როგორ აწყობენ საეკლესიო განხეთქილებას?

(ისტორია, რომელიც არ უნდა განმეორდეს)

რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკებისთვის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. ეს ბრძოლა მხოლოდ სასულიერო პირების დახვრეტა-გადასახლებით, ტაძრების დარბევითა და დახურვით არ შემოფარგლებოდა. კომუნისტებმა სხვა უფრო ვერაგულ ხერხსაც მიმართეს, ხელი შეუწყვეს საეკლესიო განხეთქილებას, მხარი დაუჭირეს ჯგუფს, რომელიც ცდილობდა საეკლესიო პრაქტიკაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელი სიახლეები დაენერგა. ამ ჯგუფს განმაახლებლებს (ობნოვლენცებს) უწოდებდნენ.

როგორც ქვემოთ მოტანილი ციტატებიდან დავინახეთ, საეკლესიო განხეთქილებას (სქიზმას) რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აქტიურად უჭერდა მხარს ბოლშევიკური სპეცსამსახური. ამის მიზეზი არ გახლდათ მხოლოდ ის, რომ სქიზმატები თავიანთი ლიბერალური მსოფლმხედველობის გამო ბოლშევიკებისთვის იმ მომენტში უფრო მისაღები იყვნენ. ჩეკას [1] მავნებლურ პოლიტიკას სხვა არანაკლები მიზეზიც ჰქონდა. ბოლშევიკებს კარგად ესმოდათ, თუ რამდენად მტკივნეულია ეკლესიისათვის განხეთქილება. მათ ხომ განათლება მეფის რუსეთის გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში ჰქონდათ მიღებული, სადაც გაეცვნენ საღვთისმეტყველო საგნებს, ზოგიერთ მათგანს სასულიერო სემინარიაც კი ჰქონდა დამთავრებული. მაგრამ, სამწუხაროდ, შემდგომში ისინი ეკლესიის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ.

ეკლესია ერთიანია. ამას მკაფიოდ წარმოაჩენს მრწამსიც: „მრწამს ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. ეკლესიის ერთიანების სიბოლოა იესო ქრისტეს კვართი, რომელიც განუყოფელია [2]. ეკლესიაში განხეთქილების შემომტანი ამ ცოდვას მოწამეობრივი სისხლითაც ვერ ჩამოირეცხავს.

ცხადია, საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც სქიზმას უჭერდა მხარს, შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე. ისინი, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ამისათვის არც სახსრებს და არც სხვა საშუალებებს არ იშურებდნენ (იხ. დოკ. №7). ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ბოლშევიკური ხელისუფლების არა რიგირთი წარმომადგენლები, არამედ მათი ლიდერები: ძერჟინსკი, ტროცკი, მოლოტოვი და სხვ. ამ კამპანიას უშუალოდ კურირებდა ჩეკას საიდუმლო განყოფილების უფროსი ტუჩკოვი. ინსტრუქციებიდან ნათლად ჩანს, რმო ეკლესიას ჩეკა გამიზნულად ისეთ დარტყმებს აყენებს, რომელიც ყველაზე უფრო მტკივნეულია მისთვის. №4 დოკუმენტიდან ცხადია, თუ როგორი სიხარულით ელიან ბოლშევიკები, რომ საეკლესიო ერთიანობის დარღვევით მოხდება ეკლესიის ორგანიზმის „პარალიზება“. ასეევ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი დაბალი სასულიერო იერარქიის ამხედრებას ეპისკოპოსებისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ეს მარტო მარქსისტებისათვის ჩვეული კლასობრივი მიდგომით არ იყო გამოწვეული (ქვედა ფენების ზედა ფენებთან დაპირისპირება და ბრძოლის კლასიკური მარქსისტული მოდელი). ეკლესიაში არსებობს იერარქია: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი. ეს იერარქია არის ასახვა ზეციური იერარქიისა. ზეცაშიც ყველა ანგელოზი თანაბრად ახლოს არ არის ყოვლადწმიდა სამების წიაღთან. ამგვარად ეკლესია იერარქიული ინსტიტუტია. ამიტომ ეპისკოპოსი უნდა ემორჩილებოდეს პატრიარქს, მღვდელი ეპისკოპოსს, დიაკონი მღვდელს, მორწმუნე ერი კი სასულიერო პირებს. ეკლესია არ არსებობს ეპისკოპოსის გარეშე. ეკლესია ეპისკოპოსშია, ეპისკოპოსი კი ეკლესიაში. ასეთია უძველესი ეკლესიური სწავლება. ქვემოთ მოტანილი ფრაგმენტიდან ჩანს, რომ ყოველივე ეს ბოლშევიკებსაც კარგად ესმოდათ: „თავი ძველი ეკლესიისა ეპისკოპოსების სახით მოშორებულ იქნა“ (იხ. დოკ. №8). ამის შემდეგ უკვე ადვილი იყო ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს იცოდნენ არა მარტო ბოლშევიკებმა, არამედ ეკლესიის ყველა დროის მტრებმა. ამიტომ ცდილობდნენ უპირველესი დარტყმა მაღალი იერარქებისათვის მიეყენებინათ: „დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“ (მათე 26,31). ასევე ბევრს აკეთებდა საბჭოთა ხელისუფლება საიმისოდ, რომ სასულიერო პირებისათვის სახელი გაეტეხა. ცილისწამების კამპანია მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ამ მიზნისთვის აქტიურად იყენებდნენ პრესას.

ამ განხეთქილების ისტორიის გახსენება დღეს იმითაც არის საინტერესო, რომ ამჯერად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც ებრძვიან გარედან ინსპირირებული სქიზმების მეშვეობით.

ქვემოთ მოგვყავს რამდენიმე საიდუმლო ინსტრუქცია, რომელიც დაიბეჭდა წიგნში: Иеромонах Дамаскин (Орловский), „Росийские мученики, исповедники и подвижники благочестия XX века“ (т.II, Тверь, 1996, стр. 6-16).

მითითების გაადვილების მიზნით დოკუმენტები დავნომრეთ. ხაზგასმები და სქოლიოები ტექსტში ჩვენია.

 

№1

ნაწყვეტი ძერჟინსკის მიერ ლაციისადმი გაგზავნილი წერილიდან

ეკლესია იშლება, ამას ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ, ამავე დროს, იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღვადგინოთ განახლებული სახით. ამიტომ ნგრევის საეკლესიო პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს მხოლოდ ვჩკ [3] და არა სხვა. ჩვენი მიზანია არა რელიგია, არამედ კუმინიზმი. ლიკვიდაციის მოხდენა მხოლოდ ვჩკ-ს შეუძლია.

 

სრულიად საიდუმლოდ

№2

პოლიტბიუროს ცკ-ს ყველა წევრს, ასხლი „პრავდის“ რედაქციას, ასლი „იზვესტიას“ რედაქციას, ამხ. ლენინს

სამღვდელოების ლოიალური ჯგუფის [4] მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი ანტონი, „პრავდაში“ უმნიშვნელო შენიშვნაა დაბეჭდილი. „იზვესტიაში“ კი - სრულიად არაფერი. ვშიშობ, რომ პრესა ჯეროვან ყურადღებას არ მიაქცევს ამ დოკუმენტს... ამჟამად უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ განმაახლებლური სამღვდელოება არ აღმოჩნდეს ტერორიზებული ძველი საეკლესიო იერარქებისაგან. სახელმწიფოსაგან ეკლესიის ერთხელ და სამუდამოდ გამოყოფა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის სულერთია ის, თუ რა ხდება ეკლესიაში.

14.05.1922 ლ. ტროცკი

P.S. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „პრავდისა“ და „იზვესტიის“ რედაქციები ჯეროვან ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც ხდება ეკლესიაში და მის გარშემო.

ლ. ტროცკი

 

სრულიად საიდუმლოდ

№3

ცკ-ს საიდუმლო დეპეშიდან

საჭიროა „განხეთქილების ჩამოგდება“, უფრო სწორედ, სამღვდელოებაში უკვე არსებული განხეთქილების გაღრმავება და გამწვავება...

ჩვენ აგიტაცია უნდა ვაწარმოოთ იმ ძირითადი ფაქტიდან გამომდინარე, რომ მღვდლები მიგვაჩნია არა როგორც რომელიმე რელიგიის ქურუბემად, არამედ მოქალაქეთა ჯგუფად, რომელსაც სახელმწიფომ გარკვეული პირობებით მიანდო ფასეულობა.

მოქალაქეთა ამ ჯგუფში განხეთქილებაა. მათი ერთი ნაწილი, მიუხედვად ცრურწმენისა (რომელიც ჩვენთვის ამჟამად საინტერესო არ არის), აუცილებლად მიიჩნევს ამ ფასეულობის მშიერთა დასახმარებლად გადაცემას. მეორე ნაწილი კი - „ეკლესიის თავადები“ - ხარბნი, მტაცებელნი და გარყვნილნი, ხალხის მოწინააღმდეგენი ქვედაფენები ტერორის გზით ყოველნაირად იბრძვიან ამის წინააღმდეგ. აგიტაციის ამოცანაა ამ დაბალი ფენების მხარდაჭერა მაღალი ფენების წინააღმდეგ, საჭიროა მათ ვაგრძნობინოთ, რომ სახელმწიფო უფლებას არ მისცემს მაღალ ფენებს აწარმოოს ტერორი დაბალი ფენების წინააღმდეგ, რადგან ისინი მიისწრაფიან მუშურ-გლეხური ხელისუფლების დეკრეტების შესრულების უზრუნველყოფისაკენ. კიდევ ერთი: პოლიტიკური ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიის მეთარუნი იზოლირებულ იქნენ. კომპრომეტაცია გაუწიონ მათ მშიერთათვის არდახმარების კონკრეტულ შემთხვევაზე და შემდგომ აგრძნობინონ მშომელთა სახელმწიფოს სასტიკი ხელი, რომელიც სჯის მას, ვინც მის წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავს.

 

№4

რკპ-ის [5] მდივანი მოლოტოვი მოხსენებიდან ტიხონოვშჩინის შესახებ

ამოცანა, რომელიც ხუთი თვის წინ სამღვდელოების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს მუშაობას დაედო საფუძვლად, იყო: „ბრძოლა ტიხონის მომხრე რეაქციულ სამღვდელოებასთან“. პირველ რიგში რაღა თქმა უნდა, უმაღლეს იერარქებთან: მიტროპოლიტებთან, მთავარეპისკოპოსებთან, ეპისკოპოსებთან და ა.შ.

ამ ამოცანის შესასრულებლად შეიქმნა ჯგუფი, სახელად „ცოცხალი ეკლესია“ (Живая церковь), რომელიც უმეტესწილად თეთრი სამღვდელოებისაგან [6] შედგებოდა, რამაც საშუალება მოგვცა მღვდლები დაგვეპირისპირებინა ეპისკოპოსებთან, ისევე როგორც ჯარისკაცები გენერლებთან...

ეს გარემოება ჩვენ გავითვალისწინეთ და სწორედ ამით დავიწყეთ დასახული ამოცანის განხორციელება.

უამრავი სტატიის, მოწოდების, სიტყვით გამოსვლებისა და სხვათა გარდა, რომელშიც დაგმობილი იყო ტიხონის მომხრე ეპისკოპოსების პოლიტიკა და თავად ტიხონი, მღვდლებმა საკუთარ ხელში აიღეს რა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლება, აღნიშნული ამოცანის რეალურ განხორციელებას შეუდგნენ...

ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, ე.ი. როცა განადგურდება და დისკრედიტირებული იქნება ტიხონოვშჩინა. რომელსაც დღემდე ჯერ კიდევ წამყვანი მდგომარეობა უკავია. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ დადგება ეკლესიის პარალიზების პერიოდი. რაც აუცილებლად უნდა მოხდეს საეკლესიო კრებაზე. ვგულისხმობთ გაყოფას რამდენიმე საეკლესიო ჯგუფად, რომელთაგან თითეული თავის რეფორმის გატარებას შეეცდება...

 

გპუ-ს [7] მე-6 საიდუმლო განყოფილების უფროსი ე. ტუჩკოვი,
30 ოქტომბერი, 1922 წ.

სრულიად საიდუმლოდ

№5

ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის დეკრეტის განმახორციელებელი კომისიის მეორე სხდომის ოქმიდან

დაადგინეს:

ა) უფრო ძლიერი აქცენტი გააკეთეს ცოცხალი ეკლესიის დაჯგუფებაზე...

ბ) გაძლიერდეს ბრძოლა ტიხონოვშჩინის წინააღმდეგ...

გ) გაიშალოს ფართო მუშაობა ტიხონისა და საერთოდ სამრევლო საბჭოს შავრაზმული ელემენტებისაგან გასაწმენდად, როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე.

დ) „დამკვრელური“ წესით გატარდეს ტიხონის მომხრე ეპისკოპოსების გადაყენება.

...

ვ) ამხანაგ კრასიკოვის საშუალებით პროკურატურას შეეთავაზოს მთავარ პოლიტიკურ სამმართველოს გაუწიოს ყოველგვარი დახმარება ტიხონოვშჩინის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ ბრძოლაში.

ზ) ვურჩიოთ მთავარ პოლიტიკურ სამმართველოს კარგად წარმართოს მღვდლების კომპრომენტაცია აქ და ადგილებზე.

თ) მოსკოვში მყოფი გადამდგარი ეპისკოპოსები... გაიგზავნონ რომელიმე შორეულ მონასტერში.

 

№6

რკპ-ს ცკ-ს პოლიტბიუროს მოხსენებიდან, რომელიც ეხება
ანტირელიგიური კომისიის მუშაობას 12-დან 24/11 - 22 პერიოდში

სპეციალურად შექმნილი ქვეკომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედია: კრასიკოვი, მენჟინსკი, პოპოვი, გაირჩა იმ ეპისკოპოსთა, მღვდლებისა და ერისკაცთა საქმე, რომლებიც მხილებულნი არიან აქტიურ ტიხონოვშჩინაში.

მათ ნაწილს უნდა მესაჯოს ადმინისტარციული გადასახლება ორიდან სამ წლამდე. გადასახლების ადგილებად შეირჩა პირველ რიგში ზირანსკის ოლქი (რომელსაც აქვს პუნქტები ერთნახევარი ათასი ვერსტით დაშორებული რკინიგზიდან - აბსოლუტურად უკაცრიელი) და ნივა, რომელიც თავისი გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების გამო მიჩნეულია საუკეთესო ადგილად რეაქციული სამღვდელოების გადასახლებისათვის. დაკავებული სამღვდელოების მეორე ნაწილი, რომლებიც უახლოესი თანამშრომლები იყვნენ ტიხონისა სინოდში და ძველ უსმ [8] გადაწყდა გადაეცეს სასამართლოს ყოფილ პატრიარქთან ერთად...

 

№7

მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩისათვის

მიღებული ზომების შედეგად შესაძლებელი გახდა შეგვენარჩუნებინა, თუნდაც დროებით, დაპირისპირება განმაახლებლურ დაჯგუფებებს შორის, რათა ტიხონოვშჩინის წინააღმდეგ შექმნილიყო საერთო ფრონტი... პირველ რიგში ამ ზომების მიზანია საეკლესიო განხეთქილების შემდგომი გაღრმავება. ეკლესიის გახლეჩისათვის გაწეული მუშობა მოითხოვს სახსრებს, რომლებიც კომისიას უნდა გამოეყოს.

 

№8

„ანტირელიგიური“ კომისიის თავმჯდომარეს, პოპოვის მოხსენებიდან,
რომელიც ეხება ტიხონის მიმდევართა კონტრრევოლუციურ ბრძოლას

მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსების სახით თავი ძველი ეკლესიისა მოშორებული იქნა, საეკლესიო კონტრრევოლუციას დარჩა ორი დასაყრდენი: ერთის მხრივ, თეთრი სამღვდელოების რეაქციული ნაწილი... და მეორეს მხრივ, ადგილებზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამოქალაქო საეკლესიო ბიუროკრატია, სამრევლო საბჭოს წევრების სახით...

