წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეთორმეტე

მათვე შესახებ

ამრიგად, ეს გვისწავლია წმინდა სიტყვებისგან, როგორც ამბობს საღვთო დიონისე არეოპაგელი, რომ ღმერთი არის ყოველივეს მიზეზი და დასაბამი, არსთა არსება, ცოცხალთა სიცოცხლე, მოაზროვნეებად მყოფთა აზრი, გონისმიერად მყოფთა გონება, მისგან განვრდომილთა უკუხმობა და აღდგინება, ბუნებით ხრწნადთა განახლება და გარდასახვა, უწმინდური რამ რყევით შეძრულთა წმინდა საფუძველი და მდგომარეთა საიმედოობა, მისკენ ამავალთა გზა და ზეამზიდველი ხელთპყრობა. დავძენ, აგრეთვე, რომ იგია მისგან შექმნილთა მამა (საკუთრივ მამა უმალ ღმერთია ჩვენთვის, ვინც არარსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა, ვიდრე მშობლები, რომლებმაც მისგან მიიღეს არსებობაც და მშობლობაც), მისდამი შედგომილთა და მისგან დამწყსილთა მწყემსი, განათლებადთა გაბრწყინება, სრულქმნადთა სისრულეთდა საბამობა, გაღმრთობადთა ღმერთმოთავეობა, განდგომილთა მშვიდობა, მარტივქმნადთა სიმარტივე, შეერთებადთა ერთობა, ზეარსი ყოველი დასაბამისა როგორც ზედასაბამობითი დასაბამი და მისი დაფარულობის ანუ მისი ცოდნის ყველასადმი კეთილი წილმბოძებლობა, თითოეულის დატევნისებრ და წვდომისებრ.

კვლავ საღვთო სახელების შესახებ უფრო ზედმიწევნით

ღვთაება, რომელიც მიუწვდომელია, უთუოდ უსახელოც იქნება. ამიტომ, უმეცარნი ვართ რა მისი არსებისა, ნუ ვეძიებთ მისი არსების სახელს, რადგან საქმეთა გამაცხადებელია სახელები. კეთილმა ღმერთმა, რომელმაც სიკეთესთან წილმქონეობისთვის არარსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა და მცოდნენი გაგვხადა ჩვენ, ისევე არ გაგვინაწილა ცოდნა მისი არსებისა, როგორც - თვით მისი არსება, რადგან შეუძლებელია, რომ ბუნებამ სრულად შეიცნოს მასზე ზემდებარე ბუნება. ამასთან, თუ მცოდნეობანი არსთა შესახებაა, ის, რაც ზეარსია, როგორღა იქნება საცოდნელი?

ამრიგად, გამოუთქმელი სიკეთის გამო ისათნოვა ღმერთმა, ჩვენეულთაგან ყოფილიყო სახელდებული, რომ სრულიად უწილმქონეო არ დავრჩენილიყავათ მისი შემეცნებისა, არამედ - გვქონოდა მის შესახებ თუნდაც ბუნდოვანი აზრი.

რამდენადაც მიუწვდომელია ღმერთი, ამდენად - უსახელოც, მაგრამ მას, როგორც ყოვლის მიზეზსა და ყოველი არსის ნიშატთა და მიზეზთა თავის თავში წინასწარ მქონეს, ყველა არსის სახელი ეწოდება, მათ შორის, საპირისპიროთა სახელებიც, როგორც, მაგალითად, სინათლისა და სიბნელისა, წყლისა და ცეცხლისა, რომელთაგანაც უნდა შევიცნოთ, რომ არცერთი მათგანი არ არის ღმერთი არსობრივად, არამედ - ზეარსია და უსახელო, მაგრამ როგორც ყოველი არსის მიზეზი, ყველა ნამიზეზევის სახელით იწოდება იგი.

ამიტომ, საღვთო სახელთაგან ნაწილი უკუთქმითად ითქმის, რაც ცხადყოფს ღვთის ზეარსულობას, როგორც, მაგალითად: უარსებო, უჟამო, დაუსაბამო, უხილავი. ასე იწოდება იგი არათუ იმიტომ, რომ რაიმეზე ნაკლებია, ან რაიმეს მოკლებულია (რადგან მისი არის ყოველივე და მისგან და მის მიერ შეიქმნა, და მასში შემყარდა იგი), არამედ იმიტომ, რომ ზეაღმატებით გამიჯნულია ყველა არსისგან. არსთაგან არაფერი არ არის იგი, არამედ უზემოესია ყველაფრისა.

მტკიცებითად თქმულნი, მეორე მხრივ, მიემართება ღმერთს, როგორც ყოველთა მიზეზს. ამიტომ, მას, როგორც ყოველი არსისა და ყველა არსების მიზეზს, ეწოდება არსი და არსება, ხოლო როგორც ყოველი აზრისა და სიბრძნის, აგრეთვე, მოაზროვნისა და ბრძნის მიზეზს, ეწოდება აზრი და მოაზროვნე, სიბრძნე და ბრძენი. მსგავსადვე ითქმის მასზე გონება და გონისმიერი, სიცოცხლე და ცოცხალი, ძალა და შემძლე. ასევეა ყველა სხვა სახელთან დაკავშირებითაც, რომელთაგან უპატიოსნესნი და უფრო მიახლოებულნი ღმერთს უფრო საკუთრივად ეწოდება მას. მართლაც, რადგან უნივთო უპატიოსნესია ნივთიერზე, განწმენდილი - განუწმენდელზე, წმინდა - ბიწიანზე, ამიტომ ისინი უფრო უახლოვდებიან ღმერთს, როგორც უფრო მეტად წილმქონენი მასთან.

ამრიგად, ღმერთს უფრო უსაკუთრესად ეწოდება მზე და სინათლე, ვიდრე სიბნელე. დღე - ვიდრე ღამე. სიცოცხლე - ვიდრე სიკვდილი. აგრეთვე, ცეცხლი, ქარი და წყალი, როგორც ცხოველმყოფელნი - ვიდრე მიწა. მაგრამ, ყოვლის უწინარეს და უმეტესად, სიკეთე - ვიდრე ბოროტება, ანუ, რაც იგივეა, არსი - ვიდრე არაარსი, რადგან კეთილობა ყოფიერებაა და მიზეზია ყოფიერებისა, ხოლო ბოროტება ესაა კეთილობისგან ანუ ყოფიერებისგან მოკლებულობა.

ამრიგად, ესენია უკუთქმანი და მტკიცებანი, მაგრამ უტკბილესია, აგრეთვე, ორივე მათგანის შენაწევრება, როგორც, მაგალითად,ზეარსი არსება, ზეღმერთი ღმერთი, ზედასაბამობითი დასაბამი და სხვა ამგვარნი.

არის, აგრეთვე, ზოგი სახელი, რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, მაგრამ ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსი აქვს. ასეთია, მაგალითად, სიბნელე, რაც ეწოდება ღმერთს, არა იმიტომ, რომ იგი სიბნელეა, არამედ იმიტომ, რომ სინათლე არ არის, როგორც სინათლეზე უზემოესი.

ამრიგად, ღმერთი ითქმის გონებად, აზრად, სულად, სიბრძნედ და ძალად, როგორც ამათი მიზეზი, როგორც უნივთო, როგორც ყოვლისმოქმედი და ყოვლისშემძლე, ყოველივე ეს ზოგადად ითქმის მთელი ღმრთეების შესახებ, - ერთნაირად, იგივეობრივად და დაუკლებლად წმინდა სამების ყოველი გვამოვნებისადმი. ამასთან, ნაწილი ითქმის უკუთქმითად, ნაწილი - მტკიცებითად. ამიტომ, როდესაც ერთ გვამოვნებას მოვიაზრებ, თავად სრული ღმერთი ვუწყი, სრული არსება. როდესაც ვაერთებ და თანააღვრიცხავ სამს, ერთი სრული ღმერთი ვუწყი. არ არის შედგენილი ღმრთეება, არამედ სამ სრულში - ერთი სრული, დაუნაწილებელი და შეუდგენელი. მეორე მხრივ, როდესაც გვამოვნებათა ურთიერთმოთვისეობას მოვიაზრებ, ვუწყი, რომ არის მამა, ზეარსი მზე, სიკეთის წყარო, უფსკრული არსებისა, აზრისა, სიბრძნისა, ძალისა, სინათლისა, ღმრთეებისა, მასში დაფარული კეთილობის მშობელობითი და გამომავლინებლობითი წყარო. ამიტომ, ის არის გონება, აზრის უფსკრული, სიტყვის მშობელი და სიტყვის მიერ გამომავლენელი გამოცხადებითი სულისა, ანუ, ბევრი რომ არ ვთქვა, არ არის მამასთან [სხვა] სიტყვა, სიბრძნე, ძალა და ნებელობა, თუ არა - ძე, რომელიც არის მხოლო ძალა მამისა, ყოველთა შესაქმის წინადამწყები.

შობილია იგი, ვითარცა სრული გვამოვნება სრული გვამოვნებისგან, ისე როგორც თვით უწყის ეს, რომელიც არის და ითქმის კიდეც ძედ. სულიწმინდა კი, გამაცხადებელი ღმრთეების დაფარულობისა, მამის ძალაა, მამისგან ძის მიერ გამომავალი, როგორც თვით უწყის ეს, თუმცა - არა შობითად, ამიტომ, სულიწმინდაც ყოველთა შესაქმის სრულმოქმედია.

ამრიგად, რაც შეესაბამება მამას - მიზეზს, წყაროს და მშობელს, მხოლოდ მამისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. რაც შეესაბამება მიზეზოვან, შობილ ძეს, სიტყვას, წინადამწყებლობით ძალას, ნებელობას და სიბრძნეს, ძისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. ხოლო რაც შეესაბამება მიზეზოვან, გამომავალ, გამაცხადებელ და სრულმოქმედ ძალას, წმინდა სულისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. მამა არის ძისა და წმინდა სულის წყარო და მიზეზი. იგი არის მამა მხოლო ძისა და გამომავლენელი წმინდა სულისა. ძე არის ძე, სიტყვა, სიბრძნე, ძალა, ხატი, გამოცისკრება, ხატოვნება მამისა, და მამისგან. სული წმინდა კი არის არა ძე მამისა, არამედ სული მამისა, როგორც მამისგან გამომავალი, რადგან არანაირი აღძვრა არ არის სულის გარეშე, და არის იგი სული ძისა, არათუ როგორც მისგან, არამედ როგორც მის მიერ მამისგან გამომავალი, რადგან მამაა მხოლო მიზეზი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი