წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამერვე

წმინდანთა და მათი ნაწილების პატივისცემის შესახებ

პატივი უნდა მივაგოთ წმინდანებს როგორც ქრისტეს მეგობრებს, როგორც ღვთის შვილებსა და მემკვიდრეებს, ღეთისმეტყველი მახარებლის თქმისებრ „ხოლო რომლებმაც მიიღეს იგი, მისცა მათ უფლებასმოსილება ღვთის შვილებად გახდომისა“ (იოანე 1,12). „ასე რომ, აღარ არიან ისინი მონები, არამედ - ძეები, ხოლო თუ ძეები არიან, - მემკვიდრეებიც; მემკვიდრეები - ღვთისა, თანამემკვიდრეები კი - ქრისტესი“ (გალატ. 4,7; რომ. 8,17). უფალიც ასე ეუბნება მოციქულებს წმინდა სახერებებში: „თქვენ მეგობრები ხართ ჩემი. აღარ გიწოდებთ თქვენ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი“ (იოანე 15,14). თუკი ყოველთა შემოქმედი და უფალი „მეუფეთა მეუფედ“, „უფალთა უფლად“ და „ღმერთთა ღმერთად“ ითქმის, უეჭველია, რომ წმინდანებიც ღმერთები, უფალნი და მეუფენი არიან. მათ ღმერთად, უფლად და მეუფედ ითქმის და არის კიდეც ღმერთი. ასე ეუბნება იგი მოსეს: „მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა“ (გამოსვლ. 3,6). მოსეც ფარაონის ღმერთად გახადა ღმერთმა.

ამასთან, არათუ იმას ვამბობ, რომ ბუნებით არიან ისინი ღმერთები, მეუფეები და უფალნი, არამედ იმას, რომ ვნებათა მეუფენი და უფალნი არიან და - გაუკუღმართების გარეშე დამცველნი საღვთო ხატის მსგავსებისა, რის მიხედვითაც შეიქმნენ (რადგან მეუფედ ითქმის მეუფის ხატიც), აგრეთვე, - შეერთებულნი ღმერთთან არჩევანის მიხედვით, და შთანამკვიდრად1 მიმღებნი ღვთისა, რომელთან წილმქონეობითაც მადლით ხდებიან ის, რაც თვით იგი ბუნებით არის.

ამიტომ, როგორ არ უნდა მივაგოთ პატივი მათ, რომლებიც ღვთის მსახურებად, მეგობრებად და ძეებად წარმოჩნდნენ? მართლაც, კეთილგონიერ თანამონათა მიმართ2 პატივისცემა დასტურია საერთო მეუფისადმი კეთილგანწყობისა.

ისინი გახდნენ ღვთის განძთასაცავები და წმინდა სავანეები, რადგან ღმერთი ამბობს: „შთავმკვიდრდები და მიმოვივლი მათში და ვიქნები მათი ღმერთი“ (2 კორ. 6,16). საღვთო წერილი ამბობს, რომ „მართალთა სულები ღვთის ხელშია და არ შეეხება მათ სიკვდილი“ (სიბრძნ. 3,1), რადგან წმინდანთა სიკვდილი ძილი უფროა, ვიდრე სიკვდილი, რამეთუ „ისიხი დაშვრნენ ამ საუკუნეში და იცოცხლებენ ბოლოს“ (ფს. 48,10) და „საპატიოა უფლის წინაშე მის წმინდანთა სიკვდილი“ (ფს. 115,6). ამრიგად, რა არის ღვთის ხელში ყოფნაზე უფრო საპატიო? მართლაც, სიცოცხლეა და სინათლე ღმერთი, და ღვთის ხელში მყოფნი სიცოცხლეში და სინათლეში იმყოფებიან. ხოლო ის, რომ გონების მიერ მათ სხეულებშიც შთამკვიდრდა ღმერთი, ამას ამბობს საღვთო მოციქული. „არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში შთამკვიდრებული სულიწმინდისა?“ (2 კორ. 6,19), „უფალი კი არის სული“ (2 კორ. 3,17) და „თუ ვინმე გახრწნის ღვთის ტაძარს, გახრწნის მას ღმერთი“ (1 კორ. 3,17). ამიტომ, როგორ არ არიან პატივმისაგებნი ღვთის განსულიერებული ტაძრები, ღვთის განსულიერებული სავანეები? ისინი, ცოცხალნი, გაბედულად წარუდგებიან ღმერთს.

მეუფე ქრისტემ მაცხოვნებელ წყაროებად მოგვმადლა ჩვენ წმინდანთა ნაწილები, რომლებიც მრავალგვარად გვიწყაროებენ ქველმოქმედებებს და კეთილსურნელების მირონს უშურველობენ. ნურავინ იქნება ურწმუნო, რადგან თუ ღვთის განზრახვამ უდაბნოში პიტალო კლდიდან გადმოადინა წყალი, მწყურვალი სამსონისთვის კი - ვირის ყბისგან, განა დაუჯერებელია, რომ მოწამეობრიე ნაწილთაგან კეთილსურნელოვანი მირონი ამოღვაროს მან? არანაირად არ არის ეს დაუჯერებელი, მათთვის მაინც, რომლებმაც უწყიან ღვთის ძალა და ის პატივი, რაც მისგან აქვთ წმინდანებს.

რჯულის მიხედვით უწმინდურად წარმოჩნდებოდა ყველა ის, ვინც მკვდარს შეეხებოდა, მაგრამ ესენი3 მკვდრები არ არიან, რადგან მას შემდეგ, რაც მკვდართა შორის შეირაცხა ის, ვინც არის თვითსიცოცხლე და მიზეზი სიცოცხლისა, მკვდრებად აღარ ვუწოდებთ მათ, რომლებიც აღდგომისეული სასოებითა და ღვთისადმი სარწმუნოებით არიან დაძინებულნი. მართლაც, როგორ ძალუძს საკვირველთმოქმედება მკვდარ სხეულს? როგორ ხდება, რომ მათ მიერ4 განიდევნებიან ეშმაკები, განიკურნებიან უძლურნი, თვალებს ახელენ ბრმები, განიწმინდებიან კეთროვნები, განქარდება განსაცდელი და მწუხარება, გადმოდის ყოველი კეთილი მოსაცემელი ნათელთა მამისგან ამ სხეულთა მიერ მათზე, რომლებიც დაუეჭვებელი რწმენით არიან მთხოვნელნი? რამდენს უნდა ეცადო, რომ იპოვო ვინმე ქომაგი, ვინც მოკვდავ მეფესთან წარგადგენს შენ და შენს გამო სიტყვას ეტყვის მას? ამიტომ, როგორ არ უნდა ვცემდეთ პატივს მთელი ჩვენი მოდგმის მეოხთ, რომლებიც ჩვენს გამო ევედრებიან ღმერთს? დიახ, პატივს უნდა ვცემდეთ მათ, ამასთან მათ სახელზე ტაძრებსაც უნდა ვუგებდეთ ღმერთს, ძღვენსაც შევწირავდეთ და მათ ხსენებასაც აღვასრულებდეთ, ხოლო ხსენებათა ჟამს სულიერად განვიხარებდეთ, რომ ეს სიხარული მაწვეველთა5 საკადრისი იყოს, რათა არ მოხდეს ისე, რომ მათი მომადლიერების მცდელობისას პირიქით, განვარისხოთ ისინი, რადგან, რითაც ღმერთი მოიმადლიერება, იმით მისი მსახურნიც განიხარებენ, მაგრამ რაც ანაწყენებს ღმერთს, ის ღვთის აბჯროსანთა განმანაწყენებელიცაა. ამიტომ, მორწმუნენო, მოვიმადლიეროთ წმინდანები „სულიერი ფსალმუნებით, ჰიმნებითა და საგალობლებით“ (ეფეს. 5,19), ასევე, ლმობიერებითა და გაჭირვებულთა შეწყალებით, რითაც ყველაზე მეტად მოიმადლიერება, აგრეთვე, ღმერთი. სტელები6 აღვუმართოთ მათ და ხილული ხატები, თვით ჩვენ კი მათი განსულიერებული სტელები და ხატები გავხდეთ მათეულ სათნოებათა ბაძვით.

პატივი მივაგოთ ღვთისმშობელს როგორც საკუთრივად და ჭეშმარიტად დედას ღვთისას, აგრეთვე - წინასწარმეტყველ იოანეს როგორც წინამორბედსა და ნათლისმცემელს, როგორც მოციქულსა და მარტვილს, რადგან უფლის თქმით, „ქალთაგან ნაშობთა შორის არავინ წარმომდგარა იოანეზე უფრო დიდი“ (მათე 11,11), რომელიც გახდა პირველი ქადაგი სასუფევლისა; კიდევ - მოციქულებს როგორც უფლის ძმებს, მის თვითმხილველებსა და მის ვნებულებათა მსახურებს, რომლებიც ღმერთმა და მამამ „წინასწარ იცნო და წინასწარ განსაზღვრა თანახატებად თავისი ძის ხატისა“ (რომ. 8,29), „პირველად - მოციქულები, მეორედ - წინასწარმეტყველები, მესამედ - მწყემსები და მასწავლებლები“ (1 კორ. 12,28), აგრეთვე - უფლის მოწამეები, ყველა ამ მწყობრისგან გამოკრებილნი, როგორც ქრისტეს მხედრები, რომლებმაც შესვეს მისი სასმელი და ნათელიღეს მისი ცხოველმყოფელი სიკვდილის ნათლისღებით, როგორც აგრეთვე მოზიარენი მისეული ენებულებებისა და დიდებისა, რომელთა მხედართმთავარია ქრისტეს პირველდიაკონი, მოციქული და პირველმოწამე სტეფანე; [პატივს ვცემდეთ], აგრეთვე, ჩვვნს წმინდა მამებს, ღმერთშემოსილ ასკეტებს, რომლებმაც სინდისის უფრო ხანგრძლივი და უფრო სამძიმო მარტვილობა მოიღვაწეს, რომლებიც „მიმოდიოდნენ ხალენებით“7 და თხის ტყავებით, არასმქონენი, შეჭირვებულნი, გატანჯულნი, უდაბნოებში, მთებში, გამოქვაბულებში და მიწის ნაპრალებში მოხეტიალენი, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყნიერება“ (ებრ. 11,37-38), [პატივს ვცემდეთ] იმათ, რომლებიც მადლის უწინარეს8 იყვნენ: წინასწარმეტყველთ, მამათმთავართ, მართალთ, რომლებმაც წინასწარ გააცხადეს უფლის მოსვლა. განვჭვრიტოთ ყველა მათგანის მოღვაწეობა და ვეშურვოთ მათეულ სარწმუნოებას, სიყვარულს, სასოებას, მოშურნეობას, ცხოვრებას, ვნებულებათა გამძლეობას და მოთმინებას ვიდრე სისხლის დანთხევამდე, რომ დიდების გვირგვინთა მოზიარენიც ვიყოთ მათთან.

 

1. ე.ი. მათში მოსახლედ, მათში დამკვიდრებულად, ჩანამკვიდრად, მათში მყოფად (ბერძ. ένοικος).

2. ე.ი. წმინდანთა მიმართ.

3. ე.ი. წმინდანები.

4. წმინდანთა ნაწილების მიერ.

5. ე.ი. წმინდანთა, რომლებიც საკუთარ ხსენებათა დღესასწაულზე გვიწვევენ, გვიხმობენ და შემოგვკრებენ ჩვენ.

6. სტელა - ბერძნ. ή στήλη (სვეტი, ბოძი) - აქ იგულისხმება საფლავის სტელა. შდრ. ლათ. statua, ძვ. ქართ. „ძეგლი“ (ეფრემი: „ძეგლებსა უკუე აღუმართებდეთ მათ“, 123,1; არსენი: „ძეგლთა აღუმართებდეთ მათ“, 96,1).

7. ე.ი. ცხვრის ტყავებით.

8. ე.ი. მაცხოვრის, მაცხოვნებელი მადლის მოსვლამდე.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი