წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეერთე

როგორ ითქმის პირმშოდ მხოლოდშობილი ძე?

პირმშო არის პირველშობილი ანუ ის, ვინც ან მხოლოდშობილია ანდა სხვა ძმებზე უწინარესი. ამიტომ, თუ ღვთის ძეს პირმშოდ ვიტყოდით, მაგრამ არ ვიტყოდით მას მხოლოდშობილად, მაშინ უნდა გვეგულისხმა, რომ იგი პირმშოა ქმნილებებისა როგორც თითქოსდა ქმნილებად მყოფი, თუმცა რადგან პირმშოდაც და მხოლოდშობილადაც ითქმის იგი, გვმართებს, რომ ორივე შევუნარჩუნოთ მას, ვამბობთ რა, ერთი მხრივ, „პირმშოდ მთელი ქმნილების“ (კოლ. 1,15), რადგან ისიც ღვთისგანაა და ქმნილებაც ღვთისგანაა, თუმცა კი იგი, როგორც ღვთის და მამის არსებისგან მხოლო უმამოდ შობილი, მართებულად ითქმის მხოლოდშობილ პირმშო ძედ და არა პირეელქმნილად, ხოლო ქმნილება არა მამის არსებისგან, არამედ მამის ნებით შემოვიდა არარსებობიდან არსებობაში; მეორე მხრივ, თვითვეა „პირმშო მრავალ ძმას შორის“ (რომ. 8,29), რადგან იგი, მხოლოდშობილად მყოფი დედისგანაც, წილმქონე გახდა, ჩვენს მსგავსად, სისხლისა და ხორცისა და განკაცდა. ამასთან, ჩვენც მის მიერ ღვთის ძეები გავხდით, შვილებულნი ნათლისღების გზით.

თვით ბუნებითი ძე ღეთისა გახდა პირმშო ჩვენს შორის, რომლებიც მონიჭებით და მადლით ვიქეცით ღვთის ძეებად და წარმოვჩნდით მის ძმებად. ამიტომ ამბობდა იგი: „ავდივარ ჩემი მამის და თქვენი მამის მიმართ“ (იოანე 20,17). არ უთქვამს: „თქვენი მამის“, არამედ: „ჩემი მამის“ (ცხადია, ბუნებითის) და „თქვენი მამის“ (მათთვის მადლისმიერის), აგრეთვე: „ჩემი ღმერთის და თქვენი ღმერთის მიმართ“ (იოანე 20,17). არ უთქვამს: „ჩვენი ღმერთის“, არამედ: „ჩემი ღმერთის“ (თუკი დაწვრილმანებული ჩაძიებებით განყოფ ხილულს გონებისეულისგან) და „თქვენი ღმერთის“ (როგორც შემოქმედისა და უფლის).

მათ მიმართ, რომლებიც გვეკითხებიან: ერთიან ოდენობას განეკუთვნება ორი ბუნება თუ გამიჯნულს?

უფლის ბუნებანი არც ერთი სხეულია, არც გამოსახულება, არც ერთი მოხაზულობა, არც ადგილი და არც ჟამი, რომ ამით ერთიან ოდენობას განვუკუთვნოთ, რადგან ესენია, რაც ერთიანად აღირიცხება. უფლის ბუნებანი შეურევლად შეერთებულნი არიან ჰიპოსტასის მიხედვით და განუყოფლად განყოფილნი - განსხეავების ნიშნით და გვარით. რა სახითაც შეერთებული არიან ისინი, არ აღირიცხებიან, რადგან არ ვამბირთ, რომ ქრისტეს ბუნებანი ორი ჰიპოსტასია ანდა ორია ჰიპოსტასის მიხედვით. მეორე მხრივ, რა სახითაც განუყოფლად განიყოფვიან ისინი, [იმ სახით] აღირიცხებიან1, რადგან ორია ბუნება განსხვავების ნიშნით და გვარით, რამეთუ ჰიპოსტასურად შეერთებულნი და ურთიერთში დამტევნელნი შეურევლად შეიერთებიან, არ იღებენ რა ურთიერთისადმი ცვალებადობას და იცავს რა თითოეული თავის ბუნებისეულ განსხვავებას შეერთების შემდეგაც. მართლაც, ქმნილი ქმნილად დარჩა, უქმნელი კი უქმნელად. ამიტომ, ისინი, მხოლოდღა განსხვაეების გვარით აღრიცხულნი2, გამიჯნულ ოდენობას განეკუთვნებიან, რადგან არაფრით განსხვავებულთა აღრიცხვა3 შეუძლებელია, აღირიცხებიან კი იმის მიხედვით, რითაც სხვაობენ. ასე მაგალითად, პეტრე და პავლე არ აღირიცხებაა იმის მიხედვით, რითაც შეერთებულები არიან, რადგან არსების ნიშნით შეერთებულები ორი ბუნება არ არის და არც ითქმის ასე, მაგრამ ჰიპოსტასის მიხედვით განსხვავებულნი ორ ჰიპოსტასად ითქმიან. ასე რომ, განსხვავება არის რაოდენობის მიზეზი.

 

1. ე.ი. დაითვლებიან.

2. ე.ი. დათვლილნი.

3. ე.ი. დათვლა.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი