წარმოდგენილი გულსაკიდი ჯვრების შინაარსობრივი არსი და
ნაკეთობისათვის გამოყენებული ბზის მასალის ანოტაცია

ნაკეთობის სახეობა – ჯვარი

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საწყისი პერიოდიდანვე ჯვრის სამი სახე დამკვიდრებულა: ანდრია პირველწოდებულის მიერ მოტანილი ჯვარი, ჯვარი ვაზისა, რომლის სახე ანუ „ხატი ჯვრისა“ ღმრთისმშობელმა გადასცა წმ. ნინოს და ბოლნური ჯვარი ანუ წრეში ჩახატული ტოლმკლავებიანი ჯვარი(ჯვარი მედალიონში). არსით ყოველი ერთია, ფორმით კი სხვადასხვა. სახვადასხვაგვარია მათი სახისმეტყველებითი მნიშვნელობებიც.

ჯვარი უნივერსალური სიმბოლური ფორმაა, რომელიც გამოხატავს ყოფიერებაში ღვთიურობის ყოველმხრივ განფენას: ვერტიკალურად ზეცისაკენ და ჰორიზონტალურად სივრცეში. მათი გადაკვეთით ჯვარი ქმნის ღვთაებრივ ცენტრს. კოსმიური გააზრებით ეს არის ღვთაებრივი წერტილი, საყრდენი სამყაროს მთლიანობისა, ხოლო პიროვნული გაგებით იგულისხმება გული ადამიანისა, ვითარცა ცენტრი პიროვნების სულიერ-ხორციელი მთლიანობისა. წრეში ჩახატული ჯვარი კი გამოხატავს სამყაროს მთლიანობას, მის დანაწილებასა და მისსავე ცენტრს. სამყაროს მთლიანობას (წრეს) განმსჭვალავს ჯვარსახოვანი სულიერებით.

ყველაფრის საფუძველია ჯვრის ქრისტოლოგიური შინაარსი. ვნების ჯვარი გამოხატავს მაცხოვარს, რომელიც იქმნა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. ამიტომ ის შეიძლება იყოს ძლევის ჯვარი, ძლევით შემოსილი ჯვარი, „იესო ქრისტეს ძლევაი“ (სწორედ ასე აწერია პეტრიწონის ღმრთისმშობლის ტაძრის გუმბათის ჯვარს).

ჯვარი ვაზისა სიმბოლოა ქრისტიანული საქართველოსი და მასში იგულისხმება კავშირი ჯვრისა და ვაზისა. ხოლო წრეში ჩახატული ჯვარი გულისხმობს მაცხოვრის ამაღლებას და სწორედ ამიტომაა ასეთი ჯვარი გამოსახული ამაღლების კომპოზიციებზე, მაგ.: მცხეთის- ჯვრის ბარელიეფზე. წრეში ჩახაზული ჯვარი გავრცელებული იყო ბიზანტიურ სამყაროში, კოპტურ ბარელიეფზე, კაბადოკიაში და მალტის ჯვრის სახელწოდებითაცაა ცნობილი. ფართოდაა იგი გავრცელებული საქართველოში: შიდა ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში, მაგრამ განსაკუთრებით – ქვემო ქართლში, სადაც იგი წარმოდგენილია ქრისტიანობის უძველესი ხანიდანვე მეტად მრავალგვარი სახისმეტყველებითი ფორმით. ჯვარი მედალიონში გვხვდება ბოლნისის სიონის აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდის სარკმელის თავზე, ბოლნისის სიონისავე ჩრდილო კედელზე, იმ წარწერის მაღლა რომელიც უძველესად ითვლება, გვხვდება ინტერიერშიდაც, სხვა ტაძრებში კი გუმბათშიცაა. ამას ემატება ქვემო ქართლის ქვასვეტები და ქვაჯვრები.

ჯვარი მედალიონში მაცხოვრის ამაღლებას გამოხატავს და ესაა მისი მთავარი წართქმითი (ანუ დადებითი) სახისმეტყველებითი შინაარსი. მაგრამ, ამასთანავე, იგი გულისხმობს „უკუთქმით“ (ანუ უარსაყოფელ) აზრსაც, კერძოდ, ხილული მზის ღვთაებრიობის დესაკრალიზებას და დაძლევას, ე. ი. მისთვის არამითოსური სიმბოლოს მნიშვნელობის მინიჭებას. მითოსში ტოლფერდა ჯვარი ან ბორჯღალი მზე - ღვთაების სიმბოლო იყო. ამ აზრით გამოსახავდნენ მათ დედაბოძებზე. ბოლნური ჯვარი ასეთი წარმოდგენების უბრალო განვითარება კი არ არის, არამედ მათი არსის უარყოფაა, ფორმის შენარჩუნებით, რათა ხილული მზე ან მისი ხატება იქცეს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლოდ უხილავი სულიერი მზისა, ე.ი. იქცევა მის ეიკონურ განსახოვნებად. ამ იდეის განვითარება ჩანს გელათის აკადემიის ემბლემაში, სადაც წარმოდგენილია გადაშლილ წიგნში ჩახაზული ყვავილოვანი წრე – მზე, სიმბოლო სულიერი ნათლისა, გამომხატველი სულიერად ამაღლებული სიბრძნისა. ბოლნური ჯვარი ადამიანის სულიერი ამაღლების სიმბოლოცაა. ჯვრის ეს ფორმა „წმ. ნინოს ცხოვრებაში“ უშუალოდ არა ჩანს, მაგრამ ჩანს ჯვრის სულიერად ამამაღლებელი ძალა.

წმ. ნინოს ჯვარი, წმინდა ნინოს თმებითვეა შეკრული და ამჟამად ინახება სიონის საკათედრო ტაძარში. ამ ჯვარში სიმბოლურად შეიძლება დავინახოთ წმინდა სამებაც და სამების ერთარსებაც, თუკი მას სამმზეობით გავიაზრებთ(„სამმზეობა“ კი წმ. სამების ცნობილი სიმბოლოა). ერთი „მზე“ იქნება თავად ჯვარი, სიმბოლურად „მზე სიმართლისა“. მეორეს მხრივ, სულიერი მზის სიმბოლო შეიძლება იყოს ვაზი. ასეა დემეტრე დამიანეს საგალობელში: „შენ ხარ ვენახი, ახლად აყვაყებული„. ესაა I სტრიქონი, ხოლო ბოლო მეხუთე სტრიქონია: „და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული“. ე.ი. ის, რაც სიმბოლურად ვაზია, სიმბოლურადვე მზეცაა. ვაზი ბრწყინავს მზის ბრწყინვალებით. მესამეს მხრივ, მზეა თმებია წმ. ნინოსი, რომლისაგანაც შეკრულია ჯვარი ვაზისა. თმები სულიერი მზის სიმბოლიკით შეიძლება გავიგოთ, თუ მათ გავიაზრებთ შარავანდედის სულიერი მზიურობით. წმ. ნინოს ვაზის ჯვარში ეს სამი ჯვარი ერთად სამმზეობაა და სამბრწყინვალება. დავით აღმაშენებელი წერს: „მარტიო, სრულო, სამმზეო, ერთცისკროვნებაო“. აქვე გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: „მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, და მამაი ჩემი მოქმედ არს“ (ი.15.1.). ახლა თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ვაზის ჯვარს მაყვლოვანში, რომელიც იქ წმ. ნინომ აღმართა, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ სიმბოლურად მაყვლოვანი ღმრთისმშობელია, ხოლო ჯვარი ვაზისა – იესო ქრისტე.

„წმ. ნინოს ცხოვრებაში“ აღწერილი მთებზე ჯვრების აღმართვა მოასწავებდა, რომ ეს მთები აღივსო სულიერი ნათლით.

ქრისტიანული მსოფლხედვით, ყველაფერი ჯვარსახოვანია, შეიძლება ითქვას ყველაფერშია ჯვარი, რადგან ჯვრის ვერტიკალი ღმრთისკენაა მიმართული, ხოლო ჰორიზონტალური ნაწილი ამქვეყნიური ყოფიერების სიმბოლოა. ჯვარი მათი გადაკვეთა. ყველა მოვლენაში სულიერ და ხორციელ რაობათა გადაკვეთაა. ასეა მეტნაკლებად ყველაფერში და განსაკუთრებით ადამიანში. ადამიანის რაობა ჯვარსახოვანია.

 

ნაკეთობის მასალა (მერქნის სახეობა)

მცენარეული გვარი „BUXUS“–ქართულად „ბზა“ წარმოდგენილია მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების სახით. მოიცავს 70-დე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონებში: ფილიპინების, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში.

საქართველოში ამ გვარის წარმომადგენლებიდან გვხვდება ერთადერთი ენდემური ჯიშის „კოლხური ბზა“ -„BUXUS COLXIKA“. იგი წარმოადგენს ბუჩქს ან 8-10 მეტრამდე სიმაღლის ხეს. გავრცელების არეალია დასავლეთ ამიერკავკასია, ძირითადად კოლხეთი და ლაზეთი.

ზრდის ტემპი ძალზედ დაბალია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობაა 5-6 საუკუნე. „კავკასიური ბზა“ (კოლხური ბზა) ცნობილია „კავკასიური პალმის“ ან „პალმის ხის“ სახელწოდებით მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს და კარგად პრიალდება. იგი ოდითგანვე გამოიყენებოდა სხვადასხვა ძვირფასი ნაკეთობების დასამზადებლად.

საქართველოში ბზის კორომები „ბზიანები“ შემორჩენილია აფხაზეთში, მდინარე ბზიფის ხეობასა და ტყვარჩელის მახლობლად, აგრეთვე საქართველოს სხვა ნაკრძალებში.

ამ სახეობის მერქნის უმაღლესმა ღირსებამ და ზრდის ძალზედ დაბალმა ტემპმა ხელი შეუწყო მისი მარაგის სწრაფ შემცირებას, რის გამოც იგი წითელ წიგნშია შეტანილი. (მ.სახოკია ქართული საბჭ. ენციკლობედია, ტომი II, 1977 წელი). გთხოვთ სათუთად მოეპყრათ ამ უნიკალურ სახეობას და გადაარჩინიოთ იგი გადაშენებისაგან.

ყურადსაღებია, რომ ეს მცენარე ქართულ შემეცნებაში საეკლესიო დატვირთვასაც იძენს, რაც გამოიხატება ბზობაში, ბაიობაში, მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულში.

მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაში ბზობის დღესასწაული ადრეულ საუკუნეებში შემოვიდა. მისი სახარებისეული შინაარსი გვამცნობს პასექის დღესასწაულზე იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას, როდესაც მაცხოვარს ღმრთისმორწმუნე ხალხი ზეიმით ეგებებოდა და თაყვანისცემის ნიშნად მისი სახედრის ფეხქვეშ თავის სამოსს ან პალმის ტოტებს-ბაიას უფენდა, თან ოსანას უგალობდნენ.

ამჟამად ბზობის დღესასწაულზე მღვდელთმსახურნი აღავლენენ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას და მლოცველების მიერ მიტანილ ბზის ტოტებს აკურთხებენ. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრად ბზა გამოიყენება (იხილეთ ზემოთ „კავკასიური პალმა“, „პალმის ხე“), რუსეთში ტირიფი და ა.შ.

 

ჯვრების გამოსახულებები იფარისა და ქორეთის ტაძრების კარებებზე