დავით ციცქიშვილი

სინანულის საიდუმლო

„არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, - ამბობს დიდი ათონელი ბერი მამა პაისი, - ის მეტად დიდი რამ არის. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს დემონთა ძალაუფლებას მასზე. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომ, მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი აშკარაა და დიდი. როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია - მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს“.

ბევრმა სათანადოდ არ იცის, რომ ხშირად ჩვენი შფოთვის, ნერვიულობის, მოუსვენრობის, ადვილად წყობიდან გამოსვლის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია. როცა ისინი გროვდება - მცირე თუ დიდი, ბოროტი ამას მეტად კარგად იყენებს და კალაპოტიდან აგდებს ადამიანს, უძლიერებს შინაგანი მოუსვენრობის, უიმედობის, გაღიზიანების შეგრძნებას, იწვევს სხვადასხვა დამთრგუნველ უარყოფით განცდათა მოძალებას ჩვენთან. ზოგი ვერ ხვდება, რა მიზეზით არის ეს განპირობებული, რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში, ცდილობს აიყვანოს თავი ხელში, მოაგვაროს ის ცხოვრებისეული პრობლემები, რომელიც, მისი აზრით, განაპირობებს მის ასეთ მდგომარეობას, ფსიქოლოგსაც კი შეიძლება მიმართოს დასახმარებლად, მაგრამ მარტოოდენ ეს ხშირად რას უშველის - მაშინ, როცა უპირველესი წამალი მაინც ცოდვათა მონანიებაა. ამის გარეშე ძირეულ გაუმჯობესებას ადგილი არ ექნება, აუცილებელია მოშორდეს ცოდვების შედეგად გაჩენილი ის სულიერი ჭუჭყი, რომელზე კაუჭის მოდებითაც ბოროტს საშუალება ეძლეოდა დაევანა კაცთან. როცა კი აღსარების შედეგად ცოდვების მოტევება ხდება, ჩამოცლა ხდება ჭუჭყის იმ ფენისა, რომელსაც დემონური ძალა იყენებდა ჩვენდა საწინააღმდეგოდ.

ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა ადამიანი გამოსულია წყობიდან, ატყობს, რომ ამოვარდნილია კალაპოტიდან, ადვილად ღიზიანდება, ხშირად ნერვიულობს, ეძალება სასოწარკვეთილებითი თუ სხვა უარყოფითი განცდები, არის ის, რომ საჩქაროდ წავიდეს და აღსარება თქვას. სინანულის საიდუმლო ამ შემთხვევაში წამალივითაა, რომელსაც რაც ადრე მიიღებ, მით უფრო მალე დაიწყებ გამოჯანმრთელებას და თუ ასე არ გააკეთე, მეტად გაგეწელება დრო, თან ძირეულ გარდატეხასაც ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, აღსარების, როგორც ერთ-ერთი უპირველესი სულიერი, ფსიქოლოგიური დახმარების საშუალების, დიდი მნიშვნელობა ბევრს სათანადოდ არ ესმის, კარგად არა აქვს გაცნობიერებული, მათ შორის, უნდა ითქვას, მრევლის არცთუ მცირე ნაწილსაც. ალბათ დადგა დრო, რომ დღეს განსაკუთრებით გაესვას ხაზი სინანულის საიდუმლოს სწორედ ამ მხარეს.

სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი კანონია ის, რომ ბოროტის მხრიდან წარმოებულ აზრობრივ ბრძოლას ჩვენდამი, რაც ხშირად სხვადასხვა სახის უარყოფითი, დამთრგუნველი აზრების, წარმოდგენების, განცდების გაჩენაში გამოიხატება, მეტად კარგად აქარვებს, აფერმკრთალებს სინანულის საიდუმლო. მამა იოსებ ათონელი წერს: „გინდა შემოსურო გველის თავი? თქვი შენი ფიქრების შესახებ აღსარების დროს. ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია, თუ შენთან აკავებ - ის იმალება, სინათლეზე გამოგაქვს და ქრება. ხარობს მაშინ მაცხოვარი, გულისხმიერი ლოცვაც ძლიერდება და ნათელი მადლის კურნავს, ამშვიდებს შენს გულს და გონებას“.

ადრე მონასტერში ასეთი ჩვევა არსებობდა, მისი წევრები დღის ბოლოს მიდიოდნენ მოძღვართან და უყვებოდნენ იმ ფიქრების, აზრების შესახებ, რომლებიც დღის განმავლობაში აშფოთებდათ, აწუხებდათ მათ, დავუშვათ, თუ შურის გრძნობა გაჩნდებოდა ვიღაცის მიმართ, გაღიზიანების ან კიდევ სხვა, იგი აღნიშნული იქნებოდა მღვდელთან საუბარში. ეს საშუალებას იძლეოდა, ყურადღება მიექციათ თავის ფიქრთა მსვლელობისთვის, მოძღვრის დახმარებით დროზე შეემჩნიათ, დაეჭირათ ის არასწორი აზრები, გრძნობები, რომელსაც კი შეეძლო თავი წამოეყო, ადგილი ჰქონდა მათ ეკლესიურ გზაზე, ამით კი ხელ-ფეხს უბორკავდნენ ეშმაკს, რომელიც განაპირობებდა კიდეც ამგვარ განცდათა მოძალებას მათთან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დემონური ძალა განსაკუთრებით მხილებას ვერ იტანს და როცა აღსარებაში ითქმება ამა თუ იმ ვნებითი გახელების შესახებ, ამით დიდი დარტყმა მიეყენება მას, ასეთ დროს ქრება, საგრძნობლად სუსტდება ის უარყოფითი მუხტი, რომელიც თან ახლავს ხოლმე სულიერ ბრძოლას. ეკლესიურ ცხოვრებაზე დაკვირვებით ნათლად ჩანს, რომ ხშირად მრისხანების, სასოწარკვეთის, მრუშული აღტყინების თუ სხვა რომელიღაც ვნების გამძაფრების შემთხვევაში, მარტოოდენ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ აქვს ხოლმე გარდატეხას ადგილი, საგრძნობლად მცირდება ის დაძაბულობა, რომელიც აწუხებს კაცს, იგი თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება, იმ მდგომარეობას, რომელსაც ვნებით გახელებამდე ჰქონდა ადგილი.

ხშირად აღსარების შემდეგ არა მხოლოდ სულიერად გრძნობენ შვებას, დამშვიდებას, უბრუნდებათ რწმენა, იმედი ღვთისა, განცდა აქვთ სიხარულის, არამედ ფიზიკურადაც კი შეიგრძნობენ სინანულის საიდუმლოთი მოტანილ დიდ მადლს. გრძნობენ სიმსუბუქეს სხეულში, განთავისუფლებას დაძაბვის, შებოჭვის შეგრძნებებისგან, თითქოს რაღაც მძიმე ლოდი ჩამოეხსნათო ზურგიდან, უფრო მჩატე გახდაო სხეული.

ბევრმა არ იცის, რომ აღსარება მეტად შველის კაცს სხვადასხვა სახის შიშის გამძაფრების შემთხვევაშიაც, იქნება ეს სიკვდილის, ავადმყოფობის თუ სხვა სახის ნევროზული განცდები - დახურული სივრცის, სახლში მარტო დარჩენის და ა.შ. ბოროტი ძალის ადამიანზე ზემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი ხერხია ის, რომ გაამძაფროს, გააზვიადოს რაც მისი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, დაამახინჯოს, პათოლოგიურ დონემდე მიიყვანოს იგი. თავისთავად შიშის განცდა, რადგანაც იგი დამახასიათებელია ჩვენთვის, განკვეულ დადებით ფუნქციასაც ასრულებს, ხშირად ის სიფრთხილისკენ მოუწოდებს კაცს, საჭიროების შემთხვევაში აყოვნებს, რათა ნაბიჯი არ წადგას განსაცდელის მიმართულებით, ხელს უწყობს აერიდოს მას. მაგრამ შესაძლოა ამ განცდამ მეტად დამთრგუნველი სახეც მიიღოს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის, დიდი ნერვიულობის მიზეზიც გახდეს ჩვენთვის. გვხვდება ისეთი სახის პანიკური შიშები, რაც ქცევის დეზორგანიზაციას, არევას იწვევს კაცთან, ხელს უწყობს სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობებს. ასეთ დარღვევებს ხშირად აქვს ადგილი ნევროზის, შიზოფრენიის, სხვა ფსიქიკური აშლილობების დროს, მაგრამ ამასთან, მათ შესაძლოა ამ აშლილობებისგან დამოუკიდებლად ყველა ადამიანის ცხოვრებაშიც ჰქონდეს ადგილი. ვის არ მოძალებია ზოგჯერ დაუძლეველი შიში სიკვდილის, ჩაუთვლია, რომ მეტად სერიოზული, მძიმე დაავადება აქვს, ძალიან შეშფოთებულია საკუთარ მომავალზე. ბევრი ასეთ დროს ვერ ხვდება, რომ ამ გაძლიერებული შიშის უკან ბოროტი დგას, რომ ამ განცდის ამგვარი მოძალება მისი აზრობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია. ისიც არ იციან, თუ ამ სახის შემოტევებს როგორ აქარწყლებს, ასუსტებს აღსარებაში იმის აღწერა, საჭიროების შემთხვევაში ხშირად იმის თქმა, თუ როგორ გამძაფრებულად შემოდის ეს შიში შენთან, რა გამოვლინებები აქვს მას. სინანულის საიდუმლოს შემდეგ არცთუ იშვიათად შეიჩმნევა, თუ როგორ კარგავს თავის სიმძაფრეს სიკვდილის, ავადმყოფობის, სხვა სახის შიში, როგორ შვებას განიცდის ხოლმე ასეთ დროს კაცი. რაც მეტჯერ აღიწერება, ითქმება ამგვარ განცდათა მოძალებისას აღსარებაში, ეს კი განსაკუთრებით მათი გამძაფრების პერიოდზე ითქმის, მით უფრო კარგია ჩვენთვის, მეტი დარტყმა მიეყენება ბოროტს.

მეტად მნიშვნელოვანია აღსარების კიდევ ერთი მხარე. ის, რომ იგი ძალას გაძლევს ებრძოლო შენს ნაკლოვანებებს, მავნე ჩვევებს, უარყოფით მიდრეკილებებს. ამის გარეშე კი უმთავრესად საკუთარი თავის გამოსწორების მცდელობას შედეგი არ მოაქვს. მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა და ამ სარწმუნოების მთავარი მიზანი ადამიანის სულიერი ზრდაა, დახვეწა, რათა იგი დაემსგავსოს უფალს, რომლის სახედ და ხატადაც ის შეიქმნა. სხვადასხვა ეკლესიური წესის შესრულება კი უმთავრესად ამას ემსახურება. ამ დროს მოხვეჭილი ღვთაებრივი მადლის შემწეობით შევძლოთ საკუთარი თავის შველა. როცა კი ამის გარეშე თავად ცდილობენ გამოსწორებას, მარტოოდენ მეტად მწირი ადამიანური შესაძლებლობებით ძირითადად არაფერი გამოდის, უფალს მინდობის შემთხვევაში კი, როდესაც მისი დახმარებით ინდომებენ საკუთარი ბუნების სრულყოფას, უკვე სულ სხვა სურათია. ღმერთი გაძლევს ძალას, გეხმარება, დაძლიო მრავალრიცხოვანი ნაკლოვანებები, მავნე ჩვევები, გიმართავს ხელს ამა თუ იმ კრიტიკულ ვითარებაში.

თუ არა აღსარებაში ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების დასახელება, ისე როგორც ცხოვრება, ნათლად გვიჩვენებს, ძალიან ხშირად ჩვენი წამოწყება რაიმე შევცვალოთ ცხოვრებაში ენთუზიაზმის დონეზე რჩება, გადის მცირე ხანი და კაცი ისევ ძველ ყოფას უბრუნდება. განსაკუთრებით კარგად ეკლესიური ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანური ბუნების სუსტი მხარეების დაძლევის თვალსაზრისით კარგად მჟღავნდება ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის შემთხვევაში. თუ არა აღსარება, ლოცვა, ტაძარში სიარულის დაწყება, ისე ადამიანი უმთავრესად უძლურია სძლიოს მათ. ნარკომანის და ლოთის განკურნება უფლის სასწაულს უკავშირდება და ყველა სხვა ხერხს, თუნდაც მეცნიერულს, მათ შორის ფსიქოთერაპიულსაც, ძირითადად უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ დროებითი გაუმჯობესება მოაქვს. ისინი დამხმარე საშუალებად შეიძლება იქნას გამოყენებული, ხოლო უმთავრესი კი მაინც ღვთის შეწევნაა, მარტოოდენ ასე შეიძლება გამოსწორდეს ამ ვნებით შეპყრობილი, სძლიოს საკუთარ თავს. ამისთვის კი აუცილებელია ამ მავნე ჩვევათა გამოვლინებების ხშირად აღსარებაში დასახელება, აღწერა, ამასთან მონდომებაც სძლიო მათ. საკუთარი თავის იძულებასაც, სურვილს, ძალისხმევას შეებრძოლო ამგვარი სახის მიდრეკილებებს, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ თავად არ მოინდომე ბრძოლა, მარტოოდენ აღსარებაში ხშირად თქმა რას გიშველის, ღმერთი მას ეხმარება, ვინც გამოსწორებას ცდილობს, ის კი, ვინც მარტოოდენ საუბრობს ამის შესახებ, საქმის მხოლოდ ნახევარს აკეთებს, ნაწილს, რომელსაც შედეგი ნაკლებად მოაქვს. როცა კი ორივე ეს მხარე სახეზეა, სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას აღინიშნება საკუთარი ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების შესახებ, თან, ამასთან, მცდელობაცაა დაუპირისპირდე მათ, თავს იჩენს ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება „შეუძლებელ კაცთათვის, შესაძლებელია ღვთისათვის“ და ადამიანი მართლაც დიდ ნაბიჯს დგამს თავისთა სასიკეთო მიმართულებით.

რას უნდა მიექცეს ყურადღება აღსარების ჩაბარების დროს. მღვდელთან საუბრის სწორად წარმართვას, მის თანმხლებ განცდებს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მთავარ ნაკლოვანებებზე, ცოდვებზე, რაც შეიმჩნევა ჩვენთან მიმართებით და რაზეც ყველაზე მეტად გვქეჯნის სინდისი. გამოცდილ მართლმადიდებელ მამათა მიხედვით თითოეულ კაცთან ერთი რომელიღაც ვნება გამოიყოფა, ყველაზე მეტად რომ ებრძვის მას, აგდებს კალაპოტიდან, ის უნდა განისაზღვროს და მასთან დაპირისპირებაზე გაკეთდეს განსაკუთრებული აქცენტი. ზოგი სასოწარკვეთილებისკენ არის მიდრეკილი, ზოგიც მრისხანებისკენ, ზოგიერთთან კი სხვა ვნება მძლავრობს. ამასთან, დროის ყოველ მოცემულ მონაკვეთში შეიძლება უფრო ძლიერად რომელიღაც სხვა ვნებამ წამოყოს თავი, ნაკლოვანებამ, ან ის შეიძლება რამდენიმეც იყოს. სწორედ მათი აღნიშვნა, განსაკუთრებით გამოყოფაა საჭირო, იმ მთავარი შეცდომების, ცოდვების შემოსაზღვრა, რომელიც ყველაზე მეტად გაგდებს კალაპოტიდან, უარყოფითად მოქმედებს შენს სულიერ მდგომარეობაზე, სარწმუნოებრივ ზრდაზე. ჯერ ამას უნდა მიექცეს სინანულის საიდუმლოს დროს ყურადღება, შემდეგ კი უკვე შესაძლებელია უფრო ნაკლებმნიშვნელოვანით, მეორეხარისხოვნითაც დაკავდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიური შეხედულებით რვა მთავარი ვნება გამოიყოფა, რომელთა გახელებაც განსაკუთრებით აზიანებს სულს, იწვევს ადამიანის უფალთან დამოკიდებულების გამრუდებას. ესენია ამპარტავნება, მრუშობა, სასოწარკვეთილება, მრისხანება და ა.შ. ამ ვნებების გამოვლინებებს, მასთან დაპირისპირების ხერხებს გვამცნობს ისეთი რელიგიური დისციპლინა, როგორიცაა „ასკეტიკა“. მას ზოგიერთი გამოცდილი ქრისტიანი მოღვაწე ერთგვარ ფსიქოლოგიურ განხრასაც კი უწოდებს ეკლესიის წიაღში და ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ საგნადაც კი გამოყოფს ჩვენთვის. სწორედ ამ რელიგიური დისციპლინით განსაზღვრულ რვა უმთავრესი ვნების გამოვლინებებს უნდა მიექცეს აღსარების დროს განსაკუთრებული ყურადღება და შევეცადოთ ვისწავლოთ მათთან ბრძოლა.

თან შეგრძნებაც ძალიან ხშირად ისეთია, რომ არის ცოდვები, რომლებიც მართალია უარყოფითად მოქმედებს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მეტად კარგი იქნებოდა, თუ არ ჩავიდენდით მათ, მაგრამ მაინც ჩვენი სუსტი, დაცემული ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ძნელია ავცდეთ ამგვარ გამოვლინებებს, ხშირად დიდი დროა საჭირო განვთავისუფლდეთ მათგან. ისინიც გვაშორებენ ღმერთს, მაგრამ მაინც არა ისე, როგორც ზოგიერთი. განა ერთია, ვთქვათ სხვისი განკითხვა, ზედმეტად ჩაცმაზე ყურადღების გამახვილება და სხვასთან სასტიკი ჩხუბი, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა. არის ცოდვები, რომელთა ჩადენისასაც განსაკუთრებით გრძნობს კაცი თუ როგორ სცილდება ის უფალს და სანამ აღსარებაში არ იტყვის მათ შესახებ, ვერ თავისუფლდება ბოროტის მარწუხებიდან, სრულფასოვნად ვერ დგება კავშირი ღმერთთან. ამასთან არის შეცოდებები, რომლებსაც თუ შევეცდებით არ გავიმეოროთ, დავნებდეთ მათ, გარკვეული ხნის შემდეგ, თითქოს ეს მონდომება აღსარების გარეშეც გვიდგენს კავშირს ღმერთთან, ისევ გვაახლოებს მას. შეგრძნება ისეთია, რომ უფალი მალე კვლავ ბრუნდება ჩვენსკენ. რა თქმა უნდა, შემდეგში სინანულის საიდუმლოს აღსრულების დროს ისინიც უნდა იქნას აღნიშნული, მაგრამ მაინც მათი დასახელება, თითქოსდა არც ისე საჩქაროა.

მოძღვართან საუბრისას ერთი მხრივ, უმრავლეს შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ზედმეტ დაწვრილმანებას, დეტალურად იმ ვითარების, პირთა აღწერას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყვეს ჩვენს ცოდვით დაცემას, გვატკინეს გული, მაგრამ ამასთან არც ძალიან ზოგადი უნდა იყოს ჩვენი მონათხრობი. თუ ვთქვათ მეზობელმა გაწყენინა, შენ კი ვრცლად აღწერე ის სიტუაცია, როცა მოხდა ეს, დაასახელე მისი სახელი, წარმომავლობა, დაწვრილებით მოყევი დიალოგზე თქვენს შორის, ამით სასულიერო პირსაც გადაღლი და შენც ზედმეტ დროს დახარჯავ საამისოდ. ამასთან, დავუშვათ თუ მრუშობის ვნება მძავრობს, თავის გამოხატულებას ფიქრებში, წარმოსახვაში პოულობს, ურცხვი კადრების ყურებაში ტელევიზორში და მხოლოდ ზოგადად ითქვას ამის შესახებ, მისი გამოვლინების სახეთა დაუსახელებლად ესეც არ იქნება სწორი. თან დაწვრილებით იმ ფიქრთა, წარმოდგენათა, ნანახ კადრთა აღწერაც არ იქნება გამართლებული. რაღაც ფორმა უნდა მოინახოს ყველაზე კარგი, ისე, რომ არცერთ უკიდურესობაში არ გადავარდეს კაცი. თან ისიც აღსანიშნავია, რომ ალბათ ყოველი აღსარების დროს მუდმივად უნდა მოინახოს ინტუიტურად ეს ფორმა, ზოგჯერ უფრო დაწვრილებით აღწერაა საჭირო, ხანდახან კი არა, გამომდინარე იქიდან, რას მოითხოვს შენი შინაგანი მდგომარეობა. ყოველივე ეს ჩვენი განსასაზღვრია და მეტად მნიშვნელოვანია მოხერხდეს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ აღსარების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავარი ნაკლოვანებების, ვნებების, ცოდვების გამოყოფას და მათ თქმას, მაგრამ, ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლებად მძიმე ცოდვები დავივიწყოთ და არ მოვყვეთ მათ შესახებ. დიდ ოპტინელ ბერ მამა მაკარისთან ორი ქალი მივიდა. ერთს დიდი ცოდვა აწუხებდა, უფორიაქებდა სულს და ამიტომაც მეტად დათრგუნული იყო იმის გამო, მეორე კი ხალისიანად გამოიყურებოდა, რადგან რაიმე მძიმე ცოდვას ვერ ხედავდა თავისთან. მამა ამბროსიმ ორივეს მოუსმინა და მდინარის ნაპირას გაუშვა. ერთს დაავალა ყველაზე დიდი ქვა მოეტანა იქიდან, რის ზიდვასაც შეძლებდა, ხოლო მეორეს კი უბრძანა კაბის კალთის ქვეშ პატარა ქვები მოეგროვებინა და ისე მისულიყო მასთან. როცა მათ დავალება შეასრულეს, ბერმა ისევ უკან გაუშვა და მოტანილი ქვების თავთავიანთ ადგილას დაწყობა მოსთხოვა. პირველმა ადვილად მოახერხა ეს, რადგან ერთი ქვა ჰქონდა დასადები, მეორემ კი ვერ შეძლო იგი, ყველა იმ ადგილის გახსენება, სადაც კი ჰქონდა პატარა ქვები მოგროვილი. მამა მაკარის ახსნით, ყოველივე ეს მათ ცოდვებს განასახიერებდა, პირველს სულ ახსოვდა თავისი დიდი ცოდვის შესახებ და ნანობდა მას, ამიტომაც შეეძლო მოეცილებინა ის, მეორე კი არ აქცევდა რა თავის ბევრ წვრილმან ცოდვას ყურადღებას და დავიწყებული ჰქონდა რა ისინი, ვერ ახერხებდა სინანულის საიდუმლოთი განწმენდილიყო მათგან.

მოძღვართან აღსარების დროს ცოდვებზე, ნაკლოვანებებზე საუბრისას დიდი მნიშვნელობა აქვს, მთელი გულით ინანიებ მათ, თუ ეს ყველაფერი ფორმალურ ხასიათს ატარებს. როცა აღსარების საიდუმლოს დიდი სინანულიც ახლავს თან, შესაბამისი ემოციური განწყობა, გრძნობათა დატვირთვა შეინიშნებ, ამ დროს, ბუნებრივია, ეს უფრო სათნო, მისაღებია უფლისთვის, ვიდრე ის, როცა ცივად, შესატყვისი განცდების გარეშე ხდება მღვდელთან საუბარი. სულიერ ცხოვრებაზე დაკვირვება ნათლად მიგვანიშნებს, რომ ღმერთი განსაკუთრებით გვეხმარება სწორედ იმ ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების დაძლევაში რისი გამოსწორებაც გულით გვინდა, რასთან დაკავშირებითაც დიდი წუხილი, შფოთვა შეიმჩნევა ჩვენთან. თუ რა მნიშვნელობა აქვს შესაბამის განწყობას, სინანულს აღსარების ჩაბარებისას, ამაზე მიგვითითებს სხვადასხვა შემთხვევა მართლმადიდებელ მამათა ცხოვრებიდან, მიგვანიშნებს მათი მრავალი დარიგება. „მამა ზაქარიასთან აღსარების ჩასაბარებლად ორი ქალი მიდიოდა. ერთი მთელი გზა დიდ სინანულს განიცდიდა თავის ცოდვებთან დაკავშირებით და გულში ამბობდა: „უფალო, რა ცოდვილი ვარ, მე ხომ ასე და ასე გავაკეთე, ის განვიკითხე, გთხოვ შემინდე ღმერთო! გულით და გონებით თითქოს დაცემული იყო უფლის ფეხებთან და მოთქვამდა: „მაპატიე, მაპატიე, მომეცი ძალა, რომ აღარ შეურაცხგყო, შემინდევ ჩემი ცოდვები. მთელი თავის ცხოვრება გადასინჯა და სულ ინანებდა და ინანებდა.

მეორე კი მშვიდად მიდიოდა. მივალ და ვიტყვი აღსარებას, ფიქრობდა ის, აღვნიშნავ, რომ ყველაფერში ცოდვილი ვარ, ხვალ კი ვეზიარები. ახლა იმაზე ვიფიქრებ, რა მატერია ვუყიდო ჩემს შვილს კაბისთვის, რა შევურჩიო კი მის სახეს რომ მოუხდეს. ამგვარი ყოფითი აზრებით იყო ის დაკავებული.

ისინი ორივე ერთად შევიდა მამა ზაქარიასთან. მან პირველს მუხლებზე დაჩოქება უბრძანა და უთხრა, რომ ცოდვებს მიუტევებდა. „როგორ, მამაო, მე ხომ ჯერ არაფერი მითქვამს“, - აღმოხდა ქალს... არ არის თქმა საჭირო, მიუგო ბერმა, მათ შესახებ შენ სულ ეუბნებოდი უფალს, მთელი გზა ინანიებდი მათ, მე კი ყველაფერი მესმოდა, ასე რომ, ახლა წაგიკითხავ შენდობის ლოცვას, ხვალ კი კურთხევას მოგცემ, რომ ეზიარო.

- შენ კი, - მიმართა მეორეს გარკვეული ხნის შემდეგ, - წადი და იყიდე ქალიშვილის კაბისთვის მატერია, შეკერე როგორც ჩაიფიქრე და როცა მობრუნდება სინანულისკენ შენი გული, მაშინ მოდი აღსარებაზე. ახლა კი მე მას ვერ მივიღებ“.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეტად მნიშვნელოვანია აღსარების დროს არა ფორმალურად, ცივად ცოდვების ჩამოთვლა, არამედ სინანულის განცდის თანხლებაც, ამ შემთხვევაში, მაინც რა კარგად გაცნობიერებულიც არ უნდა ჰქონდეს კაცს ეს ყველაფერი, ესმოდეს მისი ღირებულება, ხშირად ვერ ხერხდება შესაბამისი განწყობის შექმნა. ძალიან ძნელია აიძულო თავი, რა შეგნებულიც არ უნდა გქონდეს შენი ცოდვების, ნაკლოვანებათა მავნებლობა, მათგან მოტანილი ზიანი თუ ბუნებრივად არ შემოვიდა ეს, ხელოვნურად გამოიწვიო მათდამი დიდი სინანულის შეგრძნება. ჩვეულებრივ, ასე ხდება, მივდივართ აღსარების სათქმელად და ცივად, ხშირად სინანულის განცდის გარეშე ვაკეთებთ ამას. არადა, მაინც რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში. უნდა ვიფიქროთ ის, რომ საკუთარი ცოდვების, ნაკლოვანებების, შეცდომების სულ უთქმელობას ისევ შესაბამისი განწყობის გარეშე თქმა სჯობს, ასეთ დროს ჩვენი უმწიფარობის, ნაკლოვანი ბუნების გამო ამასაც შეიწირავს უფალი, მასაც ჩაგვითვლის სათვალავში. თან ისიც გაუმართლებლად მოჩანს, ზედმეტად აიძულო თავი, ხელოვნურად შეიქმნა ცოდვების შესაბამისი განცდები. ჯობია რაც ხარ, იგივე იყო, არ მოიტყუო თავი და უფალს შეჰვედრო, მოგანიჭოს ჭეშმარიტი სინანულის შეგრძნება. ამგვარი სინანული მისი წყალობაა და ლოცვა-ვედრებაა საჭირო, რათა მოგვემადლოს ის.

ზოგჯერ პარალელს ავლებენ აღსარებასა და ფსიქოლოგთან საუბარს შორის და თვლიან, რომ ბევრი რამ არის მათ შორის საერთო, მაგრამ ხშირად აქ ყურადღების მიღმა რჩებათ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ ის, რომ სინანულის საიდუმლო თვისობრივად, მოტანილი შედეგის მიხედვით მაინც სულ სხვა შემთხვევაა ამ თვალსაზრისით. თავისთავად, როცა ადამიანი ყვება საკუთარი გასაჭირის, პრობლემების, განცდების შესახებ, იგი უკვე განმუხტვის, უარყოფითი ემოციებისგან დაცლის, მათი შესუსტების ერთ-ერთი საშუალებაა, ვისთანაც არ უნდა მოხდეს ეს, იქნება ფსიქოლოგი, მეგობარი თუ უბრალოდ ნაცნობი. თუ გამოცდილ ფსიქოლოგთან გვაქვს საქმე, რომელმაც იცის, როგორ წარმართოს საუბარი, ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება სრულად ათქმევინოს კაცს თავისი შემაწუხებელი ფიქრების, განცდების შესახებ, მაშინ შედეგი ხშირად სახეზეა, მაგრამ ეს მაინც ვერ შეედრება აღსარებით მოტანილ შვებას. ფსიქოლოგი ან თუნდაც სხვა ვინმე ცოდვებს ვერ მოგიტევებს, რის გამოც ის მიზეზები, რაც ხშირად განაპირობებს კიდეც ჩვენს წუხილს, შფოთვას, ნერვიულ აშლილობას, ისევ რჩება. მღვდელთან საუბრის შემდეგ კი, როცა იგი შენდობის ლოცვას კითხულობს, როგორი სულიერების, პიროვნული ღირსებით შემკულიც არ უნდა იყოს ის, სწორედ ამას აქვს ადგილი. ლოცვა წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და იგი დამოუკიდებელია მღვდლის პიროვნებისგან. როგორც იმის გარეშე არსებობს თავისთავად ქირურგიული ოპერაცია, ცუდი თუ კარგი ადამიანური ღირსებებით შემკული ექიმი აკეთებს მას, ზუსტად იგივე ხდებდა ამ შემთხვევაშიაც. თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი რამ - პრობლემა, რომელმაც გარკვეულწილად საკმაოდ იჩინა თავი დღევანდელ ვითარებაში. იმის გამო, რომ სასულიერო პირები არცთუ იშვიათად ამა თუ იმ მიზეზთა გამო სათანადო დროს ვერ უთმობენ თავისი მრევლის წევრებს, ზოგჯერ შეიმჩნევა ტენდენცია, დახმარებისთვის სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართონ ფსიქოლოგს და არა მოძღვარს. ამ შემთხვევაში არ არის ლაპარაკი იმ სფეროზე, რომელშიც პროფესიული ცოდნის, გამოცდილების გამო შესაძლოა ფსიქოლოგი უფრო კარგად ერკვეოდეს, ვიდრე ზოგიერთი სასულიერო პირი; აქ სხვა რამეშია საქმე, ხანდახან მას რასაც ვერ იღებენ მოძღვრისგან, ისწრაფვიან მოიპოვონ სხვა დარგის სპეციალისტისგან. არცთუ იშვიათად იმ სითბოს, ყურადღებას, რასაც ვერ გრძნობენ სასულიერო პირთან, სწორედ ფსიქოლოგისგან ღებულობენ, იგი საშუალებას აძლევს გაცილებით მეტად, ხანგრძლივად ილაპარაკონ თავისი განცდების, პრობლემების შესახებ, აღწერონ თავიანთი სატკივარი, ვიდრე ამას ზოგიერთი მღვდელი აკეთებს. პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება აუცილებლად გულისხმობს ამ მომენტს. ასევე ფსიქოლოგიური მუშაობისას წინ არის წამოწეული ის მხარე, რომ იქნას მაქსიმალური ტაქტი გამოჩენილი ადამიანთან ურთიერთობისას, ეს კი ხშირად, უნდა ითქვას, სულაც არ შეიმჩნევა მოძღვრებს და მათთან მიმსვლელებს შორის დამოკიდებულებისას. ზოგჯერ შთაბეჭდილება ისეთი იქმნება, რომ ფიგურირებს აზრი, რახან სასულიერო პირია, ამიტომ ბევრის უფლება შეიძლება მისცეს საკუთარ თავს - აქ არ არის ლაპარაკი სიმკაცრეზე, რაც ზოგჯერ აუცილებელია გამოჩენილ იქნას მოძღვრის მხრიდან, არამედ იმ ფორმის შერჩევაზე, ტაქტზე, როგორადაც უნდა იქნას ეს გამოვლენილი. და საბოლოოდ რას ვიღებთ - ერთი მხრივ, სასულიერო პირი - რა თქმა უნდა, არა ყველა - კაცი, რომელსაც სულ სადღაც ეჩქარება, მოუცლელია, დროის დეფიციტის გამო ზღუდავს ურთიერთობას მრევლთან, თუ დაელაპარაკები, ისიც მეტად მცირე ხნით, ნაკლებ ყურადღებიანი, თბილი, ტაქტიანი - თუ უხეში არა, თან თავისი სხვა სისუსტეებით და ნაკლოვანებებით და მეორე მხრივ, ფსიქოლოგი, რომელიც თუნდაც თავისი პროფესიონალური ჩვევებიდან გამომდინარე, არის თბილი, ალერსიანი, ყურადღებიანი, ცდილობს თუ შინაგანად არა, გარეგნულად მაინც თანაგიგრძნოს, გაითავისოს შენი ტკივილი. შესაძლებელია ეს ყველაფერი ყალბი, გათამაშებული, ხელოვნურობის ნიშნით აღბეჭდილი იყოს, მაგრამ იგი მაინც სახეზეა და ერთგვარი სიამოვნების განცდას იწვევს კაცთან.

გასაგებია, რომ მეტად მძიმეა მღვდელის სატარებელი ჯვარი, არ არსებობს ამქვეყნად უფრო რთული მისია, ვიდრე მათ აქვთ, რამდენი ადამიანი აბარიათ, უნდა დაეხმარონ, მივიდნენ ღმერთთან, ღირსეულად გაუძლონ გასაჭირს, გაუმკლავდნენ თავის პრობლემებს, საჭიროა ამა თუ იმ რჩევის მიცემა ცხოვრების სხვადასხვა ურთულეს სიტუაციაში, მართლაც რამდენ ერთს შეიძლება გასწვდე, გაუწოდო დახმარების ხელი, ამასთან იქ პანაშვიდია გადასახდელი, წესი ასაგები, კიდევ სხვა ბევრი საზრუნავი აქვს წუთისოფელს, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს სასულიერო პირს. მან ისე უნდა გაანაწილოს დრო, რომ ყველაფერი მოასწროს, ამასთან, ჯერ მთავარზე - ადამიანის სულიერ აღზრდაზე, განვითარებაზე გაამახვილოს ყურადღება და შემდეგ უკვე სხვა საკითხებით დაკავდეს. არ შეიძლება იგრძნობოდეს გულგრილობა, უყურადღებობა სასულიერო პირის მხრიდან, უფრო სხვა მხარის წინ წამოწევა, ვიდრე ადამიანისადმი დახმარებაა. თუ ეს ასეა, შესაძლოა გაჩნდეს ტენდენცია მოძღვრის ფსიქოლოგით შეცვლის, ამ უკანასაკნელს უკეთეს შემთხვევაში მოღვაწეობის თავის სფერო აქვს, სადაც სულაც არ უწევს კონკურენციას მღვდელს, იგი მის დამხმარესავით გამოდის, რომელიც ასევე ცდილობს დაეხმაროს ხალხს, შეეშველოს თავისი პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ ის ბუნებრივია, ვერ შეცვლის მღვდელს.

აღსარებასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც აუცილებელია, გაესვას ხაზი. ზოგჯერ ფიგურირებს ასეთი აზრი, რა საჭიროა სასულიერო პირი, მასთან ცოდვების მონანიება, მის გარეშეც ხომ შეიძლება გაკეთდეს ეს. უფალს თავად მივმართავ ამისთვის და შუამავალი სულაც არ მჭირდება. თუ სინანულს განვიცდი, ვთხოვ ღმერთს ცოდვების, შეცდომების მოტევებას, განა იგი საკმარისი არ არის მისთვის. ასეთი მიდგომა არასწორია და მცდარი. ღვთისათვის თავისთავად სათნოა ჩვენი სინანული, მაგრამ იმისთვის რომ ამ სინანულმა საბოლოო შედეგი გამოიღოს, მოხდეს ჩვენთვის ცოდვების მიტევება, მათგან განწმენდა, აუცილებელია სასულიერო პირთან აღსარების დროსაც ითქვას ეს. სახარებაში ვკითხულობთ: მიმართა მაცხოვარმა მოციქულებს: „ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ“ (იოანე 20,22-23). იგივე უნარი აქვთ მომადლებული სასულიერო პირებს და არაფრით არ შეიძლება ამის გაუბრალოება, არშეფასება. თავად სულიერ ცხოვრებაზე დაკვირვებაც ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დიდი განსხვავებაა ცოდვების ჩვენთვის მონანიებასა და მღვდელთან მათ აღნიშვნას შორის. მარტოოდენ აღსარების შემდეგ დგება ხოლმე გარდატეხის მომენტი და შეგრძნებაა მძიმე ტვირთისგან, ბორკილებისგან განთავისუფლების, მტანჯველური განცდების გაქრობის თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შესამჩნევად შესუსტების, შემცირების მაინც. თუ სინანულის საიდუმლოს აღსრულებას ადგილი არა აქვს, უმთავრესად განცდაა დაუსრულებლობის, იმ შედეგის არმოტანის, რასაც მოველოდით სინანულის გრძნობის გამო. შეიძლება დღეები, კვირეები, წლებიც კი გავიდეს და ისევ ისე მძაფრად დარჩეს დიდი ტკივილი ჩადენილი ცოდვების, შეცდომების გამო. მართალია აღსარების შემდეგაც ხშირად არ გვავიწყდება ჩადენილი ცოდვები, ერთგვარი ტკივილი, სინანული მაინც რჩება მათთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მაინც ვერ შეედრება იმ მდგომარეობას, რაც სინანულის საიდუმლოს აღსრულებამდე ჰქონდა კაცს.

გამოსაყოფია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საკმაოდ მწვავედ დგას დღეს ეკლესიის წინაშე აღსარების საიდუმლოსთან დაკავშირებით. ახლა არცთუ იშვიათად ვხვდებით სხვადასხვა სახის ბროშურებს, წიგნებს, სადაც ცოდვათა დიდი ნუსხაა ჩამოწერილი თუ რა უნდა მოინანიოს ადამიანმა, რას უნდა მოერიდოს განსაკუთრებით. უნდა ითქვას, ასეთი სახის ლიტერატურის გაცნობა ზოგჯერ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებს კაცთან, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც ეკლესიაში ახლადმისულია. მათ ხშირად უჩნდებლათ განცდა თუ ამდენი რამ არის ცოდვა და ასე მოეთხოვებათ თავის შეკავება, შეძლებენ კი ისინი ამას ყველაფერს, გააკონტროლებენ კი შესაბამისად საკუთარ თავს, თავიდანვე განწირული ხომ არ არის მათი მცდელობა, იცხოვრონ ჭეშმარიტად ქრისტიანულად. ბევრი ეკლესიური ცხოვრების ახლადდამწყებისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება განთავისუფლდნენ ბროშურებში დასახელებული ისეთი ცოდვებისგან, როგორიც არის, ვთქვათ: ცეკვა, სილაღე-გალანდაზღარება, სახის მართვა, კიდევ მრავალი სხვა, როგორ უნდა აიძულონ თავი და როდესღაც მაინც არ შესცოდონ ამით. ხომ არ დაემსგავსება ჩვენი ცხოვრება უსიხარულო, მრავალი სიამოვნებისგან გაქცევის ყოფას, ფიქრობენ ასე, სულ დაძაბულს და საშიშროების მოლოდინით აღსავსეს. ასეთ დროს ხშირად არ ხდება იმის ახსნა, რომ ზოგიერთი იმ ცოდვისგან თავის შეკავება, რომელიც ამგვარი სახის ბროშურებშია მოცემული, ეს ბერებს, მონაზვნებს მოეთხოვებათ მკაცრად, ხოლო მართლმადიდებლური ცხოვრების დამწყებთათვის კი უფრო სხვა სახის ამოცანა დგას წინ. ეკლესიაში ახლადმისულებს არ მოეთხოვებათ და ისინი ვერც შეძლებენ ყველაფერი იმის მიღწევას, რაც ასეთი სახის ბროშურებშია მოცემული, ამას სულიერების ზრდასთან, საკუთარი თავის სრულყოფასთან ერთად თუ მოახერხებენ თანდათანობით, ბევრი იქ ჩამოთვლილი ცოდვისგან თავის დაღწევას, ეს კი თავიდანვე უნდა იქნას ახსნილი, რათა ზედმეტად არ დაბრკოლდნენ ამის გამო.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი უწმინდესი ალექსი II წერს: „ჩვენ დროში, როცა ყველაფერი დაშვებულია, ბევრი ბროშურა გამოდის „აღსარების წესისამებრ ჩაბარების“ „აღსარების საიდუმლოს“ და მათი მსგავსი ტიპის. მრავალი მათგანი ჩვენი კურთხევის გარეშეა გამოსული, თუმცაღა პირველ გვერდზე წერია, რომ იგი უწმინდესი პატრიარქის ალექსის ლოცვა-კურთხევით არის დაბეჭდილი. იქ შეიძლება შეხვდე მოძღვრის კითხვებს ან აღსარების ნიმუშს ყველა ცოდვასთან დაკავშირებით, აზრებით დაწყებული, სისხლის სამართლის დანაშაულით დამთავრებული. ერთ-ერთი მაგალითი ასეთი ბროშურების ტექსტისა: შესაძლებელია შევხვდეთ ვთქვათ, ასეთი ცოდვის გახსენებას: ბევრ დროს ვუთმობდი თეთრეულის არასაჭირო რეცხვას, და ამას სთავაზობენ აღსარებისთვის მოსამზადებლად ერში მცხოვრებ ადამიანს, ქალს, დიასახლისს. რა უსაქმოდ უნდა იყოს და იაროს დასვრილმა, განა ეს იქნებოდა ცხოვრების ქრისტიანული წესის გამოხატულება? ყველას ხომ არა აქვს დღეს შესაძლებლობა შეიძინოს იმპორტული ავტომატური სარეცხი მანქანა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი, ძირითადად მღვდელმონაზვნები, თვლიან რა რომ ასეთი სახის ბროშურებით მომზადებული აღსარება ღრმა და ამომწურავია, აქტიურად იყენებენ მათ სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას, ამასთან, არ ითვალისწინებენ ასაკს, სქესს, ადამიანის მდგომარეობას საზოგადოებაში.

...ნათელია, რომ თანამედროვე კაცისთვის ყველაზე მისაღები აღსარების მომზადებაა მოსეს ათი მცნების მიხედვით, მათი ქრისტიანული განმარტების მიხედვით, ამასთან სწორედ მას, ვინც აღსარებას ამბობს, უნდა განეკუთვნოს აქტიური და არა პასიური როლი, პირველ რიგში, უნდა აღნიშნოს იმის შესახებ, რაზეც ქენჯნის სინდისი, ხოლო კითხვები კი დამატებით აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას დასმული, როგორც მინიშნება დავიწყებულის შესახებ. მორწმუნეებს უნდა ავუხსნათ, რომ აღსარების დროს მთავარი სიტყვები კი არ არის, არამედ საკუთარი ცოდვილობის გაცნობიერება, ღმერთთან ცოდვების გამო დაშორება, სურვილი მასთან დაბრუნების, ამასთან, მინდომებაც, არ გავიმეოროთ იგივე შემდგომში“.

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი კითხვაზე: თუ რამდენად სასარგებლოა ან ზიანის მომტანი, აღსარებისთვის მოსამზადებლად, მართლმადიდებელ მრევლში გავრცელებული ბროშურები მათში ჩამოთვლილი სხვადასხვა ცოდვებით, რომელთა რიცხვიც ზოგჯერ შეიძლება ორი ათასს აღწევდეს და იქ ისეთი გადახრებზეც კია საუბარი, რის შესახებაც ზოგიერთ ეკლესიაში მოსიარულეს შესაძლოა არც არაფერი სმენია - პასუხობს: „მე ღრმად ვარ დარწმუნებული და გარკვევით მინდა ვთქვა, რომ დახმარების ასეთი საშუალება ზიანის მომტანია. აღსარებისთვის მზადების დროს სულ სხვა მიდგომაა საჭირო და არა ეს. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ არავის ძალუძს წაიკითხოს ორი ათასამდე ცოდვის დასახელება და გაერკვას თუ აქედან რომელი უნდა მიაკუთვნოს საკუთარ თავს., რუსეთიდან ჩამოსულთა ნაწილი მოდის ჩემთან აღსარებისთვის ცოდვათა სიით და იწყებენ მის კითხვას. მე ვაჩერებ და ვეკითხები - ესმის თუ არა მას ამა თუ იმ ცოდვის მნიშვნელობა? - არა - მპასუხობენ ისინი, მაგრამ რადგანაც ცოდვილი ვარ და ეს ცოდვა კი სიაშია, ამიტომაც ვამბობ კიდევაც მასზე... ასეთი რამ აღსარების დამახინჯებაა, შეურაცხყოფაა სინანულის საიდუმლოსი, დამცირება მისი.

ადამიანმა უპირველეს ყოვლისა უნდა მოინანიოს საკუთარი ცოდვები, მაგრამ ამასთან, უნდა ისწავლოს კიდეც თანდათანობით მეტად კარგად გაერკვას თავის სულიერ მდგომარეობებში, შეაფასოს საკუთარი ქმედებები, ისაუბროს მათ შესახებ აღსარების დროს. მაგრამ მოინანიოს ცოდვები, რომელიც ოდესღაც იქნა დაწერილი მოცლილი ბერების მიერ და შევიდა სრულიად უაზროდ სიაში, ეს კაცს კარგს არაფერს მოუტანს. უნდა პრინციპივით გამოიყოს ის, რომ ადამიანმა მოინანიოს საკუთარი ცოდვები, მაგრამ ისინი, რომელსაც აცნობიერებს, შემდეგ კი როცა მომწიფდება სულიერად, იგი სხვა თავის ცოდვებსაც დაინახავს, შეექმნება საფუძველი მათი მონანიების.

აღსარება, სულის განწმენდა ისე უნდა ხდებოდეს, როგორც ამას არქეოლოგიური გათხრების დროს აქვს ადგილი. რომელიღაც ტერიტორიაზე იციან, რომ ადრე აქ ქალაქი იყო. იკრიბება ხალხი და იწყება მიწის პირველი ფენის მოშორება. ჩნდება შენობის სახურავი, ტაძრის, სახლის ან რომელიღაც საკერპესი. ამ დროს უკვე რაღაც ჩანს. შემდეგ კი იმისდა მიხედვით თუ როგორ გავასუფთავებთ ფართობს მიწისგან და კიდევ სხვა ფენებისგან, სულ უფრო და უფრო მეტი გამოჩნდება, საშუალება მოგვეცემა მეტი შევიმეცნოთ. აღსარების შემთხვევაშიც იგივეს უნდა ჰქონდეს ადგილი. საჭიროა დავიწყოთ იმით, სულის იმ ფენას ჩავუკვირდეთ, რომელსაც კარგად ვხედავთ, ვიგებთ, რაზეც გვაქვს ნათელი წარმოდგენა, უფალთან სწორედ ამით უნდა წარვდგეთ მადლიერების გრძნობით მონანიებისას. მას შემდეგ კი, რაც ამ ფენისგან განვიწმინდებით, უკვე შემდეგი ეტაპი დაიწყება, გამოიკვეთება სხვა შრე და შემდგომ ასე უნდა ჩავიდეთ სულის ყველაზე ღრმა ფენებამდე, ხოლო ველოდოთ მას, რომ კაცს შეუძლია მოინანიოს ღრმად ის ცოდვები, რომლებზეც თავისი სულიერი გამოცდილებით წარმოდგენაც კი არ აქვს, მარტოოდენ იმის გამო, რომ ისინი სიაშია, უაზრობად მოჩანს“.

ზემოთქმული როდი ნიშნავს, რომ საერთოდ უარვყოთ იმ წიგნების, ბროშურების მნიშვნელობა, სადაც სხვადასხვა სახის ცოდვებია ჩამოწერილი. ცალკეულ შემთხვევაში მათ დადებითი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლიათ კაცზე. შეიძლება გაახსენონ მას ესა თუ ის ჩადენილი, მივიწყებული ცოდვა, მიანიშნონ იმაზე, რომ ადრე რაც შეცდომით დიდად არაფრად მიაჩნდა, თურმე ცოდვა ყოფილა, უბიძგონ, სხვა თვალით შეხედოს თავის წარსულ ქმედებებს, ფიქრებს. ამასთან, ამ სახის ბროშურების შესაძლო უარყოფითი მხარეების გამოყოფაც არის საჭირო, მხოლოდ მათით ხელმძღვანელობა და მათზე ძირითადი აქცენტის გაკეთება დაუშვებელია, ამან ადვილი შესაძლებელია გამოიწვიოს სინანულის საიდუმლოს ერთგვარი დაკნინება, გაუბრალოება.

როცა საკუთარი ცოდვების, შეცდომების გახსენებაზე, გაცნობიერებაზეა საუბარი, აქ აუცილებელია გამოიყოს სულიერი ცხოვრების ერთი მეტად საინტერესო კანონზომიერება, ადამიანი უცბად კი ვერ ამჩნევს ყველა თავის ცოდვას, არასწორ ნაბიჯს, არამედ თანდათანობით ხედავს, იაზრებს მას. ერთბაშად რომ ხვდებოდეს მთელი ჩვენი ნაკლოვანი ბუნების გაშუქება, წინ წამოიწევა, მეტად ძნელი გადასატანი იქნება ეს კაცისთვის, დათრგუნავდა მას, ამიტომაც უფალი უშვებს, რომ დროთა განმავლობაში თანდათანობით მიგვანიშნოს ჩვენი არსების იმ ნაკლოვანი, სუსტი მხარეების შესახებ, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარი მინიშნება უფლის დიდი წყალობის გამოვლენაა და მას დამსახურება სჭირდება სულიერი ცხოვრებისკენ სწრაფვით: მამა იოსებ ათონელი ღვთაებრივი მადლის კაცზე ზემოქმედების რამდენიმე სახეს გამოყოფს, პირველი მათ შორის კი ჩვენს სულიერ განწმენდაში ვლინდება. მადლის ამგვარი მოქმედება უბიძგებს კაცს სინანულისკენ, ის ფარულად აკეთებს ყველაფერს და მონანულს ეხმარება განიწმინდოს ცოდვებისგან, იმყოფებოდეს ღვთისთვის სათნო მდგომარეობაში... თუ არა მცდელობა, მონდომება, ვიცხოვროთ უფლისთვის სათნოდ, დავიცვათ მისი მცნებები, წესები იმოქმედებს კი ეს მადლი ჩვენზე, იგი მარტოოდენ მასთან ივანებს, ვინც იმსახურებს ამას.

სულიერების მეტად მაღალ დონეზე დიდ მართლმადიდებელ მოღვაწეებთან ვხვდებით უფლისგან მომადლებულ საოცარ უნარს, მეტად კარგად დაინახონ, ჩაწვდნენ დაცემული ადამიანური ბუნების ამა თუ იმ მხარეს, შეამჩნიონ ესა თუ ის ნაკლოვანება. ეკლესიურ ლიტერატურაში მრავლად არის აღწერილი შემთხვევები, როცა ასეთი გაქანების მოღვაწენი სულიწმინდის მადლის შემწეობით სხვის უთქმელად ხვდებოდნენ მიმსვლელის აზრებს, ჩადენილ ცოდვებს, ხედავდნენ მის სხვადასხვა ნაკლოვან მხარეებს. გამოცდილ მართლმდიდებელ მამათა მიხედვით ეს სულაც არ არის ადვილი გადასატანი და მან დიდი ტანჯვაც კი შეიძლება მიაყენოს კაცს. არადა, თითქოს რა უნდა იყოს აქ მძიმე, დამთრგუნველი, ერთი შეხედვით განა დიდი პატივი არ არის, მოგმადლოს უფალმა ასეთი უნარი, მეტად კარგად განჭვრიტო სხვისი ბუნება, ჩაწვდე მის არსს, განა სიამოვნებლის მომნიჭებელი არ უნდა იყოს იგი, მაგრამ თუ სხვა თვალითაც შევხედავთ ამას ყველაფერს, მივხვდებით, თუ რა მძიმე ჯვარის ზიდვის გამოხატულებაა ეს. აბა, წარმოვიდგინოთ, მოდის ადამიანი და ხედავ მის სხვადასხვა ცოდვას, ნაკლოვან მხარეებს, ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს, ჭვრეტ რა დანაშაული ჩაუდენია მას, ადვილია, შეხება გქონდეს სხვისი ცხოვრების ასეთ უსიამოვნო მომენტებთან, როგორი დამთრგუნველი, ძნელად გადასატანი შეიძლება აღმოჩნდეს ის. მართლაც დიდი სულიერი ძალაა საჭირო გადაიტანო ეს.

შინაარსობრივად ნათქვამი შეიძლება გარკვეულწილად საკუთარი ბუნების შემეცნებასაც დავუკავშიროთ. უცბად რომ დაენახა თავის არსების ყველა ნაკლოვანი მხარე, სუსტი წერტილები, ალბათ ძალიან ძნელი გადასატანი იქნებოდა ეს კაცისთვის, ამას შეიძლება მეტად დაერთგუნა იგი, ვერ გაეძლო ამგვარი წნეხისთვის, თან უნდა ვიფიქროთ, მეტად გაუჭირდებოდა მრავალი მიმართულებით საკუთარი ბუნების გამოსწორებისკენ სწრაფვაც. ამიტომაც უფალი უშვებს, რომ თანდათანობით მოხდეს ჩვენი არსების ამა თუ იმ სუსტი მხარის გამომზეურება და სწორედ ამგვარი უფლისმიერი რიტმის აყოლაა ჩვენთვის საჭირო. მაშინ უნდა ვიფიქროთ, მეტად კეთილსახოვანი პირობები შეიქმნებოდა სინანულის საიდუმლოს რაც შეიძლება ნაყოფიერად აღსრულებისთვის, გაცილებით დიდი იქნებოდა ამ დროს მოტანილი შედეგი.

როგორც უკვე ითქვა, ჩვენი ცოდვების, შეცდომების დანახვა, ეს უფლის დიდი წყალობის გამოვლენაა და კარგად უნდა გავითავისოთ იგი. ამაზე მიუთითებს თუნდაც სულიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე - ამა თუ იმ ლოცვის დაწყება. იწყებ, დავუშვათ, იესოს ლოცვას და ზოგჯერ ამ დროს საკუთარი ისეთი დაშვებული შეცდომები, არასწორი ქმედებები, ცოდვები გიტივტივდება ცნობიერებაში, რასაც ადგილი არ ექნებოდა, ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას რომ არ ჰქონოდა ადგილი. ლოცვით მოხვეჭილი მადლის შემწეობით ხდება ეს, უფალი მიგვანიშნებს თუ რაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვისწრაფოთ რისი გამოსწორებისკენ. ამასთან უნდა ითქვას, როცა ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით დიდ სულიერებას აღწევს, ის საკუთარ თავში კაცური ბუნებისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებებს ამჩნევს, ჭვრეტს, ჩვეულებრივი კაცი მას რომ ვერ დაინახავდა, ხშირად ვერც კი წარმოიდგენდა ამას. ასეთი ხედვის გამოვლენის მაგალითია ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრის სულიერი შვილის აღსარებაც, რომელშიც ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინოს ყველამ საერთო. იგი ამბობს: „ყურადღებით ვსწავლობდი რა ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სრულიად არ მიყვარს ღმერთი. ვინც მიყვარს იმის სიყვარულს გულით ვატარებ და მის სახელს ტკბილად ვიხსენებ; ვინც მიყვარს ის ყოველთვის მახსოვს და ვფიქრობ მასზე. მაგრამ ბევრს ვფიქრობ კი მე ღმერთზე? ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება წარმავალს, ამქვეყნიურ ამაოებას და ცოდვებს. დღეღამეში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ერთ სათს თუ დავუთმობ ხოლმე ფიქრებს ღმერთზე. როდესაღ მასზე ვფიქრობ, ამას უხალისოდ და იძულებით ვაკეთებ; მაგრამ თუ ამ დროს ვინმე ახალ ამბავს მომიტანს, მაშინვე ხარბად ვიწოვ თითოეულ სიტყვას. როცა სახარებას და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ, მაშინვე მავიწყდება წაკითხული; ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს!

ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბარიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და მისი რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ის და ყოველდღიური საქმეების კეთებით დავკავდე. საბაბსაც ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომაც მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სურვილი მექნებოდა ყოველთვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე.

ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში უფლის ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს, თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ, ლოცვის დამთავრების შემდეგ, იმასაც ვერ ვხვდები, დილის ლოცვები წავიკითხე, თუ საღამოსი. თვით ლოცვისთვის განკუთვნილ დროსაც კი არ ვუძღვნი ღმერთს.

თუ ვინმე გვიყვარს, მის ნება-სურვილს სიამოვნებით ვასრულებთ. უფალმა თქვა: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს ასრულებს“. მე რომ ღმერთი მყვარებოდა, მის მცნებებს, ზეპირად ვისწავლიდი და შევეცდებოდი შემესრულებინა ისინი. ახლა კი რომ მკითხო, ღვთის მცნებები რომელიაო, ვერაფერს გიპასუხებთ, ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს. როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, ვიმოქმედო ღვთის ნების მიხედვით თუ ჩემი ავხორცი გულისთქმებით, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ცოდვების მიხედვით ვმოქმედებ. მაშასადამე, მე ღმერთი არ მიყვარს.

რაც შეეხება ადამიანის სიყვარულს, ვსწავლობდი რა საკუთარ თავს და ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ ჩემს გარდა, არავინ მიყვარს. როდესაც ადამიანი გვიყვარს, მასში მხოლოდ სიკეთეს ვხედავთ. მე კი ადამიანებში ვხედავ ცუდს, ბოროტებას, ვხედავ მათ ცოდვებს, მარტო საკუთარ თავში ვამჩნევ ღირსებას და სიკეთეს, ესე იგი, მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, იმის საქციელს ვამართლებთ; მე კი პირიქით, განვიკითხავ ჩემს გარშემო ყველას, როგორც უღირსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, მათ ხალისით ვპატიობთ; მე კი წყენას დიდხანს ვერ ვივიწყებ. შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში არანაირი სიყვარული არ არის. წმინდა წერილში ნათქვამია: „გიხაროგდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან (რომ.12,15). მაგრამ მე, ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება; მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელს ვხედავ ჩემს თავში; ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია. ამიტომ მე მივხვდი, რომ ადამიანები არ მიყვარს; ჩემში არაფერია წმინდა, ჩემი რწმენა მხოლოდ გარეგნულია.

მე რომ მჯეროდეს სახარების სიტყვების, ძრწოლით ვიფიქრებდი ჯოჯოხეთზე, ვიბრძოლებდი ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის, ჩემს გაყინულ გულს კი სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე ფიქრი არ ეკარება. მე ვხედავ, როგორ კვდებიან ჩემ გარშემო ადამიანები, მაგრამ თავად ისე ვცხოვრობ, თითქოს მუდამ ვიქნები აქ, ესე იგი, მე ურწმუნო ვარ, ესე იგი, მე არ მეშინია უფლის. ბნელი ძალებიც კი, ღვთის მოძულე ძალები ჯოჯოხეთისა, სახარების სიტყვებით ძრწიან ღვთის წინაშე; მე კი ეს შიშიც არ გამაჩნია, ის შიში, რომელიც ეშმაკს აქვს!..

მე არ მაღელვებს ღვთის გაფრთხილება, მსოფლიოს და მე წინასწარმეტყველთა პირით რომ მოგვმართავს უფალი. სრულიად უგრძნობი ვარ მის მიმართ. თავი მორწმუნე მგონია, მაგრამ ვცხოვრობ ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; უფრო მეტიც, როდესაც ცოდვის ჩადენა მწყურია და სინდისი მამხელს, ვცდილობ ჩავკლა იგი, ჩავახშო საკუთარი სინდისის ხმა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ღმერთი საერთოდ არ ყოფილიყო. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მე შინაგანად ღვთის მკვლელი ვარ.

მე არ მწამს ღმერთი და არ მიყვარს იგი. წირვაზე დგომის იმ უწმინდეს წუთებში, როცა სულიწმიდის მადლი მოიცავს ხოლმე ტაძარში მდგომთ, ვხედავ, რომ ამ თვით ანგელოზთათვის საშინელ დროსაც კი მე გართული ვარ მანკიერი, ბინძური გულისთქმებით, მოგონებებით. ტაძარში ყოფნისას საღორედ ვაქცევ ჩემს გულს და ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ არაფერი მწამს წმინდა.

მე სავსე ვარ ამპარტავნებით. გულში ჩემ გარშემო მყოფებზე ყველაზე მაღლა ვაყენებ თავს, რჩეული მგონია იგი და ჩემგან კერპი შევქმენი, მხოლოდ მას ვცემ თაყვანს. იმისთვის კი არ ვკითხულობ წმინდა წერილს და წმინდა მამათა შრომებს, რომ აღვასრულო ისინი, არამედ მისთვის, რომ წმინდა წიგნების შესახებ საუბარისას, თავი გამოვიჩინო ადამიანთა წინაშე; ხოლო თუ ერის კაცს შევხვდი, მეშინია განვაცხადო, რომ მორწმუნე ვარ, რათა არ დამცინოს და ფანატიკოსი არ მიწოდოს სხვამ. ერის კაცთა წინაშე პირჯვრის გამოსახვისაც კი მრცხვენია, რომლითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვარ კაცი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს, სძულს ადამიანები, არა სწამს სიწმინდის და აღსავსეა სატანური ამპარტავნებით“.

ბერის მონათხრობით კარგად ჩანს, თუ როგორი ცოდვილია ადამიანის ბუნება, რამდენი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ამისთვის კი აუცილებელია სინანულის საიდუმლო. იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული საიდუმლოა და საოცრად დიდი შედეგის მომტანია ჩვენთვის. მარტოოდენ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი გარდავქმნათ საკუთარი ბუნება, მოგვეტევოს ცოდვები, განვთავისუფლდეთ ამა თუ იმ ნაკლოვანებისაგან. იმდენად დიდია ამ ქრისტიანული საიდუმლოს მნიშვნელობა კაცისთვის, რომ რამდენიც არ უნდა წერო, მაინც ვერ დააფასებ მას სათანადოდ, შესაბამისად ვერ აღწერ მის მიერ მოტანილ სარგებლობასაც ჩვენთვის. მართლაც უფლის დიდი წყალობის გამოვლენაა, რომ არსებობს იგი.