შვიდთა ქართველთა კათალიკოს-პატრიარქთა ხელრთვანი

ქართული ისტორიული დოკუმენტების მნიშვნელოვან ნაწილს საეკლესიო საბუთები წარმოადგენს, რომელთაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა ხელრთვები, ანუ ხელმოწერები ამშვენებს. ეს ხელრთვები ამ დოკუმენტებს იურიდიულ ძალას ანიჭებს და მათ ნამდვილობას ადასტურებს. საეკლესიო საბუთები თემატურად მრავალფეროვანია. ესენია - საეკლესიო გამოსაღების (გადასახადების) წიგნები (ძველად „წიგნი“ - დოკუმენტის, საბუთის აღმნიმვნელი ტერმინი იყო), საეკლესიო კრების დადგენილებანი, მონასტრის წესდებანი, წყალობის, შეწირულობის, ერთგულების, პირობის წიგნები, საეკლესიო ყმათა ნუსხები, საკათალიკოსო მოსაკრეფელობის დავთრები, ბრძანებები, ეპისტოლეები და მრავალი სხვადასხვა სახის საეკლესიო საბუთი, რომლებიც ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ქართული ეკლესიის ისტორიის შესწავლაში. სწორედ, ქართული ეკლესიისა და კათალიკოს-პატრიარქთა დიდი დამსახურებაა ეროვნული ცნობიერებისა და ქართული კულტურის განვითარება.

ცნობილია, რომ კათალიკოსი ქრისტიანული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის უმაღლესი ტიტულია. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ვახტანგ გორგასალის (431-491 წწ.) დროიდან იწოდება კათალიკოსად. ისტორიულ დოკუმენტებში მას „ქართლის კათალიკოსი“, „მცხეთის კათალიკოსი“, მოგვიანებით „საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი“ ეწოდებოდა. ასე იყო 1811 წლამდე, ვიდრე რუსეთმა არ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებელი თვითმმართველობა, მის ნაცვლად დააწესა ეგზარხოსობა და ქართული ეკლესია რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. საქართველოს ეკლესიის მამებმა, მთელმა ქართველმა ერმა მტკივნეულად განიცადა ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვა და ქართული სახელმწიფოს გაუქმება. დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის შედეგად, 1917 წელს ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა აღიდგინა და დაიბრუნა დაკარგული ავტოკეფალია. ეს იყო ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს ეკლესიის მეთაურის წოდებაა „უწმიდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი“. მადლობა უფალს, რომ ქართული ეკლესია ისევ დამოუკიდებელია და საკუთარი კათალიკოს-პატრიარქი ჰყავს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, როგორც უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი, ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა და დიდ როლს თამაშობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეა დღესაც, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. იგი არის ერის სულიერი მოძღვარი.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის
ნიკოლოზ VII-ის ხელრთვა

ქართული ეკლესია-მონასტრები ხომ კულტურისა და განათლების კერებს წარმოადგენდნენ და იქ მოღვაწე მამები ერის სულიერი ცხოვრების დონისა და კულტურის განვითარებისათვის თავდაუზოგავად შრომობდნენ. ჩვენი ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ერთმანეთის მხარდამხარ ებრძოდნენ მომხდურ მტერს, იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ ქართულ კულტურას. სწორედ, მათი ძალისხმევის შედეგად გადარჩა - „ენა, მამული, სარწმუნოება“. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და განუწყვეტელი ომიანობის პირობებშიც ახერხებდნენ ეროვნული საგანძურის გადარჩენას, რასაც ქართველი ხალხის კულტურა ერქვა. ქართულმა ეკლესია-მონასტრებმა, ამ კულტურის ბასტიონებმა შემოინახეს ხელნაწერი წიგნები და ძველი სიგელ-გუჯრები, რომელიც ჩვენი ერის ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობაა. ამ საეკლესიო საბუთების დიდ ნაწილს ამშვენებს კათალიკოს-პატრიარქთა ხელრთვები, რომელთა შესრულების მაღალი დონე ეკლესიის მეთაურთა წიგნიერებისა და წერის მაღალი კულტურის მაჩვენებელია. კათალიკოს-პატრიარქთა დიდი ნაწილი ხომ გამოჩენილი სწავლული და საეკლესიო მოღვაწე იყო.

ჩვენ საშუალება გვაქვს გავეცნოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ხელრთვებს. ამჯერადაც შვიდი ხელრთვა ამოვარჩიეთ, რადგან „7 რიცხვს აქვს დიდი სულიერი და ღვთიური ძალა“ - ილია II.

საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ნიკოლოზ VII ბაგრატიონი ქართულ ეკლესიას განაგებდა 1584-89 წლებში. იგი კახეთის მეფის ლევანის ძე იყო და ძმა კახეთის მეფე ალექსანდრე II. ნიკოლოზ კათალიკოსმა თავის ძმას განაახლებინა ძველი საეკლესიო შეწირულობის სიგელები. 1589 წელს კი სიმონ მეფის თხოვნით აღადგინა „დიდი სჯულისკანონი“. იგი ძალიან განათლებული და დიდი სულიერი ღირსების მქონე პიროვნება იყო. ჩვენამდე მოაღწია მისი ხელით გაცემულმა ისტორიულმა დოკუმენტებმა. მისი ხელრთვა გამორჩეულად ლამაზი და შთამბეჭდავია.

კათალიკოს-პატრიარქის
ზაქარია ჯორჯაძის ხელრთვა

ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა კათალიკოს-პატრიარქმა ზაქარია ჯორჯაძემ, რომელიც 1624-1633 წლებში განაგებდა ეკლესიას. იყო ქართული ეროვნული ცნობიერების დამცველი და თეიმურაზ I დასის ერთგული წევრი, მეტად განათლებული და ერუდირებული პიროვნება. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მისიონერებთან და მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ ურბან VIII. ლათინი მისიონერები მას დიდ პატივს სცემდნენ, რადგან კათალიკოსი ზაქარია იცავდა მათ და ეხმარებოდა როგორც შეეძლო. ამიტომ იყო, რომ იოსებ ჯუდიჩმა და არქანჯელო ლამბერტიმ ზაქარია კათალიკოსს საჩუქრად ჩამოუტანეს ძვირფასი თვლებით მოჭედილი საეპისკოპოსო მიტრა და ერთიც ოქრომკედის ძვირფასი ფილონი. ლათინ მისიონერს პიეტრო ავიტებალეს მიჰქონდა მასთან რომის პაპის წერილები. კათალიკოსი ზაქარია აქტიური პოლიტიკური მოღვაწე იყო. 1633 წლის 18 თებერვალს ქართლში პირველი მაჰმადიანი მეფე როსტომი ჯარით შემოვიდა, ამის გამო თეიმურაზ მეფე თავისი მომხრეებით, რომელთა შორისაც კათალიკოსი იყო ზაქარია ჯორჯაძე, იმერეთს გადავიდა. მისი სახელი ბევრ ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება, საოცრად ლამაზი და დახვეწილია კათალიკოს ზაქარია ჯორჯაძის ხელრთვა.

წმ. ევდემონ კათლიკოსის ხელრთვა

კათალიკოსის ტახტზე როსტომ მეფემ ბოდბელი ეპისკოპოსი ევდემონ დიასამიძე დასვა, მაგრამ ევდემონ კათალიკოსი, ისევე, როგორც ქართველ დიდებულთა დიდი ნაწილი, მაჰმადიანი მეფის წინააღმდეგი იყო. მათ დაიწყეს ბრძოლა როსტომ მეფის წინააღმდეგ. ამით ქართველი დიდებულები ირანულ ორიენტაციას უარყოფდნენ და ქრისტიანი თეიმურაზ I დაბრუნებას ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე. ევდემონ კათალიკოსის ძმისწული ქეთევანი თეიმურაზ მეფის ძეს ჰყავდა ცოლად. შეთქმულება გამჟღავნდა და ამბოხებული ქართველი დიდებულები - ზაალ ერისთავი, ნოდარ ციციშვილი, იოთამ ამილახვარი და სხვები მკაცრად დასაჯა როსტომ მეფემ. სიკვდილით დასაჯეს ევდემონ კათალიკოსიც. ცნობილია მისი მოკვლის ორი ვერსია, ბერი ეგნატაშვილის მიხედვით ქართლში თეიმურაზის გამეფების მცდელობისას როსტომ მეფემ ციხეში დაპატიმრებული კათალიკოსი დაახრჩობინა. ხოლო ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, როსტომ მეფემ დააპატიმრა კათალიკოსი ევდემონი დაშემდეგ განძის კარის კოშკიდან გადმოაგდებინა. ქართულმა ეკლესიამ წამებული კათალიკოსი წმიდანად შერაცხა. მის ხელრთვებსაც კათალიკოსის მძიმე განცდები ეტყობა.

ქართლის კათალიკოსის
დომენტი III
ხელრთვა

XVII საუკუნეში ქართლის სამეფო კარზე დიდ როლს თამაშობდა კათალიკოსი დომენტი III ბაგრატიონი. იგი 1649-1654 წწ. მთავარეპისკოპოსი იყო, 1660-78 წწ. კი - ქართლის კათალიკოსი. იყო ქაიხოსრო ბატონიშვილის ძე. მუხრანელთა შტოს წარმომადგენლები კი გონიერებით იყვნენ განთქმულნი. მრავალ ისტორიულ დოკუმენტში გვხვდება მისი სახელი. დომენტი კათალიკოსი იყო ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მეფის ვახტანგV აქტიური მხარდამჭერი. სწორედ ვახტანგ V აიყვანა კათალიკოსის საყდარზე. იგი იყო ძმა აშოთან მუხრანბატონისა და ბიძა დიდმოწამე ქეთევან დედოფლისა. მისი ერთი ძმა ნიკოლოზი ბოლნელი ეპისკოპოსი იყო. ძალიან საინტერესოა ერთი საბუთის ცნობა, რომლის მიხედვითაც, დომენტი კათალიკოსმა 1662 წელს თბილისელი ვაჭრის ამირჯანა ივანგულიშვილისაგან შეიძინა თურქეთიდან ჩამოტანილი 40 ხატი. ერთი ანჩისხატი, ერთი იოანე ნათლისმცემლისა და სხვადასხვა ხატები. იყო თავისი დროის გამოჩენილი სწავლული და მწიგნობარი. ეკლესია-მონასტრებს აძლევდა უამრავ შეწირულობებს. დომენტი კათალიკოსის ხელრთვა: „კათალიკოსი დომენტი“ მართლაც, შთამბეჭდავი და ლამაზი სანახავია. მასში კარგად ჩანს კათალიკოსის განათლება და ძლიერი ხასიათი.

კათალიკოს დომენტი IV ხელრთვა

ბაგრატოვან კათალიკოსთა კიდევ ერთი წარმომადგენელი იყო დომენტი IV. ერისკაცობაში დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი, ძმა ვახტანგ VI. თავისი დროის გამოჩენილი სწავლული და მწიგნობარი, ქართული კულტურისა და ქრისტიანობის დიდი დამცველი, მეცენატი და ქველმოქმედი. დომენტი IV კათალიკოსმა თავისი ხარჯით შეასრულა მცხეთის სვეტიცხოვლის, თბილისის ანჩისხატის, მეტეხის ტაძრისა და სხვა ეკლესიათა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. ეხმარებოდა ვახტანგ VI საგამომცემლო საქმიანობაში. დაინტერესებული იყო ქართული წიგნის ბეჭდვით. დიდ როლს ანიჭებდა განათლებას. დომენტი კათალიკოსს ძალიან რთული და ძნელი ცხოვრება ჰქონდა. ვახტანგ რუსეთში გადახვეწის გამო, მასაც შეექმნა პრობლემები. მაჰმადიან იასეს კათალიკოსი არ უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძმები იყვნენ. 1725 წელს დომენტი კათალიკოსი გაემგზავრა სტამბოლში ხონთქართან დახმარების სათხოვნელად. კათალიკოსი ხონთქართან იმიტომ წავიდა, ეგონა ქართლს რამეს უშველიდა და მას დაეხმარებოდნენ იასე მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში., მაგრამ დომენტი კათალიკოსი დაატყვევეს დასმენის საფუძველზე და გადაასახლეს კუნძულ ტენედოსზე, სადაც 1739 წლამდე იმყოფებოდა. შემდგომ დაბრუნდა სამშობლოში და ისევ კათალიკოსის ტახტზე დაჯდა. დომენტი კათალიკოსის მიერ გაცემული ბევრი დოკუმენტია ჩვენამდე მოღწეული, რომელთაც ამშვენებს მისი ლამაზი კალიგრაფიული ხელით შესრულებული ხელრთეა: „კათალიკოსი დომენტი“. მის ხელმოწერას ეტყობა, რომ იგი მიზანსწრაფული და ძლიერი პიროვნება იყო. რა ხმები არ დადიოდა ქართლში დომენტი კათალიკოსის შესახებ. ბერის ჩოხას გაიხდის და სამეფო ტახტზე დაჯდებაო, მაგრამ მას მხოლოდ ერთი სურვილი პქონდა ქართლი ენახა ძლიერი და მტერი კი დამარცხებული. 1705-25 წწ. და 1739-41 წწ-ში იყო ქართლის კათალიკოსი დომენტი IV მუხრანბატონი, მართლაც, ღირსეული კათალიკოსი და ერის სულიერი მამა იყო.

კათლიკოს-პატრიარქის
ანტონ II
ხელრთვა

საქართველოს უკანასკნელი კათალიკოს-პატრიარქი, სანამ საქართველოს რუსეთი დაიპყრობდა, იყო ანტონ II, ერისკაცობაში თეიმურაზი ერეკლე მეორის ძე, ბაგრატიონი. იგი დაიბადა 1764 წლის 21 დეკემბერს, გარდაიცვალა 1827 წელს. განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1783 წელს ერეკლე მეფემ გააგზავნა პეტერბურგში, სადაც სინოდმა აკურთხა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 1788 წელს კათალიკოს-პატრიარქი გახდა. მამამისის ერეკლე II პოლიტიკის ერთგული დამცველი იყო. 1811 წელს რუსებმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს და კათალიკოსი ანტონ II გაიწვიეს ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც გარდაიცვალა 1827 წელს. დასაფლავებულია იქვე, ხარების ტაძარში. ასეთი იყო საქართველოს უკანასკნელი კათალიკოსის, ანტონ II მძიმე ხვედრი. უბრალო და მარტივი ხელმოწერა აქვს - „კათალიკოსი“. იგი ქართული ეკლესიის ინტერესების ერთგული დამცველი იყო.

ახლა გავეცნოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას. ილია II, ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს, 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია, 1960 წელს კი სასულიერო აკადემია. 1959 წელს აღიკვეცა ბერად. იყო იეროდიაკვანი ზაგორსკის მონასტერში. 1960 წ. იღუმენია. 1963 წ. შემოქმედის ეპისკოპოსი. 1967 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსია. 1969 წ. მიტროპოლიტი, 1963-1972 წწ. იყო სასულიერო სემინარიის რექტორი. 1960 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“.

1977 წელს სინოდმა აირჩია და აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ილია II პატიოსნად ატარებს იმ მძიმე ჯვარს, რასაც კათოლიკოს-პატრიარქის ჯვარი ჰქვია. კათოლიკოსს მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად.

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ხელრთვა

ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი ან დანგრეული იყო, ან უმოქმედო. ეკლესიაში შესვლა და სანთლების დანთება დანაშაულად ითვლებოდა. ყველას ახსოვს ილია II სახე და მუდარით სავსე ხმა 1989 წლის 9 აპრილის ღამეს.

მართლაც, პატრიარქმა ილია II შეუძლებელი შეძლო. ქართველ ერს დაუბრუნა ღვთის რწმენა, შეაყვარა სახარება, ბიბლია, ქრისტიანული სარწმუნოება. მისი მოღვაწეობის წლებში ქართველებმა თავი ისევ ქრისტიანებად, ერისშვილებად, მორწმუნე ადამიანებად იგრძნეს.

მისმა უწმიდესობამ ილია II მისცა პიროვნული მაგალითი ქართველ ხალხს. მშვიდი, წყნარი, აუღელვებელი, უფლის მადლით სავსე, სიყვარულის და მშვიდობის მქადაგებელი, ერს სიკეთითა და სითბოთი ავსებს. კათოლიკოსმა ილია II ძველი და დანგრეული ეკლესიები აამოქმედა, აღორძინდა მონასტრული ცხოვრება. საქართველოში უამრავი ახალი ეკლესია-მონასტერი აშენდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელიც ამშვენებს ქვეყნის დედაქალაქს და ყველაზე გრანდიოზული და დიდებულია აქამდე არსებულ ტაძრებს შორის.

წლევანდელი წელი საიუბილეოა ჩვენი პატრიარქისათვის, რადგან 2007 წლის 25 დეკემბერს სრულდება 30 წელი მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან.

გულიკო მჭედლიძე
ჟურნალი „ივერიელნი“, № 3, 2007 წ.