სადღესასწაულო განგება
წმიდათა ასი ათასთა მოწამეთა,
ხუარაზმელთაგან ტფილისს წამებულთა

თუესა ოქტომბრის 31-სა

დიდ მწუხრსა ზედა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელი

მუხლი 8. ჴმაჲ 5.

წმიდათა მოწამეთა.

ჵ, მრავალ-სახელოვანო მოწამენო, რაჟამს ბრძანებულისაებრ ჰყუეს ყოველი მტარვალთა და მოჰყვანდეს მამანი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ ყოფად, გარნა უმრავლესთა ქრისტესთჳს პყრობილთა საკჳრველი სიმჴნჱ აჩუენეთ და შეურაცხებაჲ წმიდათა ხატთაჲ, და შჯულისა დატევებაჲ არა თავს-იდეთ, არამედ კადნიერებითა და ახოვნებით აღიარეთ ქრისტე ღმერთი და თავისუფლებისა და პატივისა წილ გჳრგჳნი მარტჳლობისაჲ მიიღეთ.

ჵ, სანატრელი ყოფაჲ თქუენი გონიერი, რამეთუ შინებასა და ლიქნასა მძლავრთასა არა უარჰყავით თქუენ ქრისტე, შემოქმედი ჩუენი და უფალი, არამედ მოყუასი მოყუასსა განაძლიერებდით მეტყუელნი: „დავითმინოთ ერთ-გზის საშინელი სიკუდილი და მოვიღოთ მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთანა უკუდავებაჲ დაუსრულებელი“, რომლისათჳსცა ვიქადით კრებული ესე ღმრთივშეკრებული და ჴსენებასა თქუენსა პატივს-ვსცემთ ყოვლად-ქებულად მჴმობელნი.

ჵ, კეთილმსახურებისა სიმჴნითა დიდებულნო, ქრისტჱსთჳს პყრობილთა მათგან არცა ერთისა ჰასაკისა აღსავალსა ქუეშე იყვენით, არამედ რომელიმე თქუეგანნი ყრმაჲ, რომელიმე ჭაბუკ, რომელიმე მჴცოვან, რომელიმე ბერ, და რომელიმე უხუცეს, გარნა ყოველნი მიიწიენით ერთობითა სარწმუნოებისაჲთა სრულად საზომად ჰასაკისა სრულებასა მის ქრისტჱსისა, რომლისათჳსცა გიგალობთ ერთობასა შეერთებულსა სულისა მიერ წმიდისა.

ჵ, მრავალ-ბევრთაგან შეკრებულნო, თანა-მოწამე იქმენით და თანა-ზიარნი ურთიერთარს და ერთობით მიხუედით ასპარეზსა ვნებისასა, არა ყოველნი მამაკაც, არამედ რომელნიმე დედაკაც, გარნა ერთ ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ქრისტჱს მიერ ნათელღებულთა და ქრისტე შემოსილთა შორის არა არს რჩევაჲ მამა-კაცისაჲ და არცა დედა-კაცისაჲ, რომლისათჳს ერთობით იქებით ეკლესიასა შინა.

ჵ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალენო, რომელთა უძლურებაჲ დედობრივი განიოტეთ და ღუაწლსა მამაკაცებრ ახოვნად შეკადრნეთ, აწ დაშრიტეთ ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და დედანი და დანი ჩუენნი, ხატნი და ბეჭედნი მამულისა ყოფისანი, იჴსენით ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დაიფარეთ, რაჲთა ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჴსენებასა თქუენსა ადიდებდენ და კურთხეულითა ენითა ქართულითა დაუცხრომელად გნატრიდენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელთა მრავალ-სახენი ტანჯვანი მოითმინეთ და კეთილად სრულ-ჰყავთ სრბაჲ თქუენი, მარტჳლნო, და ესრეთ გჳრგჳნი ძლევისაჲ დაუჭნობელი მოიხუენით, აწ მოუვლინეთ რისხვაჲ ღმრთისაჲ ჩუენზედ აღძრულთა მათ უშჯულოთა მტერთა ჩუენთა, უფლისა განმარისხებელთა და მშჳდობაჲ და წყალობაჲ თქუენი აღურაცხელი მოჰმადლეთ სჯულდებულსა ერსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა, ჴსენებისა თქუენისა კეთილად აღმასრულებელთა და სურვილით პატივის-მცემელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

შესვლად. წარდგომა დღისა

საწინაწარმეტყველონი;

საკითხავი წმიდათა მოწამეთა 3. წერილ-არს სექტემბრის 13-ს

1. წინაჲსწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი. თავი 43. (ამას იტყჳს უფალი: ყოველნი წარმართნი შეკრბეს ერთბამად...)

2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)

3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...)

ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა,
ესრეთ მოწამეთა

არა ერთისა წესისა ქუეშე პყრობითა შეცულ იყვენით, ღუაწლისა-მძლენო, არამედ რომელნიმე თქუენგანნი ეპისკოპოს, რომელნიმე მღდელ, რომელნიმე დიაკონ და მსახურ ეკლესიისა, რო-მელნიმე მონაზონ და მოწესე, და რომელნიმე მსაჯულ და განმსჯელ ერისა, რომელნიმე მჴედართა შორის უპირატეს და რომელნიმე მჴედარ, გარნა ყოველნი შემწირველნი თავთა თჳსთა საკურთხეველსა ზედა ვნებისასა, ქრისტჱს ღმრთისა მიმართ, რომლისათჳსცა კრძალვით შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა თქუენსა და რაჟამს უგუნურნი ქრისტჱს მბრძოლნი, ურიდად შეგერინეს, ვითარცა კრავთა, და ერთი ერთსა უსწრობდეს, რომელნიმე მახჳლითა გცემდეს, რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა შეგჩხუპდეს და ჴორცთა თქუენთა უწყალოდა დასჭრიდეს, და რომელნიმე დანებითა განაპებდეს და ქუეშე ხიდისასა, მტკუარსა შინა ჩაჰყრიდეს, მაშინ სრულ-იქმნა წამებაჲ თქუენნი და გჳრგჳნსა დაუჭნობელსა მიემთხვიეთ, ხოლო აწ ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხორებაჲ ითხოვეთ ჩუენთჳს, რაჲთა სიხარულითა გულისაჲთა გნატრიდეთ.

ძლევით გჳრგჳნოსანნო მარტჳლნო, რაჟამს თავნი თქუენნი წარკვეთილნი ხიდსა მას ზედა ჰგორვიდიან და სიმეწამულჱ სისხლისა თქუენისაჲ, გარემოთა მათ ალაგთა მეტეხისათა შეამკობდა, სადაცა დათხეულ იყო სისხლი თქუენნი ყოვლად-წმიდაჲ, მაშინ სულნი თქუენნი, განწმედილნი ჴელთა შინა ზეციერისა მამათ-მთავრისა ერთობით აღვიდოდა.

მეწამულად სისხლითა პორფიროვან ქმნილნო, ოდეს დაჰფლნეს ლახვართაგან დაპებულნი წმიდანი გუამნი თქუენნი სიღრმესა მდინარისასა, მახლობლად მისა, სადა იგი დაწვეს ჴორცნი იგი წმიდისა დიდებულისა მოწამისა ჰაბოჲსნი, მიერითგან ურიცხუთა ჭირთა თფილისელთასა მრავალ-გზის დამჴსნელ იქმენით, რომლისათჳსცა გევედრებით, მარტჳლნო, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაღათუ იყვენით თქუენ მართლისა სარწმუნოებისა აღმსაარებელნი, გარნა არა ყოველნი ქართველნი, არამედ რომელნიმე უცხონი, უცხოჲთა შჯულითა მოსრულნი და ქრისტჱს, ჭეშმარიტისა ღმერთისა შემმეცნებელნი, და სანატრელთა მათ მოწამეთა: შუშანიკისა, რაჟდენისა და ჰაბოჲსა მიბაძვითა, მისთჳს თავისა შემწირველნი, რომლისათჳს ერნი საქართველოჲსანი ტაძრად თქუენდა მოვისწრაფვით და გაქებთ შემოკრებულნი ყოველნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ

ჵ, ყოვლად პატიოსანო მოწამენო, მეცა ურცხვენელად წარმადგინე წინაშე საყდარსა ქრისტესსა, სადა გჳრგჳნოსანი დამკჳდრებულ ხართ თქუენ, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი შემსხმელთა თქუენთა და ჴსენებისა თქუენისა კეთილად აღმასრულებელთა.

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

ღუაწლით შემოსილნო მოწამენო ათნო ბევრნო, მარადის უფლისა მვედრებელნო, აწ მომწყდართა თქუენთა თანა ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი, და შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთაჲ.

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

მოწამეთა პატიოსანი საჴსენებელი მოიწია დღეს, მხიარულმყოფელი მარტჳლთმოყუარეთა ქართველთა, რაჲთა მოვიღოთ კურნებაჲ, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღეს მადლი სულისა წმიდისა კურნებად სულთა ჩუენთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილად განშუენდების დღეს ქუეყანაჲ ჩუენი და ერი ქართველთაჲ განსცხრების, ვითარცა გჳრგჳნითა შემკული თქუენ მიერ, ჵ, მრავალ-სახელოვანო მოწამენო, ხოლო დღესასწაულიცა ჴსენების თქუენისაჲ ბრწყინვალედ განათლდების.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

კურთხევასა ზედა პურისასა,

ტროპარი I

ღუაწლით შემოსილნო მოწამენო ათნო ბევრნო, ევედრენით ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაჲთა მოჰმადლოს ქართველთა სარწმუნოებაჲ თქუენებრი, და დაიფაროს ქუეყანაჲ ივერიისა წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, ხოლო მკჳდრნი ტფილისისანი ყოვლისაგან ძვირისხილვისა.

ტროპარი II

თქუენზედა მოწევნადთა განსაცდელთა ვინმე-უძლოა, ათბევრობაო გუნდო მარტჳლთაო, რამეთუ ყვირილთა და ვაებათა საზარელთა ჴმათაგან იძრვოდა ყოველი, ხოლო თქუენ ბრძანებაჲ უშჯულოთაჲ არა ისმინნეთ, და ხატნი პატიოსანნი არა დათრგუნნეთ, არამედ თავნი თჳსნი დადეთ ქრისტესთჳს. მსხუერპლი ეგე სათნო იყო ღმერთმან და დაგადგათ ნათელი, ამისთჳს ჴსენებაჲ თქუენი ქებით აღესრულების.

ღმრთისმშობელო ქალწულო 1-გზის.

ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა

ტროპარი I - დიდება; ტროპარი II - აწდა

ღმრთისმშობლისა

შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა.

შევკრბეთ სარწმუნოებით, დღესასწაულის მოყუარენო ქართველნო, და ღაღად-ვჰყოთ ყოველთა აღტყუელვითა ხელთაჲთ^ა წინა მდებარესა ამას დღესასწაულსა ათთა ბევრთა მოწამეთასა, რაჲთა ზეცისა მხედრობათა თანა ვიხარებდეთ. 2-გზის

დიდებაჲ... აწდა...

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმო-ბდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა.

რომელნი დაგკლნეს უწყალოდ მახვილითა, ვითარცა ცხოვარნი, რომელთამე გიგმირეს მუცელსა, რომელნიმე შუა განგკუეთეს, და რომელნიმეს გიხეთქეს თავსა და ესრეთ აღგასრულნეს, ვითარცა ჰეროდემ ჩჩჳლნი უმანკონი და ვითარცა ზაქარიაჲ უბრალოდ დაკლული. ამისთჳსცა შემოკრებულნი ესე პატივს-გცემთ თქუენ და გაქებთ ყოველნი მორწმუნენი. 2-გზის

დიდებაჲ... აწდა...

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა.

აწ მოგვფინეთ მადლი ლოცვისა თქუენისაჲ, ათნო-ბევრნო, და ნუ განგვწირავთ მოქენეთა თქუენთა, არამედ ითხოვეთ ქრისტჱსაგან, შემწენო განუყოფელნო და უძლეველნო, რაჲთა დაამჴუნეს მტერნი ჩუენნი ცბიერნი და ძლევაჲ მოსცეს შჳლად ღმრთისა გამორჩეულსა ერსა ჩუენსა, ქრისტჱს სისხლითა მოსყიდულთა და განთავისუფლებულთა, და ერად საზეპუროდ აღნიშნულთა და აღწერილთა. 2-გზის

დიდებაჲ... აწდა...

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმაჲ 4

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

დიდებაჲ... აწდა...

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

აღსავალი I, მეოთხეს ხმისა;

წარდგომაჲ, ჴმაჲ 7

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.

ყოველი სული... სახარება მათესი, თავი 10. მუხლი 16. (რქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, აჰა მე მიგავლინებ თქუენ...) დასასრული, მუხლი 23-მდე. (სრულიად იგი ცხონდეს..)

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა გერი.

მღჳძარე მწყემსად მოგიგიებთ თქუენ, ყოვლად წმინდანო, ათბევრობაო გუნდო მარტჳრთაო, საღმრთოო შეკრებულებაო, რამეთუ მტერთა ძჳრის ზრახვასა ადვილად განდევნით, და ეკლესიასა მოსცემთ მშჳდობასა, ღუაწლისა მძლენო, ამისთჳს ჩუენ ყოველნი დღესასწაულსა ამას თქუენსა დღესასწაულობად შეკრებილნი დაუცხრომელად გნატრით.

 

კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6
კანონი წმიდათა მოწამეთა, მუხლი 8. ჴმაჲ 1

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 1 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამებისა ნათლითა განათლდით, ყოვლად ქებულნო, და ანგელოზთა წესთა თანა აღირაცხეთ, რომელთა თანა იხარებთ და განსცხრებით მარადის, ათნო-ბევრნო მოწამენო, და საკჳრველთმოქმედებითა ცხადად ჰკურნებთ.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჵ მოწამენო დიდნო, ღუაწლით შემოსილნო, სურვილით მგალობელნი თქუენნი გჳჴსენით ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ ცათა სასუფეველსა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელნი ერთსა უფალსა ეზიარენით, და ერთი სარწმუნოებაჲ განუგმობელად დაიცევით, და ერთი ნათლისღებაჲ, და შჳლებაჲ ღმრთისაჲ არა მონა ჰყვენით, აწ კარნი წყალობისანი განგვიხვენით ლოცვითა თქუენითა, გევედრებით.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქუენთაო, ქრისტეს სარწმუნოებისათჳს წამებულნო, პატიოსანნო მოწამენო ათნო ბევრნო, მეოხებითა თქუენითა დაგჳფარეთ მორწმუნენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგჳხუენ ჩუენ, ქალწულო.

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გუამისა მიერ დაბძარვითა გუამითთა მათ წყლულებათა მჴსნელისა ჩუენისათა ეზიარეთ, ახოვანნო, ჯუარითა ჭურვილნო მჴედარნო ქრისტჱსნო, და შარავანდედი სიკეთისაჲ და გჳრგჳნი სიმართლისაჲ მართლისა მისგან მსაჯულისა მიიღეთ.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არად შერაცხეთ თქუენ გულის-წყრომაჲ ჯალალედინისაჲ, რომელი გაიძულებდათ შეურაცხებასა წმიდათა ხატთასა, არამედ კრძალვით თაყუანის-ეცით, მოწამენო, ბრწყინვალესა ხატთა ქრისტჱს მეუფისასა და ყოვლადწმიდისა მშობელისა მისისასა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა აღირჩიეთ თქუენ, მარტჳლნო შუენიერნო, წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყავ სახელი ქრისტესი, რომლისათჳსცა იწამეცა და დასდევ სული თქუენი მისთჳს, ხოლო აწ ქართველთა ერთა ჰფარავთ და იჴსნით მარადის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქუენ ქრისტესთჳს ვნებითა და სიკუდილითა, შეჰმუსრეთ თავი იგი ამპარტავანისა გუელისაჲ, რომლისათჳსცა ენასა ჩუენსა უძლურად მეტყუელსა მოეცით ძალი, რაჲთა შეგითხზნათ საგალობელი ესე დიდებისაჲ და ძლევისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, პატიოსანნო მოწამენო მრავალ-ბევრთაგან შეკრებულნო, და მძლავრთა უღმრთოებანი ამხილეთ, მჴნენო, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღეთ და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირეთ, წმიდითა მეოხებითა თქუენითა მიანიჭებთ ყოველთა ცოდვათა შენდობასა.

დიდებაჲ... აწდა...

აჰა, ესერა ზეცისა დიდებასა დაემკჳდრენით თქუენ და მოგეცათ სუფევაჲ სამარადისოჲ და ზიარებითა საღმრთოჲთა განღმრთობილ ხართ, ათნო ბევრნი მოწამენო, მოგჳჴსენენით აწ მგალობელნი თქუენნი და ჴსენებისა თქუენისა მადიდებელნი.

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამებისა ტრფიალთა საღმრთოთა მოწამეთა, რიცხვით ათთა ბევრთა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი და ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა თქუენსა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განაქარვეთ თქუენ ყოველნივე მტერისა სიბორგილენი, ღუაწლისა მძლენო, და ბრძოლანი მისნი ფიცხელნი, რამეთუ გაქუნდათ ღმრთისა მიერ უძლეველი ძალი.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აწ წინაშე საყდართა გუნდსა თანა მოწამეთასა მდგომარენი ხართ, მარტჳლნო, სავსენი საღმრთოჲთა სრულებითა გჳრგჳნთაჲთა და დაუცხრომელად მეოხ-ხართ ჩუენ ყოველთათჳს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარადის უფლისა მვედრებელნო, აწ მომწყდართა თქუენთა თანა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი და შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოჲ, მრავალმოწყალე.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ვარსკულავნი ყოვლად ბრწყინვალენი აღმობრწყინდით თქუენ, ყოვლად ქებულნო, და უღმრთოებისა ბნელსა იოტებთ მორწმუნეთაგან და ვნებათა ალმურსა განაბნევთ მადლითა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ელვაჲ მზისაჲ და ბრწყინვალებაჲ მთოვარისაჲ განანათლებს სოფელსა, ეგრეთვე განანათლეთ ეკლესიაჲ ქრისტჱს ღმრთისაჲ ღუაწლთა თქუენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გამობრწყინდით ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა, ყოვლად დიდებულნო მოწამენო, და განაქარვეთ თქუენ სიბნელჱ იგი საცთურისა. ამისთჳს აწ განდიდნა სახელი წამებისა თქუენისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გამოჩნდით ბრწყინვალე მნათობად, რიცხვით ათნო ბევრნო მოწამენო, და განანათლებთ საღმრთოჲთა შარავანდედთა მიერ, რომელნი სარწმუნოებით გიღაღადებენ: ევედრეთ ჩუენთჳს ქრისტესა მეუფესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკჳდრებელად თჳსად შეგიწყნარა და იჴსნნა კაცნი.

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ, და გიღაღადებ: მიჴსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღსარებითა მართლითა შეიწყნარეთ შორის თქუენსა ქრისტე, ბრძენნო, და სისხლი თქუენი შერთეთ სისხლთა თანა მარტჳლთასა და მათ თანა მიიღეთ გჳრგჳნი იგი დიდებისა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დაკლვითა და სისხლითა მოიპოვეთ მადლი სულიერი, მოწამენო, დღეს ჴსენებასა თქუენსა ვიხარებთ და ვაქებთ დამბადებელსა, რომელმანცა მოგცნა მადლნი ეგე ვითარნი, შემწენო ჩუენნო.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მართლმადიდებლობისა სუეტნო მტკიცენო, შებრკოლებული ესე და ქუეყანად დაკუეთებული აღმადგინეთ, რაჲთა ვპოო შეცოდებათა ჩემთა შენდობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ზეცით გარდამო წყალობითა მოგუხედეთ, მრავალმოღუაწენო, მვედრებელთა თქუენთა, და გჳჴსენით სენთა და სალმობათაგან. და ვნებათა ჭირთა და განსაცდელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა ძჱ შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოჲ გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

კონდაკი, ჴმაჲ 4

დიდებულნო მოწამენო ათნო-ბევრნო, ნეტარ არს მიწაჲ იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და წმიდა არს წყალი იგი დიდისა მის მდინარისა მტკუარისაჲ, რომელი იქცა სამო-სელ და საფლავ თქუენდა, ვინაჲცა ამპარტავნებაჲ ჯალალედინისაჲ დაამხუეთ და თავნი თჳსნი შესწირეთ ქრისტესა ღმერთსა, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა უარყავით თქუენ შემოქმედი და არცა უმადლო ექმენით ქუელისმოქმედებასა მისსა, არამედ დასდეთ სასოებაჲ ღმრთისა მიმართ და ღაღად-ყავთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი ათთა ბევრთა მოწამეთანი, სამსჯავროსა მას უღმრთოთასა ღაღადებდეს: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მწყობრი მოწამეთა, მღდელთმთავართა და მღდელთა, წმიდათა მამათა და დედათა, ბრწყინვალჱ კრებული მადლობით ღაღადებდით: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ...

ახოვნებითა ღუაწლთა მათ თქუენთაჲთა და აღსარებითა ქრისტჱს ღმრთისაჲთა, ნეტარნო, უჩუენეთ ყოველთა უძლეველი სიმჴნჱ თქუენი და ჴმა-ყავთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზჱ იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს მტარვალთა მათ აღიმაღლნეს მარჯუენენი მათნი, რაჲთა ძლიერად უხეთქონ ქედთა თქუენთა, მაშინ თქუენცა აღმოსთქვით: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მეოხ-გუეყვენით ჩუენ მარადის უფლისა მიმართ, მარტჳლნო, რამეთუ თქუენ ხართ შემწენი ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი აკურთხევენ ქრისტესა და ამაღლებენ მას უკუნისამდე.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთა ეშმაკთა სძლეთ და მძლავრსა არცხვინეთ, აწ მოგუმადლეთ ჩუენცა გულისა შემუსრვილებაჲ, რაჲთა მარადის ჴმა-ვჰყოფდეთ: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ითხოვეთ მჴსნელისაგან ლმობიერებით ჴსნაჲ ერისა ჩუენისაჲ ყოვლისაგან ჭირისა, ვედრებითა თქუენითა და უფალსა შეწირეთ გალობაჲ ჩუენი: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ და ყოვლად უბიწოჲ, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთჳს მორწმუნენი ჴმამაღლად გიგალობთ შენ.

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ დაუსაბამოჲ ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

უმაგალითო ვნებაჲ აჩუენეთ მიბაძვითა ქრისტესითა, რამეთუ ჩჩვილნიცა უჰასაკონი და დედანი უძლურნი მჴნე იქნებოდით და დამვიწყებელ ბუნებათა, ამისთჳს მმადლობელითა გულითა შეგასხამთ ქებასა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აწ განჴსენით ცოდვათა საკრველნი მგალობელთა ამათ თქუენთანი, ღუაწლით შემოსილნო მოწამენო, და დააცხრუეთ ღელვანი იგი ვნებათანი, და ალმური წუალებისა, მეოხებითა თქუენითა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელნი სისხლითა მარტჳრობისაჲთა ბრწყინავთ სამყაროსა ზედა, გჳჴსენით ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, მოწამენო, და შეგვზღუდეთ, უძლეველნო, ღირსად შემოკრებულნი ყოველნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გუნდი უბიწოჲ, მჴედრობაჲ საღმრთოჲ, მწყობრი რჩეული, ბანაკი წმიდაჲ, სპარაზენობაჲ ძლიერი, სიმრავლჱ სამგზის სანატრელი გევედრების ჩუენთჳს, ქრისტე ღმერთო, მათ მიერ მოგვეც ცოდვათა შენდობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტჱს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთჳს გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

განმანათლებელი

ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ქრისტჱს სარწმუნოებისათჳს წამებულნო, ათნო ბევრნო მოწამენო, ყოვლად უძლეველნო, გჳრგჳნოსანმყოფელსა თქუენსა იესუს ევედრენით, რაჲთა მოგუანიჭოს მგალობელთა თქუენთა მშჳდობაჲ და პატივისმცემელთა თქუენთა დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისხღებაჲ სისხლითა თქუენითა, და განსწმიდეთ სულნი თქუენნი, მოწამენო, აჰა, ქართლოსიანნი გევედრებით: ოხაჲ ჩუენი შესწირეთ მჴსნელისა მიმართ და გჳთხოვეთ, შეჰმუსროს მტერნი ჩუენნი ურიცხუნი, შურითა მკულელებრითა შეჭმულნი, და დაამხოს უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ბოროტნი თანამზრახველნი მათნი, აღსპობისა ჩუენისა მსურველნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი მოწამეთა ათთა ბევრთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

აქებდითსა ზედა დასდებელნი. მუხლი 6

მოვედით, კრებულნო მოყუარენო მარტჳლთანო, მართლმადიდებელნო ქართველნო, ვიხარებდეთ და ქრისტჱს მოწამეთა ჴსენებასა ქებით აღვასრულებდეთ, რამეთუ შუენიერ არს და ბრწყინვალჱ ყოვლად ქებული ჴსენებაჲ მათი.

დღესასწაულობს სამეუფოჲ ქალაქი ჩუენი ნათლით შემოსილსა საჴსენებელსა თქუენსა და მხიარულებით განსცხრების ეკლესიაჲ და გჳწესს ყოველთა მორწმუნეთა გალობად და შესხმად თქუენდა.

ჵ, ნათესავნო ქართლოსიანნო, რომელნი სისხლითა მარტჳლობისაჲთა ბრწყინავთ ქუეყანასა ზედა, შეგვეწიეთ, ვინაჲცა ადგილსა მას მოწამეობისა თქუენისასა კურთხეულითა ენითა ქართულითა გევედრებით და წლითი წლად აღვასრულებთ ჴსენებასა თქუენსა.

ჵ, არვეო სიტყჳერთა ვერძთაო, რაჟამს მოგეხვივნეს მგელნი ბოროტნი და დაგბძარნეს უწყალოდ, ვითარცა ჰეროდემ ჩჩჳლნი უმანკონი და ვითარცა ზაქარიაჲ უბრალოდ დაკლული, მაშინ ჰპოვეთ, რომლისა გსუროდათ მისლვად, სადა არა არს ჭირი, არამედ სიხარული.

ვითარცა მრავალ-გზის ურიცხუთა ჭირთა ტფილისელთასა დამჴსნელ იქმენით, ეგრეთვე გარე წარაქციეთ ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳ-დრებელსა ჩუენსა ზედა და აღგვიდგინეთ მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა.

აწ განსცხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ შორის დაითხია სისხლი ათთა ბევრთა მოწამეთა, ხუარაზმელთაგან ტფილისს ვნებულთა, რომელთა დადვეს სული თჳსი მსგავსად მჴსნელისა და აწ წინაშე სამებისა იხარებენ და მეოხ არიან დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენეთ ჴორცთა შინა მყოფთა, ვითარცა უხორცოთა, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდათ სიკუდილი, რომლითა მიხვედით უკუდავებად, და სიხარულითა ღუაწლისა თქუენისაჲთა ეკლესიაჲ ქართველთაჲ შუენიერად მეწამულ-ყავთ, ამისთჳსცა კეთილმორწმუნე, მარტჳლთმოყუარე ერი ქართველთაჲ გალობითა გაქებს თქუენ და ღაღადებს წადიერად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი,
დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი,
შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი
და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.

დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ.

 

ლიტურღიასა ზედა: მომიჴსენენი კანონისაგან წმიდათაჲთა, გალობა 3 და 6.

წარდგომა, ჴმაჲ 4. წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ჰყო უფალმან, ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის.

მუხლი. წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსაარს, რაყთა არა შევიძრა.

სამოციქულო ეფესელთა, თავი 6, მუხლი 10... (ძმანო, განძლიერდით უფლისა მიერ...) დასასრული, მუხლი 18. (რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისა...)

ალილუია, ჴმაჲ 4. ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი.

მუხლი. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი.

სახარება ლუკასი, თავი 21, მუხლი 12. (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: ეკრძალენით კაცთაგან, რაჲთა არა წინა დაგასხნეს თქუენ ზედა ქელნი მათნი...) დასასრული, მუხლი 20, (მოიპოვეთ სულნი თქუენნი...)   

განიცადე: იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი