წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეთოთხმეტე

რის გამო შექმნა წინასწარმცოდნე ღმერთმა ისინი, რომლებიც შესცოდავდნენ და არ შეინანებდნენ?

ღმერთს სიკეთის გამო არარსებობიდან არსებობაში შემოჰყავს ქმნილებანი და სამომავლოთა წინასწარმცოდნეა იგი. ამიტომ თუ [ქმნილებანი] არ იარსებებდნენ, არც ბოროტნი იარსებებდნენ და არც წინასწარცოდნანი იქნებოდა მათ შესახებ, რადგან არსებულთათვის არის ცოდნა, წინასწარცოდნა კი - უეჭველი მომავლისთვის. მართლაც, პირველია არსებობა და შემდეგია კეთილად თუ ბოროტად არსებობა. ამიტომ, თუკი იმათ, რომლებსაც ღვთის სიკეთის მიერ არსებობა ელოდათ, დაუბრკოლდებოდათ შექმნა იმის გამო, რომ საკუთარი არჩევანით ბოროტნი უნდა გამხდარიყვნენ, მაშინ ბოროტება გამარჯვებული იქნებოდა საღვთო სიკეთეზე.

ამრიგად, ღმერთი ყოველივეს, რასაც ქმნის, კეთილს ქმნის, მაგრამ თითოეული, საკუთარი არჩევანისგან გამომდინარე, ან კარგი ხდება, ან ბოროტი. ამიტომ, თუმცა კი თქვა უფალმა: „ემჯობინებოდა იმ ადამიანისთვის, თუ არ იშვებოდა“ (მარკ. 14,21), მაგრამ ამის თქმით არათუ საკუთარი შესაქმე დაგმო მან, არამედ - ის ბოროტება, მის ქმნილებაზე რომ მოიწია ამ უკანასკნელის არჩევანითა და უგულისყურობით, რადგან მისი საკუთარი განზრახულების უგულისყურობამ უსარგებლო გახადა მისთვის შემოქმედის ქველმოქმედება, მსგავსად იმისა, ვინმეს რომ მეფისგან სიმდიდრე და მოთავეობა ჰბოძებოდა, მას კი ემძლავრა თავის ქველისმოქმედზე, ხოლო ამ უკანასკნელს შეეპყრო მოძალადე და ღირსეულად დაესაჯა, თუკი ნახავდა, რომ იგი ბოლომდე მოძალადედ რჩებოდა.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი