სადღესასწაულო განგება
წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისა

თუესა იანვრის 8-სა

დიდ მწუხრსა ზედა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა

დასდებელი დღესასწაულისა, მუხლი 3

თქმული იოანე ქონქოზისძისა, ჴმაჲ 4

დამბადებელი დაბადებულთაჲ ღმერთი, გარეშეუწერელი და მიუწვდომელი უხილავი გამოუთქმელი, რომელმან სიბრძნით დაჰბადა და შექმნა წყალთაგან ქუეყანაჲ ესე ძალითურთ და სამყაროჲ, და გამოაბრწყინვა მას შინა ნათელი ესე მცხინვარებისა მზისაჲ და კაცთა მიჰმადლა ცხორებაჲ ესე, ინება კუალად ცხორებაჲ ჩუენი წყალთაგან, და ქუხს ჴმითა ზეგარდამო განახლებად სულტა ჩუენთათჳს.

თქმული სტეფანე სანანოჲსძისა, ჴმაჲ 4

აღსრულებად მოხვედი ყოვლისა სიმართლისა, სიტყუაო მხოლოდ შობილო, შემმოსელი ცათა ღრუბლითა განშიშვლდი იორდანეს, ნათლისღებად სიმდაბლით მოხვედ, თჳთ მნათობი შეუქმნელი ნათელი, რომლისა მსგავსებითა განშიშვლდა მოწამე შენი აბო და სისხლისა დათხევითა შეიწირა მსხუერპლად შენდა.

თქმული გრიგოლ ხანძთელისა: ჴმაჲ 5

გიხაროდენ, წინამორბედო, და საღმრთოჲსა მოსლვისა მქადაგებელო. აჰა, დღეს მოვიდა გალილეაჲთ იორდანედ ქრისტე, კრავი ღმრთისაჲ, ტარიგი წმიდაჲ. ჩუენთჳს განმზადებული მოსიკუდიდ ნეფსით ჯუარითა, რომელმანცა აღიხუნა სოფლისა ცოდვანი; განემზადე აწ, იორდანეო. განბანად უბიწოთა სისხლთა მისთა, რომელსა არა უხმდა საბანელი განწმედად. არამედ ჰნებავს განწმედაჲ წყალთაჲ; ამას თაყუანისვსცეთ, რომლისაგან ჰპოვა სოფელმან დღეს დიდი წყალობაჲ.

დასდებელი წმიდისა, მუხლი 5

თქმული იოანე ქონქოზისძისა

განკაფე გუამი შენი, წმიდაო, მარხჳთა და განსწმიდე სული შენი, მაშინ მადლითა ღმრთისა მიერითა აღივსე და მიჰრბიოდე წამებად, ვითარცა ზუარაკი შესაწირავად ღმრთისა მრგულიად დასაწველად და აღიარე კადნიერად მძლავრთა წინაშე და სახელს იდევ ქრისტეანედ და სთქუ: არაჲ მეშინის ტანჯუათაგან თქუენთა უღმრთონო და თაყუანისვსცემ ღმერთსა ჩემსა სამებით ცნობილსა.

რაჟამს გეუწყა განსრულებაჲ ღუაწლთა მათ შენთაჲ, წმიდაო და განსლვაჲ საკრველთა მათგან ჴორცთაჲსა და მისლვაჲ ღმრთისა, მაშინ უფროჲს განსძლიერდი და იწყე გალობად, ვითარცა რაჲ იგი გალობნ მკუდარსა ზედა და ავაზაკისა თანა ჴმობდი: მომიჴსენე იესო მოსლვასა მეორედ დიდებით და შესწირევდი თავსა თჳსსა მსხუერპლად, ვითარცა მღდელი ჯერისაებრ და ღირს იქმენ სუფევასა დაუსრულებელსა.

დიდ არს მადლი ნიჭთა შენთაჲ, მეუფეო, რომელნი ჰყუენ წმიდათათჳს, რომელნი, ქრისტე, სათნო გეყვნეს შენ ღირსებითა, რომელმან გამოაცხადე დღეს მოწამე შენი აბო ზეცით ცეცხლისა მოვლინებითა და უჩუენე ყოველთა კაცთა დიდებაჲ, რომელთა შენთჳს იღუაწონ, აწ გევედრებით: მეოხებითა მათითა, მოგუმადლე მშჳდობაჲ და წყალობაჲ შენ მიერი, რაჲთა მარადის უგალობდეთ სახელსა შენსა.

თქმული სტეფანე სანანოჲსძისა

განშიშვლდი იორდანეს, ნათლისღებად სიმდაბლით მოხვედ, თჳთ მნათობი შეუქმნელი ნათელი, რომლისა მსგავსებითა განშიშვლდა მოწამე შენი აბო და სისხლისა დათხევითა შეიწირა მსხუერპლად შენდა.

აგარის ნათესავთა, ძირთა მათ უნაყოფოთა, ნერგთა მათგან ეკლოვანთა, ვითარცა ვარდი შუენიერი ფერითა მეწამულითა, გამოჩნდა, ნეტარი აბო, და სულნელყო ეკლესიაჲ ქართველთაჲ ნელსაცხებელთა წილ, სხურებითა სისხლთაჲთა, ამას შინა მორწმუნენი ვაქებდეთ ღუაწლთა მათ მისთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებლობითა აღძრულო და უმჯობესისა უდარესისაგან განმრჩეველო; გიხაროდენ, ქუეყანისა შენისა დამტევებელო და ღმრთისმშობლის წილ-ხუედრისა აღმრჩეველო; გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა გულისა შენისა კეთილად განმწმედელო და ჟამსა მას ისმაიტელთა დიდებასა ქრისტჱს ჯუარისა ბეჭთა თჳსთა ზედა ამღებელო; გიხაროდენ, მათ მიერ დევნილისა სარწმუნოებისა აღმსარებელო და ხარკსა ქუეშე მათსა გუემულისა ერისა შემყუარებელო; გიხაროდენ, თჳსტომთა შენთა შორის საღმრთოთა სწავლათა განმფენელო; მეოხ გვეყავ ჩუენ მადიდებელთა შენთა, ნეტარო აბო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოუდრიკე დღეს თავი წინა-მორბედსა, და შემუსრენ თავნი ვეშაპთანი, მოხუედ მდინარედ და განანათლენ ყოველნი, რაჲთა გადიდებდეთ შენ მაცხოვარსა და განმანათლებელსა სულთა ჩუენთასა.

შესვლად. წარდგომა დღისა

საწინაწარმეტყველონი;

საკითხავი 3. წერილ-არს სექტემბრის 13-სა იძიე

1. წინაჲსწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი. თავი 43. (ამას იტყჳს უფალი: ყოველნი წარმართნი შეკრბეს ერთბამად...)

2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)

3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...)

ლიტსა ზედა: დასდებელი ტაძრისა, ესრეთ მოწამისა

თქმული გრიგოლ ხანძთელისა.

გამოსჩნდი ვარსკულავად მნათობად, განმანათლებელად ქართლისა, ნეტარო, და ღუაწლი შენი უფროჲს ნათელსა მას მზისასა ბრწყინვალედ გამოჩნდა სახედ ელვისა, ბრძენო, საცნაურად სამყაროთა ზესკნელისათა, სახილველად ყოველთა კიდეთა ცისათა, რაჟამს ხატ ექმენ უფლისა ნათლისღებასა, და განშიშვლებული შთახედ ემბაზსა ნათლისასა და ორგზის ნათელ იღე წყლითა და სისხლითა, მჴნეო აბო! ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთათჳს დღეს დიდი წყლალობაჲ.

მკჳდრად აღთქმისა გამობრწყინდი და ძედ ზეცისა ჩინებისად იწოდე, ნაშობად აბრაჰამისა იქმენ, სანატრელო! ისააკ მეორე, ნებსით მოგურილი დაკლვად შესაწირავად უფლისა, სულად სულნელად გიცნა, ღირსო, ეკლესიამან. და ენითა შჳლთა თჳსთაჲთა ჴმობს ღუაწლთა შენთა სიმჴნესა, რომელიცა აწ შეიმკო სახედ ძოწეულისა და განშუენდა ბრწყინვალედ სისხლითა შენითა მოწამეო! ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთათჳს დღეს დიდი წყლალობაჲ.

თქმული სტეფანე სანანოჲსძისა

შემდგომად ნათლითა განბრწყინვებულისა ამის დღისა, საუფლოჲსა კრებისა, ქრისტჱს უფლისა ნათლისღებისა მოიწია მოწამისა აბოჲს ბრწყინვალე საჴსენებელი. ამბორს უყოთ სურვილით ღუაწლთა მისთა სიმჴნესა და შევამკობდეთსაჴსენებელსა მისსა წმიდასა.

მოუძლურდა ენაჲ მითხრობად ღუაწლთა შენთა, წმიდაო, რამეთუ უკაჲნასკნელ დაბეჭდვასა დევნულებისასა იპოვე სწორად პირველთა მოწამეთა სისხლთა დათხევითა, მჴნეო, და მათთანა იხარებ სასუფეველსა, ღირსო, აწ ჩუენცა წარგჳმართე გზასა მშჳდობისასა სავანეთა მათ მიმართ საწადელთა, ნეტარო აბო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქმული იოანე ქონქოზისძისა,

მჴსნელო, ნათლისღებითა შენითა წმიდითა გუესწავა შეერთებაჲ წყალთაგან სულისაჲ, რომლითაცა აღვსებულმან დღეს ყოვლად ქებულმან აბო, სიკუდილისა სასუმელი შენთანა შესუა, და ვითარცა იორდანეს ნათლისღებითა განმანათლე, აწცა სული სიბრძნისაჲ განმიახლე ჯეროვნად შემამკობელად გამოჴსნისა კრებასა და მოწამისა ღირსებით პატივისცემასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

სტიქარონსა ზედა დასდებელი დღესასწაულისა.

თქმული იოანე ქონქოზისძისა

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

შეუძლებელ იყო შეუხებელისა უნივთოჲსა მის შანთისა ღმრთეებისა შეხებაჲ, ამისთჳს განხორციელდა ძჱ და მხოლოდ შობილი განბანად უცოდველი, რომლისა შეიწირა დღეს აბო.

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

შეერთებულ იქმენ სულითა, ნეტარო, შჳლთა თანა აღთქუმისაჲთა გზასა მას ზეცისა ჩინებისასა, რომლისათჳსცა გჳრგჳნი ძლევისაჲ მოგანიჭა მაღლით მაცხოვარმან, მჴნეო აბო,

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილად განშუენდების დღეს ქუეყანაჲ ჩუენი და ტფილის-ქალაქი განსცხრების, ვითარცა გჳრგჳნითა შემკული შენ მიერ, ჵ, მრავალ-სახელოვანო მოწამეო აბო, ხოლო დღესასწაულიცა ჴსენების შენისაჲ ბრწყინვალედ განათლდების.

აწდა დღესასწაულისა

კურთხევასა ზედა პურისასა,

ტროპარი, ჴმაჲ 5

გიხაროდენ გამორჩეულო, მაღლისა მიერ ღმრთისა მამისა, და ძისა, მხოლოშობილისა მიერ წოდებულო; სულისა წმიდისა განბრწყინვებულო, ზეცას უჴორცოთა გუნდსა თანა შეერთებულო; მოწამეთა და მართალთა შორის ქებულო; ეკლესიათა შუენიერო სამკაულო, მარტვილთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მოღუაწეო აბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

დიდება და აწდა დღესასწაულისა

ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა

ტროპარი დღესასწაულისა 2-გზის.

დიდება წმიდისა და აწდა დღესასწაულისა

შემდგომად I ფსალმუნებისა:

თქმული ბასილი ხანძთელისა:

აღმსარებელნი სამებისანი, მორწმუნენი ადამეანნი, აღმასრულებელნი უფლისა ამას დღესა ნათელითა შემოსილსა, საღმრთოჲთა მით შესხმითა უგალობდეთ ჴსენებასა აბო ახლისა მოწამისასა.

ბუნებითა უზეშთაესი შეიმოსე ბუნებაჲ ჩემი, ღმრთისა სიტყუაო მხოლოდ შობილო, და ნათელს იღე ჴორცითა, უცოდველო, რომლისა მსგავსებითა ნათელს იღო მჴნემან აბო წყლითა და სისხლთა დათხევითა.

უვარისმყოფელთა ქრისტეანეთა, უშჯულოთა ისმაიტელთა, ნაშობთა შორის ბნელისაჲთა ვარსკულავად მნათობად გამოჰბრწყინდი, მჴნეო მოწამეო აბო, და საღმრთოჲთანათლითა განანათლენ ქართლისა მყოფნი.

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა დღესასწაულისა; შემდგომად სადიდებელისა წარდგომა წმიდისა (იხ. სადღესასწაულოში)

აღსავალი I, მეოთხეს ხმისა;

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

დიდებაჲ...

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

აწდა...

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

წარდგომა ხმა 7: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.

ყოველი სული... სახარება მათესი, თავი 10. მუხლი 16. (რქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, აჰა მე მიგავლინებ თქუენ...) დასასრული, მუხლი 23-მდე. (იგი ცხოვნდეს..)

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, დასდებელი წმიდისა (იხ. სადღესასწაულოში) .

კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6

კანონი წმიდისა მოწამისა სამი:

1. გალობანი ნათელთანი და ღუაწლით შემოსილისა უძლეველისა მოწამისა აბო ისმაიტელ-ყოფილისა ქართველისაჲ, თქმული იოანე ქონქოსიძისანი

2. გალობანი ნათელთანი და აბო ისმაიტელ-ყოფილისა ქართველისანი, თქმული სტეფანე ჭყონდიდელისა, სანანოჲსძისა

3. გალობანი ნათლისღებისა და წმიდისა მოწამისა აბოჲსა, თქმული გრიგოლ ხანძთელისა.

გალობაჲ 1, უგალობდითსა,

იოანე ქონქოზისძისაჲ, ჴმაჲ 4

ძლისპირი: ზღუაჲ უვალი, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა შენითა გამოუთქმელო ღმერთო, შეიწყნარა მან ერი ისრაელისაჲ, რომელთა შეგიმზადეს ძლევისა გალობაჲ.

რომელმან იორდანეს ნათლისღებითა განმანათლე, აწცა სული სიბრძნისაჲ განმიახლე ჯეროვნად შემამკობელად გამოჴსნისა კრებასა და მოწამისა ღირსებით პატივცემასა.

მჴსნელო, ნათლისღებისა შენითა წმიდითა გუესწავა შეერთებაჲ წყალთაგან სულისაჲ, რომლითაცა აღვსებულმან დღეს ყოვლად ქებულმან აბო, სიკუდილისა სასუმელი შენთანა შესუა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შეგინებულისა მის სარწმუნოებისა მოძღუართა სამსჯავროდ მიგცეს, ღირსო, ვითარცა პავლე ჰრომედ ჰურიათა მათ და უშჯულომან მძლავრმან განაჩინა შენთჳს სიკუდილი საწადელი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

სასაკუმევლჱ ოქროჲსაჲ, და ტაკუკი მანანაჲსჲ მის, და კუერთხი აჰრონისი მოასწავებდეს შენთჳს, და კიდობანი სიტყუათა საღმრთოთაჲ სახე გექმნებოდა შენ, დედაო ღმრთისაო.

გალობაჲ 1, უგალობდითსა

სტეფანე სანანოისძისაჲ, ჴმაჲ 4

ძლისპირი: ზღჳსა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაჲ, და ჴელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაჲ უდაბნოს დასცა.

იესო ღმრთისა სიტყუაო, მასწავენ ჩუენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ ქებად ნათლისღებასა წმიდასა შენსა და ღირსად გალობად უძლეველთა ღუაწლთა მოწამისა აბო, კეთილად მოღუაწისაჲთა.

რომელიცა განშიშულდა დღეს იორდანესა შინა ჴორცითა, სანატრელმან მოწამემან აბო მისთჳს განიძარცუა ძუელი კაცი საქმითურთ, და შეიმოსა ძალი ქრისტჱსი.

ყოველნი თესლნი მოვედით მკჳდრთა თანა ქართლისათა დღეს, და იხილეთ ღუაწლისა მძლჱ აბოჲ, განშუენებული ბრწყინვალედ სისხლითა წამებისაჲთა, ღირსად გალობით მას უგალობდეთ.

სამ ნათელსა სამებასა თაყუანისეც ნათლისღებითა, სისხლითა, ცეცხლითა და სულითა, დიდებულო მოწამეო აბო, და ჰმეოხებ სულთა ჩუენთათჳს.

ღმრთისმშობლისა

დედასა ნათლისასა შეჰვედრე სული შენი, მოწამეო, სიყუარულისათჳს ძისა მისისა სისხლისა დამთხეველმან, აბო დიდებულო.

გალობაჲ 1, უგალობდითსა

გრიგოლ ხანძთელისაჲ, ჴმაჲ 5

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

ნათელთათჳს: დაღაცათუ დამბადებელმან სიტყუამან ღმრთისამან შეიმოსა კაცებაჲ და მით ნათელ იღო ჩუენთჳს, ხოლო არათუ ბუნებით შეირწყუნეს ღმრთეებაჲ და კაცებაჲ, არამედ შეიყვნეს.

დაღაცათუ ვითარცა ტრედი იხილვა გუამითა დღეს სული უხილავი ნათლისღებასა ქრისტჱსსა, არამედ არა ბუნებითა აქუნდა გუამოვნებისა ხატი, გარნა მსგავსებითა.

აბოჲსთჳს: შემდგომად დიდისა მის დღისა დღესასწაულისა განმანათლებელისა ნათლისღებისა უფლისა, შევამკოთ აწ ერნო, მოღუაწისაცა ახლისა მოწამისა ჴსენებაჲ აბოჲსი.

რაჟამს მოიწია ბაბილონდ მთავარი ქართლისაჲ, მაშინ ნეტარი აბოჲ, შჯულითა ისმაიტელი შეიწყნარა განგებითა ღმრთისაჲთა და მის მიერ გულისჴმა ყო ძალი ქრისტჱსი.

განიზრახა გულისჴმის-ყოფით მედგრობაჲ შჯულისა თჳსისა მამაულისაჲ ქრისტჱსმოყუარემან აბო და მყის დაუტევა სიცბილი იგი პირველი, და აღიარა ქრისტჱს ღმრთეებაჲ.

ღმრთისმშობლისა

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგჳხუენ ჩუენ, ქალწულო.

გალობაჲ 3, განძლიერდასა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: ბუნებით ლმობიერ იქმენ, მჴსნელო, ბუნებასა ჩუენსა უძლურსა, რომელიცა შეიმოსე, ღმრთეებით განაძლიერე და ღაღადებს: არაჲ ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.

თავისუფალი იყვნეს ცოდვისაგან ჴორცნი შენნი შეერთებულნი ღმრთეებასა სიწმიდით, არამედ ნათლისღებითა განაგე კაცთა წყალთაგან განძარცუაჲ ცოდვისა, მჴსნელო.

მსახურნი იგი სამებისანი უხილავნი თანადგეს მაცხოვრისა ნათლისღებასა გარემოჲს საღმრთოსა საბანელსა, წმიდაარსობითა აქებდეს მხოლოდ-შობილსა ძესა ჴორცითა ჩუენთჳს ნათელღებულსა.

ჴმითა მამისაჲთა და სულისა მოსლვითა და იორდანისა კუალად ქცევითა გქადაგა წინამორბედმან ძედ ღმრთისა, რომლისა მოისწრაფა დღეს სიკუდილი ნეტარმან აბო.

მსგავსი მამათმთავრისაჲ ქალდეველთა ქუეყანისაგან გამოსლჳთა და მოწამჱ ქრისტჱს ვნებათაჲ ღირსებით იდიდები მორწმუნეთაგან შესხმითა, ყოვლად ქებულო,

ღმრთისმშობლისა

გამოშჩნდი ღელედ დაუთესველად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ მიერ მოვიმკეთ ჩუენ თავწარსხმული ცხოვრებისაჲ, და რომელნი ვეზიარებით, მოვიღებთ მისგან უკუდავებასა.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: იხარებს ეკლესიაჲ შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოჲ ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.

მაცხოვრისა თანა ნათელსიღე, შთახედ რაჲ ემბაზსა ღუაწლისასა, ვითარცა მჴსნელი ჩუენი იოარდანესა, და სისხლისა დათხევითა განჰბანე გუამი შენი, რაჟამს დაიკალ უწყალოდ მახჳლითა.

სისხლითა შენითა, ვითარცა ძოწეულითა, შეამკევ ეკლესიაჲ წარმართთაჲ, მჴედარო ქრისტჱსო, უძლეველო, და შეჰკრიბენ მას შინა ერთობით ყოველნი მგალობლად ღუაწლთა მათ შენთა.

არცხვინე, ნეტარო, ნაშობთა მათ მჴევლისაჲთა უღმრთოთა და დაუყუენ პირნი მათნი მგმობარნი საღმრთოჲთა მით სიბრძნითა ზეგარდამოჲთა, რაჟამს ჰქადაგე სამებაჲ ერთ-ღმრთეებაჲ.

ღმრთისმშობლისა

შენ გევედრებით, დედაო ღმრთისაო, მეოხებითა წმიდისა მოწამისაჲთა, საფარველსა შენდა მოლტოლჳლნი მარადის განგუარინე საცთურისაგან მტერისაჲთა.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

ნათელთათჳს: ღმრთად იცნა ქრისტე იორდანემან და შეძრწუნდა ძალისა მიგან ყოვლად შეუძრველისა, დასცხრა ოხრისაგან. დუმილით ისწავა კრძალულებით განბანად საუფლოთა ჴორცთა შემოქმედისა ყოველთა ღმრთისა.

მსახურნი იგი სამებისანი უხილავნი თანადგეს მაცხოვრისა ნათლისღებასა გარემოჲს საღმრთოსა საბანელსა, წმიდაარსობითა აქებდეს მხოლოდ-შობილსა ძესა ჴორცითა ჩუენთჳს ნათელღებულსა.

აბოჲსთჳს: ბნელთა მათ აერთა ღრუბელთა უნაყოფოთა, ვითარცა ვარსკულავი ცისაჲ გამობრწყინდა ქრისტჱსა მოწამჱ. და არეთა შინა ჩრდილოჲსათა მზეებრ გამობრწყინდა სანატრელი აბო და ჰნათობს ქართლისა მკჳდრთა.

ყუავილი სულნელი ძირთაგან უნაყოფოთა გამოჩნდა ფერითა მით მეწამულითა, და სულმან წმინდამან აღიტაცა ზეცად გონებითა, და მუნ უჩუენა შუებაჲ წმიდათაჲ ყუავილოვანსა სამოთხისასა.

მჴეცთა მათ მძჳნვარეთა და სისხლისა მჭამელთა, მარადის მტერთა სულისა წმიდისათა, რაჟამს გულისჴმა ყვეს სარწმუნოებაჲ მიუქცეველი, რომელი აქუნდა ნეტარსა აბოს, განიზრახეს მათ წარწყმედაჲ მისი.

ღმრთისმშობლისა

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა

წარდგომაჲ წმიდისა, ჴმაჲ 8

შემდგომად ყოვლად დიდებულისა ქრისტჱს განცხადებისა, მოიწევა წმიდაჲ საჴსენებელი შენი, ვითარცა რაჲ საწუთოჲსა მის კრებისა შემდგომი კრებაჲ, წლითი წლად ბრწყინვალედ მოწევნული, მჴედარო ქრისტჱსო, უძლეველო აბო, ამისთჳს შემოკრებულნი ესე სულიერად მას შინა დიდებისვმეტყუელებთ ღმერთსა ყოვლად ძლიერსა, რომელმან გამოგირჩია შენ, ვითარცა ვარდი სულნელი, და მოწამედ თჳსად გამოგაჩინა, და გჳრგჳნითა ძლევისაჲთა შეგამკო, და ესრეთ გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით მედღესასწაულეთა წმიდისა ჴსენებისა შენისაჲთა. 2-გზის

დიდებაჲ, აწდა დღესასწაულისა

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: განზრახვაჲ საიდუმლოჲ შობაჲ შენი ქალწულისაგან, დამბადებელო, რაჟამს იხილა, დაუკჳრდა ამბაკუმს და შიშით ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

რომელნი ქრისტჱს თანა დავეფლენით, ნათლისღებითა ვემსგავსებით მას განზრახვათაგან განხრწნადთა განვეშორნეთ და ესრეთ დავიცვეთ ბეჭედი ნათლისაჲ, დამჴსნელი სიკუდილისაჲ.

რომელმან შინაგანნი სახედველნი საღმრთოჲთა ხილვითა წმიდა ჰყუენი, წინამორბედო, შენგან ნათელსღებულსა, დღეს მოსწრაფედ შეუდგა აბო, და მისთჳს სიკუდილი დაითმინა.

ტრფიალ იქმენ სჯულსა მას სულიერსა, რომელმან განგათავისუფლა შენ საშჯელისა მისგან სიკუდილისა და ქრისტჱს ნათლისღებისა მსგავსებითა ჭეშმარიტად შჳლ ექმენ აბრაჰამს.

ღმრთისმშობლისა

შენ მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა გიგალობთ, რომელსა იგი მაყუალი სახე გექმნა, რომელი იხილა მოსე ზედა მთასა სინასა მოტყინარჱ ცეცხლითა.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: იხილა რაჲ ეკლესიამან მზჱ სიმართლისაჲ ჯუარსა ზედა ამაღლებულად, დადგა იგიცა წესსა ზედა თჳსსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

სიყუარულისა საკრველმან შეკრა გონებაჲ მოწამისაჲ, მოთმინებად სატანჯუელთა ურიცხუთა, რომლითაცა დაამხუა, სიქადული უღმრთოთაჲ.

შფოთი დაუტევე მამულთა მათ მედგრობათაჲ და ქრისტესა შეუდეგი, წმიდაო, და ვნებათა თავსდებითა ემსგავსე მას, ნეტრეულო.

უცხო იყავ და სტუმარ, შჯულითა საღმრთოჲთა, მჴნეო მოწამეო, არამედ მოისწრაფე და სახლეულ იქმნენ მცნებათა მისთა, ღირსო.

შეუდეგ ჴმასა ღმრთეებისასა და მცნებაჲ მისი აღბეჭდე, გულსა შენსა, წმიდაო აბო, ევედრე მას მოტევებად ბრალთა ჩუენთა.

ღმრთისმშობლისა

მშობელო დაუვალისა მზისაო, ქალწულო მარიამ, მეოხებითა სანატრელისა მოწამისაჲთა დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, შეიწრებასა მწარესა მიცემულნი.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.

ნათელთათჳს: კბილთა მათ გუელისათა გესლოვან ყვეს პირველქმნული, ხატად ღმრთისა დაბადებული, ხოლო ქრისტჱმან იორდანესა განბანიტა კუალად განასპეტაკა ხატებაჲ

ვითარცა იხილა ნათლისმცემელმან დაუსაბამოჲ ნათელი ნათლისღებად მომავალი ქრისტე, ღმრთად იცნა და კრავად სახელდვა, რომელი დაკლვად იყო სოფლისთჳს.

აბოჲსთჳს: ეძიებდეს შეპყრობად მოწამესა ქრისტჱსასა უშჯულონი, ხოლო იგი ნეფსითა მიეცა ჴელთა მათთა, ვითარცა მჴსნელი, მოსიკუდიდ ჴელთა მტერთა მისთაჲთა.

რამეთუ ცხორებაჲ ჩემი ქრისტე არს - სიკუდილი შესაძინელ არს - ესრეთ ჴმობდი, ქრისტჱს მოწამეო, წინაშე უშჯულოთა მძლავრთა, და მისთჳს დასთხიენ სისხლნი შენნი.

ისწავებდა წიგნთაგან და მოძღუართა ღირსად სარწმუნოებასა და წესისა შჯულსა წმიდაჲ აბო, და სიხარულით ადიდებდა მამასა ძით და სული წმიდითურთ.

ღმრთისმშობლისა

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

გალობაჲ 5, ღამითგანსა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: ნაწილ ჩემდა ხარ, ქრისტე, რამეთუ შენ მხოლომან მიჴსენ მე ბნელისაგან წყუდიადისა უგუნურებისა ნათლითა მით ღმრთეებისაჲთა, და შენდამი ვღაღადებ: მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ.

სრბაჲ ბუნებისა შჯულთაჲ დასცხრა, რაჟამს შეუწერელმან ღმერთმან ნათლისღებითა მიანიჭა დაფარულთა მწიკულევანებათა განბანაჲ კაცთაჲ და კუალად ნეტარებაჲ მოგვცა ემბაზისაგან წმიდისა.

ჴმაჲ სიტყჳსა საღმრთოჲსაჲ, სინანულისა მქადაგებელი იხარებს ღმერთსა განკაცებულსა აღსრულებად ჴსნისა ჩუენისა საიდუმლოსა, რომლისათჳს მოწამე აბო, მეორედ შობასა მოიგებს სისხლითა თჳსითა.

გონებაჲ შენი, ღირსო, ღმრთისა კეთილთა მცნობელ ჰყავ და სიტყუაჲ შენი ქრისტჱს ქადაგ ჰყავ და სულისა განწმედითა შეამკევ ხატებაჲ ღმრთისაჲ, რომლისათჳს იხარებს განშუენებული გჳრგჳნითა დაუჭნობელითა.

ღმრთისმშობლისა

აღესრულნეს შენ ზედა წინასწარმეტყუელთა თქუმულნი, რამეთუ შენ მუცლად-იღე, ღირსო, დამბადებელი და გჳშევ ჩუენ ჴორცითა ძჱ დაუსაბამოჲ, რომელ არს ევმანოელი წმიდაჲ, მომცემელი მშჳდობისაჲ.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემენ.

შენ, უფალო, იორდანეს განაქიქე მაცთური, შენვე განამტკიცე გული მოწამისა აბოჲსი, რომლმანცა აღგიარა.

პყრობილ იქმნენ ძჳრის მოქმედებრ, აბო სანატრელო, არამედ გამოიჴსნიდი სულთა მიმძლავრებულთა მტერისაგან ბოროტისა.

ნათლისღებაჲ სამი მოიგე, მოწამეო, წყლითა, სულითა და სისხლითა, და შემდგომად ცეცხლითა გამობრწყინდა ღუაწლი შენი.

მარხვითა განიკაფე შენ დიდისა ანტონის მსგავსად, წმიდაო აბო, და მოაკუდინენ ჴორცნი და ღირს იქმენ წამებისა გჳრგჳნსა.

ღმრთისმშობლისა

წინა გიძღოდა ქალწული მარიამ გზასა ქართლად მყვანებელსა და გყო მოძღუარ ერისა მორწმუნისა, ნეტარო აბო, ამისთჳსცა ნუ დააცადებ ოხასა მაქებელთა შენთათჳს.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოჲ, მრავალმოწყალე.

ნათელთათჳს: რომელმან განახუნა საქანელნი ცისანი და წყალნი იგი ზესკნელისანი დამოადინა ქუეყანად. დღეს განიბანების ჴორცითა იორდანისა წყალთა.

რომელმან შექმნა ზღუაჲ ესე დიდი და ვრცელი და ჴმელი ჴელთა მისთა დაბადეს, დღეს იგი ნათელსა იღებს - დაუღამებელი ნათელი, თჳთმნათობი არსებაჲ.

აბოჲსთჳს: ეტყოდა რაჲ აბო ნათესავთა მათ თჳსთა: კეთილ არს დატევებაჲ ბნელისაჲ და მოსწრაფებაჲ ნათელსა ღმრთისა მეცნიერებისასა, მონებად სამებისა.

ესმა რაჲ ესე ერსა ისმაიტელთასა, აღეგზნეს ცეცხლებრ გულისწყრომითა და მჴეცებრ იღრჭენდეს კბილთა, რაჲთა მისცენ იგი მოსიკუდიდ, აბო ქრისტჱს მოწამჱ.

არად შეჰრაცხა განრისხებაჲ უშჯულოთაჲ და არცა ყოვლად ზარგანხდილ იქმნა, რამეთუ უყუარდა ქრისტჱ, და არა დასცხრებოდა კითხუად წიგნებთა მათ საღმრთოთა.

ღმრთისმშობლისა

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკჳდრებელად თჳსად შეგიწყნარა და იჴსნნა კაცნი.

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: ცოდვისა სიღრმეთა დამთქეს მე, ვითარცა იონა ზღჳსა უფსკრულთა, და ვღაღადებ შენდა მიმართ, სახიერ და კაცთ-მოყუარე: აღმომიყუანე, ვითარცა იგი, განხრწნისა მისგან.

ძემან ღმრთისამან ბუნებით ძმად გჳწოდა ჩუენ მადლით, რაჟამს იგი ბუნებაჲ ჩუენი მიიღო და განწმედისა ჩუენისათუს განწმედაჲ თავს იდვა უცოდველმან წინამორბედიისაგან.

ჭეშმარიტად სოფლისა ჴსნისა დასაბამ არს დღესსწაული ესე, მამისა ჴმაჲ და სულისა მოსლვაჲ განკაცებულსა მას ღმრთად გვაუწყებს, რომლისათჳს აბო სიკუდილსა თავს იდებს.

რომელი იქმენ პირმშოჲ მკუდართაჲ და გზაჲ სიკუდილისაჲ წყარო ცხოვრებისა ჰყავ მორწმუნეთათჳს, დღეს შენთჳს მიიღო სასუმელი იგი განმაცხოველებელი მახჳლითა მოწამემან აბო.

ღმრთისმშობლისა

იქმენ სამკჳდრებელად ღმრთისა, ქალწულო, უსძლოო, რომელსა გუნდნი უსხეულოთანი თუალთა მიდგმად ვერ შემძლებელ არიან, ესე საშომან შენმან უცხოდ დაიტია.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: ღაღადებდა წინასწარმეტყუელი იონა უფსკრულით გამო და მოასწავა სახე სამ დღე დაფლვისაჲ და იტყოდა: მიჴსენ განჴრწნისაგან, იესუ, შენ, მეუფეო ძალთაო.

ღაღადებდა კადნიერად სანატრელი აბო და ეტყოდა უშჯულოთა ისმაიტელთა: განმეშორენით მე, ჵ, უკეთურნო, და გამოვიძინე ღმრთისა მცნებანი.

განშიშულდი შენ, სათნოებათა მოგებითა, ღირსო, და ჰყუაოდე გჳრგჳნითა მოღუაწებისაჲთა სრულითა და ესრეთ ჴმა ჰყავ, მჴნეო: სასო ჩემდა არს ქრისტე ღმერთი.

ღუაწლსა სრულსა მჴნედ გამოჩნდა მოწამე აბო და აღავსო ეკლესიაჲ სურნელებითა ნელსაცხებელთაჲთა და წმინდა ყო ერი - მადლითა საღმრთოჲთა გამორჩეული.

ისწავებდა წიგნთაგან და მოძღუართა ღირსად სარწმუნოებისა წესსა და სჯულსა ნეტარი აბო და სიხარულითა ადიდებდა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

ღმრთისმშობლისა

ვითარცა გიხაროდენი ქალწულმან, ეგრეთ შეიწყნარე ჴმაჲ ზეციერი ვნებათათჳს შენთა, და ვითარცა ტარიგი ქუეყანით, შეეწირე ტარიგსა უკუდავსა.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ, და გიღაღადებ: მიჴსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

ნათელთათჳს: ზეცით ჰხადა უფსკრულსა იორდანესა ზედა უფსკრულსა მას სიბრძნისასა მამამან ძესა ჴორცშესხმულსა. და ესე ესმა იორდანეს, ვითარმედ - ესე არს ბუნებით ძე ჩემი და თანასწორი არსებაჲ დაუსაბამოჲ.

დღეს დუმან მდინარენი და ოხრიან აერნი, ღრუბელნი სამყაროთანი აცურევენ ცუარსა მას საღმრთოსა. შეითქუნეს მეტყუელი და უტყჳ, იოანე და იორდანე, და შიშით განბანეს ჴორცნი მჴსნელისანი უცოდველნი.

აბოჲსთჳს: მოიწია რაჲ აბოჲს ჟამი მოღუაწებისაჲ, მყის მოიწინეს მსახურნი უშჯულოჲსა მსაჯულისანი. შეიპყრეს მოწამჱ ქრისტჱსი, და შეკრული საკრველითა მით სამშჯავროდ მისცეს უმშჯავროდ და ჰგუემდეს მსგავსად მჴსნელისა.

განიხარა ნეტარმან საპყრობილესა შინა უმშჯავროდ გუემაჲ ქრისტჱსთჳს და იწყო დაუცადებელად სულთქმითა ჴმობაჲ ქრისტჱს მიმართ: „აჰა, ესერა სიხარულითა დავსდებ შენთჳს სულსა ჩემსა, შეივედრე, მაცხოვარო!“

აუწყა მას ქრისტემან ჟამი აღსრულებისაჲ, მისცა სიმჴნჱ გულსა მისსა, და სიმტკიცჱ გონებასა მისსა, მას ჟამსა ჰრქუა მის-თანათა მათ: „აწ არღარა სადა მიხილოთ, რამეთუ მსურის მე განსლვად და ქრისტჱსა თანა ყოფად“.

ღმრთისმშობლისა

გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა ძჱ შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოჲ გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

კონდაკი, ჴმაჲ 4

დღესასწაულობს დღეს ეკლესიაჲ, პატიოსანსა ჴსენებასა შენსა და შემოჰკრებს შჳლთა ემბაზისაჲთა, შენისა მის ღუაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თუალო მოწამეთაო აბო.

იკოსი, ჴმაჲ 4 (იხ. სადღესასწაულოში)

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: არაჲ მსახურეს დაბადებულსა ღმერთშემოსილთა დამბადებელისა წილ და შეურაცხ-ყვეს ცეცხლისაჲ შემწუველი სატანჯველი და ესრეთ იტყოდეს: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.

ემბაზსა მას გამოჴსნისასა დღეს მდინარესა განმაცხოველებელსა იორდანესა უსხეულოთა განწყობილებაჲ გარე მოადგეს, რომელნი ნათელღებულსა შეასხმენ, საუკუნეთა მფლობელო ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

ნათლისღებაჲ წყლითა და სულითა შენთანა აღასრულა მოწამემან და სახუმილიცა ვნებათა შენთაჲ შესუა და გალობით ღაღადყო: აღმაღლებულო ღმერთო, მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.

გონებითა მიიცვალე შენ უზეშთაესსა ცხოვრებასა წმიდათა შეერთებასა და ბოროტთა შეძინებაჲ სიცოფედ შეჰრაცხე და სთქუ: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.

ღმრთისმშობლისა

სიტყუათაგან სულიერთა მოგუესწავა ჩუენ სამებისა ძალი და აღვიარებთ ყოველნი ერთსა ღმრთეებასა და გალობით ვიტყჳთ: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: საჴუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათჳს, შეითხინეს და ალსა მას ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.

მოიძულე შენ, სიცრუვით შეთხზული იგი ისმაიტელთა მოძღურებაჲ და შეიყუარე ქრისტჱს მცნებაჲ და სიხარულითა ღაღადებდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

იყავ, ნეტარო, კეთილად შემზავებელ ნელსაცხებელთა სულნელთა და დაუტევე მსწრაფლ და მიხუედ სურვილით ქრისტეს ნელსაცხებელთა კუალსა და ჰრბიოდე, მსგავსებითა ვნებათა მათ მისთაჲთა.

გეტყოდა მძლავრი ლიქნით: რაჲსა დაუტევე შჯული ჩუენი და წინა აღუდგები შენ შჯულითა მით, რომელი არა ვისწავეთ ჩუენ, და აწ განიკაფოს გუამი შენი მრავლითა სატანჯუელითა.

არად შეჰრაცხე განრისხებაჲ მათი, ნეტარო აბო, არცა ყოვლად ზარგანჴდილ იქმენ, რამეთუ გიყუარდა ქრისტჱ და განჴურვებული შურითა საღმრთოჲთა კუალსა მისსა მოსწრაფედ შეუდეგ.

ღმრთისმშობლისა

ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდაჲ აბოჲ გევედრების: დაიცევ ერი მორწმუნჱ ყოველთა ზედა მოსლვისაგან მტერთაჲსა და ძლევაჲ მოჰმადლე ერსა ჩუენსა.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

ნათელთათჳს: შეინანა დაბადებაჲ კაცისაჲ დამბადებელმან და რისხვით აღჴოცნა წყლითა ნოვეს-ზე ნათესავნი, აწღა მითვე წყლითა მჴსნელმან აღჴოცნა ცოდვანი ჩუენნი.

ღმრთეებისა სამჭედურმან შთაიცვა, ვითარცა მატლი მიწისაგანი ბუნებაჲ და მით მოინადირა წყალთა მათ შინა ვეშაპი მომზირალი ბრჭალთა ჩუენთაჲ.

აბოჲსთჳს: აღეგზნეს გულისწყრომითა უღმრთონი ისმაიტელნი ჰაბოჲსათჳს მოღუაწისა და ეტყოდეს მსაჯულსა: „წარწყმიდე მაცთური ესე, მჴდომი შჯულისა ჩუენისაჲ!“

მოჰყუანდა ვითარცა კრავი ნებსითა დაკლვად ქრისტჱსთჳს გზასა მას წამებისასა: იშუებდა სიხარულით, მოუდრიკა თავი ჴრმალსა, შეჰვედრა სული უფალსა.

ძისა აღმსარებელი, მამისა მადიდებელი, მაქებელი სულისაჲ მოშურნეთა ჴელითა დაიკალ, ვითარცა კრავი, და შეიწირე მსხუერპლად ღმრთისა, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.

ღმრთისმშობლისა

აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზჱ იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტჱ ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: ყრმანი ბრწყინვალენი საჴუმილისაგან პირველად იჴსნა შობილმან ქალწულისაგან, რომელთა მოასწავეს ჴსნაჲ ჩუენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდით: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროჲსად ავამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

საჴუმილისა იგი შემწველობაჲ ღმრთისა სიტყუამან შემაცვრეველ ყო ყრმათათჳს, ხოლო დღეს ნათლისღებითა წყალთა ბუნებათა მისცა, ცოდვათა შემწუველობაჲ ნათელმღებელთა, რომელნი ჴმობენ: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროჲსად ავამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

ეჰა სახიერებაჲ შემოქმედისაჲ, რამეთუ დაბადებულთათჳს უსწრო და გზაჲ ცხოვრებად მიმყვანებელი პირველად აღასრულა, რაჲთა, რომელნი ნათლისღებითა განახლდენ, ცხოვრებასა ზიარ იყვნენ, ამისთჳს მჴურვალედ მოისწრაფა მისთჳს სიკუდიდ მოწამემან აბო.

გუამი შენი შრომითა განწმედილი საღმრთოჲსა ცეცხლისა შეერთებითა, ღირსო, მას ეგზებოდა, არამედ მოშურნეთა მათ ცეცხლითა დაწუეს, რომელსა პატივს ვსცემთ მეტყუელნი: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროჲსად ავამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

ღმრთისმშობლისა

არსებაჲ პირველი, მიზეზი ყოვლისა დაბადებისაჲ გიცით ღმერთი დაუსაბამოჲ, და გქადაგებთ მშობელად თანასწორსა სიტყუასა და აღმომაცენებელად სულისა და ვიტყჳთ: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროჲსად ავამაღლებდეთ მას უკუნისამდე..

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: მჴსნელოო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იჴსნენი, რაჟამს-იგი შეაცურიე, საჴუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით დღეს საქმენი უფლისანი უფალსა.

სოფლისა დიდებაჲ და საშუებელი შეურაცხ-ჰყავ, მჴნეო, ღუაწლისა მძლეო, და შეიყუარე შენ ქრისტე და აწ მისთანა მკჳდრ ხარ, მეოხ გვეყავ, რომელნი გევედრებით, სანატრელო.

გაქუნდა საჭურველად ჯუარი ქრისტესი, მტკიცე სასოებაჲ და სიყუარული, და სარწმუნოებითა მით განსძლიერდი და ჴმა-ჰყავ: აკურთხევდით ღმერთსა საქმენი მისნი.

ხრიდეს თავთა გულის წყრომით ღმრთის მბრძოლნი იგი აბოჲსთჳს და ეტყოდეს მსაჯულსა: მოკალ განდგომილი იგი და შემაჩუენებელი მუჰმედ მოციქულისა.

განჰბრწყინდი შენ სულითა, მჴნეო, აღანთენ სანთელნი და ჰგალობდი, ვითარცა შემწირველი, საკუერთხთა უბიწოთაჲ მღდელი მგალობელი და თავსა თჳსსა სიხარულით მოგზაურ ექმენ.

ღმრთისმშობლისა

მსხუერპლად საზეპუროდ შეიწირა წმიდაჲ აბოჲ, სიყუარულისათჳს ძისა შენისა, ქალწულო მარიამ, მისითა მეოხებითა სატანისა მახეთაგან დაიფარენ ქუეყანაჲ ივერიისაჲ.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ნათელთათჳს: იორდანესა, ვითარცა უზეშთაესსა ყოველთა მდინარეთასა - მაქებელ ვექმნნეთ, რამეთუ განწმიდა დღეს სულმან წმიდამან და ემბაზ ექმნა საღმრთოთა ჴორცთა ქრისტჱსთა.

დაჰბადე ქრისტე ადამ ხატად ბრწყინვალედ, ხოლო მაცთურმან აცთუნა და დააბნელა, არამედ მოხვედ და კუალად ბრწყინვალე ჰყავ ნათლისღებითა და მაცთური დააბნელე.

აბოჲსთჳს: შიში უღმრთოთაჲ განაგდეს მორწმუნეთა და სურვილით ამბორს უყოფდეს უბიწოსა მარტჳლსა, რაჲ იხილეს აღსრულებული ქრისტჱსთჳს კეთილითა აღსარებითა.

გამოჩნდა ზეცით ვარსკულავი მოტყინარჱ ღამესა ბნელსა მნათობი მზეებრ ბრწყინვალჱ გუამსა მას ზედა ქრისტჱს მოწმისასა. პატივად ღუაწლთა აბო მჴნედ მოღუაწისათა.

შეკრიბნეს ძუალნი ახოვნისა ჰაბოჲსნი და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა მტკუარსა, ხოლო იგინი ბრწყინვიდეს წყალთა შინა, ვითარცა მთიებნი ყოვლად მნათობიერნი.

ღმრთისმშობლისა

შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდა და ყოვლად უბიწოჲ, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთჳს მორწმუნენი ჴმამაღლად გიგალობთ შენ.

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

იოანე ქონქოზისძისაჲ

ძლისპირი: ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იხარებენ დღეს სულითა და დღესასწაულობენ გუნდნი ზეცისა უსხეულოთანი დიდებით მუცლად-ღებასა ყოვლად უბიწოჲსასა და იტყჳან: გიხაროდენ მარადის, ქალწულო მარიამ, სასუფეველსა.

აღმოცენებით აღმოჰხვედ ძირთაგან იესჱსთა სიწმიდით, ხოლო დღეს იორდანეს ძლევით შეჰმუსრე თავი ვეშაპისაჲ და აღმოჰხვედ მიერ, ვითარცა ლომი წერილისაებრ, რომელსა გაქუს მთავრობაჲ ნათესავთაჲ, რომელთა ემსგავსე განკაცებითა.

ქრისტჱს აღთქმულთა საშუებელთა სიკუდილი სიხარულით შეიწყნარე და მიხვედ მისთანა სუფევად, ვითარცა ზიარი ვნებათა მისთაჲ, მოწამეო. ჭეშმარიტად გვაუწყებს ღირსებასა შენსა ნათელი იგი ზეცისაჲ, პატივად შენდა მოსრული.

აღგიარებ იესო, უძლურებასა ჩემსა, რამეთუ უღირს ვართ შეწყნარებად შენდა, ღმრთისა სიბრძნეო, არამედ სიტყჳთა განდევნე წყლულებაჲ გულისაჲ და მაქებელად მიჩინე დღეს, საუფლოსა კრებასა და მოწამისა აბოჲს დღესასწაულსა.

სურვილითა შენითა აღძრულ არს გონებაჲ ჩუენი, მოწამეო, ამისთჳს შეიწირე კნინი ესე ძღუენი, რომელი მსგავსად ძალისა ჩუენისა მოგჳრთუამს: მოგჳტევე კადნიერებაჲ და გჳთხოვე დღეს ქრისტჱსგან გამოჴსნაჲ, რომელნი გალობით ღირსად გადიდებთ.

ღმრთისმშობლისა

ნუ შეურაცხ-ჰყოფ ერსა შენსა გლახაკსა და დაწუნებულსა, არამედ შემწე ეყავნ მარჯუენაჲ შენი, ძლიერი და მაღალი, შობილო ქალწულისაგან, და მიჴსნენ ჩუენ მონებისაგან მტერთა ჩუენთა, და ძლევაჲ მოჰმადლე ერსა ჩუენსა.

სხუაჲ გალობაჲ

სტეფანე სანანოისძისაჲ

ძლისპირი: შობაჲ შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳსცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.

დავითისა ჴმასა ღაღადებდი, აბო, და ნეტარისა მის ავაზაკისა თანა ჰჴმობდი ძლიერად: „მომიჴსენე, მჴსნელო, სასუფეველსა!“. აწ მეოხ გუეყავ მგალობელთა შენთა.

რაჟამს მოვიდეს ტკბილი იგი მსაჯული და დაჯდეს საყდართა სუფევისა მისისათა, მოწამეო, მაშინ ევედრე მას, ჩუენ მგალობელთათჳს შენდობად ბრალთა.

უღირსი გალობაჲ ჩუენი შეიწირე, ნეტარო, და ნუ მოიჴსენებ ძჳრსა ჩუენსა, არამედ განანათლე გულნი შემსხმელთა შენთანი და ცოდვათა წყუდიადი განხადე მგალობელთაგან შენთა.

ღმრთისმშობლისა

წინაშე ძისა შენისა, ქალწულო, ჰღაღადებს სისხლი წმიდისა აბოჲსი. შეისმინე ოხაჲ მისი და შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი.

სხუაჲ გალობაჲ

გრიგოლ ხანძთელისაჲ

ძლისპირი: ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ დაუსაბამოჲ ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

ნათელთათჳს: რომელმან შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა მას ერთსა საღმრთოჲთა ბრძანებითა და დაადგინა ვითა თხიერთა უფსკრულისა მათ საუნჯეთა - ღმრთისა სიტყუამან - წყლითა ნათელ-სცა წინამორბედმან.

დაუსაბამოჲსა მზისა ნათლისა ნათლისღებითა დამდაბლებულ არიან და დაბნელებულ უკუნისამდე მავნებელნი სულნი ბოროტნი, და მზეებრ ნათობენ ნათელღებულნი ადამეანნი.

აბოჲსთჳს: ზეგარდამო წოდებული სარწმუნოჲ ქრისტჱს მოწამჱ, სანთელი მოტყინარჱ, ნეტარი აბოჲ დაფარეს აქა სხეულითა ისმაიტელთა, ხოლო ქრისტჱს მიერ ნათობს სულითა სასუფეველსა.

უვარის-მყოფელნი შენნი და მომსრველნი მართალთანი, სიცრუვისა მოქმედნი და ურწმუნონი ისმაიტელნი, ჵ, ქრისტე, მისცენ მწარესა მას საუკუნესა სატანჯუელსა დაუსრულებელსა.

უძლეველო მოწამეო, სრბაჲ კეთილად აღასრულენ და აწ მკჳდრ ხარ ნათელსა გამოუთქმელსა: ევედრე ღმერთსა, რაჲთა დაამჴუნეს მტერნი ჩუენნი მცბიერნი, და ძლევაჲ მოსცეს საზეპუროსა ერსა ჩუენსა.

ღმრთისმშობლისა

შენ სასანთლედ ბრწყინუალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტჱს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთჳს გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

განმანათლებელი, ჴმა 1 წმიდისა

სისხლითა წამებისაჲთა... (იხ. სადღესასწაულოში)

აქებდითსა ზედა დასდებელნი. მუხლი 6

იოანე ქონქოზისძისაჲ

მოვედით დღეს, მორწმუნენო, იხილეთ მენელსაცხებლჱ, რომელმან შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად, მისთჳს რომელმან ივნო ჩუენთჳს და სისხლთა დათხევითა სულნელყო ეკლესიაჲ უფროჲს ყოველთა ნელსაცხებელთა, და აწ ევედრების ყოველთა მეუფესა, ღმერთსა ჩუენსა, სულთა ჩუენთა ჴსნისათჳს ყოვლისაგან განსაცდელისა.

ადგილი იგი სამსხუერპლოჲ, რომელსა ზედა დაიწვა ყოვლად წმიდაჲ გუამი შენი, ნეტარო, დიდებაო მოწამეთაო, ემსგავსა საკურთხეველსა წმიდისა აჰრონისასა, ზევით ცეცხლისა დადგრომითა, განგრძნობილად, ღირსო, ნათლითა ბრწყინვალითა, ჰხედვიდეს რაჲ ურწმუნოთა დაუკვირდა და მორწმუნენი იხარებდეს ღუაწლთა მათ შენთა საღმრთოჲთა ქებითა.

თქმული გრიგოლ ხანძთელისა:

რაჟამს მიუპყრა მოწამემან ქრისტჱსმან, ღუაწლისა მძლემან მახჳლსა ქედი თჳსი ქრისტჱსთჳს, მას ჟამსა ჴმა-ყვეს მაღლით უჴორცოთა: აღმოვედ ჩუენთანა, გიწესს უფალი და იხარებდი წინაშე მისსა, ხოლო მან შეჰვედრა რაჲ სული უფალსა, ზეცისა გუნდნი წინა უძღოდეს მას სიხარულით. აღიყვანეს გალობითა ზეცად და მამაჲ აბრაჰამ მიეგებვოდა და შეიწყნარა წიაღთა თჳსთა.

რომელთა მოგკლეს უმშჯავროდ, ნეტარო აბო, დაესაჯა მათ სასჯელი საუკუნოჲ ჯოჯოხეთი და ბნელი იგი გარესკნელისაჲ, ხოლო შენ ბრწყინავ წინაშე ღმრთისა, ნათელსა შინა უკუნისამდე. და რაჟამს მოვიდეს მსაჯული სახიერი და დაჯდეს განკითხვად საყდართა სუფევისა თჳსისათა, მაშინ მეოხ გუეყავ, ახოვანო, წინაშე ღმრთისა.

2 მუხლი ანტონ კათალიკოსისა (იხ. სადღესასწაულოში)

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა წინაპარნი ჩუენნი მიისწრაფდეს ადგილსა მას, სადაცა დაწუეს გუამი შენი, ნეტარო აბო, ეგრეთვე აწ ტაძრად შენდა მყის სრბად მოვიწევით: მადლის მიცემად ღმრთისა, თაყუანისცემად ჯუარისა მის წმიდისა და ამბორისყოფად ყოვლად პატიოსნისა ხატისა შენისა, ხოლო შენ ძალითა ქრისტჱსითა დაიფარე ქუეყანაჲ ივერიისაჲ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, და მკჳდრნი მისნი ყოვლისაგან ძჳრისხილვისა.

აწდა, დღესასწაულისა

დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ.

 

ლიტურღიასა ზედა

მომიჴსენენი: კანონისაგან დღესასწაულისა, გალობაჲ I - მუხლი 4; და წმიდისა გალობაჲ VI - მუჴლი 4.

წარდგომა, ჴმაჲ 7 იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.

მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისაჲ.

სამოციქულო II ტიმოთესი: თავი II, მუჴლი 1 - შჳლო ტიმოთე განსძლიერდი მადლითა... დასასრული, მუჴლი 11 - დიდებასა თანა საუკუნესა.

ალილუია, ჴმაჲ 4. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძჳ ლიბანისა განმრავლდეს. მუჴლი: დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა

სახარებაჲ იოანესი, თავი 15, მუხლი 17 - ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ამას გამცნებთ თქუენ.. დასასრული, თავი 16, მუხლი 3, მსხუერპლი შესწირა ღმრთისა...

განიცადე: საჴსენებელად საუკუნოდ...

მიქაელ მოდრეკილის კრებულიდან გამოკრიბა და შეადგინა:
მედავითნე თინათინ მჭედლიშვილმა