წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეორე

ჰაერისა და ქარების შესახებ

ჰაერი არის უდაწლობილესი სტიქიონი, ნოტიო და თბილი, ცეცხლზე უფრო მძიმე, მიწაზე და წყლებზე უფრო მსუბუქი, ამოსუნთქვისა და ხმის გამოცემის მიზეზი, უფერო ანუ ბუნებით ფერის არმქონე, გამჭვირვალე, შუქგამტარი (რადგან მიმღებია სინათლისა) ჩვენი სამი გრძნობის მსახური (რადგან მის მიერ ვხედავთ, ვისმენთ და ვიყნოსავთ) სითბოს, სიგრილის, სიმშრალისა და სინოტივის მიმღები, რომლისაც არის ყველა გადაადგილებითი მოძრაობა; ზევით, ქვევით, შიგნით, გარეთ, მარჯვნივ, მარცხნივ, აგრეთვე, წრებრუნვითი მოძრაობა.

მას თავისთავად არ აქვს სინათლე, არამედ მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და ცეცხლის მიერ ნათდება. აი, ეს არის, რაც თქვა წერილმა: „სიბნელე იყო უფსკრულის ზემოთ“ (შეს. 1,2), სურდა რა იმის ცხადყოფა, რომ ჰაერს თავისთავად არ აქვს სინათლე, არამედ სხვა რამ არის არსება სინათლისა.

ქარი არის ჰაერის მოძრაობა ანუ ქარი არის ჰაერის დინება, რომელიც სახელწოდებებს იცვლის იმ ადგილების შეცვლის შედეგად, საიდანაც მოედინება.

ადგილი ჰაერისეულია, რადგან ყოველი სხეულის ადგილი არის მისი გარემომცველობა. მაგრამ რა არის ის, რაც სხეულებს გარემოიცავს, თუ არა ჰაერი?

ადგილები, საიდანაც ხდება ჰაერის მოძრაობა, ნაირგვარია. ქარებსაც მათ შესაბამისად აქვთ სახელები. სულ თორმეტია ისინი.

ამბობენ, რომ ჰაერი ესაა ცეცხლის დაშრეტილობა ანდა გამთბარი წყლის ორთქლი.

ჰაერი, თავისი ბუნებით, თბილია, მაგრამ გრილდება წყალთან და მიწასთან მეზობლობაში, რის გამოც მისი ქვედა ნაწილები გრილია, ზედა კი - თბილი.

ქარები ამგვარად ქრიან: საზაფხულო აღმოსავლეთიდან - კეკიასი ანუ ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, იგივე მესესი ანუ შუაქარი; დღეღამსწორობითი აღმოსავლეთიდან - აპელიოტესი ანუ აღმოსავლეთის ქარი; საზამთრო აღმოსავლეთიდან - ევროსი ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი; საზამთრო დასავლვთიდან - ლიფსი ანუ სამხრეთ-დასავლეთის ქარი; დღეღამსწორობითი დასავლეთიდან - ზეფირი ანუ დასავლეთის ქარი; საზაფხულო დასავლეთიდან - არგესტესი ანუ ჩრდილო-დასავლეთის ქარი, იგივე ოლიმპიასი ანუ იაპიქსი. შემდეგ - ნოტოსი ანუ სამხრეთის ქარი და აპარქტიასი ანუ ჩრდილოეთის ქარი, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოდ ქრიან. აპარქტიასისა და კევიოსის შუაშია ბორეასი, ევროსისა და ნოტოსის შუაში - ფენიქსი, რასაც ევრონოტოსსაც უწოდებენ, ნოტოსისა და ლიფსის შუაში - ლიბონოტოსი, იგივე ლევკონოტოსი, ხოლო აპარქტიასისა და ორგესტესის შუაში - თრასკიასი ანუ კერკიოსი, როგორც მას ადგილობრივი მცხოვრებლები უწოდებენ.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი