წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეცხრამეტე

იმის შესახებ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული; ესე იგი, თვითუფლებრივის თაობაზე

მსჯელობა თვითუფლებრივის შესახებ (ანუ იმის თაობაზე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული) უპირველესად იმის გამოძიებით უნდა დავიწყოთ, არის თუ არა რაიმე ჩვენზე დამოკიდებული, რადგან ბევრი ვინმეა, ვინც ამას ეწინააღმდეგება. შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რისი უფლებამოსილება გვაქვს. ბოლოს, გამოსაკვლევი იქნება მიზეზი, თუ რის გამო შეგვქმნა ჩვენ თვითუფლებრივნი შემოქმედმა ღმერთმა.

ამრიგად, დავიწყებთ რა პირველი საკითხით, უპირეელესად იმას აღვნიშნავთ, რომ არის რაღაც ჩვენზე დამოკიდებული, დავამტკიცებთ კი ამას თვით მოწინააღმდეგეთა დებულებების საფუძველზე და ასე ვიტყვით:

ყველა მოვლენის მიზეზად ან ღმერთს ამბობენ ან აუცილებლობას ან სვეს ან ბუნებას ან ბედს ან კიდევ ხდომილებას. მაგრამ: ღვთის საქმეა არსება და წინაგანგება; აუცილებლობისა - მარადის იგივედ მყოფთა მოძრაობა; სვისა - აუცილებლობის ძალით სრულყოფა იმისა, რაც მისგანაა (რადგან სვეც აუცილებლობას განეკუთვნება); ბუნებისა - წარმოქმნა, ზრდა, ხრწნა, მცენარეები და ცხოველები; ბედისა - იშვიათობანი და მოულოდნელობანი (რადგან ბედს განსაზღვრავენ, როგორც თანხვდომასა და თანხვედრას ორი მიზეზისას, რომელთაც არჩევანისგან აქვთ დასაბამი და რომლებიც ჩვეულებრივისგან განსხვავებულ რამეს სრულყოფენ, როგორიცაა, მაგალითად, საფლავის თხრისას განძის პოვნა, რადგან არც განძის ჩამდებს ჩაუდია იგი იმ მიზნით, რომ გამთხრელს ეპოვა, არცა მპოვნელს უთხრია საფლავი იმ მიზნით, რომ განძი ეპოვა, არამედ პირველმა ჩადო იმიტომ, რომ სურვილისამებრ ამოეღო, ხოლო მეორემ გათხარა იმიტომ, რომ საფლავი ჰქონოდა, მაგრამ მოხდა კი იმისგან განსხვავებული რამ, რა არჩევანიც ორივე მათგანს ჰქონდა); ხდომილებისა - უსულოთა და პირუტყვთა შემთხვევები, რაც არც ბუნებრივია, არც ხელოვნური.

აი, ამგვარად ამბობენ ისინი. მაგრამ რომელ მათგანს დავუქვემდებაროთ ადამიანთაგან [ნამოქმედარნი], თუკი ადამიანი თვითვე არ არის მიზეზი და სათავე საქმისა? მართლაც, არც ის შეიძლება, რომ ღმერთს განვუკუთვნოთ ზოგი მისი უშვერი და უსამართლო საქმე, არც აუცილებლობას (რადგან ამგვარი საქმეები მარადის იგივედ მყოფთა თვისება არაა), არც სვეს (რადგან სვეს ეკუთვნის არა ის, რაც შესაძლებელია, არამედ ის, რაც აუცილებელია), არც ბუნებას (რადგან ბუნების საქმეა ცხოველები და მცენარეები), არც ბედს (რადგან ადამიანთა საქმეები იშვიათი და მოულოდნელი არ არის), არც ხდომილებას (რადგან უსულოთა და პირუტყვთა შემთხვევებს ამბობენ ხდომილების კუთვნილებად). ამრიგად, რჩება ის, რომ ვინც საქმეს აკეთებს, ესე იგი, თვით ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმეების სათავე და მათზე უფლებამოსილი.

კიდევ, თუ ადამიანი არანაირი საქმის სათავე არ არის, ზედმეტი ყოფილა მისთვის განმზრახველობა, რადგან რაში გამოიყენებდა იგი განზრახვას, თუ არანაირი საქმის ბატონ-პატრონი არ იქნებოდა? ყველა განზრახვის საგანი ხომ საქმეა უკიდურესი უგუნურება იქნებოდა, თუკი ზედმეტად წარმოგვიჩნდებოდა ის, რაც ადამიანის ნიჭთა შორის უმშვენიერესია და უპატიოსნესი. ასე რომ, თუკი რაიმეს განიზრახავს ადამიანი, საქმისათვის განიზრახავს, რადგან სწორედ საქმისთვისაა და საქმის გამოა ყოველი განზრახვა.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი