წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეხუთე

აღმოსავლეთისაკენ თაყვანისცემის შესახებ

არც უბრალოდ, არც შემთხვევით არ ვასრულებთ თაყვანისცემას აღმოსავლეთით, არამედ რადგან შედგენილნი ვართ ხილული და უხილავი ანუ გონისმიერი და გრძნობადი ბუნებისგან, ამიტომ თაყვანისცემასაც ორმაგს შევწირავთ შემოქმედს, ისევე როგორც, მაგალითად, გონებითაც ვფსალმუნებთ და სხეულებრივი ბაგეებითაც, ანდა ნათელვიღებთ წყლითაც და სულითაც, ან კიდევ ვუერთდებით უფალს ორმაგი სახით, ვხდებით რა, ერთი მხრივ, საიდუმლოთა1 წილმქონეები, მეორე მხრივ კი - სულის მადლისა.

ამიტომ, რადგან ღმერთი არის გონისეული სინათლე (შდრ. იოან. 1,5), ქრისტე კი წერილში სახელდებულია „სიმართლის მზედ“ (მალაქ. 3,20) და „აღმოსავლეთად“ (ზაქარ. 6,12), აღმოსავლეთი უნდა განვუკუთვნოთ მას თაყვანისცემისათვის, რადგან ღმერთს უნდა განეკუთვნოს ყოველივე კარგი, ვისგანაც კეთილდება ყველა სიკეთე. საღვთო დავითსაც უთქვამს: „დედამიწის სამეფოებმა აქეთ ღმერთი, უფსალმუნეთ უფალს, ზეამავალს ცათა ცაზე აღმოსავლეთით“ (ფს. 67,33-34). კვლავაც ამბობს წერილი: „ღმერთმა დანერგა სამოთხე ედემში აღმოსავლეთით, სადაც დაამკვიდრა ადამიანი, რომელიც შექმნა“ (შესაქ. 2,8) და რომელიც გარდასვლის შემდეგ შვების სამოთხიდან გამოაძევა მან და დაასახლა სამოთხის პირდაპირ, - ცხადია, დასავლეთით.

ამრიგად, ვეძიებთ რა დასაბამიერ სამშობლოს და მას მივაპყრობთ რა მზერას, თაყვანს ვცემთ ღმერთს. ამასთან, მოსესეულ კარავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა კრეტსაბმელი2 და სალხინებელი. იუდას ტომიც, როგორც უფრო ღირსეული, აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭე აღმოსავლეთით იყო მოთავსებული. თვით უფალიც ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი, ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას, მისდამი მზერამიპყრობილნი. ამასთან, იგი ზეამავალიც აღმოსავლეთით მაღლდებოდა. ასე სცეს მას თაყვანი მოციქულებმა და იმგვარადვე მოვა, რაგვარადაც იხილეს იგი ცისკენ მავალი, როგორც თქვა თვით უფალმა: „რა სახითაც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და ჩანს დასავლეთამდე, იმ სახითვე იქნება ადამიანის ძის მოსვლა“ (მათ. 24,27). ამიტომ, მოველით რა მას, აღმოსავლეთისკენ ვცემთ თაყვანს. ხოლო ესაა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემა, რადგან ბევრი რამ დაუწერლად გადმოგვცეს მათ.

 

1. ე.ი. მაცხოვრის ხორცად და სისხლად გარდაქმნილი პურისა და ღვინისა.

2. ე.ი. ფარდაგი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი