წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეოცე

ცის შესახებ

ცა არის ხილული და უხილავი ქმნილებების გარემომცველობა, რადგან მის შიგნით გარეშეიზღუდებიან და შეისაზღვრებიან ანგელოზების გონისმიერი ძალები და, აგრეთვე, ყოველივე გრძნობადი, რადგან მხოლოდ ღვთაებაა გარეშეუწერელი, რომელიც ყოველივეს აღავსებს, ყოველივეს გარემოიცავს და ყოველივეს შემოსაზღვრავს, როგორც ყოვლის უზემოეს მყოფი და ყოვლის შემოქმედი.

რადგან წვრილმა თქვა „ცა“, აგრეთვე, „ცათა ცა“ და „ცათა ცანი“, და რადგან ნეტარმა პავლემ „მესამე ცამდე“ თავისი ატაცების შესახებ გვითხრა, ამიტომ ვამბობთ, რომ, როგორც გვსმენია, მთელი ქვეყნიერების დაბადების ჟამს შეიქმნა ცა, რასაც უვარსკვლავო სფეროდ ამბობენ მოსეს დოგმატების მიმთვისებელი გარეშე ბრძენნი.

კიდევ, სამყაროსაც უწოდა ღმერთმა ცა, რომელსაც წყლის შუაში განუჩინა ყოფნა და განაწესა იგი გამმიჯვნელად სამყაროს ზედა წყალსა და სამყაროს ქვედა წყალს შორის. ღვთაებრივი ბასილი ამბობს, რომ ამ სამყაროს ბუნება დაწლობილია, მსგავსად კვამლისა, რადგან ასე ესწავლა მას საღვთო წერილისგან; ზოგი წყლოვანად ამბობს მას, როგორც წყალთა შორის მყოფს, ზოგი - ოთხი სტიქიონისგან ქმნილად, ზოგი კი - მეხუთე სხეულად და ოთხისგან განსხვავებულად.

ზოგიერთების თვალსაზრისით, ცა წრიულად გარემოივლის ყოველივეს, სფეროსებრი არის იგი და ყოველი მხრიდან ყველაზე მაღალ ნაწილს წარმოადგენს, მის მიერ გარემოცული ადგილის შუაგული კი ყველაზე ქვედა ნაწილია.

მსუბუქ და მჩატე სხეულებს ზემო მდებარეობა ხვდათ წილად შემოქმედის მიერ, ხოლო მძიმეებსა და ქვედაზიდულებს - უფრო ქვემორე მხარე, რაც არის შუაგული.

უფრო მსუბუქი და უფრო ზემსწრაფი სტიქიონია ცეცხლი, რომელსაც უშუალოდ ცის შემდეგ დაწესებულად ამბობენ. მას უწოდებენ ეთერს, რომლის შემდეგ, უფრო ქვემოთ, ჰაერს ათავსებენ. წყალი და მიწა, როგორც უფრო მძიმენი და ქვედაზიდულნი, შუაგულში არიან დაკიდებულები.

ასე საპირისპიროდ არიან ისინი: ქვემოთ - წყალი და მიწა (ხოლო წყალი, როგორც მიწაზე უფრო მსუბუქი, მასზე უფრო ადვილმოძრავია), ზემოდან კი, ყოველმხრივ, გარსის მსგავსად, წრიულად - ჰაერი; ჰაერის ირგვლივ, ყოველმხრივ - ეთერი; ხოლო ყოველივეს გარედან, წრიულად - ცა.

ამბობენ, რომ ცა მოძრაობს წრიულად და ერთად ამჭიდროებს შიგთავსს, რომ ამ გზით მყარად და დაურღვევლად შენარჩუნდეს იგი.

შვიდ სარტყელს ამბობენ ცისას, - ერთს მეორეზე უფრო მაღალს. ამბობენ, აგრეთვე, რომ ცის ბუნება ყველაზე უფრო დაწლობილია, მსგავსად კვამლისა, და რომ თითოეულ სარტყელზე თითო ცთომილია. ამიტომ, შვიდი ცთომილი თქვეს მათ: მზე, მთვარე, იუპიტერი, მერკური, მარსი, ვენერა, სატურნი (ისინი ეენერას ხან ცისკრის, ხან მწუხრის მთიებად ამბობენ). ცთომილნი უწოდეს მათ, რადგან ცის საპირისპირო მოძრაობას ასრულებენ ცა და სხვა ვარსკვლავები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობენ და მხოლოდ ესენია, რომლებსაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ აქვთ მოძრაობა. ამას ვიგებთ მთვარისგან, რომელიც ყოველ საღამოს მცირედით უკან იხევს.

ვინც ამბობს, რომ ცა სფეროსებრია, იგი მას მიწისგან თანაბრად დაცილებულად და დაშორებულად წარმოაჩენს ზევიდანაც, გვერდიდანაც და ქვემოდანაც. ამასთან, ვამბობ „ქვემოდან“და „გვერდიდან“, როგორც ეს ჩვენს შეგრძნებაშია, თორემ, კანონზომიერი მსჯელობის შესაბამისად, ცას ყველა მხრიდან ზედა ადგილი უკავია, მიწას კი - ქვედა.

ამბობენ, აგრეთვე, რომ ცა სფეროსებრ წრეს უვლის დედამიწას და, მისი უსწრაფესი მოძრაობისას, მასთან ერთად წრეს შემოივლის მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ამიტომ, როდესაც მიწის ზევით იმყოფება მზე, აქ დღეა, მიწის ქვეშ კი - ღამე. როდესაც მიწის ქვეშ ჩადის მზე, აქ ღამეა, იქ კი - დღე.

სხვებმა ნახევარსფერულად წარმოიდგინეს ცა, თანახმად ღვთისგამომეტყველი დავითისა, რომელიც ამბობს; „ვინც განავრცო ცა, როგორც ტყავი“ (ფს. 103,2), რაც კარავს ცხადყოფს. ნეტარი ესაიაც ამბობს; „ვინც დააფუძნა ცა, როგორც კამარა“ (ეს. 40,22). ასე აქვთ წარმოდგენილი მათ, რადგან როდესაც მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჩადიან, გარეუვლიან ისინი დედამიწას დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და ამგვარად კვლავ აღმოსავლეთს აღწევენ.

ასე ხდება თუ ისე, ყოველივე საღვთო ბრძანებით არის შექმნილი და დაფუძნებული და ყველაფერს საღვთო ნება და განზრახვა აქვს ურყევ საძირკვლად, რადგან „მან თქვა და დაიბადნენ. მან ბრძანა და შეიქმნენ. დააფუძნა ისინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. განჩინება დადო და არ გაქარწყლდება იგი“ (ფს. 148,5-6).

ამრიგად, „ცა ცისა“ არის პირველი ცა, რომელიც სამყაროს ზევით მდებარეობს. აჰა - ორი ცა, რადგან სამყაროსაც ცად უწოდა ღმერთმა. საღვთო წერილის ჩვეულებაა, ჰაერსაც ცად უწოდოს, რადგან მასაც ზევით ვხედავთ. წერილი ამბობს; „აკურთხეთ ყველა ფრიველი ცისა“ (დან. 3,89), ესე იგი - ჰაერისა, რადგან ჰაერია ფრინველთა სავალი ადგილი და არა ცა. აჰა - სამი ცა, რაზეც საღვთო მოციქულმა თქვა. ხოლო თუ გნებავს, რომ შვიდი სარტყელიც შვიდ ცად გაიგო, არაფერი ევნება ამით ჭეშმარიტების სიტყვას. ებრაული ენისთვის დამახასიათებელია ცის მრავლობითად წოდება, როგორც „ცანი“. ამიტომ, როცა უნდა თქმულიყო „ცა ცისა“, ითქვა „ცანი ცათანი“, რაც ნიშნავს „ცის ცას“, ანუ ცას, რომელიც სამყაროს ზემოთაა. ასევე, თქმულია „ცათა ზემო წყალნი“, სადაც „ცანი“ არის ან ჰაერი და სამყარო ან სამყაროს შვიდი სარტყელი ან თვით სამყარო, ებრაულის ჩვეულებისამებრ მრავლობითად სახელდებული, როგორც „ცანი“.

ყოველივე, რაც ქმნისებრია, ბუნებისეული კანონზომიერებით ხრწნას ექვემდებარება, მათ შორის ცანიც, მაგრამ ისინი ღვთის მადლით არიან შემტკიცებულნი და დაცულნი. მხოლოდ ღვთაებაა ბუნებით დაუსაბამო და დაუსრულებელი. ამიტომაც თქმულა; „ისინი მოისპობიან, შენ კი ჰგიე“ (ფს. 101,27), თუმცა მთლიანად როდი გაქრებიან ცანი, რადგან „დაბერდებიან და როგორც გარსამოსი, დაიხვევიან და შეიცვლებიან და იქნება ცა ახალი და მიწა ახალი“ (გამოცხ. 21,1).

ცა ბევრად უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე დედამიწა. ამიტომ, არ გვმართებს ცის არსების ძიება, რადგან უცოდნელია იგი ჩვენთვის.

ნურავინ დაუშვებს ცათა ან მნათობთა განსულიერებას, რადგან ისინი უსულონი და უგრძნობნი არიან. ამიტომ, თუმცა საღვთო წერილი ამბობს; „ხარობდნენ ცანი და მხიარულობდეს მიწა“ (ფს. 95,11). ამით იგი სიხარულისკენ მოუწოდებს ცაში მყოფ ანგელოზებს და მიწაზე მყოფ ადამიანებს. უწყის წერილმა გაპიროვნება და უსულოთა შესახებ, როგორც სულიერთათვის, სიტყვის თქმა. მაგალითად. „ზღვამ იხილა და გაიქცა, იორდანე მიიქცა უკან“ (ფს. 113,3). აგრეთვე: „რა დაგემართა ზღვაო, რომ გაიქეცი, და - შენ, იორდანე, უკან რომ მიიქეცი?“ (ფს. 113,5); და მთებსა და ბორცვებს შეკითხვა ეძლევათ, თუ რა მიზეზით ხტიან. ჩვენც გვჩვევია, ასევე, თქმა, რომ „შეიკრიბა ქალაქი“, თუმცა გვსურს აღვნიშნოთ არა შენობები, არამედ ქალაქის მცხოვრებნი. კიდევ, თქმულია; „ცანიც ღვთის დიდებას უთხრობენ“ (ფს. 18,2), თუმცა ისინი გრძნობადი ყურით მოსასმენ ხმას როდი გამოსცემენ, არამედ თავისი სიდიადით შემოქმედის ძალას წარმოგვიჩენენ ჩვენ, რადგან მათი მშვენების მჭვრეტელნი ვადიდებთ შემოქმედს, როგორც დიდოსტატს.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი