პენტარქია და საქართველოს ეკლესიის ადგილი
მართლმადიდებლურ დიპტიქში

სიტყვა პატრიარქი ბერძნულად „მამათა მეთაურს“, ანუ „მამამთავარს“ ნიშნავს. ახალ აღთქმაში ეს ტერმინი გვხვდება პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ, სადაც მოციქული აბრაამს „პატრიარქს“ უწოდებს, აგრეთვე „საქმე მოციქულთაშიც“ (ებრ. 7,4; საქმე 7,8-9).

ადრეული ხანის ეკლესიაში სიტყვა „პატრიარქი“ აღნიშნავდა ნებისმიერი ეპისკოპოსის საპატიო წოდებას და მხოლოდ მოგვიანებით, IV-V საუკუნეებში, ეს სიტყვა თანდათანობით იერარქიული, კანონიკური მცნება ხდება, რაც დაუკავშირდა საეკლესიო-სამართლებრივ სივრცეზე რომის იმპერიის საგარეო ადმინისტრაციული სისტემის გავლენის გავრცელებას. როგორც ცნობილია, ხსენებული რეფორმა იმპერატორმა დიოკლიტიანემ III საუკუნის დასასრულს განახორციელა.

მოციქულთასწორ იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს ეკლესია კატაკომბებიდან გამოვიდა და ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ახლა უკვე ეკლესიას თავისი ცხოვრებს იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად უნდა მოეწყო, ხოლო იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფა შემდეგნაირი გახლდათ: იმპერია დაყოფილი იყო პროვინციებად, ხოლო პროვინციები, თავის მხრივ, დიოცეზებად. ამისდა შესაბამისად, ფორმირდებოდა საეკლესიო მმართველობის სხვადასხვა დონეები: მიტროპოლიები, საეპისკოპოსოები და მოგვიანებით - საპატრიარქოები.

 

ძველი ეკლესიის ხუთი პატრიარქი

პენტარქია, ანუ ხუთი პატრიარქის სისტემა, იმპერიაში თანდათანობით ჩამოყალიბდა V საუკუნის შუა წლებში და რამდენიმე ასწლეულის მანძილზე განსაზღვრავდა უზენაესი საეკლესიო ხელისუფლების სტრუქტურას, კერძოდ, რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. სწორედ ამგვარი თანმიმდევრობით ჩამოყალიბდნენ ისინი საბოლოოდ IV მსოფლიო კრების (451 წ.) დროიდან.

ადრეული ეკლესიისათვის სრულიად უეჭველი იყო, რომ პირველობის საფუძველი ჰქონდა რომის ეპისკოპოსის კათედრას - მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლესი.

მეორე სამოციქულო საყდრად მიიჩნეოდა ალექსანდრიის კათედრა, რომელიც მარკოზ მახარებელმა დააარსა.

შემდეგ მოდიოდა ანტიოქია, რომელიც ითვლებოდა ქრისტიანთა უპირველეს დედაქალაქად, რადგან აქ იესოს მიმდევრებს ჯერ კიდევ პავლე მოციქულის მოღვაწეობის დროს, უკვე „ქრისტიანებს“ უწოდებდნენ.

რაც შეეხება იერუსალიმს, იგი საპატრიარქოდ შედარებით გვიან, IV მსოფლიო კრებაზე იქცა.

 

იმპერიის ახალი დედაქალაქი

კონსტანტინეპოლელი ეპისკოპოსის ამაღლება მხოლოდ 330 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი ძველ ბიზანტიაში გადაიტანა. კურთხევის შემდეგ ქალაქს კონსტანტინეპოლი ეწოდა. თუკი კონსტანტინეპოლის აღზევების ისტორიულ შედეგს განვიხილავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის მომავალში შექმნილი წინააღმდეგობების ერთ-ერთი მიზეზი - სწორედ ეს არის. როდესაც იმპერატორებმა რომისა და კონსტანტინეპოლის ღირსების თანასწორად აღიარება ბრძანეს, მაშინ ეკლესიას პირველი ბზარი გაუჩნდა. იმპერიის საკრალური სივრცე დაირღვა. კონსტანტინეპოლი პენტარქიაში რიგით მეოთხე უნდა გამხდარიყო, მაგრამ დედაქალაქის გადატანამ რომს პირველობის პატივი დააკარგვინა და მან იერარქიული კიბით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამით, შესაბამისად, დაირღვა ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიების სამოციქულო უფლებებიც.

 

პირველობის პატივი

პატრიარქობის საღვთისმეტყველო მნიშვნელობა მარტო იმაში არ მდგომარეობს, რომ პატრიარქი ყველა მღვდლისა თუ ეპისკოპოსის მამამთავარია. გარდა ამისა, იგი ხდება უზენაესი კრების ერთადერთი და სრულუფლებიანი მონაწილე, ისევე, როგორც პირველ ქრისტიანულ თემს ხელმძღვანელობდა 12 წმიდა მოციქული. მართლმადიდებლობის სისავსეს უხილავად მეთაურობს უწმიდეს პატრიარქთა კრება - თუნდაც ისინი ერთად არასოდეს იკრიბებოდნენ. იმისათვის, რომ ადგილობრივი ეკლესია უფლის წინაშე წარსდგეს ამგვარი კრების სახით - საჭიროა პირველიერარქი.

პატრიარქების ტიტულებიც სხვადასხვაგვარია. მაგალითად, რომის პაპი თითქმის არასდროს იწოდებოდა პატრიარქად. ალექსანდრიის პატრიარქი დღესაცა პაპად იწოდება, მისი ტიტულია „პაპი და პატრიარქი“. სხვები, პირიქით, არასოდეს იწოდებოდნენ პაპებად. მათდამი მიმართვად განსხვავებული იყო. ერთნი იწოდებოდნენ „უნეტარესებად“, მეორენი - „უწმიდესებად“, ხოლო კონსტანტინეპოლელ პატრიარქს „ყოვლადუწმიდესი“ ეწოდა.

აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო პატრიარქის“ ტიტული კონსტანტინეპოლის პატრიარქთან მიმართებაში პირველად მხოლოდ VI საუკუნის მიწურულს აჟღერდა. იმხანად პატრიარქი წმიდა იოანე მმარხველი იყო; მოხდა საინტერესო საღვთისმეტყველო და ისტორიული პარადოქსი: სწორედ ყველაზე მორჩილმა პატრიარქთა შორის, ვისაც „მმარხველს“ უწოდებდნენ და ვინც უდიდესი ასკეტი იყო, „მსოფლიო პატრიარქის“ ხმამაღალი ტიტული დაირქვა. სწორედ მას შემდეგ ეწოდება კონსტანტინეპოლის პატრიარქს „მსოფლიო პატრიარქი“. რომის ეპისკოპოსმა (მაშინ რომის კათედრას მღვდელმთავარი გრიგოლ დიოლოღოსი განაგებდა), ცხადია, ამას წინააღმდეგობა გაუწია. იმპერიის ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა ის, რომ რომის პაპი, თანდათანობით, ჯერ მართლმადიდებელი სამყაროს პერიფერიაში მოექცა, შემდეგ კი, საერთოდ დატოვა მართლმადიდებლური სივრცე და მართლმადიდებელი ეკლესია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მოვლენა სხვა ფაქტორმაც გამოიწვია. ჩვენ აქ არ შევეხებით ეკლესიის განყოფის საკითხს საღვთისმეტყველო კუთხით, ხოლო რაც შეეხება ამ მოვლენის ისტორიულ მხარეს, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი უკავშირდება იმას, რომ 5 საპატრიარქო სისტემა განუყოფელია იმპერიის დიოკლეტიანესეული სტრუქტურისაგან. ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, პატრიარქთა ძალაუფლება იმპერატორის ხელისუფლებით იყო განპირობებული.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის განყოფამ აგრეთვე გამოიწვია მათ მიერ იმპერატორობისა და პატრიარქის ძალაუფლებათა შორის კავშირის სხვადასხვაგვარი გაგება. დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ „იმპერატორები მიდიან და მოდიან, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ყველა მათგანი დაინიშნოს რომის პაპის მიერ“. ხოლო მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში თვლიდნენ, რომ პატრიარქები, რომლებიც თავიანთ ეკლესიებს მეთაურობენ, ექვემდებარებიან იმპერატორს, რომელიც მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობას იცავს.

 

იმპერიის შემდეგომი პერიოდი

ბიზანტიის იმპერიის დანგრევის შემდეგ, პატრიარქობის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. იუსტინიანე იმპერატორის ბრწყინვალე მეფობიდან 50-80 წლის გასვლის შემდეგ, იმპერიის საზღვრები კატასტროფულად შემცირდა. აღმოსავლეთის საპატრიარქოები სულ მალე უცხო ტომის დამპყრობთა ხელში აღმოჩნდნენ, ჯერ - სპარსი ცეცხლთაყვანისმცემელთა უღელქვეშ (იერუსალიმის საპატრიარქო 613 წელს), ხოლო შემდეგ - არაბ მუსლიმთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ. ამით იწყება ეპოქა, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია იძულებულია, არამართლმადიდებლური ხელისუფლების პირობებში იარსებოს.

636 წელს ომარ იბნ ხათთაბის ჯარებმა იერუსალიმი ალყაში მოაქციეს. როდესაც იერუსალიმელი პატრიარქი სოფრონი მიხვდა, რომ კონსტანტინეპოლიდან დახმარებას ვერ მიიღებდა, იგი კაპიტულაციაზე ერთადერთი პირობით დათანხდა, - ქალაქი პირადად ომარს აეღო. შემორჩენილია მემატიანის მოწმობა იმის შესახებ, თუ როგორ შევიდა ომარი მაცხოვრის საფლავის ტაძარში, სადაც პატრიარქმა სოფრონიმ შეიყვანა. მაგრამ ომარმა არ ილოცა არც გოლგოთაზე და არც მაცხოვრის საფლავზე; ხოლო ტაძრიდან გამოსულმა ბრძანა, მისთვის სალოცავად ხალიჩა გარეთ დაეფინათ. თავისი საქციელი პატრიარქს ამგვარად განუმარტა: „მე რომ ტაძარში მელოცა, იგი ისლამის სიწმიდე გახდებოდა. მე კი მას თქვენ გიტოვებთ“. და მღვდელმთავარს სოფრონს მისცა „ახტინამე“ - ის, რასაც ზოგჯერ „ომარის დეკრეტს“ უწოდებენ და რომლის საფუძველზეც პატრიარქის ყველა უფლებამოსილება შენარჩუნებულია. ეს იყო პირველი გამოცდილება მართლმადიდებელი პატრიარქების ურთიერთობისა არამართლმადიდებელ საერო ხელისუფლებასთან.

არაბები იმ დროს რელიგიურად საკმაოდ შემწყნარებელნი იყვნენ.

სადაო საკითხების გადასაწყვეტად ხელისუფლება მიმართავდა პატრიარქს, როგორც ქრისტიანული მოსახლეობის ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს. ასე იქნა აღიარებული პატრიარქი „ერის მამად“ - ეთნარქად. მუსლიმური ბატონობის პირობებში ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების გავლენა იზრდება არა მარტო ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებში, არამედ ზოგადად მსოფლიოში.

როდესაც მუჰამედ II კონსტანტინეპოლი აიღო, მან კონსტანტინეპოლის პატრიარქს „სულთანის ბერატი“, ანუ მმართველობის უფლება მიანიჭა. მსგავს დოკუმენტებს გასცემდა აგრეთვე „ოქროს ურდო“ რუსეთში ბატონობისას. XI საუკუნეში, სულეიმან დიდებულის მეფობისას, ბერატების სისტემა უკვე, პრაქტიკულად, სრულად ჩამოყალიბდა და მაშინ, კვლავ იწყება კონსტანტინეპოლის ამაღლება სხვა საპატრიარქოებზე. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, კონსტანტინეპოლის მიზანმიმართული დიპლომატიის შედეგად მოხდა. მოვლენები დაახლოებით შემდეგი სქემის მიხედვით განვითარდა. 1534 წლამდე იერუსალიმის პატრიარქები ეთნიკური არაბები იყვნენ, რაც ბუნებრივი იყო კიდეც, რადგან მრევლი, ძირითადად, არაბული გახლდათ. მაგრამ 1534 წელს, არაბი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სულთნის უშუალო მფარველობის გამოყენებით, კონსტანტინეპოლელმა იერარქმა იერუსალიმის პატრიარქად ბერძენი ეპისკოპოსი დანიშნა. იმავე ხანებში წესად დამკვიდრდა, რომ ანტიოქიაში, ალექსანდრიასა და იერუსალიმში პატრიარქებად ინიშნებოდნენ მხოლოდ ბერძენი ეროვნების მღვდელმთავრები.

ერთის მხრივ, ასეთმა პოლიტიკამ მართლმადიდებლურ სამყაროს ერთიანობა შეუნარჩუნა, რადგან ბერძენი იერარქები მსოფლიო საპატრიარქოსთან განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებული ბერძნები ზოგად საღვთისმეტყველო განათლებას ღებულობდნენ და მათი მსოფლმხედველობა და კულტურული მემკვიდრეობა ერთიან ჭრილში იყო ფორმირებული და გააზრებული.

მეორეს მხრივ, ამ ეთნიკურად ორიენტირებული დიპლომატიის ნიადაგზე ჩნდება ცდუნებებიც. ბიზანტიური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განმტკიცების მცდელობა შესაძლოა ეროვნულობის უგულვებელყოფაში გადაზრდილიყო.

„ბიზანტიზმის“ მაგალითად შეიძლება იერუსალიმის პატრიარქ კირილე II პოზიცია მოვიყვანოთ. კირილე II ბერძენი ეროვნების იყო და მართლმადიდებლური განათლებისთვის იღწვოდა.

1872 წელს დადგა საკითხი ე.წ. „ბულგარული სქიზმისა“. ბულგარელები მოითხოვდნენ სრულ საეკლესიო ავტონომიას, მათ თავიანთი ეპისკოპოსების დამოუკიდებლად ხელდასხმა სურდათ. მაშინ კონსტანტინეპოლის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ბულგარელი სამღვდელოებისათვის, როგორც სქიზმატებისათვის, ღვთისმსახურება აეკრძალა. კირილე ერთადერთი პატრიარქი იყო, რომელმაც უარი განაცხადა, ამგვარ გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერა. უბრალოდ, იგი კანონიერების ერთგული დარჩა. თუკი არ არის მწვალებლობა, ან საეკლესიო სამართლის დარღვევა, მაშინ არ შეიძლება წარმოითქვას აკრძალვა და ბერძენი იერარქებისადამი ბულგარელების ძალადობით დამორჩილება. კირილე ზუსტად მისდევდა ბიზანტიურ იდეას და ნამდვილი ბიზანტიელი გახლდათ. მან ორიენტაცია გააკეთა არა ბიზანტიის ცენტრალიზმზე, არამედ საეკლესიო კრებაზე. თუმცა ეს პოზიცია მას ძვირად დაუჯდა. იგი ტახტიდან გადააყენეს და გადაასახლეს.

როგორც ისტორიიდან ცნობილია, ბიზანტიის იმპერია დაიშალა. იგი თურქმა ოსმანებმა დაიპყრეს და ბიზანტიის მცხოვრებნი დიდი ხნით დამპყრობელთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ. კონსტანტინეპოლის დაცემას სწრაფი და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა აღმოსავლეთის ეკლესიაში. არეულობის თავიდან აცილების მიზნით, XVI საუკუნეში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იერემიამ რუსეთის ხელმწიფეს, იოანე მრისხანეს ვაჟს, თევდორეს მსოფლიო საპატრიარქო კათედროს მოსკოვში გადმოტანა შესთავაზა, რადგან იმ დროს სწორედ რუსეთი იყო ერთადერთი სუვერენული მართლმადიდებლური სახელმწიფო. მაგრამ რუსეთის ხელმწიფე სუსტი მოაზროვნე და არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი გახლდათ. მას და მის გარემოცვას მსოფლიო საპატრიარქოს პასუხისმგებლობის ტვირთვისა შეეშინდათ.

საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომ 400 წლის შემდეგ ამ იმედის განხორციელება იოსებ სტალინმა სცადა. 1947 წელს იგი მსოფლიო კრების მოწვევას გეგმავდა, რომელზეც მსოფლიო საპატრიარქოს მოსკოვში გადატანას გამოაცხადებდა. მაგრამ უფალმა ამ ამბიციური პროექტის განხორციელება არ ინება.

საქართველოს საზღვრებს გარეთ აღმოჩენილი მასალა ადასტურებს, რომ ძველ დროში საქართველოს პატრიარქს უწოდებდნენ არა მარტო საქართველოს, ან კავკასიის პატრიარქს, არამედ საერთოდ, აღმოსავლეთის პატრიარქს და რომ აღმოსავლეთის ქრისტიან-მართლმადიდებლებისათვის საქართველოს ეკლესია დიდ ავტორიტეტს წარმოადგენდა, რომლის მეთაურსაც მთელ აღმოსავლეთზე ჰქონდა გავლენა.

საქართველოს საპატრიარქოს წარმოშობამდე არ არსებობდა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღირსების ბიზანტიელ იერარქების ღირსებასთან შედარების საჭიროება, ალბათ, ამიტომაც, ქართულ ეკლესიაში დიპტიქი არ გამოიყენებოდა; ვითარება საპატრიარქოს შექმნის შემდეგ შეიცვალა. ახალმა მდგომარობამ წარმოშვა საკითხი: პატრიარქთა რიგში რომელ ადგილზე უნდა დაეყენებინათ, ანდა რომელი პატრიარქის შემდეგ მოეხსენებინათ ახალი პატრიარქი - საქართველოს ეკლესიის მეთაური. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იმ დროს მხოლოდ 5 პატრიარქი იყო, რასაც მსოფლიო საეკლესიო კრებაც ადასტურებდა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ ახალი ქართველი პატრიარქი იყო მეექვსე პატრიარქი - რომის პაპის (იმ ეპოქაში რომი ჯერ არ იყო მოწყვეტილი ეკლესიის მთლიან სხეულს), კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ. ასე შედგა ქართული ეკლესიის დიპტიქი. დიპტიქში ქართველ პატრიარქს V ადგილზე უკვე XI საუკუნის დასაწყისშივე აყენებდნენ.

XIII საუკუნის დოკუმენტშიც ასეთი დიპტიქია დაცული: „...ჩვენცა გლახაკი, ქრისტეს მიერ, შემდეგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა... სვეტიცხოვლის მეექვსესა პატრიარქსა და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ წარვწერ...“ (ქართ. სამართლ. ძეგლ. II, გვ. 66).

აქედან ჩანს, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს დიპტიქის პატრიარქთა რიგში მეექვსე ადგილი უჭირავს, მაგრამ მას თავისი ღირსება არც ერთი პატრიარქის ღირსებაზე ნაკლებად არ მიაჩნია.

 

მცხეთის (საქართველოს) საპატრიარქომ საყდარი დადგა იერუსალიმის საყდრის შემდეგ. ქართული დიპტიქის შედგენისას გათვალისწინებული იქნა კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო კრების, ქალკედონის IV მსოფლიო კრების 28-ე და ე.წ. ტრულის კრების 36-ე კანონები, რის შედეგადაც დიპტიქმა შემდეგი სახე მიიღო:

1. რომის საყდარი
2. კონსტანტინეპოლის საყდარი
3. ალექსანდრიის საყდარი
4. ანტიოქიის საყდარი
5. იერუსალიმის საყდარი
6. მცხეთის (სვეტიცხოვლის) საყდარი

დიპტიქის ზემოთ მოყვანილი სახე მიუთითებს იმაზე, რომ ის შედგენილია საეკლესიო განყოფამდე.

ეკლესიის მეთაურის მე-6 ადგილზე მოხსენიებას ქართულ ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე ჰქონდა ისტორიულ-ტრადიციული მნიშვნელობა და ისევე შეუცვლელად ითვლებოდა, როგორც საეკლესიო კრებათა და მამათა კანონები.

1438 წლის 5 თებერვალს ფერარში გახსნილ და ფლორენციაში გაგრძელებულ „მსოფლიო“ საეკლესიო კრების (სადაც ერთმანეთს შეხვდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის წარმომადგენლები და რომლის აქტებსაც აღმოსავლეთის საპატრიარქოებმა ხელი მოაწერეს, იბერიის საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და წმიდა მარკოზ ეფესელის გარდა) „თანაბარი უფლებით ესწრებოდა იბერიის მიტროპოლიტი“ (ჰეინრიხ., ისტორია გენერალე დელლე მისსიონიკატოლიშე... ტორინო, 1846, პ.13; წიგნიდან ი.ტაბაღუა, საქართველო ევროპის წიგნსაცავებსა და არქივებში, I, გვ. 101).

„იბერიის მიტროპოლიტი იჯდა მართლმადიდებელთა მხარეს, მეხუთე ადგილზე, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის წარმომადგენლების შემდეგ. - „პირველი კარდინალის პირდაპირ იდგა პატრიარქის სავარძელი... პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ... იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი მენზიის მთავარეპისკოპოსი და იბერიის მეფის წარმომადგენელი იბერიის მიტროპოლიტი“ (იქვე, გვ. 102).

კრების მონაწილენი ისხდნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ცენტრიდან თანაბარ მანძილზე იდგა ორი ტახტი - რომის იმპერატორისა და ბერძენთა იმპერატორისა. სასულიერო პირები განლაგებულნი იყვნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ერთ მხარეს ისხდნენ ლათინთა წარმომადგენლები, მეორე მხარეს - მართლმადიდებელთა წარმომადგენლები. ჩვენთვის საინტერესო მართლმადიდებელთა რიგი ასეთი თანმიმდევრობისა იყო: მართლმადიდებელთა რიგში იდგა - 1 - კონსტანტინეპოლის პატრიარქის სავარძელი (პატრიარქი ამ სხდომას არ ესწრებოდა); პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ: 2. ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი - მთავარეპისკოპოსი; 3. ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელი - მთავარეპისკოპოსი; 4. იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი - მთავარეპისკოპოსი; 5. იბერიის პატრიარქის (დოკუმენტშია - „მეფის“) წარმომადგენელი - მიტროპოლიტი. ამის შემდეგ, დიპტიქის მიხედვით ისხდნენ სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები.

მეთხუთმეტე საუკუნის I ნახევრის დიპტიქი, დაცული ფერარა-ფლორენციის კრებაზე, ასეთია: 1. რომის პაპი, 2. მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქი, 3. ალექსანდრიის, 4. ანტიოქიის, 5. იერუსალიმის, 6. იბერიის, 7. ტრაპეზუნტის, 8. რიზეს, 9. ნიკეის, 10. ლაკედემონიის, 11. ნიკომედიის, 12. ტივონიის, 13. ამასიის, 14. მიტილენი, 15. ტოლოზინოს, 16. სტავროპოლის, 17. ტუსტრიცის, 18. გარინის, 19. მელენტინის, 20. აქილის, 21. მულდულის პატრიარქები და არქიეპისკოპოსები. (იქვე. გვ. 214-215; ლათინური ტექსტი, გვ. 280). ასეთი სახის იყო მსოფლიო ეკლესიის დიპტიქი.

მას შემდეგ, რაც რომი ეკლესიას მოწყდა, მართლმადიდებლური დიპტიქიდან ამოვარდა რომის პაპის მოხსენიება, რამაც ადგილობრივი ეკლესიები მეთაურთა ექვსეულში ვაკანტური ადგილი წარმოშვა. მაგრამ, მსოფლიო საპატრიარქოს ხელშეწყობით, შემდგომში ვაკანტური ადგილი რუსეთის ეკლესიამ დაიკავა. ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთის ეკლესიამ იყიდა მეხუთე ადგილი დიპტიქში; რუსეთის ხელმწიფემ ქრთამი მისცა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის მეფეს სურდა ადგილი მოეპოვებინა ალექსანდრიის პატრიარქის შემდეგ. მაგრამ რადგან წინა საუკუნეებში წმიდა მამათა მიერ დიპტიქში დადგენილი იყო ალექსანდრიის საპატრიარქოს შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქთა ხსენება, რაც დადასტურებული გახლდათ ტრულის კრების კანონით, ამიტომაც, აღმოსავლეთის პატრიარქებმა გადაწყვიტეს რუსეთის პატრიარქის ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიქში იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ დაეთმოთ. ეს ადგილი რუსეთის საპატრიარქომ მოიპოვა არა მარტო სიდიდისა და ეკონომიკური სიძლიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ იმ დროს მაჰმადიანურ ქვეყნებში არსებული აღმოსავლეთის ყველა პატრიარქი რუსეთის ქრისტიანულ სახელმწიფოს იმედის თვალით შესცქეროდა.

საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია 1811 წელს, რუსეთის მიერ დაპყრობის შედეგად დაკარგა. 1917 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ ეს კანონიერი ნაბიჯი არ სცნო და ბუნებრივია, არც დიპტიქში იხსენიებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელს. 1943 წელს იოსებ სტალინის ხელშეწყობით რუსეთის საპატრიარქომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და VI ადგილი დიპტიქში. ღვთისმსახურებისას რუსეთის ეკლესიამ იწყო საქართველოს პატრიარქის VI ადგილზე მოხსენიება. რაც შეეხება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, მათი ნაწილი დიპტიქში ჯერ კიდევ არ იხსენიებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს VI ადგილზე. ეს საკითხი დღეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას. მისი გადაჭრა ალბათ შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქო მიიღებს ისეთივე დოკუმენტს, როგორიც მან 1990 წელს მიიღო საქართველოს ავტოკეფალიის თაობაზე.

მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34 2002 წ.