დავით ციცქიშვილი

გარდაცვალების საიდუმლო

„ასტრალური სხეული. მგონი, ამას ასე ეწოდება, არა?“ - გავიფიქრე - „კი, მაგრამ რატომ? რა დამემართა? ბოლოს და ბოლოს, მოჩვენება ხომ არა ვარ?“ - დაუსრულებლად ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გამეხსენებინა, ოდესმე ხომ არ მომიკრავს ყური, რომ რაიმე ავადმყოფობა ასეთ უცნაურ ცვლილებებს იწვევდა.

- მორჩა, გათავდა, აღარაფერი ეშველება, - ხელი ჩაიქნია უმცროსმა ექიმმა და გაეცალა საწოლს, რომელზეც ჩემი მეორე „მე“ იწვა. საშინლად დამწყდა გული, რომ ყველა ამ მეორე „მე“-ს დასტრიალებდა თავს, რომელსაც საერთოდ ვეღარ აღვიქვამდი და არაფრად აგდებდნენ პირველ, ნამდვილ „მე“-ს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა, მარტოობა ტანჯავდა და შველას ითხოვდა.

„ნუთუ ვერ დამინახავენ, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მე იქ არა ვარ?“ ამ მწარე ფიქრით შეპყრობილი საწოლს მივუახლოვდი და დავხედე იმას, ვისაც, ჩემდა სავალალოდ, პალატაში თავმოყრილი ხალხი ასე დასტრიალებდა.

პირველად იმ წუთში გამიელვა აზრმა: ვაითუ, სწორედ ის შემემთხვა, რასაც ჩვენი, ცოცხალი ადამიანების ენაზე, სიკვდილი ეწოდება? ეს აზრი იმიტომ გამიჩნდა, რომ საწოლზე გაშოტილი სხეული ძალიან ჰგავდა მკვდარს - უმოძრაო, უსულო, რაღაც უცნაურად ფერმკრთალი, მაგრად მოკუმული და ოდნავ ჩალურჯებული ტუჩებით, იგი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ჩემ მიერ ნანახი უამრავი მიცვალებული გახლდათ. თითქოს უცნაურია, რომ მხოლოდ საკუთარი უმოძრაო სხეულის დანახვისას მივხვდი, რაც დამემართა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ჩემი ასეთი მიუხვდომლობა გასაგები გახდება.

სიტყვა „სიკვდილი“ ჩვენთვის მხოლოდ განადგურებასთან, სიცოცხლის დასასრულთანაა დაკავშირებული. მაგრამ როგორ უნდა მეფიქრა, მოვკვდი-მეთქი, როცა ისევ ცოცხალი ვიყავი, ვხედავდი, მესმოდა და აღვიქვამდი ყოველივეს, როგორც აქამდე, თან მოძრაობის, ფიქრისა და ლაპარაკის უნარიც უწინდებური მქონდა? ექიმის სიტყვებმაც კი, ყველაფერი დამთავრდაო, ვერ მიიქცია ჩემი ყურადღება და ვერ მიმახვედრა საქმის ნამდვილ ვითარებას, იმდენად სხვადასხვა იყო ის, რასაც მე განვიცდიდი და ის, რასაც ჩვენ სიკვდილად აღვიქვამთ.

ახალ სამყაროში ისეთივე მოვედი, როგორიც ძველიდან წავედი, ანუ თითქმის იმავე მონაცემებით, წარმოდგენებითა და ცოდნით აღჭურვილი, რაც მიწაზე ცხოვრების დროს გამაჩნდა. მაგალითად, როდესაც ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი, მივმართავდი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა საშუალებას: ვეძახდი, ვუახლოვდებოდი, ვცდილობდი როგორმე მივწვდომოდი ან ვინმესთვის ხელი მეკრა. ჩემი სხეულის ახალი თვისება როშ შევნიშნე, გავოცდი - მაშასადამე, ძველი წარმოდგენები დამრჩა, თორემ ხომ აღარაფერი გამაოცებდა. ჩემს სხეულსაც ვსინჯავდი ჩვეულებრივ ადამიანურად.

განვაგრძობ შემდეგ რა მოხდა. ექიმები პალატიდან გავიდნენ, ფერშლები იდგნენ და ჩემი ავადმყოფობის დეტალებზე მსჯელობდნენ, მოხუცი მომვლელი ქალი კი ხატისკენ მიბრუნდა, პირჯვარი გადაისახა და ამ შემთხვევისთვის ჩვეულებრივი წინადადება წარმოთქვა,

- ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს მას! ამის თქმა იყო და ჩემ წინ ორი ანგელოზი გამოჩნდა: ერთში ჩემი მფარველი ანგელოზი შვვიცანი, მეორე კი უცნობი გახლდათ. ხელი მომკიდეს და კედლის გავლით პირდაპირ ქუჩაში გამიყვანეს მათ.

ბინდდებოდა. წვრილი, უხმაურო თოვლი ცვიოდა. ამას კი ვხედავდი, მაგრამ ოთახისა და ეზოს ტემპერატურას შორის ვერ განვიცდიდი ვერავითარ სხვაობას. როგორც ჩანს, ასეთმა მოვლენებმა ჩემი შეცვლილი ბუნებისთვის მნიშვნელობა დაკარგა. სწრაფად მივქროდით ზევით და რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო მეტი სივრცე წინ მეშლებოდა. ბოლოს ეს სივრცე ისე გაიშალა, რომ შიში დამეუფლა - აღვიქვი თავი არარაობად. ახლა ჩემი მხედველობის თავისებურებებიც გამოჩნდა. ჯერ ერთი, ბნელოდა, მე კი სრულიად გარკვევით ვხედავდი ყველაფერს, ესე იგი, სიბნელეში ხედვის უნარი მომეცა, მეორეც, ჩემი მზერა უზარმაზარ სივრცეს სწვდებოდა, რასაც ჩვეულებრივ პირობებში ვერაფრით ვერ მოახერხებდა. თუმცა, ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი, სამაგიეროდ, კარგად ვგრძნობდი, რომ ამხელა სივრცეში მტვრის პატარა ნაწილაკივით ვიყავი ჩაკარგული და ეს ამბავი თავზარს მცემდა, მეშინოდა, რომ ჩემი არსება ჰაერის თვალუწვდენელ ოკეანეში უკვალოდ გაქრებოდა.

დროის შეგრძნება დავკარგე და არ ვიცი, რამდენ ხანს მივქროდით ზევით. უეცრად ჯერ რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, შემდეგ კი საიდანღაც გამოცურდა და სწრაფად მოგვიახლოვდა რაღაც მახინჯი არსებების დიდი გროვა.

„ეშმაკები!“ - გამიელვა და რაღაც უცნაური, ჯერ არგანცდილი ძრწოლა დამეუფლა. ეშმაკები! რა ირონიას, რა გულწრფელ სიცილს გამოიწვევდა ჩემში სულ რამდენიმე დღის, რამდენიმე საათის წინაც კი ვინმეს რომ ეთქვა, ეშმაკები ვნახეო, ან მხოლოდ რომ დაეშვა კიდეც მათი არსებობა. ამ სიტყვაში მე ადამიანის მახინჯ მიდრეკილებებსა და ვნებებს ვგულისხმობდი, ჩემთვის იგი სახელი კი არა, ტერმინი იყო, რომელიც გარკვეულ განყენებულ ცნებას გამოხატავდა. და უცებ ეს „გარკვეული განყენებული ცნება“ ჩემ წინაშე წარმოსდგა! ახლაც არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ამ საშინელ არსებებში სრულიად უყოყმანოდ ამოვიცანი დემონური ძალა. ერთი რამ კი უეჭველია - ასეთი განსაზღვრება ჩემთვის სრულიად ალოგიკური გახლდათ. სხვა დროს რომ ამგვარი რამ მენახა, უსათუოდ ვიტყოდი, რაღაც უაზრო მოჩვენება და ფანტაზიის მახინჯი ახირებაა-მეთქი, მოკლედ, ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა. ამჯერად კი ეს სიტყვა ისე უცებ წამოტივტივდა, თითქოს რაღაც დიდი ხნის ნაცნობი საგანი დამენახა. ჩემი გონება საოცარი სისწრაფით მუშაობდა, და სანამ ვიტყოდი, ეშმაკები-მეთქი, იმასაც მივხვდი, რომ ამ არსებების მახინჯი გარეგნობა სინამდვილეს არ გამოხატავდა, რომ ეს ჩემს შესაშინებლად მოგონილი საძაგელი მასკარდი, სცენა გახლდათ. წუთით სიამაყის განცდა დამეუფლა, თან შემრცხვა საკუთარი თავისა და ადამის მთელი მოდგმის მაგივრად, რომ ჩვენ, ვისაც ასეთი მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, სხვა არსებები ისეთივე ხერხებით გვაშინებენ, როგორითაც ჩვენ პატარა ბავშვებს ვაშინებთ ხოლმე აქ. ეშმაკები ყოველი მხრიდან შემოგვეხვივნენ და ხმაურითა და ყიჟინით მოითხოვდნენ ჩემს თავს, ცდილობდნენ, როგორმე დავეჭირე და ხელიდან გამოვეგლიჯე ანგელოზებისთვის, მაგრამ, ჩანს, ვერ ბედავდნენ ამას. მათი წარმოუდგენელი ღრიანცელიდან, რომელიც იმდენადვე აუტანელი იყო სმენისთვის, რამდენადაც გარეგნული სახე - თვალისთვის, აქა-იქ რაღაც სიტყვების და მთელი ფრაზების გარჩევა მიხდებოდა.

მე ლოცვა გამახსენდა და დავიწყე ყველა იმ წმინდანის ხსენება, ვისი სახელიც ვიცოდი, მაგრამ ჩემი მტრები ვერც ამან შეაშინა. საბრალო უვიცს, მხოლოდ ახლა გამახსენდა ის, ვისაც ეწოდება შუამდგომელი ქრისტიანთა - ღვთისმშობელი, დედა ჩვენი მაცხოვრისა. ჩანს, ჩემი მისდამი ლოცვა იმდენად მხურვალე იყო, ჩემი სული კი იმდენად შეძრწუნებული, რომ, როგორც კი მისი სახელი წარმოვთქვი, ჩვენს ირგვლივ რაღაც თეთრი ბურუსივით გაჩნდა, რომელმაც მაშინვე დაფარა ეშმაკთა საშინელი ხროვა, მათი ღრიალი და ყაყანი კი კიდევ კარგა ხანს ჩამესმოდა, მაგრამ თანდათან სუსტდებოდა და მალე მივხვდი, რომ საშინელი დევნა გათავდა.

შიშის განცდა ისეთი ძლიერი იყო, რომ ვერც კი გავიგე, ამ დროს ფრენას განვაგრძობდით, თუ შევჩერდით, და მხოლოდ ჰაერის უსასრულო სივრცის დანახვამ მიმახვედრა, რომ მივფრინავდით კვლავ.

მალე ჩემ ზემოთ რაღაც მკვეთრი სინათლე გამოჩნდა. იგი მზის შუქს ჰგავდა, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი გახლდათ. ჩანს იქ, სადღაც, სამეფოა სინათლისა.

„ჰო, სწორედ სამეფო, მეუფება ნათლისა“, - უცნაურად მივხვდი რაღაცას, ჯერ ჩემ მიერ უხილავსა და არგანცდილს, რადგან ამ სინათლეს ჩრდილი თან არ ახლავს. „კი მაგრამ, როგორ შეიძლება არსებობდეს სინათლე უჩრდილოდ? - გამიელვა თავში აზრმა.

უეცრად სწორედ ამ სინათლის სამფლობელოში შევიჭერით და მე დავბრმავდი. თვალები დავხუჭე და ხელები ავიფარე, მაგრამ ამან არ მიშველა - ჩემს ხელებს ჩრდილი არ გააჩნდა. ანდა რას დამიცავდა ასეთი უმნიშვნელო საფარველი მანდ?

„ღმერთო ჩემო, რა ხდება, რა სინათლეა? ჩემთვის ხომ ეს იგივე ბნელია. ისევე ვერაფერს ვხედავ, როგორც უკუნეთ სიბნელეშია“, - შევძახე მე, ის კი დამავიწყდა, რომ ასეთი შედარება სრულიად უაზრო გახლდათ, რომ ახლა ვხედავდი სიბნელეშიაც. ამ სიბრმავის გამო ჩემში მატულობდა შიში უცნობი სამყაროსადმი და შეშფოთებით ვფიქრობდი: „რა მომელის? მალე გავივლით თუ არა ამ სინათლის ოკეანეს და აქვს თუ არა დასასრული ამას?“ ყველაფერი დამთავრდა სხვაგვარად: მაღლიდან გაისმა დიდებული, ურისხველი, მაგრამ მტკიცე და მეფური ხმა,

- მზაღ არ არის!

შემდეგ... წამით შევყოვნდით და სწრაფად მიწისკენ დავიწყეთ დაქანება. მაგრამ ვიდრე იქაურობას გავეცლებოდი, კიდევ ერთი საოცარი რაღაცის გაგება მომიწია: როგორც კი მაღლიდან ეს სიტყვები გაისმა, სამყაროს ყოველი უმცირესი ნაწილაკი, ყოველი ატომი თავისი თანხმობით გამოეხმაურა ამას. თითქოს მრავალმილიონიანმა ექომ უპასუხა სმენისათვის მიუწვდომელ, მაგრამ გულისა და გონებისთვის გასაგებ ენაზე, თან ყველაფერი ეს ამ განაჩენის სრულ მიღებას აღნიშნავდა. ამ თანხმობაში ისეთი საოცარი ჰარმონია იყო, ხოლო თვით ჰარმონიაში - ისეთი გამოუთქმელი სიხარული, რომლის წინაშეც მთელი ჩვენი მიწიერი სიამენი მოწყენილ, ღრუბლიან დღესა ჰგავს. ჩემი სულიც მთელი არსებით გამოეხმაურა ამას: ერთადერთი, რაც მსურდა - ამ შესანიშნავ ჰარმონიას შევრწყმოდი და შევერთებოდი მას.

თავიდან ვერ გავიგე ამ სიტყვების ნამდვილი აზრი, ვერ მივხვდი, რომ მიწაზე უნდა დავბრუნებულიყავი და ისევ ძველებურად მეცხოვრა. მეგონა, სადღაც სხვა ქვეყანაში მივყავდი და როდესაც ჩემს ქვემოთ ნაცნობი ქალაქის მოხაზულობა დავლანდე, გაუბედავი პროტესტის გრძნობა დამეუფლა.

მალე მივაღწიეთ საავადმყოფოს შენობასაც. ისევ კედლის გავლით, დაკეტილ კარებში შევედით და ჩემი არსება სრულიად უცნობ ოთახში აღმოჩნდა. ამ ოთახში რამდენიმე შავად შეღებილი მაგიღა იდგა, ერთ-ერთზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული და ზედ ჩემი „მე“, ანუ საკუთარი მკვდარი, გახევებული სხეული იწვა.

იქვე, მაგიდასთან, ვიღაც მოხუცი ფსალმუნს კითხულობდა და ხელში ანთებული სანთელი ეჭირა, მეორე მხარეს კი ჩემი და იჯდა, ჩანს, მას უკვე შეატყობინეს ჩემი სიკვდილი და ჩამოსვლაც მოასწრო, გვერდით ქმარი ედგა და რაღაცას ხმადაბლა ესაუბრებოდა.

- გესმა ღმრთის განაჩენი - მკითხა ჩემმა მფარეელმა ანგელოზმა, რომელიც აქამდე ჩუმად გახლდათ. მერე ჩემს მკვდარ სხეულზე მიმითითა და მითხრა, - შედი და მოემზადე მანდ!

ამის თქმა იყო და, ორივე ანგელოზი მეყსეულად გაქრა.

გარდაცვალების შემდგომი განცდების, შეგრძნებების ამგვარი აღწერა მეტად საინტერესოა გასაცნობად, მაგრამ საყურადღებოა იგი სხვა მხრიდანაც, კერძოდ, იმ თვალსაზრისითაც, რომ გამოიყოს ის, თუ რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის ჟამს. როგორც იღებენ გარკვეულ ცოდნას, ინფორმაციას კაცისთვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ სფეროსთან, მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე ყველას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებაც, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ის ამ წუთისოფლიდან გასვლისას, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს ასეთ დროს და საერთოდ რით ხასიათდება სულის სხეულიდან ამოსვლის გზა. ავიღოთ თუნდაც ის სიმარტოვის განცდა, რასაც სიკვდილის წინა თუ შემდგომ მდგომარეობაში მყოფნი განიცდიან, ელაპარაკებიან, ცდილობენ გააგონონ რაიმე სხვას და არავის ესმის მათი, ეძახიან ხალხს, რომელთაც ისევე აღიქვამენ, უყურებენ, როგორც მიწიერ ყოფაშია, ჰგონიათ, რომ ისინი ჩვეულებისამებრ პასუხს გასცემენ მას და უცებ მდუმარების ასეთ კედელს აწყდებიან. კიდებენ სხვას ხელს და არ იგრძნობა მათი შეხება, მიახლოება. როგორი ელდის მატარებელი უნდა იყოს ყოველივე ეს, როცა სულაც არ ელი ამას. მაგრამ თუ თავიდანვე გეცოდინება, რომ შეიძლება შენი გარდაცვალებისას მოხდეს ამგვარი რამ, ალბათ, უკვე უფრო მომზადებული შეხვდები ასეთ დაბრკოლებას, ნაკლებად დაიზაფრები ასეთ დროს აქ. ანდა გამოვყოთ, ვთქვათ, ის, რომ სიკვდილის შემდგომ ადამიანს შეუძლია გავიდეს დახურულ კარებში, კედელში დაუბრკოლებლად, ვერ იგრძნოს სიცივე, თავის სხეულის ნაწილების შეხებისას ჰქონდეს შეგრძნება სიცარიელისა. ალბათ, საიქიო ყოფის ყველა ამგვარი განცდა, შეგრძნება უნდა გამოიყოს და კაცს უნდა ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა მათ შესახებაც, თუ რას უნდა მოელოდეს სიკვდილის ჟამს. ამგვარი მიდგომა უკვე ერთგვარი მომზადებაა ამქვეყნიდან გასვლისთვის, ამ მოვლენის უკვე სხვაგვარი აღქმა. რაც უფრო ხანში შედის ადამიანი ალბათ, უფრო და უფრო სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს ამას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა, როცა გარდაცვალების საიდუმლოს ვეხებით ენიჭება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების, საქმიანობის შეფასებასაც. იქ, ზეციურ სამყაროში აუცილებლად მოხდება განხილვა, განსჯა იმისა, თუ რით ვცოდავდით მიწიერ სიცოცხლეში ან რა ნაკლოვანებები გაგვაჩნდა ამ სოფლად. ვცდილობდით თუ არა მათ გამოსწორებას და რა შედეგს მივაღწიეთ ამ მხრიდან, რამდენად ვინანიებდით დაშვებულ შეცდომებს და როგორ ვევედრებოდით შეწყალებას, დახმარებას უფალს. ბუნებრივია, მოხდება შეფასება იმისაც, თუ რამ კარგი ჩაგვიდენია, გაგვიკეთებია, ამასთან როგორი წარმატებული იყო ჩვენი ბრძოლა ადამიანური ვნებების მოთოკვის, სხვისადმი დახმარების კუთხიდან. ჩვენ იმგვარად ვართ მოწყობილნი, რომ ზოგჯერ ეჭვი გვეპარება, არსებობს ჯოჯოხეთი თუ არა, შესაბამისად, ვაქარწყლებთ იმქვეყნად დასჯის მომენტსაც, გვგონია, რომ სიკვდილი მარტოოდენ განთავისუფლება შეიძლება იყოს მიწიერი სიმძიმისგან, დაძაბულობისგან. ან ვფიქრობთ, რომ მიწიერი სიცოცხლის დასრულებასთან ერთად, რჩება მხოლოდ ჩვენი სხეული, შემდეგ ძვლები და დანარჩენი ფიზიკური, პიროვნული კი, აზრები, გრძნობები, მოგონებები და ა.შ. უკვალოდ გაქრება. ხან მეტად თვლიან ასე, ხან ნაკლებად, ზოგი უფრო სერიოზულად ეკიდება ამას, ზოგი ნაკლებად, ვითარებასაც გააჩნია, ხან თითქოს უფრო სჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების არსებობის, ხან კიდევ არა. მორწმუნესთან მეტია რწმენა სიკვდილის შემდგომ მიწიერი ცხოვრების გაგრძელებისა, ეკლესიის წიაღში სულ უფრო ღრმად შესვლასთან ერთად განმტკიცება ხდება ამისა, მაგრამ მაინც სულიერ გზაზე ისეთ წუთებს ვერავინ აცდება, როცა მაინც ეჭვი გეპარება ამ კუთხითაც. არადა, ღმერთი თუ არსებობს და საკმარისად ჩლუნგი უნდა იყო, რომ ეს ვერ შეამჩნიო, მაშინ არსებობს ზეციური ქვეყანაც. მიწაზე გალიო მრავალი წელი და ამას ვერ მიხვდე, ყველაფერთან ერთად, პრიმიტივიზმის გამოვლენაა. თუმცაღა ზოგჯერ ცნობილ, გამოჩენილ ხალხსაც მოსვლია ეს, მიწიერ ცხოვრებაში მეცნიერული, ხელოვნების თუ მოღვაწეობის სხვა კუთხით რომ გამოუმჟღავნებიათ დიდი ტალანტი, მახვილი ჭკუა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარში რომ ვერ აცდენილან მეტად მნიშვნელოვან გონებაშეზღუდვას. თუ არსებობს იმქვეყნიური სამყარო და ჩვენ ადამიანურად ეჭვი გვეპარება ამაში, შეიძლება იქ ერთნაირად იყოს მკვლელი, ავაზაკი, ქურდი, ყაჩაღი, მეძავი და ამასთან, წესიერი, პატიოსანი კაციც, ვინც სულ ცდილობდა სიკეთე გაეკეთებინა ამქვეყნად, დაეძლია თავისი ვნებები, გამოესწორებინა ესა თუ ის ნაკლოვანება. შეიძლება ერთნაირად პირნათლად წარდგნენ ისინი უფლის წინაშე, მსგავსად სასიამოვნო იყოს მათი ხვედრი იმქვეყნად.

იმაზე, რომ ეს მართლაც ასეა, მიუთითებს ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება, რაც აშკარად შეინიშნება ჩვენს მიწერი ცხოვრებაში ამქვეყნად. ადამიანის სულიერი მოღვაწეობის ერთ-ერთი მხარე აუცილებლად გულისხმობს უფლის შიშის არსებობასაც. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ცოდნისმიერად, თეორიულად ვერ ვსწავლობთ, ვერ ვიშინაგნებთ თუ რა არის ღვთისათვის სათნო და რა არა. მარტოოდენ იმის ცოდნას, რომ არსებობს ათი მცნება, ესა თუ ის ცოდვები, რომლის ჩადენასაც უნდა ვერიდოთ, ვნებები, რომლებსაც არ უნდა მივცეთ გაქანების საშუალება, უმთავრესად გარდატეხა არ მოაქვს. სანამ არ დაეცემა კაცი ამა თუ იმ ცოდვით (თუმცა, ყველა მათგანით დაცემისგან გვაშოროს უფალმა) შემდეგ კი შეიგრძნობს ამისთვის ზეციურ დასჯას, მომხდარზე მინიშნებას ხშირად მანამდე სერიოზულად ამაზე არ ფიქრობს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი არ ყოფნისო გამოსასწორებლად. ჯერ მცირედი სასჯელით მიგითითებს უფალი, თუ რა შეცდომებს უშვებ, რა გაქვს შესაცვლელი, თუ ვერ შეიგნე, ყურადღება არ მიაქციე, ამკაცრებს ყოველივე ამას, კიდევ თუ არ მოხვედი გონს და შეიძლება გამოგიგზავნოს ჭკუის სასწავლებლად მძიმე განსაცდელი, ავადმყოფობა. როცა ამას ამჩნევ და თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, ეს ადვილი დასანახია, გეშინია უკვე ჩაიდინო ესა თუ ის ცოდვა, მისცე შენს ვნებებს გაქანების საშუალება, რამეთუ იცი, რომ ამის შემდეგ ადგილი ექნება დასჯის მომენტსაც. ზოგჯერ ერთი და იგივე ცოდვით დაცემის გამო, რომელიც განსაკუთრებით არასათნოა უფლისთვის და იგი არცთუ იშვიათად ხდება, რადგან ადამიანმა რომც მოინდომოს, სურვილი ჰქონდეს უმთავრესად, უცებ მაინც ვერ სძლევს ამას, ღმერთი გამოსასწორებლად მუდმივად გვიგზავნის რაღაც სატკივარს. და როცა იმავე ცოდვით დაცემის შემდგომ სულ ამჩნევ შესაბამის დასჯასაც, უკვე გეშინია ჩაიდინო იგი, რამეთუ იცი, რომ პასუხს მიიღებ ზეციდან შესაბამისსაც. ამგვარი ზეციური მიდგომა უფლის დიდი წყალობაა, რამეთუ სხვანაირად ვერ ხდება მიზნის მიღწევა ჩვენთან. და თუ დასჯის მომენტი ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეიგრბნობა მძაფრად, თან სდევს შესაბამისი მოთქმა-ვაება, ტანჯვა, განსაცდელი, ავადმყოფობა, იმქვეყნიური ცხოვრება რა ვითომ სხვანაირად წარიმართება? შევიდა კაცი სხვის ბინაში გასაქურდად და ამ დროს ან ვთქვათ, ყაჩაღობისას დაიღუპა, იმქვეყნიურ სამყაროსთან შეხვედრა რა მხოლოდ სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება მასთან!

ის, რომ მიწიერი სიცოცხლის დასრულების შემდგომ, როდესღაც ხდება ადამიანის იმქვეყნიური ცხოვრების განსჯა დასტურდება როგორც მართლმადიდებლური, ისე სხვა ლიტერატურული, სამეცნიერო წყაროებიდან, რომლებიც გარდაცვალების თემას შეეხება და სადაც აღწერილია სხვადასხვა ცხოვრებისეული ფაქტი, შემთხვევა. რაიმონდ მოუდის წიგნში „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაგამოვლილთა მოგონებებში ვხვდებით შემდეგი ეპიზოდების აღწერას. ისინი ამ მდგომარეობის რაღაც მონაკვეთში იწყებდნენ წარსულ ცხოვრებისეულ მომენტთა გახსენებას. მათი თვალთხედვის არეში ჩნდებოდა რაღაც „მანათობელი არსება“ და იგი უჩვენებდა ადრინდელი ცხოვრების სხვადასხვა განვლილ ეპიზოდს, სურათს, თან ერთგვარად განიხილავდა, აანალიზებდა ყოველივე ამას. ეს, როგორც წიგნშია აღწერილი, ხდებოდა უჩვეულო სიჩქარით და თუ ჩვენი დროის საზომით მივუდგებით, მოგონებები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სწრაფად. გახსენება გახლდათ მეყსეული, წარსულის ყველა სურათი აღიქმებოდა ერთდროულად და ადამიანი ახერხებდა გარკვეული მჭვრეტელობითი მზერით ყველაფერი მოეცვა ერთად. და მიუხედავად სიცხადისა, თითოეული, ვისაც მოუწია ამის გადატანა, აღნიშნავს, რომ მთელი წარსულის მიმოხილვა მიწიერი დროის განზომილებით მოხდა წამიერად. უნდა ითქვას, ეს მიმოხილვა მიმდინარეობდა ეკრანზე, რომ მონაცვლეობით გამოჩნდებოდა ხოლმე ხილული ხატები იმგვარად და მიუხედავად მისი სიჩქარისა, ახასიათებდა სიცხადე, რეალურობა. სურათები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ თითოეული ამასთან სწრაფად იცნობოდა და აღიქმებოდა. ის ემოციებიც და გრძნობებიც, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ სურათებთან, ხელახლა განიცდებოდა ადამიანის მხრიდან, როცა კი ის მათ უყურებდა.

ზოგიერთი იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ესმით თუ როგორ მოხდა ეს, წარსულის მიმოხილვა ყველაფერს მოიცავდა, რაც კი იყო ცხოვრებაში მასთან, დაწყებული წვრილმანი მომენტებიდან, დამთავრებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანითაც. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ძირითადად ხედავდნენ ყველაზე გამორჩეულ მომენტებს თავიანთი ცხოვრებისა. ნაწილი კი აღნიშნავდა, რომ იხსენებდნენ საკუთარი ცხოვრების მოვლენების წვრილმან დეტალებსაც. „უცებ თვალწინ წარსულის სურათები ამიკიაფდა, იხსენებს ერთ-ერთი მათთგანი, ეს რა არის? გავიფიქრე და უცებ უკვე ჩემს ბავშვობაში ვარ. შემდეგ თითქოს წლები ერთმანეთს ცვლიდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში დღემდე ადრეული პატარაობიდან. იყო მეტად გასაკვირი, როცა ჩემ თვალწინ გაჩნდა ასეთი რამ. ვარ პატარა გოგონა, ჩვენი სახლის მახლობლად მოთამაშე რუსთან, შემდეგ გაჩნდა სხვა სცენებიც იმავე ხანისა, განცდები ჩემ დასთან დაკავშირებითაც, ჩვენი მეზობლები და ნაცნობი ადგილები, სადაც კი ყოფნა მიხდებოდა. შემდეგ აღმოვჩნდი საბავშვო ბაღში და გამახსენდა ის დრო, როცა მქონდა მარტოოდენ ერთი სათამაშო, რომელიც მე მართლაცდა მიყვარდა, როგორ გავტეხე ის და შემდეგ კი ვტიროდი დიდხანს. ჩემთვის ეს მართლაც მძიმე გადასატანი გახლდათ, სურათები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და თვალწინ მთელი განვლილი ცხოვრება ჩანდა, შემდეგ გამახსენდა როგორ ვიყავი გოგონათა ჯგუფში და გავემგზავრე ბანაკში, სხვა რამეც მომაგონდა დაწყებით სკოლაში გატარებულ წლებთან დაკავშირებითაც.

შემდეგ გამახსენდა უფროსი კლასების ხანა, როგორ მერგო პატივი, ავერჩიეთ სკოლის სამეცნიერო საზოგადოებაში. ასევე გაიარა მთელი უფროსი კლასების პერიოდმა, დამთავრებამ სკოლისა, ინსტიტუგის პირველმა წლებმა. ის სცენები, რომლებიც ჩემ წინ ცოცხლდებოდა, ჩნდებოდა იმ თანმიმდევრობით, როგორც მას ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა, ისინი იყო მეტად ცოცხალი. თითქოსდა მას გვერდიდან უყურებო და აღიქვამო სამგანზომილებიან სივრცეში, თანაც კიდევ, ფერშიც ლამაზად. სურათები იყო მოძრავი, მაგალითად, როცა სათამაშო გამიტყდა, ვუმზერდი ყველა ჩემს მოძრაობას და ეს სულ სხვაგვარად იყო, ვიდრე იმ წარსულ დროში აღვიქვამდი ამას, თითქოსდა პატარა გოგონა, ვისაც მაშინ ვუკვირდებოდი, როგორც კინოშია, სხვა ვინმე გახლდათ. ვიღაც პატარა ერთობაო სათამაშო მოედანზე ბავშვებთან და მაინც იგი მე ვიყავ.

აღსანიშნავია ის, რომ წარსული სცენების გახსენება რაიმონდ მოუდის წიგნში მანათობელ არსებასთან არის დაკავშირებული, რომელსაც რაღაც ეტაპზე კლინიკურ მდგომარეობაში მყოფნი ხვდებიან. მანამდე ფიქსირდება სხვა სახის განცდებიც, ბევრთან სიამოვნების და სიმშვიდისა, ესმით სხვადასხვა ხმები, ზოგჯერ მეტად უსიამოვნო, მოძრაობენ დიდი სიჩქარით რაღაც სივრცეში, რომელსაც ზოგი გვირაბს უწოდებს, ზოგი ჭას, ცილინდრს და მათ მსგავს, ხვდებიან გარდაცვლილ ადამიანებს, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და გამოსაყოფი მაინც ურთიერთობაა ამ მანათობელ არსებასთან. იგი მთელ რიგ შემთხვევებში მართავს კიდევაც წარსული სურათების გახსენებასა, ის გაქრა როგორც კი გამოჩნდა ცხოვრებისეული სცენები, იხსენებს ერთ-ერთი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი, მაგრამ მე მაინც ვიცოდი, რომ სულ ჩემ გვერდით გახლდათ, განვიცდიდი მის არსებობას, იგი წარმართავდა ამ ჩვენებას და გამოყოფდა ზოგიერთ მოვლენას, ფაქტს. თითოეულ მათგანში ცდილობდა რაღაცაზე ყურადღების მიქცევას, ირჩევდა გარკვეულ სცენებს და მიჩვენებდა მათ, რათა ისინი გამეხსენებინა, ხელმეორედ აღმექვა. ხაზს უსვამდა სიყვარულის მნიშვნელობასაც. მომენტები, რომლებშიც განსაკუთრებით გამოვლინდა ეს, ჩემს დასთან დაკავშირებული გახლდათ. მე ყოველთვის ახლოს ვიყავი მასთან. ამ არსებამ მიჩვენა რამდენიმე მაგალითი, სადაც ეგოისტურად მოვექეცი მას, შემდეგ კი შემთხვევები, რომელშიც გამოვამჟღავნე ჩემი სიყვარული დასთან. ის სულ ხაზს უსვამდა სიყვარულის მნიშვნელობას სხვისადმი და მიმითითებდა, რომ უნდა მომენდომებინა დავხმარებოდი ადამიანებს, საერთოდ უნდა უფრო კარგი ვყოფილიყავი ამასთან. ჩანდა, რომ მეტად იყო დაინტერესებული იმ საკითხებითაც, რაც შეეხებოდა სწავლას... მან თქვა, რომ ეს დაუსრულებელი პროცესია და იგი გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. მთელი ეს სიტუაცია მართლაც მეტად უჩვეულო გახლდათ. იქ მე ვიყავი, ვუყურებდი წარსულის სცენებს და თანაც გადავიტანე ეს ყველაფერი ნამდვილად. მაგრამ იგი მოხდა ესოდენ სწრაფად და ამასთან, საკმარისად ნელადაც, რათა შემძლებოდა აღმექვა, რასაც ვხედავდი მაშინ მანდ. დარწმუნებული ვარ, რომ დროის შუალედი მეტად ხანმოკლე გახლდათ. ისე ჩანდა, რომ ჯერ სინათლე გაჩნდა, შემდეგ კი უკვე გადავიტანე ყველაფერი ის, რაც გადამხდა, შემდგომ კი ისევ სინათლე აკიაფდა, თითქოსდა ხუთ წუთზე უფრო ნაკლები გავიდა, შეიძლება 30 წამზე მეტი, არ შემიძლია ზუსტად ამის თქმა.

ცალკე გამოსაყოფია კლინიკურ მდგომარეობაში მყოფთა ის განცდები, რომლებიც მანათობელ არსებას უკავშირდება. როგორც მოუდის წიგნში ვკითხულობო, ყველაზე უჩვეულო და თან ამავე დროს ჩვეულებრივი მხარეც სიკვდილის წინა გამოცდილების შემთხვევების, ის, რაც ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხალხზე, არის შეხვედრა მანათობელ არსებასთან. ის, როგორც აღნიშნავენ, ერთგვარი პიროვნებაა და დიდი სითბო, სიყვარული მოდის მისგან. ამასთან, განსაკუთრებულ მიზიდულობასაც განიცდის კაცი მის მიმართ. გამოჩენისთანავე მალე ეს არსება ურთიერთობას ამყარებს ხალხთან. ამ მანათობელ არსებასთან კონტაქტისას არ ესმით არც ფიზიკური ხმა და ბგერები, თან თავადაც არ პასუხობენ ამგვარად. როგორც ამტკიცებენ, აზრების უშუალო გადაცემა ხდება, მაგრამ ამასთან ცხადად, რაიმე ტყუილი ან გაუგებრობა ამ არსებისადმი შეუძლებელია. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ადამიანის მშობლიურ ენაზე წარიმართება, ამიტომაც ყველაფერი კარგად ესმით და აღიქვამენ სწრაფად. ეს არსება შეხვედრისთანავე კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფს მაშინვე გადასცემს გარკვეულ აზრს და ხალხი, ვინც ეს განიცადა, ასახელებს მის მიერ დასმულ სხვადასხვა კითხვას: „გარდაცვალებისთვის, სიკვდილისთვის ხარ კი შენ მზად?“, „რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, რა შეგიძლია მიჩვენო მე აქ?“, „შენს მიწიერ ცხოვრებაში, ყოფაში რა არის გამოსაყოფი, მნიშვნელოვანი?“.

ერთ-ერთმა დაასახელა მანათობელი არსებისგან დასმული ასეთი კითხვა: განვლილი სიცოცხლე განა დახარჯულ დროდ ღირდა, ანუ თვლიდა თუ არა ის, რომ გასული წლები გატარებულ იქნა არა ამაოდ, ფუჭად, იმ თვალსაზრისით, რასაც ეს უჩვეულო მდგომარეობა მას კარნახობდა. ამავე დროს ყველა აღნიშნავდა, რომ ეს კითხვა ესოდენ ღრმა და დასკვნის გამკეთებელი, შემაჯამებელი არსებითისა, ყოველგვარი განკითხვის გარეშე ისმებოდა. ყველა თანხმდებოდა, რომ არც ბრალდება და არც მუქარა ამ დროს არ ისმოდა, თითოეული ყოვლისმომცველ სიყვარულს განიცდიდა, მხარდაჭერას, რომელიც ამ არსებისგან მოდიოდა, მიუხედავად იმისა, თუ კითხვებზე პასუხი როგორი გახლდათ. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს კითხვები კაცს თავის განვლილ გზაზე უფრო მეტად აფიქრებდა, მას გულახდილობისკენ უბიძგებდა. ეს არსება ხაზს უსვამდა იმასაც, რომ საჭირო იყო ხალხის დახმარება, პიროვნულად უფრო კარგად გახდომის მონდომება, მცდელობა ცოდნის შეძენისა.

აღსანიშნავია ის, რომ მანათობელ არსებასთან და საერთოდ იმქვეყნიურ გამოცდილებასთან, განცდებთან დაკავშირებით საკმარისად ფრთხილია მართლმადიდებელ მოღვაწეთა დამოკიდებულება, მას ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ ენდობიან. საკითხი დგას ამგვარად, ის, რასაც ასეთ დროს ადამიანი განიცდის, აღიქვამს, ყველაფერი განა რეალური საფუძვლის მქონეა, ყველაფერი ღვთაებრივი ნიშნით აღბეჭდილია? ეკლესია უშვებს მეორე ღვთის საწინააღმდეგო, უარყოფითი, ბოროტი ძალის არსებობასაც, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ პროცესებზე, განცდებზე ახდენს ზემოქმედებას. იგი ზოგჯერ ახელებს კაცის წარმოდგენას და მას სხვადასხვა სურათებს წარმოუსახავს. მართლმადიდებლური მიდგომა ამგვარია, ხომ შეიძლება სიკვდილის წინარე მდგომარეობის სურათები იყოს დემონური ხილვის გათამაშება. სასულიერო ლიტერატურაში მრავალი შემთხვევაა აღწერილი, როგორ უჩვენებს ღვთის საწინააღმდეგო ძალა ბერებს, მონაზვნებს, უბრალო ერისკაცებს, ისე, რომ მათ ვისგან მოდის ეს, არ იციან, მოჩვენებითი სასუფევლის ნეტარ, წარმტაც სურათებს, მშვენიერებას, ეცხადებათ ზოგჯერ მაცხოვრის, წმინდანების, ანგელოზების სახითაც, ვითომდა უბიძგებთ მოიპოვონ სხვადასხვა ქრისტიანული სათნოება, ილოცონ, იმარხულონ, გამოავლინონ სიყვარული მოყვასის მიმართ, იცხოვრონ რაც შეიძლება სათნოდ, ეკლესიურად. მაგრამ ამასთან, ეს დემონური ძალა კაცს დიდ წარმოდგენას უქმნის საკუთარი თავის მიმართ და ამით ხიბლის მდგომარეობაში აგდებს მას. ათონის მთის მკვიდრთ სხვადასხვა სახის ჩვენებებთან, ხილვებთან დაკავშირებით ასეთი დაუწერელი კანონი აქვთ, არც უარყონ და არც მიიღონ, უბრალოდ გვერდი აუაროს მათ. ჩვენება შეიძლება უფლის მიერი გახლდეთ და მისი შინაარსის უარყოფა უპატივცემულობის გამოვლენა აღმოჩნდეს უზენაესის მიმართ, მაგრამ ამასთან, ის შეიძლება დემონური გათამაშების შედეგიც იყოს და მაშინ მისადმი გამოჩენილმა ნდობამ კაცი ჩააგდოს ბოროტი ძალის კლანჭებში. ამიტომაც ეკლესიური მიდგომა ასეთია: სიმდაბლის გამოჩენით არ ვენდოთ საკუთარ თავს და ჩავთვალოთ, რომ ვერ ხელგვეწიფება ხილვის, ჩვენების ჭეშმარიტი ბუნების, წარმომავლობის განსაზღვრა.

ასეთი ფრთხილი დამოკიდებულებისადმი მოგვიწოდებს ეკლესია სიკვდილის წინა გამოცდილების მიმართაც. სხვადასხვა ლიტერატურულ, განსაკუთრებით არამართლმადიდებლურ წყაროებში აღწერილ მის გამოვლინებებს, ეპიზოდებს შეიძლება გავეცნოთ. რაღაც-რაღაცეები გავითვალისწინოთ მათგან, მაგრამ ამავე დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ყოველივე ამისადმი დაკავშირებითაც. მანათობელი არსება დიდ სიყვარულს, სითბოს ამჟღავნებს ადამიანის მიმართ. ამასთან დაკავშირებით კი, ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმე როუზი აღნიშნავს: „სპირიტიზმის ერთ-ერთი კლასიკური ნაშრომი მიუთითებს, რომ ეს სწავლება ყოველთვის, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში თანხმობაში მოდის მაღალ მორალურ, ზნეობრივ, დაშვებებთან, წესებთან. რწმენასთან დაკავშირებით ის სულ გახსნილია, გამოხატავს მისადმი პატივისცემას, მაგრამ არცთუ ისე ინტერესდება იმ ინტელექტუალური ნორმებით, რომლებიც ესოდენ დიდ ყურადღებას იქცევდა „ეკლესიის მამათა“. როგორც სერაფიმე როუზი ამბობს: „გასაღები, ცენტრალური დოქტრინა სპირიტული სწავლების სიყვარულის გამოვლინებაა, სულებისგან სპირიტები იღებენ „ღირსშესანიშნავ სწავლებას, რომელიც ავალებს მათ მისიონერულ საქმიანობას, მოღვაწეობას „სწავლების გასავრცელებლად“. ასეთ ხალხს შთააგონებენ, რომ სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე ნამდვილად გრძელდება, სრულყოფილი სულები კი კარგავენ პიროვნულ შეზღუღულობას, ხდებიან შედარებით გავლენიანნი და უფრო და უფრო ივსებიან „ნიშნით სინათლისა“. „ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, - წერს სერაფიმე როუზი, რომ სიკვდილის წინა მდგომარეობის შემთხვევების, „მანათობელი არსება“, ვისაც არ გააჩნია რაიმე ხილული ფორმა, ვინც იწეევს საუბარმი სულს, უჩვენებს „წინარე სურათებს თავის წარსულისა“ გახლავთ ანგელოზი, მეგზური იმქვეყნიური ცხოვრებისა. არა ყველა არსება, რომელიც ჩნდება ანგელოზის სახით, არის მართლაცდა ასეთი, რამეთუ ხშირად თვით სატანაც კი იერს იღებს უფლის მსახურისა“ (2 კორ. 11,14)... „მანათობელ არსებასთან“ დაკავშირებით შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს კაცს, ვინც ეცხადება ხალხს, იმათ, ვინც არაფერი იცის ავსულთა ვერაგობის შესახებ, დემონური ხრიკების მზაკვრობისა“.

ის სიფრთხილე, რასაც მართლმადიდებლური სარწმუნოება იჩენს სხვადასხვა სახის ჩვენებათა, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრებისეული, ისე სიკვდილის წინარე მდგომარეობის მიმართ, სრულიად გამართლებულია, რამეთუ იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ ყველა სახის ხილვას, ნამდვილად დაუშვებელია. სპირიტული მოძღვრება ეკლესიის მხრიდან, ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიჩნეულია დემონურ სწავლებად, იგი კი ერთი შეხედვით მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, მისიონერული საქმიანობისკენ, რწმენის, სათნოებათა განმტკიცებისკენ ანუ დადებითზე ამახვილებს ყურადღებას. კომუნისტები რა უარყოფითი ძალის წარმომადგენლებიც იყვნენ, ყველას კარგად მოეხსენება, გარეგნულად კი ისინი „ქადაგებდნენ“ ძმობას, ერთობას, სამართლიანობას, თანასწორობას. ეშმაკი რომ თავისი ნამდვილი სახით გვეცხადებოდეს, მის მიერ ჩვენში აღძრული აბრები, ემოციები, ჩვენებები რომ სულ ცოდვისმიერი, ბოროტისეული გახლდეთ, მაშინ ყველა მიხვდება ამას და განეშორება მას. ამიტომაც მოდის იგი ხშირად „სინათლის ანგელოზის“ სახით და ადამიანი ცდომილებაში შეჰყავს.

რ. მოუდის წიგნში „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“ აღწერილი სიკვდილის წინა მდგომარეობა, თავისი არსით მეტად საინტერესო, წარმტაცია. სიყვარულის, სითბოს გამოჩენის, ცოდნის მიღებისკენ და ა.შ. მოწოდება, რაც ამ დროს გაისმის, ყვედრების, მუქარის გარეშე წარსულის სურათების გახსენება, ჩვენება არცთუ მთლიანად ემთხვევა მართლმადიდებლურ მიდგომას იმქვეყნიური ცხოვრების მიმართ. წმიდა წერილი განგვიმარგავს „ვინც უყვარს, მას სჯის, ცემს ყველა თავის შვილს, ვისაც იღებს“. თუ მკვლელი, ავაზაკი, ქურდი, მეძავი გარდაიცვლება, როგორ შეიძლება ვიფიქროთ დიდი სიყვარულით, სითბოთი მოეპყრობიან იმქვეყნად მათ. ყოველგვარი მუქარის, საყვედურის გარეშე აგრძნობინებენ, რომ არასწორად იქცეოდა და სამუდამო ნეტარებაში გაუშვებენ ამათ. რბილად რომ ვთქვათ, ძნელი წარმოსადგენია ზეციურ სამყაროში მოხდეს ასეთი რამ. თუ აქ იგრძნობა მკაცრი დასჯა, ჩვენი უფლისმიერი აღზრდა და თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, კარგად ამჩნევ ამას, იქ რა ამ კუთხით განსხვავებული სურათი დაგვხვდება. ამიტომაც ეკლესიური სიბრძნე მიგვითითებს, რომ ჩვენ როცა საჭიროა შეიძლება გავეცნოთ, გავითვალისწინოთ ის გარკვეული ცოდნა, გამოცდილება, რომელიც გვხვდება ამა თუ იმ არამართლმადიდებლური წყაროს მხრიდან, მაგრამ ამასთან დიდი სიფრთხილით, შერჩევით უნდა მოვეკიდოთ ამ დროს მიღებულ სხვადასხვა ცნობას, არ მივიღოთ უპირობოდ ყოველივე ის, რაც იქ წერია, რამეთუ ბოროტი ძალის ზემოქმედება ვრცელდება ამ კუთხითაც.

რ. მოუდის წიგნის გაცნობას თავისი დადებითი მხარეები აქვს. იგი უფრო მეტად აფიქრებს კაცს სიკვდილის შემდგომ ყოფაზე, უმტკიცებს ამ მხრივ რწმენას, უღვივებს მას. აცნობს თუ რას უნდა მოველოდეთ ასეთ დროს, რა ეტაპები შეიძლება გარდაცვალების შემდგომ გაიაროს სულმა, რას შეიძლება განიცდიდეს იგი, რა შეგრძნებები ჰქონდეს მას, მაგრამ ამასთან, ბოლომდე ნდობა ყველაფერ იმისა, რაც იქ წერია, აღწერილია, გაუმართლებელია.

მართლმადიდებლური დაშვებით გარდაცვალების შემდგომ ადამიანის სული საზვერეებს გადის, სადაც მას სხვადასხვა ცოდვებისთვის პასუხი მოეკითხება. წმ. თეოფანე დაყუდებული აღნიშნავს: იმქვეყნად წასულები მალევე იწყებენ საზვერეებში გადანაცვლებისთვის ბრძოლას, აქ ჩემს დას დახმარება დასჭირდება ჩვენ რომ შეგვეძლოს, გავიგონებდით - „დამეხმარეთ“ - მის გოდებას. აი, რას უნდა მიექცეს მთელი ყურადღება, სად უნდა გამოვლინდეს ჩვენი სიყვარული მის მიმართ, ვფიქრობ, მიცვალებულის ყეელაზე დიდი დაფასება იქნება, თუ თქვენ სულის სხეულიდან გამოსვლის მომენტიდან სხვას მიანდობთ მის სხეულბე ზრუნვას, თავად კი განმარტოვდებით, სადაც კი შესაძლებელია და დაიწყებთ მისი მოსახსენიებელი ლოცვების კითხვას, რათა სულს დახმარება გაეწიოს ახალი მდგომარეობით მოტანილ სირთულეებთან ბრძოლისას“.

ოცდაერთი საზვერე არსებობს, სადაც ბოროტი სულები კაცის განვლილი ცხოვრების შეცოდებებს წარმოადგენენ, ზოგს მართალს, ზოგსაც კი ტყუილსა. ეს საზვერეებია: ცილისწამების, მრისხანების, ამპარტავნების, მრუშობის, ბილწსიტყვაობის, სიმთვრალის და სხვა. ნეტარი თეოდორა, წმიდა ბასილი ახლის სულიერი შვილი, ამგვარად აღწერს თავისი გარდაცვალების შემდგომ ხანას: ამ დროს ნათლმოსილმა ანგელოზებმა ხელში ამიყვანეს და ჩემი სული ზეცისკენ წავიდა. მოვიხედე უკან და უძრავად, უსულოდ, უგრძნობად მდებარე საკუთარი სხეული დავინახე ისე, როგორც ტანისამოსი გაიხადოს კაცმა, დააგდოს და ყურება დაუწყოს მას. როცა ანგელოზებს ხელში ვეჭირე, ბოროტი სულნი მოვიდნენ და თქვეს: ჩვენ მრავალი ცოდვა ვიცით მისი და ამისთვის პასუხს ვითხოვთ მისგან. პასუხად კი ანგელოზებმა ყველა ის კეთილი საქმე წარუდგინეს, რაც კი ოდესმე ჩამიდენია. მაგალითად, ღარიბისათვის პური მიმიწოდებია, მწყურვალისათვის წყალი, სნეული და საპყრობილეში მყოფნი მომინახულებია, ეკლესიაში ერთგულად მივლია, უცხოსთვის მოსასვენებლად სახლში ბინა დამითმია, კანდელში ზეთი ჩამისხამს, ეკლესიისთვის საკმეველი შემიწირია, მტრად გადაკიდებულნი შემირიგებია, ანუ ცრემლი მიფრქვევია, უსიამოვნება მოთმინებით გადამიტანია, უცხოთათვის ფეხი დამიბანია, მცირედმორწმუნენი სარწმუნოებაში გამიძლიერებია, ცოდვისაგან ვიღაც გადამირჩენია, სხვისი უბედურება და განსაცდელი მწყენია, შევწუხებულვარ მათთვის, სიკეთე არ დამიშურებია, უფლისთვის მრავალჯერ თაყვანი მიცია, ხორცის და სულის დათრგუნვისთვის მიმარხულია, არ მიყურებია უსარგებლო სანახაობისთვის და უქმი ლაპარაკისთვის, ცილისწამებისთვის, სიცრუისთვის თავი ამირიდებია. ყველა ეს კეთილი საქმე ანგელოზებმა ჩემი ცოდვების სანაცვლოდ წარმოადგინეს მათ გასაუქმებლად. ეს ასეც მოხდა; ბოროტი სულები კი მრისხანებდნენ და ჩემი მოტაცება, უფსკრულში ჩაგდება უნდოდათ. წმიდა ბასილი გამოჩნდა და ანგელოზებს მიმართა: „ამ სულმა მრავალი სამსახური გამიწია, მომიარა უძლურების, მოხუცებულობის ჟამს, ვილოცე მისთვის და უფალმა მოიღო ეს მოწყალება“. მისცა მათ რაღაც ყუთი და უთხრა: „საზვერეების, ჰაერის მცველთა განსვლისას მზაკვარ და ბოროტ სულებს პასუხი მიეცით აქედან, ამით გამოიხსენითო მისი სული დემონთაგან. მოძღვრისგან მიცემულ ყუთში ნათქვამი აღსარებები და ამ დროს მღვდლის მიერ წაკითხული შენდობის ლოცვა იგულისხმება, რის გამოც იმ ცოდვებზე, რომლებიც მონანიებული აქვთ, ბოროტი სულები საზვერეებში კაცს ვეღარ ეკიდებიან. ავსულები ხედავდნენ რა ამას, დიდხანს იყვნენ ჩუმად, ბოლოს უცბად ღრიალი და ყვირილი მორთეს: „ვაი ჩვენ და რომ ვიშრომეთ მისი დევნით ტყუილად, იმის გამოძიებით თუ სად და როგორ სცოდავდა იგი“. სთქვეს ეს და გაქრნენ იმავ წამს. შემდეგ ისევ გამოცხადდა წმ. ბასილი და მრავალი სხვა კეთილსურნელოვანი ყუთი მოიტანა. თან ისინი ანგელოზებს გადასცა“.

ზოგს შეიძლება მკაცრი მოეჩვენოს მართლმადიდებლური სწავლება სულის გარდაცვალების შემდგომი პერიოდისა, კერძოდ, დაშვება საზვერეების არსებობისა, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ეს ლოგიკური და გამართლებულია, თუნდაც მიწიერი ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც. როცა კაცს აპატიმრებენ, ატუსაღებენ ქურდობისათვის, მკვლელობისთვის თუ სხვა დანაშაულისთვის, სვამენ ციხეში, ადვილია განა იქ წლების გატარება, ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდეც კი იქ ყოფნა, განა დიდი სიმწარის, ტანჯვის განმაცდეველი არ არის ყოველივე ესა. ამასთან, იგრძნობა უფლისმიერი დასჯაც და თუ აქ ასე მკაცრად მოეთხოვება პასუხი ადამიანს ჩადენილი დანაშაულისთვის, ცოდვებისთვის, დაშვებული შეცდომებისთვის, იქ რა ზეციურ სამყაროში უნდა ველოდოთ ვითომდა სხვა სურათს, განა მხოლოდ სითბოთი და გაგებით იქნება ჩვენი მოღვაწეობის, საქმიანობის მოკითხვა. რა თქმა უნდა, ძნელია ამის დაშვება, როცა ჩვენ მიწიერ, ამქვეყნიურ ყოფაზე, არსებობაზე დაკვირვება სულ სხვა კუთხით გვახედებს ყოველივე ამას.

უნდა ითქვას, რომ ეკლესიური დაშვებით ჩვენ ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვაქვს შესაძლებლობა, მოვინანიოთ ცოდვები, მცდარი ცხოვრებისეული ნაბიჯები და წარვდგეთ სულიერად განწმენდილები უფალთან. აქ მონანიებული ცოდვები კი იქ უკვე აღარ მოგვეკითხება. იმაზე თუ რამდენად უმსუბუქებს მდგომარეობას მღვდელთან ნათქვამი აღსარება კაცს, უხსნის მას ბევრ სულიერ, ფსიქოლოგიურ პრობლემას მიუთითებს თუნდაც ის შეგრძნებები, რომლებიც გვეუფლება სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას. დიდი ათონელი ბერი მამა პაიბი აღნიშნავს: „არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, ის მეტად დიდი რამაა. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს მასზე დემონთა ძალაუფლებას. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამღე და მის შემდგომაც. მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი დიდი და აშკარაა. როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია - მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს“.

გაგრძელება