ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში

ისტორიული მიმოხილვა

მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა

IX

მრავალ საეკკლესიო სახმარებელ ნივთთაგან მაგდენი აღარაფერია დარჩენილი ჯერ ტფილისის აოხრების დროს (1795 წ.) დაიღუპა თუ იყო რამე. რაც გადარჩა, ტორგით გაიყიდა, როგორც ზევითა ვთქვით. რაც დღეს არის რამ, ყველაფერი განსვენებულის დეკანოზის დიმიტრი ალექსის ძის მესხის ნაამაგარია.

№ 1. ტრაპეზის სანაწილე ოქროში დაფერილი ვერცხლისა, ხუთ გუმბათიანი ჯვრებით, ფინიკტის ხატებით და ციმბირის ქვებით. შემოწირულია მოსკოვიდან 1818 წ. საქართველოს უკანასკნელის დედოფლის მარიამისაგან. წონით არის 15 გირვანქა და 3 მისხალი.

№ 2. ტრაპეზის სანაწილე, ოქროში დაფერილი ვერცხლისა, თავი შაბაქად ნაკეთებია დაუფერავი. შემოწირულია ტფილისის მოქალაქეთაგან დავით და მიხეილ სარაჯიშვილთაგან 1809 წ. წონით არის 2 გირვანქა და 24 მისხალი.

№ 3. პატარა ვერცხლის, შაბაქით ნაკეთები ვერცხლის კოლოფი წმ. ნაწილების დასაცველი; შემოწირულია ბატონიშვილის ფარნაოზის ასულის სალომესაგან 1858 წ. წონით არის 27 მისხალი.

№ 4. უბის სანაწილე ვერცხლისა, შემოწირული მოსკოვიდგან დარია სობაკინას მიერ, წონით არის 31 მისხალი.

№ 1. სახარება ტრაპეზისა, სლავიანური, ოქროში დაფერილი ვერცხლით მძიმეთ მოჭედილი, ზევითა კიდურზე აწერია: „საქართველოს მეფის ერეკლეს ასულის ქეთევანისაგან ანჩისხატის ტაძარსა, 1838 წ.“ ბატონი შვილი ქეთევანი იყო მეუღლე მუხრან-ბატონის იოანე კონსტანტინეს ძისა. დაიბადა 1764 წ. სეკტემბ. გარდაიცვალა დამბლისაგან 5-7 ივლისს 1840 წ., დაასაფლავეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. სახარება წონით არის 20 გირვანქა და 9 მისხალი.

№ 2. ორი ქართული სახარება, დაბეჭდილნი მოსკოვში მთავარეპისკოპოსის იოსებ სამებელისაგან 1738 წ. (ქობულის ძე +1750 წ. სექტმბერში). ორივე შეჭედილი ვერცხლით, ერთი ოქროში დაფერილია.

№ 3. ტრაპეზის სახარება ქართული, ოქროში დაფერილი ვერცხლის ხატებით ყდაზედ ორივე მხრივ.

№ 4. პარაკლისის სახარება, სლავიანური, ოქროში დაფერილი ვერცხლის ხატებით ყდაზედ.

№ 1. ტრაპეზის ჯვარი, ლურჯი ფინიკტებით, ზურგზე ხუცური ასომთავრული წარწერით: „შეიწირა 1812 წ. 11 მაისს, შეიწირე პიროღვთისაო სახსრად სულისა გარდაცვალებულის მეფის ძის თეიმურაზის ძიძის ანასსა, რომლისა სძისა ფასითა მოისყიდა“. წონით 1 გირვანქა და 6 მისხალი.

№ 2. ვერცხლის ჯვარი, შემოწირული მეფის ერეკლეს ძის იულონისაგან 1812 წ. მოსკოვიდგან.

№ 3. ვერცხლის ჯვარი ოქროში დაფერილი, შემოწირული დავით და მიხეილ სარაჯიშვილთაგან 1809 წ. წონით 1 გირვანქა და 15 მისხალი.

№ 4. ოქროში დაფერილი ვერცხლის მომცრო ჯვარი, წონით 23 მისხალი.

№ 1. ბარძიმი ვერცხლისა ოქროში დაფერილი, ფეხის ძირზედ გარს მხედრული წარწერით: „ქ. საუფლოსა ხატსა ღვთისასა შეწირულ არს ბარძიმი ესე. მოიხსენე უფალო მეფის ძე უღირსი გიორგი და მეუღლე მისი მარიამი, ძენი და ასულნი მათნი“. ეგრეთივე წარწერა ფეშხუმის ძირზედაც. ბარძიმი არის წონით 3 გირვანქა და 12 მისხალი, ხოლო ფეშხუმი, ვარსკვლავი და კოვზი 1 გირნვანქა და 54 მისხალი. შემოწირულია 1795 წ. სპარსთაგან აკლებისა გამო.

№ 2. ბარძიმი ვერცხლისა ოქროში დაფერილი, ფინიკტებით გარს ციმბირის ქვებით, შემოწირულია 1827 ტფილისის მოქალაქის გიორგი ქეთხუდოვისაგან, ბარძიმში არის წონით 2 გირვანქა და 18 მისხალი; ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, განსაზავებელი და პატარა თეფში 1 გირვანქა და 55 მისხალი.

№ 3. ბარძიმი ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, ფინიკტებით გარს ციმბირს ქვებით, შემოწირულია 1840 წ. მეფის ძის იულონის ასულის თამარისაგან (+6 ოქტომბერი 1857 წ. შობითგან 63 წლისა). ბარძიმი არის წონით 1 გირვანქა და 51 მისხალი; ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, 2 - თეფში 1 გირვანქა და 18 მისხალი.

№ 4. ბარძიმი ვერცხლისა, შიგნით დაფერილი ოქროთი. წონით 1 გირვანქა და 80 მისხალი; შემოწირულია დარია საბაკინასაგან: ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, განსაზავებელი და 2 თეფში - 2 გირვანქა და 62 მისხალი.

№ 5. ბარძიმი ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, შემოწირულია კათალიკოზ-პატრიარქის ანტონი მეორესაგან 1809 წ. წონით 2 გირვანქა და 24 მისხალი; ფეშხუმი, ვასკვლავი და კოვზი - 1 გირვანქა და 54 მისხალი.

№ 1. განსაზავებელი ვერცხლისა გარს წარწერით: „შემოგწირე პირის ღვთის ხატსა განსაზავებელი ესე სფირიდონ სიმონოვიჩმა 16 სექტემბერს 1861 წ.“

№ 2. ორი თეფში ვერცხლისა, ოქროში დაფერილი, შემოწირულნი მეფის ძის იულონისაგან, წონით 3 გირვანქა და 12 მისხალი.

№ 1. საცეცხლური ვერცხლისა, ახალი, წონით 88 მისხალი.

№ 2. საცეცხლური ვერცხლისა, შემოწირული კათალიკოზ-პატრიარქის ანტონ მეორესაგან 1809 წ. წონით 1 გირვანქა და 13 მისხალი.

№ 3. საცეცხლური ვერცხლისა წონით 94 მისხალი.

№ 1. სამ-სანთელი ვერცხლისა წონით 91 მისხალი.

№ 2. ორ-სანთელი, ვერცხლისა ოქროში დაფერილი, წონით 1 გირვანქა და 79 მისხალი.

№ 1. კანდელი ვერცხლისა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ, შემოწირულია ელიოზოვისაგან, წონით 90 მისხალი.

№ 2. კანდელი ვერცხლისა პირიღვთის ხატის წინ, შემოწირული კნეინა ორბელიანისაგან, წონით 30 მისხალი.

№ 3. კანდელი ვერცხლისა, მიხეილ ბუჭყიევისაგან შემოწირული, წონით 1 გირვანქა და 16 მისხალი.

№ 4. ვერცხლის კანდლის ძირი, შემოწირული კნეინა ეკატერინე იაკინთეს ასულის ბაგრატიონ-მუხრანსკისაგან.

№ 5. საიაზმე თასი ვერცხლისა, შემოწირული 1812 წ. იმერთა მეფის სოლომონის დის მარიამისაგან, მალხაზ ანდრონიკაშვილის ქვრივი, წონით 3 გირვანქა და 45 მისხალი.

№ 6. ვერცხლის ჩარექა. შემოწირული მისგანვე, წონით 100 მისხალი.

№ 7. ვერცხლის ჩარექა. შემოწირული იულონ ბატონიშვილის მეუღლის სალომესაგან, რევაზ ამილახვრის ასულისაგან, წონით 78 მისხალი.

ხატები:

№ 1. პირი ღვთის ხატი.

№ 2. ღვთის მშობლის ხატი.

№ 3. კვირაცხოვლისა, ფიცარზედ ძველი ქართული მხატვრობისა. ვერცხლის გვირგვინი აღარა აქვს, სიგრძით 10½ და სიგანით 7½ გრე16.

№ 4. ღვთის მშობლისა, ფიცარზედ, ქართული მხატვრობისა, ოქროში დაფერილი ვერცხლით შეჭედილი მარჯვენა მხარეზედ და შუბლზედ ღვთისმშობელს აქვს დაკრული წითელი და თეთრი იაგუნდებისაგან შემდგარი ვარსკვლავები; იესო ქრისტეს შუბლზედ წითელი იაგუნდი უზის. სულ 19 წითელი, 11 თეთრი იაგუნდია, 1 მწვანე და 1 წითელიც უბრალო ქვებია. ამ ხატით დალოცა ერეკლე მეფემ 1781 წ. ახლად ჯვარდაწერილი თავის რძალი მარიამ ვახტანგის (ალმასხანის) მეუღლე, რომელმაც შესწირა ანჩის ხატის ტაძარს. სიგრძით 7½ და სიგანე 5½ გრე.

№ 5. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ფიცარზედ მშვენიერი ძველი ქართული მხატვრობისა, სიგრძე 10,5 და სიგანე 7 გრე, ვერცხლის გვირგვინით; შემოწირულია ეფემია იასე ელიოზოვის ასულის ორბელიანისაგან 12 იანვარს 1898 წ.

№ 6. ღვთისმშობლისა ფიცარზედ ოქროში დაფერილის ვერცხლის გვირგვინით. რუსული XVII საუკ. მხატვრობისაა 8 x 6 გრე.

№ 7. წმ. დავით და კონსტანტინე არგვეთელთა, ფიცარზედ ოქროცურვილი ვერცხლის გვირგვინებით და გარს არშიით. 7 x 6 გრე.

№ 8. მაცხოვრისა ფიცარზედ, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული. რუსული ხელოვნებისა, შემოწირული კნეინა ბარბარე ანდრიას ასულის ავალიშვილისაგან. 6 x 5 გრე.

№ 9. იოანე ნათლისმცემლისა ფიცარზედ ოქრო ცურვილი ვერცხლით გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირულია დიმიტრი ბუჭყიაშვილის სულის მოსახსენებლად. 4 x 3½ გრე.

№ 10. ღვთისმშობლისა, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირულია ნინო მარკოზოვის სულის მოსახსენებლად. 5 x 4 გრე.

№ 11. ღვთისმშობლისა, ოქროცურვილი ვერცხლით გადაკრული, რუსული ხელოვნებისა. შემოწირულია კნეინა ბარბარე ანდრიას ასულის ავალიშვილისაგან. 4 x 3¼ გრე.

№ 12. სამებისა ფიცარზედ, რუსული მხატვრობა. 9 x 7 გრე.

№ 13. ღვთის მშობლისა „ნუ მტირ მე, დედაო“, ფიცარზედ. ქართული ძველი მხატვრობა, ფრიად შესანიშნავი. 7 x 6 გრე.

№ 14. ივერიის ღვთისმშობლისა, რომლისაკენ წმ. გაბრიელ ქართველი მიმავლობის (ზღვაში) ათონის ივერიის ლავრაში მოსასვენებლად.

№ 15. ღვთის მშობლის ფიცარზედ, ვერცხლის გვირგვინით, ძველი ქართული მხატვრობა 1 x 3 გრე.

№ 16. პირიღვთის ხატი (ფინიქტი) ფიცარში ჩასმული ნაწილებით, ზომით 1¼ გრე.

ფრიად საინტერესოა ამ ხატის თავგადასავალი. ეს პატარა ხატი წმ. ნაწილებით სავსეა და ნაქონია დომენტი III კათალიკოზ-პატრიარქისა (1705-1723, 1738-1742 წ.), რომელსაც რუსეთში აჩუქა დარეჯან დედოფალმა (მეფის არჩილის მეუღლე); უკანა ზურგის ფირფიტა-ფიცარი მოძრავი აქვს. ამ ფირფიტას რომ გამოსწევთ, თქვენ ჰხედავთ ძველს ქაღალდს უჯრებით დახაზულს და შიგ უჯრებში წარწერებით, რომელნიც წმ. ნაწილების სახელებს აღნიშნავენ ასე:

ღვთის მშო-
ბლის თმა
ძელი ჭეშმარი-
ტის ნაწილი
ნათლის მცე-
მლის ძუალი.
პეტრე და პა-
ვლეს სისხლი
წმ. თეოდორე
ტირონის ძუა-
ლი
წმ. აბიბოს
ძუალი და ქრის-
ტეს საფლავის
ქვა
წმ. ნიკოლო-
სის ძუალი
წმ. ხარლამპის
და წმ. კვირია-
კე განშორებუ-
ლის ძუალი
წმ. შიო მღვი-
მელის ძუალი
წმ. მანგლელის
ძუალი
(იოანე)
ქრისტეს პინაკის ნა-
ტეხი და კურთის ნა-
ტეხი
(ცარიელია)

დომენტიმ უანდერძა ეს ხატი ანტონ I; მის შემდეგ დარჩა ანტონ II კათალიკოზს, რომელმაც 1811 წ. ივლისის 10 სხვა მრავალ ქონებასთან ეს პატარა ხატიც თან წაიღო რუსეთში.

იმ დროებაში ქ. სიღნაღის მახლობლად ს. ვაქრიში ცხოვრობდა ახალგაზრდა გლეხი სიმონ ერიაშვილი, დიდი მორწმუნე და მონატრე ეკკლესიაში სამსახურისა. მაგრამ ნათლისმცელის საყდრის კრებულმა აითვალწუნეს - შენ აქ რა ხელი გაქვსო. გულ ჩათუთქული სიმონი გამოეშურა ტფილისისაკენ ბედის საცდელად. მოვიდა ანჩის-ხატის ეზოში და ელდა ეცა - კათალიკოზი ანტონ II უკვე წასული იყო რუსეთში. დაიწყო სიარული და კითხვა-კითხვით მიაგნო ნიჟნი-ნოვგოროდში კათალიკოზის ბინას. შეეხვეწა კათალიკოზს - ეკკლესიის სამსახური მწადიან და ხელი მომიართეო. ანტონმა მიაბარა იქვე სემინარიაში და როცა სიმონმა სწავლა შეასრულა, ესტატე ციციშვილის17 რჩევით მღვდლად ეკურთხა. კათალიკოზმა ანტონმა სიკვდილის ჟამსა თავისი მხლებელნი ყველანი დაასაჩუქრა, დალოცა და გამოეთხოვა ცრემლით. ეს პატარა ხატი აჩუქა სიმონ მღვდელს ერიაშვილს და დაავალა სამშობლოში დაბრუნებულიყო. აასრულა კიდეც: აარონ დეკანოზი (მესხი), დანიელ მღვდელმონაზონი და სიმონ მღვდელი ერთად მოვიდნენ საქართველოში. ჭაღარა შერეული სიმონი მივიდა ვაქირში 1832 წელში და აბა ვიღა იცნობდა? სიმონი დანიშნეს ქრისტიანობის მქადაგებლად ლეკებში და 1851 წელში მიიცვალა. ეს პატარა ხატი სხვა ქონებასთან დარჩა სიმონ მღვდლის ერთად-ერთ ქალს ანას (ცოლი მღ. იოანე ხატიაშვილისა), რომელმაც აჩუქა თავის მამიდა შვილის შვილს ტრიფონ ივანეს ძე ჯამასპიშვილს. ამ უკანასკნელმა კი ეს წმ. ხატი შემოსწირა ანჩისხატის ტაძარს 1901 წ. იანვრის 25.

№ 17. პირი-ღვთის ხელითუქმნელი ხატი კაკლის ფიცარზედ, მშვენიერი ძველი ქართული მხატვრობა. ოქროში დაფერილ ვერცხლშია შეჭედილი გვირგვინით 1901 წ. პირველ აპრილს. სიგრძე სიგანით 5 x 4 გრე.

№ 18. ძელი ჭეშმარიტი და სხ. ნაწილები ქართული ძველი ხელოვნების ოქროს ჯვარში, რომელიც ახალი ხელოვნების ვერცხლის ოქროს ჯვარში, რომელიც ახალი ხელოვნების ვერცხლის კოლოფში ზის. კოლოფი არის სიგრძე-სიგანით 2 x 1½ გრე, ვერცხლით ყელსაკიდი ძეწკვით. თვით ჯვარი არის სიგრძე-სიგანით 1¾ x 1 გრე. ჯვარის ზევითა პირი შემკულია ძვირფასის ქვებით: შუაზედ დიდი მოგრძო სეილანი უზის, რომელსაც, აქეთ-იქით და ზევიდამ სამი ფირუზი უსხედს; მაღლა-დაბლა ექვსი იაგუნდი და ორი მარგალიტი; მაღლა ჯვრის თავშიაც ორი მარგალიტი. ზევითა პირი ჯვარისა ქვებიანათ აიხდება და მნახველი დაინახავს ძელი ჭეშმარიტის ნაწილს და წმინდათა ნაწილებს - ძვლებს - წმ. გიორგისას, ბარბარესას, სტეფანესას და სხ. ძველად ყოველ წარჩინებულს ოჯახს ჰქონდა ამისთანა გულზედ სატარებელი ნაწილებიანი ხატები, თვით მეფეებსაც კი, და ომში მიმავალს ამ ხატით დალოცავდნენ ხოლმე ოჯახის წევრნი. როგორც ანჩის ხატის ტაძრის ძველი ქონების სიიდგან ჰსჩანს, ეს ძელი ჭეშმარიტი შემოწირულია თ. იასონ ჭავჭავაძისაგან.

№ 19. ოქროში დაფერილი ვერცხლის კოლოფი შიგ წმ. ნაწილებით. სიგრძე-სიგანით 1⅛ x ¼ გრე, ვერცხლის ყელსაკიდი ძეწკვით. კოლოფში ასვენია პატარა კვიპაროსის ჯვარი წმ. ნაწილებით - წმ. მარინესი, გიორგისა, დიმიტრისა, ევსტათისა; შემოწირულია მეფე ერეკლეს ძის მირიანისაგან 1812 წ.

№ 20. გარდამოხსნა ნაკერია წითელ ხავერდზედ ოქრომკედით, რუსული ხელოვნებისა; ნასყიდია მოსკოვში 1861 წელში 245 მანეთად.

ანჩის-ხატის ტაძარს ამშვენებენ ხუთი დიდი სასანთლეები. 1 პირი ღვთის ხატის წინ, 1 ბეთანიის ღვთისმშობლის ხატთან, ორი ამბიონს აქეთ-იქით, მეხუთეც გარდამოხსნის წინ. იგინი გამოუწერია განსვენებულს დიმიტრი დეკანოზს 1857 წ. 900 მან. ამავე ხანებში დაუდგამს ახალი კანკელი განსვენებულს დეკანოზსვე 2230 მან. და მეხისაგან გატეხილი დიდი ზარი ხელ-ახლად ჩამოუსხმევინებია 325 მან.

ამბიონის წინ 24 სანთლიანი მშვენიერი ბროლის ხომლი, ნასყიდი 250 მან. შემოწირულია ტფილისის მოქალაქის იაგორ მარტინის ძე აკოფოვისაგან 1896 წ.

X

სპარსთაგან ტფილისის აოხრების შემდეგ (1795 წ. სექტემბერს 11-13) ანტონ II კათალიკოზმა მალე განაახლა სემინარიაც და სტამბაც. მაგრამ დიდ-დიდნი უბედურებანი და აღრეულობანი ამ დროს დაატყდნენ თავსა საქართველოს ერსა და ეკკლესიას. ჯერ მიიცვალა მეფე ერეკლე (11 იანვარს 1798 წ.) და მერე მეფე გიორგიც (27 დეკემბერს 1800 წ.). რაღაც იდუმალმა მანქანებამ არია ქვეყანა და უიმისოდაც წელში გაწყვეტილი ერი ქართველთა გონს ვეღარ ეგებოდა. ამ დროს ვიღას ეცალა საეკკლესიო საქმეებისთვის? ანტონ კათალიკოზი განაგებდა საეკკლესიო საქმეებსა როგორც კი ამ დროებას შეეფერებოდა. გაიმართა ენა-ტანიობა, ბეზღება, ერთმანეთის დასმენა. გაება დაუბოლოვებელი დავი-დარაბა, აიმღვრა წყალი - და ადვილად იჭერდნენ ალალ-მართალ თევზებსა. ამ აურზაურისა გამო ანტონ II იძულებული იყო გამგზავრებულიყო პეტერბურგისაკენ 10 ივლისს 1811 წ. და აღარც მობრუნებულა სამშობლოში; ანტონი მიიცვალა ნიჟნი-ნოვგოროდში 1827 წ. დეკემბერში.

ანტონის წასვლის შემდეგ დაცარიელდა ანჩისხატის ეზო, დამცირდა თვით ტაძარიც: 1819 წ. შტატით ანჩისხატის ტაძარს დაენიშნა - ერთი დიაკონი, ერთი მღვდელი, მთავარდიაკონი და ორი მეფსალმუნე. დღეს ხომ ერთის მღვდლის, მთავრის და დიაკვნის ამარაა. ესრე წარმავალია დიდება ამის სოფლისა, ესრეთ ცვალებადია ყოველი ქმნილი ხელთა კაცთაჲთა.

მაგრამ ძველ ჩვეულებას ვერ უღალატეს და მრავლნი თავად-აზნაურნი და სამღვდელონი ისევ აქ, ანჩის ხატის დეკანოზებს აბარებდნენ თავის შვილებს, ან აქვე, ეზოში აბინავებდნენ. ანჩის-ხატის ეზოში ძველიდგანვე ყოველთვის იმყოფებოდა თითო მოხუცი მოლოზანი. 1820-1848 წლებში აქ, სარდაფში სცხოვრობდა თამარ მოლოზანი, რომელთანაც ბინადრობდნენ ყმაწვილობაში სხვათა შორისთ ივანე გივის ძე ამილახვარი და განსვენებული - დიმიტრი ჯორჯაძე და იესე ადამის ძე ანდრონიკაშვილი.

XI

ზედ მიწერილი კვირაცხოვლის საყდარი

მცხეთის სამთავარეპისკოპოსი ეპარხია რომ გააუქმეს 1804 წ., ანჩის-ხატის ტაძარზედ მიაწერეს კვირაცხოვლის საყდარი, აღშენებული 1615 წ. მთავარ-ეპისკოპოსის ქრისტეფორესაგან (ამილახვარი, შემდეგ კათალიკოზი) ძველის ეკკლესიის ნანგრევებზედ, რომელიც თემურლენგმა დაანგრია 1401 წ. მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე ძმა იყო ანდუყაფარ ამილახვრისა და დედოფალის ანასი და ამათის შემწეობით აქვე აიშენა სახლიც და თავის მეტოქედ გაიკეთა 1716 წ. კვირაცხოვლის საყდარი და სასახლე განაახლა მთავარეპისკოპოსმა რომანოზმა (ერისთავი). მას აქეთ ანჩისხატის დეკანოზის ხელქვეითად  კვირაცხოვლის საყდარს ჰყვანდა საკუთარი კრებული და მხოლოდ 1843 წ. იქმნა გაუქმებული და მისი საეკლესიო ქონება18 ჩაჰბარდა ანჩის-ხატის ტაძარს. კვირაცხოვლის საყდარში დაასაფლავეს 1804 წ. მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე)19, რომელსაც უწირა და ანდერძი აუგო კათალიკოზ-პატრიარქმა ანტონ II და ტფილელ-მიტროპოლიტმა არსენმა. საყდარი დაანგრიეს 1870 წ. და ეხლა მისი საძირკველიც ძლივსღა ეტყობა; უწმიდესის სინოდის უქაზისამებრ ნასაყდრალზედ ან ნიში უნდა აშენებულიყო, ანუ შეღობილიყო და ბაღი გაემართნათ. მას აქეთ დასავლეთის შესავალი კარები ქუჩიდგან დაიკეტა და აქ ასვენია მრავალი გამურული-გამტვერიანებული წმ. ხატები. ყოველ შაბათ საღამობით აქ მოდიან ქრისტიანები, ანთებენ წმ. სანთელსა და არ ივიწყებენ მამაპაპის სალოცავსა. ანჩისხატის ტაძარზედვე იყო მოწერილი დანგრეული XV საუკ. ჩუღურეთის სასაფლაოს კვირაცხოვლის ეკკლესია, სადაც კვირაცხოვლობას ანჩის-ხატის დეკანოზნი გადიოდნენ ხატით და აგროვებდნენ მლოცველთაგან შესაწირავსა.

გაგრძელება...