ათენის უნივერსიტეტის პროფესორის გრიგორიუს სტათისის შეხვედრა
საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის წევრებთან

2003 წლის 12 თებერვალი

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ამა წლის 12 თებერვალს, სიონის საკათედრო ტაძრის სამრევლო სკოლის შენობაში ათენის უნივერსიტეტის პროფესორი გრიგორიუს სტათისი საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის წევრებს შეხვდა. სხდომას, რომელსაც ალავერდის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) თავმჯდომარეობდა, ესწრებოდნენ პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, დეკანოზი ზურაბ ანთაძე, მღვდელი მიქაელ წულიკიძე, საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის წევრები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმასწავლებლები.

სხდომის დასაწყისშივე მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ ბატონი გრიგორიუსის სტუმრობა მან აღიქვა როგორც ბერძენი მეცნიერის საეკლესიო გალობის ცენტრთან თანამშრომლობის სურვილი და მოხარულია ამის გამო. მეუფე დავითმა სტუმარს გააცნო საეკლესიო გალობის ცენტრის შექმნის მთავარი მიზანი - მრავალი ათწლეულის განმავლობაში შევიწროვებული და დევნილი, ძირძველი ტრადიციების მქონე ქართული საეკლესიო გალობის აღდგენა, ამავდროულად, ბიზანტიური საგალობო კულტურის ღრმად შესწვლა და ამ ცოდნის მრევლისათვის გაზიარება. მეუფე დავითმა სტუმარს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

- რა მიზნით ჩამობრძანდით ჩვენს ქვეყანაში; როგორია თქვენეული შეფასება საქართველოში შარშანდელი, პირველი ვიზიტისა, რომლის შესახებ ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილი მასალიდან შევიტყვეთ?

- პირველ რიგში, მინდა მივესალმო მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე დავითს, ყველა აქ დამსწრეს დ, როგორც ბერძნები იტყვიან, მოგმართოთ: „მიხარია თქვენთან შეხვედრა; კარგად დამხვდით საქართველოში“. ისევე, როგორც პირველად, ჩემივე ინიციატივით, პატივისცემის გამოსახატავად მივედი პატრიარქთან, ასევე, ახლაც მივიდოდი მასთან და ყველა სხვა შესაფერის პირთან, რათა კვლავ გამომეხატა ჩემი პატივისცემა. ამ შემთხვევაში თქვენმა სიყვარულმა დამასწრო და იმის ნაცვლად, რომ პირველად მე მოვსულიყავი თქვენთან, თქვენ მომიწვიეთ მე. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენთან ერთად ყოფნის შესაძლებლობისათვის. პირველყოვლისა, მინდა ვთქვა რომ მე ვარ ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, მუსიკათმცოდნე, მართლმადიდებელი ფილოლოგი და ღვთისმეტყველი. ასევე, მე ვარ საბერძნეთის ეკლესიის ბიზანტიური მუსიკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მაქვს კარგი ურთიერთობა ათენის მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსთან. ვარ მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის პირადი მეგობარი. მასთან ერთად იტალიაში, რომში, უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე ეკლესიური სინდისის მქონე ადამიანი ვარ.

ჩემი პირველი ვიზიტი განხორციელდა ძვირფასი მეგობრების, თბილისის სამღვდელოების წარმომადგენელთა ინიციატივით, მათი მოწვევით. ჩემი მიზანი იყო დავხმარებოდი ბიზანტიური გალობის სანოტო სისტემის შესწავლის მსურველებს; ისინი არასწორი მეთოდით სწავლობდნენ ბიზანტიურ საეკლესო გალობას - აუდიო ჩანაწერების მეშვეობით საგალობლებს იწერდნენ ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე. ჩემი დახმარებით მათ მუსიკის მართლწერის საფუძვლები შეისწავლეს. მანამ, სანამ თქვენს შეკითხვებს ვუპასუხებ, აღვნიშნავ, რომ შეუძლებელია სამუსიკო ტრადიციების შედარება. ეს ორი დამოუკიდებელი მთასავით არსებობს. შეუძლებელია თქვა, თუ რომელია მათგან უფრო ლამაზი, ანდა უმდაბლესი. ხელოვნების სფეროში რაღაც მოგვწონს, ან არ მოგვწონს. აქ ყველასთვის არის არჩევანის თავისუფლება. ეს ერთი საკითხია. მეორე კი - ტრადიციებს ეხება. ტრადიციები ეჭვქვეშ ვერასდროს დადგება. მათ პატივი უნდა ვცეთ. მინდა კიდევ ერთი რამ განვსაზღვრო. ის, რასაც ვუწოდებთ ბიზანტიურ ერთხმიან მუსიკას, ეს ნამდვილად ბიზანტიური მუსიკაა.*

ვიცით, რომ ბიზანტიური რვა ხმის სისტემა პალესტინაში ჩამოყალიბდა იოანე დამასკელის (+754) მიერ. X საუკუნეში, დაახლოებით 950 წელს ჩნდება სამუსიკო ნიშნები. როგორც საბერძნეთისთვის, ისე სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებისთვის ბიზანტიური გალობის ეს ნიშნები დღემდე ძალაშია. ბუნებრივია, ამ ათასწლეულის მანძილზე ნიშნები განვითარებას განიცდიდა. ვიცით, რომ ბიზანტიური ნიშნები გამოიყენებოდა ძველ სლავურ მუსიკაში. ეს სამუსიკო დამწერლობა არის ბერძნული**. ეს იმის დამადასტურებელია, რომ XIXII საუკუნემდე საქართველოში არსებობდა ერთხმიანი ბიზანტიური გალობა ან მისი მსგავსი.***

ბიზანტიური მუსიკა 330 წლიდან მოყოლებული ათასი წლის განმავლობაში დიდი სახელმწიფოს, დიდი იმპერიის მუსიკა იყო. ამავე მუსიკით გალობენ არაბი მართლმადიდებლები, გარკვეულ დრომდე ბულგარელებიც ამ მუსიკით გალობდნენ. ეს არის აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიზანტიური მუსიკა და არა ბერძნული მუსიკა**** და ეს არის რვა ხმის საუკეთესო სამუსიკო სამოსელი.

ზოგმა ქვეყანამ ერთხმიანი მუსიკა შეინარჩუნა, ზოგმა კი - შეცვალა - შეიმუშავა სხვა სამუსიკო ტრადიცია. თუ რომელია სამუსიკო თვალსაზრისით უკეთესი, ამის თქმა მე არ შემიძლია. უნდა ყველა სამუსიკო ტრადიცია ვიცოდეთ და გავყვეთ იმ ტრადიციას, რომელიც უკეთ გამოგვხატავს ჩვენ.

- იცნობთ თუ არა ქართულ საეკლესიო გალობას?

- ოთხი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში და სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდი ნოდარ კიკნაძის ხელმძღვანელობით საბერძნეთში მივიწვიე. იქ ერთ ტაძარში სამი გუნდის გალობა მოვისმინეთ - ბერძენი, ქართველი და სომეხი მგალობლების გალობა. ეს იყო სხვა მართლმადიდებელი ერების გალობის გაცნობის მცდელობა.

- მე ვიტოვებ იმედს იმისას, რომ ჩვენი სტუმარი მხოლოდ ოთხი წლის წინ მიღებული შთაბეჭდილების ანაბარა არ დარჩება. მან ბრძანა, რომ არ შეიძლება რომელიმე ტრადიციის უგულებელყოფა. დღეს ურთიერთთანამშრომლობისაკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ვიმედოვნებ, რომ ბატონი გრიგორიუსი შეისწავლის ქართულ ტრადიციულ კანონიკურ სამხმიან გალობას და დასკვნების გამოტანა მხოლოდ ამის შემდგომ გახდება შესაძლებელი. ხოლო ის, რაც მან ოთხი წლის წინ სიონის საკათედრო ტაძრის გუნდის მეშვეობით მოისმინა, ეს არ არის ქართული კანონიკური საეკლესიო გალობა.

- მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ ვიცნობ ქართულ სამხმიანობას, მას, როგორც ტრადიციას, დიდ პატივს ვცემ. რამდენიმე წლის წინ მე დალი დოლიძის სამგვერდიან ნაშრომს გავეცანი. ქართული გალობის შესახებ ჩემთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ იგი სამხმიანია.

- როდესაც ამ კერძო ჯგუფისაგან მოწვევა მიიღეთ, იცოდით თუ არა საქართველოში გალობის საკითხის გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობის შესახებ?

- არ ვიცოდი.

