წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეთვრამეტე

სატანას და ეშმაკების შესახებ

ამ ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, არათუ ბუნებით უკეთური შეიქმნა, არამედ იყო რა კეთილი, შექმნილი სიკეთისთვის და შემოქმედისგან უკეთურების არანაირი ნაკვალევის არმქონე თავის თავში, ვერ გახდა დამტევი იმ ნათელმოსილებისა და პატივისა, რაც მიენიჭა შემოქმედისგან, არამედ თვითუფლებრივი არჩევანით მიიქცა იგი ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ, თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან „ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან“ (შეს. 1,31), მაგრამ თვითუფლებრივი ნებით სიბნელე გახდა იგი, რომელთან ერთად გამოცალკევდა აგრეთვე (რადგან თან გაჰყვა მას) და მასთან თანადაეცა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა უსასრულო სიმრავლე.

ამრიგად, იყვნენ რა იმავე ანგელოზთა ბუნებისა, ბოროტნი გახდნენ ისინი, რადგან არჩევანი კეთილისგან ბოროტისაკენ მიდრიკეს ნებსით. ამიტომ, არავის წინააღმდეგ არა აქვთ მათ უფლებამოსილება ან ძალა, თუ ღვთისგან არ მიეცემათ ნება განგებულებითად, როგორც, მაგალითად, იობთან დაკავშირებით და, როგორც, აგრეთვე, სახარებაში წერია ღორების შესახებ. როდესაც ღვთის ნებართვა აქვთ მათ, ძლიერნიც არიან და გარდაიქმნებიან და გარდაისახებიან კიდეც ზმანებითად იმ სახედ, რა სახედაც ნებავთ.

მომავალი არ იციან არც ღვთის ანგელოზებმა, არც ეშმაკებმა, თუმცა წინასწარმეტყველებენ კი, ერთი მხრივ, ანგელოზები, როდესაც ღმერთი გამოუცხადებს მათ და წინასწარმეტყველებას უბრძანებს (ამიტომ, რასაც ამბობენ, ხდება) ხოლო მეორე მხრივ - ეშმაკებიც, რადგან ზოგჯერ იმას ხედავენ ისინი, რაც შორს ხდება, ზოგჯერ კი - ვარაუდობენ; ამიტომაც ბევრს ტყუიან, რისი რწმუნებაც არ გვმართებს, თუმცა კი მრავალგზის ჭეშმარიტებენ კიდეც ზემოთქმული ხერხის გამოყენებით. მათ იციან, აგრეთვე, წერილიც.

ამრიგად, ყველა ბოროტება და უწმინდური ვნება მათ მიერ არის მოგონილი. ამასთან, ნება აქვთ მიცემული, შეუტიონ ადამიანს, მაგრამ ვინმეს იძულება არ შეუძლიათ, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული, დავუთმობთ მათ შეტევას თუ არ დავუთმობთ. ამიტომ, სატანას, მის ეშმაკებს და მის მიმდევრებს გამზადებული აქვთ უშრეტი ცეცხლი და მარადიული სატანჯველი.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი