სულიერ ძმებს მიმართავდა: „წამალი, რითაც სიმსივნე იკურნება, მეტად მარტივია და ექიმები მას ყოველდღიურად ეხებიან. ის მათ თვალწინაა. ღვთის მადლით, მეც ვიცი იგი, მაგრამ უფალი არ ამჟღავნებს სახელს წამლისა, რადგან ბოლო ჟამს ამ სნეულების გამო, სამოთხე გაივსება ხალხით“. წმ. სერაფიმე საროველი ამბობდა: „ადამიანმა რომ იცოდეს, სასუფეველში რა ნეტარებაა, მზად იქნებოდა ათასი წელი მოეთმინა ორმოში ყოფნა, მატლებით და ჭიებით შეწუხებულს, ოღონდაც კი დაემსახურებინა იქ მოხვედრა“.

ალბათ, არაფერია სანახავად იმაზე დიდი, შთამბეჭდავი, როცა ადამიანი ვაჟკაცურად, ღირსეულად ხვდება სიკვდილს, გარდაცვალების წამს. ზოგს ეს მართლაც გამოსდის და სხვებისთვის ეს მაგალითია, თუმცაღა ხშირად მარტოოდენ ასეთი შემთხვევების ხილვა არასაკმარისია. იმქვეყნიურ სამყაროსთან შესახვედრად ხალხის ერთგვარი მომზადებაც საჭიროა, ახსნა, ჩვენება იმისა, რომ აქ სიცოცხლე არ თავდება არსებობის ბოლო წამს. ეს წიგნიც სწორედ ემსახურება ამ ურთულეს მისიას.

 

გარდაცვალების საიდუმლო

ადამიანმა დიდი ცოდნა დააგროვა ამა თუ იმ სფეროში, საგნებთან, მოვლენებთან მიმართებაში, მაგრამ ხშირად ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საჭირო, მისი თვალთახედვის მიღმა რჩება, ნაკლებად აქცევს ყურადღებას, იძიებს ცნობებს, ინტერესდება მისით. ერთერთი მათგანი კი გარდაცვალების საიდუმლოა. არის ასეთი ცნობილი გამოთქმა: „გახსოვდეს სიკვდილი“. ადრე მონასტერში ამგვარი ჩვევა არსებობდა, მის ერთერთ ძმას ავალებდნენ მისულიყო მონასტრის წევრებთან, როდესაც ისინი სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ გართულნი და შეეხსენებინა, რომ არსებობს სიკვდილი „ძმებო, ჩვენ მოვკვდებით“, ის ამბობდა. მონასტრებს, ტაძრებს ხშირად გარს ეკვროდა სასაფლაოები, რაც ასევე ხელს უწყობდა სიკვდილის ხსოვნას.

რაც უფრო ხანში შედის ადამიანი, მით უფრო ძალაუნებურად მეტს ფიქრობს გარდაცვალებაზე, თითქოსდა ეჩვევაო ერთგვარად მას. ბავშვს, მოზარდს, ყრმას კი ეს ნაკლებად ადარდებს, აშფოთებს, იშვიათად რომ გაიხსენოს იგი მან. თუ მაინცდამაინც დაიწყო ამაზე ფიქრი რაღაც მიზეზთა - თავის ავადმყოფობის ან ახლობლის გარდაცვალების - გამო და ხშირად თავზარდამცემი ელფერით აღბეჭდილია ეს. თუმცა, უნდა ითქვას, მწვავე სიტუაციაში არც უფროსები არიან ამ მხრივ დაზღვეულნი, გამონაკლისნი, ისინიც თრთიან, კანკალებენ სიკვდილის მოახლოებისას, მაგრამ მაინც რაც უფრო ასაკოვანია, ხანშიშესული ადამიანი, თითქოსდა უფრო გამძლე ხდებაო გარდაცვალების შიშის მიმართ, ნაკლებემოციური, თითქოსდა შედარებით არამწველი ხდებაო მასთან დაკავშირებული განცდები კაცთან. მცირე ასაკში კი სიკვდილზე ფიქრი ჩვეულებრივ იშვიათად ეკარებათ. უფალი უშვებს ამას. პატარამ რომ კარგად გააცნობიეროს, ჩაწვდეს იმის არსს, რომ ადრე თუ გვიან მოკვდება, მაშინ დაბრკოლდებოდა იგი, ხალისს დაკარგავდა ცხოვრებისა, უსარგებლო, არამიმზიდველი გახდებოდა მისთვის ყველაფერი აქ.

დიდი ათონელი ბერი მამა პაისი ამბობს: „აბა, შეეცადე უთხრა პატარას: გქონდეს სიკვდილის ხსოვნა. იტყვის ტრუ-ლა-ლა და გაიქცევა ბურთის სათამაშოდ სხვასთან. უფალი რომ ეხმარებოდეს იმის გაგებაში, რომ ადრე თუ გვიან მოკვდება, გული გაუტყდებოდა ცხოვრებაზე პატარას, უვარგისი გახდებოდა იგი აღსაქმელად, რამეთუ არც არაფერი იქნებოდა მიმზიდველი აქ. ამიტომაც ღმერთი, როგორც კეთილი მამა, ისე აწყობს, რომ ბავშვმა ვერაფერი გაიგოს, თუ რას წარმოადგენს სიკვდილი და უდარდელად, მხიარულად ითამაშოს ბურთი სხვასთან. მაგრამ რაც უფრო ემატება წლები, უფრო მეტად ესმის თუ რა არის სიკვდილი“.

რაც უფრო ასაკში შედის კაცი და უახლოვდება გარდაცვალების წამს, მასთან მიმართებით შეიმჩნევა ერთი არარეალური, საფუძველს მოკლებული, მაგრამ მაინც არსებული უცნაური განცდითი დამოკიდებულება. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს: „ჩვენ გარმემორტყმულები ვართ სიკვდილის სურათებით, მაგრამ ამავდროულად როგორი უცნაურიც არ უნდა ჩანდეს, არ ვფიქრობთ მასზე, თითქოსდა არ ვიჯერებთო ჩვენს ამქვეყნიდან წასვლას. ვხედავთ, როგორ კვდებიან სხვები. მაგრამ ამასთან, გვეჩვენება, თითქოსდა აქ დავრჩებითო მუდმივად. მართლაც, რა ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ჩვენი გული გაჩერდება რომელიღაც წამს, ის, რომელიც ასე იწვოდა ვნებებით, ბრაზით თუხთუხებდა სიძულვილით და ეჭვით, რა იშვიათად იყო მასთან გრძნობა სიყვარულისა, განა ადვილია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ბაგენი დაიხურება მუდმივად, რომელიც ასე ხშირად წარმოთქვამდა ტყუილს და ცილისწამებას, იშვიათად კი ლოცვას! ჩამოეშვება ჩვენი ხელები, მზად რომ იყვნენ წარეტაცათ მთელი ქვეყანა, ჩამოეშვება უღონოდ, თითქოსდა ჩამოსხმული ყოფილიყოსო ტყვიითა“.

რამდენჯერ შევსწრებივართ დასაფლავების სცენას, რა მძიმე, დამთრგუნველია იგი, ხედვა იმისა, როგორ ეამბორებიან ახლობლები, ნათესავები, მეგობრები მიცვალებულს უკანასკნელად, როგორ ახურავენ ჩასასვენებელს თავს, უშვებენ თოკებით საფლავში და აყრიან მიწას, როგორ ემატება ორმოს თანდათანობით და იშლება კიდეც პროცესია. რამდენჯერაც არ უნდა შეხედო ამ სცენას, ვერასდროს თავისუფლდები იმ დამრთგუნველი განცდისგან, რომ როდესღაც შენც ვერ აცდები ამას, გონებაში ჩნდება აზრი, რომ როდესმე თავადაც მიგატოვებენ ამგვარად და დარჩები ხალხის წასვლის შემდგომ მარტოდმარტო აქ. თუმცაღა ამ დროს ხშირად რაღაც უცნაური განცდაც იჩენს თავს, თითქოსდა მიუხედავად ყველაფრისა, რომ იგი გარდაუვალია, ეს შენ მაინც არ შეგეხება, არ მოგელის, ან კიდევ სიკვდილი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. თავს იმშვიდებ, არის კი საჭირო ახლა ზედმეტად შემოშვება გონებაში ასეთი აზრებისა, წარმოდგენებისა, განა გამართლება აქვს ზედმეტად დათრგუნვას, დაზაფვრას მიწაზე, თანაც დროზე ადრე, თითქოსდა რაღაც თავდაცვითი მექანიზმი ირთვებაო, გადაგაქვს ყურადღება სხვაგან.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აგრძელებს თავის საუბარს: „თითოეული ქალაქის, სოფლის მახლობლად შეუმჩნევლად იზრდება სხვა ქალაქიც, სასაფლაოს რომ ვუწოდებთ ამქვეყნად, აქ, მეგზური ამ დასახლებისა. ყოველდღიურად იბადებიან ამ მკვდარ ქალაქში „ჩვილები“ თავისა, მასზე მეტყველებენ ახალ საფლავებზე ნესტიანი გროვები მიწისა, მხოლოდ ჩვილები უკვე იწოდებიან არა ახლადდაბადებულებად, არამედ ახლადშესვენებულებად. დასაწყისში საფლავთან ხშირად მიდიან ახლობლები, მეგობრები განსვენებულთა, მაგრამ დროთა განმავლობამი, წლიდან წლამდე უფრო იშვიათად აქვს ადგილი ამას, ბოლოს კი არც აღარავინ არღვევს მდუმარებას სამარისა.

სასაფლაო უტყვია, მაგრამ რამდენს ეუბნება იგი კაცს, ქალაქის ხმაური აღწევს როგორც შორეული ტვირთის ხმა ან გუგუნი შემოდგომის ნიავისა, სასაფლაოზე რაღაც განსაკუთრებული სიწყნარეა, თითქოსდა დრო გაჩერდაო აქ. ეს დუმილი კი ტაძრის სიწყნარეს ჰგავს. თითოეული საფლავი თავის საიდუმლოს მალავს, ზოგზე წარწერაა, ზოგზე კი მარტო ნახევრადწაშლილი ასოებია, ზოგიერთსაც კი მხოლოდ ქვა ადევს ზემოდან. არავინ იცის რა წაიღო ადამიანმა თან, რას განიცდიდა მისი გული გარდაცვალების ჟამს? სიყვარულს თუ სიძულვილს, მადლიერებას ხალხისადმი თუ მწარე იმედგაცრუებას გულისას. ის ამქვეყნიდან როგორ წავიდა? გარშემორტყმული ახლობლებით და მეგობრებით თუ მარტოდ დარჩენილი, მიტოვებული, მივიწყებული ყველასგან... თუ საფლავის ქვებზე წარწერებს ამოვიკითხავთ, შევამჩნევთ, რომ მის ქვეშ წვანან არა მხოლოდ წლებით მოკაკულნი მოხუცნი ამა სოფლისა, არამედ ყრმებიც, ჩვილებიც ამა ქვეყნისა. დაუნდობელია სიკვდილი, სასტიკია, არ არსებობს დედამიწაზე კუთხე, სადაც შეიძლება დაემალო მას - არც მაღალ მთებში და არც სიღრმეში მიწისა. ყველგან შეაღწევს ის, მოგვძებნის აუცილებლად. ის, ვინც მხოლოდ ახლახან დაიბადა, უკვე განწირულია განსასვენებლად“.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასეთი მძაფრი, დამთრგუნველი შეგრძნებების მიუხედავად, სურათი იცვლება, როცა ადამიანი დიდი სულიერებით გამოირჩევა. ერთ-ერთ ფარულ მონაზონს როცა ჰკითხეს, თუ იგი როგორ გრძნობდა თავს, პასუხად მიიღეს „По стариковски завидуя умирающим“ ანუ „ხანდაზმულად, შურს გავნიცდიო რა მომაკვდავთა მიმართ“.

როდესაც მამა პაისი ათონელს უთხრეს, რომ მას სიმსივნის ავთვისებიანი მეტად მძიმე ფორმა ჰქონდა და დიდი დღე აღარ ეწერა, თქვა: - მომიტანეთ რაიმე ნაჭერი, რომ დავიწყო ცეკვა, იყავ ჯანმრთელად, ნახვამდის უბედურო ქვეყანა: ცხოვრებაში არ მიცეკვია, მაგრამ ახლა სიხარულისგან გავაკეთებო ამას. რამეთუ ახლოვდება წამი გარდაცვალებისა“. უბრალო მოკვდავისთვის, ალბათ, არცთუ ადვილი გასაგებია, თუ როგორ უნდა გარდაისახოს ადამიანი ამგვარად, რომ ასე შეხვდეს სიკვდილის წამს, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლაც ესოდენ ცვლის მისადმი დამოკიდებულებას. ამქვეყნიდან გასვლა განიხილება არა უკვე შემაძრწუნებელი რამ, არამედ პირიქით, როგორც განთავისუფლება ტანჯვისაგან.

წმ. თეოფანე დაყუდებული თავის მომაკვდავი დის ქმარს მიმართავდა: „ჩემი და კი არ მოკვდება, მარტოოდენ მისი სხეული შეწყვეტს არსებობას, მისი ხატება კი დარჩება, მხოლოდ სხვა წესებით დაიწყებს ცხოვრებას. დასვენებულ სხეულში სული არ იმყოფება, არ არის იგი საფლავშიაც, ის სხვა ადგილასაა და ისევე ცოცხალია, როგორც მიწაზე გახლდათ. პირველ საათებში, დღეებში სული თქვენ გვერდით იქნება - მაგრამ ვერაფერს იტყვის. არც მისი დანახვა იქნება შესაძლებელი. აქ დარჩენილები იმქვეყნად წასულებს მივტირით, არადა, იქ მოხვედრისას ისინი მაშინვე უფრო უკეთ და საამოდ გრძნობენ თავს. ვინც გამოსცადა სიკვდილი და შემდგომ ისევ სხეულში მოუნდა დაბრუნება, საცხოვრებლად მეტად მოუხერხებლად აღიქვამდა მას. ჩემს დასაც ამგვარი შეგრძნებები ექნება. მისთვის იქ უკეთესია, ჩვენ კი თავს ვიკლავთ, თითქოს რაღაც უბედურება შემთხვეოდეს მანდ. ის გვიყურებს და ალბათ უკვირს, თუ რას ვტირით აქ“.

ამერიკელი მეცნიერი რაიმონდ მოუდი თავის წიგნში „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ აღწერს იმ შეგრძნებებს, განცდებს, რომელსაც განიცდიან კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფნი ამ კრიტიკული ვითარებისას. ასეთი 100 შემთხვევის გამოკვლევის შემდგომ იგი განმარტავს: „მრავალი განსაკუთრებით სასიამოვნო გრძნობებს, შეგრძნებებს განიცდის მიწიერი სიცოცხლის დამთავრებისას, კლინიკური სიკვდილის პირველი ეტაპის დადგომისას. მძიმე ტრავმის შემდგომ ერთ-ერთი დაშავებული არ ავლენდა სიცოცხლის არავითარ ნიშანს. როგორც შემდგომში იგი ყვება, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერში დალივლივებდა, ბნელ სივრცეში გადაადგილდებოდა. დღე იყო მეტად ცივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ ყოფნისას სითბოს განიცდიდა და როგორც არასდროს, ისე კარგად გრძნობდა თავს. თან ფიქრობდა, რომ ის ალბათ გარდაიცვალა“.

ქალი, რომელსაც გულის შეტევის შემდეგ სამედიცინო დახმარებით სიცოცხლე დაუბრუნდა, აღნიშნავდა. არაჩვეულებრივი შეგრძნებები დამეუფლა, სხვას არაფერს ვგრძნობდი, გარდა სიმშვიდისა, მდგომარეობის შემსუბუქებისა, სიწყნარისა, სიმყუდროვისა. აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი შფოთვა გაქრა და ჩემთვის გავიფიქრე: „რა კარგია აქ, სიმშვიდეა, არ იგრძნობა არავითარი ტკივილის არსებობა“.

კიდევ ერთ-ერთ ასეთ მდგომარეობაში მყოფი იხსენებს: „უბრალოდ, მქონდა მძაფრი შეგრძნება სიმარტოვისა და სიმშვიდისა... ეს მშვენიერი გახლდათ, ისეთი განცდა მქონდა სიწყნარისა, მოსვენებისა“.

ვიეტნამში მებრძოლი, რომელიც ჭრილობის შემდგომ „გარდაიცვალა“, ყვებოდა, რომ დაჭრის მომენტში განიცდიდა გრძნობას „რაღაც ძალიან დიდისგან გათავისუფლებისა“. ტკივილი სულაც არ იყო, არასდროს მიგრძვნია თავი ასე თავისუფლად, ამგვარად. სიმსუბუქეს ვგრძნობდი და ყველაფერი იყო კარგად“.

საინტერესოა ისიც, რომ სულის სხეულში დაბრუნებას ბევრი ასეთ მდგომარეობაში მყოფი საკმაოდ უსიამოვნოდ აღიქვამს. როცორც ამერიკელი მკვლევარის წიგნში ვკითხულობთ, თითქმის ყველა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი პირველ წუთებში განიცდის საოცარ სურვილს სხეულში დაბრუნებისა, ამასთან, მწარედ განიცდის ამქვეყნიერი ცხოვრების დასრულებას. მაგრამ სიკვდილის მომდევნო ყოფის გარკვეული ეტაპების გასვლისას, ამის სურვილი უკვე აღარ აქვთ, პირიქით ეწინააღმდეგებიან კიდეც ამას. როგორც რ.მოუდის წიგნში ვკითხულობთ, გამონაკლისი ამ მხრივ მაინც არ ცვლის საერთო, ზოგად კანონზომიერებას. რამდენიმე ქალი, რომელთაც ჰყავდათ პატარა ბავშვები, ყვებოდნენ, რომ სიკვდილის წინა მდგომარეობაში მათ ერჩივნათ დარჩენილიყვნენ იქ, სადაც აღმოჩნდნენ, მაგრამ ისინი გრძნობდნენ, რომ ვალდებულები იყენენ დაბრუნებულიყვნენ მიწაზე, რადგანაც შვილები გასაზრდელი ჰყავდათ“.

მართლმადიდებლურ წყაროში „დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი“ აღწერილია ერთ-ერთი კაცის შემთხვევა, რომელიც ჯერ გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ კი ისევ ხელახლა გაცოცხლდა. ეს შემთხვევა მე-19 საუკუნის ბოლოს აღიწერა ჟურნალ „მოსკოვის უწყებანში“ და სავარაუდოდ, მისი ავტორია კ.ისკული, რომელიც შემდგომ მონასტერში განმარტოვდა. იგი აღნიშნავდა, თუ რა განცდები ჰქონდა მას სულის სხეულში დაბრუნებისას. „თავიდან ვიგრძენი, რომ რაღაცამ მომიჭირა, შემდეგ უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, ამ დაკარგული შეგრძნების აღდგენამ კი ძველ ცხოვრებასთან დამაბრუნა და მაშინვე ღრმა მწუხარებამ მომიცვა. თითქოსდა რაღაც უძვირფასესი განძი დავკარგეო (იმასაც ვიტყვი, რომ ეს განცდა მთელი ცხოვრება მომდევს თან). არაფერი მიზიდავდა უწინდელი ცხოვრებისკენ და არცერთი წუთით არ მომდომებია მასთან დაბრუნება, თუმცა მანამდე იგი სულაც არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და ძნელი ასატანი აქ.

სინესტეში დადებული ფოტოსურათი თუ გინახავთ? სახეებს კი არჩევ, მაგრამ ისინი გახუნებული და ფერგადასული გახლავთ, მშვენიერი გამოსახულების ნაცვლად ამჩნევია რაღაც უფერული, მოყვითალო ლაქა. სწორედ ასე გაუფერულდა ჩემთვის ცხოვრება, გახუნებულ სურათად იქცა და დღემდე რჩება ასეთად. არ ვიცი, როგორ და რანაირად მივხვდი ასე სწრაფად ყოველივე ამას, მაგრამ ეს კია, ძველი ცხოვრება უკვე სრულიადაც აღარ მხიბლავდა, გარე სამყაროსთან კავშირის გაწყვეტის გამო თავიდან განცდილმა ძრწოლამ თავისი საშინელი მნიშვნელობა დაკარგა“.

ნეკრესის და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) იხსენებს: „ერთი პერიოდი ხარკოვში ვცხოვრობდი და გარკვეული ხანი სამშობლოში დაბრუნება მომიხდა. უკრაინის ამ ქალაქში ისევ ჩამოსულმა გადავწყვიტე კბილების ამოღება. მათი ამოღება მეშინოდა და ნარკოზი გამიკეთეს. მერე მითხრეს, მკვდარი იყავიო. არადა, ყველაფერს ვხედავდი, როგორ ირჯებოდა ექიმი, ყველაფერი მესმოდა აბსოლუტურად. სამოთხე და ჯოჯოხეთიც კი ვიხილე, ვნახე წმიდა სამებაც. თუმცა, ეს ყველაფერი მაშინ არ ვიცოდი. მერე თანდათან ჩავწვდი ჩემს ხილვას. თეთრებში შემოსილ სულიწმიდას ხელზე ვკოცნიდი და ვთხოვდი, არ დავებრუნებინე მიწაზე აქ. ეს ისეთი ნეტარება გახლდათ. შემდეგ უფალი ვნახე ძოწისფერ და ლურჯ სამოსში, როგორც ხატებზეა გამოსახული იმგვარად. უფლის სიტყვებიც მახსოვს, მხოლოდ მისი თქმის უფლება არა მაქვს. ეს უტკბილესი ხმა გახლდათ. შემდეგ მამა ღმერთიც ვიხილე, მახსოვს, როგორ შემეშინდა, ჩვენ შეგქმენითო, რომ მითხრეს. ვევედრებოდი, არ დავებრუნებინე უკან. ამას ყველაფერს გონისმიერი თვალით ვხედავდი... ჩემმა თხოვნამ არ გაჭრა, ჯერ ადრეაო, მითხრეს და დედამიწაზე დამაბრუნეს, ამის შემდეგ გამოვფხიზლდი კიდევაც“.

ის შეგრძნებები, გრძნობები, რომლებიც განიცადეს სიკვდილს მიახლოებულმა ადამიანებმა, მიუთითებს იმაზე, რომ გარდაცვალების პირველ პერიოდს, ხანას თავისი ხიბლი, მიმზიდველობა აქვს და მიწაზე მაცხოვრებელთათვის ეს ნამდვილად ნიშნავს რაღაცას. არადა, სანამ ამგვარ სხვადასხვა მონათხრობს გაიგონებ, მანამდე ძნელად რომ წარმოიდგენ ამას. ჩვენ კი პანიკურად გვეშინია სიკვდილის, მასთან შეხვედრაზე ფიქრიც კი გვზარავს, საოცარი ძალით ვეწინააღმდეგებით მას, თუმცაღა რას გავხდებით, და ამ დროს არც კი ვიცით თუ რას გრძნობს ხალხი მასთან ზიარების ჟამს.

ალბათ, კაცობრიობის სიჩლუნგის ერთ-ერთი დიდი გამოვლინებაა, რომ აქამდე ნაკლებად მახვილდებოდა ყურადღება თუ რა შეგრძნებები, განცდები შეიძლება იყოს ადამიანის სულის სხეულიდან განსვლისას, რაზე მიგვითითებს ამ მხრივ გარდაცვალების წინარე გამოცდილება. არადა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა ამის შესახებ, ინტერესდებოდეს მისით, ესმოდეს რა შეუძლია მოუვიდეს ამქვეყნიური ცხოვრების დასრულებისას. რის შესახებ აღარ ვრცელდება ინფორმაცია, რაზე არ ლაპარაკობენ, საუბრობენ, უმთავრესი კი ყურადღების მიღმაა, არადა, როგორ გაუადვილდებოდა კაცს სიკვდილთან შეხვედრა, რომ იცოდეს რა შეუძლია მოუვიდეს, ელოდოს მას. თანაც ეს ხელს შეუწყობდა კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა დასაჯერებლად იმისა, რომ სიცოცხლე არ თავდება ამქვეყნიური ყოფის გათავებისას.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფ.მიტერანი რომელიღაც წვეულებაზე ერთ-ერთი ქალბატონის გვერდით მოხვდა. როცა მან ჰკითხა, თუ რა პროფესიის გახლდათ იგი, საინტერესო პასუხი მიიღო: „სიკვდილისთვის ვამზადებო ხალხს“. როდესაც პრეზიდენტი სიმსივნით დაავადდა და მისი ამქვეყნიდან გასვლის დრო დადგა, ამ ქალს მიმართა დასახმარებლად და მანაც გაუადვილა გარდაცვალების წინა ეტაპი მას. ალბათ ყველა სახელმწიფოში, ქალაქში უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებისდაგვარად გაუადვილებს კაცს სააქაოდან წასვლას, უკვე მიწაზე ერთგვარად აზიარებს მას იმქვეყნიურ სამყაროს, აუხსნის, განუმარტავს თუ რას შეიძლება მოელოდეს სულის სხეულიდან გაყრის ჟამს. ჩვენთან კი ამას ეკლესიის მსახურებზე კარგად ვინ გააკეთებს და არ არის აუცილებელი ისინი მაინცდამაინც მღვდელმსახურები გახლდნენ, შეიძლება ასეთი ხალხის შერჩევა უბრალო ერისკაცთაგან, მოწყალების დათაგან. მხოლოდ ისინი შინაგანი სამყაროთი, საუბრის ნიჭით, ხასიათის თვისებებით, ადამიანური სითბოს, თანაგრძნობის გამომჟღავნების, სიყვარულის გამოხატვის უნარით უნდა შეესაბამებოდნენ ამ ურთულეს მისიას. თან უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა, განათლება მიღებული ამ სფეროში, საეკლესიო მსახურებთან, ფსიქოლოგებთან გავლილი კურსი მომზადებისა. კარგად უნდა იცნობდნენ სხვადასხვა ლიტერატურას გარდაცვალების თემაზე და თავადაც უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, გააზრებული სიკვდილთან დაკავშირებული ესა თუ ის მხარე, სხვადასხვა შემთხვევა.

მაინც რა განცდებს, შეგრძნებებს უნდა ველოდოთ გარდაცვალებისას: მიმართავდა რა თავის მომაკვდავ დას ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული წერდა: „შენ ხომ მართლადა არ მოკვდები, შენი სხეული შეწყვეტს მხოლოდ არსებობას, თავად კი სხვა სამყაროში გადაინაცვლებ, ცოცხალი, საკუთარი თავის ხსოვნითა და გარე სამყაროს ცნობის უნარითა“.

ღირსი მამა აბა დოროთე აჯამებს რა ამ საკითხთან დაკავშირებით ადრინდელ ქრისტიანთა შეხედულებებს, აღნიშნავს: როგორც მამები ამბობენ, სულებს ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერი, რაც კი მიწაზე ყოფილა წარმოთქმული, ნამოქმედარი, ნააზრევი. აქედან არაფრის დავიწყება არ ხდება. ფსალმუნში ვკითხულობთ: „მის დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ (ფს. 145,4). აქ ლაპარაკია ამქვეყნიურ ზრახვათა, შენების, მშობლების, შვილების, ქონების, ყოველგვარი საქმიანობისა და სწავლების შესახებ. სულის მიერ სხეულის დატოვების შემდეგ ყოველივე ეს იკარგება... ის კი, რაც სათნოებასთან ან ვნებებთან არის დაკავშირებული, სულს ყველაფერი ახსოვს, აქედან არაფერი ქრება. ასევე, როგორც ითქვა, სულს არაფერი ავიწყდება იქიდანაც, რაც მიწაზე გაუკეთებია, მას ყველაფერი ახსოვს და თანაც უფრო ცხადად და კარგად, როგორც განთავისუფლებულს თავისი სხეულიდან“.

V საუკუნის დიდი მოღვაწე იოანე კასიანე ნათლად აღგვიწერს სიკვდილის შემდგომ სულის აქტიურ მდგომარეობას: „სულთა არსებობა სხეულთან განშორებისას სულაც არ ხდება უაზრო, მოკლებული ყოველგვარ მგრბნობელობას. ამას ადასტურებს თუნდაც სახარებისეული იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებაც (ლუკა 23,22-28)... გარდაცვლილთა სულები არა მხოლოდ არ თავისუფლდებიან თავიანთი გრძნობებისაგან, არამედ არ კარგავენ საკუთარ განწყობილებებს, იმედებსა და შიშს, სიხარულსა და მწუხარებას. ისინი ასევე გარკვეულწილად იწყებენ რაღაც ისეთის განცდასაც, რაც მოელით საყოველთაო სამსჯავროზე წარდგომისას“.

მეტად საინტერესო აღწერას ვხვდებით გარდაცვალების შემდგომი განცდების უკვე დასახელებულ მართლმადიდებლურ წყაროში „დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი“. კ.ისკული, ვისაც ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი რამ შეემთხვა, ასე აღგვიწერს ამ შემთხვევამდე თავის განვლილ ცხოვრებისეულ გზას. იგი როგორც აღნიშნავს, ერთი მეტად ნელ-თბილი რწმენის კაცი გახლდათ, არც ათეისტი და არც მორწმუნე, ხანდახან ეკლესიაში შეივლიდა და წელიწადში ერთხელ კიდეც ეზიარებოდა. რელიგიური საკითხები სულ არ იზიდავდა და არც ის ესმოდა, საინტერესო მათში რა გახლდათ. არაფერი იცოდა ელემენტარული, ანბანური ცნობების გარდა, მაგრამ ამასთან მიიჩნევდა, რომ ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და თანაც ყველაფერში კარგად ერკვეოდა. თანაც თვლიდა, რომ მისნაირი განათლებული კაცისთვის რელიგიურ სფეროში არც არაფერი იყო გამოუცნობი და თავსატეხი რამ. ერთმა შემთხვევამ კი ამ თვალსაზრისით სრულიად შეცვალა მთელი მისი ცხოვრება. იგი ერთხელ რაღაც საქმეებზე ჩავიდა რომელიღაც ქალაქში და იქ ფილტვების ანთებით დაავადდა. ეს დაავადება იმ დროისათვის საშიშად ითვლვბთდა, რადგან მაშინ არ იყო შესაფერისი ეფექტური წამლები, მედიკამენტები, მისგან განსაკურნებლად. აი, როგორ აღგვიწერს იგი თავის მდგომარეობას, რომელშიც ავადმყოფობის გამწვავების შემდგომ ჩავარდა: „დაახლოებით ოთხი საათისთვის ოდნავ შემამცივნა, საბანში გავეხვიე და ლოგინში ჩავწექი გასათბობად, მაგრამ უეცრად, გავხდი ძალიან ცუდად.

ფერშალს დავუძახე. იგი მოვიდა, თავი წამომიწია და ჟანგბადის ბალიში მომცა. სადღაც ზარმა გაიწკრიალა. რამდენიმე წუთში პალატაში სწრაფად შემოვიდა უფროსი ფერშალი, მას ორი ექიმი მოჰყვა.

სხვა დროს მედპერსონალის ასეთი უცნაური ელვისებური თავშეყრა, ალბათ, გამაოცებდა, მაგრამ ახლა სრულიად გულგრილი გახლდით, თითქოს ყოველივე ეს მე არც კი შემეხებოდა. ჩემში საშინელი გარდატეხა მოხდა! ერთი წუთის წინ სიცოცხლით სავსე გახლდით, ახლა კი, თუმცა კარგად ვხედავდი და მესმოდა ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, მაგრამ ისეთი უცნაური განურჩევლობა და გაუცხოება დამეუფლა, რაც ცოცხალი კაცისთვის, ალბათ, უჩვეულოა სრულიად.

მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მქონდა მიპყრობილი, მაგრამ აქაც განვიცდიდი რაღაც უცნაურობის და გაორების გრძნობას, გარკვევით აღვიქვამდი თავს და, თან იმდენად გულგრილი ვიყავი, თითქოს ფიზიკური შეგრძნების უნარიც კი დაკარგული მქონდა.

მაგალითად, ვხედავდი, რომ ექიმი ხელს ხელზე მკიდებდა და პულსს მისინჯავდა, ვხვდებოდი, რასაც აკეთებდა, მაგრამ შეხების შეგრძნება არ მქონდა. ვუყურებდი და მესმოდა, რომ ექიმებმა წამომსვეს და რაღაცას ერჩოდნენ ჩემს ზურგს, მაგრამ კერძოდ რას აკეთებდნენ, არ ვიცოდი, იმიტომ კი არა, რომ საერთოდ დავკარგე განცდის უნარი, უბრალოდ, არ მაინტერესებდა. სადღაც, ჩემს შიგნით ჩავფლულიყავ.

ჩემში თითქოს ორი არსება გაჩნდა: ერთი - მთავარი, ღრმად დაფარული, მეორე - რომელიც გარეგანი და ალბათ, უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი გახლდათ. ახლა მათი შემაერთებელი რგოლი გაწყდა და დაიფერფლა, ეს ორი არსება კი გაითიშა. იმ ერთს, მთავარს, ცხადად და მძლავრად ვგრძნობდი, ხოლო მეორეს კი, უმნიშვნელოდ, რაც ჩემთვის სულ ერთი იყო, ჩემს სხეულს წარმოადგენდა.

სულ რამდენიმე დღის წინ როგორ გამაოგნებდა ჩემში უცნობი შინაგანი არსების აღმოჩენა და იმის მიხვედრა, რომ იგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მეორე ნახევარზე, რომელიც აქამდე ერთადერთი მეგონა და რომლის არსებობის შეგრძნებაც ახლა საერთოდ შეუმჩნეველი მქონდა.