გრიგორიუს სტათისის მოკლე მიმოხილვას ბიზანტიური გალობის შესახებ გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი რუსუდან წურწუმია:

- ბატონი გრიგორიუსის მონათხრობმა ჩვენში მრავალი შეკითხვა დაბადა. ვინაიდან პატივცემულმა სტუმარმა, როგორც მან თავადვე ბრძანა, არაფერი იცის ქართული საეკლესიო მუსიკის ტრადიციის შესახებ, ორიოდე სიტყვით შევეხები ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. ქართული ჰიმნოგრაფია ადრეულ შუა საუკუნეებში შეიქმნა. X საუკუნეშია შედგენილი მიქაელ მოდრეკილის იადგარი, რომელშიც ჰიმნოგრაფი წერს: „შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი ბერძულნი და ქართულნი“. კრებული აღკაზმულია ქართული სამუსიკო ნიშნებით, რომლებიც ბიზანტიურისგან სხვაობს. სტუმარმა დაასახელა ბიზანტიის იმპერიაში შემავალი ქვეყნები, რომლებშიც წირვა-ლოცვისას ბიზანტიური გალობა აღევლინებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო არ შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში, ქართული ეკლესია ძველთაგანვე ავტოკეფალური იყო და, ამდენად, აქ თვითმყოფადი საეკლესიო მუსიკის განვითარებისათვის ყველა პირობა არსებობდა. გარდა ამისა, ჩვენამდე მოაღწია XI საუკუნის წერილობითმა წყარომ, სადაც საუბარია ქართული საეკლესიო გალობის მრავალხმიანობის შესახებ. ქართველი თეოლოგი, იოანე პეტრიწი ეროვნული სამხმიანი მუსიკის სფეროდან მოხმობილი მაგალითის მეშვეობით ცდილობს ყოვლადწმიდა სამების ერთობის დოგმატის ცხადყოფას. ამდენად XI საუკუნეში ქართულ ეკლესიას უკვე ჰქონდა სამხმიანი გალობა. პატივცემულმა პროფესორმა მართალი ბრძანა, ხელოვნებაში არსებობს არჩევანის უფლება, მაგრამ არსებობს ისეთი ფენომენები, რომელსაც ერი არ ირჩევს: ეს არის ენა (იგი ყველა ერს თავისი აქვს) და მუსიკა. მუსიკაც ენაა, გულის ენა. მუსიკა არის ენა და მას აქვს ისეთივე მნიშვნელობა ერის სულიერ ცხოვრებაში, როგორც სამეტყველო ენას.

მიტროპოლიტი დავითი: - ჩვენი სტუმარი კარგად იცნობს ეკლესიის შინაგანწესს. მე მაქვს ასეთი კეთილი რჩევა: სამომავლოდ საქართველოს ეკლესიის წევრებთან დამყარებული ყველანაირი ურთიერთობები მან ადგილობრივი ეკლესიის მწყემსმთავართან შეათანხმოს. სტუმარმა თავად აღნიშნა, რომ არ აქვს სურვილი შფოთის გამოწვევისა. არც პატრიარქი და არც რომელიმე ჩვენთაგანი ბიზანტიური გალობის წინააღმდეგი არ არის. რამდენიმე წლის წინ უწმიდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატიარქმა ეს ჯგუფი აკურთხა, რომ მას მხოლოდ ბერძნული ენის საფუძველზე შეესწავლა ბიზანტიური გალობა, ე.ი. იმავე სახით, როგორადაც იგი საბერძნეთის ეკლესიებში ჟღერს. რაც შეეხება საქმიან შეხვედრებს, ისინი მხოლოდ მუსიკის დარგის სპეციალისტებთან უნდა გაგრძელდეს. ამან ჩვენი ერებისათვის კეთილი ნაყოფი უნდა გამოიღოს. და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმარს, ვინაიდან მას უყვარს თავისი ერის კულტურა და არის თავისი ქვეყნის ერთგული. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, სამი მღვდელმთავრის ხსენებას და მომავალი დღესასწაულის მადლით ღმერთმა დაიცვა ჩვენი ორი ეკლესია და ერი.

პროტოპრესვიტერი გიორგი: - მინდა გავიხსენო პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვა: „ჩვენ თუ ვჭამთ უფლისათვის ვჭამთ, თუ არ ვჭამთ, უფლისათვის არ ვჭამთ. მაგრამ თუ ჩემი ჭამა ხორცისა აბრკოლებს ძმას, რომლისთვისაც უფალმა სიხლი დაღვარა, აღარ შევჭამ ხორცს.

ყოველივე ეს შფოთს იწვევს და ღირს კი რაიმეს სწავლება, თუკი ამას შფოთი მოჰყვება? უპრიანია ვიზრუნოთ იმისათვის, რომ განიმუხტოს მიზეზი შფოთისა, დამყარდეს მშვიდობა და მშვიდობის საფუძველზე ვისწავლოთ ის რაც არ გაგვყოფს არამედ გაგვაერთიანებს.

უწმიდესისა და უნეტარესის კატეგორიული სიტყვა უნდა გადმოგვეცა ჩვენ დღეს ბატონი პროფესორისთვის, რათა მან გაითვალისწინოს იგი: ჩვენი სტუმარი დარწმუნდა, რომ ამ საკითხს გარკვეული შფოთი მოჰყვება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც აქვს აქ პირადი პასუხისმგებლობა, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, ამ მოვლენების მონაწილეა.

უწმიდესმა და უნეტარესმა პროფესორს საეკლესიო გალობის ცენტრის წევრებთან შეხვედრა შესთავაზა და ამით დაამტკიცა თავისი სურვილი მეცნიერის თანამ- შრომლობისა საქართველოს ეკლესიასთან და არა მის ვიწრო დაჯგუფებასთან, რომელიც კერძო აზრით ხელმძღვანელობს.

შეხვედრის ბოლოს, ბატონი გრიგორიუსი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც დაიგეგმა პროფესიული მსჯელობის გაგრძელება როგორც ბიზანტიური, ისე ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიისა და თეორიის ძირითადი საკითხების ირგვლივ.

 

საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის კომენტარები:

* იბადება კითხვა, განა ბიზანტიურს უნდა მივაკუთვნოთ დიდი მელურგის სიმონოს კარასის (+1999), ანდა ცნობილი კომპოზიტორის ლიკურგოს ანგელოპულოსის (იგი დაახლოებით 60 წლისაა) საგალობლები, რომლებიც დღეს საბერძნეთის ეკლესიებში ჟღერს? (ამის შესახებ იხ: დ.დოლიძე, დოგმა და ტრადიცია კანონიკურ საეკლესიო გალობაში// ქართული საეკლესიო გალობის თანამედროვე პრობლემები. თბ. 2002 გვ. 79-81).

** აღნიშნული ინფორმაცია მცდარია. ლათინური ნევმური ნიშნები სხვაობს ბერძნულისაგან ისევე, როგორც ქართული. რაც შეეხება ძველ რუსულ ნევმურ სისტემას, მართალია, იგი ბერძნულისაგან მომდინარეობს, მაგრამ სამუსიკო ნიშნებმა სრულიად სხვა მნიშვნელობა შეიძინეს. ეს ზნამენური გალობის თვითმყოფადობამ განაპირობა (ამის შესახებ იხ.: Холопова В. Знаменный распев и византийская монодия. вкн: Русская музыкальная ритмика, М.1983. срт. 61-66).

ამასთან, როგორც ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებმა ქალბატონმა ლილი ხევსურიანმა და ეკა დუღაშვილმა შეგვატყობინეს, 4 წლის წინ ბატონი გრიგორიუსი დალი დოლიძესთან ერთად ბრძანდებოდა ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც მან ნახა ნევმური ნიშნებით აღკაზმული უძველესი ხელნაწერი, X საუკუნის I ნახევრის საბაწმიდური წარმომავლობის იადგარი სინ 1. იქ მან განაცხადა, რომ ქართული სამუსიკო ნიშნები არ ჰგავს ბიზანტიურს. გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია მისი მოსაზრების რადიკალური სახეცვლა, მით უფრო, ბატონი გრიგორიუსი, როგორც მან თავადვე განაცხადა, ქართული საეკლესიო მუსიკის სფეროს არ იცნობს და მას რაიმე კვლევა ამ მიმართულებით არ უწარმოებია.

*** ამ დებულების სიმცდარე გრიგორიუს სტათისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმასწავლებლებთან შეხვედრისას განემარტა.

**** კონსერვატორიაში გამართულ შეხვედრაზე გრეგორიუს სტათისმა სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 7, 2003 წ.