შოთა მესხია

ძლევაჲ საკვირველი

I

წყაროებისა და ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა

დიდგორის ბრძოლამ და მისმა ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა შედეგმა, თბილისის შემოერთებამ, თავიდანვე მიიქცია როგორც ამ ომის მომსწრეთა, ისე შემდეგდროინდელ ისტორიკოსთა ყურადღება. სწორედ ეს, ძველი თუ ახალი დროის ისტორიკოსთა ნაშრომები, შესაძლებლობას გვაძლევს მეტნაკლებად სრულად წარმოვადგინოთ ამ მრავალმხრივ საინტერესო ბრძოლის სურათი. ამიტომ, ვიდრე თვით ბრძოლის მიზეზებზე, მსვლელობასა და შედეგებზე შევჩერდებოდეთ, საჭიროა ჯერ იმ წყაროების ავკარგიანობასა და სანდოობაზე ვისაუბროთ, რომელზედაც დამყარებული იქნება წინამდებარე ნაშრომი.

დიდგორის ბრძოლისა და თბილისის შემოერთების შესახებ წყაროები დაცულია ქართულ, აღმოსავლურ და ევროპულ ენებზე. ყველა მათ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ორიგინალური, ქართული წყაროები იქცევენ. ცხადია, ამა თუ იმ ხალხის ისტორიის შესასწავლად პირველ რიგში იმ ხალხის ენაზე დაცულ მასალებს უნდა მივმართოთ, რომლის ისტორიასაც ვწერთ.

ერთადერთი ორიგინალური პირველწყარო ჩვენი საკითხის შესასწავლად XII საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსის თხზულებაა. ამ ისტორიკოსის ვინაობა - სახელი, გვარი და სხვა - ჩვენთვის დღემდე უცნობია. ამიტომაც ამ ანონიმ ავტორს საქართველოს ისტორიის მკვლევარები პირობითად დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს უწოდებენ; მას აღწერილი აქვს დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა. მის ხზულებასაც ასე ეწოდება - „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“. „ცხოვრება“ ძველ ქართულში „ისტორიის“ შესატყვისად იხმარებოდა. ასე რომ, ანონიმ ავტორს მიზნად დაუსახავს „მეფეთ-მეფე დავითის ისტორიის“ აღწერა. მართალია, ჩვენ არ ვიცით დავითის ისტორიკოსის სახელი, მაგრამ ის კი კარგად ვიცით, რომ იგი დავით აღმაშენებლის უმროსი თანამედროვე იყო, რომ ის არა თუ მომსწრე, არამედ ხშირ შემთხვევაში მონაწილეც კი ყოფილა ბევრი იმ ისტორიული მოვლენისა, რომელიც აღუწერია. დავითის ისტორიკოსი ერთ-ერთი ბრძოლის, კერძოდ, ერწუხის ომის (1105 წ.) აღწერისას, სხვათა შორის, შენიშნავს: როცა მეფე ომგადახდილი შემობრუნდა კარავში და შეიხსნა ჯაჭვის პერანგის სარტყელი, „მტკნარი, შეყინებული სისხლი დაითხია“, რომელსაც „თვით მისგან ვგონებდით გამოსრულადო“, ნამდვილად კი ეს მტრის სისხლი იყო „ხრმლით მისით უკუმომდინარე“ და დაგროვილი მეფის ჯაჭვის პერანგშიო. როგორც ამ დეტალის აღწერიდან ჩანს, დავითის ისტორიკოსი მეფესთან ისე დაახლოებული პირი ყოფილა, რომ შესაძლებლობა ჰქონია ასეთ მძიმე წუთებშიც მასთან, მის კარავში ყოფილიყო. დავითის ისტორიკოსი დიდგორის ბრძოლის მომსწრეცა და იქნებ მონაწილეც იყო. იგი არა მარტო ამ ბრძოლას, დავითის გარდაცვალებასაც შეესწრო და მეფის ცხოვრების უკანასკნელი დღეები, გარდაცვალება და დაკრძალვაც დეტალურად აქვს აღწერილი. ასე რომ, იგი თვითმხილველი იყო იმ ისტორიული ფაქტებისა, რასაც დავითის დროს ჰქონდა ადგილი. თვითმხილველი ისტორიკოსის ცნობები კი უსათუვოდ სანდოა და პირველხარისხოვან წყაროს წარმოადგენს მკვლევარისათვის.

თვით დიდგორის ბრძოლას დავითის ისტორიკოსი მოკლედ, მაგრამ სავსებით ნათლად აგვიწერს. იგი ჯერ ამ ომის გამომწვევ მიზეზებს ეხება, შემდეგ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის შექმნისა და მისი მონაწილეების შესახებ წერს, ბოლოს კი ომის მსვლელობასა და ქართველთა ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებაზე. იქვე მას მოკლედ აქვს განხილული დიდგორის ომის შედეგებიც. ყველა ამ ცნობის შესახებ დეტალურად ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ კი შევნიშნავთ - თვით ისტორიკოსს იმდენად დიდმნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია ქართველთა გამარჯვება ამ ომში, რომ ეს ბრძოლა, მისი სიტყვით, განსაკუთრებული ქებისა და დიდების ღირსია, უფრო მეტისა, ვიდრე ალექსანდრე მაკედონელის თუ ძველი დროის სხვა გმირთა მიერ გადახდილი ომები.

დავითის ისტორიკოსი, მართალია, ძალიან მოკლედ, მაგრამ თავისთავად საინტერესო ცნობებს გვაწედის აგრეთვე თბილისის შემოერთების შესახებაც. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ცნობები საქართველოს მეფის თანმიმდევრული ღონისძიებების შესახებ თბილისისა და მისი მოსახლეობის შემოსაერთებლად,  დასამორჩილებლად, ან როგორც თვით ისტორიკოსი წერს, „სრულიად შემოსაყენებლად“ „უღელსა ქუეშე მორჩილებისასა“. ისევე საინტერესოა ისტორიკოსის ცნობა დავითის ღონისძიებებით შევიწროებული თბილისელებისა და დმანისელების მიერ სათანადო დახმარებისა და მფარველის ძებნის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთ.

დავითის ისტორიკოსი თბილისის აღებისა და შემოერთების ამბავს მხოლოდ ორიოდე სიტყვით მოგვითხრობს. იგი თითქმის არაფერს ამბობს არც შემოერთების შემდეგდროინდელ თბილისში შექმნილი მდომარეობის შესახებ. მაგრამ მისი ცნობების შევსება ამ მხრივ შესაძლებელია როგორც საკუთრივ ქართული, ასევე განსაკუთრებით უცხოური წყაროების მონაცემებით.

ამას გარდა, როცა მკვლევარი სარგებლობს დავითის ისტორიკოსის თხზულებით, ანგარიში უნდა გაუწიოს იმასაც, თუ როგორ ცდილობდა იგი შეექო თვით მეფე და მის მიერ გადახდილი ბრძოლა.

ქართველი ისტორიკოსის მიერ დიდგორის ბრძოლის ასეთი შექება ინტერესს მოკლებული არ არის და მას თავისი საფუძვლებიც გააჩნია, მაგრამ აქედან ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდა იგი განედიდებინა დავითის პიროვნება და მისი მოღვაწეოაბის ყოველი მხარე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დავითის ისტორიკოსი არა მარტო მეფის ახლობელი პირი ყოფილა, არამედ მის მომხრეთა დასის აქტიური წევრი და სამეფო ხელისუფლების პოლიტიკის თავდადებული დამცველიც. ისტორიკოსის ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულება მეფისა და მისი პოლიტიკისადმი, ბუნებრივია, დაღს ასვამს ამ საისტორიო თხზულებას და მონათხრობს, იშვიათ შემთხვევაში ობიექტურობის ელფერს უკარგავს. დავითის ისტორიკოსის ცნობებით სარგებლობისას მკვლევარმა, ცხადია, ესეც უნდა გაითვალისწინოს; მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ დავითის ისტორიკოსის ფაქტური მონაცემები დიდგორის ბრძოლის შესახებ არავითარ ეჭვს არ იწვევს და სავსებით სანდოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ამაში ჩვენ გვარწმუნებს დავითის ისტორიკოსის ცნობების შეჯერება სხვა, არაქართულ მსგავს მასალასთან, დიდგორის ომის შესახებ არაქართველი ისტორიკოსების ცნობებთან.

დავითის ისტორიკოსის თხზულებას „ქართლის ცბოვრების“ კრებულში წინ უძღვის ასევე უცნობი XI ს. ქართველი ავტორის ნაშრომი, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში „ქართლის მატიანის“ სახელითაა ცნობილი. ეს თხზულება შეიცავს საინტერესო ცნობებს საქართველოს მეფეებისა და თბილისის ურთიერთობის, თბილისის მოქალაქეთა წარმომადგენლების - უხუცესების („ბერების“) ხელისუფლებისა და საერთოდ თბილისის მდგომარეობის შესახებ შემოერთების წინ. „ქართლის მატიანის“ ამ და სხვა მსგავსი ცნობების გათვალისწინების გარეშე ბევრი რამ გაუგებარი იქნებოდა დავითის იმ ღონისძიებებიდან, რასაც ის ატარებდა თბილისის მიმართ ქალაქის შემოერთების წინ თუ მის შემდეგ.

ზემოდასახელებული საკითხების გასარკვევად ჩვენ მიერ გამოყენებულია აგრეთვე ქართული დოკუმენტური, ეპიგრაფიკული, ნუმიზმატეკური და სხვა სახის მასალაც. მაგრამ მარტოოდენ ქართული წყაროები მაინც საკმარისი ვერ იქნებოდა დიდგორის ბრძოლისა და თბილისის შემოერთების ისტორიის შესასწავლად. ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე არაქართული წყაროც არაერთი მოგვეპოვება. მოკლედ შევეხოთ მათაც.

დიდგორის ბრძოლისა და თბილისის შემოერთების შესახებ ფრიად საინტერესო ცნობები აქვს დაცული XII საუკუნის პირველი ნახევრის სომეხ ისტორიკოსს მატთეოს ურჰაეცის (მათე ურჰაელს) თავისი ნაშრომის - „ჟამთააღმწერლობის“ მესამე ნაწილში, რომელიც 1103-1136 წლების ამბებს მოიცავს.

მათე ურჰაელის ცნობები ჩვენთვის საინტერესო ბრძოლის შესახებ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თავისი სისრულით. იგი ვრცლად ჩერდება დიდგორის ომის წინა პერიოდზე, დავითის მიერ შევიწროებულ თურქ-სელჩუკთა წარმომადგენლების ელჩობაზე სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელებთან, თურქთა კოალიციური ლაშქრის შედგენაზე და, რაც მთავარია, ამ ლაშქრის რაოდენობის საკითხზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათე ურჰაელი საინტერესო ცნობებს გვაწვდის თვით საქართველოს მეფის მიერ დიდგორის ბრძოლაში გამოყვანილი ლაშქრის რაოდენობასა და შედგენილობაზე. მსგავსი ცნობა არ მოეპოვება არც დავითის ისტორიკოსსა და არც რომელიმე სხვა ავტორს, ვინც კი დიდგორის ომს შეხებია. ურჰაელის ამ ცნობებს ჩვენ ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.

დავითის ისტორიკოსის მსგავსად, მათე ურჰაელიც აღფრთოვანებულია დავითის მოღვაწეობითა და მისი ბრძოლებით არა მარტო ქართველთა, არამედ სომეხთა გასათავისუფლებლად. იგი ამბობს, რომ „მეფე დავითი იყო გულადი და ძლიერი სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან მრავალგზის დაამარცხა უცხო ტომთა ჯარები და გასტეხა მათი ყოველი ძლიერება... და იყო წმიდა და კეთილმოქმედი, შემკული ყოველი ღმერთისმსახურებით და კეთილი სამართლიანობით. იგი გამოუჩნდა შემწყნარებელი და მოყვარე სომეხთა ტომს. მასთან შეიკრიბნენ სომეხთა დარჩენილი ჯარები... და ეპყრა დიდი სიხარულითა და შვებით სომეხთა მრავალი ტომი“.

მათე ურჰაელი აღფრთოვანებით ლაპარაკობს აგრეთვე დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის შემოერთების, სომეხთა სახელგანთქმული ქ.ანისის უცხოელთა ბატონობისაგან გათავისუფლებისა და ამის შემდეგ დავითის მიერ გატარებულ ღონისძიებათა შესახებ. მათე ურჰაელის ნაშრომი სომხურ ენაზე ორჯერ არის გამოცემული; ამას გარდა, იგი თარგმნილია ფრანგულ ენაზედაც. ამჯერად უკვე მოგვეპოვება მათე ურჰაელის თხზულების ჩვენთვის საინტერესო ადგილების ქართული თარგმანიც, შესრულებული ლ.დავლიანიძის მიერ.

მათე ურჰაელის გარდა, დიდგორის ბრძოლის შესახებ მოკლე ცნობები მოეპოვებათ XII-XIII საუკუნეების სხვა სომეხ ისტორიკოსებსაც: სამუელ ანელს, ვარდან ბარძრბერდელს, სტეფანოზ ორბელიანსა და სმბატ სპარაპეტს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საინტერესო და თანაც განსხვავებულ ცნობას იძლევა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ.

ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ ქართველი და სომეხი ისტორიკოსების ცნობები ხშირ შემთხვევაში სავსებით ეთანხმებიან, ან კიდევ, ავსებენ ერთიმეორეს. ყველა ეს ცნობა მაინც იმ ხალხების ისტორიკოსებს ეკუთვნით, რომელნიც დიდი ხნის მანძილზე გაწამებული იყვნენ თურქ-სელჩუკთა ბატონობით, და, ბუნებრივია, დავით აღმაშენებლის ყოველ ღონისძიებას ამ საერთო დამპყრობლის წინააღმდეგ ისინი აღფრთოვანებით აღწერდნენ. ამიტომ მათი ცნობები მეფე დავითის ბრწყინვალე გამარჯვებების შესახებ, ერთი შეხედვით, შეიძლება მიკერძოებულად მოგვეჩვენოს.

ასეთ შთაბეჭდილებას სავსებით აქარწყლებს იმ წყაროების განხილვა, რომელიც თვით მაჰმადიან ისტორიკოსებს ეკუთვნით. თბილისის შემოერთების ისტორიის შესასწავლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს XI ს. შუა და შემდეგი წლების თბილისის მდგომარეობის გათვალისწინებას. მაგრამ სწორედ ამ პერიოდის თბილისის შესახებ ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში არაფერია ნათქვამი. ამ დიდი ხარვეზის შევსება ნაწილობრივ მაინც ხერხდება თურქი ისტორიკოსის აჰმედ იბნ-ლიუთფულაჰის (მუნეჯიმ-ბაშის) ცნობებით. იგი თუმცა XVII ს. ისტორიკოსია, მისი ცნობები XI ს. ამიერკავკასიის მდგომარეობის შესახებ მკვლევართა მიერ სამართლიანად მიჩნეულია პირველხარისხოვან წყაროდ. ეს იმიტომ, რომ მუნეჯიმ-ბაშს თავის თხზულების ჩვენთვას საინტერესო ნაწილში მასალები მოტანილი აქვს XI ს. ისტორიკოსის ფაკიჰის თხზულებიდან, რომელიც 1075 წ. ყოფილა შედგენილი. ფაკიჰის თხზულება ამჟამად დაკარგულია და იგი მხოლოდ მუნეჯიმ-ბაშის მონაცემების მიხედვით არის ცნობილი. მუნეჯიმ-ბაშის თხზულების ეს ნაწილი თარგმნილია და გამოცემულია ინგლისურ (ვ. მინორსკის მიერ) და რუსულ (ა.მამედოვის მიერ) ენებზე.

ფაკიჰის ცნობები არსებითად ავსებს „ქართლის მატიანის“ მონაცემებს საქართველოს მეფისა და თბილისის მოქალაქეთა ხელირუფლების წარმომადგენლების, „თბილისის ბერების“ ურთიერთობის შესახებ. ამას გარდა, ფაკიჰი ფრიად საგულისხმო მასალებს გვაწვდის თბილისში დამოუკიდებელი საქალაქო თვითმმართველობის არსებობის შესახებ შემოერთების წინ.

აღმოსავლურ წყაროთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მაიაფარიკინელი არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკის ცნობები. ალ-ფარიკი მართალია, არ იყო თვითმხილველი დიდგორის ბრძოლისა (იმ დროს ის სულ ხუთიოდე წლის იქნებოდა, დაიბადა 1116 წ., გარდაიცვალა 1176 წ. შემდეგ), მაგრამ მას ამ ომის შესახებ ფრიად საინტერესო ცნობები შეუკრებია როგორც კოალიციურ ლაშქრობაში მონაწილე მაჰმადიან მფლობელთა შორის, ისე საქართველოშიც. ალ-ფარიკი XII საუკუნის შუა წლებში, კერძოდ 1153 წ., ჩამოვიდა თბილისში და აქ რამდენიმე წელი დაჰყო იმდროინდელი მეფის დემეტრე პირველის (1125-1156 წწ.), დავით აღმაშენებლის მემკვიდრის, სამსახურში. არაბი ისტორიკოსი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო დიდგორის ომის ამბებით და იმ ბრძოლის ადგილიც კი დაუთვალიერებია, სადაც სასტიკად დამარცხდნენ მისი თანამემამულენი. ალ-ფარიკის საქართველოში ყოფნის დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო გადმოცემები ამ ბრძოლის შესახებ, ცოცხალი იყო თვით მისი ერთ-ერთი მთავარი მონაწილე დემეტრე პირველი და ზოგიერთი ტყვეც, რომლებიც აქ თურქ-სელჩუკთა დამარცხების შემდეგ დარჩნენ. ალ-ფარიკს ბრძოლის მონაწილეებთან, კერძოდ, მაჰმადიან ტყვეებთან შეხვედრის დიდი სურვილიც გამოუჩენია. აი, რას წერს იგი: „მე თვით ვნახე ბრძოლის ველი, როცა 1153 წელს ჩავედი თბილისში. აფხაზთა მეფის დიმიტრის დავალებით, წავედით თბილისის შიდა ოლქებში. ჩვენ გავიარეთ ტერიტორია, რომელიც 70 დღის სავალს შეადგენს... რამდენიმე დღის შემდეგ ერთ მთასთან მივადექით ვრცელ ველს. ამ მთის ძირს აღმართულია მაღალი ციხე-სიმაგრე და აქ დაბანაკდა მეფე. აფხაზთა მეფემ მითხრა: „აი ციხეში არის ვიღაც ტყვე ილღაზის ლაშქრიდან, როგორც გათენდება ხვალინდელი დღე, ადი მასთან. ნახე და ჰკითხე, საიდან არის იგი“. მე გადავწყვიტე ასეც მოვქცეულიყავი. მაგრამ იმ ღამეს მეფეს მოუვიდა ცნობა, რომ ზოგიერთი ოლქი აუჯანყდა. მაშინვე დასცეს სალაშქრო ბუკი და მეფეც დაიძრა. არ ინება ღმერთმა, რომ ჩვენ შევხვედროდით მას“ (ე.ი. ტყვეს - შ. მ.).

როგორც ალ-ფარიკის ცნობების განხილვიდან ირკვევა, მას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის, მეფის მიერ გატარებული ღონისძიებების, დიდგორის ომისა და შემდგომ თბილისის შემოერთების შესახებ. ალ-ფარიკის ზოგიერთი ცნობის შედარება დავითის ისტორიკოსის მონაცემებთან სავსებით გვარწმუნებს მის უეჭველობაში. ყოველივე ეს, ცხადია, მას დიდგორის ბრძოლის შესასწავლად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ალ-ფარიკის ეს საინტერესო ცნობები, საერთოდ საქართველოსა და კერძოდ, დიდგორის ბრძოლის შესახებ, დიდი ხანი არ არის, რაც ქართველი (ვლ.ფუთურიძე, გ.წერეთელი) და უცხოელი (ჰ.ამედროზი, ვ.მინორსკი) მეცნიერების წყალობით ცნობილი გახდა მკვლევართათვის. სწორედ ამ მეცნიერებმა გამოსცეს ალ-ფარიკის თხზულების ეს ადგილები ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე და მნიშვნელოვნად გაამდიდრეს XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორია ახალი მასალებით.

დიდგორის ბრძოლის შესახებ მრავალმხრივ საყურადღებო ცნობები მოეპოვება აგრეთვე არაბ ისტორიცოსს იბნ-ალ-ასირს (1160-1234 წწ). იგი დიდხანს ცხოვრობდა მოსულში (ერაყი) და ადგილობრივი ამირას სამსახურში იყო. მოსულის ამირას დავალებით იბნ-ალ-ასირი ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში და ამ მოგზაურობას ისტორიული მასალების შესაკრებად იყენებდა. ამ მასალებზე ააგო მან თავისი თოთხმეტტომიანი ნაშრომი „ისტორიის სრული კრებული“, უძველესი დროიდან ვიდრე 1231 წლამდე. იბნ-ალ-ასირი უმთავრესად იმეორებბ მის წინამორბედ არაბ ისტორიკოსთა ცნობებს, მაგრამ ამასთან ერთად ბევრი ახალი და საინტერესო მასალაც მოაქვს. ასე მაგალითად, დიდგორის ბრძოლისა და მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ მას მოეპოვება ალ-ფარიკისა და სხვა ისტორიკოსებისაგან განსხვავებული ცნობები. ამას გარდა, იგი აღწერს ბრძოლის დაწყების ერთ დეტალსაც, რომელიც დავითის მიერ გამოყენებულ ერთ ტაქტიკურ ხერხზე მიუთითებს და რაც არც ერთ სხვა ისტორიკოსს არა აქვს აღნიშნული. იბნ-ალ-ასირს ცნობები მოეპოვება ტყვედ ჩავარდნილ მაჰმადიან მოლაშქრეთა რაოდენობის შესახებაც და სხვა.

იბნ-ალ-ასირის თხზულების ჩვენთვის საინტერესო ნაწილი რუსულად თარგმნილია პ.ჟუზეს მიერ და ცალკე წიგნად გამოიცა „თარიღი ალ-კამილის“ სახელწოდებით.

წყაროთა შორის ყურადღებას იქცევს აგრეთვე არაბულენოვანი თურქი ისტორიკოსის იბნ ალ-ჯაუზის მოკლე ცნობები დავით აღმაშენებლის, დიდგორის ბრძოლის. თბილისის შემოერთებისა და მისი შემდეგდროინდელი მდგომარეობის შესახებ. ალ-ჯაუზი XIII ს. პირველი ნახევრის ავტორია. მართალია, მისი ცნობები სისრულითა და აგრეთვე მნიშვნელობითაც ვერ შეედრება ალ-ფარიკას თხზულებაში დაცულ მასალებს, მაგრამ იგი მაინც დარჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ დიდგორის ბრძოლის ზოგი დეტალის აღსადგენად და შემოერთებული თბილისის მუსლიმანური მოსახლეობის მიმართ დავითის მიერ გატარებულ ღონისძიებათა შესახებ.

ალ-ჯაუზის ცნობების არაბული ტექსტი ქართული თარგმანითურთ ახლახან გამოაქვეყნა ო.ცქიტიშვილმა.

იბნ-ალ-ასირის „ისტორიის“ ცალკეული ნაწყვეტები, რომელნიც საინტერესო ცნობებს შეიცავენ სომხებისა და ქართველების შესახებაც, საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დაამუშავა და თარგმანების სახით გამოაქვეყნა ცნობილმა ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნემ მ.დეფრემერიმ. აღსანიშნავია, რობ დეფრემერის მიერ იბნ-ალ-ასირის „ისტორიის“ გამოქვეყნებულ ნაწილებს თან ახლავს კომენტარები, რომლებიც ფაქტიურად ნაწყვეტებს წარმოადგენს ძველი არაბი ისტორიკოსების ალ-ჯაუზის და სხვათა თხზულებებიდან. მ.დეფრემერის მიერ შეკრებილი და დამუშავებული ცნობები ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს ქართულად თარგმნა და ჟურნალ „მოამბეში“ გამოაქვეყნა ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ ივ.მაჭავარიანმა.

ზემოხსენებულ ავტორთა გარდა, დავით აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლის შესახებ საინტერესო ცნობები მოეპოვებათ ევროპელებსაც. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დავით მეფის თანამედროვის, ევროპელ ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის აღმწერი ისტორიკოსის გოტიეს ცნობები. ზოგი მკვლევარის აზრით, გოტიე ფრანგი იყო. მას მონაწილეობა მიუღია პირველ ჯვაროსნულ ლაქრობაში და ერთხანს ჯვაროსანთა მიერ დაარსებული ანტიოქიის სამთავროს კანცლერიც კი ყოფილა. ზოგი ცნობით, 1119 წელს ჯვაროსანთა ლაშქრის ერთ ნაწილთან ერთად იგი ტყვედ ჩავარდნილა, მაგრამ 1122 წლიდან განთავისუფლებულა ტყვეობიდან და ისევ გაუგრძელებია მოღვაწეობა ანტიოქიაში. მისი ცხოვრების ბოლო წლები უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ გოტიემ თავისი სიცოცხლის უმთავრესი ნაწილი აღმოსავლეთში გაატარა და კარგად იცნობდა ყველაფერ იმას, რაც მაშინ აღმოსავლეთში ხდებოდა. გოტიეს მნიშვნელოვანი მასალები ჰქონია არა მარტო ევროპელი ჯვაროსნების, არამედ იმ ბრძოლების შესახებაც, რასაც იმდროინდელი საქართველო აწარმოებდა მაჰმადიანური გარემოცვის წინააღმდეგ. საქართველოს ბრძოლა თურქ-სელჩუკების ბატონობის წინააღმდეგ თავისთავად ეხმაურებოდა ჯვაროსანთა ინტერესებს აღმოსავლეთში და, ბუნებრივია, რომ ჯვაროსნების პირველი ლაშქრობის ისტორიკოსი დაინტერესებული იყო საქართველოს ამბებითა და, კერძოდ, დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის განადგურებით. ამიტომაა, რომ გოტიემ თავის ცნობილ ლათინურ ქრონიკაში - „ანტიოქიის ომები“ - მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო დიდგორის ბრძოლას. მართალია, გოტიე თვითმხილველი არ ყოფილა ამ ომისა, მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, მას საინტერესო მასალები ჰქონია 1121 წ. საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ. რაკი ბევრი რამ გოტიეს ცნობებში გაზვიადებული და საეჭვო ჩანს, მისი მონაცემები უნდა შევუდაროთ სხვა ისტორიკოსთა ცნობებს და მხოლოდ ასეთი კრიტიკული განხილვის შემდეგ გამოვიყენოთ.

დავით აღმაშენებლისა და მისი თანადროული საქართველოს შესახებ ცალკეული საინტერესო ცნობები მოეპოვებათ სხვა ევროპელ ავტორებსაც, მაგრამ მათ საგანგებო განხილვას აქ საჭიროდ არ მივიჩნევთ.

როგორც დავინახეთ, დიდგორის ბრძოლის შესახებ მასალები მოგვეპოვება როგორც ქართულ, სომხურ, არაბულ, ასევე ლათინურ ენებზე. და ეს შემთხვევითი არ არის: ამ ომმა თავისი დიდი მნიშვნელობით არა მარტო ქართველ და სომეხ ისტორიკოსთა, არამედ საერთოდ, მთელი მაშინდელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, უკეთ, იმდროინდელი მსოფლიოს ისტორიკოსთა ყურადღება მიიქცია. ყოველივე ამან შესაძლებლობა მოგვცა სხვადასხვა ხალხისა და სხვადასხვა რწმენის ისტორიკოსთა მონაცემების ურთიერთშეჯერებით, მათი კრიტიკულად შესწავლით, აღგვედგინა დიდგორის ბრძოლისა და მისი შედეგების მეტნაკლებად სრული სურათი. მეტნაკლებად სრულიო, ვამბობთ იმის გამო, რომ ზემოგანხილული ისტორიკოსები ჩვენთვის საინტერესო ყოველ კითხვაზე სათანადო პასუხს არ იძლევიან. მათი მონაცემები ყოველთვის არ არის საკმარისი დიდგორის ბრძოლის ყველა მხარის ნათლად და სრულად წარმოსადგენად. ამ მხრივ დიდი დახმარების გაწევა შეეძლო დიდგორის ველის არქეოლოგიურ შესწავლას. იქ ბევრი რამ საინტერესო მიწის ქვეშ არის მოქცეული და დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. ამ საიდუმლოების გახსნა კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბუნებრივია, ყველაფერი ეს ამ ნარკვევსაც დაამჩნევს თავის კვალს - იგი ყოველმხრივი სისრულის პრეტენზიას ვერ განაცხადებს.

*   *
*

წყაროების მოკლე მიმოხილვის შემდეგ საჭიროდ ვთვლით ორიოდე სიტყვით მაინც შევეხოთ იმ სამეცნიერო ლიტერატურას, რაც დავით აღმაშენებლისა და, კერძოდ, დიდგორის ბრძოლის შესახებ მოგვეპოვება.

მიუხედავად იმისა, რომ XI საუკუნის მიწურული და XII საუკუნის პირველი მეოთხედი, ე.ი. ის წლები, როცა დავით აღმაშენებელი მოღვაწეობდა, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული მოვლენებით არის აღსავსე და ფეოდალური საქართველორ ისტორიის ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ პერიოდს წარმოადგენს, დღემდე სათანადოდ არ არის შესწავლილი. საკმარისია აღინიშნოს, რომ ამ ხანის შესახებ არც ქართულ და არც სხვა ენებზე არ მოგვეპოვება ვრცელი, საფუძვლიანი გამოკვლევა, მონოგრაფია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი თუ უცხოელი მკვლევარი-ისტორიკოსები არ ყოფილან დაინტერესებული დავით აღმაშენებლის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ღონისძიებებითა და, კერძოდ, დიდგორის ომით, რომ მათ საერთოდ ამის შესახებ არაფერი დაეწეროთ.

რევოლუციამდე თუ რევოლუციის შემდეგ არა ერთი გამოკვლევა გამოქვეყნებულა საქართველოს ისტორიის შესახებ და ბუნებრივია, ასეთ წიგნებში დავით აღმაშენებელს, მის მოღვაწეობას და დიდგორის ომსაც სათანადო ადგილი ეთმობოდა.

პირველი ქართველი მკვლევარი, რომელმაც უმთავრესად ქართული წყაროების საფუძველზე აღწერა დავითის ღონისძიებანი და კერძოდ, დიდგორის ომი, XVIII საუკუნის პირველი ნახევრის სახელოვანი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი იყო. მან თავის „საქართველოს ცხოვრებაში“ მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო დიდგორის ომს, საგანგებოდ შეეხო მას დავითის სხვა ღონისძიებებთან ერთად, მაგრამ ვახუშტის დროს საქართველოს ისტორიის წყაროები ჯერ კიდევ სათანადოდ არ იყო გამოვლენილ-შესწავლილი და იგი იძულებული გახდა, დიდგორის ომის შესახებ უმთავრესად დავითის ისტორიკოსის ჩვენს მიერ ზემოთ განხილული ცნობები გაემეორებინა. სამაგიეროდ, ვახუშტის საინტერესო ცნობები და დაკვირვებები აქვს დავით აღმაშენებლის დროინდელი ქართული ფეოდალური ლაშქრის ორგანიზაციის, შეიარაღებისა და, საერთოდ, სამხედრო ხელოვნების შესახებ.

ვახუშტი ბაგრატიონის შემდეგ მთელი საუკუნის მანძილზე ჩვენთვის საინტერესო საკითხების შესწავლა ქართულ ისტორიოგრაფიაში წინ არ წაწეულა. ვახუშტის მომდევნო ხანის ისტორიკოსები, რომელნიც კი XII საუკუნის პირველ მეოთხედს შეხებიან, ვერ გასცილდნენ დავითის ისტორიკოსისა და ვახუშტის მონაცემებს.

ერთგვარი გარდატეხა ამ მხრივ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ხდება, როცა საქართველოს ისტორიისა და კულტურის მეცნიერულ კვლევა-ძიებას იწყებს ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი მარი ბროსე (1802-1880 წწ.). მან დიდი ამაგი დასდო საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეს - პირველმა გამოამზეურა და გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიის არა მარტო ქართული, არამედ უცხოური წყაროებიც, მათ შორისაა არა ერთი საინტერესო მასალა დავით აღმაშენებლის, დიდგორის ბრძოლისა და თბილისის შემოერთების შესახებ.

მ. ბროსემ ფრანგულ ენაზე შესრულებულ თავის ნაშრომში - „დამატებანი და განმარტებანი საქართველოს ისტორიის შესახებ“ - ნაწყვეტების სახით გამოაქვეყნა სომეხ, არაბ თუ სხვა ისტორიკოსთა ცნობები დიდგორის ომის შესახებ. აქვე არის მასალები დავითის მიერ თბილისის შემოერთებისა და ამის შემდეგ ქალაქში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები ფრიად საინტერესოა დავითის მოღვაწეობისა და პიროვნების შესაფასებლად.

აღსანიშნავია, რომ მ. ბროსემ თავის „საქართველოს ისტორიაში“ ამ მასალების, კერძოდ, მათე ურჰაელის ცნობების გამოყენებით მოკლედ განიხილა დიდგორის ბრძოლა და მისი შედეგები.

დიდგორის ომის შესწავლის შემდგომი საფეხური ქართულ ისტორიოგრაფიაში ეკუთვნის XIX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილ ქართველ ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს. მას, მართალია, დიდგორის ბრძოლის შესახებ საგანგებო გამოკვლევა არ დაუწერია, მაგრამ ვახუშტის „საქართველოს ისტორიის“ 1888 წლის გამოცემას დიმიტრი ბაქრაძემ დაურთო ფრიად საინტერესო შენიშვნები. სწორედ იქ, სადაც ვახუშტი დიდგორის ომის შესახებ საუბრობს, დ.ბაქრაძემ განმარტებების სახით მოიტანა მათე ურჰაელის და გოტიეს ცნობები დიდგორის ბრძოლის შესახებ და ამით კიდევ უფრო გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია ახალი მასალებით. გოტიეს ცნობები ქართულ ენაზე პირველად სწორედ დ.ბაქრაძის მიერ იქნა გადმოთარგმნილი და სამეცნიერო ხმარებაში შემოტანილი.

XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დამდეგს არა ერთი სამეცნიერო წერილი, წიგნი, ისტორიული პოემა თუ ლეგენდა გამოქვეყნდა დავით აღმაშენებელზე. ყველა მათგანს აქ არ მოვიხსენიებთ. მივუთითებთ მხოლოდ ზოგიერთზე, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს, საერთოდ, XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიისა და, კერძოდ, დიდგორის ბრძოლის შესწავლის საქმეში. ამ მხრივ პირველ რიგში აღსანიშნავია ნ.ურბნელის (ხიზანაშვილის) ისტორიული მონოგრაფია „მეფე დავით აღმაშენებელო და მისი დრო“, რომელიც 1894 წ. ჟურნ. „მოამბის“ ფურცლებზე დაიბეჭდა. ნ.ურბნელმა იმ დროისათვის მის განკარგულებაში არსებული წყაროების მიხედვით საკმაოდ ვრცლად განიხილა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ყოველი მხარე და მათ შორის დიდგორის ბრძოლაც.

დავით აღმაშენებლის შესახებ არა ერთი წერილი აქვს გამო ქვეყნებული სხვადასხვა დროს, XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს, ცნობილ ქართველ ისტორიკოსს მ.ჯანაშვილს; XII საუკუნის საქართველოს შესახებ საგანგებო გამოკვლევა გამოაქვეყნა აგრეთვე დ.კარიჭაშვილმა - „საქართველო XII საუკუნეში“, სადაც დიდგორის ომის შესახებაც არის საუბარი, მანვე წერილი მიუძღვნა საკუთრივ დავით აღმაშენებელსაც. დავით აღმაშენებელს წერილები მიუძღვნეს აგრეთვე ი.ფერაძემ, დ.ღამბაშიძემ, გრ.ყიფშიძემ, ზ.ჭიჭინაძემ და ბევრმა სხვამ. ყველა ამ წერილმა თავის დროზე სათანადო როლი შეასრულა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ამა თუ იმ მხარის შესწავლის საქმეში. მიუხედავად ამისა, XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიული მოვლენების მეცნიერული გამოკვლევა და სათანადო შეფასება ჯერ კიდევ მომავლის საქმედ რჩებოდა.

ისე როგორც საქართველოს ისტორიის ყველა კარდინალური საკითხის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობისა და, კერძოდ, დიდგორის ომის მეცნიერულ შესწავლაში ახალი საფეხურის შემქმნელია ივ. ჯავახიშვილი. მან ჯერ კიდევ 1914 წ. გამოქვეყნებულ „ქართველი ერის ისტორიის“ II წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო დავით აღმაშენებლის მრავალმხრივი ღონისძიებების შესწავლასა და შეფასებას. იქვე განხილული იყო დიდგორის ბრძოლაც. აღსანიშნავია, რომ ივ. ჯავახიშვილმა საამისოდ, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, გამოიყენა ყველა წყარო, რაც კი იმ დროისათვის ხელმისაწვდომი იყო და ამის საფუძველზე მოგვცა დიდგორის ბრძოლის პირველი მეცნიერული ანალიზი. ამასთანავე, დიდგორის ბრძოლა ივ. ჯავახიშვილმა განიხილა სხვა ისტორიულ მოვლენებთან კავშირში, მოგვცა ამ ბრძოლის მიზეზების მოკლე მიმოხილვა და შედეგების სათანადო შეფასებაც.

ამ საკითხის განხილვისას ივ. ჯავახიშვილის ძირითად წყაროს, დავითის ისტორიკოსის მონაცემებთან ერთად, მათე ურჰაელისა და იბნ-ალ-ასირის ცნობებიც შეადგენდა. მათი ურთიერთშეჯერება მკვლვარს შესაძლებლობას აძლევდა, დაედგინა დიდგორის ბრძოლის თარიღი, დაახლოებით მაინც განესაზღვრა მოწინააღმდეგეთა ლაშქრის რაოდენობა, მისი შედგენილობა და სხვ.

ივ. ჯავახრშვილს საგანგებო ნაშრომი არ დაუწერია დიდგორის ბრძოლის. შესახებ, ხოლო „ქართველი ერის ისტორიის“ II წიგნში, სადაც XII-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის ყველა ძირითადი საკითხია განხილული, ცხადია, დიდგორის ბრძოლას დიდ ადგილს ვერ დაუთმობდა - მას მხოლოდ სამიოდე გვერდი მიეძღვნა. აქედან გამომდინარე, დიდგორის ბრძოლის ყველა მნიშენელოვანმა საკითხმა ივ. ჯავახიშვილის ზემოდასახელებულ ნაშრომში სათანადო გაშუქება ვერ ჰპოვა.

მართალია, რევოლუციის შემდეგაც, საბჭოთა პერიოდში, დავით აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლის შესახებ საგანგებო გამოკვლევები, მონოგრაფიები არ ყოფილა გამოქვეყნებული, მაგრამ XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიის კვლევამ მაინც საგრძნობლად წინ წაიწია გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსების ს.ჯანაშიასა და ნ.ბერძენიშვილის ნაშრომების წყალობით.

ს. ჯანაშიამ საგანგებო სტატია უძღვნა დავით აღმაშენებელს და მოკლედ, მაგრამ სავსებით სხარტად და თანმიმდევრულად ჩამოაყალიბა დავით IV, აღმაშენებლის, დროს შექმნილი საგარეო ვითარების ძირითადი მოვლენები, საშინაო ღონისძიებათა და რეფორმათა უმთავრესი შედეგები. ს.ჯანაშიამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქვეყნის შიგნით არსებულ ძალებს, როგორც დავით IV-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატების უმთავრეს წყაროს. აქვე იგი გაკვრით ეხება დიდგორის ბრძოლის მიზეზებსა და შედეგებს.

დავით აღმაშენებლის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. არაერთხელ შეხებია ნ.ბერძენიშვილი და არა ერთი საგულისხმო დასკვნაც გაუკეთებია მას ჩვენთგის საინტერესო საკითხებზე. ამას გარდა, ნ.ბერძენიშვილმა მისი რედაქციით გამოცემულ „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოსათვის დავით აღმაშენებლისა და დიდგორის ომისადმი მიძღვნილი პარაგრაფები ხელახლა დაწერა.

დიდი სამამულო ომის წლებში, როცა საბჭოთა არმია გმირულ ბრძოლებს აწარმოებდა გერმანელ ფაშისტ-დამპყრობთა წინააღმდეგ, საბჭოთა ისტორიკოსებმა არა ერთი ნაშრომი გამოაქვეყნეს ჩვენი სახელოვანი წინაპრების, დიდი მხედართმთავრებისა და გმირული ბრძოლების შესახებ, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიხადა უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამ ნაშრომებმა ფაშისტურ ურდოებთან მებრძოლი საბჭოთა არმიისა და ხალხის წინაშე ისევ გააცოცხლეს გმირი წინაპრების ნათელი სახეები...

ცხადია, არც დავით აღმაშენებელი და მისი სარდლობით გადახდილი ომები ყოფილა დავიწყებული. ა.კიკვიძემ ომის მრისხანე წლებში, 1942 წ. გამოაქვეყნა მეცნიერულ-პოპულარული ნაშრომი „დავით აღმაშენებელი“. მასვე მიუძღვნა თავისი ბროშურა ს.მაკალათიამ; ომის წლებშივე დავით აღმაშენებლის ორი დიდი ომის შესახებ სპეციალური წერილი გამოაქვეყნა ს.კაკაბაძემ. მასში საგანგებოდაა განხილული ერწუხისა და დიდგორის ბრძოლები. ს.კაკაბაძემ ჩვენთვის საინტერესო ბრძოლა უმთავრესად გოტიეს ზემოხსენებული ქრონიკის - „ანტიოქიის ომების“ მიხედვით განიხილა. მართალია, მას დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის ცნობებიც აქვს მოშველიებული, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც გოტიეს მიანიჭა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ მცდარი დასკვნებისა, რაც ს.კაკაბაძის ზემოდასახელგბული წერილისათვის ასე დამახასიათებელია.

დიდგორის ბრძოლას, უმთავრესად აღმოსავლური წყაროების მიხედვით, შეეხო რ.კიკნაძე. მისმა გამოკვლევამ, რომელიც არსებითად შუასაუკუნეების თბილისისადმი არის მიძღვნილი, დიდგორის ბრძოლის ზოგი საკითხის, კერძოდ, მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის მონაწილეთა გარკვევაში სინათლე შეიტანა.

უკანასკნელ წლებში დავით აღმაშენებლის მრავალმხრივი სახელმწიფოებრივი რეფორმები საგანგებო შესწავლის საგნად იქცა. ამ საკითხებზე მუშაობს რ.მეტრეველი. მისი შრომა „დავით აღმაშენებელი“, სადაც მოკლედ დიდგორის ბრძოლაცაა განხილული, 1965 წ. გამოქვეყნდა. ამას გარდა რ.მეტრეველმა გამოაქვეყნა საგანგებო სტატია, რომელიც მიეძღვნა დავით IV-ის დროის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხებს. წერილს მნიშვნელოვანი შესწორება შეაქვს ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ზოგი ისტორიული მოვლენის დღემდე მიღებულ დათარიღებაში.

დიდგორის ბრძოლა მეცნიერთა კვლევის საგანი გახდა სამხედრო ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისითაც. გასული საუკუნის 80-იან წლებში თ.დადიშკელიანის ვრცელი სტატია - „საქართველოს მხედრობა“ - იყო XI-XII საუკუნეების საქართველოს სამხედრო წყობილების შესწავლის პირველი ცდა. ნარკვევში მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი დავით აღმაშენებლის დროინდელ სამხედრო ხელოვნებისა და დიდგორის ბრძოლის მიმოხილვას. ამავე საკითხებს მიეძღვნა ი.გედევანიშვილის გამოკვლევა „სამხედრო ხელოვნება საქართველოში“.

XII საუკუნის საქართველოს სამხედრო ხელოვნება საერთოდ, და დავით აღმაშენებლის სამხედრო მოღვაწეობა კერძოდ. ქართველ საბჭოთა ისტორიკოსთა კვლევის საგანიც გახდა. XII საუკუნის სამხედრო წყობილების საკითხს საგანგებო მოხსენება მიუძღვნა ვ.დონდუამ; შ.ბადრიძემ საკუთრივ დიდგორის ომი განიხილა სამხედრო ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით. მასვე ეკუთვნის აგრეთვე საინტერესო გამოკვლევა ჯვაროსნულ თქმულებებზე დავით აღმაშენებლის შესახებ და ჯერ კიდევ დაუბეჭდავი ნარკვევი „ჯვაროსნები და საქართველო“.

აღსანიშნავია, რომ დიდგორის ომი, როგორც საერთოდ მსოფლიო სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში, შეფასებულია სამხედრო ხელოვნების ისტორიის თანამედროვე რუსი სპეციალისტების მიერაც. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს პოლკოვნიკ ა.სტროკოვის ამ ათიოდე წლის წინათ რუსულ ენაზე გამოქვეყნებული ნაშრომი „სამხედრო ხელოვნების ისტორია“, სადაც სათანადო ადგილი აქვს დათმობილი დიდგორის ბრძოლის აღწერასა და მისი ტაქტიკური მხარის განხილვას.

დიდგორის ბრძოლა ქართულსა და უცხოურ ისტორიოგრაფიაში განიხილებოდა მსოფლიო ისტორიის იმდროინდელ ღირსშესანიშნავ მოვლენებთან, კერძოდ, ჯვაროსანთა ომებთან კავშირშიც. ასე მაგალითად, ზ.ავალიშვილი ნარკვევში - „გარშემო ერთი ომისა“ - დიდგორის ბრძოლას სწორედ ამ თვალსაზრისით შეეხო და შეიძლება ითქვას, სავსებით სწორადაც უჩვენა ის არსებითი განსხვავება, რომელიც ამ ორ ისტორიულ მოვლენას - ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლებსა და ჯვაროსნების დამპყრობლურ ომებს შორის არსებობდა. ამ მხრივ ქართველი მკვლევარის პოზიცია სამართლიანად უპირისპირდება იმ უცხოელ ისტორიკოსებს (მაგ. ბ.კუგლერსა და სხვებს), რომელნიც დიდგორის ბრძოლას ჯვაროსნების მიერ აღმოსავლეთში წარმოებულ დამპყრობლურ ომებთან კავშირში ერთ სიბრტყეზე განიხილავენ.

დავით აღმაშენებელი და დიდგორის ბრძოლა არა მარტო ისტორიკოს-მკვლევართა ყურადღებას იქცევდა, იგი არა ერთხელ ყოფილა ქართული მხატვრული სიტყვის ოსტატების შემოქმედების წყაროც. იმდენად მიმზიდველი ჩანდა ეს ისტორიული თემა, რომ არა თუ მწერლებს, ზოგჯერ თვით ისტორიკოსებსაც კი უცდიათ მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგები მხატვრულ სახეებში გადმოეცათ. ცნობილმა ისტორიკორმა მოსე ჯანაშვილმა ვრცელი პოემა უძღვნა დავით აღმაშენებელსა და დიდგორის ბრძოლას. ბევრი სხვაც დაიწერა მოთხრობის, ლექსის, პოემისა თუ ლეგენდის სახით. მაგრამ დიდი მხატვრული ტილო დავით აღმაშენებელზე კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა. მხატვრული სიტყვის დიდოსტატმა ძველი საქართველოს დიდ სახელმწიფო მოღვაწეს ოთხწიგნიანი რომანი უძღვნა; მეოთხე წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდგორის ბრძოლას დაუთმო და ეს ისტორიული მოვლენა, უმთავრესად დავითის ისტორიკოსის, ალ-ფარიკისა და გოტიეს ქრონიკების მიხედვით, მხატვრულად აღწერა. დიდგორის ბრძოლის ამბების დიდი სიზუსტით გადმოცემის მიზნით, ავტორმა საჭიროდ მიიჩნია, ნაშრომის ამ ნაწილისათვის თვით პრველწყაროთა თარგმანები და ორიგიძალური ტექსტებიც კი დაერთო.

უკანასკნელ ხანებში, კერძოდ ჩვენი ბროშურის „დიდგორის ბრძოლის“ გამოცემის (1965 წ.) შემდეგ დაბეჭდილ წერილთა და საგანგებო გამოკვლევათა შორის პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ კ.სალიას სტატია - „რამჯიენიმე ფურცელი საქართველთს ისტორიიდან“, რომელიც დაიბეჭდა ფრანგულ ენაზე ჟურნ. „ბედი ქართლისას“ ოცდამეშვიდე ნომერში. წერილის საგანგებო პარაგრაფი დათმობილი აქვს დიდგორის ბრძოლას. ავტორი დიდგორის ამბებს სწორედ იმ წყაროების მიზედვით მოგვითხრობს, რომელიც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ; კერძოდ, მის მიერ გამოყენებულია გოტიეს, დავითის ისტორიკოსის და სხვ. ცნობები ამ ბრძოლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კ.სალია სპეციალურად შეეხო აგრეთვე დავითისა და საკმაოდ მოარული თქმულების გმირის მეფე - პრესვიტერის იოვანეს იგივეობის საკითხს.

ამ უკანასკნელი 5-6 წლის მანძილზე, მართალია, დიდგორის ბრძოლისა და თბილისის შემოერთებისადმი საგანგებოდ მიძღვნილი გამოკვლევა არ დაბეჭდილა, მაგრამ გამოქვეყნდა ცალკეულ ავტორთა (ვ.გაბაშვილი, მ.ლორთქიფანიძე, ნ.შენგელია, გ.კიღურაძე, ვ.კოპალიანი, ნ.ასათიანი, მ.ეფრემიძე, ი.ბერაძე, ქ.ჩხატარაიშვილი და სხვ.) გამოკვლევები, სადაც, სხვასთან ერთად, აღძრულია დავითის დროის საქართველოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის ისტორიის საკითხები და ამდენად მეტნაკლებად ეხმაურებიან ჩვენთვის საინტერესო პრობლემებს.

გასულ (1971) წელს დიდგორის ბრძოლის 850 წლისთავს გამოეხმაურა ჩვენი საზოგადოებრიობა და ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკის ცენტრალურსა და ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნდა ლ.გოთუას, რ.მეტრეველის, შ.ბადრიძის, თ.კახიანის, მ.ჯანგიძის და სხვათა წერილები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. დიდგორის ბრძოლის შესწავლისა და მისი მნიშვნელობის პროპაგანდის საქმეში.

ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოებამ საგანგებო საჯარო სხდომა მიუძღვნა დიდგორის ბრძოლის 850 წელსა და მოისმინა ივ.შაიშმელაშვილისა და ქ.ჩხატარაიშვილის მოხსენებები. პირველმა დიდგორის ბრძოლა სამხედრო ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით განიხილა, ქ.ჩხატარაიშვილი კი შეეხო დიდგორის ბრძოლის მიზეზებსა და შედეგების ისტორიულ მნიშვნელობას.

ზემოდასახელებული წყაროები და ნაშრომები სათანადოდ გათვალისწინებულია წინამდებარე სამეცნიერო-პოპულარულ მონოგრაფიაში. ამას გარდა, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ვითარებისა თუ დავითის მიერ გატარებულ რეფორმათა და ღონისძიებათა შესასწავლად გამოყენეგულია სხვა რიგის წყაროებიცა და აგრეთვე ქართველ, რუს და უცხოელ ავტორთა გამოკვლევები, მაგრამ მათი ჩამოთვლა და განხილვა წინამდებარე ნაშრომში საჭიროდ არ მივიჩნიეთ. ასევე, ამ ნაშრომის პროფილისათვის შეუფერებლად ჩავთვალეთ ჩვენი ზოგი დაბეჯითებით გამოთქმული თვალსაზრისის (მაგ. დავითის რეფორმებზე ფეოდალური მონარქიის სამოხელეო წყობილებაში და სხვ.) დასამტკიცებლად სათანადო წყაროების მონაცემების ანალიზი და საბუთების მოშველიება. მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი სხვებისაგან განსხვავებული შეხედულებანი ამა თუ იმ საკითხზე ყოველთვის ავტორის მიერ უკვე ჩატარებული კვლევა-ძიებით მიღებულ შედეგებზეა დამყარებული.

როგორც მოკლე მიმოხილვიდან ჩანს, ქართულ ისტორიოგრაფიაში არა ერთი ნაშრომი მოიპოვება დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ხანისა და ამ დროს გადახდილი ომების შესახებ, მაგრამ მაინც დიდგორის ბრძოლა და მისი შედეგები, ისე როგორც თვით იმდროინდელი მრავალმხრივი სახელმწიფოებრივი რეფორმები და ღონისძიებანი, დღემდე სათანადოდ შესწავლილი არ არის. ამ ხარვეზების ნაწილობრივ შევსებას ისახავს მიზნად ეს მეცნიერულ-პოპულარული ნარკვევი.

 

II

საქართველო დიდგორის ბრძოლის წინ

1. ბაგრატ III-დან დავით IV-მდე

დიდგორის ბრძოლა განაპირობა XI საუკუნისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის ფეოდალური საქართველოს საშინაო და საგარეო პირობებმა. ამიტომ სანამ თვით დიდგორის გმირულ ეპოპეას შევეხებოდეთ, საჭიროა გავეცნოთ იმ ვითარებას, რაც იმდროინდელ საქართველოში შეიქმნა და რამაც წარმოშვა ამ ბრძოლის მიზეზები.

XI საუკუნე და XII საუკუნის პირველი მეოთხედი საქართველოს ისტორიაში მრავალი ღირსშესანიშნავი მოვლენით აღინიშნა. XI საუკუნის დამდეგისათვის საქართველო, მისი აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი, რომელიც მანამდე ცალკე პოლიტიკურ ერთეულებს ქმნიდა, უკვე ძირითადად გაერთიანებული იყო. ერთიან ქართულ ფეოდალურ მონარქიას საფუძველი შეუქმნა იმდროინდეღამა სოციალურმა და ეკონომიურმა პირობებმა, ფეოდალიზმის განვითარების ახალმა საფეხურმა, მისმა მოწიფულობამ, რაც სოფლის მეურნეობის, ხელოსნობის, ვაჭრობისა და საქალაქო ცხოვრების შემდგომ განვითარებაში გამოიხატა.

ქვეყნის ახალი ეკონომიური აღმავლობის ნიადაგზე აღმოცენებული ერთიანი საქართველო თანდათან ძალას იკრებდა. მაგრამ მის ზრდა-განვითარებასა და გაძლიერებას მრავალი დაბრკოლება ეღობებოდა წინ. ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ ძლიერი იყო გაერთიანების საწინააღმდეგო ძალები - დიდგვარიანი ფეოდალები, რომელნიც ერთიან სამეფო ხელრსუფლებაში თავიანთი პრივილეგიებისა და დიდი ხნის წინათ მოპოვებული მდგომარეობის და უფლებების შემზღუდველ ძალას ხედავდნენ; ამიტომაც ყოველნაირად უპირისპირდებოდნენ და ყველა საშუალებით ებრძოდნენ მას.

ქვეყნის გარეთაც არა ერთი ძალა იყო, რომელიც ფეოდალური მონარქიის გაძლიერებას დაუპირისპირდა. ჯერ ერთი, არაბი დამპყრობლები, რომლებიც აქ VII საუკუნის მეორე ნახევრიდან გაჩნდნენ, საქართველოს, მის ზოგ (უკვე მცირე) ნაწილს მაინც, თავიანთ კუთვნილებად მიიჩნევდნენ; მეორეც, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მეზობელი - ბიზანტიის იმპერია - ჩვენს ქვეყანას ბატონობის ხელს ადებდა და ყოველნაირად ცდილობდა ქართველი მეფეები თავისი კარის მოხელეებად, თავისი ნება-სურვილის შემსრულებლებად გაეხადა. საამისოდ ბიზანტია არ ერიდებოდა არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, არც უხვ საჩუქრებსა და მაღალი საკარისკაცო ტიტულების მიკუთვნებას ქართველი მეფეებისათვის. არც დიდგვარიანი ფეოდალების მოსყიდვა-გადაბირებასა და სხვა მუხანათური ხერხების გამოყენებას.

დავით IV სპილენძის ქართულწარწერიანი მონეტა, 1122-1124 წლებისა.

მონეტის შუბლზე გამოსახულია თვით დავითი სამეფო ტანსაცმლით, ერთ ხელში ჯვრით (თუ კეერთხით?),
ხოლო მეორეში სფეროთი. გამოსახულების მარჯვენა მხარეს მოთავსებულია დაქარაგმებული
ასომთაერული წარწერა „დთ“ („დავით“), ხოლო მარცხენა მხარეზე „მჲ“ („მეფეჲ“), ე.ი. „დავით მეფეჲ“,
მონეტის ზურგზე ამოტვიფრულ ჯვარს შემოვლებული ასომთავრული დაქარაგმებული წარწერა ამგვარად იკითხება:
„ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“. მონეტის ერთადერთი ცალი დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში.

ახლად წარმოშობილ საქართველრს სამეფო ხელისუფლებას ძალების მაქსიმალურად დაძაბვა სჭირდებოდა, რათა თავი გაერთმია შექმნილი რთული საშინაო და საგარეო პირობებისათვის. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის (975-1014 წწ.) მკვეთრმა ღონისძიებებმა გამარჯვება მოუპოვეს ქვეყნის ერთიანობის მომხრე ძალებს. სამეფო ხელისუფლებამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა თავკერძობას შეჩვეულ ქართლის ერისთავებსა და ერისთავთ-ერისთავებს თუ კლარჯეთის მცირე ხელმწიფეებს. ბაგრატ მესამემ ზოგი მათგანი, მათ შორის თავისი უახლოესი ნათესავებიც კი, სავსებით მოსპო. ზოგან კიდევ ამა თუ იმ კუთხის მემკვიდრეობითი მფლობელები (მაგალითად, კლდეკარის მფლობელები) თავის მოხელეებად, მეფის ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ერისთავებად აქცია. ამასთანავე, ჰერეთ-კახეთის შემოერთებითა და თბილისის საამიროს ტერიტორიის თანდათან შეზღუდვით ბაგრატ მესამემ ახლად წარმოშობილი საქართველოს სამეფოს ავტორიტეტი დიდად აამაღლა მის მეზობელ სახელმწიფოთა თვალში. ამიტომაც იყო, რომ ბაგრატ მესამე ზოგ მის თანამედროვე ისტორიკოსს არა მარტო საქართველოს თვითმპყრობელ მეფედ, მთელი კავკასიის „ნებიერად განმგებლადაც“ მიაჩნდა.

ქვეყნის შინაგანი ერთიანობის, მისი სიძლიერის განმტკიცების, ე.ი. საშინაო პრობლემების ძირითადად გადაწყვეტის შემდეგ, სამეფო ხელისუფლებას საგარეო საქმეების, კერძოდ, ბიზანტიასთან ურთიერთობის მოწესრიგებისათვისაც უნდა ეზრუნა; ბიზანტიას უნდა ეგრძნო საქართველოს სიძლიერე, ერთხელ და სამუდამოდ ეღიარებინა მისი სუვერენობა და თანარწორობა. ამ დიდი ამოცანის გადაწყვეტას შეალია თავისი ხანმოკლე სიცოცხლე ბაგრატ მესამის „მგზნებარე, მაგრამ წარუმატებელმა მემკვიდრემ“ გიორგი პირველმა, მისი მეფობის წლები (1014-1027 წწ.) ბიზანტიასთან გამუდმებული ომების წლები იყო. მართალია, ამ ბრძოლაში საქართველომ გადამწყვეტ წარმატებებს ვერ მიაღწია, მაგრამ ბიზანტიის იმპერიამ ნათლად დაინახა, რომ საქართველოს სახით მის მეზობლად იზრდებოდა ძლიერი, არა მარტო თანატოლობისათვის, არამედ პირველობისათვის მებრძოლი სახელმწიფო.

ბიზანტიასთან ომში გიორგი პირველის ცალკეული წარმატებების მიუხედავად, ქართული ფეოდალური მონარქიის საგარეო ურთიერთობის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩებოდა. ამასთანავე, გიორგი პირველის მიერ მხოლოდ საგარეო საკითხებისადმი ყურადღების გამახვილებამ დააზიანა პროგრესული ძალები და შეასუსტა ქვეყნის ერთიანობა - კახეთ-ჰერეთი ისევ განუდგა ერთიან სამეფოს და თითქმის მთელი საუკუნე დასჭირდა მის ხელახლა შემოერთებას. ისევ განზე დაიწყეს ყურება ბაგრატ მესამის მიერ დამორჩილებულმა ერისთავებმა და ერთიანი საქართველოს მესამე მეფის - ბაგრატ მეოთხის დროს (1027-1072 წწ.), უკვე აშკარა ბრძოლა გამოუცხადეს სამეფო ხელისუფლებას. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა კლდეკარის იმდროინდელი ერისთავი ლიპარიტი, რომელსაც ბიზანტიაც უმაგრებდა ზურგს. ასე რომ, ბაგრატ მეოთხის წინაშე ისევ ახალი სახით აღიმართა მის წინამორბედთა დროს არსებული ყველა სიძნელე.

სამეფო ხელისუფლების მომხრეთა ძალების განმტკიცების მიზნით, ბაგრატ მეოთხემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია აღმავლობის გზაზე შემდგარ ქალაქებს. ქალაქების მოსახლეობა - ვაჭრები და ხელოსნები - ფეოდალური დაქსაქსულობის საწინააღმდეგო ძლიერ ძალად იქცეოდა. გაძლიერებული ქალაქები კი მეფის მოკავშირედ გამოდიოდნენ. ამან განაპირობა ბაგრატ მეოთხის მიერ წლების მანძილზე წარმოებული ბრძოლა თბილისის შემოსაერთებლად, ზრუნვა ახალი სამეფო ქალაქების დასაარსებლად (მან დააარსა ქ. ატენი), ძველთა გასაძლიერებლად და სამეფოდ გადასაქცევად. ასეთმა და სხვა მსგავსმა ღონისძიებებმა თავისი ნაყოფიც გამოიღო: ოცწლიანი ბრძოლის შემდეგ ბაგრატ მეოთხემ კლდეკარის ერისთავი დაამარცხა, კახეთ-ჰერეთზე თავისი გავლენა გააძლიერა - კახეთ-ჰერეთის მეფეებმა საქართველოს მეფის ყმობა აღიარეს. შედარებით მოწესრიგდა ბიზანტიასთან ურთიერთობაც. ქვეყანა მოშენების გზას დაადგა, მეფის ხელისუფლებაც თანდათან ძლიერდებოდა. მაგრამ ამასთანავე სამეფო ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი საშინაო საქმე რჩებოდა მოუწესრიგებელი. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა ეკლესია, რომელიც თანდათან ჩამოშორდა საქართველოს გაერთიანების საერთო საქმეს და ხშირ შემთხვევაში დაუპირისპირდა კიდეც მას. ეს იმიტომ, რომ ეკლესია მეფის ხელისუფლებას მოწინააღმდეგე დიდგვაროვანთა თავშესაფრად იქცა. მაღალი საეკლესიო თანამდებობანი მათ ან მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული, ან კიდევ დიდი თანხების გაღებით ნაყიდი. საეკლესიო თანამდებობებს ზოგჯერ თვით მეფეც ჰყიდდა. ამიტომ იყო, რომ მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე სავსებით უღირსი პირები აღმოჩნდნენ, რომელნიც სახელმწიფო საქმეებზე კი არ ზრუნავდნენ. არამედ პირად გამორჩენასა და გამდიდრებაზე. თანამდებობასაც ამისათვის იტაცებდნენ და იძენდნენ, ასე, რომ, ახლად წარმოშობილ სამეფო ხელისუფლებას, საეროსთან ერთად, სასულიერო ფეოდალების რეაქციული წრეც უპირისპირდებოდა. ყველაფერ ამას კარგად გრძნობდნენ იმდროინდელი პროგრესული საეკლესიო მოღვაწენი და არსებული ვითარების გამოსწორებისათვის ღონისძიებებსაც სახავდნენ.

XI საუკუნის საქართველოს დიდმა მოღვაწემ, გიორგი ათონელმა ბაგრატ მეოთხეს კატეგორიულად მოსთხოვა საეკლესიო სფეროში გადამჭრელ ღონისძიებათა გატარება. მაგრამ ძლიერ საერო ფეოდალებთან მრავალწლოვანი ბრძოლით მოქანცულ სამეფო ხელისუფლებას იმხანად საამისო ძალა აღარ შესწევდა. ამას ზედ დაერთო საგარეო ვითარების გამწვავებაც, აღმავლობის გზაზე შემდგარ ქვეყანას ახალი, საშიში დამპყრობლები დაემუქრნენ.

ესენი თურქ-სელჩუკები იყვნენ.

ოგუზთა მოდგმის თურქულ ტომებს, რომლებიც შუა აზიიდან დაიძრნენ, სათავეში სელჩუკების საგვარეულო ედგა და ამიტომ ისინი თურქ-სელჩუკებად იწოდებოდნენ. XI საუკუნის პირველ ნახევარში თურქები მახლობელ აღმოსავლეთს შეესივნენ, დაიპყრეს ირანი, ხოლო შემდეგ სომხეთის უდიდესი ნაწილიც მიიტაცეს. 1065 წლიდან თურქთა სფლთანმა ორჯერ ილაშქრა საქართველოში - ჯერ სამხრეთ საქართველო ააოხრა, შემდეგ კი ქართლი და არგვეთი. იგი ჩვენი ქვეყნისაგან მორჩილებასა და ყოველწლიურ ხარკს მოითხოვდა; მართალია, ბაგრატ მეოთხის მეფობის წლებში ქართველმა ხალხმა თავდადებული ბრძოლით თავიდან აიცილია მძიმე სათურქო ხარკი, მაგრამ თურქთა თანდათან გაბატონება გარდაუვალი ხდებოდა.

თურქები მახლობელ აღმოსავლეთში განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდნენ, რაც ქრისტიანულმა ბიზანტიამ 1074 წელს ხელშეკრულებით აღმოსავლეთის ქვეყნების ედადესი ნაწილი სელჩუკებს დაუთმო და საქართველო ამ ძლიერი დამპყრობლების წინაშე მარტო დატოვა. მართლაც, 1080 წლიდან ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით გაძლიერთა თურქთა შემოსევა-ჩამოსახლებანი, დაიწყო „დიდი თურქობა“. ამ დროს საქართველოში უკვე გიორგი მეორე მეფობდა (1072-1089 წწ.)

ქვეყანას დიდი განსაცდელი დაემუქრა. მეჯოგე-მომთაბარე თურქების გაბატონება საქართველოს ნოყიერ მიწა-წყალზე განვითარებული ფეოდალური სოფლის მეურნეობის სრულ მოშლას ნიშნავდა. თურქებმა საძოვრებად აქციეს ქართველი გლეხი სანხავ-სათესი და საბაღვენახე ადგულები. მატერიალური დოვლათის შემქმნელი, მწარმოებელი მოწყდა თავის მარჩენალს - მიწას... თურქ-სელჩუკების მიერ აყრილი გლეხობა იძულებული გახდა მთებს შეხიზვნოდა. განვითარებული ფეოდალური ქვეყნის ეს დიდი ტრაგედია შესანიშნავად ასახა ამ ამბების თანამედროვემ, ჩვენ მიერ ზემოხსენებულმა დავითის ისტორიკოსმა; აი, რას წერდა იგი: „არა იყო მათა ჟამთა შინა თესვა და მკა. მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გარდაიქცა, და ნაცვლად კაცთა, მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკუიდრნეს მას შინა“. ქვეყნის ყოველ მკვიდრთა შორის იყო ჭირი მოუთმენელი, შეუდარებელი და აღმატებული ოდესმე მომხდარ თუ გაგონილ აოხრებისაგან... (მტრებმა) არ შეწყალეს მოხუცებულნი, შეაგინეს ქალწულნი, ამოწყვიტეს ჭაბუკები, ხოლო ჩვილნი მოიტაცეს... ნაკადულთა ნაცვლად სისხლის მდინარეები რწყავდა ქვეყანას. ასე განადგურდა მწარმოებელი მოსახლეობა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, თურქებმა ამოწყვიტეს ისინიც კი, ვინც „დარჩომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ხურელთა...“ ხოლო თუ ვინმე იყო მთებსა და სიმაგრეებს შეხიზნული, ზამთრის სიფიცხემ, უსახლკარობამ და შიმშილმა ამოხოცა.

იმ დროისათვის მახლობელ აღმოსავლეთში საერთოდ და კერძოდ კი ამიერ-კავკასიაში შექმნილი ვითარება - სომხეთის დაპყრობა ჯერ ბიზანტიელების, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკების მიერ და წვრილ სომხურ სამეფოთა ზედიზედ გაუქმება, შირვანისა და არანის თურქთა თარეშის ასპარეზად გადაქცევა, ბიზანტიის დამარცხება თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში - ანუ „ბერძენთა ძალის შემცირება“ - აიძულებდა საქართველოს იმდროინდელ მეფეს - გიორგი II-ს თურქებთან მოლაპარაკება გაემართა და მძიმე სათურქო ხარკის საფასურად ქვეყნისათვის ერთგვარი მშვიდობა მოეპოვებინა.

ამიტომ იყო, რომ გიორგი II, ამიერ-კავკასიის ქვეყნების სხვა ხელისუფლებთან (სომხეთის კათალიკოსი ბარსელი, ლორე-ტაშირის მეფე კვირიკე) ერთად, იძულებული გახდა თვით ხლებოდა სულთან მელიქშაჰს ისპაჰანში. სულთანმა, მართლაც, საქართველო თითქოს „გაათავისუფლა ზედამარბეველთგან“, ე.ი. თურქ-მარბიელთა დალაშქვრისაგან, მაგრამ სამაგიეროდ, ხარაჯა (ხარკი) ითხოვა“, რომელსაც „აიღებდა ჟამთა მრავალთა“. ეს ყოველწლიური სათურქო გამოსაღები, ცხადია, ისედაც გაწამებულ გლეხობას უნდა ეხადა, რაც კიდევ უფრო აჩანაგებდა მას.

ამას გარდა, გიორგი II-ისა და სულთანის სამშვიდობო მოლაპარაკებას არ მოჰყოლია ქართლსა და კახეთში დამკვიდრებულ თურქთა გასხმა ამ ადგილებიდან. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, ჩამოსახლებული თურქების აქედან აყრა, „მათი გასხმა და ვნება“ არავის შეეძლო, თვით სულთანსაც კი.

ფრიად მძიმე იყო „დიდი თურქობის“ შედეგები საქართველოსათვის, მეურნეობის ის სისტემა - მომთაბარული მეჯოგეობა - რომელსაც თურქ-სელჩუკები ნერგავდნენ, ანადგურებდა განვთარებული ფეოდალური ქვეყნის ინტენსიურ სოფლის მეურნეობას. მათი განუწყვეტელი შემოსევები კი ანგრევდა ქალაქებს, აქვეითებდა ვაჭრობასა და ხელოსნობას. აღმავლობის გზაზე შემდგარ ქალაქთა ერთი ნაწილი თურქების ხელში აღმოჩნდა. ყველაფერი ეს საფუძველს ურყევდა ქვეყნის ეკონომიურ და პოლიტიკერ სიძლიერეს, დაცემისა და გადაგვარებასაკენ მიაქანებდა მას.

თურქთა შემოსევებმა და გაბატონებამ საგრძნობლად დაასუსტა სამეფო ხელისუფლება და გაზარდა მას მოწინააღმდეგეთა ძალები. დიდგვარიანებმა გიორგი მეორეს „ქვეყანა აუშალეს“ და სამეფოს ერთიანობას საფრთხე შეუქმნეს. მათი ერთი ნაწილი თურქებს მიუვიდა და დამპყრობელს ქვეყნის შიგნით არა ერთი ციბე-სიმაგრე გადასცა. ამასთანავე, კახეთის მეფემ, რომელიც ბაგრატ მეოთხის დროს საქართველოს მეფის ყმობას აღიარებდა, არა მარტო უკუაგდო მისი მორჩილება, არამედ მაჰმადიანობაც მიიღო და მადლიერი სულთნისაგან კახეთიც დაიმკვიდრა. გიორგი მეორის ცდა კახეთის შემოსაერთებლად სავსებით უნიადაგო აღმოჩნდა. ამასთანავე, სამეფო ხელისუფლებას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია დამპყრობლებისათვის. ყოველივე ამან დამოუკიდებლობისათვის მებრაოლ ხალხს გული გაუტეხა და თურქთა უძლეველობის რწმენა შეუქმნა. მეურნეობას მოწყვეტილი ხალხი ბრძოლის პასიურ ფორმებზე გადავიდა - მტერს გაეცალა და მთებსა და ციხეებს შეეხიზნა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „თვინიერ ციხეთა სადამე არა სადა იყი კაცი სოფელსა შინა“.

ამრიგად, „დიდმა თურქობამ“ არა მარტო ქვეყნის ეტთიანობა დააზიანა, არამედ ქართველობის, მისი სოციალური და ეკონომიური წყობის სრული მოშლისა და გადაშენების რეალური საფრთხე შექმნა. ასეთი განსაცდელის ჟამს არ ჩანდა ფეოდალურ ქაოსში წესრიგის დამნერგავი მაორგანიზებელი ძალა, ქვეყნის სათავეში დასუსტებული სამეფო ხელისუფლება იდგა. ყველაფერ ამას კარგად ხედავდნენ იმდროინდელი პროგრესული მოღვაწენი და როგორც ჩანს, სათანადო გეგმებს ამუშავებდნენ ქვეყნის გამოსაყვანად საშინაო და საგარეო პოლიტიკური კრიზისიდან. ფეოდალური საზოგადოების პროგრესული ნაწილიც ამჯერად გიორგი II-ის მოწინააღმდეგე ჩანდა. გაისმა მეფის მოღვაწეობით უკმაყოფილოთა ხმები - გიორგი II-ს უფრო ამქვეყნიური განცხრომისადმი მიდრეკაში, დიდგვარიანთა ოპიზიციისადმი ლოიალობასა და საერთოდ სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში სისუსტის გამოჩენაში სდებდნენ ბრალს. მეფის მმართველობით უკმაყოფილოთა დასის ერთ-ერთი წევრი, როგორც ჩანს, დავითის ისტორიკოსიც იყო, რომელმაც შემდეგ ასე მუქი ფერებით დაგვიხატა გიორგი II-ის მეფობა.

ფეოდალური საზოგადოების პროგრესულმა ნაწილმა სამეფო კარზე გადატრიალება მოახდინა - გიორგი II აიძულა ტახტზე უარი ეთქვა და თავისივე შვილი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, თექვსმეტიოდე წლის, მაგრამ დიდი სახელმწიფო საქმეებისათვის სავსებით მომზადებული დავითი გაემეფებინა: „თუით მამამან დაადგა გუირგუინი მეფობისაო“ - წერს დავითის ისტორიკოსი. ეს მოხდა 1089 წელს... ამის შემდეგ გიორგი II-მ საკმაო ხანს (ზოგი მკვლევარის ვარაუდით, 20 წელს) იცოცხლა, მაგრამ სახელმწიფოებრივ სქმეებში აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებდა, თუმცა „მეფეთ-მეფედაც“ კი იწოდებოდა.

 

2. დავით IV აღმაშენებლის საშინაო ღონისძიებები და რეფორმები

XI საუკუნის მიწურულს საქართველოში შექმნილი საშინაო და საგარგო ვითარება სამეფო ხელისუფლებისაგან გადამწყვეტი დეფექტური ზომების მიღებას მოითხოვდა. დავით მეოთხემ, როგორც დიდმა პიროვნებამ, და მის ირგვლივ შემოკრებილმა სახელმწიფო მოღვაწეთა დასმა კარგად განჭვრიტეს ისტორიული მოვლენების განვითარების პერსპექტივები და მრავალმხრივი ღონისძიებებით ყოველნაირად ხელი შეუწყეს მათ შემდგომ კანონზომიერ განვითრებას, პროგრესის საქმეს.

საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ პირველი რიგის ამოცანად თურქ-დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა მიიჩნია. დავითის მეფობის პირველი წლები არსებითად შეეწირა საამისო მოსამზადებელ მუშაობას და თურქების მიერ შეშინებული, ტერორიზებული, მთებს, გამოქვაბულებსა და ციხეებს შეხიზნული მოსახლეობის დაშოშმინებას.

მეფემ თავის ირგვლივ შემოიკრიბა ერთგული საშუალო და წვრილი აზნაური-მოლაშქრეები და თურქთა მცირე რაზმებს ბრძოლები იქ გაუმართა, სადაც გამარჯვება უეჭველი იყო. ხალხში თურქების უძლეველობის რწმენა თანდათან გაქრა და გამხნევებულმა მოსახლეობამ ბარად ჩამოსვლა იწყო: გლეხობა ნელ-ნელა უბრუნდებოდა თავის მამაპაპეულ კარ-მიდამოს, ისევ იწყებოდა ხვნა-თესვა.

ამავე დროს საგარეო მოვლენებიც საქართველოს მეფის სასარგებლოდ ვითარდებოდა: 1092 წელს გარდაიცვალა თურქთა დიდი სულთანი მალიქ-შაჰი. მის მემკვიდრეთა შორის ტახტისათვის გაუთავებელი და დაუნდობელი ბრძოლა ატყდა; სელჩუკთა დიდი სახელმწიფო თანდათან დაიშალა და ახლად წარმოქმნილი, ურთიერთ ბრძოლაში გართული პოლიტიკური ერთეულები საქართველოსათვის ძველებურად ვეღარ იცლიდნენ.

შინა ბრძოლებით დაოსებული თურქების წინააღშდეგ სწორედ ამ დროს, ვითომდა „ქრისტეს საფლავის“ გასათავისუფლებლად, დასავლეთ ევროპიდან დაიძრნენ ე.წ. ჯვაროსნები. ევროპელთა ეს ლაშრობა ახლო აღსოსავლეთის მიწებისა და სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად საქართველოს მეფეს ხელს უმართავდა. ჯვაროსნების მიერ XI საუკუნის მიწურულს იერუსალისისა და ანტიოქიის აღებამ კიდევ უფრო დაასუსტა თურქ-სელჩუკები და ხელსაყრელი პირობები შექმნა მათ მიერ დაპყრობილ ხალხთა გათავისუფლებისათვის. დავითის ისტორიკოსი თავის თხზულებაში საგანგებოდ აღნიშნავს, როგორც მალიქ-შაჰის გარდაცვალების ამბავს, ასევე „ფრანგთა (ევროპიელთა) გამოსვლას“ აღმოსავლეთში და ყველაფერ ამას უკავშირებს საქართველოში ყოველწლიური სათურქო ხარკის ამოკვეთას; ამ დროიდან, - წერს დავითის ისტორიკოსი, - მეფემ „არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“. სათურქო ხარაჯაზე უარის თქმა დიდი გამარჯვება იყო - მწარმოებელ მოსახლეობას უღელი აეხსნა, ქვეყნის დოვლათი უკვე აღარ ეძლეოდა დამპყრობელს ხარკად და, დავითის ისტორიკოსის სიტყვით რომ ვთქვათ, „მოეშენა ქვეყანა ქართლისა“. დავით აღმაშენებელმა საქართველოს ეკონომიური ცხოვრების შედარებით აღორძინების შემდეგ ქვეყნის მთლიანობისა და სიძლიერის აღდგენა-განმტკიცების მიზნით პირველ რიგში იმ დიდგვარიან ფეოდალებს გამოუცხადა ბრძოლა, რომლებმაც მის წინაპრებს არა ერთხელ „აუშალეს ქვეყანა“. დავითის ღონისძიებანი ამ მხრივ სავსებით კატეგორიული იყო და არ ჰგავდა მის წინამორბედ მეფეთა მოქმედებას. იგი არ დაკმაყოფილდა ზოგ ერისთავთა მარტოოდენ წვრთნითა და მორჩილებაში მოყვანით. ზოგი საერისთავო, კერძოდ, კლდეკარისა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრად იყო ქცეული, სავსებით გაუუქმა, საერისთავო მიწა-წყალი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, დამარცხებული ლიპარიტ ერისთავი კი ქვეყნიდან გააძევა. ასე უსწორდებოდა დავითი ყველა იმათ, ვინც კი მეფისა და სამეფოს საწინაამდეგო მოქმედებას განიზრახავდა.

ასევე სასტიკად გაუსწორდა დავით IV სამეფო ხელისუფლების კიდევ ერთ მოწინააომდეგეს - არაგვის ძლიერ ფეოდალსა და ხელისუფალს - ძაგან აბულეთისძესა და მის ძმებს, რომელთაც, თვით დავითისავე სიტყვით, კლდეკარის ერისთავთა მსგავსად, არასოდეს გამოუჩენიათ ერგულება სამეფო ხელისუფლების მიმართ: „მათ გვართა (წარმომადგენლებს) არვის ოდეს ექმნა ჩუენი ერთგულებაო“ - აღნიშნავდა მეფე თავის „ანდერძში“. პირიქით, ისინი ყოველ შესაძლებელ შემთხვევაში დიდ ბრძოლებს უმართავდნენ სამეფო ხელისუფლებას და მისი გაძლიერების მომხრეებს.

როგორც ირკვევა, მეფემ ბრძოლა გამოუცხადა არა მარტო ასეთ ფეოდალებს, არამედ თვით იმ სამოხელეო ინსტიტუტსაც, ერისთავობასაც, რომელსაც განკერძოების მოსურნე ფეოდალები მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდნენ. ერისთავობა დავითს, როგორც ჩანს, იმ ხანისათვის შეუფერებელ, უკვე დრომოჭმულ თანამდებობად მიაჩნდა და მის წინააღმდეგ ბრძოლას ცენტრალური სამოხელეო და ადგილობრივი მმართველობის აპრატში რეფორმების ჩატარებით ფიქრობდა.

ს. ჯანაშიას სავსებით მართებული შენიშვნით, დავით IV ცდილობდა პირველ რიგში დაესრულებინა ის ღონისძიება, რაც ჯერ კიდევ ბაგრატ III-ის დროს დაისახა - კერძოდ, საბოლოოდ აღმოეფხვრა ძველი საუფლისწულოთა სისტემა - ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებული წვრილი ღა მსხვილი სამთავროების ერთგვარი ფედერაცია, ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის ინტერესებთან სავსებით შეუთავსებელი ჩანდა. ამას გარდა, აუცილებლი იყო ერისთავობის შეცვლა უფრო მოქნილი, სამეფო ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული სამოხელეო ინსტიტუტით.

ბაგრატ III-მ თავის დროზე ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისებები გაატარა - დაუნდობლად გაწყვიტა ტაო-კლარჯეთის დამოუკიდებლობას შეჩვეული „ხელმწიფენი“, ხოლო „ურჩნი თვისნი შეცვალნა დიდებისაგან“ და მათ ადგილზე დაადგინა „ერთგულნი და მსწრაფლ მორჩილნი ბრძანებათა მისთა“. მეფის ბრძანებათა მორჩილნი, მისი ერთგულად და სწრაფად შემსრულებელნი, ცხადია, ახალი მსახურეული აზნაურები იყვნენ და არა ისინი, ძირძველი ფეოდალები, რომელნიც მეფემ სწორედ ამის გამო „შეცვალნა დიდებისაგან“, გადააყენა თანამდებობებიდან.

ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ჩამოყალიბების პროცესში, ძველსა და ახალ მოხელეობასა და სამოხელეო ინსტიტუტებს შორის ბრძოლის პერიოდში წარმოიშვა ახალი სამოხელეო ინსტიტუტი „მოსაკარგავეობისა“ და მისი შესაბამისი ახალი მოხელეები „მოსაკარგავე აზნაურები“. „საკარგავი“ მეფის მიერ განსაგებლად, სამართავად გაცემულ ტერიტორიას, ქვეყანას ეწოდებოდა, „მოსაკარგავე“ კიდევ - მეფის მიერ ამა თუ იმ ტერიტორიის, ქვეყნის მხოლოდ განმგებლად, მმართველად დანიშნულ მოხელეს. „მოსაკარგავეობის“ ინსტიტუტმა დასრულებული სახე დავით აღმაშენებლის დროს მიიღო - ამიერიდან „მოსაკარგავე აზნაურები“ დაუპირისპირდნენ სწორედ იმ „მემამულე აზნაურებს“, რომლებმაც ერთ დროს მეფისაგან განსაგებლად მიღებული საერასთავოები სამემკვიდრეო მამულებად აქციეს. ერისთავობას მოსაკარგავეობა ცვლიდა; ეს კი ნიშნავდა, ერთი მხრივ, თვით ერისთავთა გადაქცევას მოხელე-მოსაკარგავეებად, ე.ი. მათთვის გაცემული ტერიტორიების მხოლოდ გამგებლებად; ხოლო მეორე მხრივ, ამიერიდან ქვეყნების არა პირობით მფლობელობაში, როგორც ეს ძველად იყო. არამედ საკარგავებად, განსაგებელ ერთეულებად გაცემას, რომლის განმგებელიც გასამრჯელოდ საკარგავად მიცემული ქვეყნის შემოსავალს კი არ მიიღებდა, არამედ ფულად სარგოს სამეფო ხაზინიდან.

ასეთი „მოსაკარგავე აზნაური“ მთლიანად დამოკიდებული იყო სამეფო ხელისუფლებაზე, მის სიძლიერესა და ხაზინაზე. სწორედ ესენი იყვნენ მეფის ხელისუფლების „ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა“.

ადგილებზე წარგზავნილი მოხელეების რეორგანიზაციასთან და აგრეთვე საქართველოს სამეფოს საზღვრების გაფართოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული დავითის დროს სანაპირო ქვეყანათა მცველების, განმგებლების საგანგებო თანამდებობის შემოღება, ამ მოხელეს, როგორც ეს დავითის დროის წარწერებიდან ჩანს, „მარზპანი“ ეწოდებიადა. ტერმინი „მარზპანი“ ახალი არ იყო ქართული სამოხელეო წყობისათვის. იგი ჯერ კიდევ სასაიდური ირანის ბატონობის დროიდან შემოვიდა ქართულში და თავის დროზე ირანის შაჰის მიერ ქართლში წარმოგზავნილ მოხელეს ეწოდებოდა. მაგრამ XII ს. პირველი ნახევრის მარზპანს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სახელი აკავშირებდა იმ ძველ ირანელ მოხელესთან. დავითის დროის მარზპანი საქართველოს მეფის ქართველი მოხელე იყო საქართველოს სამეფოს სანაპირო, სასაზღვრო ოლქის, მაზრის გამგებლად, მცველად „ნაპირთა მჭირავად“ დადგენილი.

სამოხელეო ტერმინი „მარზპანი“ ანუ ქართული „ნაპირთა მჭირავი“, XII ს. მეორე ნახევრიდან თანდათან შეცვალა ქართულმა „მონაპირემ“. თამარის დროისათვის სწორედ „მონაპირე“ იხმარებოდა ცალკეული სასაზღვრო („სანაპირო“) ოლქის გამგებლის აღსანიშნავად, თუმცა ზოგ წყაროში ამავე მნიშვნელობით „მარზპანიც“ გვხვდება.

დავით მეფის ზემოაღნიშნულ რეფორმებს მოჰყვა ბევრი უღირსი მაღალი თანამდებობის პირის გადაყენება, მათ მაგიერ პირადი ღირსებით, საქმის ცოდნითა და მეფის ერთგულებით გამორჩეულთა დაწინაურება წვრილ და საშუალო აზნაურთა ფენიდან. თვით ესეც - უღირს დიდგვარიანთა მაგივრად პირადი ღირსების მქონეთა დანიშვნა - არსებითად დიდი რეფორმა იყო ფეოდალურ ქვეყანაში. სამეფო ხელისუფლების ოპოზიციური ძალები თანდათან იხევდნენ, მეფის ხელისუფლება კი ძლიერდებოდა და მტკიცებოდა.

მაგრამ ყველაფერი ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ ჩანდა; ჯერ ერთი, მეფის მოწინააღმდეგე დიდგვაროვანი ფეოდალები ჯერ კიდევ მოკალათებულნი იყვნენ სახელმწიფოს სხვა უწყებაშიც, კერძოდ, ეკლესიაში. ეკლესია კი შუასაუკუნეებში დიდმნიშვნელოვან ძალასა და მსხვილ ფეოდალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. საერო მართვა-გამგეობიდან გამოძევებულმა თუ მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხებულმა დიდგვარიანმა ფეოდალებმა ეკლესიას მიაშურეს და მას შეაფარეს თაი. რაც მთავარია, ამ დროს ეკლესია, მაღალ საეკლესიო თანამდებობათა მქონე უღირს პირთა წყალობით, საერთო სახელმწიფო საქმეებისაგან განზე იდგა, მეფის ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა და ზოგჯერ უპირისპირდებოდა კიდეც. საჭირო იყო ეკლესიაშიც ისეთივე რადიკალური რეფორმის მოხდენა, როგორიც მეფემ საერო სფეროში გაატარა.

ეს დიდი ამოცანა, რომელიც სამეფო ხელისუფლების წინაშე ჯერ კიდევ ბაგრატ მეოთხის დროს დადგა, დავით აღმაშენებელმა 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას გადააწყვეტინა. ისე, როგორც საერო-სამოხელეო აპარატი, ეკლესიაც, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, გაიწმინდა სამეფო ხელისუფლების ორგული დიდგვარიანებისაგან. მაღალი საეკლესიო თანამდებობანი უღირსთა მაგიერ ღირსეულებმა, მეფის მომხრე პირებმა, დაიკავეს. მაგრამ ეკლესიის მორჩილებაში მოსაყვანად არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ დავით აღმაშენებელმა ფეოდალური საქართველოს ისტორიაში განუმეორებელი ღონისძიება გაატარა - მან ორი დიდი თანამდებობა - საერო (მწიგნობართუხუცესისა) და საეკლესიო (ჭყონდიდის ეპისკოპოსისა), ერთი პირის ხელში გააერთიანა, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის „სახელო“ შექმნა და მას ეკლესიის საქმეებიც ჩააბარა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით. ამიერიდან „მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა... ყოველსა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით (სამეფო აპარატიდან) მიიღებდიან“. ამგვარად, მეფემ ეკლესია სამეფო ხელისუფლებას, მის ინტერესებს დაუმორჩილა და ქვეყნის სამსახურში ჩააყენა.

ეკლესია-მონასტრებს მეფე სახელმწიფოს ინტერესებს ამიერიდან ახალი ხელისუფალის მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეშვეობით უკარნახებდა. ეკლესიის გარდა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს დავით IV-მ სასამართლო ხელისუფლებაც ჩააბარა და ამასთანავე მას, საერთოდ, როგორც უპირველეს მოხელეს მეფის შემდეგ. ყველა სახელმწიფო - საშინაო თუ საგარეო საქმეზე ხელი მიუწვდებოდა. აქედან მოკიდებული ამ ძლიერ ხელისუფალს „ვაზირი“ ეწოდებოდა. ამრიგად, საქართველოს სამეფოს ვაზირის თანამდებობის შემოღება დავით აღმაშენებლის საშინაო რეფორმის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი შედეგი იყო.

ვაზირი დავითისა და მის მემკვიდრეთა (გიორგი III, თამარი) დროსაც სამეფო კარზე მხოლოდ ერთი იყო. ასე იყო სხვაგანაც, იმდროინდელი აღმოსავლეთის დიდ სახელმწიფოებშიც; ასე, რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. მაგრამ საქართველოს სამეფოს ვაზირი თავისი უფლება-მოვალეობით, ამ სახელოს შინაარსით სავსებით სხვა იყო, ვიდრე აღმოსავლეთის ქვეყნების ამავე სახელწოდების ხელისუფალი.

საქართველოს მეფის ვაზირი, როგორც საეკლესიო ხელისუფალი (ჭყონდიდელი ეპისკოპოსი), უმემკვიდრო იყო და საკუთარი სამემკვიდრო ქონების, „მამულის“ უქონელიც. ასევე, „სამამულო“ ე.ი. სამემკვიდრო ვერ იქნებოდა, ცხადია, მისი თანამდებობაც. ასე, რთმ ვაზირის თანამდებობისათვას უცხო იყო ყველა სხვა თანამდებობისათვის (სახელოსათვის) ასე დამახასიათებელი ფეოდალური თვისებები, კერძოდ კი მემკვიდრეობითობა, ე.ი. სამეფო კარის ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობა. ამიტომ იყო, რომ ვაზირს, როგორც მხოლოდ სამეფო ხელისუფლიბისაგან დამოკიდებულ მოხელეს, ერთადერთი საზრუნავი ჰქონდა - მეფის ხელისუფლების გაძლიერება და განმტკიცება. მეფეც ყოველთვის ცდილობდა ვაზირის თანამდებობაზე ყველაზე ერთგული, მისანდო და სხვა მაღალი ღირსებების მქონე პირი დაენიშნა.

საქართველოს სამეფოს პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ე.ი. პირველი ვაზირი, იყო მეფე დავითის ძლიერ მახლობელი, მისი „თანააღზრდილი და გამზრდელი“, დიდი სახელემწიფო მოღვაწე გიორგი ჭყონდიდელი. აღსანიშნავია, გიორგი ჭყონდიდელის გარეშე დავით აღმაშენებელი არ წყვეტდა არცერთ დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობის, ლაშქრის ორგანიზაციის თუ ამა თუ იმ ციხე-ქალაქის შემოერთებისა და სხვა მსგავს საკითხებს, რომელთაც თითქოს უშუალო კავშირი არც უნდა ჰქონოდა სამეფო კანცელარიის (მწიგნობართა) უხუცესასა და საეკლესიო მოღვაწის განსაგებელთან. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ დავითმა თავისი რეფორმების წყალობით სამეფო კარზე საშინაო თუ საგარეო საქმეთა განსაგებლად შექმნილი ცალკეული უწყებები უშუალოდ ვაზირს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, დაუქვემდებარა.

ასე, რომ ვაზირის თანამდებობის შემოღებას, როგორც ჩანს, წინ უძღოდა სახელმწიფოებრივი მმართველობის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, სამეფო ხელისუფლების ზოგი სათანადო უწყების ხელახლა შექმნა.

დავით აღმაშენებლის ზემოგანხილული საშინაო ღონისძიებები, ძლიერი და დაუნდობელი ბრძოლა ფეოდალური ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ, ამრავლებდა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვს, ისტორიკოსის სიტყვით, ე.წ. „მაბრალობლებს“, ე.ი. მეფის ბრალმდებლებს. ეს კი სამეფო ხელასუფლებისაგან „ფეოდალურ ქაოსში წესრიგის“ დამყარების მიზნით კიდევ ახალი ღონისძიების გატარებას მოითხოვდა. „მაბრალობლებს“ მეფემ „მსტოვართა“ (მეთვალთვალეთა, მზვერავთა) ძლიერი აპარატი დაუპირისპირა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, ამიერიდან მეფეს არაფერი დაემალებოდა „არცა სამეფოთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყვა ბოროტი თქმული - არა რა დაეფარვოდა“; „რაოდენიცა ვის ფარულად ექმნეს ანუ თუ ეთქვას, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა“, თვით „გულის-სიტყვანიცა“ (ე. ი. გონებით განზრახულიცა) კი. ხოლო ვინც კი შემჩნეული იქნებოდა „ბოროტ სიტყვასა“ თუ მოქმედებაში, ე.ი. ღალატში, მათ მეფე სასტიკად უსწორდებოდა - „განპატიჟებითაც“ კი (თვალდაწვითა და დასაჭურისებით). ასეთი დაუნდობელი ღონისძიებანი, დავითის ისტორიკოსის აზრით, „მრავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა... ორგულებასა, ზაკვასა და ღალატსა რასმე ვერვინ, დიდთა თუ მცირეთაგანი, იკადრებდა“. ვერც სოფლელი და ვერც მოქალაქე, ვერც სამხედრო და ვერც სხვა პატივისა და ასაკის პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ვერვინ იკადრებდა განდრეკილად, მრუდი გზით სვლასო - წერდა დავითის ისტორიკოსი. წესრიგისა და წესიერებას დაცვა, „ყოველთა კაცთა წესიერება“, „ყოველთათვის კანონად“ იქცა. სამეფოში მკაცრი რეჟიმი დამყარდა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „შიში დიდი და ზარი“ მეფისა „განითქუა კიდეთა ქუეყნისათა“.

ყველაფერი ეს მიღწეული იყო სამეფო ხელასუფლებასთან ძლიიერი და მოქნილი საპოლიციო აპარატისა და შესაბამისი უწყების შინაგან საქმეთა საგანგებო უწყების შექმნით. ამ ახალ და ასე საჭირო საგამგებლოს დავით აღმაშენებელმა მანდატურთუხუცესი (მანდატურთა - შინაგანი პოლიციის მსახურთა უფროსი) ჩაუყენა სათავეში. როგორც წყაროებიდან ირკვევა, დავითის დროს მანდატურთუხუცესობა დიდ ქართველ ფეოდალებს - ჯერ ვარდანისძეებს, შემდეგ კი ორბელებს - ჰქონდათ.

როგორც ჩანს, დავითის დროს მანდატურთუხუცესი, ვაზირის შემდეგ, სამეფო კარზე უპირველესი ხელისუფალი იყო; მანდატურთუხუცესის თანამდებობა ამ დროსვე შემოღებულ ამირსპასალარის თანამდებობაზე უწინ მოიხსენიებოდა. ეს არცაა გასაკვირი: ძლიერი მეფისა და თვით მთავარსარდლის დავითის მეფობის დროს ამირსპასალარი, სამხედრო უწყებათა გამგებელი, ვერ იქნებოდა უპირველეს მოხელეთა რიგებში, მით უფრო, რომ მეფე-სარდალს შინაგანი წესრიგის დამამყარებელი ხელისუფალის სიძლიერე ამჯერად უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ამირსპასალარისა. საინტერესოა, რომ დავითის დროიდან მომდანარე წესის მიხედვით, მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარის სახელოს გაძლიერების შემდეგაც (მაგ. გიორგი III-ის, თამარის დროსაც) ყოველთვის ამირსპასალარზე უწინ მოიხსენიებოდა.

დავითის ღონისძიებები სრულყოფილი ცენტრალური სამოხელეო აპარატის შექმნის თვალსაზრისით ამით არ ამოწურულა. როგორც ირკვევა, დავითის დროს ჩამოყალიბდა აგრეთვე სამეფო ფინანსების ცალკე საგანგებო უწყება მეჭურჭლეთუხუცესით სათავეში. ჩვენთვის ცნობილ პირველ მეჭურჭლეთუხუცესად მოიხსენიება იოვანე ვარდანის ძე, სვანთა ერისთავი.

აღსანიშნავია, რომ აქ დასახელებული იოანე (ივანე) ვარდანის ძე, სანამ იგი მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობას მიიღებდა, სამეფო კარას „პროტოსტრატორი“ ყოფილა. ეს თანამდებთბა მისი ამგვარი სახელწოდებით - პროტოსტრატორი - არც დავითამდე და არც მის შემდეგ დადასტურებული არ არას; მაგრამ ირკვევა, რომ XII ს. მეორე ნახევარსა და შემდეგ ამ თანამდებობას უკვე სხვა სახელით („ამირახორი“) მოიხსენიებდნენ.

როგორც ჩანს, პროტოსტრატორის თანამდებობაც დავით აღმაშენებლის დროს არის შემოღებული. პროტოსტრატორი (ამირახორი) საქართველოს ჯარების სარდლის, ამირსპასალარის, პირველი თანაშემწე იყო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართულ სამოხელეო წყობილებაში საგანგებო სამხედრო უწყების შექმნა და ამ უწყების გამგებლის „ამირსპასალარის“ თანამდებობის შემოღებაც დავითის სახელთან არის დაკავშირებული. დავითამდე, რა თქმა უნდა, იყვნენ ფეოდალური ლაშქრის განაყოფთა თუ საერთოდ ლაშქრის სარდლები, რომელთაც სპასპეტები და სპასალარები ეწოდებოდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძირეული ცვლილებები მოხდა თვით საქართველოს ლაშქრის ორგანიზაციაში, სამხედრო საქმის განგების არსებული წესი, რომელიც ძველ პატრონყმური ლაშქრის პრინციპებზე იყო აგებული, დამაკმაყოფილებელი ვერ იქნებოდა. ასე, რომ ამირსპასალარის თანამდებობათა შემოღება თვით საქართველოს ლაშქარში მომხდარმა რეფორმებმა გამოიწვია. ამიტომ პირველ რიგში დავითის სწორედ ამ სახას ღონისძიებებს უნდა შევეხოთ.

დავითის სამეფო ხელისუფლებამ თავიდანვე დიდი ყურადღება დაუთმო გიორგი მეორის დროიდან არსებითად მოშლილი ფეოდალური ლაშქრის ორგანიზაციის საქმეს. დავით აღმაშენებელმა, ჯერ ერთი, თვით შემოიკრიბა ერთგული მოლაშქრენი და მათგან მუდმივი, არც ისე დიდი, მაგრამ ძლიერი პირადი გვარდია - „მონა-სპა“ - შექმნა; მეორეც, უფრო საიმედო და ორგანიზებული გახადა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსაკარგავე-ერისთავთა მიერ გამოყვანილი ლაშქარი. ცხადია, მას შემდეგ, რაც ცალკეულ კუთხეებში მეფის ერთგული მოხელეები იყვნენ ჩაყენებულნი, მათ მიერ გამოყვანილი ლაშქარიც მეფის ნება-სურვილის ამსრულებელი იქნებოდა და არა მისადმი დაპირისპირებული, როგორც ეს ხშირად ხდებოდა დავითის წინაპართა მეფობის დროს.

ამასთან ერთად, დავით აღმაშენებელი განსაკუთრებით ზრუნავდა ქართველთა ლაშქრის გამრავლების, შეიარაღებისა და გაწვრთნისათვის, მასში დისციპლინის განმტკიცებისათვის. დავითის ისტორიკოსმა შესანიშნავად ასახა ყველა ის ღონისძიება, რაც ამ მხრივ სამეფო ხელისუფლებამ გაატარა. მისი სიტყვით, დავითის გამეფების დროისათვას ქართველთა ლაშქარი ფაქტიურად წარმოადგენდა „ტყვეობათა და მოხსენებულთა ჭირთაგან“ შეთხელებულ „მცირე გუნდს მხედრობასა“ და ისიც, მტრების მიერ „მრავალგზის უკუქცევით დაჯაბნებულს, უცხენოსა და უსაჭურვლოს, თურქებთან ბრძოლის ყოვლად უცოდინარს და ფრიად მოშიშს“.

ცხადია, ასეთი ლაშქარი წარმატებას ვერ მოიპოვებდა და მეფემ პირველ რიგში „განამრავლნა სპანი“, უზრუნველყო შეიარაღებითა და ცხენებით; ხოლო „უწყინოთა ლაშქრობითა და მცირედ-მცირედ ბრძოლითა და სწავლითა გუარიანად და ღონიერად წინაძღომითა და მრავალთა ძლევათა მიერ მოგონებითა“ გაწვრთნა „სპანი თვისნი“. მეფე-სარდალი ყოველნაირად ცდილობდა მოლაშქრეთა შორის თავდადებისა და გმირობის დანერგვასა და განმტკიცემას. ამ მიზნით უხვად აჯილდოვებდა „მხნეთა ქებითა და ნიჭთა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხვითა ძაგებითა“. მეფე იმასაც კი არ დარიდებია, რომ ჯაბანთათვის სადედო (ქალის) ტანსაცმელი ჩაეცმია და ლაშქრისათვის გამოეცხადებინა - ეს ჯაბანი მამაცი (მამაკაცი) კი არ არის, დიაციაო. ლაშქარში დისციპლინის განმტკიცების მიზნით მეფემ აკრძალა „საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი“ და ამგვარად „ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა.

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო ქართული ლაშქრის ორგანიზაციის საქმეში. იმ დროის საქართველოს სამეფოს წინაშე მდგარი დიდი საგარეო და საშინაო ამოცანები აუცილებელს ხდიდა ლაშქრის გამრავლებისათვის ზრუნვას. დიდი ამოცანების გადასაწყვეტად ქვეყნის მცირე ლაშქარი საკმარისი არ ჩანდა. საკმარისი არ იყო აგრეთვე ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც დავითმა სამხედრო საქმეში გაატარა გამეფების პირველ წლებში ლაშქრის რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით. ლაშქრის სიმცირე განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა საგრძნობი, რაც მეფემ ზედიზედ შემოიერთა ქალაქ-ციხეები და აქ მოპოვებულ გამარჯვებათა განსამტკიცებლად ქართველთა ლაშქრის ერთი საგანგებო ნაწილი „ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად“ განაწესა. დავითის ისტორიკოსის მოწმობით, „არა იყო ესეოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა“, რომ მეფეს შესძლებოდა მისი სამ ნაწილად გაყოფა: ერთი ნაწილი ციხე-ქალაქებში ჩაეყენებინა, მეორე თანა ხლებოდა და მესამეს „ზამთარ-ზაფხულ დაუცხრომლად“ ელაშქრა. ამასთანავე, ზამთარ-ზაფხულ დაუცხრომელი ლაშქრობა, რომელსაც ასე საგანგებოდ უსვამს ხაზს დავითის ისტორიკოსი, სოფლისა და ქალაქის მწარმოებელ მოსახლეობას დიდი ხნით, ხშირ შემთხვევაში მუდმივადაც, წყვეტდა სოფლის მეურნეობასა და საქალაქო ცხოვრებას. ეს კი ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობას თავის დაღს ამჩნევდა - შეუწყვეტელი ომიანობა ეკონომიური აღმავლობის შემაფერხებლად იქცეოდა.

ასე რომ, სამეფო ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, რათა, ერთი მხრივ, ლაშქრის რაოდენობა გაეზარდა და, მეორე მხრივ, ქვეყნის მატერიალური დოვლათის მწარმოებელი თავისი ძირითადი საქმიანობისათვის არ მოეწყვიტა.

ამიტომ სამეფო ლაშქრის გამრავლებისათვის ზრუნვა თავისთავად იწვევდა, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით სამხედრო სამსახურის საფუძვლის - ფეოდალური მიწათმფლთბელობის ფორმების განვითარებას ისეთ დასრულებულ სისტემამდე, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მეფეს, ზამთარ-ზაფხულ დაუცხრომელ მოლაშქრეთა ფართო ფენა ჰყოლოდა ისე, რომ მიწისმოქმედთა მასა არ მოეწყვიტა თავისი ძირითადი საქმიანობისათვის.

ამას გარდა, საქართველოს სამეფო ლაშქრის რაოდენობის გაზრდის სხვა შესაძლებლობაც არსებობდა - საქართველოს მოსახლეობის ხელოვნური გამრავლება და ამ გზით ასევე მუდმივ, დაუცხრომელ მოლაშქრეთა კიდევ ახალი და ფართო კონტინგენტის შექმნა. დავით აღმაშენებელმა ორივე ეს საშუალება გამოიყენა და ახლად ორგანიზებული ქართული ფეოდალური ლაშქარი კიდევ უფრო გაამრავლა საქართველოში გადმოსახლებული არაქართული წარმოშობის მოლაშქრეებით.

როგორც ირკვევა, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ ადრევე დაიწყო ზრუნვა ამგვარი ღონისძიების გატარებირათვის, მაგრამ საამისო ნიადაგის მომზადებას, გადმოსასახლებელი ხალხის შერჩევასა და მასთან დაახლოებას, კონტაქტის დამყარებასა და მოლაპარაკებას საკმაო ხანი დასჭირდა. ბოლოს სამეფო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოს იმდროინდელი ჩრდილოეთის მეზობლები, ყივჩაყები გადმოესახლებინა, აქ დაემკვიდრებინა და მუდმიეი ლაშქრის ძირითად წყაროდ ექცია. ცხადია, სამეფო ხელისუფლებამ ყივჩაყები შემთხვევით არ შეარჩია. დავითის ისტორიკოსი სავსებით ნათლად ასაბუთებს ამ არჩევანის გონივრულობას. მისი სიტყვით, საქართველოს სამეფო კარმა კარგად იცოდა „ყივჩაყთა ნათესავთა სიმრავლე, და წყობათა (ბრძოლებში) შინა სიმხნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა“. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ყივჩაყების შენახვა განვითარებული ფეოდალური ქვეყნისათვის შედარებით ადვილი იყო. ამდენად. დავითის ისტორიკოსის სიტყვით რომ ვთქვათ, ყივჩაყებზე არჩევანის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი მათი „ადვილად დასაჭირვლობაც“ იყო. ამასთანავე, მეფის წარმოდგენით, ყივჩაყები იქნებოდნენ „ყოვლითურთ მომზავებელნი (მიმყოლნი) ნებისა თუისისა“. ისტორიკოსის ცნობით, ყივჩაყების გადმოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ხელს უწყობდა აგრეთვე საქართველოს მეფის მოყვრობა ყივჩაყთა მთავართან - დავითს მეუღლედ ჰყავდა ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი. ცხადია, ყივჩაყთა მთავარი თავისი დიდი სიძის, საქართველოს მეფის გადაწყვეტილებების წინააღმდეგი ვერ იქნებოდა.

დასასრულ, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რთმ რუსეთის მთავრების მიერ შევიწროებული, არაერთხელ დარბეული და თავიანთი საცხოვრებლიდან გამოდევნილი ყივჩაყები საქართველოსთან დაკავშირებასა და აქ გადმოსახლებაზე უარს არ იტყოდნენ.

ყველა ამ პირობის გათვალისწინებით და სათანადო ზომების მიღებით სამეფო ხელისუფლებამ XII საუკუნის ოციანი წლებისათვის ჩრდილო კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოასახლა ყივჩაყთა ორმოცი ათასი ოჯახი. გადმოსახლებული ყივჩაყები მეფემ „დააყენა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა“ და გაუჩინა მათ „საზამთრო სადგური და საზრდელი“.

მაგრამ ისტორიკოსი არ მიუთითებს, კონკრეტულად თუ სად დაასახლა ყივჩაყები დავით აღმაშენებელმა. ამ ცნობიდან ის კი ირკეევა, რომ ყივჩაყნი ერთ კი არა, რამდენიმე „ადგილთა მათ მარჯუეთა“ დაასახლეს, მართლაც, 40 000 ოჯახის ანუ დაახლოებით 200 000 სული ყივჩაყის ერთ კომპაქტურ მასად დასახლება შეუძლებელიცა და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელიც იქნებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყივჩაყთა დიდი მასის ერთ ადგილზე დასახლება ხელს შეუშლიდა, გაახანგრძლივებდა მათი გაქრისტიანებისა და ქართულ მოსახლეობაში შერწყმის, ასიმილაციის პროცესს. ყივჩაყთა სწრაფი ასიმილაციით, გაქრისტიანებით კი დაინტერესებული იყო სამეფო ხელისუფლება. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა თურქული წარმოშობის ყივჩაყების გადაქცევა საქართველოს ჯარის მოლაშქრეებად, მის ორგანულ ნაწილად. ამიტომ იყო, რომ დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ ხაზს უსვამდა ყივჩაყთა სწრაფი გაქრისტიანების პროცესსა და გაქრისტიანებულ ყივჩაყთა სახით „დღითი დღე გამრავლებას .ქრისტეს მიმდევართა“. ამავე ისტორიკოსის სიტყვით, დავითის სიცოცხლეშივე, XII ს. 20-იან წლებში, უკვე „თვით ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტიანე ქმნილნი“ იყვნენ.

სწორედ ყივჩაყთა გაქრისტიანებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის პროცესის დაჩქარების ინტერესები უკარნახებდა სამეფო ხელისუფლებას, ყივჩაყები დაესახლებინა საკუთრივ ქართულ ტერიტორიაზე, რათა უშუალოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცია. რა თქმა უნდა. ქართული სახელმწიფიასათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყივჩაყებში ქრისტიანული სარწმუნოების, სწორედ ქართული, ქალკედონური მიმდინარეობის დანერგვას და არა საერთოდ მათ გაქრისტიანებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება გავიზიაროთ ამ უკანასკნელ ხანებში სომხურსა და ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება დავითის დროს ყივჩაყების მაინცდამაინც სომხურ ტერიტორიაზე დასახლებისა და მათ მიერ მაინცდამაინც „სომხური ქრისტიანობის მიღების“ და მაშასადამე მათი „არმენიზაციის“ შესახებ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მოსაზრების ავტორების (ს.ერემიანი, ქ.ჩხატარაიშვილი) მიერ მოშველიებულ მასალათაგან არცერთი არ გამოდგება დავითის დროს გადმოსახლებულ ყივჩაყთა სომხურ სარწმუნოებაზე მოქცევის დასამტკიცებლად. ჩვენ აქ შესაძლებლობა არ გვაქვს ვრცელი კამათი გავმართოთ დასახელებულ ავტორებთან, მაგრამ ის კი უნდა შევნიშნოთ, რომ 1206 წ. ზაქარია მხარგრძელის სახსრებით აგებული ჰარიჭის მონასტრის მეორე სახელწოდება „ღფჩანხვანქ“ და იქვე სოფლის „ღფჩახ“-ის არსებობა ან კიდევ ამავე მონასტრის 1304 წ. შემწირველების მიჩნევა თუნდაც ყივჩაყთა შთამომავლებად, ცხადია, ვერ დაამტკიცებს არა თუ დავითის დროინდელი ყივჩაყების მიერ „სომხური ქრისტიანობის მიღებას“, არამედ თვით ყივჩაყთა დასახლებასაც კი ამ ტერიტორიაზე XII ს. პირველ მეოთხედში. ყველა ეს მასალა შემდეგ ხანებში, კერძოდ XIII-XIV სს. გადმოსულ და ჩამოსახლებულ „ახალ ყივჩაყთა“ ნაკვალევზე უფრო მიგვითითებს, ვიდრე დავითის დროს, XII ს. პირველ მეოთხედში, საქართველოში ორგანიზებულად გადმოყვანილ ყივჩაყთა აქ დასახლებაზე.

ს. ერემიანის მტკიცების სასარგებლოდ არაფერს ლაპარაკობს არც აღარწინის 1184 წ. სომხური წარწერა და ამ წარწერაში ერთ-ერთი მოხელის „ელბეკის“ სახელით მოხსენიება. ჯერ ერთი, აღარწინის წარწერის ჩვენთვის საინტერესო ნაწილში ს.ერემიანის მიერ ზოგი რამ თვითნებურადაა ჩამატებული. ამას გარდა, სავსებით ხელოვნური და უსაბუთოა წარწერის „ელბეკის“ გაიგივება გიორგი III ამირსპასალართან ყუბასართან და ელბეკის გამოცხადება ელის (მომთაბარეთა) მეთაურის (ელ-ბეკ?!) აღმნიშვნელად. განა წარმისადგენია საქართველოს სახელმწიფოს ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი ყუბასარი აღარწინის წარწერაზე სახელის გარეშე (სხვა ყველა - ანტონი, სარგისი - იქვე სახელებით მოიხსენიებიან), მხოლოდ თანამდებობით და ისიც მომთაბარეთა (ელის) მეთაურის თანამდებობით მოეხსენიებინოთ მაშინ, როცა ასეთი თანამდებობა არც ყივჩაყთა რაზმებში იმ დროს და არც საერთოდ საქართველოს სამეფო კარზე დადასტურებული არ არის.