კომისიას მტკიცედ სჯერა, რომ საეკლესიო კონტრრევოლუციონერთა უკანასკნელი საფარიდან გამორეკვა აუცილებელია. არ უნდა მოგვერიდოს გამოვიყენოთ ყოველგვარი საშუალება, უკან არ უნდა დავიხიოთ ყველაზე ულმობელი რეპრესიების წინაშეც...

გარდა ამისა, როგორც უკვე მოგახსენეთ წინა ანგარიშში, ადგილებზე მიცემულია დირექტივები იმისათვის, რომ მრევლში განხეთქილება იქნეს შეტანილი.

ახლო მომავალში... ჩვენს მიერ მიღებული ზომების შედეგად შესაძლებელი გახდება კონტრრევოლუციის აქტიური ქომაგების მნიშვნელოვანი ჯგუფის ამოღება ეკლესიიდან (სტილი დაცულია - გ.ვ.).

... ტიხონის საქმის გამოძიება წინ მიიწევს.

ამ დღეებში დაიკითხა ყოფილი პატრიარქი.

 

№9

ეკლესიის დაშლის შესახებ

კომისიამ ყურადღება მიაქცია, რომ პროვინციებში არსებული მრავალრიცხოვანი „განმაახლებლური“ ორგანოები, რომლებიც ჩვენს ხარჯზე არსებობენ... იმის მაგივრად, რომ იბრძოდნენ საეკლესიო კონტრრევოლუციის წინააღმდეგ, დაკავებულნი არიან მისტიკითა და საეკლესიო სწავლების გაღრამვებით. ამ მავნე გადახრასთან საბრძოლველად სასურველია უმეტესი ორგანოების დახურვა... საჭიროა მკაცრი ცენზურა მათი მიმართულების რეგულირებისათვის საეკლესიო პოლიტიკის შესაბამისად. 12.12.1922

 

№10

1925 წლის 11 ნოემბრის №66 ოქმიდან

დღის წესრიგი:

1) ტიხონის სიკვდილთან დაკავშირებით შემდგომი საეკლესიო პოლიტიკის შესახებ...

დაადგინეს:

ა) დაევალოს ამხანაგ ტუჩკოვს დააჩქაროს ტიხონის მომხრეთა შორის დაგეგმილი განხეთქილება.

ბ) ... „იზვესტიაში“ გამოქვეყნდეს პეტრეს (პატრიარქის მოსაყდრის) მაკომპრომენტირებელი სტატიების სერია.

 

№11

1926 წლის 24 აპრილის №74 ოქმიდან

ოგპუ-ს [9] მიერ გატარებული ხაზი, რომელიც გულისხმობს ტიხონის მომხრე ეკლესიის მსახურებს შორის განხეთქილების შეტანას, მართებულად და მიზანშეწონილად იქნას მიჩნეული.

 

№12

1926 წლის 3 ივლისის ოქმიდან

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვისა და გუბერნიის რელიგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დადგენილია 5 ადამიანის შტატი, მოსკოვში შეგროვა 50-მდე ეპისკოპოსი. ამ რაოდენობის ეპისკოპოსთა ყოფნა ჩაითვალოს პოლიტიკურად საზიანოდ და დაევალოს ოგპუ-ს (ამხანაგ ტუჩკოვს) დაპატიმრებების გარეშე ეპისკოპოსებს შორის ყველაზე უფრო მავნეებს შესთავაზონ ალაქის დატოვება. ისინი უნდა გაიგზავნონ ოგპუ-ს მიერ მათთვის შერჩეულ მონასტრებში.

 

ისტორიის გახსენებას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ რომ იგი გვეხმარება სწორად გავერკვეთ თანამედროვე მოვლენებში, ამავე დროს, თავიდან ავიცილოთ ის შეცდომები, რომლებიც მომავალში შეიძლება დავუშვათ. იმ რუსი სქიზმატების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ განხეთქილებაში, სიცოცხლის ბოლომდე ეჭვიც არ ჰქონდათ, რა ძალების მარიონეტები იყვნენ. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

საქართველოს, როგორც ახალგაზრდა სახელმწიფოს სისუსტე იმითაც მჟღავნდება, რომ ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა ვერ ახერხებს ეფექტურად დაიცვას თავი საქართველოსადმი მტრულად განწყობილი უცხო ძალების მოქმედებისაგან. ამის ერთ-ერთ გამოვლინებად მიგვაჩნია სქიზმა, რომლის მოწყობასაც შეეცადნენ საქართველოს ეკლესიაში. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განდგომილნი დაექვემდებარნენ უცხოეთში მყოფ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან მოწყვეტილ დაჯგუფებებს. ქართველ სქიზმატთა რიცხვი მრევლის ჩათვლით რამდენიმე ასეულს აღწევს, მაგრამ ეს აქტიური ჯგუფია. ისინი ხშირად ბეჭდავენ სტატიებს პრესაში, გამოდიან ტელევიზიით, რადიოთი, ცდილობენ მაქსიმალურად მიიპყრონ ყურადღება. მათი ბრძოლის მეთოდები ხშირად არარელიგიურია და უფრო პოლიტიკის სფეროს განეკუთვნება. ჩვენთვის უცნობია რომელ ქვეყანაში, ან ვის მიერ იწერება ზემოთ მოტანილი დოკუმენტების მსგავსი ინსტრუქციები, რომელთა მიზანიც არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არეულობის შემოტანა. ჩვენ არ ვიცით რამდენად აქვთ გაცნობიერებული ეს თვით ქართველ სქიზმატებს. სავარაუდოა, რომ მათ უმრავლესობას არა აქვს შეგნებული თუ ვის წისქვილზე ასხამს წყალს და უფრო ბრმა იარაღს წარმოადგენს სხვის ხელში. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ის რაც დღეს ჩვენში ხდება, ძნელია მიეწეროს შემთხვევითობას: პრესაში მიმდინარეობს ეკლესიის გამიზნული დისკრედიტაცია, სქიზმატების ხელში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით თანხა, განდგომილებს ეხმარეობიან გავლენიანი პირები. სხვაგვარად რას უნდა მივაწეროთ გლდანის ყოფილი მღვდლის, ვასილ მკალავიშვილის ცინიკური ულტიმატუმი საპატრიარქოს მიმართ. ამ ულტიმატუმით იგი იმუქრებოდა, რომ ძალით აიღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ გლდანის ეკლესიას. გაკვირვებას იწვევს ზარზმის მონასტერში სამიოდე წლის წინ მომხდარი ამბავიც, ძალოვანმა სტრუქტურებმა ტაძარში არ შეუშვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვიდი ეპისკოპოსი. მაშინ, როდესაც მანამდე „ბოსტონის დაჯგუფებას“ მიკედლებული ქართველი განდგომილები არა მარტო გაატარეს, არამედ „წირვის“ ჩატარების ყველა პირობა შეუქმნეს. ბევრი სხვა ფაქტის გახსენებაც შეიძლებოდა.

რას წარმოადგენს „ბოსტონის დაჯგუფება“? - ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც ჯერ უკანონოდ მიატოვეს კონსტანტინოპოლის მართლმადდიდებელი ეკლესია, შემდეგ რუსულ ემიგრანტულ ეკლესიაში, რომელშიც ისინი გადავიდნენ, მოაწყვეს განხეთქილება, გამოეყვნენ მას და შეუერთდნენ „ავქსენტიანელთა“ სქიზმატურ „ეკლესიას“ [10]. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისინი ამ ოდიოზურ ჯგუფსაც ჩამოშორდნენ. ამიტომ დღეს არსებობს „ავქსენტიანელთა“ ორი „ეკლესია“, რომელთაგან თითოეულს თავი ჭეშმარიტ „ავქსენტიანელად“ მიაჩნია. ამ დაჯგუფებას, მათივე აღიარებით, წლების მანძილზე არავინ ეკარებოდა (იხ. „ივერიის გაბრწყინება“ №18), სანამ ქართველი განდგომილების ლიდერმა, ანდრია ბოროდამ ისინი აქაური სქიზმატების „მფარველად“ არ აქცია.

ვინ არის ვასილ მკალავიშვილის ხელმძღვანელი უცხოეთში? - ეს არის საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი კიპრიანე, რომელიც განკვეთის შემდეგ შეუერთდა ერთ-ერთ სქიზმატურ დაჯგუფებას, საიდანაც ასევე განკვეთეს. შემდეგ ის გადავიდა განხეთქილებაში მყოფ სხვა დაჯგუფებაში, მაგრამ აქედანაც განიკვეთა. ყოველივე ამის შემდეგ მან შექმნა „სინოდი“, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. საინტერესოა, რომ კიპრიანე იყო ერთადერთი უცხოური დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, რომელიც პერესტროიკის დაწყებამდე ახერხებდა თავისი „ფილიალების“ შექმნას სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში (?!). მიუხედავად იმისა, რომ კიპრიანეს მცირერიცხოვანი მიმდევრები ჰყავს, მას უფრო მეტი ფინანასები აქვს, ვიდრე საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამიტომ საბერძნეთის მართლამადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს ადამიანი შეიძლება სსრკ-ს სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული.

ასეთ საეჭვო პირებთან აქვთ კავშირი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილებს.

შესაძლოა ანტიეკლესიური ძალები მხოლოდ არსებულ განხეთქილებებს არ დასჯერდნენ და შეეცადენ ახალი, უფრო მასშტაბური სქიზმის მოწყობას მემარჯვენე განმაახლებლური იდეით. სამეუფეო გზა კი ის ბეწვის ხიდია, რომლისგანაც როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ გადახვევა სულიერი სიკვდილის ტოლფასია.

ეკლესიის მტრებისათვის მთავარია განხეთქილება, არეულობა ეკლესიაში, ამიტომ სქიზმის საბაბს მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათთვის სულერთია რა იდეით მოხდება იგი - ლიბერალიზმის, თუ ცრუკონსერვატული ურამართლმადიდებლობის, რომლებიც ეკლესიისთვის ერთნაირად უცხოა. მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეებს ხელს აძლევს ის ლოზუნგი, რომელიც უკეთ იმუშავებს და საეკლესიო შფოთში მეტ ხალხს ჩაითრევს. ღმერთმა დაგვიფაროს!

„რომელსა ასხენ ყურნი სმენად ისმინენ“! (მთ. 13, 9).

გიორგი ვარაზი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №17, 2001 წ.


[1] - ჩეკა - საგანგებო კომისია - სახელმწიფო უშიშროების სამსახური საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში.

[2] - ქრისტეს კვართი ინახება სვეტიცხოვლის ტაძარში. III საუკუნის წმინდა მამის, კიპრიანე კართაგენელის წინასწარმეტყველებით, უფლის კვართის მფლობელს არ ძალუძს ეკლესიის ერთიანობის ხელყოფა.

[3] - ვჩკ - სრულიად რუსეთის განსაკუთრებული კომისია, ჩეკას მემკვიდრე.

[4] - იგულისხმება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფი ჯგუფი.

[5] - რკპ - რუსეთის კომუნისტური პარტია.

[6] - თეთრი სამღვდელოება - სასულიერო პირი, რომელთაც არა აქვთ ბერული აღთქმა დადებული; შავი სამღვდელოება - სასულიერო პირები, რომელთაც ბერული აღთქმა აქვთ დადებული.

[7] - გპუ - მთავარი პოლიტიკური სამმართველო, ჩკ-ს მემკვიდრე.

[8] - უსმ - უმაღლესი საეკლესიო მმართველობა.

[9] - ოგპუ - განსაკუთრებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო. გპუ-ს მემკვიდრე.

[10] - ეს დაჯგუფება თავის დროზე განკვეთეს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. მას შემდგომშიც განაგრძეს საეკლესიო კანონების დარღვევები და სადღეისოდ წარმოადგენენ საბერძნეთში არსებულ 7 ასეთივე ანალოგიური სქიზმატური ჯგუფიდან ერთ-ერთს. ამ „ეკლესიებიდან“ თვითეულს თავი ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიად მიაჩნია.