საოცარი მდგომარეობა იყო: ვცოცხლობდი, ვხედავდი, მესმოდა და, იმავე დროს, არც არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი, გარემოს მიმართ ისეთი გაუცხოება დამეუფლა.

ექიმი რაღაცას მეკითხება, მე მესმის და არ ვპასუხობ. არ ვპასუხობ, რადგან მასთან ლაპარაკი არაფრად მჭირდება. თუმცა, ეს კაცი ხომ ჩემზე ზრუნავს? ჰო, მაგრამ იმ მეორე ნახევრისათვის, რომელიც ახლა სრულიად უმნიშვნელოა ჩემთვის.

უეცრად მან ხმა ამოიღო, და თანაც, როგორ! ვიგრძენი, რომ საოცარმა ძალამ დამქაჩა და სადღაც, ქვევით ვარდნით გამაქანა. თავიდან ასე მეგონა, თითქოს სხეულის ყველა ნაწილზე უზარმაზარი ლოდები დამკიდეს, მაგრამ მალე ეს გრძნობა გაუფერულდა სრულიად. სიმძიმის განსაზღვრა უკვე შეუძლებელი გახლდათ, აქ რაღაც საზარელი მიზიდულობის კანონი ამოქმედდა.

მეჩვენებოდა, რომ მე კი არა, ჩემი სხეულის ყოველი ნაწილი, ყოველი ღერი თმა, უწვრილესი ძარღვი და უჯრედი ცალ-ცალკე სადღაც მიექანებოდა ისეთი ძალით, როგორითაც მაგნიტი ლითონის ნაკუწებს მიიზიდავს. და თუმცა ეს შეგრძნება უზომოდ ძლიერი იყო, სრულიადაც არ მიშლიდა ხელს ყოველივე აღმექვა და განმეცადა. მესმოდა, ჩემს თავს რაღაც უცნაური ამბავი ტრიალებდა, სინამდვილესაც აღვიქვამდი: მახსოვდა და ვიცოდი, რომ საავადმყოფოში ვწევარ, რომ ჩემი პალატა მეორე სართულზეა და ჩემს ქვეშაც ასეთივე პალატაა, მაგრამ იმავე დროს დარწმუნებული გახლდით, მის ნაცვლად ერთი კი არა, ათი ოთახიც რომ ყოფილიყო, ათივე გზას დამითმობდა და ვერაფერი შეუშლიდა ხელს ჩემს ქვემოთკენ გაქანებას... კი, მაგრამ, საით? სადღაც, შორს, მიწისკენ უფრო ღრმად. საოცრად მომინდა იატაკზე დაწოლა, ავწრიალდი და ვცადე გავძალიანებოდი ამ გიჟურ სრბოლას.

ვგრძნობდი, რომ უცნაური მიზიდულობა სულ უფრო მატულობდა, უკვე ვუახლოვდებოდი, საცაა შევეხებოდი კიდეც იმ მაგნიტს, რომელსაც მთელი არსებით უნდა შევერთებოდი და რომელსაც უკვე ვერავითარი ძალა ვეღარ დამაშორებდა. სულ უფრო მეტ შიშსა და ძრწოლას განვიცდიდი, ჩემში შინაგანი ამბოხის ხმა იღვიძებდა და ვგრძნობდი, რომ შეუძლებელი იყო მთლიანად შევრწყმოდი მას, რაღაც უნდა გამომყოფოდა და ეს რაღაც ისეთივე ძალით ეწინააღმდეგებოდა ჩემს მიმზიდავ საგანს, როგორითაც მეორე ნახევარი მიელტვოდა. აუტანელ ტანჯვას მაყენებდა ჩემს ორ ნაწილს შორის ამგვარი ბრძოლა.

„თურმე რა ხდება! მიწა მიზიდავს ასე ძალუმად!“ თავში გამიელვა. „თუმცა, მე კი არა, იმას, თავისას, დროებით რაც მომეცა. ნეტავი მიწა იზიდავს, თუ თვითონ მიელტვის მას?“ და უეცრად ის, რაც აქამდე ასეთი ცხადი და გასაგები მეგონა (ანუ სიკვდილის შემდეგ მტვრად ქცევა), არაბუნებრივად და შეუძლებლად მეჩვენა.

„არა, მთლად ვერ წავალ, არ შემიძლია!“ თითქმის ხმამაღლა შევყვირე, შევეცადე, როგორღაც გავთავისუფლებულიყავი, ხელიდან დავსხლტომოდი იმ ძალას, რომელიც ასე მიზიდავდა, და უეცრად ვიგრძენი შემსუბუქება. თვალი გავახილე და, რაც იმ წუთას ვიხილე, საოცარი სიცხადით დამამახსოვრდა. მარტოდმარტო ვიყავი შუა ოთახში, ხელმარჯვნივ კი მთელი მედპერსონალი რაღაცის გარშემო იდგა. უფროს ექიმს ხელები უკან ჰქონდა შემოწყობილი და დაჟინებით უმზერდა იმ რაღაცას, რასაც მე ვერ ვხედავდი მათი ზურგების მიღმა. მის გვრდით უმცროსი ფერშალი იდგა, ხელში ჟანგბადის ბალიში ეჭირა და უხერხულად იშმუშნებოდა, ჩანს, ვერ ხვდებოდა, კიდევ დამჭირდებოდა იგი თუ არა. ახალგაზრდა ექიმი საწოლთან დახრილიყო ხელით რაღაცა ეჭირა - მე მხოლოდ ბალიშის კიდეს ვხედავდი მანდ.

ამ ჯგუფის დანახვამ გამაოცა: იქ, სადაც ისინი იდგნენ, ჩემი საწოლი გახლდათ. ვერ ვხვდებოდი, რაღას უყურებდა ეს ხალხი, როცა მე უკვე იქ კი არა, ოთახის შუაგულში ვარ. ახლოს მივიწიე და შევხედე, ეს ადამიანები ასე დაჟინებით რას აცქერდებოდნენ.

საწოლზე ჩემი სხეული იწვა.

არა მგონია, შიში განმეცადა ჩემი ორეულის დანახვისას, მხოლოდ გაოცება დამეუფლა: კი, მაგრამ, როგორ? მე ხომ აქა ვარ, და იქ როგორღა ვწევარ? ოთახის შუაგულში მდგომი ჩემი თავი შევათვალიერე. დიახ, ეს მე ვიყავი, სწორედ ისეთი, როგორიც აქამდე ვყოფილვარ. საკუთარი სხეულის მოსინჯვა დავაპირე, და მარჯვენა ხელი მარცხენას შევავლე - სიცარიელეს წავაწყდი. წელისკენ წავიღე ხელი - ისევ სიცარიელე დამხვდა.

ამ უცნაურმა მოვლენამ გამაოგნა, მომინდა, ვინმეს გავერკვიე, რა ხდებოდა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დავაპირე, ექიმისთვის მხარზე ხელის დადება, მაგრამ ვიგრძენი, რაღაც უცნაურად მივდიოდი, იატაკს არ ვეხებოდი, ჩემი ხელი კი ვერაფრით ვერ სწვდებოდა ექიმის მხარს, თუმცა იგი ორიოდე ნაბიჯზე იმყოფებოდა.

შევეცადე, მყარად დავმდგარიყავი იატაკზე, და თუმცა სხეული მემორჩილებოდა და ძირს ეშვებოდა, იატაკზე დადგომა, ისევე როგორც ექიმის მიწვდომა, ჩემთვის სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენ შორის სულ უმნიშვნელო მანძილი იყო დარჩენილი, მაგრამ მისი გადალახვა ვერაფრით ხერხდებოდა.

და უცებ რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი გამახსენდა: მომვლელი ქალი ჩემი მიქსტურის ცივად შენახვას ცდილობდა და ის წყლით სავსე დოქში ჩადგა, მაგრამ წყალი ბოთლს მაშინვე აგდებდა. მოხუცი ვერაფრით მიხვდა, რა ხდებოდა, ორ-სამჯერ ჩააბრუნა ბოთლი წყალში და თითიც კი დააჭირა, იქნებ გაჩერდესო, მაგრამ როგორც კი ხელს მოაცილებდა, ბოთლი მყისვე ზედაპირზე ამოვარდებოდა. ჩანს, ჩემთვისაც, ამ ახალ მდგომარეობაში, ჰაერი მეტისმეტად მძიმე გახლდათ. მაინც რა ხდება ჩემს თავს?

ექიმს დავუძახე, მაგრამ ატმოსფერო არ ატარებდა და არ გადასცემდა ჩემს ხმას. მივხვდი, რომ სრულიად გავემიჯნე სამყაროს, მარტოდმარტო ვარ, და პანიკურმა შიშმა მომიცვა. მართლაც, რაღაც უცნაური, გამოუთქმელი სიმმიმე ახლდა თან ჩემს მარტოობას. კაცი ტყეში დაიკარგა თუ ზღვაში იხრჩობა, ცეცხლში იწვის თუ სატუსაღოს საკანშია გამომწყვდეული, იმედს არასოდეს კარგავს, რომ მის ხმას ოდესმე გაიგებენ და მაშინ კი აუცილებლად უშველიან, იცის, რომ მისი მარტოობა მხოლოდ იმ წუთამდე გასტანს, ვიდრე ცოცხალ არსებას დაინახავს. საპყრობილეშიც კი ზედამხედველი შევა და ტუსაღს შეუძლია ხმა გასცეს, გააგებინოს, რა უნდა.

მაგრამ როდესაც გარშემო ადამიანები არიან, შენ მათ ხედავ, ლაპარაკიც გესმის, მაგრამ იცი - რაც არ უნდა მოხდეს, იმათ ვერაფერს გააგებინებ, და არავითარ შველას არ უნდა მოელოდე, ეს მართლაც მეტისმეტია. თმა ყალყზე მიდგებოდა და ვკარგავდი უკვე ცნობიერებას. ამას უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრა სჯობს, იქ ბუნება მაინც აღიქვამს შენს არსებობას, აქ კი სრულიად გამორიცხულია გარემოსთან რაიმე კონტაქტის დამყარება. და ეს ამბავი იმდენად უჩვეულოა ადამიანისთვის, ისეთი მძაფრი უმწეობის განცდა იპყრობს, რომ ამ განცდას ვერც ვერაფერს შეადარებ და ვერც სიტყვით გამოთქვამ.

ცხადია, მაშინვე არ დამიყრია ფარ-ხმალი. თავგამეტებით ვცდილობდი, ამ ადამიანების ყურადღების მიპრობას, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა იწვევდა მხოლოდ სასოწარკვეთას. „ნუთუ ვერ მხედავენ?“ - გულისტკივილით ვფიქრობდი და კვლავ ვცდილობდი, საწოლთან შეჯგუფულ ხალხთან მიახლოებას, მაგრამ ამაოდ - არავინ ჩემ მიმართ ინტერესს არ იჩენდა. გაოცებული ვათვალიერებდი საკუთარ თავს და არ მესმოდა, რატომ ვერ მხედავდნენ, როცა ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორიც უწინ, მაგრამ თუ სხეულის ხელით შეხებას დავაპირებდი, მაშინვე სიცარიელის შეგრძნება ჩნდებოდა. სხეულის გარეგანი ფორმა იგივე დარჩა, თუმცა თვისებები, ჩანს, სხვაგვარი ხელშეუხები გახდა, ჰაერი კი მას იმდენად ემძიმებოდა, რომ საგნებთან მიკარების უნარი აღარ ჰქონდა.

გაგრძელება