თუნდაც დავუშვათ წარწერის ელბეკისა და ამირსპასალარ ყუბასარის იგივეობა, განა ეს რამეთი შეამაგრებდა ზემოდასახელებულ მკვლევართა თვალსაზრისს? ცხადია, არა! აღარწინის წარწერა ისევე არ გამოდგება ელბეკის სომხური რელიგიისადმი კუთვნილების დასადგენად, როგორც იგი არ გამოდგება იქვე, ელბეკის წინ, მოხსენიებულ ანტონ ჭყონდიდელის სომხური რწმენისადმი მიმდევრობის დასამტკიცებლად; აღარწინის სხვა თვალსაზრისით მრავალმხრივ საინტერესო წარწერა მით უფრო არ გამოდგება, ცხადია, XII ს. პირველ მეოთხედში გადმოსახლებულ ყივჩაყთა რელიგიური კუთვნილების შესასწავლად. ასე რომ ყოველგვარი საფუძველი ეცლება ს.ერემიანისა და ქ.ჩხატარაიშვილის მიერ აღარწინის წარწერის მიხედვით გაკეთებულ შორსმიმავალ დასკვნებს ყუბასარის ყივჩაყობის (წყაროები კი მას „ნაყივჩაყარს“ უწოდებენ), „ყივჩაყთა ზედაფენის (ყუბასარის საგვარეულოს!) ჰარიჭის მიდამოებში მოსახლეობისა“ და აქვე, ამავე სომხურ ტერიტორიაზე, ამაზე ადრე დავითის მიერ ყივჩაყების დასახლებისა და მათ მიერ „სომხური ქრისტიანობის მიღების“, ე.ი. მათი „არმენიზაციის“ შესახებ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზემოაღნიშნული მოსაზრების ავტორებმა ასეთი დასკვნის გაკეთების დროს, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს იმდროინდელი საქართველოს საერთოდ საშინაო და კერძოდ კი რელიგიური პოლიტიკა. როგორც ცნობილია, ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ, განსაკუთრებით სომხური ტერატორიების შემოერთების შემდეგ, ფართოდ გაშალა ქალკედონური ეკლესია-მონასტრების ქსელი ყოფილ სომხურ სამეფოთა ტერიტორიებზე; ამ დროიდან და ამის შემდეგ განსაკუთრებით მიშრავლდა ქალკედონიტ, ე.ი. გაქართველებულ სომეხთა რიცხვი, ეს ამ დროს მიმდანარე პოლიტიკური პროცესების ბუნებრივი შედეგი იყო. ამ დროსვე დადგა საკითხი სომეხთა ეკლესიურადაც შემოერთებისა. „ქართლის ცხოერების“ სომხური XII ს. თარგმანის მიხედვით, სწორედ დავით მეფემ „მოისურვა სომეხთა და ქართველთა ეკლესიური შეერთება“ და საამისო კრებაც გამართა. ასეთ ვითარებაში, როცა საქართველოს ეკლესია და სამეფო პოლიტიკურად შემოერთებული სომხეთის ეკლესიურადაც შემოერთების პოლიტიკას აწარმოებდა, განა წარმოსადგენია, რომ იმავე ხელისუფლებასა და ეკლესიას ყივჩაყთა 40 000 ოჯახი, რომელიც საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად იყო გადმოყვანილი, სომხური ეკლესიისათვის მიენებებინა და „სომხურ ქრისტიანობაზე“ მოექციათ?!

საქართველოს სამეფოსა და ასევე ეკლესიასაც ყივჩაყთა საქართველოში დამკვიდრებისა და ქართულ მოსახლეობაში შერწყმის საფუძვლად სწორედ მათი ქართულ-ქალკედონურ სარწმუნოებაზე მოქცევა მიაჩნდა და არა მათი „არმენიზაცია“, მით უფრო მაშინ, როცა სწრაფად მამდინარეობდა თვით სომეხთა რელიგიური „ქართველიზაცია“, გაქართველება. ასე, რომ ყივჩაყები იქ უნდა დაესახლებინათ, სადაც ყველაზე უფრო მეტად იყო მათი სწრაფად გაქართველების პირობები; ამასთანავე, ანგარიში გაეწეოდა, ცხადია, სხვა პირობებსაც და სათანადოდ შეირჩეოდა სამეურნეო თუ სტრატეგიული თვალსაზრისით მოხერხებული და შესაფერისი, დაუსახლებელი თუ ნაკლებად დასახლებული ადგილები და სხვ.

ამრიგად, ჩვენი აზრით, არსებითად მართალი იყო ივ. ჯავახიშვილი, როცა ვარაუდობდა ყივჩაყების ჩასახლებას ძირითადად ქართლში, სადაც თურქთა შემოსევების წყალობით მოსახლეობა საგრძნობლად იყო შემცირებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყივჩაყთა იმდროინდელი განსახლება მხოლოდ საკუთრივ გეოგრაფიული ქართლით შემოვფარგლოთ და მათი დასახლება აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, მათ შორის ქვემო ქართლშიც არ ვივარაუდოთ, მით უფრო რომ ამ დროს ქვემო ქართლში, სომხითში, ქალკედონობა, როგორც ვთქვით, საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და განმტკიცებული. მაგრამ არ არის სავარაუდებელი, რომ ყივჩაყები სანამ ისინი გაქართველდებოდნენ, დაესახლებინათ სასაზღვრო, განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიულ რაიონებში. ძნელი წარმოსადგენია, რომ თურქული მოდგმის ყივჩაყებისათვის თურქ-სელჩუკთაგან სასაზღვრო რაიონების დაცვა და გამაგრება თავიდანვე მიენდოთ.

აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა პუნქტებში დასახლებული ყივჩაყები „დღითიდღე ქრისტიანდებოდნენ“ და. ივ. ჯავახიშვილის სიტყვით რომ ვთქვათ, მალე შეერწყნენ კიდეც ქართველებს, ისე, რომ დავითის დროის „ყივჩაყის არც ერთი შთამომავალი ყივჩაყად აღარ შერჩა“. უმთავრესად ამით აიხსნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყივჩაყთა მოსახლეობის კვალი ან საერთოთ არ შემონახულა, ან კიდევ ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. ამას გარდა, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, რომ ყივჩაყები სოციალური და სამეურნეო განვითარების დონით გაცილებით დაბლა იდგნენ ქრთულ მოსახლეობასთან შედარებით და, ცხადია, არც არის წარმოსადგენი, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინოთ მაღალგანვითარებული ფეოდალური ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ ცხოვრებასა და ყოფაში.

ყივჩაყთა სწრაფი ასიმილაციით უნდა აიხსნას აგრეთვე ისიც, რომ დავითის შემდეგ, გიორგი III-ისა და თამარის დროს, საქართველოს ლაშქარში ცალკე „ყივჩაყთა ლაშქარი“ არ იხსენიება, ის ადრევე შეერწყა ქართულს და „ძველი ყივჩაყნიც“ მასში ივარაუდებოდნენ.

ყივჩაყთა თითოეულ ოჯახს სამეფოსათვის ერთი მუდმივი მოლაშქრე უნდა მიეცა, ასე რომ, ამიერიდან დავით აღმაშენებელს მუდმივად ჰყავდა ყივჩაყთაგან „წყობად გამავალი რჩეული ორმოცი ათასი“. ამ ახალ ლაშქარს მიეცა „ცხენები და საჭურველი“, დაიყო ნაწილებად („გუარად-გუარად“), ყოველ ნაწილს დაენიშნა სპასალარი, მმართებელი და ზედამდგომი.

მუდმივი ლაშქრის ძირითად ნაწილს ყივჩაყები ქმნიდნენ. მაგრამ, როგორც ზემოთაც ითქვა და ვახუშტი ბაგრატიონის ერთი მეტად საინტერესო ცნობიდანაც ჩანს, მუდმივ ლაშქარში ყივჩაყთა გარდა საკუთრივ ქართველებიც იყვნენ. ვახუშტის სიტყვით, დავით აღმაშენებელს „მარადის მცველად“ 60 ათასიანი ლაშქარი ჰყავდა. ამასვე ადასტურებს იოანე ბატონიშვილიც. დავითმა „განაწყო მხედრობანი და ყოველთვის მზად ჰყვა როჭიკით სამოცი ათასი მხედარი კაცი“. აქედან 40 ათასი, დავითის ისტორიკოსის მიხედვით, ყივჩაყი იყო, დანარჩენი ოცი ათასი კი, ცხადია, ქართველები იქნებოდნენ.

ამრიგად, საქართველოს სამეფომ XII საუკუნის 20-იან წლებში გაიჩინა სამოციათასიანი მუდმივი ლაშქარი. ესეც უმაგალითო ღონისძიება იყო ფეოდალური საქართველოს ისტორიაში - არც მანამდე და არც შემდეგ ფეოდალურ საქართველოს ასე მრავალრიცხოვანი მუდმივი ლაშქარი არ ჰყოლია.

სამოციათასიანი მუდმივი ლაშქრის გარდა, მეფეს ჰყავდა თავისი პირადი ხუთიათასიანი გვარდია „მცველად მისად“, „მონა-სპა“ - „რჩეულნი და განსწავლულნი... მისანდონი და გამოცდილნი სიმხნითა“. ამასთანავე, ქვეყნის ლაშქრის ერთ ძირითად ნაწილს, დავითის ისტორიკოსის მოწმობით, ისევ ისე შეადგენდა „სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენკეთილნი და პირშეუქცეველნი“. ლაშქრის ამ სახეობას ვახუშტი ბაგრატიონი „მარადის მცველად“ დადგენილ ლაშქრისაგან განსხვავებით, „სხვა სპას, ქვეყნითგან გამოყვანილს და ერისთავთა ქვეშე დაწესებულთ“ უწოდებს. ეს ის ლაშქარი იყო, რომელსაც „მოუწოდიან ჟამად“, ე.ი. დროდადრო, საჭიროების შემთხვევაში. საჭიროების დროს საქართველოს ლაშქარი ივსებოდა აგრეთვე „როქის სპით“, - მეზობელი ქვეყნებიდან დაქირავებული ჯარით. ლაშქრის დაქირავება ფეოდალურ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

დავით IV პორტრეტული გამოსახულება

ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ სპილენძის მონეტაზე

ყურადღებას იქცევს მეფის სამოსი და თავსაბურავი (ჩაფხუტი, გვირგვინი?),
რომელზედაც მოთავსებულია ძვირფასი თვლებისაგან აწყობილი ჯვარი,
მის ორივე მხარეს ჩამოკიდებულია ძვირფასი თვლების მძივი, რომელთა
ბოლოებიც ასევე ჯვრის სახედ აცმული თვლებით მთავრდება. ყელზე
შემოვლებულია თვლების მძივი. სწორად ჩამოშვებულ მოსასხამზე გარდა
თვლებისა, შეიმჩნევა მცენარეთა რტოების (ფოთლების?) გამოსახულებაც.

ერთ-ერთ მთავარს მაინც ქართველებისა და ყივჩაყებისაგან შემდგარი „ქართველთა ლაშქარი“ წარმოადგენდა. ამ ლაშქარს ზოგი მკვლევარი „დაქირაგებულს“ ან კიდევ, „დაქირავებული ჯარის მსგავს“, მაგრამ „როქის სპისაგან“ განსხვავებულს, უფრო მუდმივი სამსახურის სახის ლაშქარს, უწოდებს. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ ამ 60 ათასიან ლაშქარს არ შეიძლება ეწოდოს უცხოელთა დაქირავებული ჯარი; ჯერ ერთი, ასეთი სახის ლაშქრის აღსანიშნავად იმ დროს ქართულში, როგორც ვნახეთ, სხვა ტერმინი - „როქის სპა“ (ქირის ლაშქარი) იხმარებოდა. ამას გარდა, სახელმწიფო ქირით ჯარს მხოლოდ დროებით, გარკვეული ვადით იყვანდა და, ცხადია, არ ზრუნავდა მათ დასასახლებლად, ადგილებზე დასამკვიდრებლად თუ გასაქრისტიანებლად. ყივჩაყები კი, როგორც ვნახეთ, დავითმა საქართველოში დაასახლა და მათი სწრაფი გაქართველებაც დაიწყო. მასთან ისინი ქართველებთან ერთ ლაშქარში გააერთიანა. ასე რომ, ყივჩაყთა და ქართველთა ამ ლაშქარს შეიძლება მხოლოდ „ქართული მუდმივი ლაშქარი“ ეწოდოს და არა ყივჩაყთა თუ საერთოდ უცხოელთა დაქირავებული ჯარი.

მაგრამ, მეორე მხრივ, დავითის მიერ შემოღებული ლაშქრის გასტუმრების ახალი წესი, ქართველთა მუდმივ ლაშქარს ერთგვარად, მართლაც, ამსგავსედა ქირის ჯარს. საქმე იმაში იყო, რომ დავითმა აკრძალა ალაფად მოპოვებული „საჭურჭლის“ (იარაღ-საჭურვლის თუ სხვა) მოლაშქრეთა შორის განაწილება: „დავითთასა არღარა განიყოფოდა საჭურჭლე სპათა ზედა“, სამაგიეროდ მოლაშქრეთა „პატივი სხვა იყო“, - გვატყობინებს ვახუშტი ბაგრატიონი. ამასთან ერთად, თუ ანგარიშს გავუწევდით აგრეთვე ნაგვიანევი ხანის ზემომოტანილ ცნობას დავითის მიერ ამ სამოცათასიანი ლაშქრის „როჭიკით“ - ულუფით და სარგოთი (ჯამაგირით) შენახვის შესახებ, აშკარა გახდება დავითის მიერ ამ მხრივ გატარებული ღონისძიების არსი - მუდმივი ლაშქრის არსებითად ულუფასა და სარგოზე გადაყვანა.

მართალია, საქართველოს მუდმივ ლაშქარში 40 000 ყივჩაყი მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა, მაგრამ, როგორც ეს ქვემოთ იქნება ნაჩვენები, დავით აღმაშენებელს საკუთრივ ყივჩაყები არასოდეს არ გაუხდია თავის ძირითად დასაყრდენად, როგორც ეს ზოგიერთ მკვლევარს ჰგონია.

ასე მაგალითად, ს. ერემიანის მიხედვით, დავით IV მსხვილ ქართველ ფეოდალებთან, დიდებულებთან ბრძოლაში ემყარებოდა უცხოელთა ჯარს და მასთან მიკედლებულ სომეხ ფეოდალებს.

ჯერ ერთი, დავით აღმაშენებელი ებრძოდა არა საერთოდ დიდ ქართველ ფეოდალებს, დიდებულებს, არამედ მხოლოდ მის რეაქციულ ფრთას, ნაწილს; მეორე, ყივჩაყების გადმოყვანამდე (1118-1120 წლებამდე) დავით IV-მ ყივჩაყების გარეშე გამარჯვებით დააგვირგვინა ბრძოლა საერო და საეკლესიო ოპოზიციურ დიდგვარიან ფეოდალებთან; მესამე, ასევე ყივჩაყების ჩამოყვანამდე არსებითად დამთავრებული იყო ქვეყნის შიგნით ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგაც; მეოთხე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ უცხო ლაშქარზე და ასევე უცხოელ ფეოდალებზე დამყარებულ არც ერთ სახელმწიფო მოღვაწეს არ მიუღწევია დიდი წარმატებისათვის და, ცხადია, მარტოოდენ ყივჩაყებისა და სომეხი ფეოდალების ხელის შემყურე, ვერც დავით აღმაშენებელი მოიპოვებდა იმ დიდ წარმატებებს, რაზედაც ასე აღფრთოვანებით წერენ სომეხი და ქართველი მისი თანამედროვე ისტორიკოსები. მეხუთე და რაც მთავარია, ს.ერემიანი ვერ დაასახელებს არა თუ რამდენიმე, ერთ სომეხ ფეოდალსაც კი, რომელიც სამეფო ხელისუფლების დასაყრდენი კი არა, არამედ საერთოდ რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფილიყო დავითის სამეფო კარზე. ასეთი არც სომხურმა და არც ქართულმა წყაროებმა არ იცის; მეექვსე, დავით აღმაშენებლის წარმატებების წყარო ქვეყნის შიგნით არსებულ ძალებსა თუ რეფორმებსა და ღონისძიებებში უნდა ვეძიოთ და არა ქვეყნის გარეთ, გარეშე ძალებში; თუმცა, კაცმა რომ თქვას, საქართველოში დამკვიდრებული და გაქრისტიანებული ე.ი. ფაქტიურად გაქართველებული ყივჩაყები რატომ უნდა მიგვეჩნია უცხო ძალად, უცხოელ მოლაშქრეებად?

ქართული ლაშქრის სრული რეორგანიზაცია, ლაშქრის სავსებით ახალი სახეების შექმნა ბუნებრივად მოითხოვდა სამეფო კარზე სამხედრო საქმეთა განსაგებლის რეორგანიზაციასაც. სწორედ ამ ახალ მოვლუნებს დაუკავშირდა სამეფო კართან საგანგებო სამხედრო საქმეთა უწყებისა და მისი ხელმძღვანელის, „ამირსპასალარის“ - საქართველოს ჯარების მთავარსარდლის - თანამდებობის შექმნა.

საქართველოს ისტორიის მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ თვით ტერმანი „ამირსპასალარი“ ქართულში მხოლოდ XII ს. მეორე ნახევრიდან, გიორგი III-ის (1156-1184) დროიდან, შემოვიდა ხმარებაში. მაგრამ ამჟამად დაბეჯითებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ტერმინი „ამირსპასალარიც“ და თვით ეს თანამდებობაც დავითის დროისათვის XII ს. დამდეგიდან ქართული ფეოდალური მონარქიის სამოხელეო წყობისათვის სავსებით ცნობილი იყო. არაბულ-სპარსული სიტყვებისაგან შედგენილი ტერმინი „ამირსპასალარი“ ქართულში, როგორც ირკვევა, თურქ-სელჩუკთა მეშვეობით, მათი სამოხელეო ტერმანოლოგიიდან შემოვიდა. მაგრამ თურქ-სელჩუკთა ამირსპასალარისა და საქართველოს ამირსპასალარის უფლება-მოვალეობათა შესწავლა, ურთიერთშედარება გვარწმუნებს, რომ ამირსპასალარის ქართული სამოხელეო ინსტიტუტი შინაარსობლივად არსებითად განსხვავდება ამავე სახელწოდების სელჩუკური ინსტიტუტისაგან. ასე, რომ ტერმინოლოგიური ნასესხობა, ცხადია, არ გულისხმობდა თვით ინსტიტუტის, ამ თანამდებობის გადმოღებას, მით უფრო, რომ ქართულ სამეფო სამოხელეო ინსტიტუტებს საერთოდ და „ლაშქრის თავის“ ხელისუფლებას კერძოდ, შეუდარებლად დიდი ტრადიცია ჰქონდა, ვიდრე სელჩუკურ სამოხელეო წყობასა და მისთვის დამახასიათებელ ამირსპასალარის ინსტიტუტს.

ამირსპასალარის თანამდებობის შემოღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ლაშქრის ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელობის განმტციცების საქმეში.

ამრიგად, დავით აღმაშენებლის დროს, მისი რეფორმების წყალობით საბოლოოდ დასრულებული სახით ჩამოყალიბდა ფეოდალური მონარქიის ცენტრალური სამოხელეო აპარატი. სამეფო კარის მმართველობის ცალკეულმა უწყებებმა, რომელთა სათავეშიც მათი „უხუცესები“ (უფროსები, ხელმძღვანელები) იდგნენ, ან დავითის დროს მიიღეს დასრულებული სახე, ან კიდევ ამ დროიდან ჩამოყალიბდნენ საერთოდ. სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური აპარატის ცალკე უწყებას შეადგენდა სამეფო ფინანსები და მას მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა; საქართველოს სამეფოს საშინაო საქმეების სათავეში მანდატურთუხუცესი იდგა; სამხედრო უწყებას ამირსპასალარი ხელმძღვანელობდა, მისი პირველი თანაშემწე კი პროტოსტრატორი ანუ ამირახორი იყთ. აქ დასახელებული ცალკეული უწყებები ერთიანდებოდა ერთ საერთო განსაგებელში, რომელსაც სათავეში ედგა სამეფოს ვაზირი - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. ვაზირი „მეფის მამად“ იყო მიჩნეული და მეფის შემდეგ ყველა სახელმწიფო საქმე, მათ შორის საეკლესიოც, სწორედ მას ეკითხებოდა. ასე მოახდინა დავით აღმაშენებელმა სახელმწიფო ხელისუფლების კონცენტრაცია სამეფო კარზე. აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი ცენტრალური სამოხელეო აპარატი არსებითად უცვლელად დარჩა მის მემკვიდრეთა (დემეტრე I, გიორგი III, თამარი) მეფობას პერიოდშიც.

დავით აღმაშენებლის ზემოაღნიშნული რეფორმების ერთ ძირითად აზრს ისიც წარმოადგენდა, რომ იგი განსაკუთრებით წინ წევდა, აძლიერებდა და უპირატესობას ანიჭებდა სწორედ ცენტრალურ სამოხელეო აპარატს. ამასთანავე ადგილებზე დანიშნულ მოხელეებს - მოსაკარგავე-ერისთავებს. მათი ცენტრალური აპარატისადმი დაქვემდებარების მიზნით, სამეფო კარზე თანამდებობასაც აძლევდა და ცენტრალური უწყების მოხელედ აქცევდა. ამიტომ იყვნენ - სვანთა ერისთავი პროტოსტრატორი თუ მეჭურჭლეთუხუცესი, ორბელები ამირსპასალარებიცა და მანდატურთუხუცესებიც და ა.შ.

დავითის მიერ გატარებული (განსაკუთრებით სამხედრო) რეფორმები ზოგ ქართველ მკვლევარს (მაგ., ს.კაკაბაძეს) თურქ-სელჩუკთაგან გადმოღებულად მიაჩნდა. ზემოთ ჩვენ მართლაც ვნახეთ, რთმ ზოგი სახელოს (თანამდებობის) სახეღწოდება და თვით სახელიც თითქთს თურქულ-სელჩუკურიდან არის შემოსული, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ზოგი სახელოს სახელწოდება ბიზანტიურია (მაგ., პროტოსტრატორი), ზოგიც ბიზანტიურ-ქართული (მანდატურთუხუცესი) და ან წმინდა ქართული (მეჭურჭლეთუხუცესი, მწიგნობართუხუცესი); ასევე „მონა-სპა“, რომელმაც ზოგიერთი თურქ-სელჩუკებიდან გადმოღებულად მიიჩნევს, იმ დროის სხვა ქვეყნებშიც, მაგ. ბიზანტიაშიც იყო. ასე, რომ დავით IV-ს სამაგალითოდ მარტო თურქ-სელჩუკების სამოხელეო წყობილება არ ჰქონია. იგი, როგორც ჩანს, საკუთრივ ქართულთან ერთად, უცხოელების, პირველ რიგში მეზობელი ქვეყნების (თურქ-სელჩუკების, ბიზანტიის), მიღწევებსაც ეცნობოდა და შესაძლებელ შემთხვევაში ზოგ მათგანს თავის მოღვაწეობაში ითვალისწანებდა კიდეც.

 ასე, რომ მისთვის, სამეფო ხელისუფლებისა და ფეოდალური ქვეყნის გაძლიერების ინტერესების თვალსაზრისით, მიუღებელი არ იქნებოდა არც აღმოსავლური (თურქულ-სელჩუკური) და არც დასავლური (ბიზანტიური) სახელმწიფოებრივი წყობისათვის დამახასიათებელი ელემენტების გათვალისწინებაც. ამ ქვეყნებთან ყოველდღიური, სამტრო თუ სამშვიდობო, შეხვედრა-ურთიერთობის ინტერესები დავითს სწორედ აქეთკენ, მათი გამარჯვების, წარმატებისა თუ წარუმატებლობის საფუძვლების გაცნობისაკენ და საჭირო შემთხვევაში გათვალისწინებისკენაც უბიძგებდა. მაგრამ ეს მაინც იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს საშინაო სახელმწიფოებრივი რეფორმების წყაროები მის საზღერებს გარეთ, სელჩუკურსა თუ ბიზანტიურ სახელმწიფოებრივ წყობაში, ვეძიოთ.

დავითის მრავალმხრივი რეფოომა, იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ ნიადაგზეა აღმოცენებული და ამიტომაც, ცხადია, არ შეიძლება იგი „დიდ სელჩუკთა“ სულთნების რეფორმის განმეორება იყოს. როგორც სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორიის მკვლევარები აღნიშნავენ, საუფლისწულოთა სისტემის გაბატონების წყალობით სელჩუკთა სახელმწიფო პატარ-პატარა „სახელმწიფოთა“ ერთგვარი ფედერაცია იყო და ამიტომაც ცენტრალურ სამოხელეო უწყებებს XI ს. მიწურულისათვის უკვე დაკარგული ჰქონდა მნიშვნელობა. სამაგიეროდ, ადგილობრივი ადმინისტრაცია მთლიანად იყო შენარჩუნებული თავისი მოხელეებითა თუ სამოხელეო წყობით. ასე, რომ საუფლისწულოთა სისტემა, რომელიც განსაკუთრებით გავრცელდა XII ს-ში, თურქ-სელჩუკებში აყვანილი იყო სახელმწიფოებრივი წყობის ნორმების სიმაღლემდე. ამგვარად წარმოიქმნა სხვადასხვა სასულთნოები, საათაბაგოები და საამიროები.

საქართველოში კი, როგორც აღვნიშნეთ, საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობდა: საუფლისწულოთა სისტემის თუ განკერძოებული ერისთავების წინააღმდეგ ბაგრატ III-ის მიერ დაწყებული ბრძოლა დავით IV-მ დაასრულა... დავითის რეფორმებმა კიდევ, მმართველობის ზოგი ადგილობრივი აპარატის გაუქმებისა თუ ზოგის მნიშვნელობის შემცირების ხარჯზე, გააძლიერა და განამტკიცა ცენტრალური სამოხელეო აპარატი. ამრიგად, დავით აღმაშენებლის რეფორმები სხვა ნიადაგზე იყო აღმოცენებული, რეფორმებიც მის შესაბამის შინაარსს ატარებდა და შედეგებიც, ცხადია, არ შეიძლებოდა დამთხვეოდა „დიდ სელჩუკთა“ სულთნების ღონისძიებათა შედეგებს.

დავით IV-ის ზემოაღნიშნულმა რეფორმებმა კიდევ უფრო გააძლიერა სამეფო ხელისუფლება. ქვეყნის მმართველობის სათავეში იდგა მეფე, რომელიც ძველებურად „თანასწორთა შორის პირველი“ კი არ იყო. არამედ უკვე თვითმპყრობელი ხელმწიფე, „ღვთის მიერ კურთხეული“ უზენაესი და შეუზღუდველი ხელისუფალი. არ იყო ქვეყნის ცხოვრების არც ერთი მხარე, რომელიც სამეფო ხელისუფლების კომპენტენციაში (უფლებებში) არ შედიოდა. მეფე ყველაფერს თავის ძალაუფლებას უქვემდებარებდა და ხელისუფლების სრულ კონცენტრაციას ახდენდა. ეს კარგად ასახა დავითის ისტორიკოსმა. მისი სატყვით, ვინ და როგორ აღრიცხოს რამდენი საქმე მოეთხოვება მეფეს, რამდენი მოვალეობა და განსაგებელი (აქვს მას), საზღვრების გაფართოება და მათი დაცვა, განხეთქილებათა თავიდან აცილება, სამეფოში წესრიგის დამყარება, ლაშქრობათა მეცადინეობა, მთავართა მზაკვრობის გამოცნობა, მხედართმთავრების განწესება, ხალხის შეგონება, ადმინისტრაციული და სასამართლო გადაწყვეტილებანი, ხაზინის შემოსავალნი, ელჩებთან შეხვედრა და მათთვის პასუხის გაცემა, ძღვენის მომტანთა ღირსეულად დასაჩუქრება, შეცოდებულთა საკადრისი წვრთნა, დამსახურებულთა უხვად დაჯილდოება, საჩივართა სამართლიანი გამოძიება, მოსაკითხათა შესაფერისი მოკითხვა, ჯარის დაწყობა და მისი მარჯვედ გაძღოლა - ვინ ამოსწურავს იმ სახელმწიფოებრივი საქმეების ზღვას, რომელშიც არავინ ჰგავს დავითს, არც ძველი და არც ახალი მეფე. და ამაში ისტორიკოსი სავსებით მართალი ჩანს - საქართველოს არც ერთი მეფე ისე ძლიერი და თვითმპყრობელი არ ყოფილა, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო.

ეს კი დავით აღმაშენებელმა შეძლო ისევ ფეოდალებზე, წვრილ და საშუალო აზნაურებსა და ქალაქებზე დაყრდნობით, დიდგვარიან რეაქციონერ ფეოდალთა დამარცხებითა და ეკლესიის მორჩილებაში მოყვანით, დავითის ისტორიკოსის სიტყვით რომ ვთქვათ, „ნაცვლად ორგულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ერთგულთა, ფრთხილთა და ახოვანთა განდიდებით“. ფეოდალური მონარქიის ასე გაძლიერებასა და განდიდებას, ცხადია, სარგებლობა, პირველ რიგში, სწორედ იმ მაღალი საზოგადოებრივი ფენებისათვის მოჰქონდა, რომელსაც მეფე ემყარებოდა.

ფეოდალური საქართველოს დაბალი ფენები კი, მშრომელი ხალს, ქვეყნის დოვლათის შემქმნელნი, ამ რეფორმების გასატარებლად ძირითად წყაროს წარმოადგენდნენ; მუდმივი ლაშქრის ორგანიზაცია, რიცხვმრავალ „სამეფო სპის“ უზრუნველყოფა იარაღ-საჭურვლითა და მისი შენახვა დიდ სახსრებს მოითხოვდა. მშრომელთა ექსპლოატაციის გაზრდის ხარჯზე წარმოებდა აგრეთვე ლაშქრის სწრაფი და დაუბრკოლებელი მიმოსვლისათვის ახალი გზების გაყვანა, ძველ გზებზე ქვაფენილების დაგება, გაუვალ მდინარეებზე ხიდების აგება და სხვა. ასე, რომ დავით აღმაშენებლის ეს დიდი რეფირმები და სხვა ღონისძიებები მძიმე ტეირთად აწვებოდა განსაკუთრებით მწარმოებელ მიასახლეობას, საეკლესიო თუ საერო ფეოდალების ყმებს, ქალაქების მოსახლეობის დაბალ ფენებს - ხელოსნებსა და წვრილ ვაჭრებს.

სამეფო ხელისუფლება საერო და საეკლესიო ფეოდალების, დიდვაჭრების შემწეობით ახერხებდა მწარმოებელი მოსახლეობიდან საჭირო დიდი რესურსების ამოქაჩვას. ამიტომაც ასე გაძლიერებულ სამეფოში მრავლად იყვნენ „დაჭირებულნი და მიმძლავრებულნი“, „გლახაკნი“, „ღარიბ-ღატაკნი“ თვით ეკლესიაც, „მონასტერნი, ლავრანი და ხუცესნიცა“ დავით აღმაშენებელს მეფობის ბოლო წლებამდე, ე.ი. სანამ ყველა უმთავრესი საქმეები მოგვარდებოდა, „ყოველსა ჭირსა და ბეგარაში“ ჰყოლია. მათი მუდმივი სტუმრები იყვნენ სამეფო გადასახადების ამკრეფნი - „მოსაკარგავე მაჭირვებელნი“. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა მეფეს ეკლესიის მორჩილებაში მოყვანა, ქვეყანაში მკაცრი თვითმპყრობელური რეჟიმის დამყარება.

დავითის ისტორიკოსის სიტყვით, თუმცა მეფის „შიში დიდი და ზარი... ქვეყნის კიდით-კიდემდე იყო განფენილი“, მაინც აშკარად გაისმოდა ძლიერი უკმაყოფილების ხმები. თვით დავითის პოლიტიკის თავდადებული მომხრე და დამცველი ისტორიკოსიც კი ვერ მალავს, რომ მეფეს ბევრი ჰყავდა „მაბრალობელნი“ და „მგიობელნი“ (მძაგებელნი) სამეფოს მოსახლეობის „მჭისედ“ (გაჭირებით) ყოფნისათვის, მისი „მხედრობის განუსვენებლობისათვის“... ცხადია, ეს „მაბრალობელნი“, პირველ რიგში, ისინი იქნებოდნენ, რომელთაც თავისი მხრებით უხდებოდათ სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებათა სიმძიმის ზიდვა - გლეხები, ხელოსნები და ვაჭრები.

„მაბრალობელთა“ სხვა ჯგუფი კი, როგორც ჩანს, დამცრობილი დიდგვარიანები, განსაკუთრებით იმით იყვნენ უკმაყოფილო, რომ მეფე „ვისაც შეიყვარებდა - განადიდებდა, ხოლო ვისაც შეიძულებდა, დაამცრობდა, ზოგს აღამაღლებდა და ზოგს დაამდაბლებდა“.

როგორც დავითის ისტორიკოსის თხზულებიდან ჩანს, „მაბრალობელთა“ როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფი ყოველნაირად ცდილობდა მეფის თავიდან მოცილებას, არა ერთხელ განუზრახავთ ღალატი და მოულოდნელი თავდასხმა მასზე, საამისოდ გაუჩენიათ კიდეც „კაცნი მხნენი, რომელნიმე ხრმლითა, რომელნიმე შუბითა და სხუანი ისრითა“ შეიარაღებულნი და ეს „არა ერთ, ორ და გინა სამგზის, არამედ მრავალგზის“ ყოფილა მოწყობილი, მათ არა ერთხელ დაუმარტოხელებიათ კიდეც მეფე, მაგრამ ყოველთვის გადარჩენილა იგი „მდევართა მისთაგან“. დავითის ისტორიკოსის ამ კანტიკუნტი ცნობიდანაც კი ნათლად ჩანს. თუ რამდენად ძლიერი იყო ფეოდალური საზოგადოების ცალკეული ფენების პროტესტი, მათი გამოსვლები მეფისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ.

თვითმპყრობელი მეფე დაუნდობლად უსწორდებოდა „მაბრალობლებს“ და მათ, ვინც მის მიერ აღებული გეზიდან „განდრეკილად სვლას“, „ორგულობას, ზაკვასა და ღალატს“ გაბედავდა. მუდმივ ლაშქარს, მთელ მის საპოლიციო აპარატს მეფე არა მარტო გარეშე მტრებთან ბრძოლაში, არამედ შინაგანი მღელვარების ჩასაქრობად და დასათრგუნავადაც იყენებდა.

ყველა ზემოაღნიშნული საშინაო რეფორმა XI საუკუნის მიწურულსა და XII საუკუნის დამდეგს განხორციელდა. ამ ღონისძიებების გატარებამ სამეფო ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და თურქ-დამპყრობელთა განდევნის მიზნით გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა. ეს კახეთის საბოლოოდ შემომტკიცებითა და ერწუხის „დიდი და ხმა-გასმენილი“ (სახელგანთქმული) ბრძოლით დაიწყო. ერწუხის 1105 წ. ომმა დააგვირგვინა საქართველოს სამეფო ხელისუფლების საუკუნოვანი ბრძოლა კახეთის შემოსამტკიცებლად. ამ კუთხის შემოერთებით კი ძირითადად დასრულდა ქვეყნის გაერთიანების საქმე.

ერწუხის ომს დავითი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და თვითონაც, თავისი პირადი მაგალითით, ამ ომის მონაწილეებს თავდადებისა და გმირობის საუცხოო ნიმუშს აძლევდა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „თუით მეფე, არა თუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თვისთა ანუ შორით უზახებდა... არამედ უპირატეს ყოველთასა თუით წინა უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღალითა და ვითა გრიგალი მიდამო იქცეოდა, და თუით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა ძლიერითა“ ახოვნებს ამხობდა, წინ შემხვედრთ სვრიდა და დასცემდა... (ბრძოლაში მეფეს) „სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაც ზედა სრულყო მის დღისა ომი“. თავდადებით იბრძოდა ქართველთა, მართალია, ჯერ კიდევ მცირე, მაგრამ უკვე გაწვრთნილი და ორგანიზებული ლაშქარი და „განწირული ერი“. სწორედ მათ „დახოცეს სულტნის ურიცხვი სპა“. ერწუხის ველზე დავითის ლაშქრის მიერ მოპოვებულმა ამ პირველმა დიდმა გამარჯვებამ ცხადჰყო საქართველოს სიძლიერე და გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადყოფნა.

მართლაც, ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, მეფემ თურქ-სელჩუკებს ზედიზედ წაართვა მათ მიერ საქართველოში დაპყრობილი ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. 1110-1118 წლებში განთავისუფლდა ქალაქი სამშვილდე, ქალაქი რუსთავი, ციხეები: გიში, ლორე და აგარანი. ბუნებრივია, დამპყრობლები ასეთ მარცხს ადვილად არ ურიგდებოდნენ და დროდადრო საპასუხო ლაშქრობებსაც აწყობდნენ დაკარგული ქალაქებისა და ციხეების დასაბრუნებლად, მაგრამ ასეთი თავდასხმებიც უკუგდებულ იქნა, საქართველო დამპყრობლებისაგან თანდათან იწმინდებოდა. უკვე ამ წლებში საქართველოს სამეფომ თურქების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს საზღვრებს იქითაც გაიტანა და დამპყრობლებს მის მეზობელ ქვეყნებშიც, კერძოდ, შირვანში (ახლანდელი აზერბაიჯანი) შეუტია.

ამრიგად, XII საუკუნის ოციანი წლების დამდეგისათვის საქართველოს შიგნით თურქ-დამპყრობლებთან ბრძოლა ძირითადად მოგებული იყო.

საქართველოს სამეფოს თავდაცვითი ომები წარმატებით მიმდინარეობდა. მაგრამ ჯერ კიდევ არა ერთი ამოცანა იყო გადასაწყვეტი საბოლოო და მტკიცე გამარჯვების მოსაპოვებლად. ქვეყნის იმდროინდელი საგარეო და საშინაო მდგომარეობა სამეფო ხელისუფლებისაგან, განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობათა მოწესრიგების თვალსაზრისით, ახალი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა.

 

3. საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა დიდგორის ბრძოლის წინ

ა) ურთიერთობა ბიზანტიასთან

XI ს. მიწურულს საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ბიზანტიასთან ურთიერთობის მოწესრიგება შეადგენდა. გიორგი I-ის დროიდან მოკიდებული ბიზანტია-საქართველოს ურითერთობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გიორგი I-ის შეიარაღებულ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია. ბიზანტიის საიმპერატორო ხვლისუფლება იძულებული გახდა, საქართველოს მიმართ თავისი პოლიტიკა შეეცვალა და ამიერიდან საქართველოს საშინაო საქმეებში აშკარად ჩარევის მაგიერ უფრო შენიღბული მეთოდებისათვის მიემართა: სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ადგილობრივი (ქართველი) ფეოდალებისათვის მხარდაჭერით (იარაღით, ლაშქრით, ფულით), კიდევ უფრო დაესუსტებინა საქართველოს მეფე. ასეთი ხერხით ბიზანტიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია კიდეც, განსაკუთრებით ლიპარიტ კლდეკარის ერასთავის მიმართ მხარდაჭერით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

მაგრამ მალე ბიზანტია იძულებული გახდა ასეთი მოქმედებაც შეეწყვიტა -  XI ს., განსაკუთრებით 50-იანი წლებიდან, პაჭანიკვბის გამუდმებულმა თავდასხმებმა, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკთა გამოჩენამ თვით მას მრავალი საზრუნავი გაუჩინა საგარეო ურთიერთობაში და ამიერ-კავკასიის ქვეყნებთან გონივრულ დამოკიდებულებას ამ გართულებული საგარეო ურთიერთობის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ყივჩაყების მიერ შევიწროებული პაჭანიკების განუწყვეტელი შემოტევები ბიზანტიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებზე მძიმე დღეში აყენებდა ბერძნებს, რომელთაც დიდი ენერგია შეალიეს პაჭანიკებძს წინააღმდეგ ბრძოლას. დიდმა ქართველმა მოღვაწემ გრიგოლ ბაკურიანის-ძემ, ბიზანტიის ჯარების დასავლეთის დომესტიკოსმა (მთავარსარდალმა), არაერთი გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა პაჭანიკებს და არაერთხელ ასახელა ბიზანტიის იარაღი ამ მხრივ. მაგრამ ბიზანტიას ამ დროს მარტო პაჭანიკები როდი ებრძოდნენ. კიდევ უფრო მძიმე ვითარება შეიქმნა სამხრეთით - თურქ-სელჩუკთა გამანადგურებელ ლაშქრობათა წყალობით.

სწორედ ასეთი მძიმე საგარეო ვითარების დროს ბიზანტიის პოლიტიკოსებმა დიდი შორსმჭვრეტელობა ვვრ გამოიჩინეს და სომხეთის სამხედრო ძლიერებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოშლით საკუთარი ხელებითვე მოსპეს თურქების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერები - სომხური დამოუკიდებელი სამეფოები. საქართველო კი თვით აწარმოებდა მძიმე ბრძოლებს საკუთარ ტერიტორიაზე და ბიზანტიის უშუალო აქტიური მოკავშირე ვერ იქნებოდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოლო ძალით მოკავშირეობას კი ამჯერად იმპერია საქართველოს ვეღარ უკარნახებდა; ასე, რომ ბიზანტია თურქ-სელჩუკების პირისპირ აღშოჩნდა და 1071 წ. აგვისტოს მანაზკერტის მახლობლად გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში იმპერიამ კიდეც განიცადა დიდი მარცხი.

მანაზკერტის ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი გარდატეხის იტაპი არა მარტო მახლობელი აღმოსავლეთის, არამედ რამდენადმე თვით მსოფლიო ისტორიის თვალსაზრისითაც. ზოგი მკვლევარის მიხედვით, ამ დროს გაირკვა საბოლოოდ მახლობელ აღმოსავლეთში ძირითადი დომინირებული ძალის საკითხი: ასეთ ძალას ამ დროიდან მოკიდებული საკმაო ხნის მანძილზე თურქ-სელჩუკები წარმოადგენდნენ.

ამას გარდა, მანაზკერტის შემდეგ ბიზანტია იძულებული ხდებოდა გამოთხოვებოდა ამიერკავკასიაში შეჭრისა და კერძოდ კი საქართველოში თავის გავლენის განმტკიცების გეგმებს. ასე, რომ მანაზკერტი კიდევ ერთი საფეხური იყო ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ამიერიდან საქართველოს შეეძლო დამშვიდებული ყოფილიყო და ბიზანტია ჩაეთვალა ისეთ ძალად, რთმელსაც უკვე აღარ შეეძლო გამოემჟღავნებინა აგრესიული ზრახვები საქართველოს მიმართ. ამიტომ საქართველოს სამეფო ხელისუფლება ცდილობდა, „დიდი თურქობის“ მძიმე დროსა და დავითის მეფობის პირველ წლებში, ბიზანტიასთან ადრევე არსებული ურთიერთობა შეენარჩუნებინა და საქართველოს მეფეებს ისევ მიეღოთ ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ბაგრატ III-ისა თუ ბაგრატ IV-ის დროს. ამით აიხსნება, რომ არა მარტო გიორგი II, არამედ დავით IV-ც ერთხანს ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულებს ატარებდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გამეფებამდე, 1085 წ., როგორც ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერიდან ჩანს, დავითი გიორგის ძე, „სევასტორად“ იწოდებოდა, ხოლო თვით მამა, გიორგი კი „კესაროსად“. ამგვარივე ტიტული სევასტოსისა შერჩა დავითს ერთხანს, გამეფების შემდეგაც. ხოლო 1091-92 წლებში იგი უკვე „პანიპერსევასტოსად“ არის მოხსენიებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს დავითის უკანასკნელი და უმაღლესი ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული. სხვა, უფრო მაღალი ტიტული, შემდეგ წლებში მიკუთვნებული, ჩვენთვის უცნობია. როგორც ჩანს, XI ს. 90-იან წლებში არსებითად დასრულდა ბიზანტიის იმპერატორების მიერ საქართველოს მეფეებზე მფარველობის ხელის დადების მაუწყებელი სამოხელეო-საკარასკაცო ტიტულების მინიჭების პერიოდი.

სწორედ ამ დროს ბიზანტია ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ალექსი კომნინოსი იძულებული გახდა მისთვის საძულველი „ლათინებისაგან“ დახმარება ეთხოვა. 1092 წელს ალექსი კომნინოსი (1081-1118) გრაფ რობერტ ფლანდრიელისადმი გაგზავნილი წერილით ფაქტიურად იწვევდა ევროპელ რაინდებს კონსტანტინოპოლის გასაძარცვავად და დასაპყრობად: „წმიდა იმპერია... დიდად შევიწროებულია პაჭანიკებისა და თურქების მიერ. ისინი ყოველდღიურად ძარცვავენ მას და ართმევენ ოლქებს. ქრისტიანთა შეურაცხყოფა და ხოცვა, უბედურება, რომელიც მას თან სდევს, აღურიცხველია... გეხვეწებით თქვენ, ქრისტეს მებრძოლნო... იჩქაროთ ჩემი და ქრისტიანი ბერძნების დასახმარებლად... თქვენ გნებდებით ჩვენ, გვირჩევნია ვიყოთ თქვენი, ვიდრე წარმართთა ბატონობის ქვეშ; დაე, კონსტანტინოპოლი იყოს თქვენი, ვიდრე თურქებისა და პაჭანიკებისა... აქ არის ძვირფასი წმინდა ნაწილები ღვთისა. კონსტანტინოპოლის ერთი ეკლესიის საგანძური საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს ყველა ეკლესიათა მოსართავად“. როგორც არ უნდა იყოს გადაკეთებული თვით ჯვაროსნების მიერ ამ წერილის ლათინური ტექსტი, აშკარაა, რომ XI ს. 90-იან წლებში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზანტია დახმარებისათვის მიმართავდა ევროპელ მთავრებს.

ბიზანტიის ასეთი მდგომარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა საქართველოსათვის. დავით აღმაშენებელმა, როგორც ჩანს, შექმნილი ვითარებით ისარგებლა და საბოლოოდ უარი თქვა ბიზანტიის ვასალობის მაუწყებელ ყოველგვარ საკარისკაცო ტიტულზე. ასე, რომ დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში გაბატონების მოსურნე ბიზანტიის იმპერიას ამიერიდან მის თანატოლ და იქბებ კიდევ უფრო მეტი პრეტენზიების მქონე სახელმწიფოსთან - საქართველთსთან უნდა ჰქონოდა საქმე. მაგრამ ამასთანავე, თურქ-დამპყრთბთა წინააღმდეგ ენერგიულად მებრძოლ ქვეყანას ბიზანტიასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება და მასთან კავშირის განმტკიცება სჭირდებოდა.

სწორედ ამან, ასეთმა საგარეო პოლიტიკურმა ინტერესებმა, უკარნახა დავით IV-ს თავისი ერთ-ერთი ქალიშვილი - კატა - 1118 წელს ბიზანტიის საიმპერატორო კარზე გაეთხოვებინა. ერთ-ერთი ბიზანტიელი ისტორიკოსის ცნობით, კატა უნდა გათხოვილიყო იმდროინდელი იმპერატორის ალექსის უფროსი ქალიშვილის ანას რძლად, ე.ი. ანა კომნინოსისა და მისი მეუღლას ნიკიფორე ვრიენიოსის უფროს ვაჟიშვილზე, ალექსიზე. ბიზანტიის ისტორიის მკვლვეარები იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი ამ ცნობის სისწორეში, რომ დავით აღმაშენებლის ქალიშვილას მეუღლედ ანასა და ნიკიფთრეს ვაჟიშვილს ალექსის მიიჩნევდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სწორი არ არის. კატა იქნებ მართლაც იყო ანას რძლად გათვალისწინებული, მაგრამ მისი ქორწინება ალექსიზე არ მომხდარა. როგორც მასალებიდან ირკვევა და როგორც ეს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე (ო.ლორთქიფანიძე, ვ.კოპალიანი) აღინიშნა, დავით აღმაშენებლის ქალიშვილი კატა 1118 წელს, სწორედ იმ დროს, როცა ბერძენთა იმპერატორი ალექსი კომნინოსი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, მიათხოვეს მის ყველაზე უმცროს ძეს ისააკს. ქართველი მხედრობა, რომელიც თან ახლდა საქართველოს მეფის ასულს, დედაქალაქში სწორედ იმ დღეებში აღმოჩნდა, როცა უნდა გადაწყვეტილიყო ბიზანტიის ტახტის მემკვიდრის საკითხი; ამას გარდა, ეს მხედრობა სწორედ იმ პარტიის მხარეზე იყო, რომელსაც ისააკი ედგა სათავეში და, რომელიც, წინააღმდეგ იმპერატორის მეუღლის ირინეს, ქალიშვილ ანასა და სიძის ნიკოფორე ვრიენიოსის პარტიისა, ალექსის უფროსი ვაჟის იოანეს გამეფებისათვის იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხედრობა იყო აგრეთვე პირველი, რომელმაც მიულოცა მანგანის სასახლიდან გამოსულ იოანეს გამარჯვება და მამის მემკვიდრეობის დასაკუთრება. როგორც ჩანს, კატა და მისი მხლებლები, ქართველთა მხედრობა, არა მარტო საქმის კურსში იყვნენ, არამედ აქტიურადაც მონაწილეობდნენ ბიზანტიის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტაში. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ისააკისა და კატას ქორწინება მაინცდამაინც 1118 წელს, სწორედ ტახტისათვის ბრძოლის გადამწყვეტ წელს, დაემთხვა. სავარაუდებელია, რომ მეფის ასულის მხლებელი ქართველთა მხედრობა საგანგებოდ ჩაიყვანეს კონსტანტინოპოლში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი ძალა იოანესა და ისააკის მომხრეებისა იოანეს გამეფებისათვის ბრძოლაში. ქართველთა სიძის ისააკის ძმის იოანეს ტახტზე აყვანა, ზოგი არაპირდაპირი მასალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს მეფისათვისაც ხელსაყრელი იყო და ჩანს, ამიტომაც მონაწილეობდნენ თითქოს საქორწილოდ ჩასული ქართველებიც ტახტისათვის ბრძოლაში.

ყველა ზემოთ დასახელებულმა მოვლენამ ალბათ შესაძლელობა მისცა დავითას ისტორიკოსს ეთქვა, რომ საქართველოს მეფისათვის ამიერიდან „მეფე ბერძენთა (იყო) ვითარცა სახლეული (სახლის წევრი) თვისი“. მართლაც, დავით IV-ს უფლება ჰქონდა კატას, მისი მეუღლის ისააკისა და ქართველთა ლაშქრის დახმარებით გამეფებული იოანე მიეჩნია თავის სახლეულად, სახლის წევრად, ახლობლად.

საქართველოს სამეფოს ბიზანტიასთან ურთიერთობის ეს ხაზი არ შეუცვლია დავითის მეფობის უკანასკნელ წლებამდე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეფის სიძე ისააკი ამის შემდეგ იმავე ძმის უკვე მოწინააღმდეგეთა მხარეზე აღმოჩნდა და მას სიცოცხლის მანძილზე ებრძოდა კიდეც. დამახასიათებელია, რომ ისააკი ყველგან ეძებდა თავისი ძმის სამტრო ძალებს - აზიის ქრისტიან თუ მუსლიმან ხელმწიფეებთან, - იკონიის სულთანთან, ტრაპიზონის დუკასთან, კილიკიის სომხეთის მთავართან, სირიასა და პალესტინაში, მაგრამ არა საქართველოში. როგორც ჩანს, ისააკი ამ მიზნით საქართველოში არ ჩამოსულა, ან კიდევ ქართულ და ბერძნულ წყაროებში ამის შესახებ ცნობები არ შემონახულა. როგორც ირკვევა, დავით IV გარკვეულ წლებში მაინც საჭიროდ არ მიიჩნევდა იოანეს დაპირისპირებოდა, თუნდაც თავისი სიძის ინტერესებისათვის.

ამრიგად, დავით აღმაშენებელმა ბიზანტიასთან დამყარებული უმთავრესად კეთილმეზობლური ურთიერთობით არსებითად უზრუნველყო თავისი ქვვყნის სამხრეთ-დასავლეთის ბიზანტიასთან დამაკავშირებელი საზღვრების უშიშროება. თუმცა ბიზანტიასა და საქართველოს საზღვრები ამ დროს თურქ დამპყრობთა წყალობით ყოველთვის უშუალოდ როდი ემიჯნებოდა ერთიმეორეს.

 

ბ) ურთიერთობა ჩრდილოეთის ქვეყნებთან და ხალხებთან

ჩრდილოეთის ხალხები და ქვეყნები ადრიდანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესთა სფეროში, მაგრამ ახალი ეტაპი საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხების ურთიერთობაში, როგორც ეს აღნიშნულია ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში, დავით აღმაშენებლის დროს დაიწყო.

დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, რომელსაც საქართველო თურქების წინააღმდეგ აწარმოებდა და აგრეთვე საერთო მტრის წინააღმდეგ კავკასიის ხალხთა კონსოლიდაციის საქმეში მნიშვნელოეანი როლის შესრულება შეეძლოთ ჩრდილო კავკასიის ხალხებს, განსაკუთრებით კი ოსებსა და ყივჩაყებს.

ოსებთან საქართველოს ურთიერთობა XI საუკუნეში კეთილმეზობლური იყო: გაერთიანებული საქართველოს მეფეები ოსეთთან ასეთ ურთიერთობას მათთან დამოყვრებით (გიორგი I, ბაგრატ IV) კიდევ უფრო ამტკიცებდნენ. დავით აღმაშენებლის დროს კი, როცა მკვეთრად დაისვა ყივჩაყთა საქართველოში გადმოყვანის საკითხი, ოსებთან საქართველოს ურთიერთობის ახალი ფორმების შემუშავების საჭიროებაც დადგა.

ყივჩაყებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ოსებთან და თუ კი ოსეთი საქართველოს მეფის ნება-სურვილის შემსრულებელი არ იქნებოდა, იმ გზებსა და გადასასვლელებზე, რომელსაც ამჯერად ისინი უწევდნენ კონტროლს, საქართველოს მეფე ყივჩაყებს ვერ გამოატარებდა. საჭირო იყო ოსეთის დამორჩილება, მაგრამ არა იარაღის წყალობით, არამედ მშვიდობიანი გზით.

დავით IV-მ საამისო ნიადაგი ადრევე მოამზადა. ამ მიზანს იხავდა, როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო სახლის დამოყვრება ოსეთის სამეფო დინასტიასთან. თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავით IV-ის ერთ-ერთი ქალიშვილი ოსეთს ყოფილა გათხოვილი. საქართველოს ისტორიის მკვლევარებს მ.ბროსესა და სხვებსაც ეს ცნობა სარწმუნოდ მიაჩნიათ, თუმცა საკუთრივ დავითის ისტორიკოსს ასეთი ცნობა არ მოეპოვება და არც არსაიდან ჩანს, რომ დავითს მესამე ქალიშვილიც ჰყოლოდა. თამარის პირველი ისტორიკოსის მიერ ეს ცნობა იქნებ ხელოვნურად იყოს შექმნილი დავით სოსლანის ბაგრატიონობის დასამტკიცებლად კიდევ ერთი ზედმეტი საბუთის მოშველიების მიზნით; მაგრამ იგი მაინც ანგარიშგასაწევია - თუ საკუთრივ დავითის ასული არა, სამეფო სახლის რომელიღაც წევრი მაინც უნდა იყოს ამ დროს ოსეთის სამეფო კარზე გათხოვილი. თუმცა ასეთი მოყვრობა ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი ოსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალი საფეხურის შესაქმნელად. ამიტომ იყო, რომ დავით IV თავისი ვაზირის გიორგი ჭყონდიდელის თანხლებით თვით „წარემართა ოვსეთს“. ისტორიკოსის სიტყვით, დავითს „მოეგებნეს ოვსთა მეფენი და მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“.

მეფემ უღალატო ერთგულების საწინდრად ოსებისაგან მძევლები აიყვანა, ასევე ყივჩაყთაგანაც, ურთიერთ შეარიგა ისინი, „ყო შორის მათსა სიყვარული და მშუიდობა, ვითარცა ძმათა“. ამის შემდეგ კი დავითმა თვითვე აიღო დარიალის, საერთოდ კავკასიისა და ოსეთის ყოველი გადასასვლელის (კარების) ციხეები. ამ დროიდან ოსეთი საქართველოს ყმადნაფიც (ვასალურ) ქვეყნად იქცა და საქართველთს გავლენაც ოსეთზე დიდად გაიზარდა. ასე დაიბრუნა დავით აღმაშენებელმა საქართველოს უძველესი გადასასვლელები თუ ციხეები და, როგორც ისტორიკოსი წერს, „შექმნა გზა მშვიდობისა“ ჩრდილოეთისაკენ. რუსეთის, ვოლგისპირეთისა და სხვა ქვეყნებისაკენ. ამას კი იმ დროის საქართველოსათვის უაღრესად დიდი ეკონომიური, პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა.

სწორედ ამ გზით დაამყარა დავითმა ურთიერთობა ყივჩაყებთან და კიდევ უფრო შორსაც, ძველი კიევის რუსეთთანაც.

თურქული მოდგმის ტომებმა, შუააზიელმა მომთაბარე ყივჩაყებმა თანდათან დაიჭირეს სამხრეთ რუსეთის სტეპები და დიდი საფრთხე შეუქმნეს კიევის რუსეთსა და მის მიწაწყალს. მათ შესძლეს რუსული მიწებისათვის ჩამოეგლიჯათ ტმუტარაკანი, ძველი რუსული სახელმწიფოებრივი გაერთიანება კავკასიაში. კიევის რუსეთის მთავრების, კერძოდ, ვლადიმერ მონომახის მიერ ყივჩაყთა წინააღმდეგ ბრძოლებით შევიწროებულმა ერთმა ნაწილმა თანდათან ჩრდილთ კაეკასიაში გადმოინაცვლა და კავკასიის ბარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. ამან კი ოსებსა და ყივჩაყებს შორის უთანხმოება და კონფლიქტები გამოიწვია. მომთაბარე და ძლიერი მეომარი ყივჩაყები საფრთხეს უქმნიდნენ ამიერკავკასიის ხალხებსაც, კერძოდ, საქართველოსაც; მათთან ურთიერთობის უშუალოდ დამყარებამდე ოსების ბრძოლა ყივჩაყების წინააღმდეგ და ოსების მიერ ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასიაში გადასასვლელების ჩაკეტვა საქართველოსათვის სასარგებლო ჩანდა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ამიტომ დავით აღმაშენებელმა თვითვე გადაწყვიტა უშუალო კავშირი დაემყარებინა ყივჩაყებთან. დავით IV-მ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით, ყივჩაყებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი შეირთო. ეს სწორედ ის ათრაქაა (იმდროინდელი რუსული წყაროები მას ოტროკს ეძახიან), რომელიც სათავეში ედგა ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე მოთარეშე ყივჩაყებს. აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსის ცნობით, გურანდუხტის საქართველოს დედოფლად ჩამოყვანა გაცილებით ადრე („მრავალთა წელთა მიერ“) მოხდამ ვიდრე დავითი თვით ყივჩაყებს საქართველოში გადმოასახლებდა. როგორც ჩანს, ყივჩაყებთან ურთიერთობის მოგვარებას და მათი გადმოყვანის მომზადებას დავით IV ადრიდანვე შედგომია.

ყივჩაყებთან ჯერ კეთილმეზობლური, ხოლო შემდეგ საყმადნაფიცო ურთიერთობის დამყარების აუცილებლთბამ დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კიევის რუსეთთან და მის იმდროინდელ მთავართან, ვლადიმერ მონომახთან დააკავშირა. როგორც ირკვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყივჩაყთა საქართველოში გადმოსახლების საკითხი დადგა, საქართველოს მეფის მიერ ყივჩაყთა გადმოსაყვანად საგანგებოდ „წარვლენილნი კაცნი სარწმუნონი“ არა მარტო ყივჩაყეთში, არამედ კიევში მთავართანაც უნდა მისულიყვნენ. ყივჩაყებთან ასეთი ურთიერთობის დამყარება და შემდეგ მათი საქართველოში გადმოსახლება შეუძლებელია კიევის რუსეთის დიდ მთავართან სათანადო მოლაპარაკების გარეშე მომხდარიყო. ცხადია, ეს უკანასკნელი, რომელიც ათეული წლების მანძილზე ებრძოდა ყივჩაყებს, საქართველოს მეფის ყივჩაყებთან დაკავშირების ცდას მის საწინააღმდეგო მოქმედებად მიიჩნევდა, თუკი სათანადო ცნობები წინასწარ არ ექნებოდა.

ჩვენს ამგვარ მოსაზრებას მხარს უჭერს, მართალია, ნაგვიანევი, მაგრამ თავისთავად საინტერესო ცნობა XII ს. პირველი მეოთხედის რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას შესახებ. ეს ცნობა ეკუთვბძს XVII ს. მოღვაწეს, ანტიოქიის პატრიარქის შვილს პავლე ალეპოელს.

რუსეთის იმდროინდელ ხელისუფალთა თხოვნით პავლე ალეპოელმა შეადგინა XVII ს. საქართველოს აღწერილობა, სადაც აქა-იქ გაკვრით მოიპოვება ზოგი ცნობა ადრინდელი ხანის საქართველოს შესახებაც. ეს ცნობები განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს იმის გამოც, რომ იგი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ისეთ პერიოდს შეეხება, რომელიც ქართულ თუ რუსულ წყაროებში მეტად მწირად, ან კიდევ სრულებით არ არის წარმოდგენილი ეს ხანა, XII ს. პირველი მეოთხედი, საქართველოსა და კიევის რუსეთის ურთიერთობის ისეთი პერიოდია, როცა ორივე ქვეყნის იმდროინდელი ობიექტური პირობები ასეთი კავშირის არსებობას უსათუოდ გულისხმობს.

სწორედ ასეთი კავშირის არსებობის კვალი უნდა იყოს ასახული პავლე ალეპოელის ჩვენთვის საინტერესო შემდეგ ცნობაში: „საქართველოში არსებულ (ეკლესიებსა და მონასტრებს) შორის ასეთი სიგრძეძ-სიგანის და სიდიდის ქვით (ნაგები) ქმნილების მსგავსი მონასტერი და ტაძარი არც ერთი არ არის. ეს სავანე (იგულისხმება გელათი, შ.მ.) დავით საქართველოს მეფემ ააგო, როგორც ამას ძველი წიგნები წერენ. როდესაც უწმინდურებმა საქართველთს დაპყრობა მოიწადინეს, მაშინ მეფე დავითი რუსეთში მოვიდა, თაყვანისცემით დახმარება ითხოვა და მისცეს რა დიდი ძალა, წავიდა და უწმინდურნი თავის სამფლობელოდან განდევნა და გაათავისუფლა მისგან“.

როგორც ვხედავთ, პავლე ალეპოელის მიხედვით, თვით მეფე დავითი (ცხადია, იგულისხმება გელათას მშენებელი მეფე, ე.ი. დავით IV, აღმაშენებელი) ჩასულა რუსეთში და დახმარება უთხოვია. მსგავსი რამ სხვა წყაროებში არ მოიპოვება და ალეპოელის ეს ცნობა ამ შემთხვევაში სსვა მასალით არ დასტურდება. მაგრამ ამ ცნობას მაინც რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს. სრულებით არ არის გამორიცხული, რომ ყივჩაყეთს მისულ დავით მეფის „სარწმუნო კაცებს“ მეფის დავალებით გზა რუსული სამთავროსაკენაც გაეგრძელებინათ. მით უფრო, რომ ამ დროს „ყივჩაყთა მიწა“ უშუალოდ ემიჯნებოდა რუსულ სამთავროთა საზღვრებს. დავითის „სარწმუნო კაცთა“ მისვლა კიევრს მთავართან კი, როგორც აღვნიშნეთ, ყივჩაყთა საქართველოში გადმოსახლების შესახებ სათანადო ცნობის მოწოდების მიზნით, აუცილებელიც იყო.

დავითის „სარწმუნო კაცთა“ მოლაპარაკება კიევის მთავართან უნდა ჰქონდეს მხედველობაში პავლე ალეპოელს, როცა იგი დავითის რუსეთში წასვლისა და იქ „დახმარების თხოვნის“ შესახებ მოგვითხრობს.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამა თუ იმ პირის „თაყვანისცემით“ მისვლა მეორესთან სრულებით არ ნიშნავს ერთის ყმობას მეორისადმი, „თაყვანისცემა“ ან, როგორც რუსები იტყოდნენ, „ჩელობიტიე“ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობაში საყოველთაოდ მიღებული ტერმინი იყო და სრულებით არ გამოხატავდა „თაყვანისმცემლის“ დამოკიდებულ მდგომარეობას.

ავლე ალეპოელის ცნობის მიხედვით, დავითისა თუ მის „სარწმუნო კაცთათვის“ რუსეთში დიდი დახმარება აღმოუჩენიათ, მიუციათ „დამხმარე ძალა“ და საქართველოში გაუსტუმრებიათ. როგორც ჩანს, იმ დიდ „დამხმარე ძალაში“, რომელიც, პავლეს სიტყვით, რუსებს ქართველებისათვის მიუციათ, საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაყთა დიდი რაოდენობა უნდა იგულისხმებოდეს. საინტერესოა, რომ ძველი რუსი მემატიანეები ვლადიმერ მონომახს მიაწერენ ყივჩაყების განდევნას „რკინის კარებს“ იქით, საქართველოში და არა საქართველოს მეფეს, რომელმაც ეს ღონისძიება ფაქტიურად გაატარა და ურომლისოდაც, ცხადია, კიევის დიდი მთავარი ამ მხრივ ვერაფერს გააკეთებდა. მაგრამ რუსი მემატიანის ასე კატეგორიული ცნობა მონომახის მიერ ყივჩაყთა „რკინის კარებს“ იქით, საქართველოში, განდევნის შესახებ სწორედ იმაზე უნდა მიგვითითებდეს, რომ ამ აქტში (ყივჩაყთა საქართველოში გადმოსახლებაში) კიევის მთავარს, მართლაც, რამენაირი მონაწილეობა უნდა მიეღო, რაც, რა თქმა უნდა, კიევის მთავრისა და დავითის „სარწმუნო კაცთა“ მოლაპარაკებისა და შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო, უამისოდ, მართლაც, შეუძლებელი იქნებოდა ასე დიდი საქმის წარმატებით დაგვირგვინება.

კიევის მთავარსა და საქართველოს მეფის „სარწმუნო კაცთა შორის ყივჩაყების საქართველოში გადმოსახლების შესახებ შეთანხმება ადვილად იქნებოდა მიღწეული. ვლადიმერ მონომახს ამის საწინააღმდეგო რა შეიძლებოდა ჰქონოდა: ჯერ ერთი, კიევის მთავარი „უწმინდურთა“ (თურქ-სელჩუკთა) წინააღმდეგ მებრძოლი საქართველიას დამხმარედ გამოდიოდა (ყოველ შემთხვევაში, ისა და მისი დროის საზოგადოებაც ასეთ განმარტებას აძლევდა ყივჩაყთა განდევნას) და ამავე დროს კიევის რუსეთი ყივჩაყთა 40 000 ოჯახის საქართველოში გადასახლებით თავიდან იშორებდა დაუძინებელი მტრის ერთ დიდ ნაწილს. ასე რომ კიევის მთავარი ყივჩაყთა საქართველოში გადასახლებით თვითონაც დიდად იქნებოდა დაინტერესებული; ასეთ ვითარებაში მთავარი ვლადიმერი კი არა, დავით მეფე გამოდიოდა ყივჩაყთა წინააღმდეგ მებრძოლი კიევის რუსეთის დამხმარედ.

ასეც იყო. ყივჩაყთა ერთი დიდი ნაწილის თავიდან მოშორებისთანავე კიევის მთავარმა დარჩენილთა წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. 1120 წელსვე, როცა ყივჩაყთა საქართველოში გადმოსახლება დამთავრდა, კიევის მთავარმა ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ერთხელ კიდევ გაილაშქრა ყივჩაყების წინააღმდეგ დონს იქით. მაგრამ ყივჩაყთა უკვე ძალიან შეთხელებულ და დასუსტებულ ნარჩენებს ბრძოლისათვის თავი აურიდებიათ, უკან დაუხევიათ ისე, რომ რუსებს ვერც უნახავთ ისინი. ამრიგად, ყივჩაყთა საკითხში მიღწეული შეთანხმება ორივე ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოსათვის - კიევის რუსეთისა და საქართველოსათვის - სასარგებლო და სხვადასხვა გზით მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი შეთანხმება იყო.

აღსანიშნავია, რომ ძველ რუსეთში, როგორც ეს პავლე ალეპოელის ცნიბიდან ჩანს, კარგად სცოდნიათ, თუ როგორ განდევნა დავით მეფემ „უწმინდურნი თავის სამფლობელოდან და განთავისუფლდა მათგან“. დავითის ასეთ გამარჯვებას კიდევ უფრო უნდა განემტკიცებინა კიევის რუსეთის კავშირი ერთმორწმუნე საქართველოსთან. გაძლიერებულ საქართველოსთან ძველ რუსეთს ამჟამად კავშირი თვით სჭირდებოდა, მით უფრო რომ ამ დროს ყივჩაყები და ოსები უკვე საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ და ყივჩაყთა თავდასხმების აცილება და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრებზე სიმშვიდრს უზრუნველყოფა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით იყო შესაძლებელი.

 

გ. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის მეზობლები და ურთიერთობა მათთან

თურქ-სელჩუკების შემოსევებმა დიდად დააზიანა საქართველოს სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მეზობლების - სომხეთისა და შირვან-არანის სიძლიერე, მათი ტერიტორიები თურქ-დამპყრობთა სათარეშოდ იქცა.

სომხეთი ბიზანტიის ოცწლიანი ბატონობის წყალობით არსებითად განიარაღებული შეხვდა ახალი დამპყრობლას შემოჭრას. ბიზანტიის მმართველი წრის წარმომადგენლები ყოველნაირად ხელს უწყობდნენ სომხური მოსახლეობის განსახლებას მცირე აზიასა და იმპერიის სხვადასხვა ტერიტორიაზე. ამავე დროს მათვე გაიყვანეს სომხური ლაშქარი ქვეყნიდან და ამით სომეხ ხალხს არსებითად მოუსპეს შესაძლებლობა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა. ამრიგად, თვით სომეხი მკვლევარების სიტყვით რომ ვთქვათ, სომხეთი თურქთა შემოსევის წინ მოკლებული იყო თავდაცვის თითქმის ყოველგვარ შესაძლებლობას. ამიტომ იყო, რომ წვრილმა სომხურმა სამეფოებმა ან მწარე დამარცხება განიცადეს თურქებთან ბრძოლაში, ან კიდევ ზედიზედ უბრძოლველად დამორჩილდნენ თურქების სულტანს (ლორე, სივნიეთი). ქვეყნის რიგ რაიონებში კიდევ წარმოიქმნა სელჩუკური საამიროები; მათ შორის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი იყო დვინის, ანისისა და ასევე შაჰ-არმენების საამიროები. სომხეთის მოსაზღვრედ მდებარე განძა, რომელიც თურქებმა 1068 წ. დაიპყრეს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლაცდარმად იქცა თურქ-სელჩუკთა აგრესიისათვის ამიერკავკასიაში. აქედან ეწყობოდა გამუდმებული ლაშქრობები საქართველოსა და სომხური სამეფოების წინააღმდეგ.

განძის აღებით დაიწყო, არსებითად, თურქ-სელჩუკთა გაბატონება მთელს არანში. ასევე, თურქთა სულთანმა მელიქ-შაჰმა აიძულა შირვანშაჰი ფარიბურზ I, თურქთა სასარგებლოდ ერთდროულად 70 ათასი დინარი გადაეხადა, ხოლო შემდეგ ყოველწლიურად სელჩუკთა ხაზინაში 40 000 დინარი შეეტანა. ასე მოექცა შირვანიცა და არანიც თურქ-დამპყრობელთა უღლის ქვეშ.

ამრიგად, საქართველოს სამხრეთითა და სამხრეთ-აღსოსავლეთით, უძველესი დროიდან პოლიტიკურად, ეკონომიურად და კულტურულად მჭიდროდ დაკავშირებული მოძმე ხალხების მაგივრად, ახალი ძლიერი აგრესორი გაუმეზობლდა. სომხეთსა და შირვან-არანში თურქთა გაბატონება საქართველოს თავდაცვის უნარს ძლიერ ასუსტებდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მორღვეული საზღვრები ფართოდ უხსნიდა გზას თურქ-სელჩუკებს ჩრდილო-დასავლეთისაკენ, საქართველოსაკენ. და მართლაც, ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ საქართველოში „დიდი თურქობა“ დაიწყო და საქართველომაც XI ს. 80-იანი წლებიდან ყოველწლიური სათურქო გადასახადი იკისრა.

XI ს. 70-80-იანი წლები მახლობელ აღმოსავლეთში თურქთა ძლიერების წლებია. 1071 წ. მათ აიღეს იერუსალიმი; 1089 წელს კი თურქებმა ბიზანტიას წაართვეს ანტიოქია, ამავე დროს მათ დაიპყრეს დამასკოც და სირიის სხვა ქალაქებიც. თურქთა მფლობელობაში შევიდა სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილი. მათვე მცირე აზიაში შექმნეს მეტნაკლებად მყარი სახელმწიფოებრივი ერთეული - რუმის სასულთნო, ცენტრით ჯერ ნიკეაში, შემდეგ კი კონიაში. XI ს. 90-იანი წლების დამდეგს კი თურქებმა თვით კონსტანტნეპოლსაც შეუტიეს და ბიზანტიას მძიმე საფრთხე შეუქმნეს. ალექსი კომნინოსმა ძლივს იხსნა თავი მძიმე განსაცდელისაგან.

ამრიგად, მახლობელ აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკები უმთავრეს და გაბატონებულ ძალად იქცნენ.

თურქ-სელჩუკებს, როგორც ეს ამ ბოლო წლებში ერთ-ერთმა ფრანგმა მეცნიერმა უჩვენა, არ ახასიათებდათ ფანატიკური რელიგიური შეუწყნარებლობა; თურქთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში (სირიაში, პალესტინაში, სომხეთსა თუ საქართველოში), ქრისტიანული მოსახლეობის მდგომარეობა ამ მხრივ არ გაუარესებულა. არ წარმოებდა მათი რელიგიური დევნა-შევიწროება... ანტიოქია ისევ ისე რჩებოდა მართლმადიდებელი პატრიარქის რეზიდენციად. კიდევ მეტი, ზოგი მკვლევარის აზრით, სელჩუკთა გაბატონება მცირე აზიაში, სირიასა და პალესტინაში ნიშნავდა ზოგი ქრისტიანული რწმენის (მონოფიზიტები, ნესტორიანები) ხალხთა დახსნას ბიზანტიის ეკლესიის რელიგიერი და ფისკალური შემოტევებისაგან... სელჩუკთა გაბატონებას მახლობელ აღმოსავლეთში არ გამოუწვევია აგრეთვე აღმოსავლეთის დასავლეთთან სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთთბის შეწყვეტა.

მაშ, რაში მდგომარეობდა თურქთა ბატონობის სიმძიმისა და უარყოფითი შედეგების მიზეზები? პირველ რიგში სამეურნეო ცხოვრების იმ სისტემაში, რომელსაც თურქები მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ნერგავდნენ. თურქ-დამპყრობთა გაბატონება განვითარებულ ფეოდალურ ქვეყანაში ნიშნავდა ნახევრად პრიმიტიული მომთაბარული მეურნეობის გაბატონებას.

ფეოდალურ საქართველოსა და საერთოდ ამიერკავკასიაში თურქ-სელჩუკთა გაბატონება ნიშნავდა ამ ქვეყნების სოციალური და ეკონომიური წყობის არსებით შეცვლას, მის არა მარტო დაქვეითებას, არამედ შემოტრიალებას დაღმავალი ხაზით პატრიარქალური მეჯოგეობისა და საოჯახო მონობისაკენ. მსოფლიო ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ დამპყრობლებს მაღალი განვითარების ქვეყნები დაცემის იმ დონემდე მიუყვანიათ, რომ საჭირო გამხდარა ყველაფრის თავიდან დაწყება. ასეთივე საფრთხის წინაშე დააყენეს განვითარებული ფეოდალური ქვეყანა მომთაბარე მეურნეობის მეტად დაბალი სისტემის მქონე თურქ-სელჩუკებმა. ამიტომ იყო, რომ თურქი დამპყრობლების შემოსევა და ბატონობა არსებითად განსხვავდებოდა ყველა იმ დამპყრობელთა ბატონობისაგან, რომელნიც მანამდე ფეოდალურ საქართველოს ენახა ბიზანტიელებისა თუ არაბების სახით.

თურქ-სელჩუკები დაპყრობილ ქვეყნებში მთელი თავიანთი ოჯახებითა და ჯოგებით მოდიოდნენ და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინტენსიური სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებულ მიწებს საძოვრებად იჭერდნენ. დამპყრობლებმა ქართლ-კახეთისა და მესხეთის ჭალები ჯოგების საზამთრო საძოვრებად აქციეს, ხოლო მთიანი ზონები - იალაღებად. „ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდინ, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა“, - წერდა ამ ამბების მომსწრე ისტორიკოსი. ამით კი განვითარებულ ფეოდალურ მეურნეობას მთლიანად ეცლებოდა საფუძველი - მიწა და რღვევისა და გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა. განვითარების მაღალ დონეზე ასული ფეოდალური მეურნეობის მაგივრად თანდათან პრიმიტიული მომთაბარული მეჯოგეობა და საოჯახო მონობა ბატონდებოდა, რომელიც ქვეყანას რეგრესისაკენ მიაქანებდა.

დავით მეფის პორტრეტული გამოსახულება
პ. უსპენსკის საარქივო მასალების მიხედვით.

იგი ზეთის საღებავებით იყო დახატული სინას მთის ერთ-ერთი
ტაძრის წმ. გიორგის ხატზე. პ. უსპენსკი მას რომელიღაც უცნობ
ბაგრატიონად მიიჩნევდა, ვ. ბენიშევიჩი კი დავით აღმაშენებლად.
ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიუთითებს აქვე მოთავსებული
და ვ. ბენეშევიჩის მიერ ამოკითხული დაზიანებული ქართული
წარწერის XX ს. დამდეგს ჯერ კიდევ შემორჩენილი ასოები და
სიტყვები: დ[ავით] ქარ[თვე]ლთა... ს[ომეხთა] და რანთა“... ამასვე
ადასტურებს პორტრეტის პ. უსპენსკის მიერ შესრულებული
დეტალური აღწერილობა, რომელიც სრულ ანალოგიას
პოულობს დავითის გამოსახულებასთან ზემომოტანილ სპილენძის
მონატეზე.

თურქთა გაბატონების, „დიდი თურქობის“ მძიმე შედეგებმა საინტერესო ასახვა ჰპოვა გვიანდელი ხანის ქართველ ისტორიკოსთა თხზულებებშიც. აი, რას მოგვითხრობს ამის შესახებ იოანე ბატონიშვილი: „ჟამთა წინაპართა ამა (დავით) მეფისათა მოვიდნენ საქართველოსა შინა აგარიანნი (იგულისხმება თურქები), სახლეულითურთ თვისით, ვიდრე სამასი ათასი მოსახლე კაცნი და დაიპყრეს საქართველო, და დაეშვნენ სამთა მდინარეთა სანაპიროთა ზედა, ესე იგი მტკვარსა, ალაზანსა და იორსა ზედა. სახითა ამით, რომელ მათ ელისა (მომთაბარეთა), მთავართა განიყვეს ამ სახით ადგილნი ესე: ერთი მთავართაგანი ასიათასისა კომლისა კაცითა დაესახლა მტკვრის კიდესა ზედა ამიერ და იმიერ, სურამიდგან ვიდრე განჯამდის; მეორე მთავარი დაესახლა ასიათასისა კაცითა იორის მდინარის კიდესა ზედა თიანეთიდგან ვიდრე ალაზნის შესართავამდე, რომლიცა ერთვის მახლობელ სამუხისა. ხოლო მესამე მთავარი დაესახლა ასიათასისა კომლისა კაცითა პანკისიდგან ალაზნის სანაპიროსა ზედა, ვიდრე ივრისა შესართავამდე, მახლობლად სამუხისა. და დაიპყრეს სახითა ამით ქართლი და კახეთი და დაუწყეს დევნა, ტყვეობა და აოხრება ქართლსა და კახეთსა შინა მცხოვრებთა. და ესრეთ ცარიელ ჰყვნეს ადგილნი ესე, რომელ თუ არა მთათა და სიმაგრეთა შინა, არღა იპოებოდენ მცხოვრებნი ერნი ქართველთანი“. 

ჩვენ არ ვიცით, რა წყაროთი სარგებლობდა ამ შემთხვევაში იოანე ბატონიშვილი და საიდან აქვს მას აღებული ცნობა ქართლ-კახეთში ჩამოსახლებულ თურქთა ასეთი რაოდენობისა და ან კიდევ, მათი ას-ას ათასად მტკვარსა, იორსა და ალაზანს განსახლების შესახებ, მაგრამ, ცხადია, რომ ყველაფერი ეს საფუძველს მოკლებული არ არის; მართლაც, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ნოყიერი სანაპირო ზოლები მეტად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო მომთაბარე მეჯოგეებისათვის; სწორედ ეს რაიონები იყო აღმიასავლეთ საქართველოს ფეოდალური მეურნეობის ყველაზე წამყვანი რაიონები და, ცხადია, აქ მესაქონლე თურქთა ასე დიდი რაოდენობით განსახლება მძიმე საფრთხეს უქმნიდა ფეოდალურ ეკონომიკას, მას გადაშენებას უქადდა. ფეოდალური მეურნეობის საფუძვლების მოშლა თავის მხრივ ნიშნავდა იმის გადაშენებას, რაც ქართველ ხალხს მრავალი საუკუნის მანძილზე შეექმნა.

მეურნეობის სისტემის ცვლილების შესაბამისად იცვლებოდა სოციალური და სახელმწიფოებრივი წყობაც. ფეოდალური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი, საუკუნეობით განმტკიცებული საზოგადოებრივი, სოციალური კლასებისა და ფენების მაგიერ პრიმიტიული წყობილებისათვის შესაფერისი დაყოფა შემოდიოდა: მათი წარმოდგენით, დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობა არსებითად ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა: ერთსა და პირველს თვით დამპყრობელნი, სამხედრონი შეადგენდნენ, ხოლო მეორეს - ყველა დანარჩენი რაიათები (მათი დაპყრობილი ქვიშევრდომები). ყველაფერ ამას შეესაბამებოდა მათი სახელმწიფოებრივი ხელისუფლებაც, რომელიც არსებითად დაპყრობილი ხალხების დაუნდობელი ძარცვის ძლიერ აპარატს წარმოადგენდა.

ამრიგად, თურქ-სელჩუკების სამეურნეო, სოციალური თუ სახელმწიფოებრივი წყობა სავსებით საწინააღმდეგო, გამომრიცხველი იყო ყველაფერი იმისა, რაც ამ დროისათვის საქართველოში და საერთოდ, ამიერკავკასიაში არსებობდა. რეგრესული ძალები უპირისპირდებოდა პროგრესულ, აღმავლობის გზაზე შემდგარ ქვეყნებს. ეს კარგად ესმოდათ იმ დროის მოღვაწეებს. დავითის ისტორიკოსმა, როგორც ეს ზემოთ მივუთითეთ, შესანიშნავად ასახა კიდეც ის უბედურება, რაც თურქ-სელჩუკების მომთაბარულ მეურნეობას მოჰქონდა განვითარებული ქართული ფეოდალური მეურნეობისათვის.

ამრიგად, არა მარტო საქართველო, არამედ არსებითად მთელი ამიერკავკასია დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ამიერკავკასიის ხალხთა და მისი მმართველი ზედაფენის ერთ უპირველეს ამოცანას თურქთა ბატონობისაგან თავის დახსნა და ქვეყნების ნორმალური განვითათების, პროგრესის გზისაკენ შემობრუნება წარმოადგენდა. ეს კი თავის მხრივ კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან, მაგრამ ასევე მეტად რთულ ამოცანას - კავკასიის ხალხთა ძალების კონსოლიდაციას, გაერთიანებისა და ერთი საერთო მიზნისაკენ წარმართვია ამოცანას აყენებდა.

ს. ჯანაშია სავსებით მართებულად მიუთითებდა. რომ ისტორიის ობიექტურმა მსვლელობამ კავკასიის ხალხების წინაშე დააყენა მეტად რთული ამოცანა - ტომობრივ და ეკლესიურ-რელიგიური თვალსაზრისით ჭრელ და აღრეულ, მრავალენოვან კავკასიაში, შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელ ურთიერთშეუთავსებლობისა და მოუთმენლობის ვითარებაში, ერთიანი კავკასიური მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნისა. მისივე მტკიცებით, ასეთი ტენდენცია და პირველი ცდები კავკასიაში მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნისა ჯერ კიდევ X ს. შეინიშნება. ასეთი ტენდენციის მატარებელი იყო იმდროინდელი სომხეთი, მაგრამ X ს. დასასრულიდან ისედაც დაქუცმაცებული სომხეთი კიდევ ნაწევრდება უფრო მცირე ერთეულებად, რომელნიც ბიზანტიელ თუ თურქ აგრესორთა წყალობით ზედიზედ კარგავენ თავიანთ დამოუკიდებლობას XI ს-ში, ისე რომ არა თუ საგარეო პოლიტიკური, არამედ საკუთრივ შინაგანი გაერთიანების, ერთიანი სომხური სამეფოს შექმნის გეგმებიც კი სავსებით განუხორციელებელი იყო.

კავკასიაში მეორე ქვეყანა, რომელიც ამგვარსავე ტენდენციას ასევე ადრიდანვე ამჟღავნებდა, საქართველო იყო. მან, როგორც ზემოთ ვნახეთ, X ს. მიწურულსა და XI ს-ში, მიუხედავად არახელსაყრელი საგარეო ვითარებისა, შესძლო პირველი რიგის ამოცანის გადაწყვეტა - შინაგანი გაერთიანება, ერთიანი საქართველოს შექმნა... მოვლენების შემდგომმა განვითარებამ კიდევ ნათლად უჩვენა, რიამ კავკასიაში მრავალეროვანი ერთიანი სახელმწიფოს შექმნაც ამჯერად შეეძლო თავის თავზე აეღო მხოლოდ საქართველოს.

კავკასიაში მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნის საჭიროება კიდევ უფრო მძაფრად დააყენა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ კავკასიის ხალხების კონსოლიდაციის აუცილებლობამ. ასე, რომ საქართველოს მეთაურობით კავკასიის ხალხთა გაერთიანების ტენდენციამ დასრულებული სახე დავით აღმაშენებლის ეპოქაში მიიღო. ერთ დროს უძლეველად მიჩნეული თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ამიერიდან მახლობელ აღმოსავლეთში საქართველოს სამეფოს სახით უძლიერესი სახელმწიფო იდგა. იგი უცხო დამპყრობთაგან ამიერკავკასიის ხალხთა განმათავისუფლებლის როლში გამოდიოდა. მისი წარმატებების ერთი უმთავრესი საფუძველიც ეს იყო - ამიერკავკასიის ხალხები მისი დროშის ქვეშ ერთიანდებოდნენ თურქ-სელჩუკთა უღლისაგან განთვისუფლებისათვის ბრძოლაში.

 

დ) ჯვაროსნები და საქართველო

„კუალად ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია“. „ფრანგნი“, რომელთა გამოჩენის შესახებაც ასე საგანგებოდ მიუთითებს დავითის ისტორიკოსი, ევროპელი ჯვაროსნები იყვნენ; ასე უწოდებდა მთელი მაშინდელი აღმოსავლეთი ევროპელ ფეოდალებსა და რაინდებს, რომელნიც აქ „ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად მოდიოდნენ. „ფრანგების ანუ ჯვაროსნების გამოჩენა მახლობელ აღმოსავლეთში, მართლაც, დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო შუა საუკუნეების მსოფლიოში. და ცხადია, ეს ფაქტი მხედველობიდან არ შეიძლებოდა გამოპარვოდა ამ ამბების თანამედროვე ქართველ ისტორიკოსს.

ღარიბ-ღატაკთა პირველი ჯვაროსნული რაზმები, როგორც ცნობილია, კონსტანტინოპოლის მისადგომებთან 1096 წ. ივნისში გამოჩნდნენ, მათ მალე ფეოდალთა რაზმებიც მიყვა, ხოლო 1097 წლის ივნისში ნიკეასათვის გამართულ ბრძოლაში ჯვაროსნებმა და მისმა მოკავშირეებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს, თუმცა ევროპელ ფეოდალებს ამ გამარჯვებიდან მხოლოდ მცირე ნადავლი ერგოთ. მალე ჯვაროსნებმა დიდი წარმატებები მოიპოვეს - 1098 წ. ზაფხულში დიდი ხნის ბრძოლისა და ალყის შემდეგ ანტიოქია აიღეს, 1099 წ. კი - იერუსალიმი... სწორედ აქ, იერუსალიმის აღების დროს, ყველაზე უფრო კარგად გამოჩნდა „ქრისტეს საფლავის“ და სხვა „წმინდა ადგილთა“ „უწმინდურთაგან“ გასათავისუფლებლად მოსულ ევროპელ ფეოდალთა ნამდვილი სახე. ჯვაროსნების მიერ აქ დატრიალებულმა საშინელებამ, უდანაშაულოთა სისხლის ღვრამ, გაუგონარმა ძარცვა-გლეჯამ და სიხარბემ, კ. მარქსის სიტყვით, „გააშმაგა აღმოსავლეთის მთელი მაჰმადიანური მოსახლეობა“. მაგრამ ჯვაროსნები ძარცვავდნენ აღმოსავლეთის არა მარტო მუსლიმანურ მოსახლეობას, მათ ქალაქებსა და ქვეყნებს, არამედ ქრისტიანულსაც. ასე, რომ „ქრისტეს მებრძოლების“ მიერ შევიწროებული და გაძარცული საკუთრივ ქრისტიანული მოსახლეობა არა ერთხელ აჯანყებულა ჯვაროსნების წინააღმდეგ (მაგ. კილიკიის სომხების აჯანყება 1098 წ.) და დახმარებისათვის სელჩუკებისათვის მიუმათავთ... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯვაროსანთა ლაშქრობებს, მათ ბრძოლას თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თურქების მიერ დაპყრობილი ხალხების გამათავისუფლებელი ბრძოლის შემდგომი წარმატებებისათვის.

შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი აღმოსავლეთში „ფრანგთა გამოსვლას“ როგორც ზემოთ ვნახეთ, უკავშირებდა დავითის მიერ სათურქო ხარკის შეწყვეტას, ქვეყნის მოშენებასა და გაძლიერებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეცდომა იქნებოდა საქართველოს სამეფო ხელრსუფლების მიერ ამ დროს მოპოვებული წარმატებების მიზეზები ჯვაროსნების გამოსვლისა და მათ მიერ თურქების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში გვეძებნა, როგორც ამას საქართველოს ისტორიის ზოგი მკვლევარი ვარაუდობს.

ამას გარდა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ და მის მიერ მოპოვებული გამარჯვებები გამათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალებას შესუსტება მოჰყვა, ცხადია, ხელს უმართავდა ჯვაროსან-დამპყრობლებს ახლო აღმოსავლეთში, ხშირ შემთხვევაში მათ საკმაოდ შეთხელებულ და დაქსაქსულ ძალებს გაძლეირებისა და თავმოყრის შესაძლებლობას აძლევდა. ამიტომ ბუნებრივია, თუ ჯვაროსნული ლაქრობის მომწყობი სახელმწიფოები და აღმოსავლეთში ჯვაროსანთა მიერ დაარსებული სამეფო-სამთავროები დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველთს თავიანთ მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მის მიერ ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯს ყოველნაირად გამოეხმაურებოდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ ჯვაროსნული ომების დასავლეთ ევროპელი ისტორიკოსები თურქ-სელჩუკთა წინააღმღეგ დავითის ლაშქრობებს სათანადო ყურადღებას უთბობენ და ჯვაროსნების ბრძოლებთან ერთ სიბრტყეში იხილავენ.

საქართველოსა და ჯვაროსნების ასეთი ურთიერთსასარგებლო მოქმედება ახლო აღმოსავლეთში აუცილებელს ხდიდა ურთიერთ შორის სათანადო კავშირის დამყარებას. მაგრამ, რაკი მათი მიზნები თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში სულ სხვადასხვაგვარი იყო, ეს ურთიერთობა-კავშირიც არ შეიძლებოდა მტკიცე და მუდმივი ყოფილიყო. ჯვაროსნები აღმოსავლეთში მოდიოდნენ, როგორც დამპყრობლები, ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები და ნადავლი ჩაეგდოთ ხელთ, ფართოდ გაეხსნათ გზები ევროპის ხარბი ქალაქებისათვის და მეტი სიმდიდრე გაეზიდათ აღმოსავლეთიდან. ჯვაროსნებისათვის მხოლოდ საფარი იყო მათი ლოზუნგი - „ბრძოლა ქრისტეს საფლავის დასაცავად“, „ურჯულოთა განდევნა წმინდა ადგილებიდან“. ნამდვილად კი ისინი ახალი მიწაწყლის ხელში ჩასაგდებად და აღმოსავლეთის ხალხების დასამორჩილებლად მოდიოდნენ და ამიტომ არა მარტო „ურჯულოთა“ (არა-ქრისტიანთა), არამედ როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთის თვით ქრისტიანული სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლასაც კი არ ერიდებოდნენ. საქართველოც ხომ აღმოსავლეთში ივარაუდებოდა და აძ ქვეყნის ქრისტიანობა ჯვაროსნებს ხელს შეუშლიდა, საჭირო შემთხვევაში მის წინააღმდეგაც გაელაშქრათ.

სულ სხვა მიზნებს ისახავდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ბრძოლა. საქართველოს სახელმწიფო ჯვაროსნების მსგავსად მუსლიმანობას კი არ ებრძოდა საერთოდ, არამედ იმ თურქ-დამპყრობლებს, რომლებმაც საქართველოს დამორჩილება და ქართველი ხალხის გადაშენება მოინდომეს. საქართველო თავისი თვითმყოფობის შენარჩუნებისათვის იბრძოდა, დამპყრობლებს ერეკებოდა თავისი ქვეყნიდან და არა მაჰმადიანებს, მუსლიმანებს.

მუსლიმანობა კავკასიაში და საქართველოშიც საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილობრივ მოვლენას წარმოადგენდა. ქართველებს დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ მუსლიმანებთან ეკონომიური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა; ამ ურთიერთობის გაწყვეტა, მისი უარყოფა დიდ ზიანს მოუტანდა საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებასაც. ეს კარგად ესმოდათ იმდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეებს და ამიტომაც არც საქართველოს ტერიტორიაზე, არც მის მეზობლად მოსახლე მაჰმადიანებისათვის „ჯვაროსნული ომი“ არასოდეს გამოუცხადებიათ; პირიქით, თუ იმდროინდელი წყაროების მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოში მოსახლე მაჰმადიანები აქ საკმაოდ კარგად გრძნობდნენ თავს, ზოგ შემთხვევაში უფრო უკეთაც, ვიდრე თავიანთ ქვეყანაში.

საქართველოს სამეფოს, რომელიც თავის თავს აღმოსავლეთში ქრისტიანობის ბურჯად აცხადებდა, მუსლიმანების მიმართ ასეთი პოლიტიკის გატარებას უკარნახებდა საშინაო და საგარეო პირობები, მისი მჭიდრო ურთიერთობა მაჰმადიანურ სამყაროსთან და არა რომელიმე მეფის პიროვნული კეთილი სურვილები, ან კიდევ, მუსლიმანობის დიდი გავლენა საქართველოზე, როგორც ამას ზოგი მკვლევარი ფიქრობს.

ცხადია, ასეთ ვითარებაში საქართველოს სახელმწიფოსა და ევროპელი ჯვაროსნების ინტერესები ახლო აღმოსავლეთში არ შეიძლებოდა ერთმანეთს დამთხვეოდა და ამიტომაც მათი კავშირი მხოლოდ დროებითი, იმ მომენტისათვის შექმნილი პოლიტიკური ვითარებით იყო გაპირობებული.

სავსებით ბუნებრივია, რომ თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთგზის გამარჯვებული საქართველო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მომწყობ სახელმწიფოებსა და პიროვნებებს თავიანთ ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ და ამიტომაც მასთან უშუალო კავშირს ეძიებდნენ პირველ რიგში აღმოსავლეთის ჯვაროსნული სამეფო-სამთავროები.

ყველა ზემოხსენებული იმაზე მიგვითითებს, რომ ჯვარასნებს და საქართველოს შორის, თუ უფრო ადრე არა, „ფრანგების აღმოსავლეთში გამოჩენის“ დროიდან მაინც გარკვეული ურთიერთობა უნდა დამყარებულიყო.

მიუხედავად ამასა, იმდროინდელ ქართულ წყაროიბს, კერძოდ დავითის ისტორიკოსს, ამ მხრივ თითქმის არავითარი ცნობა არ აქვს დაცული. მაგრამ ამ ნაკლს ნაწილობრივ მაინც ავსებენ შემდეგდროინდელი (მაგ. თამარისა და შემდეგი ხანის) ქართული და ასევე ეროპული წყაროები.

ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესწავლის თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესის, მეფსალმუნის XII ს. პირველ მეოთხედში იერუსალიმში მყოფი, ანსელუსის წერილი და მასში დაცული ცნობა საქართველოსა და მისი მეფის დავითის შესახებ.

ანსელუსის წერილს მკვლევარები 1108-1109 წლებით ათარიღებენ, მაგრამ, როგორც მისი შინაარსიდან ირკვევა, იგი უფრო დავითის გარდაცვალების შემდეგ უნდა იყოს შედგენილი, როგორც ამას თავის დროზე ფიქრობდა ს. ჯანაშია.

ანსელუსის წერილი მოგვითხრობს საქართველოს მეფის, დავითის, მეუღლის (წყაროს მიხედვით, ქვრივის) მიერ იერუსალიმში ჩატანილი ჯვრის შეძენისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაგზავნის შესახებ. წერილის მიხედვით, ანსელუსს ეს ჯვარი თვით დავითის ქვრივისაგან შეუძენია და სათანადო წერილითურთ დიდი პატივით გაუგზავნია პარიზში. ღვთისმშობლის ტაძრის საკრებულოსათვის.

ანსელუსის წერილი, როგორც ამ ჯვრის დიდი ღირსების მაუწყებელი დოკუმენტი, ჯვართან ერთად დღემდე დაცულია პარიზის ხსენებულ ტაძარში. იგი არაერთხელ გამოქვეყნებულა ევროპაში, როგორც ლათინურ, ფრანგულ, ასევე ქართულ ენაზედაც. 

ჩვენ ამჟამად ამ ჯვრის თავისთავად საინტერესო ისტორია და მასთან დაკავშირებული საკითხები კი არ გვაინტერესებს, არამედ ის, თუ როგორ ვრცელდებოდა ცნობები ევროპაში საქართველოსა და მისი იმდროინდელი მეფის შესახებ. ანსელუსი თავის წერილში იტყობინებოდა: „ამ ჯვარს დავით, მეფე ქართველთა, სანამ იცოცხლა, უაღრეს თაყვანისცემას და სიყვარულს უძღვნიდა, ის დავითი, რომელსაც მისი წინაპრებივით, კასპიის კარი - გოგსა და მაგოგს რომ ზღუდავს - ეჭირა და ედარაჯნა, რასაც შვილი მისი აქამომდე ასრულებს, ვისი ქვეყანა და სამეფო მიდიელთა და სპარსთა წინააღმდეგ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინა ბურჯია.

დავითის სიკვდილისა და მისი შვილის გამეფების შემდგომად, მეუღლემ მისმა, უფრო სიწმინდისა ვიდრე გვარიშვილობისათვის სათაყვანომ, თავი გადაიკრიჭა, სარაწმუნოების სამოსელი ინება და მცირეოდენი (მხლებლით) იერუსალმს მოვიდა ამ ჯვრითა და ბევრი ოქროთი. და მისი წადილი იყო შინ დაბრუნება კი არა, არამედ აქ მშვიდობასა და მყუდროებაში სიცოცხლის დასრულება. იმ წამოღებულ ოქროთგან წმინდა ქალაქის მონასტრებს წილი დაურიგა, აგრეთვე გლახაკთა და მგზავრთა მისაცემიც გაიღო და შემდგომად ამისა... იერუსალიმში ქართველ დედათა მონასტერში შევიდა... და წმინდა სამოსელი მონოზნობისა მიიღო. ბოლოს წამოღებული (ოქრო) სულ დაერიგა, გაეცა და მონასტრის საჭიროებისათვის დაეხარჯა. და ოდეს შიმშილობამ ჩვენი ქვეყანა შეაწუხა... იძულებული გახდა მონასტრის მოთხოვნილებისათვის... (ჯვარი გაეყიდა; ამას) საკუთარი ხორციელი საჭიროებისათვის არას გზით არ გააკეთებდა. ამრიგად, ის ჯვარი ვერავითარი ფასის შესადარი, ამ მიზეზით ფასად აქცა და აჰა გამოგიგზავნეთო“.

როგორც ეხედავთ, წერილში ბევრი საინტერესო მასალაა დაცული, განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის მეუღლის, ყივჩაყთა მთავრის ასულის გურანდუხტის (ალბათ, მისი ყივჩაყური, მდაბიური წარმოშობა აქვს მხედველობაში ანსელუსს, როცა დავითის მეუღლის უფრო სულიერ სიწმიდეს უსვამს ხაზს, ვიდრე მის გვარიშვილობას) უკანასკნელი დღეების შესახებ. მაგრამ ამჯერად ჩვენ უფრო გვაინტერესებს ამავე წერილში დაცული ცნობები საკუთრივ დავითისა და მისი ქვეყნის შესახებ.

როგორც ვხედავთ, ევროპელმა ჯვაროსნებმა კარგად იცოდნენ საქართველოში იმ დროს არსებული ვითარება და, რაც მთავარია, მისი მნიშვნელობა როგორც ჩრდილოეთის, „კასპიის კარის“ დამცვილისა და ასევე „მიდიელთა და სპარსთა“ (იგულისხმება თურქ-სელჩუკთა) წინააღმდეგ ბრძოლის „წინა ბურჯისა“, ზღუდისა.

რა თქმა უნდა, ანსელუსს საქართველოსათვის არ შეჯძლო ეწოდებინა „ჩვენი (ე.ი. ჯვაროსანთა) წინა ბურჯი“, რომ დავითისდროინდელ საქართველოსა და ჯვაროსნებს შორის, მართლაც, კავშირი არ ყოფილიყო, რომ მათ ერთმანეთი კარგად არ სცოდნოდათ. როგორც ჩანს, ჯვაროსნები საქართველოს იმედის თვალით უყურებდნენ, როგორც „წინა ზღუდესა და ბურჯს“ თავიანთი საქმიანობის წარმატებისათვის აღმოსავლეთში. საქართველოს მნიშვნელობა ევროპელ ჯვაროსანთა თვალში განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დავით აღმაშენებელმა დიდ წარმატებებს მიაღწია თურქ-დამპყრობლებთან ბრძოლაში, კერძოდ კი XII ს. პირველ ორ ათეულ წელს, როცა თურქები არსებითად გარეკა საქართველოს საზღვრებიდან.

დავით აღმაშენებლისა და აღმოსავლეთის ევროპულ სახელმწიფოთა მთავრებისა და მეფეების ურთიერთობის შესახებ მოგვეპოვება, მართალია ნაგვიანევი, მაგრამ თავისთავად ძალიან საინტერესო ქართული ცნობაც. იგი ეკუთვნის იოანე ბატონიშვილს და დაცულია მის ცნობილ თხზულებაში „კალმასობა“. იოანეს მიხედვით, ლორეს აღების მეორე წელს „მოვიდა დაფარვით დავრიშის სახით, მელიქშას შვილი ტანღან მელიქ სულთანი გამსტრობად ივერიისა და ხილვად მეფისა დავითისა, და ეგრეთვე ამავე სახედ ბერძენთა მეფე ალექსანდრე (იგულისხმება ალბათ. ალექსი), ხოლო ამავე რიცხვსა შინა იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფედ, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარიცინელთა ანუ არაბთა ზედა. და ესე ბალდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა... და ვერა რომელთამე ქართველთა სცნეს ამათი იდუმალ მოსლვაჲ და უკუნიქცნენ მასვე წელსა შინა“.

როგორც ვხედავთ, მრავალმხრივ საინტერესო ცნობასთან გვაქვს საქმე, - დავით IV-თან „დაფარვით“, „იდუმალ“ არა ერთი იმდროის დიდი პოლიტიკური მოღვაწე მოსულა. ზოგი მათგანის მიზანს დავითის ნახვასთან ერთად, „ივერიის გამსტრობა“ ე.ი. დაზვერვა, იყო, ზოგს კიდევ სამშვიდობო სამოკავშირეო მოლაპარაკების გამართვა სურდა.

ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იოანეს ცნობა აქ იერუსალიმის მეფის „ბალდვოინას“ მოსვლის შესახებ. როგორც ჩანს, მას მხედველობაში უნდა ჰყავდეს იერუსალიმის მესამე მეფე ბალდუინ II (1119-1131 წწ.). იოანე ბატონიშვილი გარკვევით მიუთითებს, რომ ცნობა ბალდუინის ქართლში მოსვლის შესახებ მას თავის „კალმასობაში“ შეუტანია „მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა“, ე.ი. სხვა ხალხების, ალბათ თვით ჯვაროსნების ქრონიკებიდან, ისტორიიდან; მიუხედავად ასეთი კატეგორიული მითითებისა, ჩვენ დღემდე არ ვიცით იოანეს ამ ცნობის უშუალო წყარო. მაგრამ ზემომოტანილ ცნობაში დაუჯერებელი არაფერია. ჯერ ერთი, ლორეს აღების მეორე, ე.ი. 1119 წელი, ის დროა, როცა დავითმა ძირითადად მოამთავრა თურქებთან ბრძოლა საქართველოს შიგნით და დაიწყო შეტევები ქვეყნის საზღვრებს გარეთ; ამასთანავე, დავითის არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება თურქებზე, სამშვილდესთან, ლორესთან თუ სხვაგან, უკვე საკმაოდ ფართოდ იყო „ხმაგანსმენილი“ და შეუძლებელია ჯვაროსნებამდე ვერ მიეღწია ამ ხმებს.

ამას გარდა, 1119 წელი მძიმე წელი იყო თვით ჯვაროსნებისათვის; 1119 წ. ზაფხულში თურქების სახელგანთქმულ სარდალ ილღაზთან ბრძოლაში დაიღუპა ანტიოქიის მთავარი როჟერი და მასთან ერთად არა ერთი ევროპელი რაინდი. იერუსალიმის მეფე ბალდუან II მაშინვე დაიძრა ანტიოქიისაკენ და თვით იკასრა „დაობლებული“ ანტიოქიის მმართველობაც და მის შესანარჩუნებლად ბრძოლაც. მან თავი მოუყარა ილღაზის წინააღმდეგ ყველა რაინდსა და მოლაშქრეს, რომელთა შეკრებაც კი იმ დროისათვის შესაძლებელი იყო. მართალია, ჯვარიასნებმა შესძლეს ანტიოქიის შენარჩუნება, მაგრამ ძლიერ დაზარალდნენ და ილღაზმაც არაერთი მწარე დამარცხება აგემა მათ. ასეთ მძიმე წელს, საეჭვოა რომ ბალდუინ II-ს საქართველოში ჩამოსასვლელად მოეცალა, მაგრამ, ფაქტია, რომ 1119 წლის მაგალითი, ჯვაროსნების მარცხი ილღაზთან ბრძოლაში, მოსვენებას არ მისცემდა ჯვაროსნებს და აიძულებდა მათ მოკავშირეები ეძებნათ არა მარტო თავიანთ სამთავროებსა და საგრაფოებში, არამედ სხვაგანაც, ქრისტიანულ ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში.

ამრიგად, შექმნილი ვითარების ზემომოტანილი განხილვა სავსებით გვარწმუნებს, რომ მოტანილ ცნობებში, მართლაც, არაფერი უნდა იყოს საეჭვო და დაუჯერებელი - როგორც ჯვაროსნებს, ასევე საქართველოსაც ერთმანეთთან კავშირი ამ მომენტში აუცილებლად სჭირდებოდათ. ჯვაროსნებს საქართველო, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, სურდათ თურქების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. საქართველოსა და მის მეფეს კი ჯვაროსნების ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას უმსუბუქებდა და დამპყრობლებზე გამარჯვებისათვის ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა.

ამიტომ ამ ხელსაყრელი საგარეო პირობების შექმნაში თვით დავითის მონაწილეობა არ არის გამორიცხული, რაკი იგი მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის წარმატებებს.

ამას გარდა, იერუსალიმის მეფეებისა და დავით IV-ის ურთიერთობის შესახებ იოანე ბატონიშვილის ზემომოტანილი ცნობის სისწორე დასტურდება წყაროთა ზოგი სხვა მონაცემითაც. ასე მაგ., ერთი ლათინური ქრონიკის მიხედვით, დავით IV, „აფხაზთა მეფე“ იერუსალიმის მეფეს ბალდუინს (იგულისხმება ბალდუინ პირველი) „პატივს სცემდა საჩუქრებით“.

იერუსალიმის მეფეებისა და საქართველოს მეფის ამგვარი ურთიერთობის შესახებ უნდა მიგვითითებდეს აგრეთვე ერთი საინტერესო ცნობაც, რომელიც თავის დროზე ზ. ავალიშვილმა გამოიყენა და მანვე ეჭვი შეიტანა მის სისწორეში: 1136 წ. ნორმანდიაში მყოფ მწერალს თავის ქრონიკაში ჯვაროსან რაინდთაგან გაგონილი შემდეგი ცნობა შეუტანია: 1123-24 წლებში დავით ქართველთა მეფეს და კილიკიის მთავრის ძმას თოროსს ერთ-ერთ სულთანთან ტყვედ მყოფი რაინდები დაუხსნიათ და მათ სახლში, ანტიოქიაში წაუყვანიათ. როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს ეს ცნობა, იგი მაინც საინტერესოა. ჯერ ერთი, XII ს. პირველი ნახევრის ევროპელი ქრისტიანები უკვე კარგად იცნობენ დავით ქართველთა მეფეს და მის შესახებ ცნობები შეჰქონდათ თავიანთ თხზულებებში. ამას გარდა, ეს მეფე, მათივე წარმოდგენითა და ცნობით, გამოდის ევროპელ რაინდთა ტყვეობიდან დამხსნელად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ამ წლებში, რომელზედაც ნორმანდიელი მწერალი მიგვითითებს, არაერთი სახელგანთქმული რაინდი ჩაუვარდათ ტყვედ სელჩუკებს, ხოლო 1123 წ. თვით იერუსალიმის მეფე ბალდუინ II აღმოჩნდა მათს ტყვეობაში. ვინ იცის, იქნებ დავით IV-მ მართლაც მიიღო მონაწილეობა თავისი მოკავშირის ბალდუინ II-ის და სხვა რაინდების გამოსყიდვასა და გათავისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში ნორმანდიელი ქრონისტის ცნობაში აშკარად იგრძნობა იმ ურთიერთობის ანარეკლი, რომელიც იმდროინდელ საქართველოს მეფესა და აღმოსავლეთის ევროპელ მეფე-მთავართა შორის არსებობდა.

საქართველოსა და ჯვაროსნების ამგვარი ურთიერთობის შესახებ მიგვითითებს ზოგი ქართული წყაროც. რა თქმა უნდა, შემთხვევითი, არ შეიძლება იყოს, რომ დავითის იატორიკოსს იმ „მეფეთა და ხელშწიფეთა“ შორის, რომელნიც „დავითის აჩრდილსა (საფარველა ქვეშ, მფარველობაში) შეკრებილ იყვნეს“, დასახელებული ჰყავს „მეფენი და ხელმწიფენი ფრანგეთისანი“, ცხადია, აღმოსავლეთის „ფრანგებისა“, ჯვაროსნებისა.

ქართული წყაროებით. კერძოდ თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავით აღმაშენებელი თავისი ლაშქრით იერუსალიმისათვის ბრძოლებშიც კი იღებდა მონაწილეობას; თამარის ისტორიკოსი წერდა: „ახლისა დავითისნი (ე.ი. დავით აღმაშენებლის) წყობათა დავითისთა იერუსალემს ერთობდესო“, ე.ი. დავით აღმაშენებლის ჯარები იერუსალიმში დავით წინასწარმეტყველის რაზმებთან გაერთიანებული იყვნენო. როგორც თავის დროზე კ. კეკელიძემ განმარტა, დავით წინასწარმეტყველის რაზმებად აქ ალეგორიულად იგულძსხმებიან ჯვაროსნები, რომელთაც თითქოს მიზნად ჰქონდათ დავით წინასწარმეტყველის სატახტო ქალაქის იერუსალიმის განთავისუფლება „ურჯულოთაგან“. თამარის ისტორიკოსს, რომელიც დავითას დროიდან ერთი საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა, ეს ცნობა ძველი წყაროების, ან კიდევ გადმოცემების მიხედვით ექნებოდა შეტანილი თავის საისტორიო თხზულებაში. ასეთი ცნობა მისთვის შეეძლო მიეწოდებინათ თვით ჯვაროსნებსაც, რომელნიც, მისივე სიტყვით, დავითის შვილიშვილის, გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და თამარის დროსაც აგრძელებდნენ კავშირ-ურთიერთობას საქართველოს სახელმწიფოსთან. თამარის ისტორიკოსს იმ მეფეთა შორის, რომელნიც გიორგი მესამესთან ძმობდნენ და მას „სძღვენობდეს“ (ე.ი. ძღვენს უგზავნიდნენ), მოხსენიებული ჰყავს მეფენი „იერუსალიმს ალამანთანი; „ალმანებს“ ანუ „ალემანებს“ ფრანგები უწოდებდნენ გერმანელებს. ასე რომ, ქართველი ისტორიკოსის ამ ცნობაში იერუსალიმის გერმანელი (ევროპელი) ფეოდალი-მეფეების საქართველოს მეფესთან ურთიერთობის შესახებ არის საუბარი.

თამარის ისტორიკოსის ზემომოტანილ ცნობას უნდა ემყარებოდეს საქართველოს ისტორიის XIX ს. ცნობილი მკვლევარი პლ. იოსელიანი, რომელიც სავსებით გარკვეულად მიუთითებდა დავით აღმაშენებლის მიერ ლაშქრის არაერთხელ გაგზავნის შესახებ „ქრისტეს საფლავისა“ და სხვა „წმიდა ადგილთა“ გათავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. პლ. იოსელიანის მიხედვით, დავითის მიერ ამ მიზნით გაგზავნილი სახელოვანი ქართველი მებრძოლების პირველი რაზმები შავმა ზღვამ შთანთქა. მაგრამ, არც ამას შეუშინებია საქართველოს მეფე და მეორედ გაუგზავნია „ქრისტესთვის მებრძოლთა“ დიდი ლაშქარი, რომელმაც პლ. იოსელიანისავე მოწმობით, ამჯერად მშვიდობიანად ჩააღწია დანიშნულ ადგილს და შეუერთდა სირიის ქრისტიანებსა და დასავლეთის მხედართმთავრების დროშის ქვეშ გაერთიანებულ სომხებს. პლ.  იოსელიანის ეს ცნობა, რომლის სხვა წყარო ჩვენთვის უცნობია, შემდეგ გაიმეორეს საქართველოს ისტოოიის სხვა მკვლევარებმაც  (პოტო, ნ. ურბნელი და სხვ.). შესაძლებელია პლ. იოსელიანის ცნობები რეალურ ვითარებას ზუსტად ვერ ასახავდეს, მაგრამ ჩვენს მიერ ზემომოტანილი მასალებიდან კარგად ირკვევა, რომ დავით IV-სთან ჯვაროსნებს ურთიერთობა დაუმყარებიათ და რომ ამ ურთიერთობას ორივე მხარე თავიანთი ინტერესების შესაბამისად და სასარგებლოდ იყენებდა.

ასეთი იყო საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა XII საუკუნის ოციანი წლებისათვის, დიდგორის ბრძოლის წინ.

 

III

დიდგორის ბრძოლის მიზეზები

საგარეო მდგომარეობის ზემოგანხილული მიმოხილვიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს ამოცანად რჩებოდა თურქ-სელჩუკთა საკითხის გადაწყვეტა. სამეფო ხელისუფლების მიერ ქვეყნის სხვა საგარეო პოლიტიკური მიმართულებანი ძირითადად ამ უმთავრესი ამოცანისადმი იყო დაქვემდებარებული; ამან განაპირობა არსებითად საქართველოს ურთიერთობათა ზემოგანხილული ფორმები ბიზანტიასთან, ძველ რუსეთთან, ოსებსა და ყივჩაყებთან, ამიერკავკასირს ხალხებთან თუ აღმოსავლეთის ჯვაროსნულ სამეფო სამთავროებთან.

მაგრამ თურქებთან ურთიერთობის საკითხი ამავე დროს იყო საქართველოს სამეფოს საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაც. არაერთი საშინაო ღონისძიებაც სამეფო ხელისუფლების მიერ თურქ-დამპყრობლების პრობლემის გადაჭრის დაჩქარების მიზნით იყო გატარებული... და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თურქები და მათი სამეურნეო, ეკონომიური სისტემა, როგორც ზემოთ ითქვა, გადაშენებით ემუქრებოდა ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ წყობასა და, მაშასადამე, ყველაფერ იმას, რაც ამ წყობაზე იყო აღმოცებებული, ე.ი. ყოველივე ქართულსა და ქართველურს.

ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელმა გამეფების პირველი წლებიდანვე, ჯერ კიდევ მცირე რაზმებით ბრძოლა გამოუცხადა თურქ დამპყრობელთა მოთარეშე გუნდებს. XII ს. დამდეგიდან თურქ დამპყრობთა წინააღმდვგ ბრძოლას უფრო ფართო ხასიათი მიეცა, განსაკუთრებით ერწუხის ზემოგანხილული ბრძოლის შემდეგ.

თურქების დიდი მარცხი იყო საქართველოში ქართველთა ლაშქრის მიერ გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის უშუალთ ხელმძღვანელობით ციხე-ქალაქ სამშვილდის აღება 1110 წელს. სამშვილდის აღებას ქვემო ქართლის უმრავლეს ციხეთა გათავისუფლებაც მოჰყვა: „ცნეს რა თურქთა აღება სამშუილდისა, უმრავლესი ციხენი სომხითისანი დაუტევნესო“ - წერს დავითის ისტორიკოსი. თურქ დამპყრობთათვის ასეთი მარცხი მოულოდნელი იყო და, როგორც ჩანს, მდგომარეობის გამოსწორება მათ დიდი ლაშქრის გამოგზავნით სცადეს. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, სულტანმა ამ დროს ქართლში გამოისტუმრა „ყოველი თურქობა, კაცი ვითარ ასი ათასი“. როგორც ჩანს, თურქთა ასეთი დიდი რაოდენობით და ისიც ასე სწრაფად და ფარულად (უგრძნეულად) შემოსვლა ქართველებისათვის მოულოდნელი იყო. მეფე ამ დროს ნაჭარმაგევს მდგარა თავის მხლებლებითურთ, მას შეღამებისას აცნობეს საქართველოს საზღვრებზე თურქთა გამოჩენა, ცისკრისას კი უკვე თრიალეთთან შეეგება მტერს და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. ეს იყო საქართველოს ლაშქრის პირველი დიდი გამარჯვება და თურქთა პირველი დიდი მარცხი საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთანავე, არაბული წყაროს ცნობით, 1110 წ. დავითმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია - განძა დალაშქრა და აიღო. დავითის წარმატებებმა, თურქთა ასიათასიან ლაშქარზე გამარჯვებამ საბოლოოდ გაფანტა მითი თურქთა უძლეველობის შესახებ და კიდეე უფრო განამტკიცა გათავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველთა რწმენა გამარჯვებისადმი. ამას გარდა სამშვილდისათვის ბრძოლამ და თურქთა ასიათასიანი ლაშქრის დამარცხებამ თურქ-სელჩუკებს დაანახვა ის ქვეყანა, რომელიც მათ წინააღმდეგ ახალ ძლიერ ძალად აღიმართა მახლობელ აღმოსავლეთში. თურქების წინაშე ამიერიდან, ჯვაროსნების პრობლემასთან ერთად, საქართველოს პრობლემაც დადგა.

თურქების დიდი ლაშქრის დამარცხებას სამშვილდესა და თრიალეთთან მოჰყვა ახალ-ახალი გამარჯვებები. თრიალეთის ბრძოლის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ ისევ გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით ქართველებმა ქ. რუსთავი აიღეს 1115 წ. ამის შემდეგ დავით აღმაშენებელმა გაილაშქრა ტაოში ვიდრე ბასიანამდე, „უშიშრად გულდებითა მსხდომარეთა“ თურქთა წინააღმდეგ და „მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხვი“. კახეთში ციხე გიშის აღების შემდეგ კი ბრძოლა თურქების წინააღმდეგ ფაქტიურად გასცილდა საქართველთს საზღვრებს. დავითის ძემ დემეტრემ შირვანს გაილაშქრა, უფლისწულმა „ქმნნა ომი საკვირველნი“ და ქალაძორის ციხეც აიღო. შირვანის შემდეგ ჯერი თურქთა მიერ დაპყრობილ ყოფილ სომხურ წვრილ სამეფოებზე მიდგა. 1118 წ. დავით აღმაშენებელმა ლორე თურქებს წაართვა და საქართველოს შემოუერთა. ამიერიდან საქართველოს სამეფო თურქთა მიერ დაპყრობილი სომხური ტერიტორიების გამათავისუფლებლად და დამცველად გამოდიოდა.

ლორეს გათავისუფლებასა და შემოერთებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; იგი სომხეთთან და სამხრეთის ქვეყნებთან დამაკავშირებელ ძირითად გზებზე მდებარეობდა. სამშვილდძს, რუსთავის და ლორეს აღებით თბილისი საქართველოს მეფის მიერ შემოერთებული და შემომტკიცებული ქალაქებასა და ციხე-სიმაგრეების ალყაში ექცეოდა. რკალი თბილისის ირგვლივ თანდათან ვიწროვდებოდა, მაგრამ თბილისის შემოერთებას დავით IV არ ჩქარობდა - ჯერ კიდევ საჭირო იყო შინაგანი რეფორმების დასრულება და თურქებას წინააღშდეგ ბრძოლის გაგრძელება საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ორიოდე წლის შემდეგ, როცა დავითმა დაამთავრა ყივჩაყთა გადმოყვანა და ახალი ლაშქრის ორგანიზაცია, კიდევ უფრო ფართო ხასიათი მიიღო თურქების წინააღმდეგ ბრძოლამ.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საქართველოს სამეფომ ფართო მძსშტაბით თურქების წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ იმ დროს განაახლა, როცა თურქებმა ილღაზის სარდლობით წარმატებები მოიპოვეს ჯვაროსნებას წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს 1119 წლის მიწურული და 1120 წლის დამდეგი იყო. სწორედ 1120 წლის თებერვალს დავით მეფე თავს დაესხა თურქებს ბორტიაში და მუსრი გაავლო მათ. აქედან ღანხუას მისულმა ქართველთა ლაშქარმა შირვანში გაილაშქრა და ქალაქი ყაბალა აიღო. შემდეგ მეფე ერთხანს ქართლში შემობრუნდა, „მსწრაფლ შეკრიბა სპა“, მაისის დამდეგს ისევ შირვანში გაილაშქრა და დაარბია თურქები „ლიჟათით ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე“. „ლიჟათი“ ანუ „ლიზანი“, როგორც ეს დღეს გარკვეულია, მდებარეობდა შირვანის ჩრდილოეთ ნაწილში კავკასიონის მთების სამხრეთ კალთებზე, შემახიდან ჩრდილო-დასავლეთით 30-ე კმ-ზე. აქვე, შემახასა და ლიზანს შორის, იყო ქურდევანიც.

როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებელს აღმოსავლეთით თურქებისა და თურქული ორიენტაციის ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წარმატებებისათვის მიუღწევია. მაგრამ ეს კიდევ არ ჩანდა საკმარისი შირვანში საქართველოს მეფის პოზიციების განსამტკიცებლად. სწორედ იმ დროს, როცა საქართველოს მეფე შირვანს უტევდა, დარუბანდელებმა იმდროინდელი შირვანშაჰის აფრიდონის წინააღმდეგ გაილაშქრეს და შირვანშაჰი დაღუპეს კიდეც; ეს საქართველოს მეფის მონაწილეობის გარეშე არ უნდა მომხდარიყო, დავითმა, როგორც ჩანს, თავიდან მოიშორა თურქული ორიენტაციის აფრიდონი და მის ადგილზე, სანამ მისი სიძე მანუჩარი ტახტს დაიჭერდა, საქართველოს მეფისათვის სასურველი კანდიდატი გაამეფა, შირვანი თურქულ ორიენტაციას ჩამოაშორა და სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითრია. ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იყო თურქული გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღმოსავლეთ საზღვრებზე პოზიციების შედარებით განმტკიცების შემდეგ დავით აღმაშენებელმა სამხრეთით გააგრძელა შეტევები - „იწყო რბევად - სპარსეთისა... და სომხეთისა დიდისა“, ისე რომ მისი თავდასხმები ამ მხრივ ზოგჯერ უშუალოდ მსხვილ მაჰმადიან მფლობელთა ქვეყნების საზღვრებამდე ვრცელდებოდა. ასე, მაგ., 1120 წლის მიწურულს დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმანთა, მოსრნა და იავარყვნა“. აშორნია კი, სადაც დავითს ამ დროს გაულაშქრია, არც ისე დაშორებული იყო ილღაზის სამფლობელოებს - მარდინსა და მაიფარიკინს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი აღმოსავლური წყაროს მიხედვით, დიდგორსს ომის წინა ხანებში ქართველებს გაულაშქრიათ სირიაშიც, რომელიც მათ ადრეც მოურბევიათ. როგორც ირკვევა, XII ს. 20-იან წლებში დავითის ბრძოლა თურქების წინააღმდეგ რამდენიმე ფრონტზე მიზნად ისახავდა თურქების განდევნას არა მარტო საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ თურქთა ძალების შესუსტებას საერთოდ მახლობელ აღმოსავლეთში. ეს კი თავისი შედეგებით, ცხადია, სავსებით ეხმაურებოდა იმ მოლაპარაკებებს, რომელიც საქართველოში სწორედ ამ ამბების წინ გაიმართა დავით IV-სა და ბალდუინ II-ს შორის.

დავით IV-მ თურქების წინააღმდეგ ბრძოლითვე დაიწყო 1121 წლის ზამთარიც; აფხაზეთიდან სწრაფად მობრუნებულმა მეფე დამპყრობელთაგან გაწმინდა ხუნანი, ხოლო შემდეგ ბარდავშიც ილაშქრა. ამ განუწყვეტელ ომებს ერთგვარი შემოსავალიც მოჰქონდა სამეფო ხაზინისათვის. ისტორიკოსის სიტყვით, ნადავლითა და ალაფით აივსო ქვეყანა. გაუთავებელი ომებით მიყენებულ ზიანს მეფის ხელისუფლება ნაწილობრივ მაინც ამ ალაფითა და ნადაელით ფარავდა. ამასთან, უკვე აშკარა იყო, რომ ქართველი ხალხი წარმატებით აწარმოებდა ბრძოლას თურქ-დამპრობთა წინააღმდეგ და რომ მას არა მარტო საქართველოდან, მოსაზღვრე ქვეყნებიდანაც ერეკებოდა. ამავე დროს საქართველოს მეფე თავს ესხმოდა თვით მაჰმადიან მფლობელთა ქვეყნებს და მახლობელ აღმოსავლეთში თურქული გავლენისა თუ თურქ-სელჩუკთა გაბატონებული მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა. აი, სწორედ ეს შეიქმნა, დავითის ისტორიკოსის სიტყვით, დიდგორის ომის ძირითადი მიზეზი. ოციან წლებში მოწყობილმა ზემოაღნიშნუღშა ლაშქრობებმა, ისტორიკოსის გადმოცემით, ფრიად შეავიწროვა თურქი დამპყრობლები: „ამათ ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი... წარვიდეს სულტანსა წინაშე“ დახმარების სათხოვნელადო.

საქართველოს მეფის მიერ თურქების წინააღმდეგ წარმატებით წარმოებულ ბრძოლებს დიდგორის ომის მიზეზად თვლის სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელიც, ოღონდ მას ამ ბრძოლის უშუალო საბაბად კი დავითის მიერ 1121 წელს თურქთა დიდი ლაშქრის დამარცხება მიაჩნია: „იყო ვინმე ამირა განძაკის ქვეყნიდან, სახელად ხაზი, კაცი სისხლისმღვრელი, ურცხვი და საშინელი ავაზაკი. იგი იყო მოსაზღვრე ქართველთა ქვეყნისა და სიყვარულით მორჩილებდა ქართველთა მეფეს დავითს. ამ (1121 - შ.მ.) წელს მან განიზრახა ბოროტება, ხაზიმ მიიღო სამი ბევრი (30 000 - შ.მ.) თურქთა ჯარი, შევიდა ქართველთა ქვეყანაში, ერთი ნაწილი ტყვედ წაასხა... წავიდა და დაბანაკდა თავის ადგილას. როდესაც ეს გაიგო ქართველთა მეფემ დავითმა, გაგზავნა ქართველთა ქვეყნის ჯარები. ისინი ჩუმად მივიდნენ და თავს დაესხნენ თურქთა ჯარებს. მან მათგან ამოწყვიტა ოცდაათი ათასი კაცი და ყველა მათი ცოლები, მათი ძენი და ურიცხვი ცხვრისა ფარა ტყვედ წაასხა. მრავალი და აურაცხელი ნადავლი წაიღო ქართველთა ქვეყანაში. მაშინ თურქთა ჯარიდან დარჩენილებმა დიდი საფრთხის გამო შეიღებეს თავიანთი სამოსი, თავზე მიწა დაიყარეს და შავი ტანსაცმლით და თავდაუხურავნი გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან, ქალაქ განძაკში, მელიქთან ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას; ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის ქვეყანაში ამირა ღაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მათს მომხდარ დაღუპვას“ და ამ უკანასკნელმა კიდევ ომის თადარიგი დაიჭირაო.

ასე, რომ მათე ურჰაელის ცნობით, ომის უშუალო მიზეზი განძის ამირას ავაზაკური საქციელი - 30 000-იანი ლაშქრით საქართველოზე თავდასხმა და დავითის მიერ ამ ლაშქრრს დამარცხება - იყო. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ დავითის ისტორიკოსს, რომელიც საერთოდ დეტალურად აღწერს დავითის ომებს, დიდგორის ბრძოლის წინ ქართველთა მიერ განძის ამირას ასე დიდი ლაშქრის დამარცხების შესახებ არაფერი აქვს ნათქვამი. ამ ომს არ იხსენიებს არც სხვა წყარო. ყველაფერი ეს კი მათე ურჰაელრს ამ ცნობას საეჭვოდ ხდის. მაგრამ ფაქტია, რომ დავითის შეტევითი ომების წყალობით, თურქები მართლაც დიდ განსაცდელში აღმოჩენილან და საერთო ძალით უცდიათ მისი შეჩერება. ამას გარდა, შემთხვევითი არ იყო აგრეთვე ისიც, რომ სწორედ განძა, ერთი პირველთაგანი თბილისთან და დმანისთან ერთად, ჩაუდგა სათავეში დავითის წინააღმდეგ კოალიციის მოწყობის საქმეს; ასე, რომ დიდგორის ომის წინ შექმნილ საერთო ვითარებას მათე ურჰაელიც, როგორც ჩანს, სწორად ასახავს.

მაჰმადიან ისტორიკოსს იბნ-ალ-ასირსაც დიდგორის ბრძოლის მიზეზად ქართველების შემოსევებით მუსლიმანების შევიწროება მიაჩნია. მისი აზრით, ამან აიძულა მუსლიმანი ამირები გაერთიანებულიყვნენ და საქართველოს წინააღმდეგ გამოელშქრათ.

ასეთ საერთო, ზოგად საფუძველს გარდა, დიდგორის ბრძოლას უფრო კონკრეტული მიზეზებიც გააჩნდა. ეს იყო დავით აღმაშენებლის პოლიტიკა, მისი დამოკიდებულება საქართველოს ქალაქებთან საერთოდ, და კერძოდ თბილისთან. ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. რომ საქართველოს სამეფო ხელისუფლება ქალაქებს, მისი მოსახლეობის ზედაფენას ოპოზიციური დიდგვაროვნების წინააღმდეგ იყენებდა. ქვეყნის გაერთიანება და ძლიერი სამეფო ხელისუფლება ქალაქებსაც სჭირდებოდათ, ამიტომ გარკვეულ დროს ქალაქებიც გამოდიოდნენ მეფის მოკავშირეებად ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლაში. მაგრამ მათი ასეთი კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი გაძლიერდა საქართველოს მეფის ხელისუფლება, რომელმაც დაამარცხა მოწინააღმდეგე საეკლესიო და საერო ფეოდალები და შექმნა ძლიერი, ცენტრალისტური ხელისუფლება, თანდათან დაიწყო ბრძოლა თვით ქალაქების მორჩილებაში მოსაყვანადაც, მათ შემოსამტკიცებლად და სამეფო ქალქებად გადასაქცევად. ქალაქების დამორჩილებისათვის ბრძოლის პირველი ეტაპი დავით აღმაშენებელმა XII საუკუნის ოციანი წლებისათვის დაასრუ ლა. მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო შემოერთებული საქართველოს უდიდესი ქალაქი თბილისი და აგრეთვე დმანისიც.

დავით მეოთხე თბილისის მიმართ განსაკუთრებულ ფრთხილ და მოქნილ პოლიტიკას აწარმოებდა. მას ქალაქისათვის ერთბაშად არ შეუტევია, რადგან თბილისს ამ დროს დამოუკიდებელი თვითმმართველობა ჰქონდა, არავის არ ემორჩილებოდა, არავის უფლებას არ ცნობდა - იგი ქალაქ-რესპუბლიკას, ქალაქ-კომუნას წარმოადგენდა. ამასთანავე, დავითს კარგად ესმოდა თბილისის მნიშვნელობა იმდროინდელი აღმოსავლეთის ეკონომიურ ცხოვრებაში და ყოველნაირად ცდილობდა ეს დიდი ძალა გონივრულად გამოეყენებინა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მეფეს გადამწყვეტი ბრძოლები უხდებოდა საშინაო თუ საგარეო მტრების წინააღმდეგ, როცა იგი დიდმნიშვნელოვან რეფორმებს ატარებდა და როცა განსაკუთრებით სჭირდებოდა ქალაქების, კერძოდ კი თბილისის მხარდაჭერა.

მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დავით მეოთხემ ძლიერი თვითმპყრობელური ხელისუფლება და ერთიანი, ცენტრალიზებული მონარქია შექმნა. ამიერიდან იგი თავის ტერიტორიაზე ვეღარ მოითმენდა ქალაქ-რესპუბლიკების, დამოუკიდებელი ერთეულების არსებობას. გაძლიერებულ სამეფო ხელისუფლებას უკვე შეეძლო თავისი ძველი მოკავშირის დამორჩილებაზე ეფიქრა. ეს ასეც მოხდა: დაიწყო ქალაქებისადმი დამოკიდებულების მეორე ეტაპი - ბრძოლა ქალაქ-რესპუბლიკების, კომუნების გაუქმებისათვის, დამორჩილებისათვის.

დავით აღმაშენებელმა თბილისის შევიწროება და მისი შემოერთებისათვას ნიადაგის მომზადება უკვე 1120 წლიდან დაიწყო. ქალაქის დამოუკიდებლობას რეალური საფრთხე შეექმნა; თბილისის იმდროინდელმა ხელისუფლებამ, „ქალაქის უხუცესებმა“, მათმა საბჭომ და „ქალაქის თავადმა“ კარგად იგრძნეს ეს საშიშროება და ყოველნაირად შეეცადნენ თავიდან აეცდინათ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე. საამისო დამხმარე ძალების ძიება თბილისის თავკაცებმა საქართველოს მეზობელ ძლიერ მაჰმადბან მფლობელებში დაიწყეს. ამ მხრივ ფრიად საინტერესო ცნობა აქვს დაცული ჩვენს მიერ ზემოხსენებულ არაბ ისტორიკოსს ალ-ფარიკის: „მეფე დავითი, მეფე ქართველთა და აფხაზთა, ძლიერ ავიწროებდა მას (თბილისს). მაშინ ისინი (თბილისელები) წავიდნენ სულთან თოღრულთან, რომელიც მაშინ იმყოფებოდა განძასა და არანში (გამგებლად). და მან მისცა მათ (თბილისელებს) შიჰნა (ნაცვალი). საქართველოს მეფის მიერ თბილისელთა შევიწროება მაინც არ წყდებოდა. მაშინ ისინი (თბილისელები და მეფე) შეთანხმდნენ, რათა (ქალაქს მეფისათვის) ყოველწლიურად გადაეხადა ათი ათასი დინარი და რომ თბილასში ყოფილიყო (მეფის) ნაცვალი ათი მხედრით. და დარჩნენ ამ პირობით ცოტა ხანს“. როგორც ამ ცნობიდან ჩანს, თბილისელები განძისა და არანის გამგებლის შემწერბით, მის მიერ თბილისზე მფარველობის ხელის დადებით ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და თავიდან აეცდინათ საქართველოს მეფის შემოტევა; მაგრამ გაძლიერებულ საქართველოს მეფეს სულთან თოღრულის მოქმედებამ უკან ვერ დაახევინა და დავითი თბილისის შევიწროებას ისევ განაგრძობდა. თბილისის თავკაცები იძულებული გამხდარან ეღიარებინათ მეფის მფარველობა, რისი სიმბოლური ნიშანიც „თბილისში მეფის ნაცვლისა და მისი ათი მხედრის გამოგზავნა იყო; მაგრამ, ქალაქი ინარჩუნებდა შინაგან დამოუკიდებლობას და ამის საფასურად მეფისათვის ყოველწლიურად საკმაოდ დიდ თანხას - 10 000 დინარს იხდიდა. ამრიგად, თბილისმა იმჟამად ფაქტიურად იყიდა დამოუკიდებლთბა საქალაქო საქმეების განმგებლობაში.

ეს მხოლოდ დროებითი ღონრსძიება იყო. ასეთი პირობა არ აწყობდა არც საქართველოს მეფეს და არც თბილისის გამგებლებს. ამ პირველი ნაბიჯის შემდეგ დავითი, ცხადია, ქალაქის სრული დამორჩილებისათვას სამზადისს შეუდგებოდა. თბილისის მმართველი ზედაფენა ხედავდა ამას და ცდილობდა გათავისუფლებულიყო მეფის მფარველობისა და აქედან გამომდინარე დაკისრებული ვალდებულებისაგან. ურთიერთობა ქალაქსა და მეფეს შორის სულ უფრთ და უფრო მწვავდებოდა. ამიტომაც თბილისის უხუცესებმა, საქართველოს მეფესთან ასეთი შეთანხმების მიუხედავად, ისევ დაიწყეს ახალი მფარველრს ძიება. ალ-ფარიკის სიტყვით, მათ 1121 წ. თხოვნით მიმართეს ისევ მაჰმადიან მფლობელს. მარდინისა და მაიაფარიკინის პატრონს ნეჯმ-ად-დინ ილღაზის, რათა მოსულიყო და ქალაქი ჩაებარებინა. ამ უკანასკნელმაც დიდძალი ლაშქარი შეკრიბა და თბილისისკენ დაიძრა. შემდეგ ალ-ფარიკი უკვე დიდგორის ბრძოლის  ამბებს გადმოგვცემს.

როგორც ვხედავთ, ალ-ფარიკის მიხედვით, დიდგორის ომის უშუალო მიზეზად იქცა საქართველოს მეფის ბრძოლა თბილისის შემოსაერთებლად. ამას არსებითად ადასტურებს და ავსებს დავითის ისტორიკოსის ცნობებიც. მისი მონაცემებით, დიდგორის ბრძოლა გამოიწვია არა მარტო თურქ-სელჩუკთა საერთო შევიწროებამ, არამედ საქართველოს მეფის ცდამაც თბილისისა და სხვა ქალაქების ხელში ჩასაგდებად. ამიტომ დავითის ისტორიკოსი დახმარების მაძიებლებად აცხადებს არა მარტო „ჭირთაგან შეიწროებულ თურქმანთ“, არამედ განძელ, თბილელ და დმანელ თავკაცებსაც, რომელთაც იგი ამ ქალაქების ვაჭრებად იხსენიებს. ისტორიკოსი წერს: „ესევითართა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანს წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა, შეიღებნეს შავად, რომელთამე პირი და რომელთამე ხელები სრულიად და ესრეთ მოუთხრნეს ჭირნი, მოწევნული მათ ზედა, რომელთა აღძრნეს წყალობად თუისა და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა“.

ამის შემდეგ დავითის ისტორიკოსიც, ალ-ფარიკის მსგავსად, მოგვითხრობს კოალიციური ლაშქრის შედგენისა და დიდგორის ბრძოლის ამბებს. ასე, რომ დავითის ისტორიკოსის ცნობითაც, დიდგორის ბრძოლა გამოუწვევია საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ქალაქთა გამგებლების ელჩობას სულთნის წინაშე.

ზემოხსენებული ცნობიდან ჩანს, რომ საქართველოს მეფე ქ. დმანისის მიმართაც ისეთსავე პოლიტიკას ახორციელებდა, როგორსაც თბილისის მიმართ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ქალაქების დასახმარებლად მასთან კავშირში აღმოჩენილან მეზობელი ქვეყნის ქალაქებიც, ამ შემთხვევაში ქ. განძა (დღევანდელი კიროვაბადი, აზერბაიჯანის სსრ). დავითის ისტორიკოსის ცნობის მიხედვით, თვითმპყრობელი მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ არა მარტო საქართველოს მეფის მიერ საერთოდ შევიწროებული და ქვეყნიდან გაძევებული თურქ-სელჩუკები, არამედ დამოუკიდებელი ქალაქი-კომუნები, მათი კავშირი - „ქალაქთა კავშირი“. ეს გახდა დიდგორის ბრძოლის უშუალო მიზეზი. ასეთი ბრძოლა ქალაქებს, მათ კავშირებსა და მეფის ხელისუფლებას შორის არა ერთი იცის შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ისტორიამ.

ქალაქ-რესპუბლიკების გაერთიანებული ძალები მაინც საკმარისი არ ჩანდა საქართველოს მეფის შემოტევისაგან თავდასაცავად და ამიტომ სთხოვეს მათ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, კერძოდ იმას, ვინც ისედაც უპირისპირდებოდა ძლიერების გზაზე განუხრელად შემდგარ საქართველოს სამეფოს. თურქთა სულთანს საქართველოს მეფესთან თავისი ანგარიშებიც ჰქონდა და საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრების ასეთ ხელსაყრელ მომენტს, როცა ქვეყნის შიგნით ძლიერი ქალაქები მის მომწვევად და დამხმარეებად გამოდიოდნენ, ცხადია, ხელიდან არ გაუშვებდა. სწორედ ამან, ასეთმა ხელსაყრელმა დრომ შემოაბრუნა ილღაზი, როგორც ჩანს, ანტიოქია-იერუსალიმიდან დიდგორისაკენ. სწორედ ამან აიძულა იგი და მისი ვაჟი სულეიმანი, ათარიბის ციხის გამგებელი, ფრანგების წინააღმდეგ ამჯერად (1121 წ. მაისში) პირისპირ ბრძოლას მორიდებოდნენ და, მიუხედავად ზავის მძიმე პირობებისა, საზავო მოლაპარაკება გაემართათ ალეპოს დასაპყრობად გამზადებულ ჯვაროსნებთან.

როგორც ვხედავთ, დიდგორის ბრძოლის ძირითადი და საერთო მიზეზი საქართველოს სამეფოს გაძლიერება იყო. თურქ-დამპყრობლებმა კარგად დაინახეს, რომ საქართველოს სახით ძლიერდებოდა ახალი და არანაკლებ საშიში ძალა, ვიდრე ჯვაროსნები და ბიზანტიელები იყვნენ. ეს ახალი ძალა წარმატებით ერეკებოდა თურქ-დამპყრობლებს არა მარტო საკუთარი, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. ასე, რომ თურქები კარგავდნენ საქართველოსთან ერთად, სხვა მათ მიერ ამიერ-კავკასიაში დაპყრობილ ქვეყნებსაც და საერთოდ პირველობასაც მახლობელ აღმოსავლეთში.

ამას გარდა, სელჩუკების ბრძოლა ჯვაროსნების წინააღმდეგ, მომავალი იერიშები ანტიოქიასა და იერუსალიმზე პირველ რიგში საქართველოს დამარცხებისა და ამ გზით ზურგის უშიშროების უზრუნველყოფის გარეშე ვერ იქნებოდა გარანტირებული. ამრიგად, ახლო აღმოსავლეთში ორი დიდი ძალა უპირისპირდებოდა ერთმანეთს - მზარდი საქართველო და თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო, ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო მათი სამეურნეო, სოციალური (საზოგადოებრივი) თუ სახელმწიფოებრივი წყობა. ამ ორ ქვეყანას შორის ბრძოლა არსებითად იყო ბრძოლა ორ განსხვავებულ სამეურნეო სისტემას შორის - განვითარებულ ინტენსიურ მეურნეობასა და ჯერ კიდევ ნახევრადპატრიარქალურ, ექსტენსიურ, მომთაბარულ-მეჯოგურ მეურნეობას შორის. საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობისა და პროგრესისათვის იბრძოდა, დიდ ხელისშემშლელ დაბრკოლებად იქცეოდა ახლო აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკთა პოლიტიკის წარმატების საქმეში. ამიტომაც თურქებს პირველობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა უკარნახებდა გზიდან ჩამოეცილებინათ საქართველო, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოთ მისთვის.

ასეთი საგარეო სიტუაცია, როგორც ჩანს, კარგად ჰქონდათ შემჩნეული ამ ამბების თანამედროვეებს. გოტიე თავის ქრონიკაში დიდგორის ომის მიზეზად სწორედ ამას, - იმ დროისათვის შექმნილ საგარეო ვითარებას, ასახელებს. მისი სიტყვით, მაჰმადიანთა გაერთიანებულმა ძალამ ილღაზის მეთაურობით ილაშქრა საქართველოში, „რათა მისი (დავითის) დაღუპვის ან განდევნის შემდეგ თავისუფლად და დაუბრკოლებლად შეუდგეს ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანების ამოწყვეტას“. როგორც ჩანს, თურქ-სელჩუკებს სურდათ საქართველოს დამარცხებით მახლობელი აღმოსავლეთი გაეწმინდათ ძლიერი და საშიში მეტოქისაგან; ისინი საამისო ხელსაყრელ ამინდს ელოდებოდნენ და ასეთი ამინდიც მალე დადგა: თვით საქართველოს შიგნით აღმოჩნდნენ ისეთი ძალები, რომელნიც თურქებს დახმარებისათვის იწეევდნენ საქართველოს სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ესენი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ქალაქები იყვნენ, რომელნიც ძლიერი მეფის დამარცხებით ფიქრობდნენ თავიანთი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ასე, რომ რევანისათვის განწყობილ თურქებს ფრიად ხელსაყრელი მომენტი ექმნებოდათ და ამიტომ მათ, როგორც კი საქართველოდან დახმარების მთხოვნელნი გამოჩნდნენ, დაუყოვნებლივ დაიჭირეს თადარიგი და დიდი ლაშქრობის მოწყობა გადაწყვიტეს.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ყველაფერი ეს მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოს სამეფო ხელისუფლებისათვის: დავითის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა აუცილებელს ხდიდა თურქ-სელჩუკებთან გადამწყვეტ ბრძოლას, ამას მოითხოვდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სიძლიერის შენარჩუნების ინტერესები, თვით საქართველოს ბრძოლა პირველობისათვის მახლობელ აღმოსავლეთში.

ამრიგად, ორი დიდი ძალის შეჯახება ორივე მხარისათვის გარდაუვალი ჩანდა.

 

IV

დიდგორის ბრძოლა

1. მოწინააღმდეგეთა ლაშქარი, მისი შედგენლობა

იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება, როგორც აღვნიშნეთ, თურქ-სელჩუკებსა და საქართველიას სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების - თბილისის, დმანისის და განძის - თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძეელი ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და ზემოდასახელებული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შემდგარა.

ვის მიმართეს დახმარებისათვის თურქებმა და ქალაქების წარმომადგენლებმა? ამ კითხვაზე საისტორიო წყაროებს სხვადასხვაგვარი ცნობები აქვთ დაცული; ასე მაგალითად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, „შეიწრებულნი თურქმანნი“ და მოქალაქეთა წარმომადგენლები „წარვიდეს სულტანს წინაშე და ყოველსა სპარსეთსა“, ე.ი. ისინი პირველ რიგში სულთანს ხლებიან, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულან და სხვა მაჰმადიანი მფლობელებისათვისაც მიუმართავთ. ისტორიკოსის განცხადება „წარვიდეს... ყოველსა სპარსეთსა“ სწორედ ამაზე მიუთითებს. სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის მახედვით კი, შავტანაცმლიანი და თავდაუხურავი ელჩები „გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან ქალაქ განძაკში მელიქთან ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას. ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის (კაბადოკიის) ქვეყანაში ამირა ხაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე“...

მათე ურჰაელის მიერ მოხსენიებული სულთანი მელიქი უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ კოალიციური ლაშქრას მონაწილედ მოხსენიებული და სულთნის ძედ მიჩნეული მელიქი. ასე რომ, მათეს ცნობით, თბილელთა და სხვათა წარმომადგენელთა ერთ ნაწილს პირველ რიგში განძაში მყოფი მალიქისათვის მიუმართავს, ხოლო მეორე ნაწილს - ამირა ღაზისათვის, არდუხის ძისათვის. მათე ურჰაელის ღაზი არდუხის ძე იგივეა, რაც სხვა წყაროების ილღაზი არდუხის ძე.

განსხვავებულ ცნობას იძლევა აგრეთვე ალ-ფარიკიც, რომლის მიხედვითაც, „თბილასის ხალხი წავიდა ნაჯ,-ად-დინ-ილღაზთან და სთხოვა მას მოსულიყო და ჩაებარებინა ქალაქი“. ლაშქრობის მთავარ ინიციატორად ილღაზის მიიჩნევს გოტიეც. როგორც ვხედავთ, ზემომოტანილ ცნობათა შორის ერთგვარი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს ადვილად ასახსნელია და ამ ცნობათა ურთიერთ შეთანხმებაც მოსახერხებელია.

როგორც ირკვევა, უპირატესობა ამ შემთხვევაში ქართულ წყაროს, დავითის ისტორიკოსს, უნდა მიენიჭოს. ცხადია, უფრო სარწმუნოა, რომ თბილისისა და სხვა წარმომადგენლებს უშუალოდ სულთნისათვის მიემართათ, ვიდრე განძის მფლობელ მალიქის - ტაფარის ძისათვის, ან კიდევ ილღაზასათვის, რომელიც, მართალია, სახელგანთქმულ მეომრად იყო მიჩნეული, მაგრამ მაჰმადიან მფლობელებში ისეთი გავლენა ვერ ექნებოდა, როგორიც თვით სულთანს. ამას გარდა, სწორედ სულთანი შეიძლებოდა ყოფილიყო კოალიციური (გაერთიანებული) ლაშქრის შემდგენელი. მას ექნებოდა უფლება სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელთა მოწოდებისა და ერთი დროშის ქვეშ მათი თავმოყრისა.

ამრიგად, უდავოა, რომ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა დახმარება პირველ რიგში სთხოვეს სულთანს, ერაყის სელჩუკიანთა იმდროინდელ გამგებელს მაჰმუდ მოჰამედის ძეს (1117-1131 წწ.). ეს იყო მაჰმადიანთა ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი. ყურადსაღებია აგრეთვე დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის ცნობები, რომელთა მიხედვით, თბილისელთა წარმომადგენლები არ დაკმაყოფილებულან მარტოოდენ სულთანთან მისვლით და სხვა მაჰმადიან მფლობელებთან „ყოველ სპარსეთსა“ თუ „არაბთა ოლქებში“ თვით უშუალოდ გაუმართავთ მოლაპარაკება.

ადვილი ასახსნელია ალ-ფარიკისა და გოტიეს მცირე უზუსტობაც, როცა ისინი ამ საქმის მთავარ ინიციატორად ილღაზის მიიჩნევენ; როგორც ჩანს, ალ-ფარიკიმ და გოტიემ თბილელთა ელჩობის შედეგად საქართველოსაკენ დაძრული კოალიციური ლაშქრობის სათავეში მყოფი ილღაზი ჩათვალეს იმ პიროვნებად, რომელსაც „თბილისის ხალხმა“ დიდგორის ბრძოლის წინ მიმართა თხოვნით.

სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძე მაშინვე გამოეხმაურა თბილელთა თხოვნას და სასწრაფოდ დიდი ლაშქრის ორგანიზაციის თადარიგი დაიჭირა. მან მაჰმადიან მფლობელთა ერთ ნაწილს მოუწოდა, ხოლო მეორეთ უბრძანა: „ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს“ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში.

ვინ იყვნენ ისინი, რომელთაც სულთნის ამ მოწოდებითა თუ ბრძანებით კოალიციურ ლაშქარში თავი მოიყარეს? ჩვენს წყაროებს ამ მხრივაც დაცული აქვთ საინტერესო ცნობები. დავითის ისტორიკოსის მიხედვით, „სულტანმა მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყის ძეს და მოსცა ძე თუისი მალიქი და ყოველი ძალი მისი, და აჩინა სპასალარად ელღაზი ძე არდუხისი... და უბრძანა... ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხეთისა ამირთა“ მონაწილეობა მიეღოთ ლაშქრობაში. ამრიგად, დავითის ისტორიკოსას ცნობით, სულთნის მოწოდებითა და ბრძანებით, საქართველოს წინააღმდეგ უნდა გაერთიანებულიყვნენ დურბეზ სადაყის ძე, სულთნის ძე მალიქი თავისი ძალით, ათაბაგი განძისა „მისითა ძალითა“ და სომხეთის ყველა მაჰმადიანი ამირა. გაერთიანებული ლაშქრის სარდლად კი სულთნის მიერ დანიშნული იყო ილღაზი ძე არდუხისი.

მათე ურჰაელის ცნობითაც, საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო ილღაზი არდუხის ძემ, მისმა სიძემ არაბთა მეფემ საღა ტუპაისის ძემ [1] და განძის სულთანმა მელიქმა ტაფარის ძემ. კოალიციური ლაშქრის მონაწილეთ ჩამოთვლის ალ-ფარიკიც; მისი სიტყვით, ილღაზთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდნენ: დუბეის სადაყას ძე, რომელსაც თან ახლდნენ ყადი ელმ-ად-დინი და მისი შვილი აბულ-ფათთხი, ქ. მარდინის მაშინდელი ყადი და ვეზირი თამამ-იბნ აბდუნი. აი, ასეთი შემადგენლობით მოსულან ისინი არზრუმში. სულთანი ტოღრული მოსულა განძას მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინიდან უნდა დაძრულიყო. ამ უკანასკნელს კოალიციის მონაწილედ ასახელებს ალ-ჯაუზიც.

ისტორიკოსი იბნ ალ-ასირიც, ილღაზისა და დუბეისის გარდა, დიდგორის ბრძოლის მონაწილეებად მიიჩნევს მელიქ თოღრულს მოჰამედის ძეს და მის ათაბაგს ქენ-თოღდის.

როგორც ვხედავთ, სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძეს დიდი სამზადისი ჩაუტარებია და საქართველოს წინააღმდეგ მოუწვევია მაშინდელი მახლობელი აღმოსავლეთის ცნობილი და გავლენიანი მფლობელები. გაერთიანებული ლაშქრობის მოთავეთა შემადგენლობა, ზემოგანხილული წყაროების ურთიერთ შეჯერების შემდეგ, ამგვარად წარმოგვიდგება:

ა) ნეჯმ ად-დინ ილღაზი, სულთნის მიერ ბაღდადის გამგებლად დანიშნული, აუღებლად მიჩნეული ციხის მარდინის მფლობელი, ალეპოს დამპყრობი, ხოლო 1121 წლიდან მაიაფარიკინის გამგებელი ილღაზი, დავითის ისტორიკოსის დახასიათებით, იყო, „კაცი დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე“, „ზვიადსა და ძლიერს“ უწოდებს მას მათე ურჰაელი; „უაღრესი ამპარტავნებით თავგასულად“ მიაჩნია იგი გოტიესაც. ილღაზმა, როგორც სარდალმა, დიდად გაითქვა სახელი ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით 1119 წელს. ამიტომაც აირჩია იგი სულთანმა მაჰმუდმა გაერთიანებული ლაშქრის სპასალარად.

ბ) დურბეიზ (დუბეის სადაყას ძე), ქალაქ ჰილას (მდ. ევფრატზე) პატრონი, დავითის ისტორიკოსსსა და მათე ურჰაელის სიტყვით, „არაბეთის მეფე“. „ეს იყო, - წერს მათე ურჰაელი, - კაცი გულადი და მებრძოლი. მან დაატყვევა ქ. ბაღდადი და სამი ბრძოლა გადაიხადა სპარსთა სულთანთან - ტუფასთან... მან კარვით დაიბანაკა ეთიოპიასა და ინდოეთს შორის და მაშინ მოვიდა და დაესიძა სპარსთა ამირა ღაზის“. მართლაც, დიდგორის ბრძოლის ერთი წლით ადრე, დუბეისს ცოლად შეურთავს ილღაზის ასული გოჰარ ხათუნი; ალბათ, ამგვარი დამოყვრებაც იყო ერთი მიზეზი იმისა, რომ დუბეისი ილღაზის მოწოდებას მაშინვე გამოეხმაურა და აქტიური მონაწილეობაც მიიღო მისი სარდლობით მოწყობილ ბრძოლაში.

გ) თოღრულ მოჰამედის ძე, ყაზვინის, ზენჯანის, გილანის და სხვათა, ხოლო 1121-22 წლებში არანისა და განძის გამგებელი; სიცოცხლის ბოლო სამ წელს სულთანადაც იყო; იბნ ალასირი მას მელიქ თოღრულ მოჰამედის ძედ იხსენიებს. სწორედ ეს მელიქ თოღრული უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ „სულთნის ძედ“ მიჩნეული მელიქი და მათე ურჰაელის მიერ ქალაქ განძაკში მყოფ სულთანად დასახელებული მელიქი ტაფარის ძე. დიდგორის ომის წინ ქ. განძას სწორედ მელიქ თოღრული ფლობდა. ამავე დროს ეს მელიქ თოღრული იყო მოჰამედის ძე, ე.ი. ძმა იმდროინდელი სულთნის - მაჰმუდისა. იქნებ დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირვანდელ ხელნაწერში ასეც ეწერა: სულთანმა „მოსცა ძმა თავისი მალიქი“ და არა „ძე თავისი მალიქი“, როგორც ეს ამ თხზულების შემდეგდროინდელ გადანაწერებშია. თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება - ძმა სულთნისა მალიქი სხვა არავინ შეიძლება იყოს, თუ არა მელიქ თოღრული.

სულთან მაჰმუდს ჰყავდა ძეც, მელიქშაჰად წოდებული, მაგრამ იგი ამ დროს დაბადებულიც არ იქნებოდა და, ცხადია, დავითის ისტორიკოსი მას ომის მონაწილეთა შორის ვერ დაასახელებდა. ამრიგად, ქართულ და სომხურ წყაროებში მოხსენიებული „სულთნის ძე მალიქი“, ან კიდევ, განძის სულთანი მელიქ ტაფარის ძე ნამდვილად არის არაბული წყაროების მელიქ თოღრული მოჰამედის ძე [2]. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: თოღრული დიდგორის ბრძოლის დროისათვის სულ თორმეტიოდე წლისა ყოფილა და, ცხადია, მისი პირადი მონაწილეობა ლაშქრობაში უფრო ფორმალური იქნებოდა. თოღრულის ლაშქარს ამ დროს სათავეში, ალბათ, მისივე ათაბაგი, ქენ-თოღდი ედგა, წყაროებში განძის ათაბაგად და ლაშქრობის მონაწილედ მოხსენიებული. ამიტომაცაა, რომ თოღრულის უშუალო მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში ზოგ მკვლევარს საეჭვოდ ეჩვენება.

დ) თუღან არსლან კუზიანი, თურქი ამირა, ბითლისისა და არზანის პატრონი და ქ. დვინის დამპყრობი.

ე) განძის ათაბაგი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს განძის იმდროინდელი მფლობელის თოღრულის ათაბაგი ქენ-თოღდი. განძის ათაბაგი არა მარტო თოღრულის ლაშქარს უძღვებოდა, არამედ მას ჰყავდა საკუთარიც. დავითის ისტორიკოსის ცნობით, სულთანმა მას უბრძანა „მისითა ძალითა“ გამოსვლა.

ვ) დავითის ისტორიკოსი შემთხვევით არ მოიხსენიებს ლაშქრობის მონაწილეთა შორის „ყოველთა სომხეთისა ამირათა“, ე.ი. სომხეთის ტერიტორიის წვრილ-წვრილ მაჰმადიან გამგებლებს, ამირებს, მათაც სულთნის ბრძანებით ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.

ზემოდასახელებულთა გარდა, კოალიციურ ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ დუბეისთან ერთად ამ მიზნით არზრუმში (ერზერუმში) მოსულთა და დაბანაკებულთ: ყადს ელმ-ად-დინ-იბნ ჯაბრის, მის შვილს, ქ. მარდინის ყადს აბულ-ფათხის და ვეზირს აბუ-თამამ-იბნ-აბდუნას, მაგრამ ყადი და ვაზირი, ალ-ფარიკის ცნობით, არზრუმში წაკიდებულან, კოალიციურ ლაშქარს ჩამოსცილებიან და არზრუმშივე დარჩენილან.

ამრიგად, სულთანს მართლაც თავი მოუყრია ყველასათვის - „სადაც ვინ იყო... მხედრობად შემძლებელი“ და მის სათავეში ამდროისათვის სახელმოხვეჭილი და დიდი გამოცდილების მქონე, მრავალომგადახდილი სარდალი ილღაზი ჩაუყენებია. ილღაზი, ცხადია, სულთნის სახელით მოქმედებდა და ყველა ზემოხსენებული გავლენიანი მფლობელი თუ სარდალი, მისი დროშის ქვეშ გაერთიანებული, მის განკარგულებებსა და ბრძანებებს უნდა დამორჩილებოდა.

უკანასკნელ ხანებში საისტორიო-სამეცნიერო ლიტერატურაში ეჭვის ქვეშ დადგა ზოგ ზემოდასახელებულ პირთა მონაწილეობა დიდგორის ომში. კერძოდ, ასეთი ეჭვი გამოთქვა ინგლისელმა მეცნიერმა ვ.მინორსკიმ, რომელმაც თავის წერილში - „კავკასია მაიაფარიკინის ისტორიაში“ - გამოაქვეყნა ალ-ფაიკის ცნობების ინგლისური თარგმანი და გზადაგზა, შენიშვნებში, დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებული ბევრი საკითხიც გაარკვია. კერძოდ, მან საეჭვოდ მიიჩნია თოღრულისა და თუღან-არსლანის მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში. მისი აზრით, თოღრულისა და მისი ათაბაგის აჯანყება სულთან მაჰმუდის წინააღშდეგ იყო ის მიზეზი, რთმელმაც ჩაშალა მათი მონაწილეობა ამ ბრძოლაში. რ.კიკნაძის მოსაზრებითაც, „მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრობა ქართველების წინააღმდეგ ნაწილობრივ მაინც ჩაშლილა... ქართველთა პირისპირ დარჩა მხოლოდ ნემჯ-ედ-დინი (ილღაზი) თავისი სიძითურთ“. ჯერ ერთი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ყველა წყარო (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი, იბნ ალ-ასირი და თვით ალ-ჯაუზიც კი) [3] ერთხმად მიუთითებს თოღრულის მონაწილეობას ამ ომში. მათე ურჰაელი, რომელიც კარგად იცნობდა დიდგორის ბრძოლის ამბებს, თოღრულს დიდგორის ველზე დამარცხებულთა და თავიანთ ქვეყანაში სამარცხვინოდ გაქცეულთა შორისაც ასახელებს.

გარდა ამისა, ის აჯანყება, რომელზედაც ვ. მინორსკი მიუთითებს, ჩვენი აზრით, მაინცდამაინც ხელს არ შეუშლიდა თოღრულს მონაწილეობა მიეღო საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში; როგორც ირკვევა, თოღრული და მისი ათაბაგი ქენ-თოღდი 1120 წლის დეკემბერსა და 1121 წლის იანვარში აჯანყებულან. ამ დროს დაუპყრიათ მათ განძაც და სანამ ქენ-თოღდი ცოცხალი იყო, ე.ი. 1121 წლის დეკემბრამდე, როგორც ჩანს, სულთნისაგან არც ისე შევიწროებულნი ყოფილან. კიდევ მეტი, სულთნისაგან გამდგარ ძმას, თოღრულს ზოგიერთი სულთანსაც კი უწოდებდა და დახმარების სათხოვნელად უშუალოდ მას მიმართავდა. მათე ურჰაელის ზემოხსენებული ცნობის მიხედვით, დავით აღმაშენებლის მიერ არაერთგზის დამარცხებულმა თურქ-სელჩუკებმა სწორედ ამ დროს მასაც მიმართეს დახმარებისათვის ქ. განძაში.

საგულისხმოა შემდეგი გარემოებაც. ალ-ჯაუზის ცნობით, ილღაზმა წერილები მისწერა სხვადასხვა ქვეყნებში თუღან არსლანს, სულთან თოღრულს და სხვებს. როგორც ჩანს, სულთან თოღრულს ლაშქრობაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა არა თვით სულთანმა, როგორც ამას დავითის ისტორიკოსი წერდა, არამედ ილღაზმა; ეს ცნობა სარწმუნო უნდა იყოს. სუღთანი მისგან გამდგარ ძმას ამ ლაშქრობაში მონაწილეობას ვერ უბრძანებდა, ილღაზს კი ამის საფუძველი ჰქონდა: ილღაზთან ერთად ბრძოლაში მიდიოდა მისი სიძე დუბეისი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იარაღით დახმარება აღმოუჩინა თვით თოღრულს სულთნის წინააღმდეგ აჯანყების დროს. ახლა კი, როცა სიძე-სიმამრს მისი დახმარება სჭირდებოდა, თოღრული ამაზე უარს არ იტყოდა, მით უფრო, რომ თბილისელ ვაჭართა მიერ ის თვითონ იყო მიწვეული ქალაქზე მფარველობის ხელის დასადებად და საქართველოს მეფის წინააღმდეგ ლაშქრობის მოსაწყობად.

როგორც აღვნიშნეთ, დიდგორის ბრძოლის მონაწილე დუბეის სადაკას ძე, ილღაზის სიძე, 1120 წლის დასასრულს აჯანყებულ თოღრულს მიემხრო. სულთანმა დუბეისის დასჯა გადაწყვიტა და 1121 წლის დამდეგს კიდევაც დაიძრა მის წინააღმდეგ დიდი ლაშქრით. დუბეისი გაიქცა და სიმამრს შეაფარა თავი. მაგრამ ყოველივე ამას დუბეისისათვის ხელი არ შეუშლია, თავისი 10 000-იანი ლაშქრით მონაწილეობა მიეღო დიდგორის ბრძოლაში. ცხადია, სულთნისაგან განდგომა 1120 წლის დასასრულს ვერც თოღრულს შეუშლიდა ხელს, 1121 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიეღო დიდგორის ომში, მით უფრო. რთმ თოღრულის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა სულთანმა სწორედ დიდგორის ომის შემდეგ, 1121 წლის დეკემბრიდან, ქენ-თოღდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო და 1122 წლის მარტში თოღრულის დამორჩილებით დაამთავრა.

დიდგორის ველზე თოღრულის დამარცხებამ და მისი მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურებამ თავის მხრივ კიდევაც შეუწყო ხელი სულთან მაჰმუდს გამდგარი ძმის თოღრულის ასე მალე დამორჩილებაში.

ამრიგად, ზემოდასახელებულ წყაროთა ერთობლივი მითითება დიდგორის ბრძოლაში თოღრულის მონაწილეობის შესახებ სანდოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ჩვენი აზრით, დიდგორის ველზე ქართველთა პირისპირ იდგნენ არა მარტო ილღაზი და მისი სიძე, არამედ თოღრული და მისი ათაბაგი ქენ-თოღდი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქრით.

როგორც აღვნიშნეთ. ვ. მინორსკი ეჭვის ქვეშ აყენებს აგრეთვე მუსლიმანთა კოალიციურ ლაშქარში თუღან არსლანის მონაწილეობასაც. მართალია, დიდგორის ომის მონაწილედ თუღან არსლანს ჩვენს მიერ ზემოდასახელებულ ავტორთაგან მხოლოდ ალფარიკი და მასზე დამყარებული ალ-ჯაუზი ასახელებენ, მაგრამ ვ.მინორსკის დაეჭვების საფუძველი ამ შემთხეევაში იმდენად მცირეა, რომ არ გვგონია იგი ალ-ფარიკის უტყუარი ცნობების შესასწორებლად გამოდგეს.

ყველაფერ ზემოაღნშნულს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ სხვა დასახელებულ მაჰმადიან მფლობელთა მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში საეჭვოდ არ არის მიჩნეული, ადვილი წარმოსადგენი იქნება საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის ფართო მასშტაბი; ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ამ ლაშქრობაში მოხმობილი უკლებლივ იღებდა მასში მონაწილეობას. თვით თურქ-სელჩუკთა შინაგანი წინააღმდეგობანი, ურთიერთბრძოლა და დაპირისპირება, როგორც ზემოთ ვნახეთ, ერთსულოვანი გაერთიანების შესაძლებლობას არ იძლეოდა. ამიტომ იყო, რომ ზოგი ადრე ჩამოცილდა კოალიციას, ზოგიც საერთოდ არ შეერთებია მას. მაგრამ ფაქტია, რომ უმთავრეს ძალას ილღაზის მეთაურობით 1121 წლის 10 აგეისტოს თბილისის მისადგომებისათვსს მიუღწევია.

დიდგორის ომში მონაწილეობის მისაღებად მოწოდებუღთა ვინაობის გარკვევის შემდეგ საჭიროა დაახლოებით მაინც განვსაზღვროთ მათ მიერ გამოყვანილი ლაშქრის რაოდენობა. ეს მეტად საინტერესო საკითხიც ისევ ძველი წყაროების მიხედვით უნდა გავარკვიოთ, თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ზოგ ძველ ისტორიკოსს არც აქვს საამისო ცნობა, ზოგი კიდევ გაზვიადებულ, დაუჯერებელ მონაცემებს გვთავაზობს; ასე, რომ, ჩვენ ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობა გვექნება.

დავითის ისტორიკოსი არაფერს ამბობს არც მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისა და არც საქართველოს ჯარის რაოდენობის შესახებ, მაგრამ მისი ცნობიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდძალი ლაშქარი დაძრულა; მისი სიტყვით, მტრის ლაშქარი ყოფილა „სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა... რომელ თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. მაჰმადიანთა „დიდი ლაშქრის თავმოყრის“ შესახებ წერს აგრეთვე ალ-ფარიკიც, თუმცა არც იგი მიუთითებს მის რაოდენობაზე.

კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ ცნობები მოეპოვებათ სომეხ ისტორიკოსებს, იბნ-ალ-ასირსა და გოტიესაც.

მათე ურჰაელთს სიტყვით, ილღაზმა „ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე, ყოველი ტომი თურქმანთა, ბერძენთა ქვეყნიდან ვიდრე აღმოსავლეთისაკენ ყოველი კარმიანი და ქმნა რიცხვი თავისი ჯარისა ასორმოცდაათი ათასი“. ასე რომ, მარტო ილღაზს, მათეს ცნობით, 150 000 მოლაქრე გამოუყვანია, მის მიერ მოწოდებულ „არაბთა მეფეს“ დუბეისს ათი ათასი და მოკავშირენი 160 000-იანი ლაშრით განძაში დაბანაკებულან. იმავე ისტორიკოსის ცნობით, განძაშივე „მოვიდა სულთანი მელიქი (ე.ი. თოღრული მოჰამედის ძე) ოთხასი ათასი მხედრით, გულადი კაცებით. ისინი დაიძრნენ საშინელი სიმრავლით და შევიდნენ ქართველთა ქვეყანაში ქალაქ თბილისის მხარეს“. ამრიგად, თუ მათე ურჰაელს დავუჯერებთ, მაჰმადიან მფლობელთა გაერთიანებული ლაშქრის რიცხვს 560 000-ისათვის მიუღწევია [4]. ეს მონაცემები სწორი არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, იგი გაზვიადებულია. დაუჯერებელია, რომ ამ სამ მაჰმადიან მფლობელს ასე დიდი ლაშქრის გამოყვანა შესძლებოდა.

კიდევ უფრო გაზვიადებულია ანტიოქიის სამთავროს კანცლერის გოტიეს მონაცემები. მისი ცნობით, „ალეპოდან წამოსულმა ილღაზიმ შეკრიბა თურქმანეისა და არაბების ურიცხვი ჯარი, როდესაც მან ნახა შეკრებილთა სიმრავლე, უაღრესი ამპარტავნობით თავგასულმა გადაწყვიტა, ერთ ხორასნელ სულთანთან ერთად მოეწყო ლაშქრობა დავით მეფის წანააღმდეგ... სულთანი და თვით ილღაზი ექვსასი ათასი მეომრით სალაშქროდ შევიდნენ მეფის ქვეყანაში“. როგორც ვხედავთ, მათე ურჰაელისა და გოტიეს მონაცემებს შორის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არ არის - მათე 560 000 მოლაშქრეს ასახელებს, გოტიე კი 600 000-ს.

სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს სხვა ისტორიკოსთა ისეთი სანდო მონაცემები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემდა დაგვეზუსტებინა კოალიციური ლაშქრის მონაწილეთა რაოდენობა. იბნ-ალ-ასირის თხზულების არაბულ დედანში მხოლოდ „ათასი“ წერია, მაგრამ რამდენი ათასი, აღნიშნული არ არის. ზოგი მცვლევარი იბნ-ალ-ასირის ამ ნაკლულ ტექსტს, ალ-ჯაუზის მიხედვით, 30 000-ით აღადგენს, ზოგი კიდევ 300 000-ით. ასე, რომ იბნ-ალ-ასირის ცნობა ზემომოტანილ მასალათა საკონტროლოდ არ გამოდგება. ასევე, საამისოდ არ გამოდგება XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სმბატ სპარაპეტას მონაცემებიც, რომელთა მიხედვით ამირა ილღაზს საქართველოში 150 000-იანი ჯარით ულაშრია. როგორც ჩანს, სმბატ სპარაპეტი საკუთრივ ილღაზის მიერ გამოყვანილ მოლაშქრეთა რაოდენობის მითითებით დაკმაყოფილებულა. 

უდავოა, რომ მათე ურჰაელისა და გოტიეს ცნობები კოალიციური ლაშქრის რაოდენობრს შესახებ გაზვიადებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარმილიონიანი თუ ექვსასათასიანი ლაშქარი თრიალეთ-მანგლის-დიდგორის სანახებში არა თუ ვერ გაიშლებოდა საბრძოლველად, ვერც კი დაეტეოდა: მაგრამ ამავე დროს ისიც უდავოა, რომ მოწინააღმდეგის ლაშქარი ბევრად, რამდენიმეჯერ, აღემატებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ამ ბრძოლაში გამოყვანილ ლაშქარს. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ასეა თუ ისე, ყველა მონაცემიდან სავსებით აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მახედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს. ამაზე ერთხმად მიუთითებს ჩვენს მიერ ზემოგანხილული ყველა წყარო, როგორც ქართულ-სომხურ-ლათინური, ასევე თვით არაბულიც.

ახლა იმასაც შევეხოთ, თუ საიდან და რა გზით მოდიოდა ეს კოალიციური ლაშქარი. დავითის ისტორიკოსს მხოლოდ ის აქვს აღნიშნული, რომ მტრის ურიცხვი ლაშქარი, „ვითარცა ქვიშა ზღვისა“, მოვიდა „თრიალეთს, მანგლისსა და დიდგორს“. მათე ურჰაელის ზემომოტანილი ცნობიდან კი ჩანდა, რომ როგორც ილღაზი დ დუბეისი, ასევე სულთანი მელიქი (თოღრული) განძიდან დაძრულან და იქიდან „საშინელი სიმრავლით შევიდნენ ქართველთა ქვეყანაში ქ. თბილისის მხარეს, მთაში, რომელსა ქვია დეკორ (დიდგორი)“.

ამ საკითხის შესახებ სხვა ცნობა აქვს ალ-ფარიკს. მისი მოცემებით არზრუმიდან ილღაზი გაემართა „ყარსისაკენ და შევიდა იქ (საქართველოში) თრიალისით (თრიალეთით). შეიკრიბა დიდი ლაშქარი, სულთანი თოღრული მოვიდა განძის მხრიდან, ხოლო ფახრად-დინ თუღან არსლან კუზიანი - დვინის მხრიდან და იარა ამ ლაშქარმა იმდენი, რომ მასსა და თბილისს შორის დარჩა მთა ნახევარდღის სავალი“. ამ ცნობით, დიდგორთან შეყრილი კოალციური ლაშქარი აქ სამი მხრიღან მოსულა: ყარსიდან თრიალეთის გზით, განძიდან და დვინიდან. ამ ცნობიდან ისიც ნათელია, რომ თბილისიდან ნახევარი დღის სავალზე იმყოფებოდა არა მარტო ილღაზის ლაშქარი, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, არამედ სულთანი, თოღრული და თუღან არსლან კუზიანიც თავისი ჯარებით.

ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ეს ლაშქარი ქართლში მანგლის-თრიალეთის გზით არის შემოსული. ამ მხრივ სავსებით სწორია დავითის ისტორიკოსი. უძველესი დროიდან შიდა ქართლში შესვლა სწორედ ამ გზით შეიძლებოდა. ამ გზას არა მარტო იმ დროისათვის, არამედ შემდეგაც - XIX საუკუნეშიაც, დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ; როგორც ნ.ბერძენიშვილი მიუთითებს, „მანგლისს ფრიად ხელსაყრელი ადგილი უჭირავს. მანგლისის მხარე ეკვრის შიდა ქართლს, თბილისს, სომხით-საბარათიანოს და წალკა-ჯავახეთს. იმყოფება რა ალგეთის, თეძმის, კავთურას და ვერეს გამოსავლებში, მანგლისის ხეობა სტრატეგიულად ბატონობს აღნიშნულ მხარეზე... სომხითიდან შიდა ქართლში, ჯავახეთიდან კახეთში უმოკლესი გზები სწორედ მანგლისზე გადიოდა“. ამიტომ იყო, რომ ვინც კი ამ გზით ფიქრობდა საქართველოს დამორჩილებას. მანგლისზე გადმოვლით მოდიოდა. სწორედ აქედან უნდა იყოს შემოსული, ნ.ბერძენიშვილის ვარაუდით, „თურქ-სელჩუკთა კოალიცია დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ“.

ლაშქრის თავმოყრა მანგლის-დიდგორში 1121 წლის აგვისტოს ათ რიცხვამდე უნდა მომხდარიყო. მართალია, დავითის ისტორიკოსი 12 აგვისტოს ასახელებს მათი მოსვლის თარიღად, მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს თარიღი თვით ბრძოლისა უნდა იყოს და არა კოალიციური ლაშქრის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა.

ჩვენ, სამწუხაროდ, არავითარი ცნობა არ გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნასა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონისძიებანი. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად.

გოტიეს სიტყვით, „მეფე დავით ოთხმოცი ათასი... მეომრით.... იდგა ერთ ხეობაში - ორს მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში“. როგორც მტრის, ისე ქართველთა ლაშქრის რაოდენობა გოტიეს გაზვიადებულად უნდა ჰქონდეს მოცემული. ამ მხრივ უფრო სარწმუნო ჩანს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც არა მარტო ლაშქრის რაოდენობის, თვით მისი შემადგენლობის შესახებაც გვაძლევს ფრიად საინტერესო ცნობებს. დავით მეფე, წერს მათე ურჰაელი, ბრძოლის ველზე „მივიდა თურქთა ჯარების წინააღმდეგ ორმოცი ათასი ძლიერი და გულადი კაცით და გამოცდილი მეომრით. მას ჰყავდა სხვა ჯარებიც ყივჩაღთა მეფისაგან, თხუთმეტი ათასი გულადი და რჩეული, ხოლო ალანთა ტომისაგან ხუთასი კაცი და ფრანგი ასი“ [5]. ასე, რომ დავით აღმაშენებლის ლაშქრის რაოდენობა, ამ ცნობის მიხედვით, 56 000-იც კი არ ყოფილა.

ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა; როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია: ორმოცი ათასი ძლიერი და გამოცდილი მოლაშქრე „სამეფთ სპის“ ნაწილს შეადგენდა და, ცხადია, საკუთრივ ქართველებისაგან იყო შედგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელმა როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, ყივჩაყთა 40 000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა. ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15 000 ყივჩაყი გამოუყვანია. და ეს შემთხვევითი არ იყო. როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ „სამეფო სპას“, ქართველთა ლაშქარს თვლიდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ გადამწყვეტ ბრძოლასთან ჰქონდა საქმე. თურქთა წინააღმდეგ მართლაც მხოლოდ რჩეული, უკვე ყოველმხრივ მისანდობ ყივჩაყთა გამოყვანა თუ შეიძლებოდა.

საქართველოს ლაშქრის მესამე ნაწილს „როქის სპას“, ალანთაგან (ოსთაგან) დაქირავებული ჯარი შეადგენდა. შემთხვევითი არ იყო ხუთასი ოსი მოლაშრის დაქირავება და საამისოდ თანხის გაღება მაშინ, როცა მეფეს რეზერვში ოცდახუთი ათასი მუდმივი მოლაშქრე ყივჩაყი ჰყავდა. ესეც, ცხადია, დავითის სათანადო ტაქტკური გეგმის მიხედვით იყო გაკეთებული და გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.

გარკვეული მიზნით იყვნენ შეყვანილნი ქართველთა ლაშქარში, თუმცა არც ისე დიდი რაოდენობით, „ფრანგებიც“. მათე ურჰაელი ამ ომში ასი „ფრანგის“ მონაწილეობის შესახებ წერს, გოტიე კი ორას „ფრანგს“ ასახელებს. როგორც ჩანს, „ფრანგები“ მართლაც მონაწილეობდნენ ამ ომში [6]. „ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, საერთოდ „ევროპელებს“ ეძახდნენ. ასე, რომ ეს ფრანგები იმ ევროპელ ჯვაროსანთა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ამ დროს მახლობელ აღმოსავლეთში ბრძოლები ჰქონდათ თურქ-სელჩუკებთან. ევროპელ რაინდებს, „ფრანგებს“ დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ მხრივ და მათი მონაწილეობა ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ცხადია, სასარგებლო იქნებოდა. ამასთანავე, მათი მონაწილეობა დიდგორის ომში იმ ურთიერთობითაც იყო გამოწვეული, რაც ამ დროსაც ჯვაროსნებსა და ქრისტიანულ საქართველოს შორის არსებობდა. თუკი ადრე ჯვაროსნების წარმატებები თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში ხელს უმართავდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ამჟამად უკვე გაძლიერებული საქართველოს შეტევით ომებს საერთო მტრის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელიაბა ჰქონდა ჯვაროსნებისათვის. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს სამეფოს სამზადისი თურქებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ჯვაროსნებს მხედველობიდან არ გამორჩენოდათ და მასში ერთგვარი მონაწილეობაც მიეღოთ.

როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებლის მიერ ყველაფერი წინასწარ იყო მოფიქრებული და გაკეთებული გამარჯვების უზრუნველსაყოფად. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, ომის წინ „მეფემან დავით, უშიშარმან და ყოვლად უძრავმან გულითა... წინა განაწყო სპა მისი. ყოველი საქმე შვენიერად და ღონიერად იყო, რაბამ რამე უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო“. მსოფლიოს „ბრძენთა ენა ვერ შემძლებელ არს მოთხრობად ზედმიწევნით ყოველსავე“, რაც იმ დროს მეფემ გააკეთაო - წერდა დავითის ისტორიკოსი.

 

2. „ძლევაჲ საკვირველი“

1121 წლის აგვისტოს ათისათვის თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის ძირითად ძალებს თრიალეთ-მანგლის-დიდგორის მიდამოები, მისი ყველა ძირითადი გზა და მისადგომი დაკავებული ჰქონდათ.

კოალიციური ლაშქრის ნაწილმა, როგორც ირკვევა, წალკის მხარეში, მანგლისსა და დიდგორში დაიბანაკა, მეორე ნაწილმა, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიჭირა. ასე რომ, მტრის ლაშქრით გაივსო როგორც ქვემო, ასევე ზემო დიდგორი. რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით - „დიდგორნი“. დიდგორის ველი შესაყრელ პუნქტად მტერმა შემთხვევით არ შეარჩია - აქეთკენ მოემართებოდა არაერთი გზა და გადასასვლელი. კლდეკარი საიდანაც ერთი გზა დიდგორისაკენაც მოდიოდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო ქართლისაკენ მიმავალი დამპყრობელისათვის, დიდგორიდან მტერს გზა ეხსნებოდა თბილისისაკენ; ზოგი ძველი ისტორიკოსის მიხედვით, მტრის ლაშქრის დიდგორთან შეკრება - თბილისის კართან შეკრებას ნიშნავდა. ამას გარდა, აქედან მათ შეეძლოთ, მცხეთის შემოვლით, გასვლა შიდა ქართლში და დავითის ლაშქრის გარემოცვა. გამარჯვების შემთხვევაში ისინი თბილისისაკენ აიღებდნენ გეზს. აქედან თბილისამდე კი მხოლოდ ნახევარი დღის სავალი იყო. ერთ ძირითად მიზანს, როგორც აღვიშნეთ, ამ ქალაქის ხელში ჩაგდება შეადგენდა.

საქართველოს სამეფოს ლაშქარი დავით აღმაშენებლის მთვარსარდლობით დიდგორის ველს, როგორც ამაზე მითითებულია ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში, ნიჩბისის საკმაოდ გაშლილი ხევით მიუახლოვდა. სწორედ ნიჩბისის ხევს მიჰყვება გზა დიდგორ-მანგლისასკენ. ეს ხეობა უნდა ჰქონდეთ მხედველობაში მათე ურჰაელსა და გოტიეს, როცა ისინი ქართველთა ლაშქრის ორ მთას შორის დაბანაკებისა და აქ გამართული ბრძოლის შესაბებ მოგვითხრობენ. გოტიეს მიხედვით, დავითის ლაშქარი დაბანაკებული იყო „ორ მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში, რომლის მიმართულებითაც მტერი აპირებდა შეტევას“. როგორც ალ-ფარიკის ცნობიდან ირკვევა, საქართველოს ლაშქრის ერთი ნაწილი დავითის მემკვიდრეს, დემეტრეს, სარდლობით ერთ ამ მთათაგანს აფარებდა თავს და იქიდან აპირებდა მოულოდნელ თავდასხმას. პირველი ბრძოლა ძირითად ნაწილს უნდა მიეღო, აქ კი თვით დავითი იდგა. მას, ალ-ფარიკის სიტყვით, დასავლეთიდან უნდა შეეტია. ამრიგად, ყველაფერი მზად იყო გადამწყვეტი ბრძოლისათვის.

გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. მას თვით ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში. სამწუხაროდ, ჩვენ არავითარი შესაძლებლობა არ გვაქვს შევამოწმოთ, თუ რამდენად შეეფერება ეს ამბავი სინამდვილეს და რამდენად სწორადაა იგი ჩაწერილი, მაგრამ მის მოტანას აქ მაინც საჭიროდ მივიჩნევთ, მით უფრო, რომ ბევრ მკვლევარს გოტიეს ამ ცნობის სისწორეში ეჭვი არ ეპარება და ზოგ მათგანს დავითის ამ სიტყვის გოტიესეული ტექსტი ქართული მჭევრმეტყველების ნიმუშების კრებულშიც კი აქვს შეტანილი. აი, ეს სიტყვაც: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებასა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ“.

ამ სიტყვაში, რომელიც ძირითადად მოწოდებაა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ ქრისტიანთა თავდადებული ბრძოლასაკენ, ისტორიკოსისათვის ბევრი რამ არის ღირსშესანიშნავი. აქედან ჩანს, რომ დავითის ლაშქარი დაბანაკებულა ხეობაში, რომლის ვიწრო შესასვლელიც ხეთა ხორგებით შეუკრავთ [7]. ამით მეფეს თავისი ლაშქრისათვის უკანდახევის ეს ერთადერთი შესაძლებლობაც მოუსპია. ეტყობა დავითს თავის ლაშქარში ჯერ კიდევ ეგულებოდა ისეთები, რომელთათვის მარტოოდენ ღვთის სიყვარული თავდადებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. უცხო ტომის (ყივჩაყების) მოლაშქრეებს კი არც ქვეყნას, საქართველოს, სიყვარული აღაფრთოვანებდათ მაინცდამაინც თავდადებისათვის. ამიტომაც სჭირდებოდა დავით აღმაშენებელს თავისი ლაშქრისათვის უკანდასახევი გზის წინასწარ მოჭრა. მართლაც, ამგვარი ღონისძიესის შემდეგ მებრძოლებს ან უნდა გაემარჯვათ, ანდა მტრისადმი ზურგშეუქცეველი სიკვდილით დაემტკიცებინათ თავიანთი თავდადება ღვთისა და მეფისათვის.

ამავე დროს ეს ღონისძიება მეფის ლაშქრის ზურგსაც უვნებელყოფდა. ჯებირები მნიშვნელოვნად შეაფერხებდა ამ მხრიდან მტრის მხედრობის მოსალოდნელ იერიშებს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ხის ხორგებრსა და ჯებირების გაკეთებას საკმაო დრო, მრავალრიცხოვანი მუშახელი და მასალა დასჭირდებოდა.

საისტორიო წყაროებში დიდგორის ბრძოლის დაწყების დღე და რიცხვი სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი. ასე მაგალითად, დავითის ისტორიკოსის თხზულების XV და XVIII საუკუნეების გადანაწერებში 18 აგვისტოა დასახელებული, ხოლო XVII საუკუნისა და XVIII საუკუნის ზოგ გადანაწერში - 12 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსის თხზულების ძველ სომხურ თარგმანში, რომელიც მკელევართა აზრით, XII საუკუნეშივეა შესრულებული, აგრეთვე 12 აგვისტოა მითითებული. როგორც ჩანს, დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირველ ხელნაწერში სწორედ 12 აგვისტო ყოფილა. ამ მოსაზრებას ამაგრებს მათე ურჰაელის მონაცემებიც. ურჰაელი არა მარტო თვეს და რიცხვს, ბრძოლის დღესაც კი ასახელებს, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს უფრო დავაზუსტოთ სხვადასხვა წყაროთა მონაცემები. ურჰაელის თხზულების ერთი (1869 წლის) გამოცემის მიხედვით, ბრძოლა მომხდარა 1121 წლის 15 აგვისტოს. „ღვთისმშობლთს მარხვის ხუთშაბათს დღეს“, მეორე, 1898 წლის გამოცემის მიხედვით კი - 13 აგვისტოს, ხუთშაბათს; როგორც ჩანს, მათე ურჰაელას თხზულებასაც დავითის ისტორიკოსის თხზულების ბედი გაუზიარებია, მას შემდეგდროინდელ გადამწერებს რიცხვები აურევიათ, რადგან, ხუთშაბათი დღე არ ყოფილა 1121 წლის არც 15-სა და არც 13 აგვისტოს; ხუთშაბათი დღე ამ წლის აგვისტოს ზემოდასახელებული რიცხვებიდან (12-დან 18-მდე) 11-12-სა და 18-19 აგვისტოზე მოდიოდა. მაგრამ, რაკი 18-სა და 19 აგვოსტოს „ღვთისმშობლის მარხვა“ უკვე დამთავრებული იყო, ზემოდასახელებულ რიცხვთა შორის „ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათ დღედ“ მხოლოდ 12 აგვისტო შეიძლება მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ ამასვე გვთავაზობს დავითის ისტორიკოსის თხზულების დედანი და მასი უძველესი სომხური თარგმანიც.

ამრიგად, დიდგორას ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს დაწყებულა. ზოგიერთი მონაცემებით, შეტევაზე პირველად მუსლიმანთა კოალიციური ლაშქარი გადმოსულა: „მყისვე, - წერს გოტიე, - ხეობის მეორე ნაწილში, ანუ ფრონტზე მოლაშქრეთა ძლიერი ყიჟინით, ცხენთა და აბჯართა უკიდურესი ხმაურით, ურჯულოთა ზარდამცემი ბაირაღებით გამოჩნდნენ (მტრები). და მთა და ბარიც ბანს აძლევდა სხვადასხვა საკრავების ხმაურს. მაგრამ მეფე დავითი ასეთ კადნიერებას უბრალო მოთმინებით შეჰყურებდა, თავისიანებს ამხნევებდა და ანუგეშებდა მამაცი სულით... ცოტა ხნის შემდეგ ეს ურიცხვი სიმრავლე, ამპარტავნობის სულით აღტყინებული, საშინელი ყვირილით თავს დაესხა მათ“.

სხვა ისტორიკოსთა (მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი, იბნ-ალ-ასირი) ცნობით კი, შეტევაზე პირველად ქართველთა ლაშქარი გადასულა და ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს კიდევ ერთი ტაქტიკური ხერხისათვის მიუმართავს. თუ იბნ-ალ-ასირს დავუჯერებთ, როცა ორივე მოწინააღმდეგე ლაშქარი საომრად გამწკრივდა, საქართველოს მხედრობას 200 ყივჩაყი გამოეყო და მტრის რაზმისაკენ გაემართა. მაჰმადიანთა ლაშქრის სარდლობას ეგონა, ყივჩაყებმა ალბათ მეფეს უღალატეს და შეწყალების სათხოვნელად მოდიანო. ამიტომ ისანი დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში, მაგრამ ყივჩაყებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომართა ხოცვა დაიწყეს. ეს სავსებით მოულოდნელი იყო მოწინააღმდეგისათვის. ასეთმა ხერხმა, ცხადია, მტერი დააბნია.

დავით IV ფრესკა გელათში (XVI საუკუნე)

მას ბევრი საერთო აქვს სპილენძის მონეტასთან და
სინას მთის წმ. გიორგის ხატის პორტრეტულ
გამოსახულებასთან. როგორც ჩანს, გელათში ადრევე
ყოფილა დავითის ფრესკა, როემლიც XVI საუკუნეში
მხოლოდ განუახლებიათ, აღუდგენიათ.

აი, რას წერს თვით იბნ-ალ-ასირი: „ყივჩაყები შეერივნენ მათ ჯარს და მშვილდ-ისრის სროლა დაუწყეს. მუსლიმანთა ჯარების წინა რაზმები აირივნენ. უკან მდგომ რაზმებს ეგონათ დავმარცხდითო და გაიქცნენ. თავდავიწყებით გარბოდნენ მუსლიმანნი და ასე ეჩქარებოდათ განსაცდელიდან თავის დაღწევა, რომ ერთმანეთზე გადადიოდნენ და ბევრიც დაიხოცა“.

იბნ-ალ-ასირის მიერ მოთხრობილი ეს საინტერესო დეტალი არ აქვთ აღნიშნული არც დავითის ისტორიკოსსა და არც მათე ურჰაელს. გოტიეს ერთ ცნობაში სწორედ ეს ფაქტი, ორასი მეომრის მეწინავეობა და თავდადება უნდა იგულისხმებოდეს, ოღონდ მას, როგორც ევროპელს, ყველაფერი ეს იმ ორასი „ფრანგისათვის“ (ჯვაროსნასათვის) მიუწერია, რომლებიც იმ დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში იბრძოდნენ. მოვუსმინოთ თვით გოტიეს: „მეფემ თითოეული რაზმი დააწყო, ხოლო ორასი ფრანგი მეომარი დააყენა მოწინავეებად, პირველ დაკვრათა მოსახდენად.... (და მტერიც) ეცემოდა ძირს ფრანგების ხელისაგან და უწესრიგოდ იფანტებოდა. როგორც ჩანს, გოტიეს, „ფრანგების“ დამსახურების გაზვიადებით დაინტერესებულს, ალბათ, თავისებურად გადაუკეთებია იმდროინდელი საისტორიო წყაროებით თუ გადმოცემებით შენახული ცნობა დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლის დროს გამოყენებული ტაქტიკური ხერხის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ამ ტაქტიკურმა ხერხმა სამხედრო ხელოვნების ისტორიის მკვლევართა ყურადღება მიიქცია. ა.სტროკოვს, მეფის მიერ მტრის ბანაკში არც ისე დიდი რაზმის (200 მეომარი) საგანგებო დავალებით გაგზავნა და მათი უეცარი თავდასხმა მტერზე, იმ ერთ-ერთ ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართველთა ლაშქრის წარმატებას თურქთა ორივე ფლანგზე თავდასხმის დროს.

ჩვენ საეჭვოდ არ მიგვაჩნია, რომ „მეფემან დავით, უშიშარმან და ყოვლად უძრავმან გულითა“, მართლაც, გამოიყენა ასეთი ეფექტური ხერხი. ცნობილ ქართველ სარდლებს დავითის შემდეგაც მიუმართავთ ასეთი ტაქტიკისათვის; მაგალითად, ერეკლე მეორემ დიდი ბრძოლა აზატ-ხანთან 1751 წელს ამგვარად მოიგო. ასე რომ, ეს ტაქტიკური ხერხი უცხო არ იყო ქართული სამხედრო ხელოვნებისათვის. მაგრამ სხვა საქმეა, თუ ვის მიანდო დავითმა ამ დიდი და საძნელო საქმის განხორციელება, ვას მისცა ასეთი საგანგებო დავალება? ცხადია, საეჭვოა, რომ ეს დიდმნიშვნელოვანი ოპერაცია, რომელიც ქვეყნისა და მეფისათვის თავგანწირვას მოითხოვდა, ყივჩაყებისათვის და მით უფრო „ფრანგებისათვის“ (ჯვაროსნებისათვის) მიენდო; აღსანიშნავია ისიც, რომ იბნ-ალ-ასირი დავითის ლაშქარს საერთოდ „ყივჩაყთა ლაშქარს“ უწოდებდა და მხოლოდ ამიტომ იხსენიებდა ამ ლაშქრიდან გამოყვანილ 200 მებრძოლს ყივჩაყებად.

ამრიგად, არც ისე დიდი რაზმის მოულოდნელმა თავდასხმამ ერთხანს დააბნია მტერი. ამავე დროს, საქართველოს ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის ერთი ნაწილი თვით მეფის სარდლობით ნიჩბისის ხევით, ალ-ფარიკის ცნობით, დასავლეთიდან უტევდა მტერს; ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე დავითის ძე დაეშვა თავისი ლაშქრით და მთის ძირში საომრად დაწყობილ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს მედგრად შეუტია. „იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთებიც იძახოდნენო (ხმაურობდნენო)“- წერს მათე ურჰაელი. როგორც კი ბრძოლა შენივთდა, შეიკრა და გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს გადაიხარა, მტრის ლაშქრის დიდმა ნაწილმა ზურგი შეაქცია ბრძოლის ველს. შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს: „რამეთუ პირველსავე ომსა (პირველივე შეტაკების დროს) იოტა (აიყარა) ბანაკი მათი და ივლტოდა (გაიქცაო)“. ასევე წერს მათე ურჰაელიც, ბრძოლის შეკვრისას (ქართველებმა) გააქციეს თურქთა მთელი ჯარიო.

თუ დავითის ასტორიკოსს დავუჯერებთ, ეს სისხლისმღვრელი ბრძოლა რაღაც სამ საათამდე გაგრძელებულა; იგი წერს: „მეფისა დავითისი ესეოდენთა (ასე მრავალრიცხვან მოლაშქრეთა) მიმართ წინაგანწყობა (შეტევა) სამ ჟამადმე იყო (სამ საათამდე გაგრძელდა) და ვერცა პირველსა კუეთებასა (შეტაკებას) შეუძლეს წინადაგომად“-ო.

თურქ-სელჩუკთა დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი ნახა: „იმ დღეს, - წერს მათე ურჰაელი, - იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნეს  მტრის გვამებითო. მუსლიმანთა ლაშქრის დიდი ნაწილის ამოწყვეტის შესახებ მიუთითებს თვით ალ-ფარიკიც: „მოიკლა მუსლიმანთაგან უთვალავი რაოდენთბა და დარბეული იქნენო“. იბნ-ალ-ასირის სიტყვებითაც, „მაჰმადიანთა ლაშქრის უმეტესთბა დაიღუპა ბრძოლის ველზე“. „აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითაო“, - წერს დავითის ისტორიკოსიც; დახოცილთა შორის, მისივე სიტყვით, იყვნენ „სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი“. მაჰმადიან მოლაშქრეთა დიდი ნაწილი კი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა.

დიდგორის ბრძოლის აღმწერ ისტორიკოსებს ზოგიერთი ცნობა აქვთ დაცული თურქ-სელჩუკთა ლაშქრის ზარალის საერთო რაოდენობის შესახებაც. რა თქმა უნდა, დაუჯერებელია გოტიეს ცნობა, რომლის მიხედვითაც ამ ბრძოლის დროს საქართველოს „მეფის მახვილით მოისპო ოთხასი ათასი კაცი“. ასევე, სარწმუნო არ არის ამ მხრივ მათე ურჰაელას მონაცემებიც. მისი სიტყვით, „იქმნა რიცხვი თურქთა ამოწყვეტილი ჯარისა ორმოცი ბევრი (400 000), ხოლო შეიპყრეს ოცდაათი ათასი კაცი“. საერთოდ კი, მათეს ცნობით, მტრის ყოველი ათასი მოლაშქრიდან ასიც კი არ დარჩენილა ცოცხალი და გაუქცეველი. მართალია, ალ-ფარიკი არ მიუთითებს დატყვევებულთა რაოდენობაზე, მაგრამ მისი ზოგადი ხასიათის ცნობიდანაც კარგად ჩანს, რომ ქართველებს ტყვედ ჩავარდნიათ „მუსლიმანთა და არაბთა აურაცხელი რაოდენობა“, ისე რომ დიდგორის ბრძოლიდან ოცდათორმეტი წლის შემდეგაც, ალ-ფარიკის თბილისში ყოფნის დროს, ზოგი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ქართველთა ლაშქარს ტყვედ წამოუყვანია არა მარტო უბრალო მოლაშქრენი, არამედ მათი სარდლებიცა და გოლიათებიც. დავითის ისტორიკოსი აღფრთოვანებული წერდა: „გლეხებმაც კი ნახეს, როცა ქართველ მოლაშქრეებს არაბთა მეფეები მოჰყავდათ ტყვედ, ხოლო ტყვედ წამოყვანილ სხვა გოლიათებზე სიტყვის თქმა რაღა საჭიროა“.

რა თქმა უნდა, დიდგორის ბრძოლამ დაჭრილებისა თუ დახიცილების სახით ბევრი ქართველი, ყივჩაყი, თუ ოსი მოლაშქრეც შეიწირა. მაგრამ საქართველოს ლაშქრის დანაკლისი, მტრის ჯარის დანაკლისთან შედარებით, იმდენად მცირე ყოფილა, რომ არც ერთ ძველ ასტორიკოსს მისი აღნიშვნა საჭიროდაც არ მიუჩნევია. დავითის ისტორიკოსი იმასაც კი წერს, რომ მეფემ „თვისნი სპანი დაიცვნა უვნებლად“, ყოველგვარი მნიშვნელოვანი ზარალის გარეშეო.

საქართველოს ლაშქარმა მრავალრიცხოვან ტყვეებთან ერთად დიდძალი ალაფიც (ნადავლი) იგდო ხელთ. მათე ურჰაელის სიტყვით, მტრის უპატრონო „ცხენებისა და დაყრილ იარაღ-საჭღრვლისაგან დაიფარა ყოველნი პირნი ველთანი“. ალ-ფარიკიც კი იძულებულია აღნიშნოს: ამ ომში „მათ (ქართველებმა) დიდძალი სიმდიდრე წაართვეს მუსლიმანებს“-ო. ამ ნადავღძა თვით მოლაშქრენი და სამეფო ხელისუფლება დაეუფლა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „ხოლო სპანი ჩუენნი და უფროსად (უფრო მეტად) ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, სრა-ფარდაგებითა და სხვათა უცხოთა ჭურჭლებითა (იარაღებითა) საბრძოლველითა თვითო სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა [8], სასმურთა ტურფათა (ძვირფასთა) და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზრეულოთათა - რომელმან ქარტამან (ქაღალდმა) და მელანმან დაიტიოს აღწერად“ ყველაფერი ის, რაც ამ დროს ქართველების მიერ ნადავლის სახით იქნა აღებული. ვახუშტი ბაგრატიონი კიდევ აღნიშნავდა: „ალაფთა მრავალრიცხოვნობის შესახებ არაფერს ვამბობთ, რადგან გლეხებიც კი ოქრო-ვერცხლის გარდა სხვას არ აიღებდნენ ნადავლისაგან“-ო.

ამ მრავალრიცხოვან ნადავლთა შორის მრავლად იყო ბრძოლის მონაწილე მთავარსარდალთა, დიდ მაჰმადიან მფლობელთა პირადი ნივთებიც. ფრიად საინტერესო ცნობა დაუცავს ამ მხრივ თამარ მეფის (1178-1213 წწ.) პირვეღი ისტორიკოსს, ცნობილი თხზულების - „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ - ავტორს.

თამარის ეს ისტორიკოსი დიდგორის ბრძოლის ამბებს იხსენიებს საქართველოს ლაშქრის მიერ 1195 წელს შამქორის ომში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების აღწერის დროს და სხვათა შორის აღნიშნავს: თამარმა იწყო შამქორის ბრძოლის შემდეგ მოპოვებული ნადავლის შეწირვა. „დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა (გელათისა ღმრთისმშობლისა, მსგავსად მამის პაპისა (ე.ი. დავით აღმაშენებლისა) მათისა“, რომელსაც დიდგორის გაქცევის (ე.ი. ბრძოლის) შემდეგ დურბეიზ სადაყის ძის ქედისაგან (კისრისაგან) მოძარცული ძვირფსსი თვლებით შემკული ოქროს მანიაკი შეუწირავს ამავე მონასტრისთვისო“.

როგორც ჩანს, დიდგორის ბრძოლაში დამარცხებული და გზადაბნეული „არაბეთის მეფის“, დუბეისასათვის ქართველ მოლაშქრეებს კისრიდან მოუგლეჯიათ მისი მფლობელის სიძლიერისა და სიზვიადის მაუწყებელი ძვირფასი, მოთვალულ-მომარგალიტებული ყელსაბამი, რომელიც ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად დავით აღმაშენებელს გელათის მონატრისათვის შეუწირავს.

თამარის ისტორიკოსის ამ საინტერესო ცნობიდან ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ მძიმე განსაცდელში აღმოჩენილა „არაბთა მეფე“ - იგი მხოლოდ სასწაულებრივ შემთხვევას გადაურჩენია სამარცხვინო ტყვეობისაგან.

დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული ნადავლის ნაწილის გელათის მონასტრისადმი შეწირვის შესახებ ცნობას გვაწვდის თვით დავითის ისტორიკოსიც. მისი სიტყვით, მეფემ ახლად აშენებულ გელათს სხვა მრავალ „ყოვლად დიდებულ“ და „ძნელად საპოვნებელ ნივთთა“ გარდა, უხვად შესწირა „იავარად მოხმულნი“ (ნადავლად აღებული), „დიდთა და ხორასანთა მეფეთა ტახტნი, საყდარნი (მისაყრდნობელიანი სასხდომები), კიდელნი ფერადაფერადი და კვალად გვირგვინნი და მანიაკი... რომელნი მოუხუნა (წაართვა) მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თვით იგინიცა ტყვედ მოიყვანნა, მასვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა სახსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკვირველისა“. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში დავითის ისტორიკოსს პირველ რიგში მხედველობაში აქვს დიდგორის ბრძოლის მონაწილე „მეფენი არაბეთისანი“ და ამ ბრძოლაში მოპოვებული მართლაც „ძლევაჲ საკვირველი“ (გამარჯვება). როგორც ვხედავთ, დავითს გელათისათვის „გამარჯვების სამადლობელად“ და „ღვთის სახსენებლად“ შეუწირავს დიდგორის ბრძოლაში როგორც „იავარად მოხმული“ ნივთები, ასევე ტყვეებიც.

ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წლის 12 აგვრსტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ მოწინააღმდეგის დამარცხება დიდგორას ველზე ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მასზე საბოლოო გამარჯვებას. ეს კარგად ესმოდათ ამ დიდ წარმატებათა ორგანიზატორებს და ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელმა გადაწყვიტა, კვალდაკვალ მიჰყოლოდა ზურგშექცეულ მტერს, რათა მისთვის დაქსაქსული და დამარცხებული ძალების ხელახლა გაერთიანებისა და შემოტევის შესაძლებლობა არ მიეცა.

გაქცეული, თუ უკანდახეული მტრის დევნით დიდგორის ბრძოლის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეტაპი დაიწყო. აქაც გამოჩნდა დიდი მხედართმთავრის ნიჭი და უნარი. დავითის ისტორიკოსის ცნობით, მეფე „მეოტთა (გაქცეულებს) სიმარჯვითა და განკრძალულად (ფრთხილად) სდევნიდა“. დამარცხებული და უწესრიგოდ უკანდახეული მტრის დევნა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. მათე ურჰაელის მიხედვით, ქართველთა და ყივჩაყთა ლაშქარმა რვა დღე, ქალაქ ანისის საზღვრამდე სდია ილღაზის დაქსაქსულ ჯარებს და დიდი ზიანი მიაყენა მას. გოტიეს სიტყვით კი, დევნა თითქოს მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა და მტერმა ამ დროს გაცილებით მეტი ზარალი ნახა, ვიდრე თვით ბრძოლის ველზე. იბნ-ალ-ასარსაც არ გამორჩენია მხედველობიდან ყოველივე ეს და საგანგებოდ მითითებული აქვს კიდეც, რომ ქართველებმა თურქებს 10 ფარსაგის [9] მანძილზე სდიესო.

როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქარს მართლაც მოუხერხებია დევნილი მტრის სრული დამარცხება და განადგურება. ისე რომ, მათმა სარდლებმა, თვით ილღაზიმაც კი, ვერ შესძლეს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძალის შემოკრება და დამარცხებული, ბრძოლაში დაჭრილი მთავარსარდალი, თავის სიძესთან ერთად, თვით ალ-ფარიკის ცნობით, მხოლოდ ოციოდე მხედრითურთ დაბრუნებულა თავის ქვეყანაში.

ილღაზის დაჭრისა და სამარცხვინო გაქცევის შესახებ წერენ როგორც მათე ურჰაელი, ისე გოტიე. ამ უკანასკნელის მიხედვით, „თვით ილღაზი, თავში დაჭრილი, თითქმის ყველა თავისიანის სიკვდილის თვითმხილველი... გადარჩა, მცირე პირთა თანხლებით და უსაჭურვლო და სანახევროდ მკვდარი დაბრუნდა სახლში, არაბთა მეფის (დუბეისის) დახმარებით“. ასევე დამარცხებული და სირცხვილეული დაბრუნდნენ ილღაზთან ერთად, მათე ურჰაელის სიტყვით, სხვა სარდლებიც: „ძლივს მოახერხეს რა გაქცევა, სპარსთა სულთანი მელიქი (თოღრული) და ხაზი (ილღაზი) დაბრუნდნენ დიდად შერცხვენილნი თავიანთ ქვეყანაში“.

ამრიგად, როგორც დიდგორის ველზე, ასევე მტრის კვალდაკვალ დევნისა და ხოცვის დროს ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანმა ლაშქარმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. თურქ-სელჩუკთა დადმა კოალიციურმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება იგემა არა მარტო დიდგორის ველზე, საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, მათ მიერვე დაპყრობილ ტერიტორიაზე.

დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვება პირველ რიგში, ცხადია, იყო ქართველი ხალხის გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თვითმყოფობისათვის ბრძოლაში, მაგრამ იგი ამასთანავე ეხმაურებოდა ამიერკავკასიისა და საერთოდ კავკასიის ხალხთა საერთო ინტერესებს, მათ ერთობლივ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ. ამიტომაც იყო, რომ კავკასიის ხალხებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ბრძოლის მოგებაში. ქართველთა ლაშქარში შედიოდა საქართველოს მფლობელობასა და გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მოსახლეობაც: ყივჩაყები, ოსები, სომხები, შირვანელები და სხვა.

დიდგორის ბრძოლა მოიგო საქართველოს სამეფოს ლაშქარმა, მათმა თავგანწირულმა ბრძოლამ და იმ მშრომელმა მოსახლეობამ, რომელმაც უზრუნველყო ეს ლაშქარი ცხენებით, იარაღ-საჭურვლით, სურსათ-სანოვაგითა და ყველაფერი იმით, რაც საჭირო იყო გამარჯვებისათვის.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაშქრის ხელმძღვანელობას, სარდლობას; ამ მხრივაც საქართველო ლაშქარი უნაკლო იყო: მის სათავეში იდგა ძველი საქართველოს ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავარი და უდიდესი მოღვაწე დავით მეოთხე, აღმაშენებელი.

ზემოთქმულის შემდეგ ყველა საღად მოაზროვნე მკითხველში გაოცებას გამოიწვევს გოტიეს ცნობისადმი მინდობილი ზოგი ისტორიკოსის მოსაზრება დიდგორის ველზე გამარჯვებაში „ორასი ფრანგისათვის“ გადამწყვეტი როლის მიკუთვნების შესახებ.

აი, რას წერდა ს. კაკაბაძე დიდგორის ბრძოლის 820 წლისთავისადმი მიძღვნილ, ჩვენს მიერ ზემოხსენებულ, წერილში: „გოტიეს ამ მეტად საყურადღებო ცნობაში განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის ადგილი, სადაც ავტორი ამბობს, რომ ომის ბედი ორასმ ფრანგმა (ევროპელმა) გადაწყვიტა. ეჭვს გარეშეა, აქ იგულისხმებიან ევროპელი რაინდები, რომელნიც დავითის სამსახურში იმყოფებოდნენ და რომელნიც მოქმედებდნენ ქართველ რაინდებთან ერთად. მათი რიცხვი რამდენიმე ასი და შესაძლებელია, ერთი - ორი ათასი ყოფილიყო (იგულისხმებიან მძიმედ შეიარაღებული და საუკეთესოდ გაწვრთნილი რაინდები). მართლაც. სავსებით შესაძლებელია, რომ დიდგორის ბრძოლაში ამ მძიმედ შეიარაღებულ რაინდებს გადამწყვეტი როლი შეესრულებინოთ, მაგრამ მარტო ეს, რასაკვირველია, არ კმაროდა. საჭირო იყო სათანადო მხედართმთავრობაც“.

როგორც ვხედავთ, ს. კაკაბაძე სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, დიდგორის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი მიაკუთვნოს მძიმედ შეიარაღებულ იმ ორას (თუნდაც ერთ-ორ ათას) „ფრანგს“, ჯვაროსანს, რომელიც ამ დროს დავითის ლაშქარში ითვლებოდა.

ჩვენ ზემოთ უკვე მივუთითეთ, თუ როგორ აზვიადებდა გოტიე ყველაფერს და განსაკუთრებით კი „ორასი ფრანგის“ როლს დიდგორის ბრძოლაში. ყველა ისტორიკოს-მკვლევარისათვის ეს ადვლად შესამჩნევია და განა ვინმე დაიჯერებს, რომ იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაყი და 500 ოსი, გამარჯვება მოეპოვებინოს მხოლოდ 200 „ფრანგს“, თუნდაც მძიმედ შეიარაღებულს და ისიც იმ „ფრანგებს“ (ჯვაროსნებს), რომელნიც, უფრო მრავალრიცხოვანნი, არაერთხელ სასტიკად დაუმარცხებიათ სწორედ დიდგორსს ბრძოლის წინა წლებში თურქ-სელჩუკთა არც ისე მრავალრიცხოვან მოლაშქრეებს. გოტიეს ცნობის ასე უკრიტიკოდ განმეორება, მისი ფრიად საყურადღებოდ და სანდოდ გამოცხადება სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა დიდგორის სახალხო ბრძოლის მრავალრიცხოვან მონაწილეთა თავგანწირვის და საერთოდ ამ ბრძოლის დიდი მნიშვნელობის შეუფასებლობა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ორასმა მძიმედ შეიარაღებულმა ფრანგმა“ კი არა, საქართველოს ლაშქრის თავგანწირვამ, მოლაშქრეთა მარჯვედ მოქნეულმა ხმალმა, ქართველი გლეხისა და ხელოსნის მარჯვენამ და მამაცი ლაშქრის გონიერმა ხელმძღვანელობამ უზრუნველყო დიდი გამარჯვება დიდგორის გადამწყვეტ ბრძოლაში.

“ძლევაჲ საკვირველი“ - გამარჯვება საკვირველი - ასე უწოდა დავითის ისტორიკოსმა დიდგორის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას. ქართლის გულში შემოჭრილი მრავალრიცხოვანი მტრის განადგურება ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანი ლაშქრით, მართლაც საკვირველი ძლევა იყო.

დიდგორის ველმა, საკვირველი გამარჯვების ადგილმა, დღემდე შეძოინახა 850 წლის წინათ მომხდარი ბრძოლის არა ერთი ნაკვალევი. აღსანიშნავია, რომ მწერალ ლევან გოთუას მიერ გამოქვეყნებული მასალებით, დიდგორის ქედზე, სათოვლიასა და ნაბალირების თავზე აღმართულ მთას ხალხი დღესაც „დავითის მთას“ ეძახის. ეს მთა ამავე სახელწოდებით აღნიშნულია რუკებზედაც. სრულიად სწორად ფიქრობს ჩვენი სახელოვანი მწერალი, რომ მთის ამგვარი სახელი „დავით აღმაშენებელთან და დიდგორის გასარჯვებასთან“ უნდა იყოს დაკავშირებული.

ამას გარდა, დიდგორის უმაღლესი ყორღანი ხელოვნურობის უტყუარი ნიშნების მქონეა; იგი ხალხში შემონახული გადმოცემით, „დიდგორის ბრძოლაში დაღუპულ ძმათა საერთო სამარეა“. დიდგორის ერთ-ერთი მცხოვრების სიტყვით, ამ საერთო სამარეს გამარჯვებულმა „ლაშქარმა აუარ-ჩამოუარა და მუჭა-მუჭა, ზოგმა კი კალთა-კალთა მიაყარა დიდგორის მიწა“ - და ასე შეიქმნა ეს ხელოვნური ბორცვიც.

ეს და სხვა მსგავსი გადმოცემა არ არის საფუძველს მოკლებული - დიდგორის ველი, მისი ბორცვები მართლაც, ალბათ, მრავლად ინახავს ჩვენთვია უცნობ და უსახელო თავდადებულ მებრძოლთა უკვე მტვრად ქცეულ ნაშთსა და იარაღ-საჭურველს. ამ ადგილების არქეოლოგიური შესწავლა, როგორც ზემოთაც ითქვა, მნიშვნელოვან ახალ მასალას შეგვძენდა აქ გამართული ბრძოლისა და მოპოვებული გამარჯვების მრავალი დეტალის დასაზუსტებლად.

შემთხვევითად არ მიგვაჩნია ისიც, რომ „დიდგორობის“ ხალხური ყოველწლიური დღესასწაული აგვისტოში, მაინცდამაინც დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და მარიამობის (15 აგვისტო) მომდევნო კვირას იმართება. იქნებ ეს ხალხური დღესასწაული ამავე დროს იყო „ძლევაჲ საკვირველის“ ყოველწლიური დღესასწაული და დამოუკიდებლობისა და პროგრესისათვის მებრძოლთა - დიდგორის გმირების - ხსოვნასაც ეძღვნებოდა.

 

V

დიდგორის ბრძოლის შედეგები და მნიშვნელობა

1. თბილისის შემოერთება

დიდგორის ველზე მტრის კოალიციური ლაშქრის დამარცხების, მისი საკმაოდ ხანგრძლივი დევნასა და საბოლოოდ განადგურების შემდეგ, დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა თბილისისაკენ. დიდგორის ბრძოლაში მეფემ დაამარცხა არა მარტო თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი, არამედ ამ ქალაქების დამოუკიდებლობაცა და გაერთიანებაც, რომლებიც აქ კოალიციურ ლაშქარს იწვევდნენ დავითის წინააღმდეგ; დიდგორის ველზე არსებითად გადაწყდა თბილისის, დმანისის და სხვა ქალაქთა ბედიც, იწყებოდა მათი დამოუკიდებლობის აღსასრული. მას შემდეგ, რაც საქართველოს ქალაქების კავშირმა (თბილისმა და დმანისმა) ასე დიდი ომი გაუმართა სამეფო ხელისუფლებას, დავითი სავსებით დარწმუნდა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქალაქები უბრძოლველად არ დასთმობდნენ პოზიციებს და, მათ კიდევ ახალი დამხმრე ძალების მოწვევა რომ არ ეცადათ, მეფემ გეზი პირდაპირ თბილისისაკენ აიღო. ასე რომ, ბრძოლა თბილისის და სხვა ქალაქების დასამორჩილებლად არსებითად დიდგოოის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა.

თბილისის შემოერთებისათვის ბრძოლა დავით IV-ის დროს არ დაწყებულა. ბრძოლას თბილისისათვის ხანგრძლივი ისტორია აქვს და მისი ძირითადი ეტაპების მიმოხილვა კიდევ უფრო კარგად და გვანახვებს დიდგორის ბრძოლის ერთი უმთავრესი შედეგის დიდ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.

თბილისის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ხალხის ისტორიასთან. თბილისი, როგორც ქალაქი, წარმოშობის დღიდან (V ს. შუა წლები) არა მარტო ქართლის სამეფოს პოლიტიკური, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიური ცენტრიც იყო.

VIII საუკუნიდან საქართველოში არაბი დამპყრობლების ლაშქრობებმა, ხოლო შემდეგ გაბატონებამ და თბილისის საამიროს ჩამოყალიბებამ ქალაქი ერთხანს მოსწყვიტა ქვეყანას და დააბრკოლა მისი ნორმალური განვითარება; მაგრამ ხალიფატის ფეოდალიზაციისა და თბილისის საამიროს თანდათან გამოცალკევების შემდეგ ქალაქმა ისევ დაამყარა შედარებით მჭიდრო ეკონომიური ურთიერთობა საქართველოს ზოგ კუთხესთან, მეზობელ ქვეყნებთან და ქალაქებთან... თბილისი მალე არა მარტო საქართველოს, მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად იქცა...

X-XI სს. მიჯნაზე წარმოქმნილ ერთიან საქართველოს და მის სამეფო ხელისუფლებას შემდგომი გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის განსაკუთრებით სჭირდებოდა ქალაქები. მათი, კერძოდ თბილისის, გათავისუფლება უცხო დამპყრობთა ბატონობისაგან და შემოერთება დიდად შეუწყობდა ხელს ფეოდალური მონარქიის განმტკიცებას. საქართველოს ქალაქებსაც უკვე ჩამოყალიბებული გაერთიანებული საქართველოს სამეფო ხელისუფლების მფარველობის ქვეშ ყოფნა ერჩიათ უცხოელთა ბატონობას და ამიტომაც ისინი, თავის მხრივ, მხარს უჭერდნენ სამეფო ხელისუფლების მისწრაფებას შემდგომი გაძლიერებისა და განმტკიცებისაკენ.

გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ მნიშვნელოვნად შეავიწროვა თბილისის საამიროს ტერიტორია. თბილისი უკვე საქართველოს მეფის სამფლობელოებით იყო გარშემორტყმული და დღეს თუ ხვალ ქალაქიც მათ უნდა შეერთაბოდა. მაგრამ იგი ჯერ კიდევ მაინც მაჰმადიან მფლობელთა ხელში რჩებოდა. გიორგი I-ის მეფობის დროს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, საქართველოს სამეფოს მთელი ძალები დიდმნიშვნელოვანი საგარეო ამოცანების გადაწყვეტას შეელია და ქართული მიწა-წყლის საბოლოოდ თავმოყრა და შემომტკიცება ვერ დასრულდა - თბილისი გაერთიანებული საქართველოს გარეთ რჩებოდა ისევ.

საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ თანმიმდევრული ბრძოლა თბილისისათვის XI საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. ამ დროს საქართველოში ბაგრატ IV მეფობდა, ხოლო თბილისში ამირა ჯაფარი იჯდა. ქართველმა დიდებულებმა, კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ივანე აბაზასძემ, 1032 წ. თბილისის ამირა შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. საქართველოს მეფეს გზა ხსნილი ჰქონდა თბილისისაკენ. მაგრამ მეფის გაძლიერების მოწინააღმდეგეებმა უასაკო ბაგრატს შეაცოდეს შეპყრობილი ჯაფარი, მისი გათავისუფლება და ისევ თბილისის ამირად დატოვება ურჩიეს. ბაგრატმა მართლაც შეიწყალა ჯაფარი და „გაუტევა ტფილისს ზედა ამირად“.

მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის შემოერთებისათვის ბრძოლა ისევ განახლდა, 1037 წ. ბაგრატ IV-მ თავისი ლაშქრით ალყა შემოარტყა თბლისს. ამჯერად ქართველებმა თბილისის აღება ხანგრძლივი გარემოცვით სცადეს - ალყა ორ წელს გაგრძელდა. თბილისში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ქალაქი უკვე დანებებასაც აპირებდა, როცა ბაგრატ IV-მ, ისევ მოწინააღმდეგე დიდებულთა შთაგონებით, თბილისს უეცრად ალყა მოხსნა და ქალაქს გაეცალა. თბილისი ისევ გასაქცევად გამზადებულ ჯაფარს დარჩა - 1039  წელს ბაგრატ IV-მ მეორედ დაკარგა თბილისის შემოერთების შესაძლებლობა.

1045 წელს თბილისის ამირა ჯაფარი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეთა შორის დაიწყო ბრძოლა თბილისის ხელში ჩასაგდებად. ამით ისარგებლეს ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ჯაფარის მემკვიდრეები ქალაქიდან გააძევეს და ქალაქი თვით დაიჭირეს. თბილისის გამგებლობა ამგვარად „ქალაქის უხუცესების“ ანუ, როგორც ქართველი ისტორიკოსი უწოდებს, „ტფილელი ბერების“ ხელში გადავიდა. მოქალაქენი და მათი ხელისუფალნიც, „ქალაქის ბერებიც“ ამჯერად საქართველოს მეფის მომხრენი აღმოჩნდნენ. გადაწყვიტეს თბილისი ბაგრატ IV-ისათვის ჩაებარებინათ და საქართველოსათვის შეეერთებინათ. ამიტომ მოუწოდეს „ქალაქის ბერებმა“ ბაგრატ IV-ს. საქართველოს მეფე თბილისისკენ გამოემართა; დიღმის ველზე მეფეს მოქალაქენი და ქალაქის უხუცესები შეეგებნენ და იგი დიდი ზეიმით ქალაქში შეიყვანეს: „იყო ხმობა ბუკთა და დუმბულთა ...რომლისა ხმითა იძვროდა ქვეყანა და იყო სიხარული ყოველმხრივ გასაკვირველი“ - მოგვითხრობს ისტორიკოსი. მეფე ქალაქს შემოატარეს, მოქალაქეთა წესისაებრ, ბაგრატ IV-ს თავზე აყრიდნენ ოქროსა და ვერცხლის ფულებს, შემდეგ კი ქალაქის კარებისა და ციხეების გასაღებები ჩააბარეს და ქალაქის ყოფილი ამირას სასახლეში დარბაზში შეიყვანეს. მეფემ ქალაქსა და მის ციხეებში თავისი მოხელეები ჩააყენა, მაგრამ სანამ იგი ქალაქის მეორე ნაწილსაც (მტკვრის მარცხენა, თბილისის გამაგრებულ ნაპირს) შემოიმტციცებდა, ამოქმედდნენ მისი მოწინააღმდეგენი და მეფის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით კლდეკარის ერისთავი აქტიურობდა. მეფე იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და ჯავახეთს გადასულიყო.

XI ს. 50-იან წლებში ბაგრატ IV-მ ერთხელ კიდევ დაიჭირა თბილისი, მაგრამ არა დიდი ხნით. ამჯერადაც ისევ დიდგვაროვანთა წყალობით უკვე მეოთხედ დაკარგა მეფემ თბილისის შემოერთების შესაძლებლობა. ამ დროიდან რამდენიმე წელი ისე გავიდა, რომ საქართველოს მეფეს თბილისის შემოერთებისათვის ბრძოლა არ უწარმოებია. ამ ხნის მანძილზე ქალაქს ისევ, ძველებურად, „ტფილელი ბერები“ განაგებდნენ.

თურქ-სელჩუკების მეორე ლაქრობამ საქართკელოში 1068 წელს კიდევ რამდენიმე წლით გადადო თბილისის შემოერთებისათვის ბრძოლა. ამ ლაშქრობის დროს სულთანმა ალფ-არსლანმა თბილისიც აიღო და თავის მოკავშირეს, განძის იმდროინდელ მაჰმადიან მფლობელს ფადლონს, გადასცა. თბილისს ახალი პატონი გაუჩნდა, მაგრამ ფადლონის ბატონობა ხანმოკლე აღმოჩნდა: ბაგრატ IV-მ შესძლო ხელთ ეგდო ფადლონი. მეფეს ამჟამად არავინ უშლიდა ხელს, რომ თბილისი საბოლოოდ საქართველოსათვის შემოეერთებინა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მეფის გაძლიერების მოწინააღმდეგე დიდგვაროვნები ჩაერივნინ საქმეში და ბაგრატი აიძულეს თბილისში გამგებლად ისევ ძველი ამირების ჩამომავალი მოეყვანა. ქართველი ისტორიკოსის სიტყვით, მეფემ „სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად მემამულედ და მისცა მას ტფილისი“; თვით კი თბილასის ირგვლივ მდებარე ციხეების აღებით დაკმაყოფილდა. ამრიგად, თბილისში ისევ ამირას ხელისუფლება გაჩნდა. მაგრამ თბილისის ამირა საქართველოს მეფის ყმადნაფიცობას (ვასალობას) აღიარებდა და ბაგრატ IV-ს 44 000 დრაჰკანსაც უხდიდა. ასე აღსდგა თბილისში ერთხელ კიდევ ჯაფარიდების შთამომავალთა მფლობელობა. მაგრამ XI ს. 80-იანი წლებიდან ჯაფარიდების ეს უცანასკნელი მფლობელიც აღარ იხსენიება. როგორც წყაროებიდან ჩანს, ამ დროისათვის ჯაფარიდების საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელიც გადაშენებულა.

ალ-ფარიკის ცნობიდან კარგად ირკვევა, რომ ჯაფარიდების მფლობელობა თბილისში მხოლოდ 1069 წლიდან 1082 წლამდე გაგრძელებულა. ამის შემდეგ კი, ალ-ფარიკისავე ცნობით, „ორმოცი წლის განმავლობაში თბილისი იყო მისი ხალხის ხელში... და ყოველ თვეს განაგებდა ქალაქს ერთი მათგანი“. როგორც ვხედავთ, ჯაფარიანთა გადაშენების შემდეგ, XI ს. 80-იანი წლებიდან მოკიდებული, ქალაქის გამგებლობა ისევ მოქალაქეთა, მის უხუცესთა, ანუ, როგორც წყარო ამბობს, „მისი ხალხის ხელში“ გადასულა. თბილისში ამგვარი მმართველობა, იმავე ავტორის ცნობით, ორმოცი წელი გაგრძელებულა. ქალაქის გამგებლობის „ხალხის ხელში“ გადასვლა ქალაქის თვითმმართველობის ქალაქის დამოუკიდებლობაში გადაზრდას, ანუ თბილისის ქალაქ-კომუნად გადაქცევას ნიშნავდა.

თბილისის გადაქცევა ქალაქ-კომუნად, როგორც ვხედავთ, გიორგი II-ის დროს მომხდარა. თვით გიორგის მეფობის ხასიათი თავის მხრივ ხელს უწყობდა თბილისის მოქალაქეთა წარმომადგენლების გამარჯვებას. გიორგი II-ის დროს შექმნილი საგარეო და საშინაო პირობები საქართველოს მეფეს შესაძლებლობას არ აძლევდა ყურადღება მიექცია თბილისისათვის და ქალაქის დამოუკიდებლობას მოსპობა და მისი შემოერთება ეცადა.

დავით აღმაშენებელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მეფობის პირველ ნახევარში არსებითად ნიადაგს ამზადებდა თბილისის შემოსაერთებლად და ამიტომაც იგი სათანადო პირობების მომწიფებამაე ქალაქისა და მის ხელისუფალთა შევიწროებას საჭიროდ არ მიიჩნევდა. კიდევ მეტი, დავითის მეფობა ობიექტურად ხელს უწყობდა თბილისის დამოუკიდებლობის განმტკიცებას - საქართველოს გაძლიერებული მეფის შიშით, მეზობელი მაჰმადიანი მფლობელები ვერ ბედავდნენ ეცადათ თბილისის დაპყრობა, მით უფრო, რომ დავითი წარმატებით ერეკებოდა მათ არა მარტო საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც.

ამასთანავე, სამეფო ხელისუფლება, როგორც ეს კარგად ჩანს ევროპის ქალაქების ისტორიის მაგალითებიდან, ყოველთვის ერთნაირ და მტრულ დამოკიდებულებას არ იჩენდა დამოუკიდებელი ქალაქებისადმი. პირველ ხანებში ე.ი. მანამ, სანამ სამეფო ხელისუფლება დაადგებოდა მტკიცე ცენტრალიზაციის გზას, იგი მხარს უჭერდა ქალაქ-კომუნებს, დამოუკიდებელ საქალაქო თვითმმართვლობას და მათ კიდეც იყენებდა მსხვილი ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქებიც ამ პერიოდში სამეფო ხელისუფლების მოკავშირეებად გამოდიოდნენ. საქალაქო თვითმმართველობის ამგვარი დამოკიდებულება ჩვენ უკვე დავინახეთ ბაგრატ IV-ისა დ „ტფილელ ბერთა“ ურთიერთობის მაგალითზე; სამეფო ხელისუფლებისა და თბილისის ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა განმტკიცებულიყო დავით აღმაშენებლის მეფობის პირველ პერიოდში, როცა იგი დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებდა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ მსხვილ საერო და სასულიერო ფეოდალებთან. ამიტომ, ბუნებრივია, თუ კი სამეფო ხელისუფლება ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ ფიქრობდა დამოუკიდებელი ქალაქების შევიწროებას, ქალაქ-კომუნების გაუქმებასა და მათს შემოერთებას.

მაგრამ XII ს. ოციანი წლებიდან საქართველოში დაირღვა სამეფო ხელისუფლებასა და ქალაქებს შორის მანამდე არსებული კავშირი. მტკიცე ცენტრალიზაციის გზაზე შემდგარ სამეფო ხელისუფლებას ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დამოუკიდებელი ქალაქი-რესპუბლიკების დამორჩილებისათვის უნდა ეზრუნა, რომ დაესრულებინა ქართული მიწა-წყლის შემომტკიცების პროცესი. ცხადია, დამოუკიდებელი ქალაქები თავის მხრივ უბრძოლველად არ დათმობდნენ უკვე საკმაო ხნის მანძილზე მოპოვებულ თავისუფლებას. ამიტომ იყო, რომ დავითის მიერ თბილისზე მფარველობის ხელის დადების ცდებს თბილისელი მოქალაქეები, მისი მმართველი ზედაფენა მტრულად შეხვდნენ და დამხმარე ძალების ძიება დაიწყეს მეზობელ ქალაქებსა და ქვეყნებში. ასე რომ, დამოუკიდებელი ქალაქების მოსახლეობის კლასობრივმა ინტერესებმა განსაზღვრეს თბილელთა და დმანელთა ელჩობა მაჰმადიან მფლობლებთან და არა ნაციონალურმა მომენტებმა, მაჰმადიანური მოსახლეობის სიჭარბემ ქალაქებში, ან ადევ, თურქ-სელჩუკთა შემოსევების შემდეგ ქართველებსა და მაჰმადიანებს შორის გამწვავებულმა ურთიერთობამ.

თავის დროზე ივ. ჯავაბიშვილი მიუთითებდა იმდროინდელ თბილისში „მოქალაქეთა შორის მაჰმადიანთა“ სიჭარბეზე. უდავოა, რომ ჯერ არაბთა მრავალსაუკუნოვანი ბატონობის, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკთა შემოსევების წყალობით, თბილისში მუსლიმანური მოსახლეობა შედარებით მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო საერთოდ, კერძოდ კი თბილელ ვაჭართა შორის. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავდა თბილისის მოსახლეობის ამ ნაწილის გადამწყვეტ როლს საქალაქო ცხოვრებასა და მართვა-გამგეობაში. ქართული დოკუმენტური, ნუმიზმატიკური თუ სხვა სახის არქეოლოგიური მასალა, ასევე ზოგი უცხოური წყაროს მონაცემებიც სავსებით გვარწმუნებენ ქალაქის ქრისტიანული (ქართულ-სომხური, განსაკუთრებით კი ქართული) მოსახლეობის სიძლიერესა და მნიშვნელოვან როლში. ამას გარდა, საუკუნეების მანძილზე თბილისში მცხოვრები და მოსაქმე მუსლიმანური მოსახლეობა შეუძლებელია ადგილობრივი ქართული თუ საერთოდ ქრისტიანული მოსახლეობისადმი დაპირისპირებულ და მისგან გამოთიშულ ძალად მივიჩნიოთ. ივ. ჯავახიშვილის სავსებით მართებული განცხადებით, „მუსლიმან მოქალაქეთა შვილები და შვილიშვილები“, ე.ი. საქართველოში, მის ქალაქში აღზრდილი მათი შთამომავლები, „საქართველოს ძლიერებისა და ბედნიერებისათვის იმნაირადვე ზრუნავდნენ, როგორც ჩვენი ერის ღვიძლი შვილები“.

ქრისტიანული და მუსლიმანური მოსახლეობის საუკუნეთა მანძილზე თანაცხოვრება თბილისში და საქართველოს ზოგ სხვა ქალაქებში, მაჰმადიანთა მფლობელობის ხანგრძლივ პერიოდში თბილისის მჭიდრო კავშირი საქართველოს ცალკეულ კუთხეებთან და საერთოდ ქართულ სამყაროსთან, თბილისის გარემოცვა განსაკუთრებით XI ს. დამდეგიდან საქართველოს ახლად წარმოქმნილი ფეოდალური მონარქიის მიერ და, აქედან გამომდინარე, ქართული ხელმწიფოებრივი წყობის დიდი გავლენა ქალაქზე, განსაზღვრავდა თბილისის საქალაქო წყობის, მმართველობის, საქალაქო ცხოვრებისა და ყოფის თავისებურებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამიტომაც არ შეიძლება სწორად მივიჩნიოთ დღეს შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ქალაქების ქართველ მკვლევართა შორის ფეხმოკიდებული შეხედულება, რომლის მიხედვითაც „თბილისის საქალაქო წყობილება 1122 წლამდე წარმოადგენდა აღმოსავლურ საქალაქო წყობილების ზუსტ განმეორებას“.

ასე, რომ XII ს. 20-იანი წლებიდან დავით IV-ის მიერ შევიწროებული თბილისელების მიერ ერთხანს მაჰმადიან მფლობელებზე აღებული ორიენტაცია, ქალაქის მფარველის ძებნასთან დაკავშირებით, თბილისსს „აღმოსავლურობით“, მის მოსახლეობაში მუსლიმანების სიჭარბით და საქალაქო ცხოვრებაში მათი გადამწყვეტი როლით არ შეიძლება აიხსნას.

ამაში ჩვენ ზემოთქმულს გარდა თბილისელთა მიერ არაერთგზის გადადგმული საწინააღმდეგო ნაბიჯიც გვარწმუნებს. ჯერ კიდევ XI ს. შუა წლებში, როგორც აღვნიშნეთ, „ტფილელმა ბერებმა“ თვით მაჰმადიან მფლობელთა (ჯაფარის მემკვიდრეთა) წინააღმდეგ, პირველ რიგში საქართველოს მეფე მოიწვიეს. ამგვარადვე. შექმნილი საშინაო და საგარეო ვითარების შესაბამისად მოქმედებდნენ თბილისელები შემდეგაც. ამიტომ იყო, რომ რაკი თოღრულის მოწვევამ ვერ გაამართლა იმედები, ისინი საქართველოს მეფეს შეუთანხმდნენ და, როგორც აღინიშნა, მასთან დადეს მფარველობითი ხელშეკრულება.

მაგრამ თბილისის, როგორც საქართველოს ორგანული ნაწილის, საკითხი ვერც ამით გადაწყდებოდა; საქართველოს მეფის მიერ XII ს. ოციანი წლებიდან თბილისის მიმართ წარმოებული პოლიტიკიდან აშკარად ჩანდა, რომ იგი თბილისის შემოერთებას ცდილობდა, თბილისელები თავის მხრივ კი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ და საამისოდ ყოველგვარი ძალის გამოყენებაზე ფიქრობდნენ. მეზობელი მაჰმადიანი მფლობელები კი საქართველოს მეფისა და თბილისის ურთიერთდაპირისპირების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებაზე, თბილისის დაპყრობაზე ოცნებობდნენ. ამიტომ იყო, რომ მაჰმადიანთა კოალიციურმა ლაშქარმა სწორედ დიდგორს, თბილისის კართან, მის მისადგომებთან დაიბანაკა და გამარჯვების შემთხვევაში უპირველეს ამოცანად თბილისის აღება გაიხადა.

ეს ყველაფერი სავსებით ნათელი იყო დავით აღმაშენებლისათვის და როგორც კი დიდგორსს ველზე „ძლევაჲ საკვირველი“ მოიპოვა, თბილისისაკენ გაემართა. ამიტომაა, რომ ყველა ჩვენს მიერ ზემოდასახელებული ძველი ისტორიკოსი დიდგორის ბრძოლის აღწერის შემდეგ უშუალოდ თბილისას აღების ამბებს მოგვითხრობს. ყველა მათ, როგორც ჩანს, სავსებით სამართლიანად, თბილისის დამორჩილება დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთ პირველ შედეგად მიაჩნიათ.

დავითის ისტორიკოსი წერს: დიდგორის ბრძოლის „მეორესა წელსა აღიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა... და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ“.

თბილისის აღება, ალ-ფარიკის ცნობითაც, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის განადგურებისთანავე მომხდარა: „მას შემდეგ, რაც დამარცხებულ იქნა (მუსლიმანთა) ლაშქარი, დაბრუნდა აფხაზთა მეფეც და თბილისთან დაბანაკებულმა ალყა შემოარტყა მას. ხოლო შემდეგ მახვილით დაეუფლა (თბილისს) და შევიდა ქალაქში ხუთას თხუთმეტ წელს - (1122 წელს). მან გაძარცვა იგი და ცეცხლს მისცა მისი დიდი ნაწილი. შემდეგ კი შეიწყალა მცხოვრებნი და კარგად ეპყრობოდა მათ. დაუდგინა მათ (მოქალაქეებს) ის პირობები, რომელიც თვით აიჩიეს“.

მეფის მიერ თბილისის იმავე წელს ბრძოლით აღების შესახებ მოგვითხრობს სხვა იმდროინდელი წყაროებიც. მათე ურჰაელი, მაგალითად, წერს: „ამავე წელს აიღო ქართველთა მეფემ დავითმა ქალაქი თბილისი... და სასტიკად ამოწყვიტა ქალაქი, ხოლო ხუთასი კაცი ძელზე გასვა და წამებით მოაკვდინა“.

ალ-ჯაუზის ცნობითაც, დიდგორს გამარჯვებისთანავე „დაეშვა დავითი თბილისს და დაიპყრო იგი მახვილით. მან გადაწეა და გაძარცვა იგი. თბილისის აღების შესახებ შედარებით ვრცელი და საინტერესო ცნობები მოეპოვება იბნ-ალ-ასირს; მისი სიტყვით, მაჰმადიაბთა კოალიციური ლაშქრის დევნის დროს ქართველებმა ისევ ააოხრეს მუსლიმანური ქვეყნები და უკან შემობრუნებულებმა „ალყა შემოარტყეს თბილისს, ისინი (ქართვილები) ებრძოდნენ მათ, ვანც იყო მასში (ქალაქში); ძლიერ შეავიწროვეს ისინი და მისი (თბილისის) მოსახლეობა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს. ალყა გაგრძელდა 1122 წლამდე, როცა მათ ძალით აიღეს იგი (თბილისი). ქალაქის მოსახლეობამ, როცა დაინახა დაღუპვის საშიშროება, გაგზავნა ქართველებთან ყადი და ხატიბი და მშვიდობა ითხოვა; მაგრამ ქართვილებმა არ შეისმინეს მათი თხოვნა, შეურაცხყვეს ისინი (ყადი და ხატიბი) და ძალით შევიდნებ ქალაქში, დაანგრიეს და გაძარცვეს იგი. გაქცეულებმა მოაღწიეს 516 (1122-23) წელს ბაღდადამდე და მოუწოდეს მათ დასახმარებლად და დასაცავად. როცა გაიგეს, რომ სულთანი მაჰმუდი იმყოფებოდა ჰამადანში, ისინი გაემართნენ მისკენ დახმარების სათხოვნელად და იგიც (სულთანი) გაემართა აზერბაიჯანისაკენ და შეჩერდა თავრიზში, ...საიდანაც მან გაგზავნა ქართველების წინააღმდეგ ლაშქარი“.

როგორც ვხედავთ, დავითის ისტორიკოსის გარდა, ყველა სხვა დანარჩენი წყარო ერთხმად მიუთითებს დიდგორის ბრძოლას წელსვე (1121 წ.) დავითის გალაშქრების შესახებ თბილისის ასაღებად. მათე ურჰაელის მიხედვით კი მეფეს თბილისი დიდგორის ბრძოლის წელსვე აუღია, მაგრამ ეს სწორი არ უნდა იყს. როგორც სხვა წყაროებიდან ირკვევა (ალ-ფარიკი, იბბ-ალ-ასარი), დავითს, მართალია, იმავე წელსვე გაულაშქრია თბილისის წინააღმდეგ, მაგრამ ქალაქი მხოლოდ შემდეგ, მეორე წელს ე.ი. 1122 წ., აუღია; თბილისის აღების წლად 1122 წელს მიიჩნევს დავითის ისტორიკოსიც.

წყაროების ურთიერთ შეჯერებით კარგად ირკვევა, რომ დავითს დიდგორის ველზე დამარცხებულთა დევნის დამთავრებისა და გზადაგზა მაჰმადიანთა სამფლობელოების დალაშქვრის შემდეგ უკან შემობრუნებულს, თბილისისათვის ალყა შემოურტყამს, მაგრამ ქალაქის აღება მაშინვე არ უცდია. ეს გასაგებიცაა, ომგადახდილ და, ალბათ, საკმაოდ შეთხელებულ ლაშქარს ახალი შეტევისათვის, ქალაქის იერიშით აღებისათვის შევსება, ახალი ძალები სჭირდებოდა. ამასთანავე, მეფე ხანგრძლივი ალყით შეეცდებოდა ქალაქი მოეწყვიტა იმ მეზობლებისაგან, საიდანაც მას შეიძლებოდა დახმარების იმედი ჰქონოდა და ამავე დროს ერთგვარად გაეტეხა დამოუკიდებლობას შეჩვეული მოქალაქეთა წინააღმდეგობაც. ეს ასეც მომხდარა: ალყაშემორტყმული ქალაქის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა და მოქალაქეთა ელჩებს მშვიდობაც უთხოვნიათ, მაგრამ ზავის პირობებს, როგორც ჩანს, ქალაქის შემოერთებისათვის გამზადებული მეფე და მისი ლაშქარი ვერ დაუკმაყოფილებია და ქალაქი იარაღით აუღიათ.

იერიშით აღებული ქალაქი პირველ სამ დღეს მეფეს თავისი ლაშქრისათვის მიუნებებია საძარცვავად, თვით კი ქალაქის ხელისუფალთ სასტიკად გაუსწორდა: ხუთასი თავკაცი, მათე ურჰაელის ცბობით, დავითმა სასტიკი წამებით დახოცა.

თბილისის ალყა, როგორც მოტანილი ცნობებიდან ირკვევა, დიდგორის ბრძოლის დამთავრებისთანავე, 1121 წ. აგვისტო-სექტემბერში, უნდა დაწყებულიყო, ხოლო თბილისის აღება 1122 წლის დამდეგს მომხდარა.

ამრიგად. 1122 წლიდან თბილისი საქართველოს შემოუერთდა და ამით დაასრულა დავით აღმაშენებელმა ქართული მიწა-წყლის შემოერთება-შემომტკიცების ხანგრძლივი ისტორიული პროცესი.

თბილისის შემოერთება ამავე დროს ნიშნავდა ქალაქის დამოუკიდებლობის გაუქმებას. თბილისი ამიერიდან სამეფო ქალაქად, მეფისა და მისი შთამომავლობის მკვიდრ ქალაქად იქცა. მაგრამ როგორც წყაროებიდან ირკვევა, ქალაქს თვითმმართველობა ერთხანს კიდევ შეუნარჩუნებია. ამაში ჩვენ, ალ-ფარიკის ზემომოტანილი ცნობის გარდა, დავითის ისტორიკოსის ერთი მეტად საინტერესო მითითებაც გვარწმუნებს. დავითის ისტორიკოსი თბილისის შემოერთებაში ორ პერიოდს არჩევდა - პირველს, როცა ქალაქი ჯერ კიღევ „არასრულად შემოყენებულ იყო უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“. ეს ის დროა, როცა მეფემ ქალაქი აიღო და, მართალია, სამეფოდ გამოაცხადა, მაგრამ მას ჯერ კიდევ შეუნარჩუნა თვითმმართველობა. ე.ი. ის ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად დამორჩილებული. მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე დაიწყო მეორე პერიოდი - მეფემ თბილისი „სრულიად შემოაყენა“ „უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“, ე.ი. მთლიანად დაიმორჩილა. ეს კი თვითმმართველობის გაუქმებაში გამოიხატა. როგორც ირკვევა, ბრძოლა სამეფო ხელისუფლებასა და ქალაქს შორის თბილისის იარაღით აღების შემდეგაც გაგრძელებულა. თბილისმა, მართალია, აღიარა მეფის მორჩილება, ე.ი. დაკარგა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მაგრამ მისმა გამგებლებმა ჯერ კიდევ მოახერხეს თვითმმართველობის შენარჩუნება. საქართველოს მეფე, რომელმაც ეს-ეს არის დაამთავრა დიდი ომი დიდგორის ველზე და თბილისისათვის ბრძოლა, იძულებული იყო ერთხანს შერიგებოდა ასეთ მდგომარეობას. ესეც მეფის ერთგვარი ტაქტიკური ნაბიჯი იყო. ერთი წლის შემდეგ. როცა მეფე კიდევ უფრო გაძლიერდა, თბილისის ბედიც გადაწყდა - დავით აღმაშენებელმა თბილისში თვითმმართველობაც გააუქმა და ქალაქი თავის მოხელეებს ჩააბარა საგანმგებლოდ. ეს უკვე ნამდვილად იყო არა ქალაქის განთავისუფლება, როგორც აქამდე წერს ზოგიერთი ისტორიკოსი, არამედ თბილისის „სრულიად შემოყენება უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“.

თბილისის დამორჩილება, ანუ მისი „შემოყენება უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“ პირველ რიგში ნიშნავდა დამოუკიდებელი საქალაქო მმართველობის გაუქმებასა და ქალაქში მეფის მოხელეების დანიშვნას. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით, თუ ვინ იყო თბილისში საქართველოს მეფის მიერ დანიშნული პირველი გამგებელი, ქალაქის ამირად დანიშნული მოხელე, მაგრამ უეჭველია, რომ იგი მეფის ახლობელთა წრიდან იქნებოდა. რა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის ს.ერემიანის მოსაზრება, რომ თითქოს დავითს ვაჰრამ არწრუნისათვის ებოძებინოს ამირათ-ამირას. ე.ი. თბილისის გამგებლის თანამდებობა, რომელიც შემდეგ არწრუნთა შთამომავლობის პრივილეგიად, მემკვიდრეობით თანამდებობად ქცეულა. ეს მოსაზრება არ დასტურდება არც მასალებითა და არც თბილისის შემდეგდროინდელი ისტორიით. აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებელს არა თუ თბილისში, არამედ თვით ანისშიაც კი, მისი შემოეთების შემდეგ, არ დაუნიშბავს სომეხი მოხელე. სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის არავითარი მასალა არ მოგვეპოვება ახლად შემოერთებული თბილისის სამოხელეო წყობის შესასწავლად და ამგვარი ზეპირი ვარაუდები შეიძლება მხოლოდ გარკვეული ტენდენციით შეთხზულად მივიჩნიოთ.

დავით აღმაშენებლის ჯვრის სათანაო

გადმოცემის მიხედვით, ამ ჯვარს დავითი ყოველ ლაშქრობაში
თან ატარებდა. ჩანს, იგი დიდგორის ბრძლის მოწმეცაა.
ჯვრის ქვედა ნაწილში მიკრული ფირფიტის ასომთავრულ
წარწერაზე იკითხება: „ღმერთო, ყოვლისა დამბადებელო
ადიდე შენ მიერ გუირგუინოსანი დავით, აფხაზთა და ქართველთა,
ჰერთა და კახთა მეფე - მზე ქრისტეანობისაჲ. ამინ“.

დავითი კარგად ხედავდა, რომ თბილისის ვაჭრობა-ხელოსნობის ერთ-ერთ წამყვან ძალას მაჰმადიანური მოსახლეობა წარმოადგენდა. მათი შევიწროება, დარბევა და ქალაქის საუკუნეებით განმტკიცებული წესების ერთბაშად მოსპობა, თბილისს მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი ეკონომიური ცენტრის მნიშვნელობას დაუკარგავდა. ამიტომ, როგორც თვით მაჰმადიანი ისტორიკოსები წერენ, მალე დაცხრა მეფის გულისწყრომა და თბილისელ მაჰმადიანებს მრავალგვარი შეღავათი უწყალობა. მას შემდეგ, რაც ქალაქი იერიშით აიღო, დავითმა აღუთქვა მცხოვრებთ მფარველობა და კარგი მოპყრობა. დარბეული მოსახლეობა გაათავისუფლა იმ წლის გამოსაღებებისაგან და მუსლიმანთა თხოვნისამებრ, თავისი ბრძანებით, ქალაქის სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულთა შორის ურთიერთობის გარკვეული წესებიც შეიმუშავა. ასე, მაგალოიად, ალ-ფარიკის ცნობით, დავითმა ქალაქში მოსახლე მუსლიმანებისათვის თავისუფალი ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით „დაადგინა, რომ ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმანები ცხოვრობდნენ, არავის ყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის, მან მოჭრა მათთვის მონეტა (ფული) ხალიფასა და სულტანის სახელით, და მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა. დაუდო მათ პირობა აგრეთვე. რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილისა (მუსლიმანების) აბანოში და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან (კათედრიდან) ილოცონ ხალიფა და სულთნისათვის და არა მისთვის (საქართველოს მეფისთვის). მან დააწესა გამოსაღები ყოველწლიური, ქარ თველისათვის - 5 დინარი, ებრაელისათეის - 4 დინარი. ხოლო მუსლიმანისათვის - 3 დინარი... იგი ისე კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს, და აგრეთვე მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს, როგორიც მათ არ ჰქონდათ თვით მუსლიმანებს შორის. მე თვით ვნახე, როცა მივედი მათთან (თბილისელ მუსლიმანებთან) 1153 წელს, თუ როგორ ძალაშია მუსლიმანთათვის დადებული ყველა ეს პირობა აქამდე.

საქართველოში მოსახლე მუსლიმანებთან სამეფო ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულების შესახებ ამასვე იმეორებენ სხვა მაჰმადიანი ისტორიკოსებიც: ალ-ჯაუზი, ალ-ყაინი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ალ-ჯაუზის ახლახან ქართულად გამოქვეყნებული ცნობა ამ მხრივ ერთგვარად განსხვავებულ და საინტერესო მასალას გვაწვდის: „შემდეგ (მეფემ) მოალბო ქალაქის მცხოვრებთა გული და მათ თხოვეს მას ზოგი რამ. მან (დავით მეფემ) მისცა მათ ზოგიერთი პრივილეგია. ისინი აქამდე არსებობენ. იმ (პრივილეგიებში შედიოდა), რომ იგი (დავითი) არ დაკლავდა იქ (თბილისში) ღორს, ამოკვეთდა დირჰემებზე და დინარებზე ალაჰის, მისი მოციქულასა და ხალიფას სახელებს, შეასრულებდნენ (მუსლიმი) მცხოვრებლები პარასკევ დღეს აზანსა და ხუტბას; არ შევიდოდა (ურწმუნო) აბანოში მუსლიმებთან ერთად და რომ არ შეავიწროებდა ურწმუნო მუსლიმს. ყველა ეს (პრივილეგია) დღესაც აქით მათ. დავითი ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში, მასთან ერთად იყო ხოლმე მისი შვილი დიმიტრი, ისმენდა ხუტბასა და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუიზინებს მრავალ ოქროს. მან ააშენა ქარვასლები სტუმართათვის და სახლები მქადაგებელთათვის, სუფიებისა და პოეტებისათვის; დააწესა მათთვის სტუმართმოყვარეობა. და თუ მოისურვებდნენ ისინი წასვლას თბილისიდან, ნებას დაროავდა და მოამარაგებდა მათ მრავალი ქონებით. იგი (დავით) მეტ პატივს სცემდა მუსლიმებს, ვიდრე მათ სცემდნენ პატივს ისლამის მფლობელები“.

როგორც ვხედავთ, ალ-ფარიკისა და ალ-ჯაუზის ცნობებს შორის, მსგავსებასთან ერთად, არსებითი განსხვავებაც არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ალ-ჯაუზი არაფერს ამბობს იმ საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომელიც დავითს, ალ-ფარიკის ცნობით, თბილისის მუსლიმანური მოსახლეობისათვის მიუნიჭებია. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია ალ-ჯაუზს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს გააზვიადოს საქართველოს მეფის ღონისძიებანი ამ მხრივ, ასეთი მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათის აღნიშვნა გამორჩენოდა. მართლაც, სავსებით გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაებეგრა დავით აღმაშენებელს ყველაზე მეტად თბილისელი ქართველები და რატომ უნდა მიენიჭებინა შეღავათები ამ მხრივ ებრაელებისა და განსაკუთრებით კი მუსლიმანებისათვის და ისიც არა ერთი წლით, არამედ ყოველწლიურად. მაგრამ არც ის შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ალ-ფარიკი თანამედროვეა ამ ამბებისა, რომლებზედაც წერს; ამიტომ, ცხადია, მას უფრო სრული და სწორი ინფორმაცია ექნებოდა ამ მხრივ, ვიდრე XIII ს. მეორე ნახევრის ავტორს ალ-ჯაუზს. ასე, რომ ალ-ფარიკის ცნობა საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს და იქნებ იმაზე მიგვითითებს, რომ მეფემ მუსლიმანურ მოსახლეობას, რომელიც თბილისის აღების დროს უფრო დაზარალდა, ვიდრე სხვა დანარჩენი, მართლაც მიანიჭა გარკვეული საგადასახადო შეღავათები არა მუდმივად, არამედ ერთი ან ორიოდე წლის ვადით.

როგორც ერთს, ისე მეორე ავტორსაც საინტერესო ცნობები მოეპოვებათ ფულის ერთეულების არაბული წარწერებით მოჭრის შესახებაც. ოღონდ, ალ-ფარიკის ცნობით, მეფეს ფულზე ხალიფასა და სულთნის სახელები უნდა ამოეკვეთა, ალ-ჯაუზის ცნობით კი, ალაჰის, მისი მოციქულისა და ხალიფას სახელები. ამ განსხვავებულ ცნობას ფულზე ამოსაკვეთ სახელთა შესახებ ამჟამად ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს; მთავარია, რომ დავით აღმაშენებელი თბილისის მოსახლეობას შეპირებია არაბულწარწერიანი მაჰმადიან მფლობელთა სახელების მითითებით, მონეტების მოჭრას. არც ეს ცნობა უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. ასეთი მონეტის მოჭრა უდავოდ ხელს შეუწყობდა თბილისის საერთაშორისო სავაჭრო ასპარეზის შემდგომ გაფართოებას. მართალია, ზუსტად იმგვარი მონეტები, რომელთა შესახებაც მიუთითებენ ალ-ფარიკი და ალ-ჯაუზი, მონეტები ხალიფასა და სულთნის, ალაჰისა და მისი მოციქულის სახელებით, დავითის დროის დღემდე ცნობილ მონეტათა შორის ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ ამ ტიპის მონეტების მოჭრის შესაძლებლობის გამორიცხვა სწორი არ იქნებოდა. მართალნი უნდა იყვნენ ის მკვლევარები (ე.პახომოვი, დ.კაპანაძე), რომელნიც დავით აღმაშენებელს მიაკუთვნებენ ერთადერთ „უწესოდ“ მოჭრილ მონეტას შუბლზე სამსტრიქონიანი არაბული წარწერით - „მეფთა მეფე (მახვილი მესიისა) დავით“. ამავე მონეტის ზურგზე მოთავსებდლ დაზიანებულ წარწერაზე კი ნუმიზმატები მუჰამედისა და ბარქიარუქის (1094-1105 წწ.) სახელებს კითხულობენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მონეტა თბილისის შემოერთებისა და თბილისელ მუსლიმანთა „თხოვნისა“ თუ „პატივისცემის“ ნიშნად მოჭრალად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას. როგორც ჩანს, იგი გაცილებით ადრეა მოჭრილი, ვიდრე დავით აღმაშენებელი თბილისს შემოიერთებდა და მაშასადამე იმ მონეტათა რიცხვს არ შეიძლება მიეკუთვნოს, რომელზედაც ასე საგანგებოდ მიუთითებდნენ ალ-ფარიკი და ალ-ჯაუზი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვფიქრობთ. რომ მსგავსი მონეტები დავითს დიდგორის ბრძოლისა და თბილისის შემოერთების შემდეგაც უნდა მოეჭრა. ამას გვაფიქრებინებს დავითის მემკვიდრის დემეტრე I-ის (1125-1156 წწ.) დროს სწორედ ამ ტიპის მონეტების მოჭრა არაბული წარწერებით საქართველოს მეფის, „მესიის მახვილისა“, ხალიფასა და სულთნის სახელების მოხსენიებით. აღსანიშნავია, რომ დემეტრე I-ის დროსაც ალ-ფარიკისა და ალ-ჯაუზის ცნობებით, თბილისელი მაჰმადიანები იმგვარივე შეღავათით სარგებლობდნენ, როგორიც მათ დავით აღმაშენებელმა მიანიჭა.

თბილისის სრული დამორჩილების შემდეგ უმოკავშიროდ დარჩენილი ქ. დმანისი ადვილად შემოსაერთებელი ჩანდა. დმანისი, როგორც ირკვევა, თბილისის მსგავსად დამოუკიდებლობით სარგებლობდა და ამიტომ იბრძოდა სხვა ქალაქებთან ერთად საქართველოს მეფის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის შენარჩუნებისათვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ქალაქების თავკაცთა ელჩობას შედეგად მოწვეული ძლიერი ძალა სასტიკად დამარცხდა და თბილისიც დამორჩილებულ იქნა, დმანისს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა და თითქმის უბრძოლველად დანებდა საქართველოს მეფეს. 1123 წლის მარტს დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოსულმა დავითმა „აღიღო ქალაქი დმანისიო“, - წერს დავითის ისტორიკოსი. იგი არაფერს ამბობს ქალაქის მიერ გაწეული რაიმე წინააღმდეგობის შესახებ.

თბილისისა და დმანისის დამორჩილებით ბოლო მოეღო უკანასკნელი დამოუკიდებელ-პოლიტიკური ერთეულების, ქალაქ-რესპუბლიკათა არსებობას საქართველოს ფეოდალური მონარქიის ტერიტორიაზე. ქალაქების დამოუკიდებლობის გაუქმებამ, მათმა მორჩილებაში მოყვანამ კიდევ უფრო გააძლიერა თვითმპყრობელი მეფე, ამიერიდან იგი თავის ინტერესებს უკარნახებდა არა მარტო საერო და საეკლესიო ფეოდალებს, არამედ ქალაქებსაც; ამიერიდან მას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა ქალაქების გამოყენებისა, მისი მოსახლეობის ექსპლოატაციისა.

თბილისისა და დმანასის შემოერთებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიური ცხოვრების შემდგომი განვითარებისათვის. თბილისისა და დმანისის შემომტციცებით დასრულდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა ქართული მიწა-წყლის თავმოყრისა და საქართველოს ქალაქების შემოერთებისათვის.

თბილისის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა სამეფო რეზიდენცია გაერთიანებული საქართველთს პირველი სატახტო ქალაქიდან, ქუთაისიდან, თბილისში გადმოიტანა. შემოერთების დღიდან თბილისი იქცა გაერთიანებული დაზრდა-დასრულებული ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად; ამიერიდან ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მესაჭის როლი თბილისს დაეკისრა, - ამ დროიდან დაიწყო თბილისის, როგორც ერთიანი საქართველოს დედაქალაქის, ისტორია. ამასთანავე თბილისის შემოერთება ნიშნავდა ქალაქის ნამდვილი აყვავების ხანის დაწყებას. თბილისს მშვიდობიანი განვითარების დრო დაუდგა და იგი მალე არა მარტო მთელი საქართველოს, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ეკონომიურ ცენტრად იქცა. თბილისმა უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ისტორიაში. იგი ყოველთვის აღმავლობა-გაძლიერებისა თუ დაკნინება-განსაცდელის ჟამს, ქვეყნის ერთიანობისა თუ პოლიტიკური დაშლილობის ხანაშიც, იყო ქართველი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიური ცხოვრებისა და კულტურის ცენტრი. ქართული მიწა-წყლის შეკრება-თავმოყრის ინიციატორი, ქართველი ხალხის დამრაზმველი ეროვნული დამოუკიდებლობისა თუ სოციალური განთავისუფლებისათვის ბრძოლისა და მშვიდობიანი მშენებლობის საქმეში.

850 წელი შესრულდა თბილისის შემოერთების, მისი საქართველოს დედაქალაქად გადაქცევის დროიდან და დღესაც ხანდაზმული, მაგრამ მარად ახალგაზრდა ქალაქი წარმატებით უძღვება კომუნიზმის მშენებელი ქართველი ხალხის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიურ და კულტურულ ცხოვრებას.

ამრიგად, თბილისი, როგორც საქართველოს დედაქალაქის, მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ სავსებით დაადასტურა დავით აღმაშენებლის პოლიტიკური ალღოს სისწორე და დიდგორის ველზე და თბილისის შემოერთებისათვის მებრძოლთა თავგანწირვის დიდი ისტორიული მნიშვნელობა.

 

2. ცვლილებები საქართველოს საგარეო ურთიერთობაში

საქართველოს საზღვრებს შიგნით თურქ-სელჩუკებზე სრული გამარჯვებისა და მათი ძალების დაქსაქსვა-შესუსტების შემდეგ საქართველოს სამეფო ხელისუფლებას დიდი შესაძლებლობა მიეცა ბრძოლა დაპყრობლების წინააღმდეგ უფრო ფართო მასშტაბით, ამ საზღვრებს გარეთაც წარმატებით ეწარმოებინა. დავით აღმაშენებელმა მეზობელი ქვეყნების ქალაქები გაწმინდა თურქ-სელჩუკებისაგან და ისინი საქართველოს დაუმორჩილა. ასე, მაგალითად, მან ჯერ კიდევ დიდგორის ბრძოლამდე შირვანის ქ. ყაბალა აიღო, ხოლო თბილისის შემოერთების შემდეგ ქ. განძის დასჯაც გადაწყვიტა და მას წინააღმდეგ გაილაშქრა. ალ-ფარიკის ცნობით, 1122 წელს „ქალაქ განძაში მიწისძერა მოხდა, მისი ნაწილი დაინგრა და დაიქცა მისი კედლებიც. მეფე დავითი გამოვიდა და მისკენ გაემართა, მან მცხოვრებთაგან დიდძალი ტყვე წაიყვანა და ცხვრებივით გაგზავნა ისინი ურმებით. მან გაძარცვა ყველაფერი, რაც კი იყო ქალაქში და მისი ხალხი თბილისში მოიყვანა“. განძის ამგვარ აოხრებასა და გაძარცვას მისი დაპყრობა არ მოჰყოლია. იგი ერთხანს კიდევ დარჩა თურქთა ერთ-ერთ ძირითად საყრდენად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ განძის დალაშქვრას ამ დროს მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თურქ-დამპყრობელთა ძალების შესუსტების თვალსაზრისით. ამას გარდა, განძის წინააღმდეგ გალაშქრება ისე, როგორც თბილისისა და დმანისის შემოერთება, დიდგორის ბრძოლის ერთგვარი გაგრძელებაც იყო. სწორედ თბილელ-დმანელ-განძელნი იყვნენ უშუალო წამომწყებნი საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი დიდი მაჰმადიანური კოალიციისა და ცხადია, თბილისისა და დმანისის შემოერთების შემდეგ, განძის დაუსჯელად დატოვება საქართველოს მეფეს, როგორც ჩანს, შეუძლებლად მიუჩნევია.

ამას გარდა, განძაში მოწყობილი ლაშქრობა დიდგორის შემდეგ დავით IV-ის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო რანისა და შირვანის საკითხის გადასაწყვეტად. ამას კარგად გრძნობდნენ იმდროინდელი მაჰმადიანი მფლობელები და მაშინვე შეეცადნენ უკვე საქართველოს მეფეს მომხრობილი შირვანშაჰი დაესაჯათ და დაემორჩილებინათ. ამიტომ იყო, რომ საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ მოწყობილი კოალიციური ლაშქრობის ორგანიზატორი და ამ ლაშქრობის დიდი მარცხით გამწარებული სულთანი მაჰმუდი დიდგორის ბრძოლის მეორე წელს შირვანში შეიჭრა, შეიპყრო შირვანშაჰი, აიღო შემახია და საქართველოს მეფესაც დაემუქრა: „შენი ყმადნაფიცი ხელთა მყავს, ხარაჯას ვართმევ, შენ კი ან ძღვენი გამომიგზავნე ან თუ გინდა სამალავიდან გამოდი და მნახეო“. გათავხედებული სულთნის წერილს მეფემ ორმოცდაათი ათასი მოლაშქრის საომრად გამზადებით და შირვანისაკენ გალაშქრებით უპასუხა. როგორც კი გაიგო სულთანმა დავით აღმაშენებლის ასე სწრაფად მოსვლა, „ძალი და სიმრავლე სპათა მასთა“, ქალაქში ჩაიკეტა და, დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „მრავალი დღე შიმშილითა და წყურვილით შევიწროებულმა“, „მრავალი ვედრების, ძღვენისა და მუდარის შეთვლით, როგორც მონამ გაჭირვებულმა, არა თუ ძღვენი და ომი, არამედ გასაქცევი გზა ითხოვა, ფრიად სიმდაბლით და არა სულთნურად“. ხოლო როცა დავით აღმაშენებელმა შემახაში ჩაკეტილი სულთნის დასახმარებლად წამოსული რანის ათაბაგი სასტიკად დაამარცხა, ბაქია სულთანი „მასვე ღამესვე გაიპარა და სასდუნით (მწვირის გასადინარი ხვრელით) გაქცეული სხვა გზით წარვიდა სოფლად თვისად“.

როგორც ზემოთაც ვნახეთ, იბნ-ალ-ასირი სულთნის გალაშქრებას შირვანში უშუალოდ დიდგორის ბრძოლას უკავშირებდა და მის გაგრძელებად მიიჩნევდა. მისი სიტყვით, დიდგორრს ბრძოლაში დამარცხებულებმა და აქედან „გაქცეულებმა 516 (1122-1123) წელს მიაღწიეს ბაღდადამდე და მოუწოდეს მათ დასახმარებლად და დასაცავად. როცა გაიგეს, რომ სულთანი მაჰმუდი იმყოფებოდა ჰამადანში, ისინი გაემართნენ მისკენ დახმარების სათხოვნელად და იგიც (სულთანიც) გაემართა აზერბაიჯანისაკენ და შეჩერდა თავრიზში... საიდანაც მან გაგზავნა ლაშქარი ქართველების წინააღმდეგ... იმ წელს (1123 წ.) ერთობ გაძლიერდა ქართველთა ბოროტმოქმედება ისლამას ქვეყანაში და ხალხი, განსაკუთრებით დერბენდ-შირვანის მოსახლეობა დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. (ამიტომ) მათი საზოგადოების ბევრი დიდებული (წარმომადგენელი) სულთანთან წავიდა და შესჩივლეს (თავიანთი გაჭირვება), რასაც განიცდიდნენ მათგან (ქართველებისაგან) და თან აცნობეს, რომ სუსტნი არიან და მათ თავიანთი ქვეყნის დაცვა არ შეუძლიათო. სულტანი გამოემართა მათკენ“. ამრიგად, იბნ-ალ-ასირის მიხედვით, შირვანში სულთნის მიერ მოწყობილი ლაშქრობა განუპირობებია, ერთი მხრივ, დიდგორის ბრძოლაში მათს დამარცხებას და მეორე მხრივ, დარუბანდ-შირვანის მოსახლეობის შევიწროებას ქართველების მიერ. სხვა მაჰმადიანი ისტორიკოსი კიდევ სულთნის ლაშქრობის მიზეზად შირვანის საქართველოს ყმადნაფიცად შესვლის შემდეგ სულთნის ხაზინისათვის ყოველწლიური ხარკის, 40 000 დინარის, შეწყვეტას მიიჩნევდა. როგორც ჩანს, ყმადნაფიცი შირვანის ყოველწლიური ხარკი ამიერიდან საქართველოს სამეფოს ხაზინაში მიდიოდა.

როგორც ქართული, ასევე მაჰმადიანური წყაროებიდან არკვევა, რომ გაქცეულ სულთანსა და დავითის ლაშქარს შორის ბრძოლა არ მომხდარა. დავით აღმაშენებელს ამჯერად სულთნის ლაშქრის დევნა არ უწარმოებია და არც ქ. შემახიის და არც სხვა ციხეების აღება უცდია, მაგრამ ერთი თვეც არ იყო გასული ამის შემდეგ, დავითი „კვალად წარვიდა შარვანს, აღიღო გულისტანი... მოირთო (შემოიერთა) შარვანი“, გაწმინდა ის თურქ-სელჩუკებისაგან და საქართველოს სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა. ამგვარად, მეზობელი შირვანიც (აზერბაიჯანიც) ამჯერად გადაურჩა თურქ-დაპყრობელთა გამანადგურებელ ბატონობას.

მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი შირვანის სამეფოს შემოერთების საკითხი. დავით IV-ს შირვანისათვის სულთნის წინააღმდეგ გამართულმა ბრძოლამ კარგად დაანახვა, რომ შირვანს ყმადნაფიცობის პირობით ვეღარ შეინარჩუნებდა. საჭირო იყო კიდევ უფრო კატეგორიული ღონისძიების მიღება. ამით აიხსნება, რომ სომხეთის საკითხის ძირითადად მოგვარების შემდგგ დავითმა ისევ გაილაშქრა შირვანს, „აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულიად ყოველი შარვანი და დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი“. როგორც ვხედავთ, მრავალწლოვანი ბრძოლა შირვანისათვის, დიდგორზე გამარჯვების შემდეგ საქართველოს სამეფო ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა წარმატებით დამთავრდა - შირვანი მთლიანად გათავისუფლდა თურქ-დამპყრობლებისაგან და საქართველოს შემოუერთდა, მის უმთავრეს ხიცეებსა და ქალაქებში საქართეელოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქარი იქნა ჩაყენებული; ხოლო შირვანის „გამგებელად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა (მეფემ) აჩინა მწიგნობართუხუცესი თუისი სუიმონ, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოზი... კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი. და განაგო მეფემან ყოველი საქმე შირვანისა, აღავსნა კეთილითა საბოძვრითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი“ - წერს დავითის ისტორიკოსი.

შირვანის შემოერთების დროიდან, როგორც ეს ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, უნდა იყოს შემოტანილი ქართველ მეფეთა ტიტულატურაში „შირვანშაჰის“ წოდებაც, მართლაც, დავითს (და ცხადია მის მემკვიდრეებსაც) ამიერიდან შეეძლო თავის თავისათვის ეწოდებინა არა მარტო „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“, არამედ აგრეთვე „შირვანშაჰიც“. მაგრამ რადგან შირვანის შემოერთება დავითის მეფობის ბოლო, უკანასკნელ წელს, უფრო სწორად, უკანასკნელ თვეებში მოხდა, ჩვენ სათანადო მასალა, სადაც მეფე ამ ტიტულითაც იყოს მოხსენიებული, ვერ შემოგვენახა [11].

ამრიგად, შირვანის გათავისუფლება თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან და მისი შემოერთებაც დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო.

 

*  *
*

დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს სამეფოს წარმატებით შეეძლო ეწარმოებინა აგრეთვე ბრძოლები მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების თურქ-დამპყრობელთაგან გათავასუფლებისათვის. დავით აღმაშენებელმა განძის დალაშქვრისა და შირვანში სულთნის წინააღმდეგ გამართული პირველი ბრძოლების შემდეგ, 1123 წელს, აიღო „ციხენი სომხეთისანი, გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბეთი, მანასგომონი და ლატანჯიქარი“. ასე დაიწყო საქართველოს ლაშქრის ძლევამოსილი ბრძოლები სომხეთის გასათავისუფლებლად. სომეხი ხალხი იმედის თვალით უყურებდა დავითის გამარჯვებებს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ყოველნაირად ხელს უწყობდა მის შემდგომ წარმატებებს. სწორედ სომეხმა თავკაცებმა მიიწვიეს დავით IV ქ.ანისიდან მაჰმათიან მფლობელთა გასადევნად და ქალაქის გასათავისუფლებლად.

ანის-შირაკის ყოფილი სამეფოს დედაქალაქი, მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიური ცენტრი ქ. ანისი იმ დროს ქურთული წარმომავლობის შაჰმადიან მფლობელებს შედადიდებს ეპყრათ. დავითის დროის ანისის ერთ-ერთი მფლობელი მანუჩარი 1118 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი ადგილი მისმა შვილმა აბულ-ასვარმა დაიჭირა. იგი ქალაქის მოსახლეობის მიმართ აგრესიულ პოლიტიკასა და რელიგიური შევიწროების გზას დაადგა. XIII ს. სომეხი ისტორიკოსის ვარდანის სიტყვით, ანისის ამ „ქალების მოყვარულმა და მამაცობას მოკლებულმა“ მფლობელმა, ქ. ხლათიდან მოატანინა ვერცხლისაგან საგანგებოდ გამოჭედილი უზარმაზარი ნახევარმთვარე (ვარდანი მას „უზარმაზარ ნალად“ მოიხსენიებს) და ბრძანა იგი დაედგათ სომხური „კათოლიკე ეკლესიის“ გუმბათზე. ამას გარდა, აბულ-ასვარმა თურქ-დამპყრობლების შიშით გადაწყვიტა 60 000 დინარად ქ.ანისი ქ.კარის სელჩუკ ამირასათვის მიეყიდა. ყოველივე ამან ქ.ანისის ძირითადი, ქრისტიანული მოსახლეორის უკმაყოფილება და მღელვარება გამოიწვია. თურქ-დამპყრობლების ანისში მოწვევით შეშინებულმა სომხებმა, ქალაქ ანისის მოსახლეობის თავკაცებმა, ანუ, როგორც წყაროებშია მითითებული, „ანისის თავადებმა“ გადაწყვიტეს დახმარებისათვის მიემართათ საქართველოს მეფისათვის. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „აგვისტოსსა ოცსა მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანასა წყაროთა ზედა მდგომსა“. ამასვე ადასტურებს ვარდანის ცნობაც, ანისის „აღელვებული ქრისტიანების მიერ დავითის მოწვევისა და ქალაქის მისთვის მიცემის“ შესახებ. XII ს. სომეხი ისტორიკოსის სამუელ ანელის ცნობითაც, „ქალაქ ანისისა და შირაკის ოლქის (მცხოვრებლებმა) გადაწყვიტეს გამოსავალი ეპოვათ იმით, რომ თხოვნის ხელი გაეწოდათ ქართლის მეფისათვის დავითისათვის. მათ უღალატეს ამირა აბულ-სუვარს მანუჩეს ძეს, რომელიც ფლობდა ქალაქს მამის სიკვდილის შემდეგ და გაუღეს რა ქალაქის კარი, შემოუშვეს შიგნით ის მეფე (დავითი)“.

დავით IV-მ, როგორც კი მიიღო „ანელ თავადთა“ (თავკაცთა) მოწვევა, მაშინვე გასცა განკარგულება სამეფოში ლაშქრის სასწრაფოდ „წვევის წიგნები“ დაეგზავნათ. მართლაც, სამი დღის შემდეგ, ისტორიკოსის სიტყვით, მეფეს „სამოცი ათასი მხედარი წანაშე უდგა. წარემართა და ვითარცა მიიწია, მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანასი და ციხენი მისნი უჭირველად, სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი“. ანისისა და მისი „მიმდგომი ქვეყნების“ აღება და გათავისუფლება, როგორც ქართველი ისტორიკოსი წერს, „უჭირველად“, დიდი სიძნელეების გარეშე მომხდარა. ამასვე ადასტურებენ სომეხი ისტორიკოსებიც; მაგ., სამუელ ანელის მიხედვით, „მაშინ შესვლისას (ქალაქის აღებისას) ერთ სულაც არ მოსვლია სისხლის ზიანი“. და ეს იმიტომ, რომ ქართველთა ლაშქრობა ანისსა და მის „მიმდგომ ქვეყნებში“ გამათავისუფლებელი ლაშქრობის ხასიათს ატარებდა და სომეხი ხალხის დიდი ხნის სურვილის განხორციელებას ისახავდა მიზნად. ამიტომ იყო, რომ ანისის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა სომეხი ხალხი. ჩვენ მიერ ზემოხსენებული XII ს. სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი აღფრთოვანებით წერდა: „განთავისუფლდა მონობისაგან სატახტო ქალაქი ანისი, რომელიც ტყვეობაში იყო სამოცი წელი და დიდებული და დიდი ეკლესია ანისისა, წმიდა კათოლიკე, რომელიც მიზგითად გადაექციათ. (დავითმა) შეკრიბა ეპისკოპოსები, ხუცესები და ბერები სომეხთა ქვეყნისა და აკურთხა წმიდა კათოლიკე დიდი ზეიმით. და იქმნა სიხარული ყოველსა სახლსა სომეხთასა, რამეთუ ნახეს წმიდა კათოლიკე გათავისუფლებული მონობისაგან“... და იყო დავით მეფე წმიდა და სათნო ყოვლად შემკული ღმრთის მოსავობით და კეთილი სამართლიანობით. იგი გამოუჩნდა შემწყნარებელი და მოყვარული სომეხთა ტომსა... „დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით ექცეოდა მას მთელი სომეხი ხალხი“.

ქ. ანისი და მისი „მიმდგომი ქვეყანა“, ისე როგორც ადრევე გათავისუფლებული ლორე და ლორე-ტაშირის ყოფილი სამეფოს ტერიტორიები, დავით აღმაშენებელმა საქართველოს შემოუერთა; ანისის მცველად კი, ქართველი ისტორიკოსის სიტყვით, „დაუტევნა აზნაურნი მესხნი“, ხოლო ქალაქისა და მისი ქვეყნების გამგებლობა, ვარდანის მიხედვით, ქართველ დიდებულებს, აბულეთსა და მის შვილს ივანეს, ჩააბარა. ანისის ყოფილი მფლობელი აბულ-ასვარი კი თავისი რვა შვილით, ზოგი ცნობით, აფხაზეთის ჭაობიან, ციებ-ცხელებიან ადგილებში გაგზავნა, სხვა ცნობით კიდევ, თბილისს ჩამოიყვანა.

ანისის გათავისუფლებისა და შემოერთების შემდეგ დავითმა, ვარდანის ცნობით, კიდევ უფრო განავრცო საქართველოს საზღვრები, დაიპყრო ვანანდისა და არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები, ყველა ქვეყანა, რომელიც კი ერთ დროს სომეხთა მეფეებს - კვირიკესა და აბასს ეკუთვნოდათ, კავკასიის მთა და ქვეყნები თვით კასპიის ზღვამდე, ხაბანდა დიდი სომხეთის არცახის პროვინციაში და სხვა.

ამრიგად, დავით აღმაშენებლის დროს გათავისუფლდა და საქართველოს უშუალოდ შემოუერთდა თურქ-სელჩუკების მიერ დაპყრობილი სომხური პროვინციების ძირითადი ნაწილი. ქვეყანაში შეიქმნა მეტნაკლებად მშვიდობიანი ცხოვრების პირობები. ამასთან ერთად დაიწყო ჯერ კიდევ უცხოელთა ბატონობის ქვეშ მყოფ სომეხთა მასობრივი გადასახლება და დამკვიდრება საკუთრივ საქართველოსა და მის მიერ შემომტკიცებულ პროვინციებში; სომხეთის უმთავრესი ოლქებისა და ქალაქების საქართველოსთან შეერთების დროიდან დადგა ახალი ხანა ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობაში  მათი კავშირის ახალი ფორმების შემდგომი განმტკიცებისა და ეკონომიური და კულტურული თანამშრომლობის გაფართოების ხანა. ეს კიდევ ერთი დიდი ისტორიული მნიშვნელობის შედეგი იყო დიდგორის ველზე მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებისა.

შირვანისა და სომხეთის შემოერთებით, ჩრდილო კავკასიის ხალხებზე ყმადნაფიცობის ხელის დადებით და საქართველოს გავლენის გაძლიერებით არსებითად დაიწყო საქართველოს მეთაურობით ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნის ხანგრძლივი ისტორიული პროცესი. ამას მოითხოვდა, ერთი მხრივ, ცალკეული სამეურნეო ოლქების ეკონომიური დაახლოების ინტერესები. ხოლო მეორე მხრივ, მრავალრიცხოვან უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანების, ერთიანი თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

 

*  *
*

თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებულმა წარმატებებმა, დამპყრობლების განდევნამ, სომხეთისა და შირვანის დიდი ნაწილის განთავისუფლება-შემოერთებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური საზღვრები და გაზრდა მისი საერთაშორისო ავტორიტეტიც. საქართველოს სამეფო იმდროინდელი წყაროების მიხედვით, ვრცელდებოდა „ნიკოფსითგან (დღევანდელი კრასნოდარის მხარეში, სოჭსა და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდის (დღევანდელი დერბენტის საზღვრამდე) და ოვსეთიდან (იგულისხმება ჩრდილო ოსეთი) არეგაწამდეა (სომხეთში). დავით აღმაშენებელი უკვე საკმაოდ ვრცელი და ძლიერი ქვეყნის მეფე იყო. თავისი სიძლიერე საქართველოს სამეფომ ჯერ კიდევ დიდგორის ბრძოლაში დაამტკიცა.

კიდევ უფრო გაიზარდა გაძლიერებული საქართველოს სამეფოს საერთაშორისო გავლენა. მისი შორეული თუ ახლო მეზობელი ქვეყნები იძულებულნი ხდებოდნენ ანგარიში გაეწიათ მისთვის. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელები ხომ არაერთგზის თვითვე დარწმუნდნენ საქართველოს უძლეველობაში: „არავინ წინ აღუდგა მას (საქართველოს მეფეს), - წერს დავითის ისტორიკოსი, - რამეთუ თუით სულტანი მუნ სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა და არცაღა თუით ძუელად ქონებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ჰგონებოდა თუისად ქონებად“ და რა შორსაც არ უნდა ყოფილიყო დავით მეფე, სულთანს მაინც „ეოცებოდა (თვალწინ ედგა) მძინარესა შიში და მღვიძარესა სიკუდილი“-ო.

დავით აღმაშენებლის მიერ არა ერთხელ დამარცხებული მაჰმადიანი მფლობელები, რაკი იარაღით ვერაფერს გახდნენ, ათასგვარი საჩუქრებითა და ძღვენით ეძიებდნენ მისგან მშვიდობასა და მეგობრობას. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, მეფის შიშით ძილგამკრთალი სულთანი „ზედას-ზედა წარმოავლენდის მოციქულთა ძღუენითა დამშვიდებად პირსა მისსა“ და აგზავნიდა დიდ საგანძურს, ძვირფასს, მრავალფერს, უცხო და იშვიათად საპოვნელ ფრინველებსა და ნადირთ და „ეძიებენ მშვიდობასა და სიყვარულსა და ყივჩაღთაგან არა რბევისა“. არაფრად მიიჩნევდა „წარსაგებელთა სიმრავლესა, ოდენმცა მუნ თვით სადა იყვის იპოვის მშვიდობა სიცოცხლე თავისა თვისასა“. ამრიგად, ერთ დროს საქართველოზე გაბატონებული სულთანი, ამჯერად მის მეფესთან უთვალავი ძღვნითა და საჩუქრებით მშვიდობის მაძიებელი, არსებითად საქართვეღოს სამეფოს მოხარკედ იყო ქცეული. ამიტომ ამბობდა დავითის ისტორიკოსი - მეფემ „სულტანი დასვა მოხარკედ თვისაო“.

დავით IV-ის მიერ მაჰმადიანურ სამყაროსთან დამყარებული ასეთი ურთიერთობის შემდეგ გაუგებრობად უნდა მივიჩნიოთ ზოგი მკვლევარის თვალსაზრისის დავითისა და მისი მემკვიდრის დემეტრე I-ის დროის საქართველოზე მუსლიმანობის დიდი გავლენისა და მუსლიმანებისადმი ვასალობის შესახებ. ჯერ კიდევ ცნობილი ნუმიზმატი ე.პახომოვი, დემეტრე I-ის ზემოაღნიშნულ მონეტებზე ხალიფასა და სულთნის სახელების მოხსენების მიხედვით, მივიდა ამგვარ დასკვნამდე. მისი აზრით, საქართველოს მეფე იძულებული გამხდარა ეცნო თავისი ვასალური დამოკიდებულება მუსლიმანი მფლობელებისადმი. ივ. ჯავახიშვილმა 1912 წ. თავის რეცენზიაში ე.პახომოვის ნაშრომზე ნათლად უჩვენა ამგვარი მოსაზრების არასწორობა და მიუთითა, რომ ქართულ მონეტებზე მუსლიმან მფლობელთა მოხსენება პოლიტიკური დამოკიდებულების შედეგი არ ყოფილა, რომ ამგვარი წარწერები ქართულ მონეტებს უცხოელთა შორის საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, განსაკუთრებით მაჰმადიანურ აღმოსავლურ სამყაროში, ფართო, თავისუფალი მიმოქცევის საშუალებას აძლევდა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მკვლევარი დღესაც იმეორებს ამ არასწორ მოსაზრებას. ინგლისელი მეცნიერის ვ.მინორსკის აზრით, საქართველოს მეფის მიერ თბილისის მაჰმადიანური მოსახლეობისადმი მინიჭებული ისეთი შეღავათები, რომელზედაც ჩვენ ზემოთ გვქონდა საუბარი, და დავითის ასე ფრთხილი დამოკიდებულება მუსლიმანი ქვეშევრდომებისადმი აიხსნება მუსლიმანთა დიდი გავლენით თბილისზე (განსაკუთრებით მისი შემოერთების შემდეგ) და საერთოდ საქართველოზე. ამის საბუთად ვ.მინორსკი ასახელებს იმდროინდელ საქართველოში არაბული ენის გამოცხადებას უმთავრეს დიპლომატურ, მეზობლებთან ურთიერთობის ენად, არაბული წარწერების გაჩენას ქართულ მონეტებზე, ბიზანტიური ტიპის ფულების მაგიერ მუსლიმანური ტიპის მონეტების მოჭრას და ქართველ მეფეთა ბიზანტიური ტიტულების გაქრობას.

საქართველოს სამეფოსა და აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელების ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით კიდევ უფრო შორს წავიდა და ასევე არასწორ დასკვნამდე მივიდა რუსი მკვლევარი ო.ვილჩევსკი. მისი მტკიცებით, ე.პახომოვმა უდავოდ დაადასტურა დემეტრე I-ის ვასალური დამოკიდებულება აბასიდი ხალიფებისა და ირანელი სელჩუკი სულთნებისადმი. ხოლო ივ.ჯავახიშვილის საწინააღმდეგო თვალსაზრისი, რომელიც შემდეგ უკრიტიკოდ გაიმეორეს ა.ბიკოვამ და დ.კაპანაძემ, მოკლებულია ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს. ო.ვილჩევსკიმ თავისი ამ თვალსაზრისის განსამტკიცებლად „ახალი საბუთიც“ მოიშველია, რომელიც, მისი აზრით, სავსებით ნათელს ხდის დემეტრე I-ის მონეტებზე გაკეთებული წარწერების მნიშვნელობას. ეს „ახალი საბუთი“ დემეტრე I-ის თანამედროვის და მეხოტბის შირვანელი პოეტის ფალაკის ოდის ერთ-ერთი ადგილია, სადაც დემეტრე I თურმე „ხარკის დასავლეთიდან აღმოსავლეთში მომტანად“ არის გამოცხადებული. ეს კი, ო.ვილჩევსკის დასკვნით, იმას ნიშნავს, რომ „დემეტრე დავითის ძე, ბეგრატიონთა საგვარეულოდან“, სელჩუკებს ხარკს უხდიდა.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დავითის, დემეტრე I-ის თუ გიორგი III და სხვების მიერ მოჭრილი მონეტები არაბული წარწერებითა და მაჰმადიან მფლობელთა სახელების მოხსენიებით, საქართველოს მეფეების მეზობელ მაჰმადიან მფლობელებთან დამოკიდებულების ფორმების განსასაზღვრავად არ გამოდგება.

ეს სავსებით ნათელი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსი არაბულწარწერიანი და მუსლიმანური ტიპის მონეტები იჭრებოდა არა მარტო საქართველოში, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა მაჰმადიანურ სამყაროსთან, არამედ საკმაოდ შორეულ ევროპულ ქვეყნებში და ისეთ სამეფოებსა და სამთავროებში, რომლებიც „ჯვაროსნულ ომს“ უცხადებდნენ მაჰმადიან მფლობელებს. ასე მაგალითად, ჰერცოგმა რობერტ სიცილიელმა (1072-1085 წწ.) მის მიერ მოჭრილ მუსლიმანური ტიპის მონეტაზე არაბული წარწერებით მოიხსენია არა მარტო თავისი, არამედ აგრეთვე მუჰამედის სახელიც. ამგვარადვე, სიცილიის პირველი მეფის როჟერ II-ის (1130 -1154 წწ.) საერთოდ მუსლიმანური იერის არაბულწარწერიან მონეტაზე მოხსენებულია ფატიმიანი ხალიფა. მსგავს მონეტებს ჭრიდნენ ნორმანდიის მეფეები ვილჰელმ I (1066-1087), ვილჰელმ II (1153-1189) და ტანკრედი II (1189-1194); ხოლო შემდეგ, იმპერატორების ჰენრიხ VI-ის (1194-1197) და ფრიდრიხ II-ის (1197 - 1220) დროს, სამხრეთ იტალიასა და სიცილიის მონეტებზე, მართალია, ხალიფას სახელი არ მოიხსენიებოდა, მაგრამ ჩვეულებრივ ამოკვეთილი იყო არაბული წარწერები და სიმბოლოები, ქრისტიანულთან ერთად.

ამას გარდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რომის პაპები პალესტინის ეპისკოპოსებს წინადადებას აძლევდნენ ეკლესიიდან მოეკვეთათ ყველა ის, ვინც კი იერუსალიმის სამეფოში, ანტიოქიის სამთავროში თუ ტრიპოლიის საგრაფოში მოჭრიდა მონეტებს მუჰამედის სახელით. ცნობილია, რომ პაპის ამგვარ მითითებებს ანგარიშს არავინ უწევდა და აღმოსავლეთის ჯვაროსნულ (ევროპულ) სამეფოებსა თუ სამთავროებში გრძელდებოდა მონეტების მოჭრა არაბული წარწერებითა და მუჰამედისა და ხალიფას სახელების მოხსენიებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არავის მოსვლია აზრად, რომ სიცილიის, ნორმანდიის, იტალიისა თუ სხვა შუა საუკუნეების ევროპული თუ ჯვაროსნული აღმოსავლური სახელმწიფოების მეფე-მთავრები აღმოსავლეთის მაჰმადიან მფლობეღთა ვასალებად და მოხარკეებად გამოეცხადებინა.

ამრიგად, აშკარაა, რომ მუსლიმანური ტიპის არაბულწარწერიანი მონეტები მუჰამედისა და ხალიფას სახელით საქართველოსა თუ ევროპის ქვეყნებში იჭრებოდა არა ამ სახელმწიფოების აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელებისადმი ვასალური დამოკიდებულების გამოსახატავად, არამედ იმ საერთაშორისო სავაჭრო ეკონომიურ ურთიერთობაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ამ დროისათვის ასე ფართო ხასიათი ჰქონდა.

ზემოთქმულის შემდეგ შეიძლება ზედმეტი იყოს, მაგრამ მაინც საჭიროდ მივიჩნევთ ორიოდე სიტყვით შევეხოთ ო.ვილჩევსკის მიერ ასე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ მიჩნეულ ხაბუთსაც - შირვანელი პოეტის ფალაკის სახოტბო სიტყვებს.

ფალაკი, ისე როგორც მისი მასწავლებელი ხაყანი, დემეტრე I-ის მეხოტბენი იყვნენ. დემეტრე I-ის გარდაცვალებას ფალაკიმ საგანგებო ოდა უძღვნა, სადაც, სხვათა შორის, ნათქვამია:

„მეფეთა-მეფე (შაჰინშაჰი) აფხაზეთისა და შაქისა (დემეტრე), მეუფე ჰორიზონტისა (ეს ფრაზა ო.ვილჩევსკის გამოტოვებული აქვს), რომელმაც ხარკი (ბაჟი) მოიტანა აღმოსავლეთში დასავლეთიდან“.

ფალაკის ოდა ირანული სახოტბო პოეზიისათვის დამახასიათებელ ჩვეულებრივ ყასიდას წარმოადგენს და, ცხადია, მასში რეალური ისტორიული შინაარსის დანახვა გაძნელდებოდა. როგორც ვხედავთ, ფალაკი დემეტრე I-ს „ჰორიზონტების“, სამყაროს მთელი თვალსაწიერის მეუფედ მიიჩნევს. ქვემოთ კიდევ, საქართველოს მეფე მის მიერ „ქრისტეს მახვილად, მთელ ციურ სამყაროთა თავის ბრწყინვალე დროშის ქვეშ გამაერთიანებლად“ არის გამოცხადებული. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რეალური ისტორიული ვითარების ამსახველად მივიჩნიოთ. მაგრამ თუ ო.ვილჩევსკის მსგავსად ფალაკის ზემომოტანილ სიტყვებში მაინც რეალური შინაარსის ძებნას დავიწყებდით, სავსებით საწინააღმდეგო დასკვნა უნდა გაგვეკეთებინა: ჯერ ერთი, ფალაკის მიერ „მიწიერი და ზეციური სამყაროს“, „მთელი ჰორიზონტის“ მეუფედ მიჩნეული დემეტრე როგორ შეიძლებოდა მუსლიმან მფლობელთა მოხარკედ წარმოგვედგინა; ან კიდევ, რა საფიქრებელია, რომ თვით ფალაკის, რომელმაც არ დაიშურა სახოტბო სიტყვები დემეტრეს სიძლიერისა და სიდიადის შესაქებლად, მის მიერ ასე განდიდებული მეფე მასვე იმავე საგანგებო ოდაში სხვების მოხარკედ გამოეცხადებინა.

ამას გარდა, საქმე შეიძლება იმაშიც იყოს, რომ „აღმოსავლეთში“, რომელსაც ამ შემთხვევაში ფალაკი იხსენიებს და სადაც დემეტრე I-მა „მოიტანა ხარკი დასავლეთიდან“, სწორედ იმ დროის პოლიტიკური საქართველო (რომელშიც ფალაკის სამშობლო შირვანიც ივარაუდებოდა) იგულისხმებოდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმდროინდელ წყაროებში (მათ შორის ქართულშიაც) საქართველო „დასავლეთისაგან“ (ბიზანტიისაგან და მისი ყოფილი მცირეაზიული ტერიტორიებისაგან) განსასხვავებლად „აღმოსავლეთად“ მოიხსენიებოდა. ამას გარდა, არ არის გამორიცხული ისიც, რომ ფალაკი შირვანელი, რომელმაც ასე საგანგებო ოდა შეთხზა დემეტრეს გარდაცვალების გამო, მისი დაკრძალვის დროს სწორედ საქართველოში ყოფილიყო, ამაზე უნდა მიგვითითებდეს ამ შემთხვევაში ნახმარი ზმნა „მოტიანა“ (სპარს. „ავარდ“).

ასე, რომ თუკი ფალაკი შირვანელის ოდაში რეალური ვითარების ძებნას დავიწყებდით, დემეტრე I სხვა ქვეყნებიდან, „დასავლეთიდან“, ხარკის „აღმოსავლეთში“ (საქართველოში) მომტანად უნდა მიგვეჩნია და არა პირიქით - აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელებისადმი ხარკის „მიმტანად“ როგორც ეს ო.ვილჩევსკის წარმოუდგენია.

ამრიგად დავით აღმაშენებელი თუ მისი მემკვიდრე, რომელნიც თავიანთ თავს „მესიის (ქრისტეს) მახვილს“ უწოდებდნენ და რომლებმაც მოღვაწეობის მთელი წლები თურქ-დამპყრობლებისაგან, მათი ბატონობა-გავლენისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას შეალიეს და ამ ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვებებიც მოიპოვეს, XII ს. საქართველოს ისტორიის გაყალბება იქნებოდა მუსლიმანების გავლენის თუ მოხარკეობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს მეფეებად ჩაგვეთვალა. მაგრამ თურქ-დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც აღვნიშნეთ, მაჰმადიანურ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტას კი არ ნიშნავდა, არამედ ამ კავშირის ახალი სახით გაგრძელებასა და გაღრმავებასაც. არაბულწარწერიანი და მუსლიმანური ტიპის მონეტების მოჭრა, არაბული ენის ასეთი მდგომარეობა თუ მეფეთა ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულების გაქრობა საქართველოზე მუსლიმანობას გავლენის გაზრდით კი არ აიხსნება, არამედ იმით, რომ იმდროინდელი საქართველო უმთავრესად მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვაში იმყოფებოდა და ამ გარემოსთან ეკონომიური თუ პოლიტიკური ერთიანობა ასეთი ღონისძიების გატარებას მოითხოვდა. თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ დავით აღმაშენებელი არა მარტო არაბულწარწერიან, არამედ მხოლოდ ქართულწარწერიან მონეტებსაც ჭრიდა, როგორც ეს ამ ბოლო წლებში გამოარკვია ინგლისელმა მეცნიერნმა დ.ლანგმა. ამას გარდა, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ დავით აღმაშენებლის დროიდან გაქრა არა მარტო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, არამედ მასთან ერთად ყველა ის სიმბოლური ნიშანიც, რაც საქართველოსა და მისი მეფის რომელიმე უცხო სახელმწაფოსაგან დამოკიდებულებას გამოხატავდა.

 

*  *
*

დიდგორის ველზე და საერთოდ თურქ-დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში დავით IV-ის მიერ მოპოვებულმა ისტორიულმა მნიშვნელობის გამარჯვებებმა კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს გავლენა ჩრდილო კავკასიის ხალხებზე. საქართველოს როლი ამ ხალხების შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებასა და კულტურაში კიდევ უფრო გაიზარდა დავითის მეფობის ბოლო წლებიდან, განაკუთრებით დიდგორის ბრძოლის შემდეგ. კიდევ უფრო განმტკკიცდა კიევის მთავრისა და საქართველოს მეფის ურთიერთობა, განსაკუთრებით დავითის მემკვიდრის, დემეტრე I-ის დროს. ზოგი მკვლევარის აზრით, კიევის მთავრის ფართო საერთაშორისო საეკლესიო ბრძოლაში საქართველოც იღებდა მონაწილეობას და საეკლესიო საკითხის გადაწყვეტაში მხარს უჭერდა კიევის მთავარს. გაძლიერებულ საქართველოსთან კავშირის შემდგომ განმტკიცებას ისახავდა მიზნად, ცხადია, კიევის მთავრის იზიასლავ მსტისლავის ძის ქორწინება საქართველოს მეფის ასულზე. კიევის მთავარი საქართვლოს სამეფო სახლთან დამოყვრებით ფიქრობდა თავისი სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრების სიმშვიდის უზრუნველყოფას, ყივჩაყთა თავდასხმების თავიდან აცილებას, მით უფრო, რომ ყივჩაყები საქართველოს გავლენის ქვეშ იყვნენ და კიევში დიდის პატივით ჩაყვანილი ქართველი მეფის ასულიც ხომ დედით თვით ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანისძის შვილიშვილი იყო.

დავითის მიერ წარმოებულ ფართო შეტევებს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, ძლევამოსილ გამარჯვებას დიდგორში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთის ჯვაროსნული სახელმწიფოების მეფე-მთავრებისათვის კერძოდ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის საერთოდ. ამიტომ იყო, რომ ისინი დავითსა და მას ქვეყანას თავიანთ „წინა ბურჯად“ თვლიდნენ თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამითვე აიხსნება აგრეთვე ისიც, რომ თურქ-სელჩუკებმა ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მოპოვების ერთ-ერთ პირობად გაძლიერებული საქართველოს მეფის დამარცხება, მისი თავიდან მოშორება მიიჩნიეს. როგორც ზემოთ ვნახეთ, ფრანგი კანცლერის სიტყვით, დიდგორზე გამარჯვება ილღაზს შესაძლებლობას მისცემდა თავისუფლად შედგომოდა „ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანების ამოწყვეტას“. მაგრამ დიდგორის ველზე ილღაზისა და მასი კოალიციური ლაშქრის დამარცხებამ თურქთა ეს გეგმები ჩაშალა. საქართველოს გამარჯვებამ გამათავისუფლებელ ომში ხელი გაუმართა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში - თურქთა ძალები შეასუსტა და დაქსასა. ილღაზმა ვერ შეძლო ჯვაროსნების წინააღმდეგ XII ს. 20-იან წლებში წარმატებით დაწყებული ბრძოლების გაგრძელება, მან, როგორც მხედართმთავარმა და როგორც პიროვნებამაც, არსებითად დიდგორის ველზე დაამთავრა თავისი მოღვაწეობა და ცხოვრებაც - 1122 წელს იგი (იქნებ დიდგორს მიღებული ჭრილობისაგან) გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ზემოხსენებული გერმანელი ისტორიკოსი კუგლერი, XII საუკუნის ოციან წლებში ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლებში არაერთხელ გამარჯვებული ილღაზის დაცემას დიდგორის ამბებს უკავშირებს. მასი სატყვით, სწორედ იმ დროს, როცა ილღაზმა დიდ წარმატებებს მიაღწია ჯვაროსნებთან ბრძოლაში, მას ჩრდილოეთში გამოუჩნდა მრიხანე მოწინააღმდეგე საქართველოს მეფის, დავითის სახით, რომელმაც სისხლისმღვრელ ბრძოლაში სასტიკად გაანადგურა ილღაზი და ამით მის მიერ არაერთხელ დამარცხებულ ჯვაროსნებს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა.

დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიგვითითებს აგრეთვე ის გამოხმაურებანიც, რაც ამ გამარჯვებამ პოვა იმდროინდელ ევროპულ სახელმწიფოებსა და შესაბამის ქრონიკებში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველოსთან ევროპელების ურთიერთობა ჯვაროსნებისა და საქართველოს ურთიერთობით არ უნდა ყოფილიყო შემოფარგლული - გაძლიერებულ აღმოსავლურ ქრასტიანულ ქვეყანასთან, საქართველოსთან კავშირის მაძიებელი დასავლეთ ევროპის ზოგი სახელმწიფოც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საამისო სათანადო წყაროები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის გამომზეურებული.

დიდგორის ბრძოლრს შეშდეგდროინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზემოგაკეთებული მოკლე მიმოხილვიდან კარგად ჩანს ის დიდი საერთაშორისო ასპარეზი, რომელზედაც ამ დროისათვის საქართველო აღმოჩნდა. შექმნილი საერთაშორისო ვითარების მეტ-ნაკლებად სწორ ასახვად შეიძლება მივიჩნიოთ დავითის ისტორიკოსის მიერ საქართველოს იმდროინდელი მეფის შესახებ ხატოვნად ნათქვამი შემდეგი სიტყვები: დავითის „აჩრდილსა (ჩრდილქვეშ, საფარველ ქვეშ) შეკრებილ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი (ევროპისანი), შარვანისა და სპარსეთისანი“.

თურქ-სელჩუკებზე გადამწყვეტ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიური განვითარების თვალსაზრისითაც. იგი მოასწავებდა პროგრესული, ინტენსიური მეურნეობის გამარჯვებას პრიმიტიულ-ექსტენსიურ მეურნეობაზე. თურქებისა და მათი ჯოგების განდევნამ, ბრძოლის ასპარეზის საქართველოს საზღვრებს იქით გატანამ ქართველი გლეხი დაუბრუნა თავის მამაპაპეულ მიწა-წყალს და მას დოვლათის მშვიდად წარმოების შესაძლებლობა შეუქმნა. კიდევ უფრო დაწინაურდა და გაფართოვდა ხელოსნობა და ვაჭრობა, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება. მართალია, ზოგმა ქალაქმა დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა დაკარგა, მაგრამ ძლიერი მეფის მფარველობის ქვეშ მყოფმა, კიდევ უფრო გააფართოვა საშინაო თუ საგარეო ვაჭრობა. ძლიერი სამეფო ხელისუფლება უზრუნველყოფდა ვაჭრის პიროვნებისა თუ ქონების დაცვას, სავაჭრო გზების კეთილმოწყობასა და უშიშროებას. დავით აღმაშენებელმა ამ მხრივაც არა ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, მაგრამ მასზე ამჟამად სიტყვას არ გავაგრძელებთ.

ფეოდალური საქართველოს ეკონომიური აღმავლობა იმ დროისათვის ისე ძლიერი იყო, რომ დავითის ისტორიკოსი აღფრთოვანებით წერდა: „ვგონებ, ვითარმედ მამათა და პაპათაგან (მათ დროს) წაღებულნი ქვეყანანი, ტყუენი და სიმდიდრენი, მრავალ-წილად უკუმოიზღუნა (უკანვე დაიბრუნა) ამან (მეფემ) მხნემან. დაამშუიდა ქუეყანა, აღივსო და გარდაეცა (მოიფინა) ყოვლითა კეთილითა, განავსო და აღაშენა ყოველი ოხერ-ქმნილი (გაუკაცრიელებული) და და გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშუიდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩვენი, ნაცვლად გარდასრულთა ოხრებათასა“-ო.

როგორც ვხედავთ, ყველა ამ წარმატებასა და გამარჯვებას, მტრების მიერ მიტაცებული ტერიტორიების მრავალწილად უკან დაბრუნებას, მშვიდობის დამყარებას, გაოხრებულ ადგილთა მოშენებას, ქვეყნის დოვლათით აღვსება-გამდიდრებას დავითის ისტორიკოსი საკუთრივ მეფეს მიაწერს და მისი პიროვნული ღირსებებით ხსნის. ნამდვილად კი ყველაფერი ეს ქართველი ხალხის სისხლით, შრომითა და ოფლით იყო მოპოვებული. ხალხი იყო საშინაო თუ საგარეო გამარჯვების შემოქმედი, ქვეყნის ძლიერების ფუძე, მისი ხმალი და გუთანი; მაგრამ ამ ხალხს მაორგანიზებელი, წარმმართველი ძალა სჭირდებოდა. ასეთ ძალას კი ფეოდალურ ქვეყანაში მეფე და მისი ხელისუფლება წარმოადგენდა. ცხადია, ბევრი იყო დამოკიდებული სამეფო ხელისუფლების გონივრულობასა და უნარიანობაზე, ხალხის დიდი ძალის სწორი, კანონზომიერი გზით წარმართვაზე, ამიტომ ფეოდალური ხანის ოფიციალური ისტორიკოსები მხოლოდ მეფესა და მის ძალას ხედავდნენ, მას მიიჩნევდნენ ისტორიის შემოქმედად და მის შესახებ წერდნენ. თვით ხალხს კი ივიწყებდნენ, მათი გმირობისა და თავდადების შესახებ არაფერს ამბობდნენ. ამით აიხსნება, რომ ჩვენს ძველ საისტორიო თხზულებებში არ ჩანს იმ ქართველ გმირთა, ხალხის შვილთა სახელები, რომელთაც თავი დასდეს დიდგორის ველზე თუ სხვა ბრძოლებში და თავგანწირვით უზრუნველყვეს თავისი ხალხის გამარჯვება, მისი ნათელი მომავალი.

 

*  *
*

დიდგორის ველზე მომხდარი „ძლევაჲ საკვირველი“ იმდენად დიდმნიშვნელოვანი იყო და ასე ფართო გამოხმაურება ჰპოვა იმდროინდელ მსოფლიოში, რომ ამ ბრძოლასა და დავით აღმაშენებელზე შეიქმნა და გავრცელდა სხვადასხვაგვარი ლეგენდები. ასეთი ლეგენდების წარმოშობას ხელს უწყობდა სხვადასხვა ენაზე დაწერილი საისტორიო მოთხრობები თუ წერილები დავითისა და ამ სახელგანთქმული ბრძოლის შესახებ. დიდგორის ბრძოლაში დავითის ლაშქრის მიერ მოპოვებული გამარჯვების შესახებ წერდნენ ამ ამბების თანამედროვენი ქართულად, სომხურად, არაბულად და ლათინურად, ე.ი. იმ დროის მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე, ეს იმას ბიშნავს, რომ ამ „ძლევაჲ საკვირველის“ შესახებ ცნობები ვრცელდებოდა მსოფლიოს ყველა კუთხეში.

დავითისა და დიდგორის შესახებ გავრცელებულმა ამგვარმა ცნობებმა და იმ ურთიერთობამ, რომელიც საუკუნის მანძილზე საქართველოსა და ჯვაროსნებს შორის არსებობდა, როგორც ჩანს, დასაბამი მისცა ფართოდ გავრცელებულ ლეგენდას „მეფე-მღვდელმთავარ იოანეზე“. ეს ლეგენდა წარმოიშვა ჯვაროსანთა ლაშქრობების ხანაში და გავრცელდა ჩინელებში, თურქებში, მონღოლებში, სპარსელებში, ინდოელებში, არაბებში, სომხებსა და ყველა იმ ევროპელ ხალხებშიც, რომელნიც მონაწილეობას იღებდნენ ჯვაროსნულ ომებში. ლეგენდამ ლიტერატურული გზით შეაღწია რუსეთშიც. ასე რომ, იგი ფაქტიურად მთელ მსოფლიოში ფართოდ მოარულ ლეგენდად არის მიჩნეული. მისი ერთ-ერთი უძველესი ვარიანტი მოტანილია გერმანელი მემატიანის ოტო ფრაიზინგენის ქრონიკაში. მისი შინაარსი, ქრონიკის მიხედვით, ასეთია: „ყაბალას კათოლიკე ეპისკოპოსი 1145 წელს ევროპაში ჩამოვიდა, რათა პაპისათვის შეეჩივლა სხვადასხვა საქმეთა შესახებ და ამავე დროს გერმანიის იმპერატორი და საფრანგეთის მეფე აემოძრავებინა მოკლე ხნის წინათ დაკარგული ედესის ხელახალი დაპყრობისათვის. ამასთან, ჰყვებოდა იგი: რამდენიმე წლის წინათ ვიღაც მეფე და ბერი იოანე, რომელიც სპარსეთისა და სომხეთის გაღმა, უკიდურეს აღმოსავლეთში ცხოვრობს და თავის ხალხთან ერთად ქრისტიანულ, მაგრამ ნესტორიანულ [12] ეკლესიას ეკუთვნის, სპარსელთა და მიდიელთა მეფე-ძმებს, სახელად სემიარდად ცნობილთ, თავს დაესხა და მათი რეზიდენცია ეკბატანი... დაიპყრო, დასახელებული მეფეები (ძმები) თავიანთი სპარსული, მიდიური და ასურული ჯარებით გაემართნებ მის წინააღმდეგ; ბრძოლა სამი დღე გაგრძელდა, ვინაიდან ორივე მხარე გაქცევას სიკვდილს არჩევდა. და ბოლოს, მღვდელმთავარმა იოანემ, რომელსაც ასე უწოდებენ ჩვეულებრივ, სპარსელები გააქცია და გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ... მღვდელმთავარ იოანეს სურდა სწრაფად დახმარებოდა იერუსალიმის ტაძარს, მაგრამ ჯარი, რომელიც ტიგროსს მიადგა, ვერ გადავიდა გადასასვლელების უქონლობის გამო, შემდეგ იგი ჩრდილოეთით მიბრუნდა, ვინაიდან მას მოახსენეს, რომ იქ მდინარე ყინულითაა დაფარულიო“.

ამ ლეგენდამ საუკუნეთა მანძილზე მრავალგვარი ცვლილება განიცადა, რაც აძნელებს იმ ისტორიული პიროვნების ამოცნობას, რომელიც იოანე მეფე-მღვდელმთავრის ქვეშ იგულისხმებოდა. საამისოდ არა ერთი მოსაზრება გამოითქვა ევროპულ ლიტერატურაში.

თუ დავუკვირდებით თვით ქრონიკის თხრობას, დავინახავთ, რომ მასში სრულიად აშკარად მოჩანს იმ ნახევრად ლეგანდარული ცნობების ანარეკლი, რომელიც დავით აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლის შესახებ აღწევდა ევროპელ ჯვარრსნებთან. როგორც ანსელუსის ზემომოტანილი წერილიდან ჩანს, ჯვაროსნების მიერ დავით აღმაშენებელი ჯერ კიდევ ადრე, „მიდიელებისა და სპარსელების“ წინააღმდეგ ბრძოლაში, „წინა ბურჯად“ ყოფილა მიჩნეული, მისი ქვეყანაც ხომ „არმენიისა და სპარსეთის მიღმა“ მდებარეობდა. ასე, რომ „არმენიისა და სპარსეთის მიღმა მცხოვრები მეფე-მღვდელმთავარი“ სხვა ვინ უნდა იყოს, თუ არა დავით აღმაშენებელი, აღმოსავლეთის იმ ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე. რომელიც მაშინ ფართო მასშტაბის გადამწყვეტ ბრძოლებს აწარმოებდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. მართლაც, როგორც ეს უკანასკნელ ხანებში გაირკვა, ამ ლეგენდის თავდაპირველ ვარიანტში მთავარ გმირად იოანე მეფე-მღვდელმთავარი კი არ ყოფილა დასახელებული, არამედ მეფე დავითი. ლათინურ ენაზე შედგენილ XIII საუკუნის ინგლასურ ქრონიკაში ნათქვამია: „მთელ საქრისტიანოში გავრცელდა ხმა, რომ მეფე დავითი, იოანე პრესვიტერად სახელდებული, აურაცხელი ჯარით დაიძრა ინდოეთიდან და უკვე დაიპყრო მიდია და სპარსეთიო“.

ამრიგად, იმდროინდელ მსოფლიოში ასე ფართოდ გავრცელბული ეს ლეგენდა დავით აღმაშენებელსა და მირ დროს გადახდილ ომებზე იყო შექმნილი.

დიდგორისა და საერთოდ დავით აღმაშენებლის ბრძოლის ლეგენდარულ სამოსელში გახვევის საფუძველი იყო ის ისტორიული წყაროები, რომელნიც, მართლაც, ნახევრად ფანტასტიკურად წარმოგვიდგენდნენ პატარა ქვეყნის მეფის მცირე, ორმოცდაათიათასიანი ლაშქრის გამარჯვებას დიდი ქვეყნების მფლობელთა ნახევარმილიონიან თუ ექვსასათასიან ლაშქარზე. ეს უცხოური თუ ქართული წყაროები, რომლებიც ამ ომის შესახებ მაშინ არსებობდა, დიდგორის ველზე გამარჯვებასა და მის სარდალს, დავით აღმაშენებელს ძველი ისტორიის ბევრ სახელგანთქმულ ომსა და დიდ ისტორიულ პირებზე მაღლა აყენებდა და მეტი შექების ღირსად მიიჩნევდა.

დავითის ისტორიკოსის სიტყვით, დიდგორის ბრძოლა ღირსი იყო აღეწერათ და შეექოთ ძველი დროის „დიდთ და სახელოვან გამომეტყუელთ“, სიტყვია ოსტატებს: ჰომეროსს, არისტობულს თუ იოსებ ფლავიოსს. მაგრამ არც ჰომეროსს, რომელმაც ტროადელთა ომი შეაქო, არც არისტორულს, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლებს ადიდებდა და არც იოსებ ფლავიოსს, რომელიც ვესპასიანეს ცხოვრებას აღწერდა, „ნივთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად“, ე.ი. ბევრი არაფერი ჰქონდათ მოსათხრობი შედარებით იმასთან, რაც დავითმა გააკეთაო. მათ რომ ჰქონოდათ „ნივთად საქმენი დავითისანი“, კგრძოდ, დიდგორის ბრძოლაში მისი ასე სწრაფი და ბრწყინვალე გამარჯვება და ეს აღეწერათ „ჯეროვნად მათისაებრ რიტორობისა“, აი, მაშინ დასახელებული „სახელოვანი გამომეტყველნი“ ღირსნი იქნებოდნენ „ჯეროვანისა ქებისაო“. რა საქებარია ტროადელთა ომი, რომელიც ოცდარვა წელიწადს გაგრძელდა, მაშინ როცა დავითმა დიდგორის ველზე ეს დიდი ბრძოლა სამ საათამდე გამარჯვებით დააგვირგვინაო, - აცხადებს ისტორიკოსი.

როგორც ვხედავთ, დავითის ისტორიკოსის აზრით, დიდგორის ბრძოლა უფრო მეტი შექებისა და დიდების ღირსია, ვიდრე ტროადელთა თუ ალექსანდრე მაკედონელის ომები. მაგრამ თუ ეს უკანასკნელნი ასე დიდად ჩანან ისტორიაში, ვიდრე დავითი და მისი დიდგორის ბრძოლა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თვით კი არ იყვნენ დიდნი, არამედ „დიდსა მიემთხვნენ მაქებელსაო“ (დიდი ჰყავდათ მაქებარნი) ჰომეროსისა თუ არისტობულის სახით. დავითის ისტორიკოსი ამითაც არ კმაყოფთლდება; მისი სიტყვით, თვით ალექსანდრე მაკედონელიც მარტოოდენ ქართველთა ლაშქრით „ვერცარას იქმოდა კარგსა“. დავით აღმაშენებელმა კი, ამ პატარა ქვეყნის მეფემ, თავისი მცირე ლაშქრით დიდი საქმეები გააკეთა, - „კუერთხი მეფობისა ესოდენ დამდაბლებული“, „იპყრა ესრეთ მაღლად, ვითარ ვერვინ სხვამან“. და რომ „დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ან ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ან სხვათა დიდთა სამეფოთა, მაშინამცა გენახნეს ნაქნარნი მისნი, უაღრეს სხვათა ქებულთანი“.

ასე ადიდებდა დიდგორის ბრძოლასა და საერთოდ დავითის მოღვაწეობას მისი თანამედროვე ისტორიკოსი. მაგრამ მას ესეც საკმარისად არ მიაჩნდა და დავითისა და დიდგორის ბრძოლის შესაქებად ძველ მეისტორიეებსა და ენაწყლიან „გამომეტყველებს“ მოუხმობდა: მე ვერ შევძელი ყველაფრის ისე მოთხრობა, როგორც ეს დავითსა და მის ნამოღვაწარს ეკადრებოდა: მე კი არა, ძველი დროის სახელოვან გამომეტყველებს უნდა ჰქონოდათ დავითის საქმე საქებრადო, - წერს იგი.

დიდგორის ბრძოლის ასეთივე შეფასება გაისმის დავითის სხვა თანამედროვეთა ნაწერებში. XII საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილ ქართველ მოღვაწეს არსენ იყალთოელს ეპიტაფიის სახით დაუწერია დავით აღმაშენებლის შესახებ ოთხტაეპიანი ლექსი, რომელიც შემდეგ, როგორც ჩანს, ხალხში გავრცელებულა და არაერთხელ გამოქვეყნებულა, როგორც ხალხური პოეზიის ნიმუში. ამ ლექსმა, ლიტერატურული თუ ხალხური შემოქმედების გზით, ჩვენამდე ასეთი სახით მოაღწია:

„ვინ ნაჭარმაგევს [13] მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს“ [14].

როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხის წარმოდგენითაც დავითი იყო ის, ვინც მძიმე ბრძოლებით ქვეყნის საზღვრებს იქით გადარეკა ყველა ჯურის დამპრობელი - თურქების, სპარსელებისა და არაბების სახით, ვინც გააერთიანა და ერთიან კულტურულ-პოლიტიკურ ერთეულად აქცია იმერ-ამერი, ვანც ახლო თუ შორეული მეზობელი ქვეყნების მეფენი „მისსა ჩრდილსა (მფარველობის) ქუეშე“ შეჰყარა, „ნაჭარმაგევს პურად დასხა“ და მრავალ ომგადახდილ ქვეყანას მშვიდობა მოუპოვა...

ასე დაუკავშირა მადლიერმა ქართველმა ხალხმა საკუთარი სისხლითა და ოფლით მოპოვებული გამარჯვებანი ძველი საქართველოს გამოჩენილი მოღვაწის - დავითის სახელს.

დავით IV-ს ქართველმა ხალხმა აღმაშენებელი უწოდა. ეს შემთხვევითი არ არის - ამ ერთი სიტყვით ხალხმა აღნიშნა ის დიდი დამსახურება, რაც დავით IV-ს ქართული სახელმწიფოებრიობის შენებასა და ქართული კულტურის განვითარებაში მიუძღვის.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ძველ საქართველოს დავით აღმაშენებელზე უფრო დიდი და მრავალმხრივი მოღვაწე არ ჰყოლია. დავით აღმაშენებელმა დაასრულა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა ქართული მიწა-წყლის გაერთიანება-შემომტკიცებისა და ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნისათვის. მის სახელთან არის დაკავშირებული მრავალი გამარჯვება ბრძოლის ველზე, საქართველოსა და მისი მეზობლების გათავისუფლება უცხო დამპყრობთა გაბატონებისაგან და აგრეთვე თბილისის შემოერთება და გადაქცევა გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად - ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიურ და კულტურულ ცენტრად. მრავალმხრივი იყო დავით აღმაშენებლის საშინაო რეფორმები სამოხელეო წყობაში, საეკლესიო, სამხედრო, სასამართლო სფეროში და სხვაგან, რომელიც სრულ ანალოგიას ვერ პოულობს იმდროინდელი ცივილიზებული მსოფღოოს ვერც ერთ ქვეყანაში. ფართო იყო დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი: მისი დროის საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, კავკასიის ხალხებთან, ოსებთან, ყივჩაყებთან; დავითის დროს საქართველომ ურთიერთობა დაამყარა ძველ (კიევის) რუსეთთან, ბიზანტიასთან, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ჯვაროსნებთან, აღსანიშნაიია, რომ თურქ-დამპყრობლებირ მიერ გაწამებული სომეხი ხალხი დავით აღმაშენებელს „სომეხი ერის გამათავისუფლებლად, მფარველად და მეგობრად“ მიიჩნევდა; ევროპის ზოგი ქვეყანა კიდევ დავით აღმაშენებელსა და მისი დროის საქართველოს „ურწმუნოთა (თურქ-დამპყრობთა) წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ბურჯად“ თვლიდა.

დავით აღმაშენებელი, თავისი დროის დიდი პროგრესული მოღვაწე, განსაკუთრებულ ღონისძიებებს ატარებდა ქართველი ხალხის კონსოლიდაციისა და ქართული კულტურის განვითარების მიზნით. არსებითად დავით აღმაშენებლის დროს დასრულდა ერთიანი ქართველი ხალხის ჩამოყალიბების ხანგრძლივი ისტორიული პროცესი. დავით IV, თვით დიდად განათლებული ადამიანი და მწიგნობარი, ქართული მწიგნობრობის, ქართული ენისა და საერთოდ ქართული კულტურის შემდგომი გავრცელებისა და განვითარების მიზნით ქმნიდა კულტურის ახალ და ძლიერ ცენტრებს. დავითის დროს მისი ინიციატივით დაარსდა გელათის მონასტერი და გელათის აკადემია, რომელსაც, დამაარსებლის გეგმით, ისეთივე როლი უნდა შეესრულებინა ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში, როგორსაც ასრულებდა ათენი ანტიკურ სამყაროში. გელათში - შუა საუკუნეების ქართული უმაღლესი განათლების ცენტრში, დავითმა შემოიკრიბა იმ დროს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები; კერძოდ გელათში, დავითის პირადი მფარველობით, მოღვაწეობდნენ ცნობილი ფილოსოფოსები იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი, რომელთა ბრძოლამ აზროვნებისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების თავისუფლებისათვის ღრმა კვალი დაამჩნია იმდროინდელი ქართველი საზოგადოების შეგნებას.

დავითის ხელშეწყობით არსენ იყალთოელმა საფუძველი ჩაუყარა კულტურის მეორე დიდ ცენტრს, იყალთოს აკადემიას კახეთში; ხოლო ქართლში დავით აღმაშენებელმა კიდევ უფრო გააძლიერა შიომღვიმის მონასტერი. სამი უდიდესი ცენტრი საქართველოს სამ სხვადასხვა კუთხეში, ემსახურებოდა ქართველი ხალხის კულტურული ერთობის შემდგომი განმტკიცების დიდ ეროვნულ საქმეს.

დავით IV ადგილობრივ ქართული კულტურის ახალი ცენტრების ჩამოყალიბებასთან ერთად აძლიერებდა და აფართოებდა უკვე არსებულს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც - ათონის მთაზე, პალესტინაში და სხვაგან. ამასთან ერთად, დავით IV სათანადო ცოდნისა და უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ აგზავნიდა ახალგაზრდებს, კულტურის ცენტრებს აარსებდა არა მარტო მონასტრებთან, არამედ აგრეთვე ქალაქებშიც, კერძოდ თბილისში მან ააშენა საგანგებო სახლი მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტებისათვის, თავშესაყარად და პატივსაცემად.

ამრიგად, დავით აღმაშენებლის სახელთან დაკავშირებულია არა მარტო დიდმნიშვნელოვანი ღონისძიებანი საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, არამედ აგრეთვე ქართველი მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაშიც.

ასე შეექმნა XII ს. პირველ მეოთხედში მყარი საფუძველი ქართველი ხალხის მომავალს...

მრავალმა საუკუნემ გაიარა დავითის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროიდან. 850 წელს შესრულდა დიდგორის - „ძლევაჲ საკვირველიდან“ და თბილისის შემოერთებიდან. ამ ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდში ქართველ ხალხს არაერთხელ ჰქონია განსაცდელისა და ლხინის დღეები, არაერთხელ უზეიმია გამარჯვება თუ გაუზიარებია დამარცხებულის მძიმე ხვედრი, არაერთხელ განუცდია დიდგორის სიხარული და კრწანისის ტრაგდდია, მაგრამ არასოდეს დავიწყნია თავისი წარსული, ქვეყნისათვის თავდადებული გმირი წინაპრების სახელი.

ილია ჭავჭავაძე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წერილს ასე იწყებდა: „არ ვიცი სხვა როგორ ჰფთქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თვის ისტორიას ივიწყებს“... „დავიწყება ისტორიისა, მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა... წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი. როგორც აწმყო - მომავლასა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზე გადაბმული, როშ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელია, გაუგებარი და გამოუცნობია“.

მართლაც, ქართველი ხალხის გმირული ბრძოლისა და შრომის მრავალსაუკუნოვან მდიდარ წარსულზეა აღმოცენებული ჩვენი დღევანდელი დღე. ამიტომაა, რომ გამარჯვებულმა და ძლიერმა აწმყომ, კომუნისტური საზოგადოების მშენებელმა ქართველმა ხალხმა არ დაივიწყა შორეული ისტორიული წარსულის დიდმნიშვნელოვანი მოვლენები და თავის ახალ მატიანეში სხვა მრავალთა შორის, ღირსეული ადგილი დაუთმო დიდგორის ბრძოლაში პროგრესისა და უკეთესი მერმისისათვის თავდადებულ გმირებს.

 


[1] - მათე ურჰაელის მიერ აქ მოხსენიებული საღა ტუჰაისის ძე, მკვლევართა აზრით, ნამდვილად არის აბულ ააზ-დუბეისი, შვილი სეიფ ედ-დულა სადაკისა და არა თვით საღა ანუ სადაკა, როგორც ეს ამ სომხური წყაროს მიხედვით არის წარმოდგენილი, ამ მხრივ სავსებით ზუსტნი არიან: დავითის ისტორიკოსი, ალ-ფარიკი და იბნ-ალ-ასირი, რომელნიც დიდგორის მონაწილეთა შორის ასახელებენ დურბეიზს, ანუ დუბეის სადაყას (სადაკას) ძეს და არა თვით სადაკას.

[2] -  თოღრულის იამა მოჰამედი, როგორც წყაროებიდან ჩანს, ზოგჯერ მოჰამედ-ტაფად, ან კიდევ, უბრალოდ „ტაფარადაც“ იწოდებოდა. ამიტომ მოუხსენებია მათე ურჰაელს სულთანი მელიქი ტაფარის ძედ.

[3] - ალ-ჯაუზი კოალიციურ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულთა შორის, ილღაზთან და შამს ად-დაულა თუღიანთან ერთად, ასახელებს თოღრულსაც და სხვებსაც, მაგრამ, მისი სიტყვით, შეხვედრის ადგილზე, თბილისის კართან, გარდა ილღაზისა, „მხარეების ლაშქართაგან არც ერთი არ მოსულიყო“. ასე რომ, ალ-ჯაუზი არა მარტო თოღრულის,ა რამედ ყველა სხვა დანარჩენის მონაწილეობასაც უარყოფს; ცხადია, ეს შემთხვევითი არა რის; როგორც ამ წყაროს ახლახან გამომცემელმა ო.ცქიტიშვილმა მართებულად შენიშნა, ალ-ჯაუზი უეჭველად ტყუის, რათა შეანელოს შთაბეჭდილება და დააკნინოს მნიშვნელობა იმ დიდი მარცხისა, რომელიც კოალიციამ განიცადა დიდგორთან.

[4] - მიუხედავად იმისა, რომ მათე ურჰაელი სავსებით გარკვევით მიუთითებს კოალიციური ლაშქრის შედგენილეობასა და რაოდენობაზე (560 000). ზოგი მკვლევარი მაინც ფიქრობს, თითქოს მათე ურჰაელის ცნობით, მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქარი მხოლოდ 400 ათასს აღწევდაო, როგორც ჩანს, ამ მკვლევარებს, მათეს ცნობით, მხოლოდ მელიქ თოღრულის მიერ გამოყვანილი ლაშქარი (400000) შეცდომით კოალიციურ ლაშქრად მიუჩნევიათ, ან კიდევ, მათეს უდავოდ გაზვიადებული მონაცემები შეუმცირებიათ, რათა მისთვის, ასე თუ ისე სარწმუნო ცნობის სახე მიეცათ.

[5] - დ. ბაქრაძე, ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკაბაძე და აგრეთვე სხვები, ვისაც კი დავით აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლის შესახებ დღემდე რაიმე დაუწერია, მიუთითებენ, თითქოს მათე ურჰაელის ცნობით, დავით აღმაშენებელს დიდგორის ბრძოლაში ხუთი ათასი ალანი (ოსი) გამოეყვანოს. ჩვენთვის გაუგებარია, რაზე არის დამყარებული ზემოხსენებულ მკვლევართა ასეთი მონაცემები. დიდგორის ბრძოლაში გამოყვანილი ქართული ლაშქრის რაოდენობისა და შედგენილობის შესახებ ცნობა, გარდა მათე ურჰაელისა, არავის მოეპოვება. მათე ურჰაელის თხზულების, როგორც იერუსალიმის 1869 წლის, ისე ვაღარშაპატის 1898 წლის გამოცემებშიც კი, რომლებითაც ამ მკვლევარებს უსარგებლიათ, გარკვევითაა მითითებული დიდგორის ბრძოლაში არა ხუთი ათასი, არამედ მხოლოდ ხუთასი ალანის მონაწილეობის შესახებ. ასევე გადმოწერა და თარგმნა ეს ცნობა თავის დროზე მ.ბროსემ, მაგრამ ესეც მხედველობაში არ იქნა მიღებული და დღემდე ჩევნს სამეცნიერო თუ სასწავლო ლიტერატურაში დამკვიდრდა მათე ურჰაელის ცნობის ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია.

ასევე, ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში ზოგ შემთხვევაში არასწორად არის გადმოცემული მათეს ცნობა ქართველთა ლაშქარში „ფრანგების“ მონაწილეობის შესახებ. ზოგი მკვლევარი, ისევ მათე ურჰაელზე დაყრდნობით, ამ ბრძოლის მონაწილედ ათას ფრანგს მიიჩნევს, მაშინ, როცა ეს სომხური წყარო მხოლოდ ას ფრანგს ასახელებს. თვით გოტიეც კი, რომელიც ყოველნაირად აზვიადებდა ფრანგების როლს და ერთიორად ზრდიდა დიდგორის ბრძოლის მონაწილეთა რიცხვს, მხოლოდ ორას ფრანგს ასახელებდა ამ ომის მონაწილედ.

[6] - ზოგი მკვლევარი (მაგ. ს.ერემიანი) უარყოფს „ფრანგთა“ მონაწილეობას დიდგორის ბრძოლაში. მისი მტკიცებით, მათე ურჰაელის თხზულების შესაბამის ადგილზე „ფრანგ“-ის მაგიერ, კონტექსტის მიხედვით (?) უნდა წავიკითხოთ „ვრანგ“ ანუ „ვარანგ“. ასე რომ, დიდგორის ბრძოლაში „ფრანგები“ კი არ მონაწილეობდნენ, არამედ „ვარანგები“, ტმუტარაკანის, შავი ზღვისპირეთის რუსეთიდან. ს.ერემიანის ეს მოსაზრება გაიზიარა ქ.ჩხატარაიშვილმა, კიდევ მეტი, მან კატეგორიულად უარყო „დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში ჯვაროსანთა ყოფნის“ შესაძლებლობა.

ჯერ ერთი, მათე ურჰაელის არცერთ გამომცემელს არ აღუნიშნავს ტერმინების ამგვარი აღრევის შესაძლებლობისა და არც მათეს ხელნაწერში „ფრანგის“ სხვადასხვა ვარიანტული მონაცემების, კითხვასხვაობის შესახებ. ამას გარდა, საქართველოს ლაშქარში მცირე რაოდენობით „ფრანგების“ მონაწილეობის შესახებ ცნობა დაცული აქვს, მათესგან სავსებით დამოუკიდებლად, თვით ფრანგ კანცლერსა და ქრონისტს გოტიეს. დიდგორის ამბების თანამედროვე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ავტორი ერთდაიმავე ცნობას გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო საკითხზე და ცხადია, მათე ურჰაელის თხზულების სათანადო ადგილის შესწორება სავსებით გაუმართლებელი იქნებოდა, თუმცა ვერც ამით უარვყოფდით ფრანგების მონაწილეობას დიდგორის ბრძოლაში. დასასრულ, ჯვაროსნებისა და საქართველოს ურთიერთობის ზემოგაკეთებული მიმოხილვისა და ისედაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების შემდეგ, ცოტა უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს მოსაზრება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ჯვაროსნების, თუნდაც მცირე რაოდენობით (100 მოლაშქრე), ყოფნას დავითის ლაშქარში. ამრიგად, ზემომოტანილ მოსაზრებათა გაზიარება შეუძლებელია - წყაროების (მათე ურჰაელი, გოტიე) მონაცემები და თვით ჯვაროსნებისა და საქართველოს ურთიერთობის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები უეჭველს ხდიან ჯვაროსნების მონაწილეობას დიდგორის ბრძოლაში.

[7] - აღსანიშნავია, რომ დიღმის ხეობის თავში, როემლიც ბრძოლების ერთ-ერთი ასპარეზი იყო, დღემდე დაცულია ტოპონიმი, ადგილის სახელწდება, „ჩახერგილა“. იქნებ ეს დავითის მიერ საგანგებოდ გადაკეტილი, ჩახერგილი პუნქტის იმ დროიდან შერქმეული და დღემდე შემორჩენილი სახელი იყოს.

[8] - ქოსი ანუ ქოსნაღარა - სპილენძის საკრავი, ჩასაბერი; ფილაკავანი - „სასროლი იარაღი ზღუდეების (სიმაგრეების) დასანგრევად.

[9] - ფარსაგი, ფარსახი - გზის საზომი ერთეული, სპარსულში უდრიდა დაახლოებით ექვს-შვიდ კილომეტრს.

[11] - ბოლო წლებში აზერბაიჯანულ სამეცნიერო ლიტერატურაში, განსაკუთრებით ა.ა.ალი-ზადეს წერილებით, გავრცელდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც ქართული წყაროების მონაცემები საქართველოსა და შირვანის ზემოაღნიშნული დამოკიდებულების შესახებ ტენდენციურად არის გამოცხადებული და სავსებით უარყოფილია არა მარტო საქართველოს სამეფოს მიერ შირვანის შემოერთების ფაქტი, არამედ შირვანზე საერთოდ საქართველოს რაიმე პოლიტიკური გავლენაც კი. ამ და მსგავსი ყოველგეარ საფუძველს მოკლებული თვალსაზრისის შესახებ ამჟამად სიტყვას არ გავაგრძელებთ, რადგან ამ საკითხისადმი მიძღვნილ საგანგებო ვრცელ წერილში დოც. ნ.ასათიანმა სათანადო პირველწყაროების (ქართული, სომხური, მაჰმადიანური) მოშველიებით, ნათლად უჩვენა აღნიშნულ მოსაზრებათა უნიადაგობა. აღსანიშნავია, რომ ზოგი აზერბაიჯანელი ისტორიკოსი (მაგ. ზ.ბუნიატოვი) იზიარებს დოც. ნ.ასათიანის წერილის ძირითად დასკვნებს და ამ საკითხზე უსაგნო კამათის გაგრძელებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

[12] - ნესტორიანობა - ერთ-ერთი მიმდინარეობაა ქრისტიანულ რელიგაში. წარმოიშვა V საუკუნის ბიზანტიაში და გავრცელდა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

[13] - ნაჭარმაგევი - მეფეთა სადგომი ქართლში, გორის მახლობლად, მის ჩრდილოეთით.

[14] - XIX ს. ცნობილ ქართველ მოღვაწეს მ. საბინინს ეს „იამბიკო ხუცური ასოებით წარწერილი“ დავითის საფლავის ქვაზე გელათში თვით უნახავს და უკვე თითქმის გადაშლილი „ფრიადის ღონისძიებითა და ტანჯვით“ ამოუკითხავს. საინტერესოა, რომ მის მიერ ამოკითხული ოთხსტრიქონიანი წარწერა შინაარსობრივად სავსებით ემთხვევა ჩვენ მიერ ზემომოტანილ ლექსს.

თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1972 წ.