წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეთოთხმეტე

საღვთო ბუნების თვისებები

შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უკვდავება, დაუსრულებლობა, საუკუნოობა, უნივთოება, კეთილობა, შემოქმედებითობა, სამართლიანობა, განმანათლებლობა, უცვლელობა, უვნებობა, გარეშეუწერლობა, დაუტევნელობა, შემოუსაზღვრელობა, განუსაზღვრელობა, უსხეულობა, უხილავობა, მოუაზრებლობა, უჭირველობა, თვითმპყრობელობა, თვითხელმწიფობა, ყოვლისმპყრობელობა, სიცოცხლისმბოძებლობა, ყოვლადძლიერება, უსასრულოდძლიერება, განმწმენდელობა, წილმბოძებლობა, ყოვლიერების გარემომცველობა და შემამტკიცებლობა, ყოვლის წინაგანმგებლობა, - ყოველივე ეს და ამგვარნი ბუნებით აქვს მას; არათუ სხვისგან მიმღებია იგი, არამედ თვით არის ყოველივე კეთილის წილმბოძებელი საკუთარი ქმნილებებისადმი, შესაბამისად თითოეულის მიმღებლობითი ძალისა.

გვამოვნებებს ურთიერთში აქვთ მყოფობა და მკვიდრობა, რადგან განუყოფელნი და ურთიერთისგან განუშორვბელნი არიან ისინი. აქვთ მათ ურთიერთში დამტევნელობა, მაგრამ არათუ თანაშეირწყმიან ან თანაშეირევიან, არამედ - ურთიერთს ეთანაებიან, რადგან ძე მამაშია და სულში, სული - მამაში და ძეში, მამა კი - ძეში და სულში, არ ხდება რა არანაირი თანაშერწყმა ან თანაშერევა ანდა თანააღრევა.

ერთი და იგივეა სამი გვამოვნების მოძრაობა, რადგან ერთი გამოშლა და ერთი მოძრაობა აქვთ მათ, რაც ქმნილ ბუნებაში შეუძლებელია ვნახოთ.

საღვთო ელვარება და მოქმედება მარტივია და დაუნაწილებელი, და როდესაც იგი დანაწილებულთა შორის კეთილსახოვნად მრავალფეროვნდება, განუყოფს რა ყველას იმას, რაც თითოეულის ბუნებას შეამყარებს, თვით მარტივი რჩება, არის რა დაუნაწილებლად გამრავლებული დანაწილებულთა შორის, ამასთან - დანაწილებულთა თანაშემკრები და მიმაქცეველი თავისი სიმარტივისკენ; რადგან ყოველივე მისკენ ისწრაფის და მასში აქვს მყოფობა. იგია ყველასთვის არსებობის წილმბოძებელი თანახმად მათი ბუნებისა. იგია არსთა არსებობა, ცოცხალთა სიცოცხლე, მოაზროვნედ მყოფთა აზრი და გონისმიერად მყოფთა გონებრიობა. არის რა თავად უზემოესი გონებაზე, სიტყვაზე, სიცოცხლეზე და არსებაზე.

ამასთან, შეურევლად განჭოლავს იგი ყოველივეს, მას კი - არარა. კიდევ, მარტივი ცოდნით იცის მან ყოველივე, მარტივად ჭვრეტს რა ყოველივეს თავისი საღვთო, ყოვლის ზედამხედველი და უნივთო მზერით, - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც, - მათ დადგომამდე; ეთვისება მას უცოდველობა, ცოდვისგან გამიჯნულობა და გამომხსნელობა. ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არათუ ყოველივე, რაც ძალუძს, ნებავს, რადგან ძალუძს ქვეყნიერების მოსპობა, მაგრამ არ ნებავს.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი