წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეთხუთმეტე

სახეობაში და ინდივიდში განჭვრეტილი ბუნების შესახებ, შეერთებისა და ხორცქმნის განსხვავების შესახებ; აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავიგოთ „ღმერთი-სიტყვის ერთი ბუნება, ხორცშესხმული“

ბუნება შეიცნობა ან ლიტონი ხედვით (რადგან იგი თავისთავად არ გვამოვნობს), ან - ზოგადად ყველა თანასახოვან ჰიპოსტასში, არის რა მათი შემაკავშირებელი (და ითქმის სახეობაში ხილულ ბუნებად) ან კიდევ - მთლიანად იმავედ ერთ ჰიპოსტასში, შემთხვევითთა შეთვისებით (და ითქმის ინდივიდში ხილულ ბუნებად).

ამიტომ, ხორცშესხმულ ღმერთსიტყვას არც ლიტონი ხედვით შეცნობადი ბუნება მიუღია (რადგან ეს იქნებოდა არა ხორცშესხმა, არამედ ნატყუარობა და ხიბლი ხორცშესხმისა), არც ის, რაც სახეობაში განიჭვრიტება (რადგან ყველა ჰიპოსტასი როდი მიიღო მან. არამედ - ის, რაც ინდივიდშია და რაც იგივეა იმისა, სახეობაში რომ არის (რადგან ჩვენეული ცომის სათავე მიიღო მან, თუმცა - არა თავისთავად შეგვამოვნებული, არა ადრევე ინდივიდად წარმოჩენილი და ამ სახით მისგან შეთვისებული, არამედ - მის ჰიპოსტასში არსებობადაწყებული, რადგან თვით ღმერთთსიტყვის ჰიპოსტასი გახდა ჰიპოსტასი ხორცისა და, ამის შესაბამისად, სიტყვა ხორცი გახდა, ცხადია, გარდაუქმნელად, ხორცი - სიტყვა, შეუცვლელად, ხოლო ღმერთი - ადამიანი (რადგან ღმერთია სიტყვა), ადამიანი კი - ღმერთი (ჰიპოსტასური ერთობის გამო).

ამიტომ, იგივეობრივად ითქმის სიტყვის ბუნება და ბუნება ინდივიდში, რადგან იგი ცხადყოფს არა ინდივიდს ანუ ჰიპოსტასს საკუთრივად და მხოლოობითად, არა, აგრეთვე, ჰიპოსტასთა საერთოობას, არამედ ჰიპოსტასთაგან ერთში განჭვრეტილ და გამოძიებულ საერთო ბუნებას.

ამრიგად, სხვა არის შეერთება და სხვა - ხორცშესხმა, რადგან შეერთება მხოლოდ შეკავშირებას ცხადყოფს, მაგრამ - არანაირად იმას, თუ რისდამი მოხდა შეკავშირება, მაშინ როცა ხორცშესხმა (ანუ იგივე იქნებოდა გვეთქვა: განკაცება) წარმოაჩენს ხორცთან ანუ ადამიანთან შეკავშირებას, ისევე როგორც ცეცხლქმნა - ცეცხლთან შეერთებას. ამიტომ, თვით ნეტარი კირილე, განმარტავს რა სიტყვებს: „ერთი ბუნება ღმერთი-სიტყვისა, ხორცშესხმული“ ამგვარად ამბობს სუკენსონისადმი მეორე ეპისტოლეში: „თუ ვიტყოდით „ერთ ბუნებას სიტყვისას“ და აქ დავდუმდებოდით, არ დავურთავდით რა „ხორცშესხმულს“, რითაც თითქოსდა ჩამოვაშორებდით მას განკაცებას, მაშინ, ალბათ, დაუჯერებელი არ იქნებოდა იმათი ნათქვამი, რომლებიც ასეთ შეკითხვას პირმოთნეობენ: „თუ მთლად ერთი ბუნებაა იგი, სადღაა [მისი] სისრულე ადამიანობაში? ანდა როგორ შეგვამოვნდა ჩვენეული არსება [მასში]?“ მაგრამ რადგან ადამიანობაში სისრულე და ჩვენეული არსების ცხადყოფა შემოაქვს სიტყვას „ხორცშესხმული“, დაცხრეს ყველა, ვისაც ლერწმის კვერთხი უპყრია საყრდენად“ (ეპ. 46).

ამრიგად, კირილემ აქ „ბუნება სიტყვისა“ ბუნებასთან დაკავშირებით განაწესა, რადგან ჰიპოსტასის ნაცვლად რომ შემოეტანა მას ბუნება, მაშინ აღარ იქნებოდა უმართებულო, რომ „ხორცშესხმულის“ გარეშეც ეთქვა [ზემორე სიტყვები], რამეთუ ხსნილად ვამბობთ რა ერთ ჰიპოსტასს სიტყვისას, არ ვცოდავთ. მსგავსადვე, ლეონტი ბიზანტიელმაც ბუნებისადმი გაიგო კირილეს ნათქვამი და არა - პიპოსტასის სანაცვლოდ. ამასთან, მეორე ანათემატიზმის ბრალდებაში თეოდორიტეს მიმართ ამგვარად ამბობს ნეტარი კირილე: „ბუნება სიტყვისა ანუ პიპოსტასი, რაც არის თვით სიტყვა“. ასე რომ, ფრაზა „ბუნება სიტყვისა“ არც მხოლოდ ჰიპოსტასს აღნიშნავს, არც ჰიპოსტასთა საერთოობას, არამედ სიტყვის ჰიპოსტასში მთლიანად განჭვრეტილ საერთო ბუნებას.

ამრიგად, ის, რომ სიტყვის ბუნება განხორციელდა ანუ შეუერთდა ხორცს, ეს თქმულია, ხოლო სიტყვის ბუნება ხორცით ვნებულად დღემდე არასოდეს გვსმენია, თუმცა კი გვისწავლია, რომ ქრისტემ ხორცით ივნო.

ამრიგად, ნათქვამი: „ბუნება სიტყვისა“ ჰიპოსტასს არ წარმოაჩენს. ამიტომ, ის დაგვრჩენია ვთქვათ, რომ „ხორცშესხმა“ არის ხორცთან შეერთება, ხოლო ის, რომ სიტყვა ხორცი გახდა, თვით სიტყვის ჰიპოსტასის ხორცის ჰიპოსტასად გახდომას ნიშნავს გარდაუქმნელად. და ის, რომ ღმერთი ადამიანი გახდა, ადამიანი კი - ღმერთი, თქმულია, რადგან ღმერთია სიტყვა, თუმცა კი იგი გარდაუქმნელად გახდა ადამიანი. ამასთან, ის, რომ ღმრთეება ადამიანი გახდა ან ხორცი შეისხა მან ანდა განკაცდა, არასოდეს გვსმენია, მაგრამ ის, რომ ღმრთეება შეუერთდა ადამიანობას მის ჰიპოსტასთაგან ერთში, გვისწავლია. და რომ ღმერთი შეისახავს ანუ შეიარსებებს უცხოს, ესე იგი, ჩვენეულს, ეს თქმულია, რადგან თითოეულ ჰიპოსტასს განეწესება სახელი „ღმერთი“, მაგრამ „ღმრთეების“ თქმა ჰიპოსტასებზე არ ძალგვიძს იმის გამო, რომ „ღმრთეებად“ არც მარტოდენ მამა გაგვიგია, არც მარტოდენ ძე, არც მარტოდენ სულიწმინდა. ეს იმიტომ, რომ „ღმრთეება“ ბუნებას ცხადყოფს, ხოლო „მამა“ - ჰიპოსტასს, ისევე როგორც „ადამიანობა“ - ბუნებას, „პეტრე“ კი - ჰიპოსტასს. რაც შეეხება „ღმერთს“, იგი ბუნების ზოგადობასაც აღნიშნავს და თითოეულ ჰიპოსტასსაც განეწესება ომონიმურად, ისევე როგორც „ადამიანი“ რადგან „ღმერთი“ - ესაა საღვთო ბუნების მქონე, „ადამიანი“ კი - ადამიანურისა.

ყოველივე ამასთან ერთად უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მამა და სულიწმინდა არანაირი აზრით არ ზიარებულან სიტყვის ხორცშესხმას, თუ არა ღვთივნიშანდებათა გზით, აგრეთვე, სათნოჩენითად და განზრახვითად.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი