ნიკოლოზ დურნოვო

ქართული ეკლესიის ბედი

(ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო)

 

გაგრძელება (8)

ეთნოგრაფები და სამურზაყანოს მკვლევარები მეგრულ და აფხაზურ ენებს შორის საზღვრად მდინარე ოხურას სამხრეთ ნაპირის გაყოლებით თვლიან, თუმცა გაღმა მხრიდანაც, ღალიძგიდან მოყოლებული, მეგრელები ცხოვრობენ გაფანტულად. ასეთი განსაზღვრებით სამურზაყანოს 4/5 მეგრელებით დასახლებული აღმოჩნდება. სამურზაყანოს იქით იწყება კოდორის მონაკვეთი, რომელსაც ჩრდილოეთით მდინარე კოდორი ესაზღვრება. მთავარი ქალაქი ოჩამჩირე, მთლიანად ქართველ-მეგრელებითაა დასახლებული. სოხუმის საეპისკოპოსო დაუმორჩილო ამიერკავკასიის რუს მიტროპოლიტს და გამოჰყო იგი ქართული საკათალიკოსოდან, არაკანონიკური და ისტორიის საწინააღმდეგო ქმედებაა. ქართველები არასოდეს დათმობენ ბაგრატოვანთა აფხაზეთს და არც აფხაზეთ-იმერეთის ეპისკოპოსების ტახტს ბიჭვინთაში და არცა აქვთ ამის უფლება. არ შეიძლება ამოიგლიჯოს ისტორიიდან ის, რომ ბიჭვინთა დასახელებული ეპისკოპოსების კათედრა და ბაგრატოვან მეფეების სატახტო იყო.

კომისიამ წინადადება წამოაყენა, რომ ქართლის ეპარქიიდან გამოყოფილიყო ოსეთის სამრევლოები ჩრდილოეთით ჯავის ხეობიდან და გუდაურის უღელტეხილიდან ვლადიკავკაზის ეპარქიამდე. რისთვის? ვლადიკავკაზის ეპარქია უპირველეს ყოვლისა რუსულია, მასში 315 ათას რუსზე მხოლოდ ასი ათასი ოსი მოდის. გამოსაყოფად ნავარაუდევ მონაკვეთში კი 30 ათასიც კი არაა იმ, გორის მაზრაში მაცხოვრებელ 56 ათას ოსიდან, ქართველები კი 125 ათასი სულია ამ მაზრაში. უკეთურობაა, ერთი ეროვნება მეორეს წინააღმდეგ აამხედრო. ამას როდი გვასწავლის ეკლესია. ოსებისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა მათი სამრევლოები გამოყოფოდა ვლადიკავკაზის ეპარქიას და შეერთებოდა ქართულ საეპისკოპოსოს და შექმნილიყო საეპისკოპოსო არდონში ან ალაგირში ვლადიკავკაზის საეპისკოპოსოზე ქართველებისა და ოსების გადაცემა გასარუსებლად, უღმერთობაა.

რუს არქიეპისკოპოსს თბილისში საცხოვრებლად წინასაეკლესიო კომისიამ გამოუყო ეგზარქოსის სახლი, რომელიც აგებულია ქართული საეკლესიო ფულით; გამოდის, რომ რუსულ ეკლესიას ეპატიება, თავისი უფლება - დაპყრობაზე დაამკვიდროს. მოძალადე მამებს დაავიწყდათ, რომ ღვთისმოშიში რუსი ხალხი საუკუნეების მანძილზე კეთილმოსურნედ იყო განწყობილი აღმოსავლური ეკლესიების მიმართ და ძარცვისათვის ხელი არასოდეს გაუწვდია.

იგივე კომისიამ გადაწყვიტა, რუსებისთვის გადაეცა თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი შენობა, თუმცა მართლმადიდებელი რუსი მოსახლეობის რიცხვი ამიერკავკასიაში 160 ათას სულს არ აღემატება. ამასთან ერთად წინადადება წამოაყენეს, რომ - ქართველების ხარჯზე არსებული გორის ქართული სასულიერო სასწავლებელი დახურულიყო და მის მაგივრად და იგივე ხარჯებით რუსული სემინარია გახსნილიყო თბილისში. ყველაფერი ეს როგორ შვენის სიმართლისა და სიყვარულის მქადაგებლებს! სასულიერო მამებო, სამართლიანი არ იქნებოდა, რუსული სემინარია და მასთან ერთად სასულიერო სასწავლებელი რუსული ხარჯით გაგეხსნათ და არ გაგეძარცვათ თქვენგან ისედაც გაჩანაგებული ქართული ეკლესია? 1907 წ. აპრილის დასაწყისში თბილისის სემინარია დახურეს. ქართველ მოსწავლეებს გამოუცხადეს, რომ სემინარიის ახალი შენობა გადაეცემოდათ რუსებს, ხოლო ქართულ სემინარიას დაერქმეოდა სამღვდლო ღვთისმეტყველების სასწავლებელი, რომლის დამთავრების შემდეგ ქართველებს უფლება არ ეძლეოდათ რუსულ სასულიერო აკადემიაში შესულიყვნენ...

გასული 1906 წ. 14 აგვისტოს ხელმწუფე იმპერატორმა კეთილინება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მომავალი სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებისთვის გადაეცა. ამ დროიდან სამთავრობო სინოდი შეუდგა ქართული სამღვდელმთავრო კათედრების რუსული კათედრებით შეცვლას და საქართველოს განაშორა და რუსეთში წაიყვანა ორი ეპისკოპოსი, საქართველოში კი მხოლოდ სამი დატოვა; ამის წყალობით 160 ათას რუსს ჰყავს 3 არქიეპისკოპოსი, ე.ი. იმდენივე, რამდენიც 1.500.000 ქართველს. ამას ჰქვია თანასწორუფლებიანობა?

სახელმწიფო ძირითადი კანონების (სარწმუნოების შესახებ) 67 პარაგრაფით რუსეთში შემავალ ყველა ხალხს უფლება აქვს ყოვლადძლიერი ღმერთი ადიდოს სხვადასხვა ენაზე, თავიანთი მამა-პაპების რჯულის კანონების მიხედვით. როცა სამთავრობო სინოდმა რუს ეგზარქოსებს საქართველოში ამჟამად შეერთებული 15 ეპარქიის ერთპიროვნული მართვის უფლება მისცა, ამით დაარღვია სახელმწიფო ძირითადი კანონები, რადგანაც ურივე რუსმა ეპისკოპოსმა ქართული ენა არ იცის, მაშინ, როდესაც ქართველმა ეპისკოპოსებმა რუსული ენა იციან, აქ უკვე უფლებაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ ქართულ ეკლესიაზე სინოდის ძალადობის შესახებ. სახელმწიფო ძირითად კანონების 68 სტატია არ იძლევა იმის უფლებას, რომ ქართული ეკლესიისათვის უცხო, ქართული ენის არმცოდნე რუსმა სასულიერო ხელისუფლებამ მართოს ენობრივად მათთვის უცხო სახელმწიფო; ეს უფლება ხალხის სულიერ ბელადებს უნდა დაუტოვოს.

სახელმწიფო საბჭოს მიერ 1903 წ. 26 მაისს დამტკიცებული დადგენილების მე-2 პარაგრაფში საეგზარქოსოს საეკლესიო სკოლების მართვის ორგანიზაციის შესახებ, ნათქვამია, რომ „საოლქო სასწავლებელთა საბჭო მუშაობს ქართული ეპარქიის ერთ-ერთი საქორეპისკოპოსოს წარმომადგენლის თავმჯდომარეობით, რომელსაც ირჩევს საქართველოს ეგზარქოსი და ამტკიცებს წმინდა სინოდი...“ თავმჯდომარედ იყო ალავერდის მწყემსმთავარი პეტრე, კეთილმსახური, განათლებული უსამღვდელოესობა, რომელიც 25 წლის განმავლობაში საღვთო რჯულის მასწავლებელი იყო იმპერატორ ნიკოლოზ I თბილისის ქალთა ინსტიტუტში. ეგზარქოსმა ნიკონმა ერთპიროვნულად გააუქმა უმაღლესობის ბრძანებულება და მწყემსმთავარ პეტრეს ადგილზე დანიშნა ახალგაზრდა რუსი არქიმანდრიტი გიორგი, რომელმაც 1906 წლის ზაფხულში კოლეგიუმს თავისი აზრი გააცნო, რომ სემინარიის ქალაქგარეთ გატანის შემთხვევაში, ახალ შენობაში, „ქართველებმა შეიძლება ერთი ღამის განმავლობაში ამოწყვიტონ ყველა რუსი მასწავლებელი“, ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ საჭიროა ასეთი მასწავლებლები ქართველმოძულე რექტორთან ერთად (ამჟამად ეპისკოპოსი ბაკინსკი) დაუყოვნებლივ იქნან გაშვებულნი და ისინი შეიცვალნონ ქართველ მასწსვლებლებითა და იმ მოსიყვარულე რუსებით, რომლებიც სიძულვილითა და ძალადობით კარიერას არ იკეთებენ. არაკეთილშობილური იყო კირ-ნიკონის ოინები მღვდელმთავარ კირიონის მიმართ.

1906 წლის ოქტომბერში სოხუმის ეპარქიალური სასწავლებლის საბჭომ აღძრა საკითხი სოხუმში ამ სასწავლებლის განყოფილების გახსნის თაობაზე, უსამღვდელოესობა კირიონმა საბჭოს წარდგენა მოიწონა და წინადადება წამოაყენა სასწავლებელი 1 ნოემბრისათვის გახსნილიყო; ამის შესახებ მან სასწავლებელთა საოლქო საბჭოს აცნობა თბილისში. ამასობაში სოხუმის სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარემ დეკანოზმა გოლუბცოვმა, რომელმაც არ შეასრულა თავისი ეპისკოპოსის ნება და არ გააგზავნა შეტყობინება განყოფილების გახსნის შესახებ, ფეხი დაჰკრა და პირადად ეახლა ქართველმოძულე ეგზარქოსს და სიტყვიერად თხოვა დაემტკიცებია სასწავლებლის განყოფილების ჟურნალი. ამის შემდეგ უსამღვდელოესობა კირიონისგან გამოთხოვილი იქნა ცნობები - როდის იქნა შედგენილი ჟურნალი, სად იქნა გაგზავნილი და ა.შ. გამოირკვა, რომ საოლქო სასწავლო საბჭოში ჟურნალი გაგზავნილი არ ყოფილა. ეგზარქოსმა კირ-ნიკონმა საყვედური გამოუცხადა მწყემსმთავარ კირიონს, რომელიც წლოვანებითაც უფროსი იყო მასზე, ხოლო განათლებითა და სამეცნიერო შრომებით ეგზარქოსი კოჭებამდე ვერ მისწვდებოდა მას, თანაც მღვდელმთავრობა ეგზარქოსთან ერთად ერთიდაიგივე წელს ჰქონდა მიღებული. როცა საყვედური გამოუცხადა, ეგზარქოსმა მიუთითა მწყემსმთავარ კირიონის მიერ ჩადენილ უკანონო მოქმედებაზე - უზენაესის მიერ დამტკიცებული წესდების IV პუნქტის დარღვევაზე. ამ პუნქტის მე-2 პარაგრაფი თვითონ კოსტრომელმა სოფლის ხუცესმა დაარღვია, როცა, რასაც აცხადებდა, იმ საქმეში ვერ ერკვეოდა.

უსამღვდელოესობა პეტრემ, რომელიც საეგზარქოსოს სასწავლო საბჭოში თავმჯდომარეობდა, სინოდში წარადგინა ივნისში შემდგარი საქართველოს სამღვდელოების საეპარქიო ყრილობის ოქმები, რომლებშიც ნათქვამია: „ქართული ეკლესიის მდგომარეობისათვის გამოუსადეგარი და საზიანო ის, რომ საოლქო და საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს თავმჯდომარეებად და წევრებად არიან პირები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან, - და ოქმში გამოთქმულია სურვილი ამ თანამდებობაზე დანიშნული უნდა იყვნენ ქართველები ანდა ქართული ენის მცოდნე სხვა ერის წარმომადგენელიც.

საპასუხოდ 1907 წლის მარტში ეპისკოპოს პეტრეს წარუდგინეს სინოდის ბრძანებულება, რომელშიც მას, მთელს საქართველოში პატივცემულ ეპისკოპოსს, მიუთითეს, რომ ასეთი ოქმები მან ეგზარქოსის მეშვეობით უნდა წარუდგინოს სინოდს, ან სინოდთან არსებულ სასწავლებელთა საბჭოს. საქართველოს სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებში გიმნაზიების და რეალური სასწავლებლების დირექტორებად და ინსპექტორებად, აგრეთვე მასწავლებლებად, ბოლო დროს ქართველების დანიშვნა დაიწყეს, სასულიერო უწყება კი ძველებურადვე რუსებს ნიშნავს; საქართველო ტუპერკულოზით დაავადებულ მასწავლებელთათვის აქვთ არჩეული. ეს გაღიზიანებული მასწავლებლები თავიანთგულისწყრომას და ბოღმას ქართველ ბავშვებს ატეხავენ თავს. „ისინი მამობრივად კი არ ეპყრობიან ბავშვებს, - ამბობს მოძღვარი ო.ა.კ-შვილი, ისე კი არ იქცევიან, როგორც ამას წმინდა სახარება გვიქადაგებს და როგორც მოითხოვს ჯანსაღი პედაგოგიკა, არამედ ქართველებს ისე ეპყრობიან, როგორც მხეცებს“.

ყველა ამ მონათხრობის გამო, ქართველი ეპისკოპოსები, საეკლესიო კრებული და ხალხი, რუსი ეგზარქოსის ნიკონის მოქმედებით აღელვებული ქართული ეკლესიის დასაშოშმინებლად, შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ:

1) მმართველ სინოდს ეთხოვოს რუსი ეგზარქოსი და ეპისკოპოსი ჩამოშორებული იქნას საქართველოს შეერთებული ეპარქიების (ქართლის, კახეთის და სამცხეს) და სოხუმის ოლქში ქართული ეკლესიებისა და მონასტრების მმართველობიდან.

2) საქართველოში დაბრუნებული იქნას ყოვლად უდანაშაულო, უანგარო და განათლებული ეპისკოპოსი კირიონი, ანტიკანონიკურად ლიტვაში დეკანოზად ჩამოქვეითებული.

3) თბილისის სიონის ტაძარში, ბოდბის წმინდა ნინოს და ბათუმის ტაძარში სხვა ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებში, რომლებშიც ღვთის მსახურება სლავურ ენაზე სრულდება, ღვთისმსახურება ქართულ ენაზე იქნას შემოღებული, აგრეთვე ბათუმის ტაძარი უნდა დაუბრუნდეს გურიის ეპისკოპოსის გამგებლობას.

4) ქართული სასულიერო სემინარიებისა და სასწავლებლების უფროსები - რექტორები, ინსპექტორები, ზედამხედველები, შეცვლილი იქნან იმ ქართველებით, რომლებსაც დამთავრებული აქვთ სასულიერო აკადემია. (ასეთი პირები ცოტანი როდი არიან. მაგალითად, არქიმანდრიტები: ამბროსი ხელაია, დავით კაჭახიძე - ერთ-ერთი საუკეთესო საეკლესიო ენამჭევრი რუსეთში, ანზარ ლეჟავა, პიროს ოქროპიძე, ნიკოლოზ ნამორაძე და სხვ.).

5) ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი დაუბრუნდეს ქართველებს, ხოლო რუსი მონაზვნები, რომლებმაც მონასტერი ეგზარქოს პალადის შემწეობით ჩაიგდეს ხელთ, გასახლებული იქნან რუსულ მონასტრებში. (ბოდბის მონასტერი აღდგენილია ქართველი გობრონ საბინინის მიერ).

6) როცა მოსკოვში საეკლესიო კრებას მოიწვევენ, მასში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართლს, კახეთს, აფხაზეთს და გურიას სულიერად და ენობრივად თავიანთი ეპისკოპოსები ეყოლებათ. ქართული ეკლესიის რუსი წარმომადგენლები ქართლის არქიეპისკოპოსი და სოხუმის ეპისკოპოსი, რომლებიც ანტიკანონიკურად არიან დანიშნულნი რუსული საეკლესიო ხელისუფლების მიერ და არ მიეკუთვნებიან ქართულ ეკლესიას, არ ჩაითვალონ ამ ეკლესიის წარმომადგენლებად და აღიარებულნი იქნან უზურპატორებად.

7) იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდება ქართველ მღვდელმთავრებზე და კრებულზე ძალდატანება, საჩივრებით მივმართოთ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიების კირიარქებს და ვთხოვოთ ქართული ეკლესიების საქმეებში ჩარევა დახმარების მიზნით და ამავე დროს ყველა ეკლესიაში შეწყდეს წმინდა სინოდის, ხოლო საქართველოსა და აფხაზეთში ეგზარქოსისა და სოხუმის ეპისკოპოსის ხსენება.

საქართველოს ურთიერთობა საბერძნეთთან ისეთი როდი იყო, როგორიც, სამწუხაროდ, ახლაა საქართველოსა და რუსეთს შორის.

ცნობილი ისტორიკოსი და არქეოლოგი პლატონ იოსელიანი 1860-იან წლებში ათენის არქეოლოგიური საზოგადოების წევრად იქნა არჩეული, როცა საზოგადოებას არჩევისათვის მადლობა გადაუხადა, სხვათაშორის, წერდა:

„ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სამეფოს საბერძნეთის იმპერიასთან განხეთქილების შემდეგ, წილად მხვდა დიდი ბედნიერება, შევსულიყავი მეცნიერების ტაძარში, რომელიც მეცნიერებათა ქალაქში აღდგენილია ჩაუქრობელი და ნათლად აღმსდგარი ბერძნული გენიის მიერ. ამ გენიით ცოცხლობდა და არსებობდა ჩემი მშობლიური ხალხი და ქართული სამეფო ისტორიის დაწყებამდე და დაწყების შემდგომაც. და სამყარო წარმართობისა, მათ მიერ განდიდებული, და სამყარო ქრისტიანული, მათ მიერ ნათლად გამაგრებული, ყოველთვის იყვნენ კავკასიონის ძლიერი ფარით დაცული მსოფლიოს მცირე ნაწყვეტის ერთ დროს ძლიერი ქართული სამეფოს თანაარსნი. ვერც ისლამის მძიმე უღელმა, რომელიც ერთნაირად აწვა საბერძნეთსაც და მის ნაწყვეტ საქართველოსაც, ვერც სარწმუნოებაზე კამათმა, რაც ერთნაირად აღელვებდა ორივე სამეფოს, ვერ გადიშეს მათი მტკიცე ერთიანობა. საქართველო ცხოვრობდა საბერძნეთის ისტორიით და ცხოვრებით. საქართველოს თანაგრძნობა საბერძნეთისადმი გამოთქმულია ქართული ჟამთაღმწერლის შემდეგ ნაღვლიან ელეგიურ ფრაზაში: „კონსტანტინეპოლი აიღეს თურქთა, ცოდვებისა ჩვენისა გამო“. ასეთივე უში და ვაება გვესმოდა, საუკუნეთა მონაცვლეობისას, ჩვენს დღეებამდე აღმოსავლეთის ქალაქის, აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის, აღმოსავლეთის გვირგვინისა და ბიზანტიის არწივის სახელთა ხსენებისას“. ათენელნი აღსდგნენ, აღსდგება აღმოსავლეთი. აღმოსავლეთის დაბნელება დასავლეთს არ ძალუძს. მისი სინათლე აღმოსავლეთიდან მოდის; იქ მზე არ ამოდის“. ახლაც ამგვარად აზროვნებს მართლმადიდებლობის ერთგული მთელი საქართველო, ასე აზროვნებს საბერძნეთიც.

გულუბრყვილო და უგუნური ქართველი ხალხი, როგორც მას ჭკუამოკლე რუსი ეგზარქოსები თვლიან, აი, როგორ ხედავდა ანდრია მოციქულის მიერ ნათლითმოსილი თავისი ეკლესიის უფლებებს. „წმინდაო მამაო, - უპასუხა ანტიოქიის პატრიარქს ქართველმა ბერმა გიორგიმ, - შენ ამბობ, რომ შენ ზიხარ მოციქულთა მეთაურის პეტრეს ზედა, ჩვენ კი წილხვედრილ ვართ პირველწოდებულად მოხმობილი ძმისა შენისა, ჩვენ ვართ სამწყსო მოციქული და განათლებული მის მიერ. და გარდა ამისა, 12 მოციქულთა ერთი მათგანი, სიმონ კანანელი, დამარხულ არს ჩვენს ქვეყანაში, აფხაზეთში, ადგილსა შინა, რასაც ნიკოფსია ეწოდების...“ „და ახლაცა იუბნებ, რომ ჯერ არს, გმორჩილებდეთ შენ?.. „წმინდაო მეუფეო, ესრე შეშვენის, რამეთუ ხმობილი დაემორჩილოს მხმობელსა. მაშ, პეტრე მორჩილ უნდა იყოს ძმისა ანდრიასი, რომელმაც იხმო იგი“. აი ასე იცოდნენ ქართველებმა მათდა პასუხად, ვისაც სურდა ეკლესიის მეთაურობა მიეთვისებია...

„საქართველოს მჭიდრო კავშირი საბერძნეთთან, - ამბობს პ. იოსელიანი, - მიზეზი იყო იმისა, რომ საბერძნეთის ყველა მოძრაობა რელიგიური და პოლიტიკურიც ისე მძლავრად იყო კავკასიაში გამოხატული, როგორც ჩვეულებრივი ტკივილი გამოიხატება მტკივნეული ნაწილიდან მოშორებულ ნერვზე.

საბერძნეთს დაყრდნობილი საქართველო თვალს არ აშორებდა ბიზანტიასა და ბიზანტიის პალატთა გულს. როცა ამ წმინდა და კურთხეული მხარის მეფეები საბერძნეთის მეფის ასულებთან უღლდებოდნენ, მჭიდრო ერთიანობისკენ მიისწრაფვოდნენ. ბიზანტიის მეფეთა სისხლი აქომამდე ჩქეფს საქართველოს მეფეთა ცოცხალი მემკვიდრეების ძარღვებში*.

ძველ წინასწარმეტყველებათაგან საქართველოში თაობიდან თაობას გადაეცემა თქმულება, რომ „კონსტანტინეთი დამთავრებული, კონსტანტინეს მიერ შექმნილი კონსტანტინეპოლი, ისევ კონსტანტინეთი დაიწყება“. ეს ის თქმულებაა, რომელიც ასე ცოცხლობს საბერძნეთში და რომლის წყალობითაც ბერძენი ხალხის ნახევარზე მეტმა თავისუფლებას მიაღწია. ეს ის თქმულებაა, რომელმაც 1901 წ. მწყემსმთავარი კირიონი შეაგულიანა საბერძნეთის დედოფალ ოლგა კონსტანტინეს ასულისთვის (იგი საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქში - მცხეთაში ჩამონიდა, რომ საქართველოპს მისალმებოდა) თორმეტი მოციქულის საპატრიარქო ტაძარში შეხვედრისას ეთქვა შემდეგი:

„თქვენო უდიდებულესობავ. იშვიათი ბედნიერება გვხვდა ჩვენდა წილად, მოგესალმოთ თქვენ, ღვთისმოშიშ დედოფალს საბერძნეთისას, დედოფალს იმ ქვეყნისას, რომელმაც ივერია ქრისტიანობით განანათლა. უძველესი დედა ქალაქებისა საქართველოისა, პირველსატახტო მცხეთა - მოწამეა იმისა, ამა ალაგას, 1700 წლის წინათ, პონტოელმა ბერძენმა ქალმა ნანამ თავისი მეფური მეუღლის მირიანის ტახტზე პირველმა აღმართა ჯვარი ქრისტესი. ამ დროიდან არაერთხელ განმტკიცებულა კავშირი საქართველოსა და საბერძნეთს შორის მეფურ გვამთა ცოლქმრული ურთიერთობით და ამიტომ საქართველო ცხოვრობდა ცხოვრებითა საბერძნეთისა; მხნევდებოდა ბიზანტიის წარმატებებითა და ნაღვლობდა მისი წარუმატებლობით.

სივრცობრივად დაშორებულ საქართველოს მასთან სულიერი ერთიანობა არასოდეს გაუწყვეტია. ბიზანტიის მაჯისცემა ივერიაში ისმოდა. სანამ არსებობდა ბიზანტია, საქართველო ბედნიერად ცხოვრობდა, მისი სახით საიმედო ბურჯი ჰყავდა ქრისტეს ჯვრის მტრებისგან დასაცავად. ბოლოს დადგა საბედისწერო 1453 წელი, და, მთელი ქრისტიანული სამყაროს სავალალოდ, დაეცა ბიზანტია და საქართველო მარტო დარჩა მუსულმანურ ოკეანეში. მან ბიზანტიის იმპერიისგან ანდერძად მიიღო, დაეცვა წმინდა მიწა და მართლმადიდებლობა. საქართველო ერთადერთი მართლმადიდებელი სამეფო იყო, რომელიც ვრცელ მაჰმადიანურ აზიაში მარტო დარჩა. ამ ჯვაროსან რაინდთა ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, რომ მაჰმადიანობის რკინის სალტეთი იყო გარშემორტყმული, პირნათლად შეასრულა ბიზანტიის ანდერძი და იარაღასხმულმა დაიცვა უფლის სამარე და მართლმადიდებლობა. საქართველომ უზომა ძალღონით, პირველყოფილი სიწმინდითა და შეუხებლობით XIX საუკუნის ზღურბლამდე მოიტანა წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნოება და ისტორიული მისიის შემდგომი შესრულება რუსეთის ძლევამოსილ სახელმწიფოს მიანდო, რომელმაც ჩვენთვის საბერძნეთის მაგივრობა გასწია. რუსეთის შემწეობით გამოცოცხლდა საბერძნეთი და ხარობს აღმოსავლეთი. ივერია წმინდად ინახავს ღვთისმოსავ თქმულებას, რომ დადგება ჟამი - და არის ნიშნები იმისა, რომ ეს მალე იქნება, - როცა კონსტანტინეპოლის წმინდა სოფიის კედელი გადაიხსნება და იქიდან წმინდა მღვდელი გამოვა თასით ხელში და მთელი მართლმედიდებელი აღმოსავლეთის სასიხარულოდ დაამთავრებს მის მიერ მეფის ქალაქის დაცემის დროს შეწყვეტილ ღვთიურ ლიტურგიას.

და იქნება ეს მნიშვნელოვანი დიადი დღე მართლმადიდებლობისათვის დასაწყისი ახალი ბრწყინვალე ერისა...“

ამ სიტყვისათვის დეკანოზ ვოსტორგოვის, როგორც საქართველოს საეგზარქოსოს ადმინისტრატორის, მითითებით მეუფე კირიონი 1902 წ. რუსეთში გადაასახლეს.

კონსტანტინეპოლის დიადი ეკლესიის წმინდა სინოდმა, ნიკ.დურნოვოს თხოვნით, რომლითაც მან მის სრულიად უწმინდესობას მსოფლიო პატრიარქს 1907 წლის 14 იანვარს მიმართა, განიხილა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი 26 მარტს ყოვლადუწმინდესობა იოაკიმ III ნ.ნ.დურნოვოს აცნობა, რომ მასთან არსებულ მიტროპოლიტთა წმინდა სინოდის დადგენილებათა თანახმად, მონაცემები, რომლებიც ეხება საქართველოსა და ივერიის ეკლესიების და თანაბრად მათთან დაკავშირებული ყველა ცნობა, რომელიც ინახება მსოფლიო საპატრიარქოს არქივში, მოყვანილია არქივის საპატრიარქო დოკუმენტების სერიის ამას წინათ - (1905 წ.) გამოცემულ III ტომში, რომელზეც მისმა სრულიად უწმინდესობამ მიუთითა.

ღირსპატივსაცემი პირველმდგომი მართლმადიდებელი ეკლესიისა რწმენას გამოთქვამს, რომ ყველაფერი, რაც მესამე ტომშია დაბეჭდილი „დააკმაყოფილებს ყველა ქართველი ეპისკოპოსისა და ღვთისმოშიში ქართველის სურვილებს“, რომლებიც ნახსენები იყო ნ.ნ.დურნოვის წერილში პატრიარქისადმი.

ქართული ეკლესია მტკიცედ და ურყავად უნდა დადგეს წმინდა კანონებისა და თავისი ეკლესიის იმ უფლებების დასაცავად, რომლებიც მას მიანიჭა II და VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (იხ. მსოფლიო საეკლესიო კრების ვალსომონის მე-2 კანონი). ყოველი ეკლესია ვალდებულია (მე-6 და მე-7 კანონი მსოფლიო საეკლესიო კრებისა) „შემოინახოს ძველი ადათწესები“;

„მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონი ეპისკოპოსებს უკრძალავს თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას, რათა ერთმანეთში არ აურიონ ეკლესიები, უკრძალავს სხვა ოლქში ხელისდასხმასა და სხვა საეკლესიო განკარგულების გაცემას. III მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 კანონი კიცხავს ანტიოქიის პატრიარქს იმისათვის, რომ მან ეპისკოპოსი დანიშვნა კვიპროსის ეკლესიაში, რომელიც საეკლესიო კრების დადგენილებით უნდა შემონახულიყო „სუფთად, თავიდანვე მისთვის მიკუთვნებული უფლებების შევიწროების გარეშე“. ეს დადგენილება განკუთვნილია იმ ავტოკეფალური ეკლესიებისთვისაც, რომელთა უფლებები დარღვეულია სხვა ეკლესიების მიერ და რომლებიც მათთვის არაკუთვნილ ოლქებში თავიანთ ეპისკოპოსებს ნიშნავენ. გასაგებია, რომ უცხო საეკლესიო ხელისუფლების არავითარ გადაწყვეტილებებს არა აქვთ ძალა და მნიშვნელობა კანონიკურად მისთვის არადაქვემდებარებულ ოლქში.

ამასობაში, ქართული ეკლესიისათვის უცხო ეგზარქოსი, თავისი ანტიკანონიკური მოქმედებებით, ცდილობს შეურაცხყოს ქართველთა რელიგიური გრძნობები და როგორმე რუსების წინააღმდეგ აღაგზნოს ისინი, ასე მაგალითად, მართლმადიდებელთა კვირას კირ-ნიკონმა აკრძალა საქვეყნოდ გამოეცხადებიათ: „სამარადჟამო დიდება მარადსახსოვარ ქართველ ეპისკოპოსებსა და მეფეებს!“ ქართულ მრევლს რომ სძულდა, ამიტომ ეგზარქოსი იძულებული იყო ქალაქში კაზაკების ბადრაგით გარშემორტყმული ეტლით ეარა. 9 აპრილს, ჩქარი სვლის დროს, მცხეთის ქუჩაზე მისმა ეკიპაჟმა გადაუარა მოხუც ქალს, რომელიც ცოცხალმკვდარი მიიყვანეს საავადმყოფოში.

მოსკოვის მოტროპოლიტი ფილარეტი თავის წერილებში საქართველოში მყოფ რუს ეგზარქოსებს „უცხო მოსულებად“ თვლიდა და არა ქართული ეკლესიის წარმომადგენლებად. რა თქმა უნდა, მათ ვერც მცხეთის კათალიკოსთა ან თუნდაც თბილისის მიტროპოლიტთა შთამომავლებს უწოდებდა. სწორედ მათ სიცოცხლეში (მეფისწულ ანტონი II და მიტროპოლიტ არსენის დროს) გამოჩნდა თბილისში ეგზარქოსი, შეუფერებელი სახელით „მცხეთისა, ქართლისა და კახეთისა, რომელსაც 1827 წლამდე ატარებდა მეფისწული - პატრიარქი ანტონი. ჩვენი სრულიად რუსეთის სასულიერო კოლეგიუმი ხომ არ ჩათვლის მოსკოვის მწყემსმთავრებად სტაროობრიადელთა ე.წ. მეუფეებს: არქიეპისკოპოს იონა კარტუშინს, ეპისკოპოს იობას, რომლებსაც ერქმევათ „მოსკოვისა?“ რუსი ეგზარქოსიც ამგვარ მდგომარეობაში ხომ არ იმყოფება უცხო მხარეში, როცა მისთვის არაკუთვნილი სახელწოდება აითვისა?

თარგმნა ზ. კახაბერიძემ

 

ავტორის შესახებ

ნ.ნ. დურნოვო - ცნობილი რუსი ისტორიკოსი და ფილოლოგი, მრავალი ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მისი გვარი ტოლსტოების ერთ-ერთი განშტოებაა. რევოლუციის შემდეგ იგი აქტიურად აგრძელებდა მუშაობას და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტადაც იქნა არჩეული. გარდაიცვალა საბჭოთა ხელისუფლების ტყვეობაში, 1937 წელს.

 

ხშირად გვეკითხებიან, ვინ არის ეს დურნოვო, რომ ასე თავგამოდებით, იცავს საქართველოს ეკლესიასო? მართლაც, დურნოვოს გაბედული კილო, იშვიათი გულწრფელობა და ჩვენი საეკლესიო ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა ყველას აკვირვებს.

შეგნებულ ქართველთა წარმოდგენილებაში დურნოვო საქართველოს ეკლესიის მედგარ დარაჯათ ისახება. რუს მწერალთა შორის ასეთი მაგალითი არა თუ იშვიათი - ერთადერთი შემთხვევაა. მრავალ შეკითხვათა საპასუხოთ ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ, ვინ არის დურნოვო და როგორ უნდა ვუყურებდეთ მის მოქმედებას.

საუკეთესო იდეალი კაცობრიობის არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებისადმი მისწრაფება ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა. ჭეშმარიტების ძიებაში საუკეთესო ადამიანები უმაღლეს სიამოვნებას ჰპოვებენ. ადამიანის მაღალი დანიშნულებაა პირველ ყოვლისა, ჭეშმარიტებას ემსახუროს და შემდეგ სხვა საგნებს. აი ასეთი ადამიანის მოწოდება და, თუ ცხოვრებაში დავინახეთ ისეთი მაგალითი, რომ ადამიანი მართლაც ჭეშმარიტებას ყველაფერზე მაღლა აყენებს და ყოველ თავის საყვარელ და კერძოთ სათაყვანო ინტერესებს ივიწყებს და ჭეშმარიტებას ანაცვლებს, ეს გვახარებს, ეს გვიამება და რაღაც იმადს გვისახავს, რომ ადამიანი გამოდის, და ის შესაფერ სიმაღლეს გვეჩვენება.

ერთი ასეთი მაგალითი სწორეთ ბ-ნი ნ. დურნოვო არის. მისი პიროვნება და მისი პოზიცია საქართველოს ეკლესიის საკითხში მართლაც საყურადღებოა, სწორეთ თითით საჩვენებელია.

ნ. დურნოვო არის საფუძვლიანი მცოდნე ღვთის მეტყველებისა, განსაკუთრებით საეკლესიო ისტორიისა და კანონმდებლობისა, როგორც კანონისტი დურნოვო ავტორიტეტია არა მარტო რუსეთში - მთელ მართმადიდებელ ეკლესიაში. დურნოვო გულწრფელი პატრიოტია, მიმართულებით მემარჯვენე. კერძო ცხოვრებაში იშვიათი ქველ-მოქმედი, გულკეთილი მოქალაქე და თავგამოდებული დამცველი სიმართლის ყოველ სფეროში. აღსანიშნავია მისი უანგარო მოღვაწეობა მწერლობაში.

მემარჯვენე მიმართულების პირებზე ჩვენ ისეთი წარმოდგენა გვაქვს შედგენილი, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში სამშობლოს ინტერესებს განსაკუთრებით იცავენ და აქ ხშირად ვიწრო პატრიოტულ გრძნობას იჩენენ, რომელიც სტუქსავს მათში ისეთ მაღალ პრინციპებს, როგორიცაა ჭეშმარიტების სამსახური და სამართლიანობა. ამ პირთა შორის იშვიათ გამონაკლისს შეადგენს ნ.დორნოვო. ის ძველ რეჟიმის დროსაც თამამად და გუწრფელად აღიარებდა ჭეშმარიტებას. რუსეთის საეკლესიო მთავრობას მუდამ ამხილებდა უწესო და უსამართლო მოქმედებაში. დღესაც დურნოვო გადაჭრით მოითხოვს კანონიურის წესით აღიარებულ იქნეს საქართველოს ეკლესიის ტერიტურიული ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესიას დაუბრუნოს თავისი ქონება: საყდრები, მონასტრები, მამულები, ნივთები და სხვა. ამას მოითხოვს დურნოვო და ჩვენში ბევრი გაკვირვებით გვეკითხება, რა ალაპარაკებს ამნაირათო? ამას ალაპარაკებს მეცნიერის მოვალეობა, ჭეშმარიტების სიყვარული, სიმართლის პატივისვემა და ამაზე დამყარებული სამართლიანობა. მართალია ბ-ნი დურნოვო მემარჯვენე რუსია, მაგრამ ის ჯერ სამართლიანი ადამიანია, ჯერ მიუდგომელი მეცნიერია, ჭეშმარიტების უანგარო მოსამსახურეა და შემდეგ მემარჯვენე პატრიოტია. აი ასეთი უნდა იყოს ადამიანი და მაშინ აღარ იქნება ბოროტება ქვეყანაზე.

დურნოვოსთანა კაცები ცოტაა ქვეყანაზე და მეტადრე რუსეთში.

მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანის ხმა სახელმწიფო ცხოვრების მეთაურებს არ ესმით და ამის გამო ისეთ შეცდომებს სჩადიან, რომლის გასწორება შემდეგ საძნელო ხდება, და მთელი საუკუნის განმავლობაში ხალხი იტანჯება ხოლმე.

ძველი მთავრიბის სიმრავლე იქამდე მივიდა, რომ დურნოვოსთანა გულწრფელი და უანგარო მეცნიერის აზრს გვერდს უვლიდა და ბიწიერებით და დამნაშავობით ცნობილი ადამიანების, როგორიც იყვნენ ვოსტორგოვიდა ძმანი მისნი, აზრებით ხელმძღვანელობდა.

აი სწორედ ასეთმა სიბრმავემ ძველი მთავრობა დამხობის დღემდე მიიყვანა.

რა გზას დაადგება ახალი მთავრობა, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, ძველი მთავრობის კვალზე რომ არ ივლის, ეს უკვე ცხადია, მაგრამ სახიფათო შეცდომიდან რომ თავი განითავისუფლოს, ამის იმედი ჯერ არა გვაქვს. ჩვენი ეკლესიის საკითხის გარშემო ახალ მთავრობას დიდი რყევა ემჩნევა და ვაი თუ ბოროტ გამზრახველთა მოქმედებამ ახალი მთავრობაც შეაცდინოს.

ერთად ერთი გზა საქართველპოს ეკლესიის საკითხის სწორედ გადასაწყვეტი არის დურნოვოს მოთხოვნილების აღსრულება.

ტრიფონ ჯაფარიძე
„ჩვენი ქვეყანა“, 1917 წ. #54, 15/6. გვ. 1-2

 

გადმოტანილია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის
ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან
http://www.nplg.gov.ge/ic/new_editions/index.htm